გადამხმარი ბალახი თითქოს შრიალებდა. იქით, ძალიან იქით, გამოფიტული თიხის გორები იდგა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
გორის ძირი სველი იყო: შეუმჩნევლად ჟონავდა წყალი. მუსტანგები ენით ლოკავდნენ სველ მიწას. მიწა იყო თიხის. იზილებოდა და ილიპებოდა ნალოკი. აქა-იქ დაუნალავი ჩლიქის კვალი რჩებოდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
მუსტანგები იდგნენ და ენით ლოკავდნენ სველ მიწას.
შორიდან, სტეპის სიღრმიდან ფლოქვების ხმა ისმოდა. ცხენებზე კაცები ისხდნენ: ერთზე მეგზური, მეორეზე ფოტორეპორტიორი. მუსტანგებს ესმოდათ ფლოქვების ხმა, ან არ ესმოდათ: იდგნენ, ლოკავდნენ, მერე იდგნენ და არა ლოკავდნენ.
მხედრებმა გორა იფარეს; ფოტორეპორტიორი აქ დაქვეითდა. ფეხით მიეპარა და “ჩხაკ”, გადაიღო, კიდევ “ჩხაკ” და გადაიღო. მუსტანგები იდგნენ, მერე შეფრთხნენ. ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
კონკურსზე საუკეთესო სურათის წარდგენისათვის ვიღაც ფოტორეპორტიორმა პირველი პრემია მიიღო:
სურათზე დამფრთხალი მუსტანგები ეხატა გამოფიტული თიხის გორების ძირში და ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.
წელი 1957. აპრილის 20.
შენიშვნები
არსებობს შავი, დათარიღებული(1-2გვ.), და თეთრი(1-2გვ.), დაუთარიღებელი ავტოგრაფები. დასათაურებულია მხოლოდ შავი: “სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.” ინტენსიურად იხმარება ასო “ტ” ორივე ხელნაწერში. შავი ხელნაწერის მეორე გვერდზე ჩარჩოში ჩასმულია რაღაც ჩანახატი. ამოიცნობა გურამის ამ პერიოდის ჩანახატების ლაიტმოტივური ფიგურები: წერო გრძელ ფეხებზე, ცენტრში - ცალთვალახვეული, დაკრეჭილკბილებიანი კაცი. გარშემო შემოხაზული შტრიხებით იქმნება ისევ ოთხკუთხედი. ოთხივე კუთხეში ჩახატულია ცხოველები - მიახლოებით ამოიცნობა კუ, მგელი, მელა. ჩარჩოს გარეთაც მოხაზულია გაურკვეველი ცხოველები, შესაძლოა - დამფრთხალი მუსტანგები. ჩარჩოს გარეთ, ვფიქრობ, ხატია ჰაერში ჩამოკიდებული ფრანი. მოთხრობა ორივე სიაში მოიხსენიება როგორც “მუსტანგები.” “1”-ს ისევ გაურკვეველი მოხაზულობა აქვს.
ერლომ ახვლედიანმა გაიხსენა, რომ მაშინ ბევრი გურამის ამ მოთხრობას, ისევე როგორც სხვა მის მოთხრობებს, ჰემინგუეის მოთხრობებს ამსგავსებდა. თუმცა, მისივე აზრით, ეს არ შეესაბამება ჭეშმარიტებას: “მართალია, ფორმის მხრივ იყო რაღაც მსგავსება, მაგრამ გურამის მოთხრობებს სულ სხვა საფუძველი ჰქონდათ.”
ამონაწერი 1960 წელს ვახტანგ ჭელიძესთან მიწერილი წერილიდან:
“... დრომ მოიტანა მიმეცა ჩემი მოთხრობებისათვის იდეოლოგიური საწყისი, ბიძგი იმ შეუჩვეველი კულტურული მკითხველისათვის, ვისაც სულ ჰემინგუეი, რემარკი, დასავლური სევდა ეჩვენება ყველგან. მათ ეს მოთხრობები უნდა აღიქვან ისე, როგორც ავტორი ფიქრობს და არ დაამახინჯონ, უფრო მეტიც, შარი არ მოსდონ სხვა მხრიდან...
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მე მხვდება როგორც გადმომმღერებელს ევროპული თუ ამერიკული “დაკარგული თაობის” მოტივებისა. სასურველი იქნებოდა, რომ ჩემმა თეორიულმა ნაწილმა მხატვრულთან კავშირში (იგულისხმება “ჩემი ლიტერატურული შეხედულებების” - დაიბეჭდება მომდევნო წიგნში - “თეორიული შესავალი” - მ.რჩ.) გააქარწყლოს ეს შეხედულება და ჩვენ (საზოგადოებამ, თქვენ და მე) ერთმანეთს პირდაპირ, გულწრფელად დავუწყოთ თვალებში ყურება...”
პირველად გამოქვეყნდა წიგნში “მოთხრობები. პიესა.”