Litclub.ge

ოპერა გამოვიდა
(სხეულით მოვაჭრე დედაკაცები)

ქალაქმრეწვის მთავარი ბუღალტრის ოჯახმა დილის ათ საათზე გაიღვიძა. ლეილამ საბანი გადაიხურა ბეჭებზე, გულდაღმა დაწვა და იდაყვებით ბალიშს დაებჯინა. წინ რომანი “როსკიპი” ედო. დროდადრო იღებდა ცალ იდაყვს ბალიშიდან და წიგნსა ფურცლავდა.
- ადექი, გოგო, უკვე თორმეტი ხდება. - გაისმა სამზარეულოდან დედის ხმა.
- მოიცა, დე.
- როგორ მოიცა, საუზმე უკვე მეოთხედ გავაცხელე და ისევ გაცივდა. Вставай, детка.
- ჰო, რა აუტანელია აქ ცხოვრება, не дают читать, - გოგონა აიმრიზა.
- Что такое, дорогая, აგრე რო გაგიტაცა. - დედა მოლბა და შვილს თავზე ხელი გადაუსვა აშკარად ნასიამოვნებმა, რომ ის რომანებს კითხულობდა.
- ისეთი არაფერი, დე, სისაზიზღრე, они торгуют собой, фу, гадость! - ლეილამ დედის ხელი ცივად მოიშორა და წიგნს მიუბრუნდა.
დიდი, მწვანე ფარდა მეოთხედ ჩამოეშვა ოპერის სცენაზე. დარბაზმა სწრაფად იწყო დაცარიელება. მომღერლების გამოძახებას არავინ ცდილა. გარეთ ციოდა. ამ შემოდგომას ადრე დაიჭირა ყინვები. გასახდელში საშემოდგომო პალტოებს იღებდნენ პატრონები.
გარეთ ტროლეიბუსების მთელი რიგი იდგა. ოპერიდან გამოსულები სწრაფად ადიოდნენ შიგ. ვიღაცებს მანქანა უცდიდა. მცირერიცხოვანი საზოგადოება იკრიფებოდა.
- არავინ მოდის. - უთხრა გაჩერებასთან მდგარმა დანაოჭებულსახიანმა ახალგაზრდა რუსის ქალმა თავის მეგობარს.
- ჯერ ყველანი არ გამოსულან. - დააიმედა უკვე ხანში შესულმა გამხდარმა ვალიამ და თვალზე ახვეული მარლა გაისწორა. გაჩუმდნენ. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ხმაურით გამოვიდა. ორივენი შეიშმუშნენ. მოემზადნენ. ბიჭებმა გვერდზე ჩაუარეს. ვიღაცამ მათკენ მოიხედა და ხმამაღლა დაუძახა:
- როგორ მიდის ნადირობა, ჰა?
ბიჭებმა გადაიხარხარეს. ქალებმა მიუკარებელი სახეები მიიღეს და ნახევრად შებრუნდნენ. თვალახვეულმა გამოცდილი სახით გაუღიმა ბიჭს. უკანასკნელი მაყურებლებიც დაიშალნენ. ორივენი მსახიობთა გამოსასვლელისკენ წავიდნენ. თბილი პალტოთი და ყელსახვევით შეფუთნულმა ტენორმა ღიმილით ჩაუარა გვერდზე. მიესალმნენ. მერე ბასი და ბარიტონი გამოჩნდნენ. ბასს ყელი მოეღეღა და ამაყად უყურებდა თავის თბილად ჩაცმულ კოლეგებს. მან შეუჩერებლივ უთხრა ქალებს, რომლებიც მის მიახლოვებისთანავე ღიმილად დაიფრქვნენ.
- ხვალ ხუთზე.
- იიქ? - ჰკითხა თვალახვეულმა.
- ჰო.
სააღლუმო და შავ შესასვლელთან ღამის ყარაულები დასხდნენ.
ქალები რუსთაველის კინოსაკენ გაემართნენ. სიცივემ მოუჭირა. ვალიამ საყელო აიწია და ნელა დაიწყო რომელიღაცა რუსული სიმღერის ღიღინი. გალია ჩუმად მიდიოდა. ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია:
- გალია!
- რა?
- მგონი გუშინწინ იმ შოფერთან ხო იცი, ნამდვილად ჰქონდა.
- მერე რა?
- როგორ?
- ისე, შენ იმისგან. - შენ სხვას, რა გადარდებს, წამო, ნახე, რა ბიჭები არიან, ეგეთებს ჩვენში მინისტრის ცოლები, “დედოფლები” იტაცებენ.
- არ შემიძლია, უნდა მოვირჩინო.
ვალია წამოწითლდა, ერთხანს ჩუმად იარეს, ბოლოს მანვე დაარღვია სიჩუმე:
- არ შეგიძლია, ოჰო, მაშ მოირჩინე. - ჰა, ჰა, ჰა. - რომელი ფულით, ლამაზო, გეკითხები, რომელი ფინანსებით აპირებ მორჩენას?
- სადმე უნდა ვისესხოთ.
- სად? თუ არა, ისევ მაგათთან, “კრასავჩიკებთან”, ეგენი კი მხოლოდ ნაღდზე იძლევიან, ეს შენც იცი.
- კი მაგრამ, მაგათაც დავმართებ “სურდოს”.
- შენ რა! იმათ შენ ედარდებით თუ რა? შენ კი უნდა შეიბრალო, ჰა, ჰა, ჰა, ჯობია, მაგაზე არ იფიქრო.
- შენ ბრიყვი ხარ, თავი კი გამოცდილივით გიჭირავს, მაგას რო გადასდო, ვიღა მოვა შენთან, ვინ იცის, გცემონ კიდეც, აი, მაშინ სამუდამოდ დაგვეკარგება ფული, ბავშვი კი ღრიალებს ახლა სახლში.
ვალია ჩაფიქრდა, ვიღაცას მწარედ გაუღიმა. გზა განაგრძეს, ახლა ყრუ ქუჩით მიდიოდნენ. ვალიამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და ხურდებს დაუწყო ძებნა.
მერე ხელი უფრო ღრმად ჩაყო და სარჩული ამოაბრუნა. ხუთმეტკაპიკიანები სარჩულში ჩაცვივნულიყვნენ. თითებით მოსინჯა.
- შენ სწორი ხარ, - უთხრა გალიას.
ქუჩის ბოლოს მორიგი აფთიაქი გამოჩნდა.
- შენ სწორი ხარ, ჯობია, პლაშჩით ვიმუშაოთ, სანამ მოირჩენ, აი, ჩემი მანეთნახევარი, შემოდი. ორივენი აფთიაქში შევიდნენ. რადიოში რუსეთის ჰიმნი სრულდებოდა, მერე სამი წყვეტილი საყვირის ხმა გაისმა.
- პუ, პუ! - დაიყვირა აფთიაქთან მომდგარმა პობედამ და შიგნიდან შავტუხა, კეპიანმა შოფერმა ღრეჭით გადმოყო თავი, თან ენა სიამოვნებით ააცმაცუნა გამოსული ქალების დანახვაზე.

წელი 1956. ოქტომბრის 30.

შენიშვნები

არსებობს დათარიღებული და დასათაურებული მხოლოდ ორი შავი ავტოგრაფი (1+1-5გვ.) და (1გვ.). შავი ავტოგრაფის პირველი გვერდი თავფურცელია სათაურით, ქვესათაურით, თარიღით და თაბახის ფურცლის ქვედა ნახევარზე წვრილად ნაწერი დღიურით. მოთხრობის ბოლოს ზის სრული თარიღი. მეორე შავი ავტოგრაფი პირველი შავი ავტოგრაფის თავფურცლის ვარიანტია. ბოლო ხაზის შემდეგ მინაწერი: „ვისაც უნდა დაჯერება, ტყუილსაც იჯერებს. საუბარი ათონში.” მეორე გვერდზე ბარათი: „შალიკო! (შალიკო რჩეულიშვილი - გურამის ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარი - მ.რჩ.) ჩემი მისია დავამთავრე. ახლა შენ იცი. უფროსიც შენ იყავი და მოადგილეც. მე მიგულე ერთგულ მუშად და წილის ამღებად. ვახტანგთან მე მიგიყვან. გურამი”.
I სიაში „21. ოპერა გამოვიდა”.
ქვეყნდება პირველად.