მიმპალი ფოთოლი მძიმედ უშვებს ორთქლს. მოშორებით მორები ყრია: ზოგი გათლილია წყალზე დასაცურებლად, ზოგი გაუთლელი. ერთ გაუთლელ მორში ორი ნაჯახია ჩასობილი. მოშორებით მეტივეები ყრიან გამზადებულ ტივზე და ქვევიდან ტანსაბურავები უგიათ.
მიმპალი ფოთლები ახლა უფრო მძიმედ უშვებენ ორთქლს.
მზე იხრება.
საღამოს უნდა ჩაუშვან ტივი.
- ოუჰ ახლა! - ამბობს ერთი.
მეორეს ბარძაყზე უჭირავს ხელი;
- ნუ გეშინია, ღამე უკვე ცოლებთან ვიქნებით, - ამთქნარებს ის.
წელი 1957. აპრილის 21.
შენიშვნები
არსებობს ამ ერთგვერდიანი უსათაურო, დათარიღებული ჩანახატის შავი და თეთრი ავტოგრაფი. შავი ავტოგრაფის გვერდის ნუმერაციას “1”-ს ახლა მოფარიკავის ფორმა აქვს მიცემული. გვერდის ქვევითა ნახევარზე ხატია კაცის ფიგურა მოძრაობაში - ცალი ფეხი ზევით და წინ აქვს აშვერილი, ისე როგორც ჯარისკაცს სიარულის დროს. ხელში, მე მგონი, გრძელხიშტიანი თოფი უჭირავს. თავზე ახურავს კარტუზიანი ქუდი. შავ და თეთრ ავტოგრაფებს შორის განსხვავება, ძირითადად, თხრობის დროშია: შავი დაწერილია წარსულ დროში, თეთრი - აწმყოში. ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ” მხოლოდ შავ ავტოგრაფში.
I სიაში: “40. მეტივეები ცოლებთან იქნებიან ღამე.”
ქვეყნდება პირველად.