Litclub.ge

ოთახი გრძელი იყო და ვიწრო...
ოთახი გრძელი იყო და ვიწრო. ოთახის წინ დახლი იდგა მოთეთრო ხალათიან დახლიდართან ერთად. შესასვლელში ექვსი მთვრალი ოსი იჯდა ოთხადგილიანი მაგიდის გარშემო და კიდევ სვამდნენ. პირველი გურამი შევიდა, რატომღაც იფიქრა, რომ ჩხუბი მოუვიდოდა მაგიდის კუთხეში მჯდარ ოსთან; უკან გოგო მოდიოდა, მერე გაგა; რაღაც არ ესიამოვნა. არ ესიამოვნა ის, რომ ის ოსი დიდი ჩანდა და ჩაის ჭიქას თითებში მალავდა. “უეჭველად მომერევა, თან დაღლილი ვარ”, გაიფიქრა, მერე გოგოს გადახედა: ის ოდნავ იღიმებოდა. “აქ რო მომერიოს, ამასთან სირცხვილია”, ისევ გაიფიქრა, მერე კიდევ იფიქრა, რომ საჩხუბარი იმასთან არაფერი ჰქონდა. არც ის იცნობდა, არც თვითონ იცოდა, ვინ იყო, მაგრამ სახე ჰქონდა მას დიდი და ბოროტი, ზედიზედ ცლიდა ჭიქებს უშნო, დიდი პირით. გურამი რესტორანის ბოლოში დაჯდა, გვერდზე გოგო მოუჯდა, მერე დაჯდა გაგა.
- ნახევარბოთლიანი ჯობია, - თქვა გაგამ.
- ნახევარი ბოთლი არაყი და ერთი ბორჯომი, - გურამმა გოგოს შეხედა, - კიდე ლიმონათი ერთი, - დაამატა.
ოსი ფანჯარაში იყურებოდა. დანარჩენი ხუთი თავისთვის სვამდა, ვიღაც ხმამაღლა ბუბუნებდა. ის ოსი ისევ არ იყურებოდა, რატომღაც დამშვიდდა გურამი.
- არაყს მე გავხსნი, - თქვა მან.
ბოთლი ხელში აიღო, ზედიზედ ამოარტყა რამდენჯერმე ბოთლის ძირს.
- ნელა, ხელში არ ჩაგიტყდეს. - გოგომ გაიღიმა.
გურამს ესიამოვნა, რომ გოგომ გაიღიმა.
უფრო მაგრად ამოარტყა ბოთლს ხელი: საცობი კედელს მიეხეთქა და ცოტა არაყი დაიღვარა.
- კინაღამ არ მოარტყი! - გაგამ გოგოს შეხედა.
გურამმა გაიღიმა, მერე პაპიროსი მოწია. სიგარეტი პატარა იყო, მოკლე.
- მალე თავდება. - თქვა მან.
- მე უკვე ხელი დამწვა. - გაგამ პაპიროსი გადააგდო.
- ახლა მაგ ოსებს ჰგონიათ, დროს ატარებენ.
გურამმა ირიბად გაიხედა იქით სუფრისკენ.
- მაგათი დედაც ავატირე,- გაგამ ბოთლის თავს შეხედა.
- რა ჩასაბრედია, არა? - გაიცინა გურამმა.
- მეც სიამოვნებით დაგეხმარებოდი მაგაში. - სერიოზულად თქვა გოგომ.
ოფიციანტმა ძეხვი მოიტანა, კიდევ მოიტანა ხიზილალა შავი პურით, ულაზათოდ გაიღიმა და თქვა:
- აქ ადამიანს ყველაფერი დაავიწყდება.
- მაგას ჰგონია, იმ ოსებზე უკეთესია, - თქვა გაგამ, როცა ოფიციანტი წავიდა.
გოგო ოსებს უყურებდა. გურამმა არაყი დალია, მერე ლიმონათი დააყოლა, ისევ დაისხა არაყი.
- Гарсон, кружку пива, - გაიცინა ჩახლეწილად გაგამ.
- მოპასანიდან? - იკითხა გოგომ ოდნავი ირონიით.
- ისე კი ყველაფერი ისეა, როგორც ჰემინგუეისთან, არა? - გურამმა არაყი ბორჯომთან შეაზავა და დალია.
- რატო ჰემინგუეისთან? - თქვა გოგომ და ისევ გაიცინა.
- მართლა რატომ, - გურამმა ისევ გაივსო ჭიქა, - იმიტომ, რომ რატომღაც ჰგონიათ, ჰემინგუეიმდე ასე არ სვამდნენ, ან ვინმე ბაძავს იმას, არა? თუმცა სწორია, არა, არ არის სწორი. ის წერს იმიტომ, რომ სხვა სვამდა, მერე დაწერა. ჩვენც ვსვამთ ისე ან სხვანაირად, აბა, როგორ უნდა ვქნათ, რაც გინდა, განა ის მიბაძვაა, ჰა?
- რა დროს ლიტერატურაა! - თქვა ისევ გოგომ.
გურამს თვალები არეული ჰქონდა და ისე უყურებდა.
- რა შუაშია ლიტერატურა! - თქვა მან, - თუმცა იქნება სწორიც ხარ. კიდე ნახევარი ბოთლი, - დაუძახა ოფიციანტს.
- მე თვითონ ვერ ვიფიქრე, - თქვა ხმამაღლა ოფიციანტმა, მერე ჩუმად დააყოლა, - ამ ოსებში კაცს ყველაფერი დაავიწყდება.
- მაგას ჰგონია, იმ ოსებზე უკეთესია. - თქვა გაგამ, როცა ოფიციანტი წავიდა. გოგო იჯდა და ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
(1956 წ. მარტი)


შენიშვნები



ნაწერია ფერადი ქაღალდის ფურცლებზე (1-5გვ.), არც დათარიღებულია და არც დასათაურებული. თაბახის ფურცელს ემჩნევა, რომ ოთხად იყო გაკეცილი, როგორცა ჩანს, გურამს ჯიბეში ედო. დათარიღებულია მხოლოდ სტილის და თემატიკის მიხედვით (იხ. წინა მოთხრობები). სავარაუდოა, რომ დაწერილია ბაკურიანში.
მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება 1956 წლის თებერვალში გურამის მიერ ბაკურიანიდან ნუგზარ წერეთლისადმი გამოგზავნილი წერილის გაცნობა:
„ჩემო ნუგზარ, კარგად ვიმგზავრე. ჩამოვედი და მშვენივრად მოვეწყე, მთის ქუჩაზე, მოხუც დიასახლისთან. ქუჩის სულ ბოლო სახლია, ტყესთან რომ ამოხვალთ, იკითხეთ მიქაბერიძის ბინა. ორსართულიანი სახლია. მეორე სართულზე მომცეს პატარა ოთახი. რაც მთავარია, მაგიდა დგას, სადაც შეიძლება წერა. ნახევარ დღეზე მეტი პარკში ვარ. ისე მომნატრებია თხილამურებით სრიალი, დაღლას ვერა ვგრძნობ. დღეს კოხტაზე ვაპირებ ასვლას. ჯერჯერობით მზიანი და უქარო ამინდია, ცოტა ხალხია ჩამოსული. სიწყნარეა, რაც მე მჭირდება. მარტოობა, როცა საწერი დამიგროვდება და მინდა განვთავისუფლდე, არ არის ცუდი, მაგრამ მაინც მოწყენილი ვარ. წამოსვლა არ გადადოთ, გამოცდებს დაამთავრებთ თუ არა, იმ ღამესვე წამოდით.”
ქვეყნდება პირველად.