Litclub.ge

პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით
სამწუხაროდ, ჯერჯერობით უსათაუროდ.
სათაურზე ვაცხადებ პრემიას:
1 - სამი ბილეთი პრემიერაზე
2 - ორი ბილეთი " - "
3 - ერთი ბილეთი პრემიერაზე.
ასეთი პრემიების შემდეგ, დარწმუნებული ვარ სათაურზე ფიქრით არავინ თავს აღარ შეიწუხებს, რითაც ძალიან დამავალებენ.

მოქმედი პირები

მარინა - გოგო, რომელსაც მოუკლეს შეყვარებული.
ცირა - კუტი გოგო, მისი ამხანაგი.
ქეთო - ცირას დედა.
ნატა
მარგო } ქეთოს ამხანაგები.
სუსანა
ნანა - ნატას შვილი.
მათხოვარი.
დათო - დეფექტური დიდი ბიჭი.
ქოფაკი - მარინას ძაღლი.
კატა - ცირას ფისო.
ლანა
ბრმა, ვიოლინოზე დამკვრელი
} ბოშების ჯგუფი.

ფეხშიშველა მოდღლეზილი ბოშა
დათვი
გურამი
} მეზღვაურები ტელეგადაცემიდან.

თემო
არეული საზოგადოება ტელეგადაცემიდან.
ხალხი _ მარტო იმისთვის, რომ მათხოვარს ფული ჩაუყარონ.

სცენის მარცხენა მხარეს მოჩანს დიდი ოთახი, ორი საწოლით. ერთში, კედელთან, წევს ცირა, მეორეში _ დედამისი ქეთო. საწოლების შუაში დგას ტელევიზორი, იქვე _ მაგიდა, ორი სკამით. ტიხარი ერთი მთლიანი ფიცარია, სცენის სიღრმეში წასული. მის მარჯვნივ არის ვიწრო შუკა, ხოლო შუკის მარჯვენა მხარეს შედარებით პატარა ოთახი, ისიც ისე გადატიხრული. ამ ოთახში თხელფეხება მაღალ სკამზე ზის მარინა, ქოფაკი უკანა ფეხებზეა წამოსკუპული კუთხეში. შუკის თავში მავთულზე კიდია ნიშანი მოძრაობის წესებიდან – `მანქანის გასასვლელი არ არის~. სიღრმეში ჩანს მოლიცლიცე რეკლამა და მოძრავი მანქანები.
სცენას ძველ ბოძზე დაკიდებული რეკლამა ანათებს. ნელა ბაცდება ელექტრონის შუქი, თენდება. შუკის სიღრმიდან გორგოლაჭებიან ოთხთვალაზე დაკრული მათხოვარი მოგორავს, ცალ ხელზე მხოლოდ სამი თითი აქვს, მეორე მოგლეჯილი აქვს და ზედ მიმაგრებული მასიური ჯოხით აძლევს ბიძგებს. ის ნათურის ქვეშ ჯდება.

მათხოვარი: დილა მშვიდობისათ!
/პირჯვარს იწერს/
არ ეცხელება, ალბათ, დღეს ისე, როგორც გუშინწინ, წვიმის შემდეგ რომ ჩამოიბურა, კინაღამ მეც კი არ დავტოვე ჩემი ადგილი.
/იხდის თავიდან დიდ, გრძელკეპიან ქუდს/
ესეც ნაცადი ჩემი კარტუზი და ერთადერთი ჩემი ერთგული, ღმერთო, ნუ მიწყენ /ისევ იწერს პირჯვარს, ქუდს დებს ოთხთვალას წინ, თხოულობს/:
მოიღეთ მოწყალება,
საწყალ ინვალიდს
ნუ დაამადლით ათ-თხუთმეტ კაპიკს,
ორჯერ დამარხულს ბრძოლის ველზე
და სასწაულით ძლივს გადარჩენილს.
/მარინა დგება სკამიდან, წინ გამოდის, უყურებს ცარიელ ქუჩას, დღის სინათლე მატულობს. შემდეგ ისევ ჯდება/.
მათხოვარი: საწყალი გოგო, ისევ არ სძინავს.
ოთხი თვე გადის,
რაც გიო მოკლეს, ჩემი მფარველი.
სანამ ის იყო,
ვერვინ ბედავდა ჩემს წყენინებას
და ფულიც მქონდა
ნათხოვარს ზევით ხუთი მანეთი.
სულ ერთად იყვნენ გათენებიდან.
/მაღლა იყურება. უფრო თენდება. მეეზოვე გვის, მტვერს აყრის მათხოვარს, ის ყურადღებას არ აქცევს/
ჰოო, მზეც ამოდის.
როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი.
მგელს დაემსგავსა ახლა ეს გოგო,
ხორცს მონატრებულს.
ვგრძნობ, რომ მსხვერპლს მსხვერპლი მოჰყვება
ზედვე,
არ მოისვენებს იმ ბიჭის სული.
/შუკაში ზევიდან ქვევით ვიღაც მიდის, მათხოვარი მეჩხერ კბილებს აჩენს, ცხვირი ნახევრად წაგლეჯილი აქვს, იღრიჯება, თხოულობს/
მიეცით კაპიკი საწყალ ინვალიდს,
ორჯერ დამარხულს
და სასწაულით ორჯერვე ცოცხლად ძლივს გადარჩენილს. /ფულს უყრიან ქუდში/
გმადლობთ, ბატონო,
ღმერთს ვთხოვ შენზედაც. /ნასიამოვნები უყურებს ხურდას/
ორმოცი კაპიკი,
პირველი სიფთა,
მოხერხებულად დაიწყო ეს დღე.
/მთელი ამ ხნის განმავლობაში მარინა უმოძრაოდ ზის სკამზე, მერე სახელდახელოდ ისწორებს კაბას, თმებს ერთი ხელის გადასმით და ამაყი სახით გამოდის ღია მხრიდან პირდაპირ სცენაზე. აცვია ბიჭის პერანგი, დამდგარი საყელოთი, გული ორ ღილზე გახსნილი და ბოლომდე ჩამოშვებული სახელოები, დიდი შავი სამაგრებით; პერანგი ჩატანებული აქვს ვიწრო შავ ქვედატანში. ის არც უყურებს მათხოვარს, მიდის შუკის სიღრმეში. ოთახში სკამის ფეხთან მიბმული ძაღლი რჩება. სცენის მარცხნივ მოთავსებულ ოთახში ქეთო სკამიდან იღებს ხალათს, ლოგინშივე იცვამს, დგება. სარკესთან ნელა მოჰყავს თავი წესრიგში. ცირა ბრუნდება მისკენ. ოთახში მზის პირველი სხივი შედის. მარინას ოთახი ისევ ოდნავ სიბნელეშია/
ცირა: ადექი, დედა?
ქეთო: ჰო, ცირა, უკვე დრო არის ადგომის, რვაზე უკვე სამსახური დამეწყება. თუმცა დღეს გვიან წავალ,
გუშინ ვთხოვე უფროსს, შენი კაბა მაქვს დასამთავრებელი.
ცირა: რა კარგია!
ქეთო: თანაც ახალ მოდაზე უნდა შეგიკერო, წელში ვიწრო, ზევით გამოყვანილი, ამოჭრილი გულით და გრძელი, მკლავის სიმსხოზე გამოყვანილი, სახელოებით. ერთ საათში ნატა მოიტანს მოდების ჟურნალს.
ცირა: ვიცი, როგორსაც ამბობ, მარინას რომ ეცვა შარშან, არა?
ქეთო: ჰო, ოღონდ ქვევით იქნება გაშლილი, მარინას კი ქვევითაც მოჭერილი ჰქონდა.
ცირა: /ნაღვლიანად/ ეგრე ჯობია, მე მოჭერილი არ მინდა, სწორეა.
/დედა მიდის, კოცნის/
ქეთო: ახლავე დავდგამ საუზმეს, პირსაც დაგაბანინებ.
/შემოაქვს იქითა ოთახიდან, რომელიც კულისებშია, ნავთქურა. ანთებს, ზედ ტაფასა დგამს, მერე ცირასთან მიაქვს ტაშტი და თუნგი, ცირა საწოლიდან გადმოიწევა, პირს იბანს, შემდეგ იმშრალებს; ქეთო ფანჯარაში იყურება/.
ქეთო: აგერ შენი შვილობილი, უკვე იქა ზის და მათხოვრობს, საცოდავი.
ცირა: დედა, დღესაც გაუტანე, რა, კერძი, ცოტა რძეც, ჰო?!
/კოცნის დედას/
ქეთო: რა თქმა უნდა, ცირა.
/ისიც კოცნის ცირას/
ცირა: მარინასაც გაუტანე, კარგი?! გუშინაც არ უჭამია არაფერი.
ქეთო: მარინეს? აბა რა, ახლავე.
ცირა: არა, აქ მოვიდეს, ჯობია, ერთად ვისაუზმებთ, თან ცოტას დაველაპარაკები, იქნება გული გადააყოლოს საწყალმა გოგომ.
/თავისთვის/
ზოგჯერ გული არც კი მიშვებს, რომ ვანუგეშო. ან რა უნდა ვუთხრა, ისეთი ბიჭი იყო გიო, თან როგორ უყვარდა. აი, მე რომ დედა აღარ მყავდეს, ოჰ, ღმერთმა დამიფაროს.
/ამასობაში ქეთოს ჩააქვს კერძი მათხოვრისათვის/
მათხოვარი: დილა მშვიდობისა, ქალბატონო, ისევ შეწუხდით ასეთი უღირსისთვის, ისევ გაისარჯეთ. გმადლობთ, გმადლობთ.
ქეთო: ცირას უთხარი მერე მადლობა, ის არის შენი მფარველი.
/იხედება მარინას ოთახში/
ნეტა, ასე ადრე სად წავიდა ის გოგო, თანაც სულ მშიერი.
მათხოვარი: დილით გავიდა აქედან, არც კი შემომხედა. წინ კი სულ მესალმებოდა, სანამ გიო იყო ცოცხალი. ახლა ვერც მამჩნევს, რაღაც ცუდია მაგის თავს, რამე არ მოუვიდეს.
ქეთო: მეც მაგას ვამბობ, მეტისმეტად დარდობს, არც ეგრე ვარგა.
/მიდის/
მათხოვარი: /თავისთვის/
დარდისგან კაცი უმეტესად კეთილი ხდება,
გულისხმიერიც,
თუმცა ვინ იცის,
ეგ კი დარდს არ გავს,
დასუსტებული ნერვების ნაყოფს,
ასეთი სახე, მარინას რომ აქვს,
ერთხელა ვნახე ჩემს ცხოვრებაში.
ჰო, ის მე მქონდა,
ვერ დავივიწყებ,
და ყველაფერი დაიწყო ასე:
მწვანედ ამოსულ სველ ბალახში
მიდიოდა ჩვენი ნაწილი,
სუნთქავდა მიწა გაზაფხულით,
ნუშის ხეები ადრეულად ყვაოდნენ იმ წელს,
იდგა სიჩუმე კრიალა ცაში,
სულ დამავიწყდა თუ იყო ომი,
და ზარბაზნის ხმა, სადღაც მთის იქით
მიტოვებული, არ მაშფოთებდა.
ბალახის შემდეგ ტყეში შევედით,
ერთ მწკრივად ყველა ჩავყევით ბილიკს,
ხის კენწეროდან მოისმოდა სუსტი გალობა,
გალობდა შაშვი.
სინათლის სხივი, საოცრად მკრთალი,
მოდიოდა სადღაც სიღრმიდან...
იქ გავიზარდე,
ნაცნობ გზაზე მითრთოდა ფეხი:
სამი წლის შემდეგ
გამარჯვებული ვბრუნდებოდი მშობელ სოფელში, _
მამა და დედა ბუნებასთან იყო შეზრდილი, _
ხეებთან ერთად ვგრძნობდი სიყვარულს,
დიდი მუხები ხელებს მიწვდიდნენ
მე, ვინც აკვანთან ერთად დავტოვე
ცრემლიც,
სინაზეც...
თავბრუ დამეხვა,
თვალებზე რაღაც ნაზი ვიგრძენი.
ახლაც კი მახსოვს, რომ ჩემი შემრცხვა
და ცხადზე-ცხადად შევიგრძენი დედის ხმა:
`შვილო~.
ეს ყველაფერი სულ ერთი წამით!
ჩვენს სოფელში, მდინარის იქით, ფრიცები იდგნენ.
თვითეულ სახლზე იერიში იყო საჭირო,
გახურდა ბრძოლა:
კრიალა ცა ასად გაიყო,
ცეცხლში გაეხვა ყველაფერი,
ძირფესვიანად ბრუნდებოდნენ
შავი ძირებით _ დიდი მუხები,
უცებ გაწითლდა მწვანე მინდორი,
კუნძების გვერდზე
გადაჭრილი ეყარა ხალხი.
შემოვეწყვეთ,
დავახევინეთ,
და შუა სოფლამდე ტყვიით ნაკაწრი,
სისხლში გასვრილი,
როგორ მივედი, აღარც კი მახსოვს.
იქ, ერთ პატარა _
სულ ერთი წამით გამიელვა, რომ
ნაცნობ _ სახლთან,
გერმანელი წამოვაგე თოფის დაშნაზე,
კარები ფეხით შევამტვრიე,
შიგნით შევვარდი.
შკაფი,
საწოლი,
კერა.
ღმერთო ჩემო _
ჩემი სურათი,
ჩემი სახლ-კარი!
და დედაჩემი კუთხეში, ხატთან, ჩამომხრჩვალი.
თოფს ხელი ვუშვი,
ჩემსკენ წამოსულ მეორე ფრიცსაც
შიგ ყელში მივწვდი,
უცებ მოეშვა იმ ძაღლისშვილს
ბინძური ტანი,
მყრალი სახიდან
ყვითელი ენა გადმოვარდა ნელა,
სრიალით.
კიდევ წამიც და...
ჩემს წინ სარკეში დავინახე ჩემი თვალები,
რამაც ყველაზე უფრო შემზარა,
მე იქ გიჟს ვგავდი,
არა!
უფრო მეტს _
იმ კაცს, რომელსაც სისხლი სწყურია.
/საშინლად აღელვებულია, ოფლი მოსდის, შუბლზე ისვამს ხელს/
უფალო ჩვენო, რათ გამახსენე.
ჰოო /ეშვება მთლიანად/, დამავიწყდა კიდეც,
რაზე დავიწყე, ჰო /დაბნეულად/:
ღმერთო, შენ უშველე ყველა ცოდვილს.
/პირჯვარს იწერს, იღრიჯება, სამათხოვროდ ემზადება/
ეს ინვალიდი, იმ ერთი წამის მოგონებამ
სულ მთლად შემცვალა, დამავიწყდა, რომ
მათხოვარი ვარ _
კმაყოფილი,
უსურვილო,
გამოფიტული.
/ამასობაში ცირა საუზმობს, ერთი-ორი კაცი ფულს უყრის მათხოვარს./
ცირა: გმადლობთ, დედიკო, რა გემრიელია, რო იცოდე. არა, ასე მარტო შენ იცი საჭმლის კეთება. რომ
იცოდე, რა კარგი იყო. აბა ნახე, გასინჯე.
ქეთო: მართლა მშვენივრად გამომსვლია, აიღე კიდე.
ცირა: არა, დედა, მარინას შეუნახე.
ქეთო: არ არის სახლში, ხომ გითხარი, დილითვე წასულა.
ცირა: მაშინ თბილად შეუხვიე ან მერე გაუცხელე, დედიკო.
ქეთო: ეს აიღე, მანამდე სადილიც იქნება. ის კი, შენც იცი, დილით წასული, შეიძლება, საღამომდეც არ მოვიდეს. ახლა, ალბათ, უკვე პროკურორთან ზის და უყურებს დაბღვერილი. ასეთი ყოჩაღი თუ იყო, არასოდეს არ მეგონა, რა ვიცი...
ცირა: დედა! მარინა ძალიან კარგი გოგოა. თუმცა შენც მაგას არ ამბობ?! ეგ ერთადერთია, ვისთანაც ვამხანაგობ, უფრო სწორად, ვინც ჩემთან ამხანაგობს და ვისაც არ ვწყინდები, მაგრამ ბოლოს, ახლა, გიოს ამბის შემდეგ, სულ სხვანაირი გახდა, უცხო, თითქოს...
ქეთო: კიდე კარგად არის, შვილო, ის ჰყავდა მხოლოდ.
ცირა: არა, დედა, დარდზე არ ვამბობ. ღმერთო, ნუ მიწყენ, თავისთვის რომ აეტეხა რამე, ისე არ გამიკვირდებოდა, როგორც...
ქეთო: ჰო, ძალიან გამოიცვალა. ნუ ნერვიულობ, ცირა, შენთვის არ შეიძლება.
ცირა: მე, მაგალითად, ვერ შევძლებდი მაგდენს, თუმცა, მე არც შეიძლება შევედარო.
/შუკაში მოდის ნატა, მათხოვარს ხურდას ჩაუყრის და პირდაპირ, დაუკაკუნებლად, შედის ქეთოსთან./
ნატა: გამარჯობათ. დღეს დილით გავიგე, იმ ავაზაკს, მკვლელს, ერთ კვირაში გაასამართლებენ და ივანემ თქვა, დახვრეტენო. კიდევ, მარინა უნახავთ პროკურორთან, მერე უმაღლესში ვიღაც ნაცნობები მიუგზავნია, ისე რომ სიკვდილი არ ასცდება. ახია, ახი, რა კარგია!
ქეთო: რა არი კარგი, უბრალოდ, ღირსია და მორჩა, ეგეთებმა არ უნდა იცოცხლონ.
ნატა: არ უნდა იცოცხლონ, სწორეა, ნამდვილად ღირსია დახვრეტის. იმისმა ამხანაგებმა ყველგან შეიტანეს განცხადება ხელის მოწერით. წარმოგიდგენია? თითოეულზე ასზე მეტი კაცი აწერს ხელს, რომ ის დახვრიტონ. ასეც უნდა, სხვები ჭკუას ისწავლიან. მართლა, რა უნდა მეთქვა, ბუაძე როა მომღერალი, სოპრანო, შარშან დაამთავრა კონსერვატორია, იცნობ შენ, ცოლად მიჰყვება, აბა, ვის, თუ გამოიცნობთ.
/ცირა თითქმის ყურს არ უგდებს, ჭერში იყურება, კედლისკენ ოდნავ გადაბრუნებული. ნატას ბოლო სიტყვებისას დაუკაკუნებლად შემოდის მარგო/
მარგო: как, как ბუაძე, ახ, ვიცი. за кого же? ქეთო, დროა, არ მოდიხარ?
ქეთო: ჯერ არა. დასვენების შემდეგ წამოვალ, ცირას კაბა უნდა გამოვუჭრა /ათვალიერებს ნატას მოტანილ მოდების ჟურნალს./.
ნატა: ამაშუკელზე.
მარგო: не может быть! შეუძლებელია. Она на четыре года старше его. ეჰ, ზოგს რა ბედი აქვს! ფული აქვთ და იცვამენ. ახლა ხო იცი, ყველაფერი ჩაცმაა, რამდენი ხანია მინდა ასეთი კაბა შევიკერო, დეკოლტე.
ნატა: მაგას ფული უნდა, ჩემო კარგო.
მარგო: მეც მაგას ვამბობ. ეს ახლანდელები კი მეტს არაფერს უყურებენ.
ნატა: შენ ახლანდელებისგან რა გინდა, შენი ასაკის ხალხზე ილაპარაკე.
მარგო: то есть, ჩვენი, შენი და ჩემი, не так ли, милая? რაღაც ძალიან მაბერებთ, არც ჩვენ დროს იყვნენ, ну, что я говорю, ახლაც მახსოვს. был у меня жених,ჟორა, აი, კავალერი, რა სიტყვა-პასუხით, обоятельнейший был человек. ქეთო, აბა მაჩვენე, როგორ უკერავ ცირას; ძვირფასი ნაჭერია, საინტერესოა, როგორ ახერხებს ხალხი ფულის შოვნას.
ქეთო: რა ფულის, ჩემო კარგო, მთელი წელი ვაგროვებდი.
მარგო: არ მოდიხარ? უნდა გქონდეს, რომ შეაგროვო. მე წავედი.
ნატა: მეც დამაგვიანდა, მოიცა, მოვდივარ. /გადიან. მარგო იაპონურ ქოლგას შლის, ნატა ხელს უყრის, ლაპარაკობენ სცენისკენ ზურგით./
ნატა: აუტანელი სიცხეა.
მარგო: да, да, ужасно печет, თანაც ჯერ დილაა.
ნატა: წარმომიდგენია, შუადღეს რა იქნება.
/შუკის სიღრმიდან შემოდიან ბოშები, თითქმის ერთ მწკრივზე გაშლილი. ლანას, რომელსაც აქვს გაშლილი თმები, წითელი ნაჭრით შუბლი გაკრული და აცვია `პლისე~, ჩექმები, ხელით მოჰყავს ბრმა ვიოლინოზე დამკვრელი, მეორე მაღალ, მოდღლეზილ ბოშას უჭირავს ათსიმიანი გიტარა და ჯაჭვზე გამობმული დათვი მოჰყავს. მარგო და ქეთო ჩერდებიან, უყურებენ, მათხოვარი წინ გამოაგორებს თავის ოთხთვალას, აშკარად ნასიამოვნებია, ბოშებს უკან მოსდევს ამუბნელი დებილი, დიდი ბიჭი დათო _ ხან ახლო მივა დათვთან, ხან უკან გარბის, მოდღლეზილი ფეხშიშველა ბოშა ათვალიერებს შუკას. მერე ნიშანს აძლევს სხვებს, ყველანი იმარჯვებენ საკრავს, დათვი ორ ფეხზე დგება, დაძუნძულებს; საიდანღაც კიდევ ორი გამვლელი გამოდის, მათხოვარი ქუდს უწვდის, მაგრამ ფულს არ აძლევენ, უსმენენ ბოშებს./
სამივე ერთად: ჩვენ ფულს არ ვითხოვთ, ბოშები
ვმღერით.
რა ვქნათ,
თავს ვირთობთ,
გვიყვარს, როცა ვინმე გვისმენს.
მოგვისმინეთ!
ეს სიმღერა ათ თაობას უმღერია,
დიდ ტაბორში ატამანთან
გაბმულ ლხინში,
ან ტრამალში ყმაწვილ ბოშას,
მარტოდმარტოს
დროზე ადრე დამიწებულ სიყვარულთან.
მარტო კაცები: /უკრავენ და მღერიან/
გიცდით, ლანა,
შენ დაიწყე,
ჩვენ მოგისმენთ,
მერე გეტყვით
მოძახილებს.
ლანა: მე ვიყავი თოთხმეტი წლის,
როცა მომიტაცა
ხუჭუჭა გიორგიმ
შავი ცხენით
ბნელ ღამეში.
წინ ტრამალი
გადაშლილი,
უკან დარჩა
ტაბორი
და
მკრთალი შუქი.
ყველა ერთად: /აჯავრებენ ცხენის ჭიხვინს, ჭენებას: ერთი გულზე ხელების დარტყმით, მეორე გიტარაზე, მესამე პირით./
იჭენე, ცხენო,
იჭენე, ცხენო,
ხელი მოუმართე
ხუჭუჭა გიორგის,
გოგო მოიტაცა
ულამაზესი.
/მიდის ისევ ჭიხვინი, ჭენების გაჯავრება/
ლანა: ნუ ჭიხვინებთ,
გაიგონებს მამაჩემი,
წინ მე ვზივარ,
უკან გიორგი,
ვეღარ ვხედავთ სინათლეებს,
შუაღამეა,
ცხენი მარტო დანავარდობს,
ჩვენ გარშემო ტკეპნის მიწას
და ბალახს ძოვს.
ყველა ერთად: ძოვე, ძოვე,
ფშუ, ფშუ, /ერთი უსტვენს ნელა/
წყალიც შესვი,
დაისვენე,
თორემ ტრამალს,
იცოდე რომ,
ბოლო არ აქვს.
ლანა: ჩემი გიორგი,
გრუზა თმები ახლაც მახსოვს,
მიწას ჰქონდა მიწის გემო
და ნაყოფის სუნი.
მე გავძეხი მისი კოცნით,
ის კი,
როგორც ცეცხლის ალი
თივის ზვინში,
შეტრუსული მზისგან თმებით,
ტრიალებდა
გასაშლელად მომზადებულ
ჩემს კოკრებში...
ეჰ, რა მოვყვე! /ბოლო, ურიტმიანესი აკორდი/
ერთი: /ჭიხვინებს ხმამაღლა/
დათვი: /თავისთვის გადადის მალაყებზე/
მეორე: ჩუ, არ გესმის?
ყველა ერთად: ატამანი, ატამანი,
აგერ ბუმბა,
მისი შვილი.
შეძახილი: /იძახის მოდღლეზილი ბოშა/
აუ, გიორგი.
გრუზა გიორგი.
ყველა ერთად: გიორგი, როგორც
ცეცხლის ალი
თივის ზვინში,
იწვის,
იწვის
და დაიწვა,
უბედური.
ლანა: თავს დაგვადგნენ.
მაშინ გიორგი მოკლა ბუმბამ,
მე გადავრჩი,
წამიყვანა თავის ცოლად.
ჩუუ!
ღამეა,
ტაბორიდან ფიქრით ვხედავ
გიორგის საფლავს,
ბუმბა მკოცნის,
საძულველი ჩემი ქმარი,
მე ცივი ვარ
როგორც წყალში მუგუზალი,
მიტრიალებს
ცხელ დიდ თათებს
გაქვავებულ და გაყინულ ძუძუებში.
შორს კი, იქით,
სადაც მარტო ყურღანია,
დიდ ტრამალში,
თქეშში,
ღვარში,
გიორგის შავ ლანდს თმებს უწეწავს
გიჟი ქარი.
და იმისი კბილებიდან სისხლის სუნი
ახლაც მომდის.
ჭკუას ვკარგავ
და ვხელდები.
შური, შური,
სისხლი მინდა,
და ორთითით
ბუმბას ღამით
ორივე თვალს ვუღებ მაღლა.
სამივე ერთად: ბუმბა, ლამაზი,
მაღალი ბიჭი,
გიორგი რო მოკლა,
დარჩა უთვალოდ.
საწყალი ბუმბა,
მკვდარი _ მკვდარია,
გინდ შეიცოდე,
გინდა გაკიცხე,
საწყალი ბუმბა, დარჩა უთვალო.
ლანა: მოდი აქ, ბუმბა,
/მოჰყავს წინ ბრმა ვიოლინოზე დამკვრელი/
ეს მე ვიყავი,
შე უბედურო,
ახლა მიყვარხარ,
შენი თვალები
ახლა მე დავრჩი,
მომკალი, ბუმბა,
გინდა მითხარი,
დანას გიშოვი.
სამივე ერთად: ბუმბას თვალები
ახლა შენა ხარ,
იცოდე, ლანავ.
ეეჰ!!! /ურიტმიანესი აკორდი. ლანა ცეკვავს, დათვი მალაყებზე გადადის./
ჰეი, ჰეე,
სანამ ცხოვრობ,
არ მაჩვენო
ღაწვზე ცრემლი,
რო მოვკვდები,
არ მიტირო,
ჰეი, ჰეი, ჰეე.
უუუ,
ჩემო ცხენო,
სანამ ვზივარ მე შენს ზურგზე,
მანამ მინდა შენი თავი.
/აჯავრებენ ცხენის ჭიხვინს, ჭენებას.
გიჟდება რიტმი და უცებ წყდება. მაყურებლები ფულს უყრიან დათვს დაირაში ან პირდაპირ მიწაზე, მარინას ძაღლი ოთახიდან იყეფება; მათხოვარს ბოშები უყრიან ხურდას, ის ლოცავს. ლანა სწრაფად წყნარდება. დამშვიდებული ჰკიდებს ბრმას ხელს: მიდიან. მოდღლეზილ, ფეხშიშველა ბოშას დათვი მიჰყავს; მოდის მარინა. დათო შეხტებასავით, უცებ ავიწყდება ბოშები, უკან მისდევს მას პირდაღებული, დიდი ყურები უთამაშებს, იღრიჭება. მარინა შედის თავის ოთახში და გრძელფეხება სკამზე ჯდება, ძაღლი ცმუკავსP_ ის მიუძლურებულია, მერე ისევ წყნარად წვება კუთხეში. დათუნა დაუკითხავად შედის მარინას ოთახში და დამნაშავესავით დგება. მარინა არ უყურებს/
დათო: /უჩვენებს ძაღლზე/
არ მიკბენს, მარინა, რო იღრინება, ჰა?
მარინა: არა.
დათო: ვეთამაშო, რა. მე რო არ მკბენდა, ხო იცი, არც მე, არც გიოს. ჩქარა მოვა გიო?
მარინა: არა.
დათო: სად არი გიო, ქუდი უნდა მოეტანა ჭრელი, იქ რომ წამართვეს, ხო იცი, მერე გიომ რომ ცემა, ხო იცი. ჩქარა მოვა?
მარინა: არა.
დათო: რატო, მარინა?
მარინა: მოკლეს.
დათო: /ჯდება ძალიან ნაღვლიანი სახით/
ხო, ვიცი. მე მეგონა, აღარ გახსოვდა. დიდი ხანია, არა? და იმიტომ არ მოვა, არა?
მარინა: წადი, დათო, ცირასთან, გელის, მარტოა, გაუხარდება შენი მისვლა.
დათო: ვიქნები, რა, ცოტა კიდე.
მარინა: კარგი.
დათო: მარინა, აი, მე რა მაქვს, ნახე, გინდა? /უბიდან იღებს ნაჭერში გამოხვეულ ნამცხვარს, პურს, ყველს/ჭამე, რა, ჭამე. დედამ თქვა, მათხოვარს მიეციო. გუშინ სტუმრები გვყავდა, ღვინო დალიეს, მერე იცეკვეს; აქ რო გოგო ცეკვავდა გიტარით და დათვი ჰყავდათ, რომელი მოერევა, შენი ძაღლი თუ ის დათვი, ჰა? შენ თუ არ გინდა, ძაღლს მივცემ, კარგი?
მარინა: მიეცი მათხოვარს, დედამ როგორც გითხრა, წადი.
დათო: კარგი. /გადის/
აი, ძია, ეს, მარინამ თქვა, მიეციო ძია მათხოვარს.
მათხოვარი: მადლობთ, დათო, მადლობთ, შენ კარგი ბიჭი ხარ. საწყალი მარინა, თითონ არაფერი უჭამია, მე მიგზავნის.
დათო: ჰო, ძია, ჰო, თქვა, მიეციო, მერე თქვა, ცირასთან წადიო. ახლა იქ წავალ. კიდე იცი რა _ აქ რომ ბიჭი დადიოდა, მე რომ ჭრელ ქუდს შემპირდა, აღარ მოვა. მარინემ თქვა, დიდი ხანიაო მოკლეს.
მათხოვარი: ხო, მოკლეს. /დათო მიდის/ ეჰ, შე საწყალო, შენ რა გიშველის, თორე.
ცირა: დათო, დათუნა, მოდი აქ.
მათხოვარი: წადი, ბიჭი, გეძახის, გესმის?
/დათო ჩუმად იხედება მარინას ოთახში, მერე მირბის ცირასკენ./
დათო: რა, ცირა?
ცირა: დაჯექი, ეგ სკამი აიღე ან სავარძელი, მოიწიე აქეთ, ოღონდ ჯერ გადმოიღე ის კალათი, შიგ ვაშლია, ჭამე, არ გინდა? კიდე, ბუფეტში დევს კანფეტი, ტკბილია, შენ ხომ გიყვარს, აიღე, აიღე, ნუ გრცხვენია, ახლა მოდი აქ, რას ჰგავხარ, ბიჭო, თმები არ დაგივარცხნია? მოდი აქ.
დათო: არ მინდა, ქუდი მინდა, ჭრელი ქუდი, მიშოვი შენ?
ცირა: მოდი, ჯერ მოიწიე, ასე, ჩამოჯექი საწოლზე, აი, ამ სავარცხლით დაგვარცხნი თმებს, არ დაგწიწკნის. ასე, ასე, ახლა ლამაზი ბიჭი ხარ, მერე დედას ვეტყვი ქუდი გიყიდოს. როგორი გინდა? ჭრელი? მე ვიცი, რახან შეგპირდი, შეგისრულებ.
დათო: მარინასთან მინდა, წავალ.
/მიდის/
ცირა: /თავისთვის/
უბედური, რა კარგი გოგოა მარინა, როგორ უყვარს დათოსაც. ნეტა ჩემთან მოვიდოდეს. ვერც ვეძახი, არ ვიცი რა ვუთხრა. სიარული მაინც შემეძლოს, მივიდოდი მე თვითონ. ეეჰ, დათოს კი შეუძლია წავიდეს, თან სულ უნდა იქ იჯდეს.
/დათო მიდის და მარინას კედელთან ჯდება/
ცირა: /თავისთვის/ ნეტა არ ეშველება რამე დათოს, ვერ უმკურნალებენ? არ მორჩება? მარინას შველა კი შეუძლებელია, ვიცი. საცოდავი გოგო. როგორ ვუყვარდი მეც გიოს, ხშირად მოდიოდა ჩემთან, სულ რაღაც მოჰქონდა საჩუქრად. მეც ვდარდობ ახლა, მაგრამ სად ჩემი, სად მარინას დარდი. ჩემი თავი მეზიზღება, მეც რომ ისე ვერ განვიცდი _ მაინც ვჭამ, ვლაპარაკობ. ნუთუ მე ყველაზე ბედნიერი ვარ.
/რეკავს საათი ექვსჯერ/
უკვე ექვსი გამხდარა, საცაა დედაც მოვა, რამდენს წვალობს ჩემთვის, მე კი არ შემიძლია რითიმე დავეხმარო. აი, ახლა კერვას მასწავლის და კარგი იქნება _ მაშინ მარინასაც შევუკერავ რამეს, დათოსაც, მათხოვარსაც. ძალიან მომწონს ისეთი კაბა, ნატას ჟურნალში რომ ხატია, თუმცა მე რად მინდა, აი, მარინას კი როგორ მოუხდებოდა, იქნებ ცოტა გულიც გადაეყოლებინა. ღმერთო ჩემო, რას ვამბობ, მაგის დარდს რა უშველის, რა? განა ვერ ვხედავ, როგორ არის გამოცვლილი, ჩემთანაც კი აღარ მოდის, მე კი მაგის მეტი ამხანაგი არავინა მყავს; უჰ! რა ცუდი ვარ, ნამდვილი ეგოისტი, მაგის თავი აქვს, ან რა დროს ჩემზე ფიქრია! მოდი აქ, მოდი, ჩემო ფისო, მოგიალერსებ. შენ მისმენ მარტო ასე ერთგულად, თან თვლემ. გეძინება? კარგი, დავიძინოთ, მეც დავიღალე. ძილი ნებისა, ჩემო ციცკა, ერთხელ კიდევ გადაგისვამ ხელს. აი, აქ იწექი. /იძინებს/
/მოდის ქეთო, ოთახს ალაგებს, მერე კერავს, საღამოვდება, მარინა თავის ოთახში გრძელფეხება სკამზე ზის, ისევ ნახევრად სიბნელეში, დათო ნაღვლიანი თვალებით უყურებს, ხანდახან ისმის მათხოვრის ხმა, ღამდება. მათხოვარი მიგორავს შუკის სიღრმეში, დათო ფეხაკრეფით გადის, მერე მირბის.
ამოდის მთვარე, ცივი და ნათელი.
მარინას ოთახი სიბნელეშია.
მთვარე ცირას ანათებს თვალებში. ქეთო წვება, იძინებს.
მარინა ისევ ისე ზის გრძელფეხება სკამზე.
ძაღლი მთვარეს უღრენს;
ოდნავ შეშფოთებული იღვიძებს ცირა/
ცირა: დედა მოსულა კიდეც. დედა! თუმცა არა ღირს გაღვიძება, დაღლილია. უჰ, კაბაც რამდენი შეუკერავს, ალბათ, ხვალ ჩამაცმევს. ღმერთო ჩემო, რა ცივად ანათებს მთვარე, /თვალებზე ხელს იფარებს/ მეშინია, თითქოს მიზიდავს და ფანჯრიდან უნდა წამიყვანოს, როგორ დაჟინებით იყურება. დედა! _ არა, ეძინოს, საბანს წავიხურავ, ასე ჯობია, ოჰ, აქაც ატანს. მცივა. მეშინია. გარშემო კი არავინ არის, დედასაც სძინავს, სულ მარტო ვარ, ჯობია წამოვჯდე, თვალებში შევხედო, უფრო შევეჩვევი ასე. /მთვარე მაღლა ადის, თვალებში აღარ უნათებს/ ახლა კარგია, რა სისულელე იყო შიში, თითქოს პირველად ვხედავდე, გუშინწინ ლექსიც კი დავწერე მთვარეზე და ჩემს ციცკაზე. /კატა ფეხთითაა მორთხმული, მერე ფანჯრის რაფაზე ადის, კუდს მაღლა სწევს, კნავის, ჩანს შავი სილუეტი/ ციცკა, ჩემო ფისო, აი, წაგიკითხავ ხმამაღლა, შენ ხომ გესმის ჩემი, და მერე ისევ დავიძინოთ, კარგი? /ჩამოჰყავს ფანჯრიდან, იხუტებს/
ცირას ლექსი: ღამეა,
მე ისევ ვწევარ ჩემს დიდ საწოლში,
გამოხვეული თბილ საბანში,
ვთვლემ და ვოცნებობ.
მთვარე უეცრად იპარება მკრთალი სხივებით,
აღვიძებს ციცკას
სხვა ეზოდან კატის კნავილი,
ის იშმუშნება, იზლაზნება
ზმორებ-ზმორებით,
კუდს ბერავს, უფრო იფხორება...
იქითა მხრიდან კნავილი ისევ მეორდება,
ხან მოიმატებს,
ხან მიწყნარდება,
ჩვენს სახლს შორდება
და თან ჩემ საწყალ
ფისოს იბირებს.
მინდა წამოვდგე,
გავხედო მაინც,
სად წაიყვანეს?
საით წავიდა?
მაგრამ /ცრემლნარევი ხმით/
ფეხები არ მიშვებს, არა.
/უხმოდ ქვითინებს/
/მთვარე ჩადის, სულ ღამდება, მერე ოდნავ ნათდება. ცას ეტყობა გათენება, ისიც მხოლოდ მარინას ოთახში. მარინა ისევ გაქვავებულივით ზის. შუკის სიღრმიდან შავებში ჩაცმული, წელში მოხრილი მაღალი ქალი შემოდის, აქეთ-იქით იხედება, ჩერდება მარინას ოთახთან, აკაკუნებს. მარინა ოდნავ აბრუნებს თავს, ის ისევ აკაკუნებს, მერე შედის პირდაპირ/
ქალი: ეს მე ვარ, შვილო. /ეცემა მის ფეხებთან, კოცნის, მარინა სწრაფად იმართება და უკან იწევს/
მარინა: გთხოვთ, არ გინდათ.
ქალი: ეს მე ვარ, შვილო, იმ ავაზაკის, კაცის მკვლელის დედა, მე, მე, დედა, ჰო, დედა. რა გითხრა, რა გთხოვო, არ ვიცი, ჭკუა მაქვს არეული, დღემდე ვერაფრით ვერ გავბედე აქ მოსვლა, მეშინოდა, მეშინოდა შენი ნახვა, შე უბედურო, ან როგორ უნდა შემეხედა შენთვის. დღეს კი აღარ შემეძლო, ვეღარ გავძელი; დედა ვარ, დედა, იცოდე, და მარტო დედობამ მომიყვანა; არ მინდა სამართალი, არაფერი სხვა, მე, როგორც მშობელი, ისე მოვედი სათხოვნელად, ფეხების დასაკოცნად /ეცემა მუხლებზე, კოცნის, მარინა გაქვავებული დგას/. არ ვამბობ არაფერს, არა, ვერცა გთხოვ მის პატიებას, არ შეგიძლია, ვიცი, მაგრამ გაიგე, ეგ ერთია, ვინცა მყავს ამ ქვეყანაზე. მე მომკლან, უთხარი იქ, ეს მოკლან, ეს /გულზე ხელს ირტყამს/. ხვალ თუ შენ აჩვენებ მის წინააღმდეგ, იმას დახვრეტენ, ჩემს შვილს დახვრეტენ წამებით, გესმის? მე ხომ ჯვარს ვეცვი, ბედნიერი გიოს დედა, ის საცოდავი ჩემსავით _ უცებ მოხდა ყველაფერი და მორჩა, უცებ მოკვდა ის ცხონებულიც, მე კი, ალბათ, ამაზე მეტს სიკვდილიც აღარ მიზამს არაფერს, ნუ, ჩემო გოგო, ნუ აჩვენებ, ასე მაჩუქე მისი სიცოცხლე, შენი ჭირიმე; მითხარი რამე, დამელაპარაკე, გამლანძღე, გამაგდე, ღირსი ვარ, ოღონდ ნუ დგახარ ასე ჩუმად, მე აღარ შემიძლია, გესმის, უთხარი რამე დედას, რომელსაც შვილი უნდა მოუკლან, რომელმაც იცის ეს, რომელიც ვერ ეხმარება ვერაფრით.
მარინა: გთხოვთ, მაგაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
დედა: არა, არა თქვა, არ გინდა, ეს მე, მე მაპატიე ის უბედური, ის ავაზაკი, ის კაცის მკვლელი, ის ჩემი შვილი.
მარინა: აი, კარები, მე შურს ვიძიებ, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ თქვენი შვილიც ზედ მიაყოლონ, ახლა გათავდა, წადით, მეტს აღარ ვიტყვი არც ერთ სიტყვას; აი, ჩემი პასუხი: ის მიიღებს ღირსეულ სასჯელს: თქვენს შვილს დახვრეტენ, დახვრე-ტენ, ჰო, ჰო, წადით, ახლა აღარ შემიძლია მეც მეტი, წადით, გესმით, აი, კარები, გესმით კი თქვენ ჩემი, ჰა, ჰა, არა?!
/თენდება, მათხოვარი მოგორავს უკვე/
დედა: მაინც გიკოცნი ფეხებს, რა ვთქვა, მითხარი, სანთლებს დავუნთებ ცხონებულს, რას ვამბობდი? ჩემს შვილზე გთხოვდი, არა? ჰო, მე, მე მაჩუქე, გადაასახლონ სამუდამოდ, ოღონდ ჩემმა გულმა იცოდეს, რომ ცოცხალია.
მარინა: მე ტყუილს ვერ გეტყვით.
დედა: დედას, დედას აჩუქე.
მარინა: /ხმას არ იღებს/
დედა: /ფეხებში უვარდება/
შენს ფეხებს ვენაცვალე.
მარინა: /ჯდება გაქვავებული გრძელფეხება სკამზე/
დედა: მაშ, არა მჩუქნი, დაპირებასაც არ მაჩუქებ?
/იმართება, თავშალი წამოშლილი აქვს, უკან იწევს მარინასკენ გაშვერილი ხელებით/
დედა: ღმერთმა დაწყევლა ერთხელ უკვე ეს ოჯახი, ძირშივე წყეული, უძიროდ გამხმარი, უგულო, კიდე დაწყევლოს და არ გაგახაროს ჩემი უსისხლოდ მოკვლისთვის. შენ, ეშმაკის შვილო _ ერთი მოკლეს, თქვენ მოკალით, თქვენ, ახლა მეორეს უსჯით დახვრეტას, იმასაც დახვრეტენ! მაგრამ იცოდე, ეგ შურისძიება არ მოგასვენებს შენ ყველაზე მეტად: ღმერთო, ისმინე ჩემი წყევლა და გადაუხადე. /მისი ხმა სულ მაღლა და მაღლა ადის და უცებ ბოლო სიტყვაზე ტირის/ შე უბედურო! /ამბობს გაბზარული ხმით, მიდის დამტვრეული, მოტეხილი, თავისთვის ლაპარაკობს უკვე გარეთ/ მაინც მაქვს იმედი, ბოლომდე რომ არ დაღუპავთ დედის გულს.
/სულ თენდება. შუკიდან მოდიან ნატა, ნანა და მარგო, მათ გვერდზე ჩაუვლის დედა/
მარგო: ოო! შავებში ვინ არის ნეტა, ნატა, ასე ადრე?
ნატა: ჩუ, იმის დედაა.
მარგო: ვისი?
ნატა: შენი მიკვირს, როგორ არ იცი, მკვლელის.
ბავშვი: დედა, დედა, აგერ მათხოვარი, მიეცი, რა, ფული, არა, მე მომეცი, მე მინდა ჩავუგდო თვითონ.
ნატა: აჰა, აბაზი. არა, მოიცა, მარგო, მოდი, მივიდეთ მასთან, ის აქ ზის დილიდან.
მარგო: Ну и что ж, не понимаю.
ნატა: წამო, დღეს ვეღარ გცნობ, ვერაფერს ვეღარ ხვდები.
მათხოვარი: ორიოდ კაპიკი, გამარჯობათ, შვილო, ნაცნობებო, თუ არ გეწყინებათ, ასე გიწოდებთ, თქვენივე გულის სადღეგრძელებლად.
ნატა: აჰა, აბაზი, არა, აჰა, მანეთი.
მარგო: მეც მოგცემ, აი, აბაზი.
/ლაპარაკი მიდის ნახევარ ხმაში/
ნატა: დიდი ხანია ის აქ იყო?
მათხოვარი: დიახ, ქალბატონო.
ნატა: მერე?
მათხოვარი: მარინამ თითქმის გამოაგდო.
მარგო
} дальше, дальше.

ნატა
მათხოვარი: თქვენ როგორც იცით ქალების ამბავი, ჯერ იმ ქალმა წყევლით ამოაგდო, ძირში მოთხარა, ბოლოს შეეცოდა მარინა, თქვა, ღმერთი დიდია, მაინც იმედი მაქვსო.
მარგო: წავიდეთ, ქეთო, რა უგულოა ის გოგო. расстрелять человека! თუმცა ღირსია, да, да, скажу прямо в лицо, ყველგან ვიტყვი, ეგეთები ადგილზე უნდა მოკლა.
ნატა: იმას მეტი უნდა უყო, მაგრამ მარინას რა გული აქვს, არ ვიცი.
ნანა: დედა, მომეცი, რა, კიდე აბაზი, მივცემ, რა?
/ნატა ხელს ჰკიდებს, ნანას ქაჩავს, შედიან ცირასთან, ქეთო იქით ოთახიდან გამოდის, ცირა წევს უმოძრაოდ/
ქეთო: ოჰ, უკვე?
მარგო: რა თქმა უნდა, скоро восемь, გვიანაც არის.
ქეთო: შენ საითღა, ნატა?
ნატა: ცირასთან დავრჩები, დღეს გვიან მივდივარ სამსახურში, ცოტა გულს გადავაყოლებინებ, ცოდოა მთელი დღე მარტო.
ცირა: გმადლობთ, ნატა.
/ბავშვი კატას აწვალებს/
ნატა: როგორ მოგწონს იმ კაბის ფასონი? ქვევით ვიწრო სახელოებით, მხრებთან ფართო, დიდი თეთრი საყელოთი, ბიჭური პერანგივით.
ცირა: ძალიან, ოღონდ კერვა მასწავლე, ნატა, ისე მინდა ვიცოდე.
ნატა: გასწავლი უეჭველად, ადვილადაც ისწავლი, მთავარი პრაქტიკაა, შენ კი იმდენი დრო გაქვს, აი, მე რომ დრო მქონდეს, ოღონდ თვალებს აფუჭებს, სუფთა სამუშაოა, შენ კი, მგონი, სუსტი თვალები გაქვს. რაღაც დაღლილი ჩანხარ, არ გეძინა წუხელ? წაიძინე ახლა, ჩემო კარგო, წაიძინე.
/ქეთო საწოლთან, სკამზე, საუზმეს შლის, მერე ჩანთას იღებს, შვილს კოცნის, გადის/
მარგო: ნახვამდის, საყვარელო, ნახვამდის, ჩვენ წავედით, ნატა, შენ რჩები? ცირა, აუცილებლად დამახვედრე ახალი ამბები, მეც მოგიტან. ხომ იცი, ვიწვი _ შენ კი მაგ ლოგინში მეტს გაიგებ, ვიდრე მე. კარგად, ჩემო კარგო, მიმიხვდი, რა ამბებზეც გითხარი?
/ხელით კოცნას უგზავნის, მიდის/
ნატა: ცირა, საყვარელო, იცი რა? რანაირი უძილო თვალები გაქვს, ოჰ, ათის ნახევარია, მარინაც მიდის სასამართლოში უკვე, აი, გამოვიდა, არც კი იხედება, წავიდა. ნეტა, რა იქნება, რა საინტერესოა? ვიწვი პირდაპირ, ისე მინდა დავესწრო გასამართლებას, მაინც არ მესმის მაგ გოგოსი, ძალიან მინდა რომ ის დახვრიტონ, ავაზაკი, ფუ! ოღონდ მარინა არ მიყვარს, გოგო და ეგეთი? მესმის იტირო რამდენიც გინდა, ოღონდ ასე იძიო შური? სულ არ არის ქალური, არც ლამაზია, საინტერესოა, რატომ უყვარდა გიოს ეგრე ძალიან, რა ბიჭი იყო, ღმერთო შეგცოდე, მეც კი მიყვარდა, მგონი, ახლაც მახსოვს მისი გამოხედვა, გაცილებით კარგი გოგო ეკუთვნოდა, იცი...
ცირა: ნატა, გთხოვ, მეტს ნუღარ იტყვი ნურაფერს.
ნატა: კარგი, კარგი, როგორც გინდა. იცი, მე წავალ, გავიქცევი. ისე მაინტერესებს, ვიწვი. შენთან ბავშვს დავტოვებ, ის მოგივლის, თანაც არც ვიცოდი, სად დამეტოვებინა. მწ, მწ.
/უგზავნის ხელით კოცნას, მიდის/
/მათხოვარს რამდენიმე კაცი ფულს უყრის, ისინი სცენის შიგნიდან შემოდიან, მიდიან შუკისკენ, იქიდან მოდის დათო, ჯდება მარინას სახლთან და ხუთ ქვას თამაშობს თავისთვის, მათხოვარი ფულს ითვლის/.
მათხოვარი: სადილად მეყოფა, მომშივდა კიდეც, წავალ, სადმე ვისაუზმებ, იმასთან ჯობია, ირაკლისთან, ერთ ჭიქა ლუდს უფასოდ მასმევს. კაცს გააჩნია, არა? /თვალს უკრავს მაყურებლებს, მიგორავს/
ცირა: მოდი აქ, ნანა.
ნანა: სად?
ცირა: აი, იმ კაბას ხომ ხედავ, აგერ ნემსი და სათითეც, მომაწოდე.
ნანა: შენ ვერ იღებ, არ შეგიძლია, არა?
ცირა: ჰო, კარგი, არ მინდა. /იყურება ჭერში/ ნეტა, რას შვრება ახლა მარინა, წარმომიდგენია იმ ბიჭის სახე, ალბათ, სულ ტირის და ეხვეწება აპატიონ, რა თქმა უნდა, მარინასაც გული მოულბება, არ იტყვის იმის წინააღმდეგ ყველაფერს, მაშინ დახვრეტას გადარჩება, ღმერთო ჩემო, რა ცოდოა, საწყალ გიოს კი აღარაფერი ეშველება, არაფერი. /ცრემლები მოსდის/ რა ცოდოები არიან, ღმერთო ჩემო.
/გარედან ისმის მათხოვრის ხმა, მოგორავს, ვიღაც ფულს უყრის/
ცირა: აი, მათხოვარიც მოგორდა საუზმის შემდეგ, ალბათ, შუადღე გადავიდა, ვინ იცის, როგორ არის მარინა, იქნებ ცუდადაა, ნეტა შემეძლოს მასთან ყოფნა, ის ხომ სულ მარტოა, ნეტა შემეძლოს.
/შუკაში მოდის მარინა, თავი ოდნავ დახრილი აქვს და პირდაპირ იყურება ჩოლკის ქვევიდან, დათო წამოხტება, ღიმილით მირბის მისკენ, მაგრამ მარინა არ უყურებს, დათო შემკრთალი იხევს უკან და ბაჯბაჯით მისდევს, შესახვედრად გამოვარდნილი ძაღლი დინჯად უსვამს ტუჩებს, მიჰყვება. ცირას კატა გულზე ეხუტება, მარინა დაუკაკუნებლად შედის და მაღალ, გადმოსაკეციან, ბავშვის სკამზე ჯდება. დათო კართან დგას დაბნეული, ნანა კუთხეში ინაბება/
ცირა: გამარჯობა, მარინა.
მარინა: როგორა ხარ, ცირა?
ცირა: კარგად, მადლობთ.
მარინა: _
ცირა: _
მარინა: _
ცირა: შენ, მარინა, როგორა ხარ, არა, ნუ მეტყვი ნურაფერს; თუ ხათრი გაქვს, გთხოვ, დამიჯერო, აიღე რამე, აგერ იქ დევს ტაფაზე, მე ხომ იცი, არ შემიძლია მოგაწოდო, გაუმასპინძლდი შენ თავს, კარგი? დაღლილი ხარ, ალბათ, გშია კიდეც.
მარინა: ნუ მთხოვ მეტს, ცირა, არ მინდა.
ცირა: დააძალე თავს, საშინლად გახდი, თუმცა, მოგიხდა თითქოს, გალამაზდი უფრო, დაავადმყოფდები ასე უჭმელი, მელაპარაკე რამე, ჩვენ ხომ ბავშვობის ამხანაგები ვართ, მარინა, დამიჯერე, ვიცი, ძნელია, მაინც ცოტა, რამდენადაც შეიძლება, გადააყოლე გული, აღარც ჩემთან შემოდიხარ, არა, საყვედურს კი არ ვამბობ, მოგაბეზრე, ალბათ, თავი, კარგი, მეტს აღარ გეტყვი არაფერს, ოღონდ აიღე რამე.
მარინა: კარგი, ავიღებ.
/მიდის, იღებს კატლეტს, დებს პურზე, ჭამს, სვამს წყალს/
ცირა: აი, იქ ნამცხვარია კიდე, ისიც აიღე, ჰო?!
/მარინა იღებს ნამცხვარს, ჭამს/
ცირა: აი, ასე, ახლა კარგი გოგო ხარ, მოდი ჩემთან, გაკოცო.
/მარინა მიდის, უშვერს ლოყას/
ცირა: ჩემო კარგო, გაწვალდი ძალიან? მითხარი, რითი დაგეხმარო, განა შემიძლია მე რამე?! მართლა, დღეს ტელევიზორია, აქ ვუყუროთ ერთად, ჩვენები არ მოვლენ, დარჩები, დარჩები ვიცი, უკვე რამდენიმე თვეა კინოში არ ყოფილხარ, ალბათ, არც გინახავს ტელევიზორი, არა?
მარინა: რა გადის?
ცირა: გამოაცხადეს, დამავიწყდა, მოიცა, ნანა, მომიტანე გაზეთი.
/ნანა თავისთვის თამაშობს კუთხეში, მერე მოაქვს გაზეთი/
ცირა: /ათვალიერებს/
`მეზღვაურები პორტში~.
მარინა: კარგი, ვუყურებ.
ცირა: მოდი, აქ ჩამოჯექი, დღეს ვეღარა გცნობ; აი, ასეთი უნდა იყო ყოველთვის, ჰო, ჩემო კარგო.
მარინა: /აბნეულია, ცდილობს გაიღიმოს/ ჰო. /იხედება გარეთ/
რა მყუდრო შუკაა, ჩვენი მათხოვარიც რო ასე პირნათლადა ზის ყოველთვის. წინათ სხვა იყო, მოხუცებული ქალი პატარა ბავშვთან ერთად, გახსოვს, ჰო?! ჩქარა გავიზარდეთ, სულ გუშინ იყო თითქოს, შენ ურიკაში იჯექი, მე გაგორებდი აქეთ-იქით. ზოგჯერ გარეთაც გავდიოდით, დიდ ქუჩაში. ერთხელ იმ ქუჩის იქითა მხარეს ბომბორა ბაბთიანი ძაღლი დავინახეთ, არა, შენ დაინახე, მგონი, პირველად, მარტოს მინდოდა მისკენ გაქცევა, ისე მომეწონა, მაგრამ შენ ატირდი, მაშინ მივაწექი ურიკას და სირბილით წავედი, სულ მაჩქარებდი და მაჩქარებდი, ძაღლის გარშემო კი აუარებელი ხალხი მოგროვდა, ცოტაც და მივიდოდით, მაგრამ უცებ მოსახვევიდან გამოვარდნილი საბარგო მანქანა პირდაპირ ჩვენზე წამოვიდა, მე გამიკვირდა, შენ დაიყვირე, სასწაულით გადავრჩით. მანქანამ კი ჩვენ მაგიერ სხვა გაიტანა, მაღალი შლაპიანი კაცი, რომელიც იქითა მხრიდან გადმოდიოდა და ის-ის იყო გვერდზე ჩაგვიარა. ვერ გავიგე რა მოხდა, ყველაზე ახლოს კი მე ვიყავი. ის ეგდო, თავის ქალა გადახდილი ჰქონდა, სისხლი არ მოსდიოდა, მხოლოდ ფეხებს ჭიმავდა, მერე გაჩერდა, ხალხმა დაფარა ქუჩა; ბაბთიანი ძაღლი საიდანაღაც ჩვენთან გაჩნდა, შენ ტიროდი მთელი ხმით, მეც ძალიან შემეშინდა, ტირილი დავაპირე, მაგრამ ბაბთიან ძაღლს მოვკიდე ხელი _ გადამიარა _ იმას გრძელი და თბილი ბეწვი ჰქონდა. მთელი თვე აღარ გვიშვებდნენ იმ ამბის შემდეგ სახლიდან.
ცირა: ნუთუ ასე კარგად გახსოვს შენც ეგ ამბავი, სულ ექვსი წლისანი ვიყავით მაშინ.
მარინა: ჰო, ექვსის. შემდეგ წელს მე დავიწყე სკოლაში სიარული, საღამოს მომქონდა ჩაწერილი გაკვეთილები და ერთად ვსწავლობდით, ყოველთვის ჩემზე ადვილად იმახსოვრებდი ყველაფერს, ოი, რა უნიჭო ვიყავი. წარმოგიდგენია? მუსიკაზე სიარულიც კი მეზარებოდა, მაგრამ მერე შემიყვარდა, ზოგჯერ ექვს-შვიდ საათს ვუკრავდი, _ სკოლის გაკვეთილებიც კი მავიწყდებოდა. ეჰ, ისე მინდა ახლა კარგად ვუკრავდე, სიამოვნებით გავატარებდი ფორტეპიანოსთან მთელ დღეს. ვერ წარმოიდგენ, რა სიამოვნებით შევასრულებდი ლისტს ან რახმანინოვს.
ცირა: საწყალი დეიდა ოლია, ეცოცხლა, შენ არ დაანებებდი მუსიკას თავს.
მარინა: ჩემი დედა... თითქოს ახლაც ვხედავ საწყალს, რა კეთილი იყო, გამიკეთებდა დიდ თეთრ ბაბთას, ოჰ, როგორ არ მიყვარდა ისე მაღლა აწეული თმები, სულ მეჩვენებოდა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო იზრდებოდა ბაბთა, დედა კი მომცემდა ერთ ხელში შავ, დიდ ნოტების შესანახს, შოპენის პროფილით ყდაზე, მეორე ხელში ჩამკიდებდა და მივდიოდით მუსიკაზე; იქ გავიცანი გიო... ისეთი პატარა და ბომბორა იყო ჩემი ბიჭი... მეექვსე კლასში როცა გადავედით, გააგდეს _ სულ არაფერს არა სწავლობდა. როგორ დამწყდა გული, ვერ წარმოიდგენ, ვიტირე კიდეც, ისე ვიყავი შეჩვეული მის ნახვას. ღმერთო ჩემო, რეებს ვიგონებ, როგორ მსიამოვნებს თან, ვერ წარმოიდგენ. როცა ვყვები პატარაობის ამბებს, მგონია, რომ ის ცოცხალია. ასეც არის. სანამ არ მოვალ ამ ასაკამდე, ჩემი მოყოლის დროს მაინც სულ ცოცხალი იქნება. ჰო, ჰოო, მოიცა... მომაგონდა... თავი მტკივა, იმდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ მეჩვენება თითქოს მავიწყდება.
ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, მე დავამთავრე, იმანაც, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არაფერი არ გამხარებია ისე გულწრფელად, როგორც გაგდებული გიოს ჩუმად მოსვლა მუსიკალურში. მაშინ დედა უკვე მარტოს მიშვებდა, თანაც სწორედ იმ დღეს ბაბთა არ გამიკეთა, ყვითელი მოჭერილი გეტრები და მაღალყელიანი ფეხსაცმელები მეცვა, შავი სწორი კაბა, თან ხელში, რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა, დიდი პაპკის მაგიერ, პატარა, მრგვლად რომ იღუნება, ისეთი ნოტების შესანახი მეჭირა. ყველაფერს ამას ვგრძნობდი ისე აშკარად, იმდენად ნასიამოვნები ვიყავი ჩემი გარეგნობით, რომ პირველად გიოს დანახვა არც კი გამიკვირდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მხოლოდ კიბეების ბოლოს, სადაც ის იდგა, ვიგრძენი, რომ სახე გამიხურდა და გავწითლდი. ამაყად წავედი პირდაპირ, მე თვითონ არ ვიცი, რატომ არ მივედი, არ დაველაპარაკე და უხმოდ ჩავუარე.
_ დიდი ხანია ბაბთა მოიძრე? _ მომესმა იმისი ხმა, მერე რაღაცა ჩაუსტვინა თავისთვის. მე ძალიან გავბრაზდი, თან სულ ვფიქრობდი, იქნებ ჩემი ბრალი იყო და იმიტომ მომაძახა ისე, რომ არ დაველაპარაკე _ სულ შეუმჩნევლად მესიამოვნა კიდეც, რომ ასე გაბრაზდა, ჩემი არდალაპარაკების გამო. ყოველი შემდეგი დღე მახსოვს თითქმის. ერთი თვე არც იყო გასული, ჰო, ოცდაერთში მომიკვდა დედა. საწყალი დედა, სულ ტიროდა სიკვდილის წინ, მე კი ვუყურებდი გაკვირვებული, გაბრუებული. მოკვდა საწყალი, დილა იყო მაშინ.
მეორე დღეს ფანჯრიდან დავინახე გიო. ის იდგა, აი, იქ, ბოძთან, და დანით ჭრიდა რაღაცას, მე ცრემლებიდან გამეღიმა, გულზე მომეშვა, მაგრამ ამ ახალმა შეგრძნებამ თითქოს უფრო მატკინა გული, უფრო შემეცოდა დედა და ავტირდი, მერე ცრემლები შევიმშრალე და ფანჯარასთან მივედი.
_ დედა მოგიკვდა? _ მკითხა იმან.
_ ჰო, _ წამომივიდა ცრემლები.
_ მე შარშან ბიძა მომიკვდა, ისეთი ღონიერი იყო, სულ მაღლა-მაღლა მისროდა, ჩვენთან იმდენი ხალხი იყო რო... _ თქვა და წავიდა.
მეორე დღეს სამი ბიჭი მოიყვანა და მოვიდა. მე ველოდი, სულ არ გამკვირვებია მისი მოსვლა, ახლოს არ მივედი, გარშემო ხალხი იყო და მეუხერხულა.
_ აგერ მარინას სკოლის ამხანაგებიც მოვიდნენ, _ დაატირა კუბოს დეიდაჩემმა. _ მიდი, მიდი, _ მითხრა ბიძამ, მაგრამ მე არ წავედი. როცა ისევ გავიხედე იქით, ჩხუბი იყო გახურებული: გიო და მისი ამხანაგები სეირის საყურებლად მოსულ ბიჭებს სცემდნენ, ისინიც იწევდნენ. ქვებს ისროდნენ.
ცირა: მახსოვს, ჩვენი ფანჯარა ჩაამტვრიეს სწორედ.
მარინა: ჰო, ვიცი, რომ გახსოვს, მარტო შენ იცი ყველაფერი ჩვენი და შენ გამიგებ. შენთან როცა ვარ ახლა, მეჩვენება, რომ ის ცოცხალია; როგორ ვიტანჯებოდი ყოველი მასთან დაშორების დროს, ჯერ კიდევ მაშინ, ბიძასთან რომ გადამიყვანეს დედის სიკვდილის შემდეგ და გიოს ვეღარ ვხედავდი; გავიდა მთელი წელი, მეტიც.
აღარ მინდა, არც შემიძლია მეტის მოგონება, გამიგე, ცირა, შენ იცი ჩვენი ყველაფერი, გიო მომიკლეს, მოკლეს, ჰო, მოკლეს, მოკვდა, გითხარი. კიდევ, ჰო, რას გეუბნებოდი, იცი, ვინ მოკლა, ვიღაცამ, ხო, ვიღაცამ, ცხოველმა, არაკაცმა, ახლაც მაკანკალებს მას რომ ვიგონებ, თხელი, მხრებში ჩამჯდარი, თავისი სახესავით მწვანე თვალებით, პატარა, ქერა ჩოლკით.
ყველაფერი ერთ წამში მოხდა. მივდიოდით ერთად, როგორ დაუძახა აღარ მახსოვს, რატომ, არც ის ვიცი _ ისინი გვერდზე გავიდნენ, მერე ის გაიქცა, მე ვერ გავიგე რა მოხდა, როცა მივირბინე გიოსთან, ის წელში იყო მოხრილი, მე გამიკვირდა, ხელი მოვკიდე, ის სულ მოეშვა: `აღარ შემიძლია, რო გადავუხადო~, თქვა თითქოს თავის მართლებით, მერე კიდე უფრო დასუსტდა, მოეშვა, სულ მოეშვა და გათავდა. ჩემი ბიჭი...
/ცირა ხელს უწვდის, მარინა მიდის, ლოყებს ადებენ ერთმანეთს, ტირიან/
ცირა: დაწყნარდი, ჩემო მარინა, ვიყოთ ერთად, დაწყნარდი, ჩემო კეთილო.
მარინა: /უცებ სულ იცვლება. სწრაფად შორდება საწოლს/ კეთილო? არა! არ მინდა ვიყო ეგ კეთილი, ჰმ, ჰა, ჰა, ჰა. იცი, რა იყო დღეს? ოთხი თვის შემდეგ ვნახე ის მწვანე თვალები, არავითარი სინანული, არც მონანიება არ ეტყობოდა სახეზე, თუმცა ჩემთვის სულ ერთი იყო. გამომიძახეს. ხალხი გაიყო, მე ვერ ვხედავდი ვერაფერს იმის გარდა, პირდაპირ იჯდა მელოტი მოსამართლე, იმაზე გადავიტანე მზერა, კიდე ერთხელ მივიხედე ბრალდებულთა სკამისკენ და დინჯად, ოღონდ ერთი სულის ამოღებით ვთქვი: `აი, იმ ბიჭმა, მე მისი სახელი და გვარი არ ვიცი, მოკლა გიო, მე იქ ვიყავი, მოკლა დანით და წინასწარგანზრახვით, რადგან ვუყვარდი მე, მე კი მას რამდენიმეჯერ უარი ვუთხარი. ეს არის და ეს.~
გამოვბრუნდი, ის წამოიწია, სახეზე წამომახურა, მხოლოდ ახლა შევხედე პირდაპირ ხალხს;
გავბრუვდი, სიზმარივით მესმოდა ხმები: `კახპა~, `ეშმაკის შვილო~, `დაწყევლილო~.
არაჩვეულებრივად მსიამოვნებდა მათი ლანძღვა, ვგრძნობდი, რომ სწორედ ის გავაკეთე, რაც უნდა მექნა, თავისუფლად ვიგრძენი თავი, ამაყად, ძლიერად.
აქეთა მხრიდან გიოს ნაცნობები მიყურებდნენ გაბრწყინებული, ნასიამოვნები თვალებით. `ყოჩაღ, მარინა,~ მითხრა კოტემ, გიოს ძმაკაცმა, რაღაც არ მესიამოვნა მის ქებაში, ისეთი რამე, რაც არც გამიფიქრია, როცა მლანძღავდნენ. სწრაფად წამოვედი პირდაპირ აქეთ, რა დროა, არც კი ვიცი. იქ, ალბათ, ისევ გრძელდება სასამართლო... სხვაგან წასვლა არ შემეძლო, ცირა... მე რაც შემეძლო, გავაკეთე, სულ ყურში მედგა გიოს სიტყვები: `აღარ შემიძლია, რომ გადავუხადო.~ მე გადავუხადე, მე კმაყოფილი ვარ... დავმშვიდდი... ნამცხვარსაც ავიღებ, კატლეტსაც, დავლევ კიდეც, ახალი წყალია, ცივია, ო, პაპიროსსაც სიამოვნებით მოვწევ, რა თამბაქოა... დუკატი... ასე... ვმშვიდდები მთლიანად. /აბოლებს/ ახლა შემეძლება კიდეც გიო ვიგლოვო, ძველი ამბებიც მოვიგონო მასთან გატარებული დროიდან, როგორც ახლა ვიგონებდი... მართლა, ვინ იცის, როგორი მოუვლელია მისი საფლავი. ჩემი ბიჭი... დასაფლავების შემდეგ აღარ ვყოფილვარ იქ. დავიფიცე, სანამ მისი მკვლელი ცოცხალი იყო, იქ არ მივსულიყავი, ახლა წავალ..., ხვალ, ალბათ, მიუსჯიან. სამი დღის შემდეგ მორჩება ყველაფერი, მაშინ ... /ეწევა/
ცირა: მაშინ რა იქნება?
მარინა: არაფერი, იმ ბიჭს დახვრეტენ, აღარ იქნება არაფერი, დარდის მეტი.
როგორ დახვრეტენ, იცი? არა! არ იცი! მე გავიგე: გაიყვანენ ჩუმად სამი დღე სიკვდილის მოლოდინში ყოფნის შემდეგ, და ქქ! დაახლიან კეფაში, ნელა დახუჭავს დაუხამხამებლად მწვანე თვალებს, ნეტა შემეძლოს, რომ ვუყურო, ღმერთო ჩემო, რას ვამბობ, ჰო, ნეტა შემეძლოს! ხომ ხედავ, ხედავ? მე გიჟი ვარ, სისხლისმსმელი და ეს მსიამოვნებს, გესმის?! გესმის შენ ჩემი?! თქვი რამე, თქვი.
ცირა: მართლა უყვარდი იმ ბიჭს?
მარინა: არა, ჰო, არა, ჰო, არ ვიცი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, არა, არა... არ ვიცი. მე ვიცი, რომ მარტო გიო არ იქნება მკვდარი, იქ, მარტოკა, სიცივეში, თქვი, თქვი, ცირა, ხო კარგი ვქენი, ხო გათბება გიო, ისიც რომ ჩავა იქ, ხომ ვარ ღირსი, რომ გიოს ვყვარებოდი, რომ მე მყვარებოდა, თქვი, ცირა, ჰა?
ცირა: ღმერთო ჩემო, მეშინია შენ რომ გიყურებ, ნუთუ შენ ტყუილი თქვი, ტყუილად უნდა დახვრიტონ კაცი, ვისაც არც კი იცნობდი.
მარინა: არ ვიცნობდი? იმან მოკლა გიო, რატომ _ ჩემთვის სულ ერთია, არც ვიცი, არც მინდა ვიცოდე, იმან დამტოვა მე ასე, ნახევრად გიჟი, ტყუილად დახვრეტენ? ტყუილად? ჰა, ჰა, განა ეს ტყუილადაა!
ცირა: მარინა, ნუთუ ეს შენა ხარ, მეშინია რომ გიყურებ, და ყველაფერი ეს შენ გააკეთე, შენ, რომელიც სულ ორი წუთის წინ ასეთი ნაზი, კარგი იყავი. მე ვიცი არ არის ის ხალხი მართალი, ვინც ამბობს შენზე: `მარინა უგულო გოგოაო~, თუმცა, იმ ბიჭის დახვრეტა ძალიან სიამოვნებთ, ხო არა ხარ შენ უგულო? მითხარი, ჩემო კეთილო, ხომ არ არის ეგ სწორი.
მარინა: სწორია.
ცირა: ტყუიხარ, მარინა, შენ კარგი გოგო ხარ, უბრალოდ, არ გესმის რას აკეთებ, შენ არ იცი რა არის სიკვდილის მოლოდინი _ ათასჯერ უარესია, ვიდრე თვითონ სიკვდილი.
მარინა: შენი სიტყვებიდან უფრო კარგად ვგრძნობ, რომ ისე მოვიქეცი, როგორც საჭირო იყო.
ცირა: დამიგდე ყური, ნუღარ იტყვი ნურაფერს, მარინა, შენ ეგ არ იცი, მე კი ვიცი. აქ, ამ ლოგინში, ბევრ ისეთ რამეს ვგრძნობ, რაც თქვენ არ იცით, ის არ გხვდებათ ყოველდღე ქუჩაში, სადაც შეიძლება, თუნდაც ბევრი ხალხის დანახვით, გული გადააყოლო დარდს. აქ კი სიმარტოვეა, ყველაზე ცხელ დღეებშიც კი მცივა და მეშინია. არ გეგონოს თავს გაცოდებდე, მაგრამ მინდა მომისმინო: შარშანწინ შემოდგომაზე, ჯერ შენ კიდევ ზღვაზე იყავი, გავცივდი ორპირ ქარში, ჩემთვის კი გაციებაც აკრძალულია, ამდენი წოლით დასუსტებული ორგანიზმი ვერ უძლებს, გამირთულდა, გადამივიდა ფილტვებზე, ყურებზე. მოიწვიეს კონსილიუმი, მე უგრძნობლად ვიყავი _ ახლაც არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა უთხრა ექიმმა ბიძაჩემს _ სამ დღეს თუ იცოცხლა, დიდი რამ არისო და წარმოიდგინე მთელი სამი დღე, იმ სიტყვების გავლენით, უფრო შიშით რომ მოვკვდებოდი, გონებაზე ვიყავი. არავინ არ დატანჯულა, ალბათ, ისე, როგორც მე მაშინ. სიკვდილის შეგრძნებამ, თან წინასწარ რომ იცი კიდეც _ არაჩვეულებრივი სიცოცხლის ძალა მომცა, ისე არასოდეს არ მომდომებია, თუნდაც ასე, როგორც ახლა ვარ, ნახევრად მკვდარს მეყურებინა ცარიელა კედლებისთვის, როგორც მაშინ. მარინა, ყველაფერი ეს მართლა იყო, მით უმეტეს რომ ჩემისთანა ავადმყოფისთვის, რომელიც მიწაზე ცალი ფეხითაც კი არა დგას, სიკვდილი არ უნდა იყოს ძნელი. ო! ამ შეგრძნებას ყველანაირი უცებ სიკვდილი სჯობია. შენ არ იცი ეს, მარინა, თორემ არ შეიძლება შენისთანა მგრძნობიარე გოგო ვერ ხედავდეს, არ იცი შენ, დამიჯერე, გამიგონე, რას შვრები არ გესმის, ღმერთო ჩემო, მარინა! მოდი გონზე, გთხოვ, მარინა, თქვი მაინც, ხომ არა ხარ შენ ასეთი?
მარინა: მე მამტყუნებთ, შენც მამტყუნებ, ცირა? მე არ ვიცი რა არის სიკვდილის ლოდინი? შენ, შენ კი იცი რა არის სიყვარული, რა განვიცადე მე ამ ოთხ თვეში, რა იყო ჩემთვის გიო, თქვი, იცი, რა არის ბიჭის სიყვარული, რა იყო გიო, ჰა? მითხარი, თქვი, თქვი, გესმის? იცი?! იცი?! რა არის სიყვარული, ოჰ ღმერთო ჩემო...
ცირა: /ტირის ქვითინით/
მარინა: /უცებ ეშვება, ცირას შორდება, თავისთვის/ ღმერთო ჩემო, ეს როგორა ვთქვი, როგორ ვაწყენინე ცირას, ოო, მართლა რა ბოროტი გავხდი, საწყალი გოგო, /მიდის მასთან/ ნუ, ჩემო კარგო, ნუ, ნუ, მე არა, სულ სხვა ვიფიქრე. /არ ტირის, ოღონდ ისე ჩამოსდის ცრემლები/
ცირა: /ქვითინით/: მესმის, ახლა მესმის, მარინა, შენი. როგორ შემეძლო გამტყუნება. ო, რა დამნაშავე ვარ. არ არის შენი ბრალი, ეგ არის, ალბათ, სიყვარული. ახლა მესმის. შე საწყალო, მოდი აქ, /კოცნის/ ჰო, ჰო არ არის შენი ბრალი, აღარ, აღარ მესმის მეც არაფერი, შე საწყალო /ტირის, მარინა კოცნის/.
დათო: მარინა! მარინა! უთხარი, რა, ცირას, ნუ ტირის, მოდით, მეთამაშეთ ქვები, კარგი?!
ნანა: მეც მინდა თამაში, მომწყინდა, გვეთამაშეთ, შენ და ცირა, მე და დათო. მე გავითვლი: მარინა კარგი გოგოა, ა- ა-ა, კარგი გო-გო-ა /გათვლა ხვდება დათოზე/. შენ კარგი გოგო ხარ?
მარინა: დათო კარგი ბიჭია /ოდნავ იღიმება, ცირაც იღიმებასავით/. კარგი, ვითამაშოთ, მოდით აქ, ცირას ლოგინთან.
ცირა: ოოჰ, /იწმენდს ცრემლებს, ამოისუნთქავს, უყურებს მარინას, რომელიც ნერვიულად დაწყნარებულია/.
ცირა: ვითამაშოთ. რამდენი ხანია არ მითამაშია.
/თამაშობენ/
დათო: მე კინოს ვნახავ ამ ტელ----ამ ყუთში, მე და შენ ხო ვნახეთ, გახსოვს, ცირა?
ცირა: მართლა, მოაბრუნე, დათო, აქეთ. ასე, ახლა ჩართე. შენ ჩართე, მარინა, აგერ შტეპსელი. ასე, ჯერ გახურდეს, მარჯვნივ არის ფოკუსი, შუაში ხმაა, აქეთ სიმკრთალე-სიბაცის დასაყენებელი. ასე დააყენე. სწორედ დროა. ყოჩაღ, დათო, რომ მოგაგონდა, მათხოვარსაც დავუძახოთ, ესიამოვნება.
დათო: ძია, ძია, /დათო გარბის გარეთ, უძახის/ ძია, ძია, კინო იწყება!
/ნელა ეშვება თეთრი ფარდა, მათხოვარი მიგორავს ფარდის წინ _ ლაპარაკობს, სანამ ფარდა ბოლომდე დაეშვება/
მათხოვარი:
უყურეთ, უყურეთ, ტელევიზორში დღეს ნახავთ გადმოცემას ციკლიდან `მეზღვაურები პორტში~. მეც შეიძლება კარგი ფული გავაკეთო. /ხალხს თვალს უკრავს, გამოდის ფარდის წინ/
ფარდა სულ ეშვება. ის თეთრია, კაშკაშა. უკრავენ ბლუზს. ფარდის ერთ კუთხეში ხატია, ორი უზარმაზარი გემის ცხვირი, მეორეში _ ყვითელი მზე და პალმა, შავი შტრიხებით. ფარდის ზედა ნაწილში ეცემა რამდენიმე ჩრდილი, ისინი ქანაობენ _ ჩამომხრჩვალ ადამიანებს ჰგვანან. იწყება გაცხოველებული მოძრაობა, ბლუზი გადადის ურაჯაზში. ქალები რაც შეიძლება ღია კაბებით, კაცები მოკლე შარვლებით, მეზღვაურები ტელნიაშკებით ან ფორმით, გენერალ-ადმირალი ცოლით და ბავშვებით. იქით ვიღაცეები არშიყობენ. ორი ბიჭი გოგოს აწვალებს, ჯაზი უფრო ხურდება, ჩვენი მათხოვარი ზის წინ და აუარებელ ფულს აგროვებს; მოაგორებენ მოძრავ დუქანს. სვამენ არაყს, ლუდს, იფურთხებიან, ყრიან თევზის ნაფრცქვენებს, მუსიკოსები სცენაზევე არიან: საყვირი _ ტიტველა ტანზე შავი კოსტუმით და წითელი დიდი ყელსახვევით, აკორდეონი _ ტილნიაშკით, ჩელო _ ფრაკით და თეთრი პერანგით, შავი ბაბთით, ბარაბანი _ სულ შიშველი წელზევით, ბანჯგვლიანი. ჯერ შემოდის თემო, მერე გურამი _ ორივენი ზორბები არიან და სხვებისგან ირჩევიან, გურამს ჩაბრედილი ტელნიაშკა აცვია, თემოს _ ოფიცრის დახეული ტუჟურკა, უპაგონებოდ.
თემო: ოხმე, ძლივს არ დავდგი ფეხი ამ წყეულზე.
გურამი: გადავეჩვიე კიდეც მიწაზე სიარულს.
თემო: აბა რა იქნება, საუკუნეა წყალში ვართ.
გურამი: კარგია, მაინც ნუგეშია, წყალში ხარ და ხმელეთზე გელოდება ვინმე – ისეთი, შენი ირინკა როა.
თემო: შენ რა იცი ჩემი ირინკა.
გურამი: კაიუტაში მეტს რას ვუყურებ, ზოგჯერ ღამეც კი კოცნი იმის სურათს.
თემო: მერე იქნება სიცოცხლეში არ ვარგა, რა იცი...
გურამი: კიდევ, წერილებს ვკითხულობდი, შენ არ მაკითხებდი? მახსოვს კიდეც ზეპირად, გითხრა?
თემო: /ნასიამოვნები იჩეჩავს მხრებს/ თქვი, რა, /ვიღაცეები არაყს აწვდიან. სვამენ. კიდევ სვამენ/
გურამი: ზღვაში გასულების სადღეგრძელო იყოს, კიდე იმათი, ვინც ხმელეთზე გელოდება და გწერს წერილს, `ჩემო თემო, დიდხანს, დიდხანს გრძელდება ეს, მაგრამ სიკვდილამდე რომ იყოს, მაინც დაგიცდი, ასეთია ჩემი გული, სულ ბედნიერი იყავი, ჩემზე ნუ იდარდებ~, ჰა? რა მხრებს იჩეჩავ, ვითომ არ გახსოვს, ხო ვიცი გსიამოვნებს როცა გიქებენ და იმაზე გელაპარაკებიან, ვითომ არ ვიცოდე შენი ხასიათი. კარგი გოგოა, ძმაო, კარგი, ეგეთი გოგო ახლა იშვიათია, ამათ კი არ ჰგავს.
/აქეთ-იქით ქალები დადიან გამომწვევად/
გურამი: მოიცა, ლამაზო, ლამაზო.
ლამაზი: რა, ჩემო მეზღვაურო?
/ხელს უსვამს ნიკაპზე/
გურამი: არაფერი, გაიარე.
თემო: რატო ეგრე, ჯერ უძახი, მერე აგდებ.
გურამი: შენ რა, შენისთანა გოგო რო მყავდეს, მორჩა, არც გავეკარებოდი. ახლაც უცებ აღარ მომინდა ეგ კახპა. წამო, კიდე დავლიოთ, მაგათ მერეც ვნახავთ.
/დუქანთან მთვრალი მეზღვაურები კინკლაობენ, ერთს მიათრევენ იქით, ქალები მკერდგადმოგდებულები უყურებენ შუხურს, მერე ერთი შუაში იწყებს ცეკვას. როკ-ენდ-როლ. რიტმი გიჟდება. აქეთ გურამი და თემო სვამენ, თვრებიან, მოძრაობები უდუნდებათ, დაწითლებული თვალებით უყურებენ ვნებიან ცეკვას _ გურამი ზურგით დგას. ერთს ჩქმეტს, ის შეხტება, იცინის, ხელს ჰკიდებს თემოს, უნდა ცეკვაში შეითრიოს/
თემო: წამო, ბიჭო, რა ქალებია, ხედავ? თითო სიცოცხლედ ღირს.
ქალები: აქეთ, მეზღვაურებო, ჩვენთან. /გურამს/ ლამაზო, რა ზურგი შეგვაქციე.
თემო: წავყვეთ, წამო.
გურამი: არა, არ მინდა.
თემო: /ექაჩება/ წამო.
გურამი: არ მინდა. მე მინდა... /იქნევს ხელს/ შენ რა გიჭირს, მე კი არ მინდა, გითხარი. არც შენ გინდა_
გეუბნები. /ცეკვა უკან იწევს, ბაცდებასავით, ცოტა ბნელდება, კარგად ჩანან ლამფის ქვეშ გურამი და თემო./
თემო: მა რა გინდა?
გურამი: ისეთი გოგო, სიყვარული.
თემო: მართლა, რატომ მითხარი ირინკაზე კარგი გოგოაო.
გურამი: კარგია და იმიტომ.
თემო: /იწევს/ მერე შენ რა! ჰა?!
გურამი: მე? არაფერი.
თემო: ის ჩემია, ხო იცი.
/გურამი ხელს ჰკიდებს და მიათრევს/
გურამი: წამოდი, რაღაცას გეტყვი.
/მიდიან. ეშვება ახალი ფარდა, განათებული მთვარის შუქით. თეთრ ტილოზე, ზღვის მაგიერ, ორი სწორი ლურჯი ხაზია _ არის უდაბური ზღვის ნაპირი, უპალმოდ/
აი, აქ მარტო ვართ.
თემო: მერე?!
გურამი: არაფერი. წავალთ.
თემო: თქვი რა გინდოდა. მართლა, რატო თქვი ირინკა კარგი გოგოაო, ჰა?
გურამი: ვიტყვი.
თემო: თქვი.
გურამი: მეც მიყვარს.
თემო: რა თქვი?!
გურამი: /ყვირის/ მიყვარს! მიყვარს! მიყვარს! ჰა, /უშვერს სახეს/ მირტყი, მირტყი!
/თემო ურტყამს, კიდევ ურტყამს/
გურამი: უფრო მაგრა გამარტყი! მიყვარს ძმაკაცის შეყვარებული, მიყვარს ირინკა; ასე, უფრო მაგრად, მომკალით, მიყვარს, ვინც შენ, ის. მირტყი, მირტყი, ხა, ხა, ხა, ჰა. /უსტვენს ოთხი თითით/
/თემო სულ ურტყამს, თეთრ ფონზე ჩრდილები ჩანს, გურამი ხან დაეცემა, ისევ დგება, ისევ ეცემა. თემო წიხლს ურტყამს წაქცეულს, ზედ ეცემა და ტირის ხმამაღლა/.
თემო: რა მიყავი, რა, ბიჭო, უჰ, შენი, რატომ მაცემინე თავი, შემომიბრუნე ხელი, აჰა, მიიღე /კიდევ ურტყამს, კიდე ტირის/ შემომიბრუნე ხელი, თორემ მოგკლავ, გესმის, მიშველეთ, ვკლავ... /სწვდება ყელში. გურამი გდია, ხრიალებს/ გურამ, ბიჭო, გამარტყი შენც, ნუ მახრჩობინებ თავს, ნუ მაცემინე თავი, იქნებ მომერიო კიდეც, ბიჭო, მირტყი შენც. არა?! მიიღე კიდე. /ყელში ხელს უშვებს, ურტყამს სილას/
გურამი: /ხრიალით/ კიდე გამარტყი.
თემო: /ეცემა ზედ ისევ და კოცნის გიჟივით/
არა! მორჩა, მორჩა, მორჩა, რისთვის? გიყვარდეს შენც, არ გიშლი, რატო გცემე? /ირტყამს სახეში/
გიყვარდეს, გიყვარდეს, ეს რა ვქენი, ბიჭო, ადექი, გურამ, თქვი რამე, მითხარი, არ შეიძლება ორივეს გვიყვარდეს! ჰა? /ტირის/
გურამი: /ხრიალით, მწარედ/არა, არ შეიძლება, გაიგე.
თემო: მაინც გვიყვარდეს ორივეს, კიდე რამდენი დრო გვაქვს ზღვაში სამყოფი, მანამ ვინ იცის, /თვითონ ირტყამს სახეში, ოღონდ მისუსტებულია/ გვიყვარდეს ორივეს, ხო, გურამ. /კოცნის/
/უყურებს დაშტერებით გურამის დასისხლიანებულ სახეს, აყენებს, ორივენი მიდიან ზღვის ნაპირის გასწვრივ, ტალღები ცოტათი ხმაურობენ, გრძელი სილუეტები მიჰყვებიან ჰორიზონტს/
თემო: /უცებ ბრუნდება და ისტერიულად ხარხარებს/ ხა, ხა... უუჰა... შენ ხო ის არც გინახავს /უნჯღრევს მხრებს/.
გურამი: /ყრუდ და ჩახრეწილად/ მერე რა, სურათიდან, წერილიდან. ის ერთადერთია, ვისაც ვიცნობ ნაპირზე, იმასაც სურათით, მიყვარს, რა ვქნა! არა, გაიგებ, რატო, იცი? არა! გეტყვი: შენ რომ გიყვარს იმიტომ – მორჩა.
თემო: მორჩება სამსახური, ერთად წავალთ იქ, მანამ გვიყვარდეს ორივეს, მერეც...
გურამი: ორივესი ხომ არ იქნება მაინც, მირტყი კიდე, დამახრჩე /ამბობს უკვე სუსტად, უდილიხოროდ კოცნის, ხელს ხვევს, მიდიან/.
/ზღვა, თავისი ორი ლურჯი ზოლით, მაღლა ადის/
/საღამო ხანია, სასამართლოდან მოდის მარინა, დათოს ვიღაც პატარა ბიჭი მოსდევს ჯოხით, აწვალებს/
დათო: მარინა! მარინა!
მარინა: /მკაცრად უყურებს პატარას, ის შეშმუშნული იმალება/
დათო: მცემდა, იცი?! მოვუგე და იმიტომ. დღეს აღარ ვუყუროთ კინოს, კიდე მეზღვაურები იქნებიან, როგორ სცემა, არა, იმან? მოხვალ შენ?
მარინა: არა.
დათო: მე მოვალ შენთან, ვითამაშოთ კიდე, აი, კენჭები, გუშინ ხომ მოგიგეთ, მე კარგად ვთამაშობ, ყველას ვუგებ, იცი? იმიტომ მცემენ მერე, ეგეც იმიტომ მომდევდა, შენ კი არა მცემ, გეთამაშები, მერე კინოს ვუყუროთ, კარგი, მარინა?
მარინა: /დათოს არ უყურებს/ დღეს, არა. /შედის თავის ოთახში, უფრო ღამდება, ჯდება თხელმაღალფეხება სკამზე _ გაფითრებულია. დათო მის კედელთან დგას; შუკის სიღრმიდან ნელი, მოტეხილი ნაბიჯებით მოდის მკვლელის დედა, თმები გაშლილი აქვს, თავშალი ხელში უჭირავს, უცნაურად იღიმება _ ჭკუაზეა შემცდარი/
დედა: რა მყუდრო ქუჩაა, რა კარგია აქ სეირნობა, თანაც დღეს გრილი საღამოა, გუშინ კი ცხელოდა, ოი, რამდენი ოფლი მქონდა, ნეტა, რა ჰქვია ამ ქუჩას. /მიდის ბოძთან, კითხულობს. მარინა გაქვავებულივით დგება ფეხზე, იქით კუთხეში ეყუდება კედელს, ჩანს პროფილში, ღია თვალებით უყურებს ტიხარს, რომლის უკანაც დედა ლაპარაკობს, თმები დავარცხნილი აქვს, ჩოლკით. გულამოჭრილი უსახელო კაბის შიგნით აცვია ბიჭის პერანგი, დამდგარი საყელოთი და დიდი შავი სახელოების შესაკრავით/ შუ-კა, ოჰო, მშვენიერი სახელია, ქუჩას ეძახიან შუკას _ ქუჩის შუკა. რა სიმყუდროვეა, არც წავალ იქით, თავი ამატკია მანქანების ხმაურმა, ახლაც მტკივა, აი, აქ, კეფაზე, თითქოს მიჭერენ. არა, მომიშვა, დავისვენე ძლივს. ოოჰ, ისევა მტაცა, მაგრამ მაინც ადვილია, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს გრილა _ რა მითხარით? /ყურზე იდებს ხელს, გარშემო ვერაფერს ვერ ამჩნევს, დათო ისე დგას, რომ ის ვერ ხედავს/ _ მოვიდე? სად? მანდ? კარგით, ოღონდ გზა რომ არ ვიცი. ასე? ღმერთო დიდებულო, რა კეთილი ხალხია, და ნამდვილად მაჩვენებთ ჩემ ბიჭს? კმარა, ვხედავ, ოოო, რა პატარაა, აი, აქედანაც ძლივსა ჩანს, არა, მანდ ვერ მოვალ, ჯერ არ გაზრდილა, მეშინია ხერხემალი არ ვატკინო, ეს იმიტომ, რომ ძუძუ დამიშრა, რძეც აღარა მაქვს, საწყალი ბიჭუნა, როგორ არა ჰგავს ჩემს შვილს, თან ვიცი, რომ ის არის, ახლავე, გენაცვალოს დედა, ახლავე მოგიტან რძეს, აი, ხელის გულით. მოიცა, ნუ მოძრაობ, ერთი წამით, აი, ასე. /იღებს ძუძუს, იწურავს ხელის გულზე/ აჰა, რძეც გავაჩინე, ოთახში მოგაწოდო? აღარ გინდა? ნუთუ ასე უცებ გაიზარდე, რამოდენა ხარ უკვე, ოღონდ ხომ გეუბნები, ეგ ჩანთა ნუ გაქვს ეგრე მხარზე გადაკიდებული, დაიჭირე ხელში, როგორც წესიერ ბიჭს შეეფერება, ასე კი მარტო ქუჩის ბიჭებმა იციან გადაკიდება. ახლა წადი, დაგაგვიანდება. მოიცა, ეგ სისხლი რაღაა, იჩხუბე? ძალიან გცემეს? მართალი თქვი, ხომ არ მოგკლეს, არა? ვიცი, ვიცი. ჩუმად დაიბანე პირი, მამამ არ გნახოს, და მეორედ აღარ გაბედო. არა გრცხვენია? აი, დეიდა იულაც გიყურებს, შენ კი უხეშობ, ყველას ცუდი ჰგონიხარ, მარტო მე, მე ვიცი, არა ხარ ცუდი, ნაზი და კარგი ბიჭიკო ხარ. ისევ მისდევ კატას, რა დაგიშავა, მოუკვდი დედას! დედას მოუკვდი?! ეგ სიტყვა აღარა თქვა მეორედ, აბა, შენ თითონ თქვი, რა სიტყვაა სიკვდილი, იმიტომ ბრაზობენ შენზე სკოლაშიც, მე კი ვიცი, შენ არა ხარ ცუდი, ყველას ჰგონია, რომ კატებს დასდევ და კლავ. წასვლა მოგინდა? უეჭველად, თანაც? კარგი, მე უარს არ გეტყვი, არ მინდა გაწყენინო, ოღონდ ჯერ მოდი აქ, დაივარცხნე თმა, ასე უკან, სულ უკან, ნუ ურჩობ, რა არის, ერთ საათში მოდი, იცოდე; ოოჰ, როგორ მირბის, რა გაუგონარია, თმა კი მაინც არ დაივარცხნა გვერდებზე; წავიდა...ჩუუუ... არ გაიგონოს, საშინლად არ უყვარს, როცა იმაზე ლაპარაკობენ, განსაკუთრებით როცა აქებენ, მე კი მეპატიება, დედა ვარ, თან ისე მინდა მოვყვე რამე ჩემ ბიჭზე, ჩუუ, ოღონდ იმან არ გაიგონოს, მისმინეთ!
შარშან სოფელში, ო, ეგ წელი არ დამავიწყდება,
როგორ გრილოდა, ჩვენ სახლი გვქონდა მაღალ
გორაზე,
დიდი, გაშლილი მუხების ქვევით,
იქ, ცივ წყაროში, სულ ყოველ დილით
ჩემი ბიჭუნა ტანს იზელავდა,
მერე მირბოდა სათამაშოდ,
ბიძამისმა რომ გაუკეთა იმ მშვილდისარით.
ესროდა ჩიტებს და ხმლით დასდევდა დიდკუდა
კატებს,
მე სულ ვბრაზობდი, სხვებიც ჯავრობდნენ,
მაინც მიყვარდა,
მეპატიება, არა?
მე ხომ დედა ვარ და კარგად ვიცნობ.
ერთხელ მდინარის პირას ვიჯექი,
ადიდებული და ამღვრეული მოდიოდა მაღლა
მთებიდან,
დიდი და შავი ღრუბლის ლაქები გადადიოდნენ
წყალზე ზევიდან,
ის იყო წვიმამ წამოიწყო,
ცოტა შემცივდა,
გვერდიდან უცებ გავიგონე რაღაც ხრიალი,
ბუჩქთან, ჩემს უკან, ვიღაცა გლეხი
ურემს ტვირთავდა მრგვალი რიყის ქვით.
ახლაც არ ვიცი, რა დაუშავა
თვალდახუჭულმა პატარა ფისომ,
რომელიც იქვე მზეზე თბებოდა,
მან ხელი სტაცა,
შიგ შუა მორევში გადაისროლა,
ცრემლით გამევსო მაშინ თვალები,
ის გაიჯგიმა, გაიცინა _ უგნური გლეხი
თავს იწონებდა, ეტყობოდა, თავისი ქცევით.
ო! ღმერთო ჩემო, ნუ გამახსენებ,
ჩემი ბიჭუნა სულ ამოსვრილი,
მხარზე მშვილდისრით
გადმოხტა ტყიდან, წყალში შევარდა,
ერთი შევკივლე, მისი ყურება მე არ შემეძლო,
ოჰ, რა სუსტი ვარ, რომ ვერ ვუშველე,
როცა გონს მოველ, ჩემ წინ, ფერდაზე,
ეგდო ის კნუტი,
ჩემი ბიჭუნა კი ისევ მარტო მიხტოდა ტყისკენ
სულ გაწუწული,
მერე წავედით...
ჰო, რას ვყვებოდი... წავედი, ოჰ, თავი, ღმერთო, მომაგონე, სად გავჩერდი, აქ, ამ ადგილას მახსოვს, ჰო, ის აქ ცხოვრობს, აქ გადმოსახლდა ახლა, მგონი, თან როგორ გაიზარდა?! მართლა! რომ იცოდეთ, გუშინ რა მოგვივიდა, რა კარგი იყო, ახლა კი იშვიათია კარგი ადამიანის ნახვა, გუშინ, სწორედ ბედზე, სულ ყველა კეთილი ხალხი ვნახე, რამდენი კარგი თქვეს ჩემ ბიჭუნაზე, ტაშიც კი დაუკრეს, რა მადლობელი ვარ იმათი. ეს რას გავს, სად დაიკარგა ამდენი ხანი, მე ხომ მახსოვს, რომ ბოლოს აქ ცხოვრობდა, აქ მქონდა მეც სადღაც საქმე, არა, სახლში ვერ წავალ, აქ მოვა ის, ასე შემპირდა, გუშინ, როცა მარტოკა იჯდა, იქით კი ორი კაცი ედგა თოფებით, მერე მელოტმა მოსამართლემ თქვა, რომ დახვრეტენ და ყველამ ტაში დაუკრა _ რა კარგია დახვრეტა, არა?! ამდენი ხალხი ჩემ ბიჭს უკრავდა ტაშს, მახსოვს, სიხარულით ვიკივლე, ვიტირე, გონიც კი დავკარგე და მერე ცოტა ამტკივდა თავი, ოოჰ, ახლაც მტკივა. ნეტა, არ გაივლის? ჯობია ჩამოვჯდე, იქნებ წავთვლიმო კიდეც და გაიაროს. გისმენთ! თქვენ ვინა ხართ? /მათხოვარს/ ახლავე გიცხადებთ, ფული არა მაქვს, არც სხვისი მინდა რამე, მე ისე, ცოტა ხნით აქ ჩამოვჯდები, ჩემი ბიჭუნა თუ მოვიდეს, უთხარით რომ ვუცდი...
ასე... /ჯდება, თვლემს, მარინაც ჯდება თავის სკამზე/
/მათხოვარი სინათლისკენ ინაცვლებს, ბოძის ქვეშ. დედის სიტყვებთან ერთად ნელ-ნელა ღამდება და ბოლოს ინთება ნათურა, ბაცად ანათებს სცენას, მათხოვარი თავისი ადგილიდან ლაპარაკობს/
მათხოვარი: საწყალი ქალი,
დღეს-ხვალ შვილს კარგავს,
გადასცდა ჭკუას დიდი დარდისგან.
მე მისი მესმის,
მაგრამ ჩვენს დათოს რა მოუვიდა,
ისიც დარდობდა?
_ ნეტავი ჰქონდეს მაგისი თავი,
ახლა ერთობა სადმე, თავისთვის,
დედა კი, ალბათ, უშლის თბილ ლოგინს.
უკვე დაღამდა,
წავალ,
მოვძებნი სადმე პოდიეზდს დასაძინებლად.
_ ძილი ნებისა, უბედურებო.
_ ღამე მშვიდობის ძილი მისურვეთ, სამაგიეროდ.
მივალ,
თავს მივდებ სადმე კიბეზე,
თქვენ კი იფხიზლეთ, ხმებს მოუსმინეთ,
სიზმრები ნახეთ.
/გამოდის ცოტა წინ და სიღრმეში, ლაპარაკობს ყრუდ/
აი, ვინ არის უბედური /იდებს გულზე ხელს/,
გიჟსაც აქვს ბინა,
ქურდსაც, ავაზაკს ციხეში მაინც,
ოჰ, დიდო ღმერთო, რა დაგიშავე,
რატომ არ მომკალ იქ, ჩემ სოფელთან,
სადაც დავკარგე ორივე ფეხი, სმენა, ხელები,
ჩემი კაცობა,
სადაც დავკარგე სირცხვილის გრძნობა...
მაგრამ რას ვიზამ, ეს არის ბედი,
ალბათ, უბედურთ
და მე ნუგეშად ისიც მეყოფა:
რაც გინდა იყოს,
ცუდი ცოცხალი სჯობია კარგ მკვდარს.
/ნელა უკან-უკან მიგორავს, მარინა თავის ოთახში დადის, ხან გაჩერდება და მაღლა იყურება, უცებ ტრიალდება, ისმის ხმები: ერთი, ორი ან რამდენიმე ლაპარაკობენ/
ხმები /აქეთ-იქიდან/:
მარინა! მარინა! მარინა!
შენ კიდე სახლში ხარ. წადი საფლავზე, იქ ბუჩქები ამოვიდა გიოსთან, ვეღარც კი იცნობ იმ ადგილს, იმის გვერდზე, წინ, უკან, ახალი უცხო საფლავებია, კიდე ემატება, წადი ჩქარა, თორემ დაიკარგები, ვეღარ იპოვი, ერთი დღე და ზედ დაასაფლავებენ ვინმეს, მერე აღარ გექნება ადგილი, სადაც უნდა იტირო, იჯდე, რას უნდა მოუარო? დარჩები მარტო, დარჩები უსაფლავოდ, კიდე დგახარ?
რა მოგივიდა, არ შეგიძლია წასვლა? ნუთუ ასე იმოქმედა იმ ბიჭის დახვრეტამ, თუმცა რა იცი, ჯერ ორი დღეა, შეიძლება არც დახვრიტონ, შეიძლება იცოცხლოს.
მარინა! მარინა! მარინა!
გამოფხიზლდი, ნუთუ გინდა რომ იცოცხლოს, აა? თუ გეშინია, რომ გაიქცეს და აღარ მოკლან _ არა! უეჭველად დახვრეტენ, ის ახლა სულ მარტოა სიკვდილმისჯილების საკანში, სქელი, დაგრეხილი რკინებით ჩაწნული კარების უკან, უზარმაზარი რკინისავე ურდულით და ბოქლომით ჩაკეტილში.
ხმა: იქ ცივა, სიჩუმეა, ყინავს.
ხმები: /ბოროტად ხრიალებენ/ ნუ გვაწყვეტინებ, ჩვენ უკეთ ვიცით, იქ თაგვებიც კი არ დარბიან, ის წევს გულაღმა, ქვევით სუფთად დაგვილი მიწის იატაკია... მწვანე თვალები ღია აქვს, ანათებენ, არ ტირიან, არც უნდათ, რომ მოინანიონ ცოდვა. შენ რა გაწუხებს, უკეთესი, იქაც ეწამება წასავალში. ითვლის წუთებს, ერთი... ორი... სამი... სულ პატარა ხმასაც კი ეპოტინება, აი, გაიჩხაკუნა სადღაც, ნუთუ დრო მოვიდა – ოო, როგორ ელის, რომ აპატიებენ, თუ არც უნდა პატიება? თვალებს ხუჭავს, მოუჭირა გუგები ერთმანეთს, ტყუილად, იქ ცრემლები არ არიან... ჰა, ჰა, ჰა, ჰა, შეეშინდა, ტირილი მოუნდა, შეეშინდა, ვაითუ დახვრიტონ, გიკვირს?! არა, მაინც ეჭვი ეპარება, სანამ ცოცხალია, არ შეუძლია თავი მკვდრად წარმოიდგინოს... ისევ ნაბიჯები, მერე ტრიალდება გასაღები, ხრიალით ხსნიან მძიმე ბოქლომს, იღება კარები.
ოო, რამდენი ძალა უნდა, რომ არ შეიმჩნიოს, არ წამოხტეს, არ იყვიროს, თუ თავი აღარა აქვს არაფრის; ის წევს, ეს მხოლოდ ექიმია, შედის, უხმოდ სინჯავს. აბა, რა გეგონა, განა შეიძლება ავადმყოფის დახვრეტა, როცა კარგად აღარ ესმის რას უშვრებიან _ ჯანმრთელია, მიდის ექიმი _ ხვალ ისევ მოვა, ხომ შეიძლება ერთ დღეში გაცივდეს, ადამიანს სულ წამი ჰყოფნის, მაშინ წამლებს მოუტანენ, ან საავადმყოფოში გადაიყვანენ სიკვდილამდე, შენ კი გეგონა შური იძიე, ხედავ, როგორ უვლიან!
მარინა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ვქნა, მირჩიე.
ხმა: წადი საფლავზე, ღამე კარგია იქ, ახლა გიოს სულიც ამოსული იქნება მაღლა, ის კმაყოფილია, გელის, ხედავ?! როგორ მოდის შენკენ, ფეხსაც კი არ აკარებს მიწას, ნუ, მარინა, თვალებში არ შეხედო, ოჰ, რა უმადურია მკვდარი ადამიანიც კი, შენ ამდენი იწვალე, რა არ ქენი მისთვის, ის კი როგორ გიყურებს, მიდი, აკოცე, ო, უმადურო ლანდო, ბრუნდები იქით? არ იღებ შენ სიყვარულს, ახლა აღარ გინდა. რა, სულო, მარტო გირჩევნია მანდ ყოფნა? ჩვენ აღშფოთებულები ვართ, ხმები. ო, უმადურებო.
ხმები ერთად: წადი, წადი საფლავზე, არ მიდიხარ? კიდე დგახარ გაქვავებული, ოოჰ, მაგის ნუ გეშინია, ეგ გიჟი ქალია; დედაა? მერე რა, რომ დედაა, გიჟი გიჟია.
ხმა: გიჟი დედაც _ დედაა.
ხმები: მაგას ყურს ნუ უგდებ, ხომ ხედავ, არც კი ესმის ჩვენი, ზის და იყურება მაღლა, მაგან წეღანვე გაიღვიძა, ჰგონია, აქ მოვა მისი შვილი, ხე, ხე, ხე, ხომ გითხარით, არ არის ჭკუაზე, ან აქ რა უნდა, გზა აერია და მოვიდა, გადი ფეხაკრეფით, ვერც კი გიცნობს, რას უცდი, წადი ჩქარა, თორემ გათენდება და გიოს ვეღარ ნახავ.
ხმა: მოიცა, მარინა! მიდიხარ? სად? გახვალ თუ არა, გაიგონებს, ან სად გაექცევი, იქაც ის იქნება, იმ ბიჭის სახე, იმ ქალის სახე, დაიცა – იფიქრე, ჯერ კიდევ დრო გაქვს.
მარინა: დრო? დრო, დრო მაქვს? რომელი დრო, რაღაც არ მესმის, მა-ცა-ლეთ... ოჰ, რა საოცრად ნელა გადიან წუთები და როგორ უცებ მირბიან წლები, საწყალი ბიჭი, ჩემი საყვარელი გიო, ვეღარც კი ვიდგენ კარგად ცოცხალს და სულ მგონია, რაც დავიბადე, იმის შემდეგ ასეთი ღვარძლით ვიბრძვი მისი ხსოვნისთვის, რა ბოროტი გავხდი... ღმერთო ჩემო... დავსუსტდი... აღარა მაქვს არაფრის თავი, არც მესმის არაფერი, დავიღალე. ოოჰ, კიდევ ხმები, აა, თავი მტკივა მეც, დამასვენეთ, გესმით, აღარ შემიძლია, ნუთუ ეს არის შურისძიება, რომ უარესად ვეწამო, შე-მე-შვით, მინდა ვიჯდე ასე, ნახევრად ძილში, თვალწინ მედგას გიოს სახე.
გიო, ჩემო ჩოლკიანო ბიჭო, ჩემო ვაჟკაცო, ... ღმერთო, მომაგონე მისი იერი, ოოჰ, არა, არა ისევ უბაცდება სახე, ეს მისი თვალები არ არის, ნუთუ ისევ სხვას ვხედავ, დავხუჭავ თუ არა თვალებს, ოო, ეგ ქერა ჩოლკა შენი არ არის, ნუ მატყუებ, არც თვალები. შენ მწვანე არა გქონდა. ვიცი, ეს მისია, მისი, აი, უფრო ცხადად ვხედავ, ოო, რა უბრალოდ მიყურებენ ეს მწვანე თვალები, ზიზღიც კი არა აქვთ, არც მონანიება, ღმერთო ჩემო, ისე მშვიდად იყურებიან, ვერც ვაგდებ, იყურონ, იყურონ, იყურონ ცოტა ხანიღა დარჩათ და დაიხუჭებიან. ასევე იყვნენ გიოს თვალებიც, დაიხუჭნენ და ახლა ვეღარა ვხედავ, ეგენიც ჩაქრებიან, დაეკარგებათ სინათლე, ნუთუ, ეგენიც?
... ოჰ, როგორ დავიღალე, აღარ მინდა არაფერი, დამასვენეთ, გესმით?
ხმები: იძინე, მარინა! დაისვენე, ჩვენო საყვარელო, ჩვენ ნანას გიმღერებთ, არ გინდა? აბა, მარტო ხომ არ დაგტოვებთ, ახლა ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის _ საცა შენ, იქაც ჩვენ. ეგ სახე გტანჯავს? მწვანე თვალები. რა, მოგწონს, კარგი ბიჭია, არა? ვაჟკაცი. გინდა ახლა, რომ ეგეც მოკვდეს. ეგ ერთიღაა, ვისაც ასე ახლოს იცნობ, ვისზეც ამდენს ფიქრობ, როგორც კაცზე, როგორც ცუდ კაცზე, ოღონდ მაინც კაცზე, არა? თქვი მართალი, ჩვენი ნუ გერიდება, ჩვენ განუყრელები ვართ ახლა შენგან.
ხმა: ჩუმად! აგერ დედამისი, გაიღვიძა, მგონი, აქეთ მოდის, ნუ გეშინია, სწორედ ახლა ვიყავი მე მასთან და გავაღვიძე.
/შემოდის დედა/
დედა: მშვიდობა ამ ოთახს, იწექით, იწექით, ჩემო გოგონა, ფერი აღარა გაქვს, რა მოგივიდა, მითხარი?
მართლა მინდოდა გამეგო, ჯერ არ მოსულა ჩემი ბიჭი, დაწყნარდი, გენაცვალე, მოვა, სწორედ ახლა წამთვლიმა, ძილში მოვიდა უცნობი ულვაშა კაცი, მე მინდოდა გამეგდო, მაგრამ შემეშინდა _ ის ცოტა ხანი ჩუმად იყო, მერე თქვა: მარტო მაგ გოგოს შეუძლიაო შენი ბიჭის მოყვანა, მე შენ ხომ გუშინაც გნახე, მოიგონე, მოიგონე? ჩემი ბიჭი მარტო იდგა იმდენ ხალხში, მერე ტაში დაუკრეს, გახსოვს?
მარინა: /თავისთვის/
/ისმის ტაშის ხმები, მარინა იხევს უკან, ყურებზე იკიდებს ხელს/ ხალხი, ხალხი და ყველანი მე მიკრავდნენ ტაშს, მთელი დარბაზი, მთელი გზა ის ხმა, ახლაც ტაშის ხმები, რომლებიც მე, მე დავიმსახურე მხოლოდ, კაცის მოკვლისთვის. აბა! /იმართება უცებ/ ეს მე მიკრავდა ხალხი ტაშს, მე გავაკეთე ეს _ იმ ბიჭს დახვრეტა მიუსაჯეს და დავიმსახურე ტაში. აბა! აბა! /უცებ ეშვება/ ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს შენა ხარ, მარინა, შენ, კაცის მკვლელი? მითხარით ჩქარა, ჩქარა! ნუ მტანჯავთ, რა, ხმები! ხმებია, ყურებში მიდგას... თუ მეჩვენება, რომ გიოც ბრაზობს ჩემზე, რისთვის?! ოჰ, ნუთუ ასეთი ვარ. თავი, ფეხები, ვეღარც ვიძვრი ადგილიდან, დავსუსტდი სულმთლად, რამდენი ძალა მქონდა ცოტა ხნის წინ, ღმერთო, მომეცი უნარი...
არა! დავძლევ კიდევ თავს, ვიშოვი ძალას, ასე, მარინა, გაიმართე, მარინა! ...
ჯერ კიდევ არ არის გვიან
დედა: უკვე დრო არის, ჩქარა გათენდება, ჩემო გოგონა, წადი და ჩემი ბიჭი მომიყვანე, მე კი აქ ცოტას ჩავთვლემ...
მარინა: ღმერთო დიდებულო, შენ მითხარი მართალი, შენ მიშველე.
/იწერს პირჯვარს, მიდის, ნელ-ნელა თენდება, მოგორავს მათხოვარი. //`ჯერაც არ გამოგორებულა!!! (ხაზი ჩემია.)//
მათხოვარი: უფალო, შენ მაშოვნინე დღეს ბევრი ფული და კვირის თავზე სანთელს დაგინთებ, თუ უფრო მეტს მაშოვნინებ ორს დაგინთებ, ხო ვიცი, შენც მექრთამე ხარ, არა? /ეშმაკურად უკრავს თვალს/ მარინაც უკვე წავიდა გიოს საფლავზე, ღმერთო, შენ სახელს დიდება, ერთ სანთელსაც გიოს სახელზე დაგინთებ, ბევრჯერ მოუტანია ხუთმანეთიანი. /ამასობაში ცირას ოთახში მეორე ოთახიდან _ ის ოთახი კულისებშია _ გამოდიან მარგო, ნატა, ნანა, სუსანა, სხდებიან საწოლიდან მოშორებით, ქეთო ჩაის აწყობს/
ნატა: რა კარგია, დღეს კვირაა, მთელი დღე თავისუფლები ვართ.
მარგო: არ გვეკუთვნის თუ, რასაც ჩვენ ვშრომობთ.
ნატა: ვინა თქვა, რომ არ გვეკუთვნის, пологается и отдыхаем, ქეთო, ხომ იცი, მე მაგარი ჩაი არ მიყვარს, შენ, სუსანა, როგორი დაგისხა, მოდი აქ, ნანა, აი, თუმანი, წადი, კუთხიდან ნამცხვარი მოიტანე.
მარგო: ოღონდ ნიგვზიანი, იცოდე, ფხვიერი, გაიმეორე.
ნანა: ნიგვზიანი, ფხვიერი.
ნატა: ხურდას მოიტან, იცოდე, კარგა დათვალე, გესმის.
ნანა: ორ მანეთს, არა?
ნატა: ხედავთ, უკვე იცის, ეგ ისეთი ყოჩაღი მყავს, სახლში ყველაფერს თვითონ აკეთებს, როცა მე სამსახურში ვარ. საწყალი სიკო, ნეტა მოსწრებოდა.
მარგო: შენ ბავშვი მაინცა გყავს, а я совсем одна.
ნატა: მშურს შენი ბედი, შენ ჩემზე კარგადა გაქვს აწყობილი მაინც საქმე, რას მედრები, ასეთ პატარას მოვლა არ უნდა, სამსახური _ სახლი, სახლი _ სამსახური, სულ გამუდმებით გზაზე ვარ.
ქეთო: თქვენ რა გიჭირთ, აი მე... /იხედება ცირასკენ, უცებ წყვეტს, სუსანას.../ თქვენ მაგარი ჩაი დაგისხათ?
სუსანა: დიახ, საშუალოდ.
/ქეთო ასხამს ჩაის, ბავშვი ხელში ფულით გარბის, გზაზე ფეხს წამოჰკრავს რაღაცას და ღრიალით ბრუნდება უკან/
ქეთო
} კარგი, აღარ გინდა.

მარგო
ნატა: შენ ხომ ვერსად გაგაგზავნის კაცი, რა ბავშვია, პირდაპირ არ ვიცი.
მარგო: არაფერიც, ეს ჩემი გოგოა, მოდი, გაკოცო, ახლა თვალებში, კარგი გოგო ვინ არი? დედა უფრო გიყვარს თუ მამა? მითხარი, გეთაყვა.
ნანა: დედა.
მარგო: სულ დამავიწყდა, მამა გახსოვს?
ნანა: არა.
ქეთო: დაანებე ბავშვს თავი, მარგო. ნანა, გაიქეცი, გენაცვალე, მარინას დაუძახე, ჩაი დავალევინოთ.
ცირა: არ არის სახლში, მისი ფეხის ხმა გავიგე, წავიდა, გუშინ კიდე უფრო ადრე წავიდა.
მარგო: интересно где она теперь ходит.
ნატა: ალბათ, საფლავზე, სხვაგან სად უნდა წავიდეს.
სუსანა: ახალი ამბავი იცით? მაგის შესახებ სწორედ.
მარგო: ჰო, მკვლელს მიუსაჯეს სიკვდილი, по заслугам.
ნატა: он то по заслугам, მაგრამ ეგ გოგო რაღაც ქაჯი ყოფილა პირდაპირ, ასეთი გამბედაობა? ჩემი გულისათვის რომ ვინმე დახვრიტონ, გინდა ჩემი ქმრის მკვლელიც იყოს, არა, ამას ვერ ვიზამ, უწინ თავს მოვიკლავ, ვერა, არ შემიძლია, ქალი-ქალია, რაც გინდა თქვით.
სუსანა: ყური დამიგდე, ნატა, მე მაგაზე არ ვამბობ, ეგ უკვე მოძველდა, მაგ ამბის შემდეგ ორი დღე გავიდა.
ქეთო: აბა, რის შესახებ.
სუსანა: მარინაზე.
მარგო: კიდე იყო რამე?
სუსანა: /ახლო მიიწევს/ გუშინ დილით პროკურატურაში იყო და განცხადება დაწერა, არ ვილაპარაკეო სწორი სასამართლოში, არ არისო დახვრეტის ღირსი, თან ახსნა-განმარტება დაამატა, გული გაუხდა ცუდად, რაღაც არეულივით ლაპარაკობდა, ექიმმა თქვა შიმშილისგან აქვსო ეს, მის ჩვენებას არ იღებენ მხედველობაში.
მარგო: неужели? да от истощения сил.
ნატა: საწყალი, ადრევე ეტყობოდა, რომ აირია.
სუსანა: რაც მთავარია, კიდე არ მითქვამს. /უფრო ახლო იწევენ ერთმანეთთან, ისე, რომ ცირამ ვერ გაიგოს, ცირა იქითაა გადაბრუნებული/
სუსანა: ჩვენი მთავარი მსაჯული გიჟდება მარინაზე, მე ხომ მისი მდივანი ვარ, ყველაფერს ლაპარაკობენ ჩემთან _ ჩემი საქმე პატარაა, ვზივარ და სასამართლო ოქმებს ვწერ. იმათ ჰგონიათ, მარტო ასოებს ვხედავ საერთოდ და ხმა არ მესმის; გუშინ კაბინეტში მოვკარი საიდუმლო ლაპარაკს ყური: ჩემი უფროსი ეუბნებოდა თავის ნაცნობს, _ ერთი ახალგაზრდა ბიჭია, ეგეთი მოხერხებული ყმაწვილი იშვიათია, _ ხმას დაუწიეს, მაინც გავიგონე: ჩემი გახდეს და ყველა კაპრიზს ავუსრულებო.
ნატა: ნეტა, რა მოსწონთ მაგ გოგოსი ასე, არ მესმის პირდაპირ.
მარგო: შენ ისევ შენსას იძახი, მე სულ სხვა არ მესმის, добилась одного, ახლა აღარ უნდა, მართლმსაჯულებას ხომ არ შეუძლია ხან ასე, ხან ისე, как она захочет, მე მგონია, она просто сошла с ума, да, от истощения сил.
ქეთო: ღმერთო, შეგცოდე, ბოლო ხანებში მართლა არ იყო ნორმალური, მგონი, ობლად გაზრდილი ბავშვია, თან სულ მარტო ცხოვრობს, საწყალი.
მარგო: რაც მართალია _ მართალია, ზოგს დარდი უხდება, она безусловно изменилась к лучшему, прямо красавицей стала.
ნატა: что за вкус у людей, რა მოსწონთ ასე მისი.
ქეთო: მოიცათ, მოჰყვეს სუსანა.
სუსანა: ის ყმაწვილი, მსაჯულის ნაცნობი, რაღა ყმაწვილი _ უკვე კაცია, ასე ოცდაათის იქნება, შეხვედრია მარინას, ოღონდ რა თქმა უნდა, პირდაპირ არ უთქვამს, ის ჭკვიანი ბიჭია, თან ცდილობს მთავარი მსაჯულის გული მოიგოს, მასზეა მისი ბედი დამოკიდებული, ერთი კარგი ადგილი გათავისუფლდა და იმას უმიზნებს.
ქეთო: ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის, ღმერთო ჩემო, არა, საწყალი გოგო არ არის ნორმალური, მე ნამდვილად დამნაშავე ვარ, მაგრამ რა უნდა მექნა, ნუთუ ჩემი ბრალიც არის, ჩემი ცირას ბავშვობის მეგობარი ასეთ დღეში, მე უნდა მომევლო, წარმოგიდგენიათ, ცირა რომ იყოს მის ადგილას, არა, შეუძლებელია, ცირა სულ სხვანაირია. მერე, მერე, სუსანა.
სუსანა: დღეს ოთხ საათზე უნდა შეახვედროს ვითომ მოსალაპარაკებლად.
ქეთო: ღმერთო ჩემო, რა ვუშველო, ღმერთო ჩემო, საით წავიდე.
ქალები: /ლაპარაკობენ ყველანი ერთად/
_ დაწყნარდი, დაწყნარდი.
_ შენი ნერვების აშლა არ შეიძლება.
_ შენ უკეთ იცი ეს.
_ არაფერიც არ იქნება.
_ ნუ გეშინია, ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული.
_ თანაც მარინა ისეთი ყოჩაღი გოგოა.
_ მარინას ძვირად ხმას ვერავინ გასცემს.
ნატა: სინდისმა თუ დაქეჯნა ბოლოს.
ქეთო: ძია მათხოვარა, ძია, /მათხოვარი მოგორავს/ იცი რა, ჩვენი მარინა ცუდ დღეშია, აღარ არის ჭკუაზე, ახლა გავიგეთ, თავისი ქალიშვილობის ფასად, _ საწყალმა თვითონაც კი არ იცის ეს, ვერცა გრძნობს, _ უნდა ციხიდან გამოიყვანოს მკვლელი, ვინც თითონვე მიიყვანა დახვრეტამდე, შენ ყველა იცი სად ცხოვრობს, გაქანდი მთავარი მართლმსაჯულის ბინაზე, იქ იქნება მარინა, ვითომ ფულს სთხოვ, უთხარი, რომ მოატყუებენ, იმას მაინც დახვრეტენ, არ შეუსრულებენ არაფერს, გაქანდი ახლავე, მოიცა, აჰა, თუმანი, გეყოფა? მერე კიდე მოგცემ.
სუსანა: ქეთო, შენ მე დამღუპე, რომ გაიგოს სამსახურიდან მომხსნის უეჭველად.
მარგო: /ნატას/ каждый о себе думает.
ნატა: სუსანა სწორია, რატომ უნდა დაიღუპოს სხვისი გულისთვის, თანაც ასეთი საზიზღარისთვის, როგორიც მარინა გამოდგა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე დავიბენი, ვერც კი შევაფასე მისი საქციელი. ახლაც, სუსანა რომ არა, ვერ გავიგებდით ვერაფერს. ღმერთო, ნუ მიწყენ, ისეთი ეჭვები მებადება გიოს მოკვლაზე, რა ერთგული გვეგონა და რა ყოფილა მარინა, ხედავთ, ხედავთ სადამდე მიდის ადამიანის ვერაგობა, როგორ აგვიხვია ყველას თვალები. ქეთო, ტყუილად ზრუნავ მისთვის, მე მგონი, ჩვენზე უკეთ ესმის, რასაც აკეთებს, ღმერთო, როგორ აგვიხვია ყველას თვალები.
მარგო: მე თავიდანვე ასე ვფიქრობდი, რომ რაღაც იმალება მანდ, что-то нечистое.
ქეთო: კი, მაგრამ რათ უნდა ყველაფერი ეს, მაინც არ მესმის, არ მესმის, ღმერთო მოწყალე, საწყალი მარინა.
/ცირა მთელი ამ ხნის განმავლობაში სლუკუნებს, ტირის, მერე საბანს იხურავს თავზე, ქეთო მიდის, ეფერება/
ქეთო: ნუ ტირი, ცირა, ყველაფერი კარგად იქნება.
სუსანა: /ქეთოს/ რა მიყავი, ქალო, დამღუპე, სამსახური დამაკარგვინე, შენ ჩვენს მსაჯულს არ იცნობ!...
ქეთო: არა, მეც უნდა გავიქცე, /ემზადება ფაცაფუცით/ ოჰ, უკვე საღამოვდება, საცაა დაბნელდება, აღარ მესმის რას ვლაპარაკობ, ისე დავიბენი.
/იღებს ჩანთას, იხედება სარკეში/
ცირა: /ქვითინით/ ჩქარა, დედა, გეთაყვა, შენი ჭირიმე.
/ქეთო გადის, ისმის გორგოლების ხმა, მოგორავს მათხოვარი, ღამდება ამასობაში, ინთება პატარა სინათლე, დღის სინათლეც არის, ოღონდ ბაცი/
ქეთო: ჩქარა, ჩქარა თქვი, რაშია საქმე, როგორ არის.
მათხოვარი: /ორივე ხელს მაღლა იშვერს/ ჩემი თვალით ვუყურე, ჩემი ყურით გავიგონე, მეორე მხარეს ავგორდი გორაკზე, მსაჯულის სახლში სინათლე ენთო, ფარდის ჩამოფარება დავიწყნოდა, ღმერთია მოწამე.
/ყველანი გარეთ გამორბიან, ცირას უნდა ადგეს, გამოიქცეს, ეცემა იატაკზე, წამოიწევა, ქვითინებს/
მარგო: მერე, მერე, как она.
სუსანა: ვერ მოასწარი გაფრთხილება? ხომ არ გაუგია მსაჯულს.
ნატა: აცალეთ, მოჰყვეს, თქვი.
ქეთო: /თავზე აქვს მოკიდებული ხელი, გაქვავებული დგას/
მათხოვარი: მარინა ჩუმად იყო, თმები ჰქონდა აშლილი, სულ აწეწილი, წამოდგა ტახტიდან, მშვიდად გაისწორა კაბა, წამოსვლის დროს თქვა: მე არ ვნანობ, ახლა მჯერა, რომ იმას აღარ დახვრეტენო და გამოვიდა – მსაჯული იჯდა სავარძელში მოღუშული და სწევდა პაპიროსს, მერე მე გამოვქანდი, მინდოდა მომესწრო მარინასთვის, დღეს ღამის თორმეტ საათზე ხდება სამოცდათორმეტი საათი, თუ უკანასკნელ ცნობებში არ თქვეს, არ დახვრეტენ.
მარგო კი, მაგრამ რაშია საქმე _ რად უნდოდა
ნატა
სუსანა } ყველაფერი ეს _ არ გვესმის.
ნატა: მე მგონი, მესმის, აქ რაღაც არაწმინდაა, неужели это страшное убийство было подстроено ею და ხალხის თვალის ასახვევად...
მარგო: ეგ მე დიდი ხანია ვიფიქრე, боже мой, да, что-то есть нечистое.
სუსანა: ნამდვილად არ გაუგია მსაჯულს?
/მათხოვარი ყურადღებას არ აქცევს/
მათხოვარი: ღმერთი დიდია, ქვეყანაც.
/მარინას ოთახში ძაღლი ყმუის ხმამაღლა, დედა, რომელსაც მჯდომარეს ეძინა აქამდე, გაღიმებული სახით გამოდის, გაწეწილი, გრძელი თმებით, ერთხანს დგას, ვერავის ვერ ხედავს, ყველანი უფრო შფოთდებიან, მერე მიდის, იკარგება შუკაში; ნელა მოდის მარინა/
ნატა: /ნანას/ შედი ოთახში, ფეხებში გვედები, არ არის შენი საქმე.
ქეთო
სუსანა } ჩვენც შევიდეთ. /შედიან ყველანი/
/მათხოვარი კუთხეში იყუჟება, გამოდის დათო, მერე მარინა, წინ უშვებს და უკან მისდევს, მარინა ხელს გადაუსვამს თავზე, გაუღიმებს. სულ ღამდება, მარტო ნათურები ანათებენ. მარინა მაღალფეხება სკამზე ზის, თითქმის ბნელ ოთახში, აქეთ პატარა ნათურა ანთია ბოძზე, რადიო ლაპარაკობს ახალი ჰესის მშენებლობის დამთავრების შესახებ, რომლის გახსნასაც ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. საათი რეკავს თორმეტჯერ. მარინა ზის და თავი მაღლა აქვს აწეული/
_ ვაგრძელებთ უკანასკნელი ცნობების გადმოცემას _ /აცხადებენ რადიოში/ _ მოისმინეთ ქალაქის ამბები.
კაცის ხმა: გუშინ გაიხსნა ახალი უგამყიდველო მაღაზია, მომხმარებლებმა თავიანთი აღტაცება გამოხატეს.
ქალის ხმა: სამი დღის წინ /რადიო ხრიალებს, ხმები აღარ ისმის, მერე ხრიალი წყდება და მკვეთრად გაისმის/ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა – განაჩენი მოყვანილია სისრულეში. /ძაღლი, რომელიც წკმუტუნებდა, ხმამაღლა ყმუის. მარინა ისევ ისე გაშეშებული რჩება/.

ფარდა

ჩემი აზრით, პიესა არ არის ცუდი. ერთადერთი ის მაწუხებს, რომ ერთმოქმედებიანია და პრემიერაზე შესვენების დროს (რომელიც საერთოდ აქვთ პიესებს) ვერ გავივლ-გამოვივლი ფოიეში ავტორის ღიმილით.
ბოლოსიტყვაობას მოსდევს
ანდერძი (იხ. შემდეგი გვერდი)
თუ ამოღებულ იყოს ოჯახური ცენზურის მიერ _ მოითხოვეთ!

უუჰ!
როგორც იყო დავამთავრე პიესის გადათეთრება. უღმერთოდ დამღალა – სხვა საქმე რომ მქონდეს, არასოდეს არაფერს არ დავწერდი. ღმერთო, რა დაგიშავე, რომ საერთოდ დამაწყებინე წერა! თქვენ არ იცით, ეს ნამდვილი წყევლაა, ეს იგივე თამადობაა სუფრაზე: თავი შენა ხარ, იცი სულ რამდენი ღვინოა და ვინ რამდენს სვამს. სხვები კი ტკბებიან სასმელ-საჭმელით, შენ კი იმის დროც არა გაქვს გოჭის თავი დაჭრა. ღმერთო ჩემო, ვერ გამიფიქრებია რამე, რომ ჩაწერა არ მომინდეს ან უბრალოდ, ან ლექსად, ან მოთხრობად _ ნამდვილი ტანჯვაა, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ, როგორც ჰერაკლე თავის 12 დავალებას.
არა! მე მწერალი არა ვარ!
მე შეყვარებული ვარ! გესმით! ოღონდ ახლა არ ვიცი ვისში. წერა მხოლოდ ნაწილობრივ მინაცვლებს ამ სიყვარულს, რითაც ძალიან მაგონებს რაიმე სერიოზული რადიოგადაცემის დროს მუსიკალურ ანტრაქტს. არც მზიას, არც რუსიკოს დროს თითქმის არაფერი დამიწერია. ვმუშაობდი მხოლოდ ინერციით _ ისეც, როცა ნაწყენი ვიყავი მათგან. ახლა არ შემიძლია, რომ არ ვწერო, სხვა რა უნდა ვაკეთო, აბა? მომიტევეთ, თუ ჩემი მოთხრობები ან პიესები ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებენ, შემიძლია გირჩიოთ: გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ნუ წაიკითხავთ _ მე როცა კარგ ხასიათზე ვარ, არასოდეს არაფერს არ ვკითხულობ.
რამდენიმე სიტყვა სათაურებისა და სიუჟეტის შესახებ:
არის რამდენიმე წინადადება, პიესას დაერქვას:
1. აცალეთ მარინას სიყვარული... _
ძალიან ჰგავს "მიეცით ქმარი ანნა ზაკეოს".
2. ხმები და მარინა
ან } ძალიან მაგიურია
მარინა და ხმები.
3. მეზღვაურები პორტში _ ზედმეტად სიმბოლურია.
4. ტრაგედია უკაცოდ _ ძალიან აშიშვლებს.
5. უბრალოდ, მარინა _ ოღონდ მეშინია "ჭრიჭინა" არ ეგონოს ვინმეს.

საერთოდ, პიესა საშინელი დაუმუშავებელია, გადმოვწერე ცალკე გაბნეული ნაგლეჯებიდან, რომელთაც არავითარი კავშირი არა ჰქონდათ ერთმანეთთან, მონტაჟზე ვმუშაობდი გადაწერის დროს. განსაკუთრებით მოუწესრიგებელია თეთრი ლექსები და გრძელი მონოლოგები, აუარებელს ლაპარაკობს მარინა ცირასთან, უფრო მეტს მკვლელის გიჟი დედა _ მეშინია სცენიდან არ გადმოაგდონ _ თანაც გიჟია, ყურს ვინ დაუგდებს, როცა დეპუტატის მონოლოგის სმენაც კი სწყინდება ხალხს თანამედროვე პიესიდან, თუმცა, შეიძლება პირიქითაც იყოს.

ნახვამდის.
1958 წლის 4 მარტი. 4. 30.

შენიშვნები

არქივში ინახება ბლოკნოტის ტიპის ორი, ერთმანეთის მსგავსი, საერთო რვეული. ერთში დაწერილია `მარინას~ შავი ვარიანტი (1_96გვ), მეორეში _ თეთრი (1_100გვ.). შავ ვარიანტში შიგადაშიგ ჩასამატებელი ფურცლების ადგილები ტექსტშივეა მითითებული. თეთრი ვარიანტის ბოლოს ჩამატებულია შუაში გაკეცილი, ორივე გვერდზე ნაწერი თაბახის შვიდი ფურცელი. თეთრი და შავი ვარიანტები სხვადასხვანაირადაა დასათაურებული. შავი: `აცადეთ სიყვარული მარინას~ /ტრაგედია უკაცოდ/. თეთრისათვის იხ. ნაბეჭდი ტექსტი. დათარიღებულია მხოლოდ თეთრი ვარიანტი.
როგორც არაერთხელ გურამთან, აქაც, ამ პიესის რედაქტირებისას, დასაფიქრებელი იყო ტექსტის დადგენისა და სათაურის საკითხი: მიგვეჩნია თუ არა მხატვრულ ფაქტად თეთრი ვარიანტის დასაწყისში სხვა მელნით, როგორც ჩანს, პიესის გადათეთრების შემდეგ, დაწერილი სიტყვები (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ეს თავისთავად უკვე წყვეტდა პიესის ბოლოს, სიტყვა `ფარდის~ შემდეგ, მოთავსებული `ბოლოსიტყვაობისა და ანდერძის~ ტექსტად მიჩნევა-არმიჩნევის პრობლემას (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ზემოთ აღნიშნული პასაჟების ტექსტად მიჩნევის სასარგებლოდ მეტყველებდა წინა ტომებზე მუშაობის გამოცდილება: როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, მწერალი თავის ცხოვრება-შემოქმედებას მოიაზრებს ერთ მთლიანობად და ცხოვრების სიუჟეტური ხაზი ხშირად უშუალოდ იჭრება მის შემოქმედებაში, როგორც მხატვრული სტრუქტურის ნაწილი. ყურადღება მიაქციე: ავტორი და არა მწერლის ალტერ ეგო უშუალოდ ერთვება პიესის სტრუქტურაში `/ნელ-ნელა თენდება, მოგორავს მათხოვარი/ (`ჯერაც არ გამოგორებულა!!! _ ხაზი ჩემია _ გ.რჩ.~) და თითქოსAაფიქსირებს თავის დამოკიდებულებას, რომელიც, ისე როგორც სათაურების შერჩევისა, ბოლოსიტყვაობისა და ანდერძის დაწერისას (იხ. შემდეგ), ოდნავ ირონიულია.
ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა პიესის ამჟამინდელი რედაქცია. საინტერესოა, აგრეთვე, მწერლის შემდეგი მოსაზრება, ამ პიესასთან დაკავშირებულ ჩანაწერებში რომ არის გამოთქმული:
`ჩემი აზრით, პიესა არ არის სავალდებულო რომ დაიდგას, უნდა იკითხონ როგორც რომანი _ ამიტომ ასევე უნდა წერო.~
პრობლემური იყო პიესის სათაურიც, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრადიციული სათაური აქვს მხოლოდ შავ ავტოგრაფს (`აცადეთ სიყვარული მარინას!~ /ტრაგედია უკაცოდ/). ამ სათაურის მიმართ მწერლის ირონიული დამოკიდებულება ჩანს თეთრი ვარიანტის `ანდერძში~ _ `ძალიან ჰგავს: `მიეცით ქმარი ანა ზაკეოს~ (იმ დროს გადიოდა ეკრანზე ფილმი ასეთი სათაურით _ მ.რჩ.). თუმცა აქვე ჩანს, რომ მწერალი ირონიულად გაიაზრებს ყველა სხვა, თავის მიერვე შემოთავაზებულ, სათაურს. `ბოლოსიტყვაობაში~ სხვადასხვა სათაურების დასახელებით და იქვე მათთვის გვირგვინის მოხდით, ისევე როგორც ნაწარმოების შესავალშივე ამ პიესისათვის საერთოდ რაიმე სათაურის მიცემის მიმართ ირონიული დამოკიდებულებით (`ასეთი პრემიების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სათაურზე ფიქრით არავინ თავს აღარ შეიწუხებს, რითაც ძალიან დამავალებენ~), ვფიქრობ, მწერალმა, ფაქტობრივად, მოჭრა ყველა გზა პიესის დასასათაურებლად. ასეთი მიდგომა, ანუ ნაწარმოების უსათაუროდ დატოვება, როგორც მკითხველი, ალბათ, უკვე თავადაც დარწმუნდა წინა ტომების გაცნობისას, უცხო არ არის მწერლისათვის, რომლის ნაწარმოებები ხშირად თითქოს ღია ტექსტს ქმნიან (აქ იგულისხმება მათი ადგილი არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ ცხოვრება-შემოქმედების მთლიანობაში). ასე რომ, პიესის არატრადიციული `სათაური~ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი) მივიჩნიეთ ავტორის ბოლო ნებად.
აღსანიშნავია, რომ თვითონ გურამი ამ ნაწარმოებს დღიურებსა და პირად წერილებში მოიხსენიებს როგორც `პიესას~. გამონაკლისია 1958 წლის აპრილის დღიური: `მარინა~. ხორო _ კაცების მსაჯულები, ქალები _ გრძნობები. საოცარია როგორ ვითარდება ხალხის ინტუიცია~, `ახლა, როცა `მარინა~ დავამთავრე, ვგრძნობ, რომ მარინა მე ვარ _...~ (სიადვილისათვის ამ პიესას კომენტარებში, ისე როგორც თვითონ მწერალი ზემოთ მოყვანილ დღიურში, მოვიხსენიებთ როგორც `მარინას.~ _ მ.რჩ.)
შავი ვარიანტის რამდენიმე გვერდზე პაგინაცია გაკეთებულია ავტორის მიერ. თეთრი ვარიანტის პაგინაცია უნდა ეკუთვნოდეს მბეჭდავს.

1957 წლის გვიან შემოდგომაზე გურამმა გადაწყვიტა სამუშაოდ მოსკოვში წასულიყო (იხ. კომენტარები `იულონისათვის~). თავდაპირველად მშობლები უარობდნენ, მაგრამ ჩემმა ძმამ შეძლო მათი დარწმუნება, რის შემდეგაც დედამ და მამამ უკვე თვითონვე შეუწყვეს ხელი და 1958 წლის 23 იანვარს გურამი წავიდა თბილისიდან. ამ პერიოდის ზოგიერთ დღიურსა და ნაწარმოებს თან ახლავს გურამის მოსკოვში წასვლისწინა განწყობა. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გურამმა მითხრა: მაინცადამაინც მოსკოვში წასვლა აღარ მინდა, მაგრამ რადგან ვთქვი, სიტყვას ვერ გადავალო.

დღიურებიდან:
`ოცდასამში მივდივარ მოსკოვში… მიდის ბოლო დღეები … განსაკუთრებით მიჭირს ყველა ხაზის დაწერა ან რამის გაკეთება.~
`მიმყვება ჩაგუბებული ბრაზი საქართველოზე, ცოტა სიყვარულიც. არ შეიძლება მთლიანად გძულდეს უძლური~ და სხვ.

`მარინას~ წერა გურამმა დაიწყო თითქმის მოსკოვში ჩასვლისთანავე, 29 იანვარს. როგორც ჩანს, წერდა სამი დღე: 29 იანვარს, 2 თებერვალს და 8 თებერვალს.
თეთრი ვარიანტის გადაწერა დაამთავრა 4 მარტს (თარიღი დაწერილია პიესის თეთრი ვარიანტის ბოლოს) და თითქმის მაშინვე, ბანდეროლით, გადმოგვიგზავნა წასაკითხად (`პიესა თითქმის დავამთავრე~ _ მიწერილი აქვს ბოლოში მოთხრობას `მატარებელი სტეპში~. იხ. ტომი 3, შენიშვნები მოთხრობისათვის).


ჩანაწერები, გაკეთებული `მარინას~ თეთრი ვარიანტის ბოლოს ჩამატებულ ორად გაკეცილ თაბახის ტიპის ფურცლებზე (1_4გვ.). აქ შესული ზოგიერთი ჩანაწერი, შესაძლოა, იყოს `ბოლოსიტყვაობისა და ანდერძის~ შავი ვარიანტი (იხ. ტექსტი):

`დედა მეშინია სცენიდან არ გააგდონ _ ძალიან ბევრს ლაპარაკობს _ თან გიჟია, ყურს ვინ დაუგდებს _ თუმცა შეიძლება პირიქითაც იყოს.~
`პიესა ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით _ სამწუხაროდ, ჯერჯერობით უსათაუროდ. სათაურზე ვაცხადებ პრემიას:
1 _ სამი ბილეთი პრემიერაზე
2 _ ორი ბილეთი `—`
3 _ ერთი ბილეთი პრემიერაზე.
ასეთი პრემიების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სათაურზე ფიქრით არავინ თავს აღარ შეიწუხებს, რითაც ძალიან დამავალებენ.~

მინაწერი სიტყვა `ფარდის~ შემდეგ:

`ჩემი აზრით, პიესა არ არის ცუდი. ერთადერთი ის მაწუხებს, რომ ერთმოქმედებიანია და პრემიერაზე შესვენების დროს (რომელიც საერთოდ აქვთ პიესებს) ვერ გავივლ-გამოვივლი ფოიეში ავტორის ღიმილით.~

ბოლოსიტყვაობას მოსდევს ანდერძი (იხ. შემდეგი გვერდი): `თუ ამოღებული იყოს ოჯახური ცენზურის მიერ _ მოითხოვეთ!~

`უუჰ!
როგორც იყო დავამთავრე პიესის გადათეთრება. უღმერთოდ დამღალა _ სხვა საქმე რომ მქონდეს, არასოდეს არაფერს არ დავწერდი. ღმერთო, რა დაგიშავე, რომ საერთოდ წერა დამაწყებინე. წერა! თქვენ არ იცით, ეს ნამდვილი წყევლაა, ეს იგივე თამადობაა სუფრაზე. თავი შენა ხარ, იცი სულ რამდენი ღვინოა და ვინ რამდენს სვამს, სხვები კი ტკბებიან სასმელ-საჭმელით, შენ კი იმის დროც არ გაქვს, გოჭის თავი დაჭრა. ღმერთო ჩემო, ვერ გამიფიქრებია რამე, რომ ჩაწერა არ მომინდეს ან უბრალოდ, ან ლექსად, ან მოთხრობად _ ნამდვილი ტანჯვაა, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ, როგორც ჰერაკლე _ თავის 12 დავალებას.
არა! მე მწერალი არა ვარ!
მე შეყვარებული ვარ, გესმით! ოღონდ ახლა არ ვიცი, ვისში. წერა მხოლოდ ნაწილობრივ მინაცვლებს ამ სიყვარულს, რითიც ძალიან მაგონებს რაიმე სერიოზული რადიოგადმოცემის დროს მუსიკალურ ანტრაქტს. არც მზიას, არც რუსიკოს დროს თითქმის არაფერი დამიწერია. ვმუშაობდი მხოლოდ ინერციით _ ისიც, როცა ნაწყენი ვიყავი მათგან. ახლა არ შემიძლია, რომ არ ვწერო, სხვა რა უნდა ვაკეთო, აბა? მომიტევეთ, თუ ჩემი მოთხრობები ან პიესები ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებენ, შემიძლია გირჩიოთ: გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ნუ წაიკითხავთ _ მე, როცა კარგ ხასიათზე ვარ, არასოდეს არაფერს არ ვკითხულობ.~
`რამდენიმე სიტყვა სათაურებისა და სიუჟეტის შესახებ:
არის რამდენიმე წინადადება პიესას დაერქვას:
1. აცალეთ მარინას სიყვარული.
ძალიან ჰგავს `მიეცით ქმარი ანნა ზაკეოს~.
2. ხმები და მარინე
ან _ ძალიან მაგიურია.
მარინე და ხმები
3. მეზღვაურები პორტში _ ზედმეტად სიმბოლურია.
4. ტრაგედია უკაცოდ _ ძალიან აშიშვლებს.
5. უბრალოდ, `მარინა~ _ ოღონდ მეშინია `ჭრიჭინა~ არ ეგონოს ვინმეს.
საერთოდ პიესა საშინელი დაუმუშავებელია, გადმოვწერე ცალკე გაბნეული ნაგლეჯებიდან, რომელთაც არავითარი კავშირი არა ჰქონდათ ერთმანეთთან, მონტაჟზე ვმუშაობდი დაწერის დროს. Gგანსაკუთრებით მოუწესრიგებელია თეთრი ლექსები და გრძელი მონოლოგები. აუარებელს ლაპარაკობს მარინა ცირასთან, უფრო მეტს _ მკვლელის გიჟი დედა. მეშინია სცენიდან არ გადმოაგდონ. თანაც გიჟია, ყურს ვინ დაუგდებს, როცა დეპუტატის მონოლოგის სმენაც კი სწყინდება ხალხს თანამედროვე პიესიდან, თუმცა შეიძლება პირიქითაც იყოს.
ნახვამდის.
1958 წლის 4 მარტი. 420~
`ყველა წვრიმალი საქმისათვის შემიძლია მივატოვო წერა, რაც გინდა გახურებული ვიყო.~
`დრო მაქვს? რომელი დრო, მაცალეთ, რაღაც არ მესმის. დრო, დრო. ოოჰ, რა საოცრად ნელა გადიან წუთები და რა უცებ გარბიან წლები: იყო, აღარ არის, ორ დღეში. აღარც ის იქნება, ვინც მოკლა, ახლა კი წამი წლად მეჩვენება,... ეს იყო შურისძიება, რომ უარესად ვეწამო, (...) გიოს გულისთვის, ღმერთო, გამახსენე, როგორც ცოცხალის, იმისი სახე. აი, ნიკაპი, შავი ჩოლკა, თვალები შავი, მაგრამ იერს ვერ ვირდგენ თავში, აღარც ცხვირის ფორმა მახსოვს და საერთოდ თითქოს ბაცდება მისი გამოსახულება; ოჰ, ეს სახე ვერ მოვიშორე თავიდან, ქერა ჩოლკით, მწვანე თვალებით. ახლა კი თითქოს ფარავენ გიოს სახეს.
ხმა: მაგ სახეს ერიდე, ეგ სახე დაგტანჯავს, იცოდე, ადრე მაგ სახემ გააღვიძა ეს გიჟი დედაც და შენკენ მოდის (შემოდის დედა).
დედა: აქა მშვიდობა, ჯერ არ მოკლა ჩემი ბიჭი, არა უჭირს, ნუ ღელავ, გენაცვალე, შენ ხომ კარგი გოგო ხარ, ახლა წამთვლიმა და ძილში ვიგრძენი, როგორ გამომეცხადა ვიღაც კაცი დიდი ულვაშებით და თქვა: მარტო მაგ გოგოს შეუძლიაო შენი ბიჭიკოს მოყვანა. ეს უიმისოდაც ვიცოდი, გუშინაც გნახე, შენ არ გახსოვს ჩემი ბიჭი, მარტო რომ იჯდა იმდენ ხალხს შორის, მერე ტაში რომ დაუკრეს.
მარინა: (თავისთვის) ოჰ, ახლაც მესმის იმისი ხმები (ესმის ხმები). როგორც მითხარი (...), მთელი ძალღონით მთელ ჩემს სხეულზე ისე შევიგრძენი ამ ტაშის დაკვრა. თან მე მიყურებდა ხალხი (...), მე მიკრავდნენ ტაშს., რა ვქნა, რა? Mმითხარით, თქვით, ღმერთო ჩემო, ჰა, რა ხმებია, ხმები მესმის, ხმები. რას ამბობთ, არ მესმის, გიოც ბრაზობს ჩემზე, რატო, მერე?
ხმები: სანამ დრო არის, ჩქარა გათენდება ჩემო გოგონა, წადი და ჩემი ბიჭიკო მომიყვანე. მე კი აქ ჩავთვლემ.
მარინა: ღმერთო ჩემო, შენ მიშველე (იწერს პირჯვარს, გადის).~
`ლამარამ მითხრა (ვიდექით _ и я валял дурака, როგორც ყოველთვის) `у тебя женская логика~. `ანნას~ ბოლოს ვიგრძენი, რომ ის ქალი მე ვარ, ახლაც, როცა ეს პიესა დავამთავრე, ვგრძნობ, რომ მარინა მე ვარ _ არასოდეს არ ვიცი გადაწყვეტილად, რა მინდა _ საოცარია! Aარც მარინამ იცის, არც ანამ _ თან ეს ნერვიული ატმოსფერო. ოღონდ უნდა ვთქვა, პიესის გადაწერამ ცოტა უფრო მეტად მომაბეზრა თავი, ვიდრე ტოლსტოის ანა კარენინამ /ალბათ/ !
(ყოველთვის ვფიქრობდი უცხო წინადადებებზე წერაში ან ლაპარაკში _ ხაზის გასმასავით არის).


სხვადასხვა ჩანაწერი `მარინასათვის~ (1_5გვ.):

1. ბლოკნოტიდან ამოხეული ფურცლის მარჯვენა კუთხეში ჩახატულია მარინას ოთახი, მაღალი სკამით შუა ოთახში. სკამის ზემოთ ჭერიდან ეშვება დიდი მრგვალი ნათურა. ოთახს აქვს ფანჯარა, რომელიც გადის შუკაში. გზის მეორე მხარეს ჩანს სხვა, ალბათ, ცირას ფანჯარა. გზის პირას, როლიკებზე, ზის უფეხო მათხოვარა, თავისი ქუდით.
`ყურს უგდებენ ჩუმად, მერე ჭორაობენ _ ცირა ტირის.~
დასახვრეტის მშობლები მარინასთან...
მარინა, როგორ იყო მოწმე, უყვება ცირას _ სუსანას გარეგნობა.
მათხოვრის სიტყვები.
суд идет და სხვ.
მარინა _ ცირა
ცირას ლექსი.
ბავშვები და დათო შუკაში.
_ ცირას ხასიათი ბიჭისადმი უფრო კარგად.
_ მარინასი.
ცირას რო უნდა თუნდაც ისე იდარდოს, როგორც მარინა დარდობს, ოღონდ ამის უფლება ჰქონდეს.
/მე მგონი, წინ/
ვიღაც ბიჭმა რო გაიარა, რო მოვიდეს ხანდახან სალაპარაკოდ.~

2. ერთ გვერდზე გაკეთებული სხვადასხვა ჩანაწერი, გადაშლილი გურამის მიერ სხვა მელნით. ვფიქრობ, წერის პროცესში თანდათან ახორციელებდა ამ ჩანაწერებში მოცემულ გეგმებს.

ჩანაწერები მეორე გვერდზე: `საქმეში გავიყვანო საჭიროა მილიციელიც.
მარინაზე: ეს ერთადერთი კაცია, ვისადმიც მაქვს გრძნობა, ვისზეც ვფიქრობ, გინდ სიძულვილით.~
... გისმენდი და მძულდი, თან მშურდა, თან მიყვარდი.
მარინა: იგონებს, თითქოს იმას ის /თვითონ/ უყვარდა, იმიტომ მოკლა გიო. სინამდვილეში, ორივე დამნაშავე იყო.
დედა სასამართლოში გიჟდება.


3. ჩანაწერი რვეულის ფურცელზე (1-2გვ.).

`მართლმსაჯულებას ხომ არ შეუძლია ხან ასე, ხან ისე.
Как она захочет. მე მგონია, она просто сошла с ума, да, от истощения сил.
ქეთო: ღმერთო შეგცოდე, ბოლო ხანებში მართლა არ იყო ნორმალური, მგონი. თან სულ მარტო ცხოვრობს, ობლად გაზრდილი ბავშვია საწყალი.
მარგო: რაც მართალია, მართალია, ზოგს დარდი უხდება. она безусловно изменилась к лучшему, прямо красавицей стала.
მარგო: что за вкус у людей, რა მოსწონთ ასე მისი.
ქეთო: მოიცათ, მოჰყვება სუსანა.
სუსანა: ის ბიჭი, რაღა ბიჭი, უკვე კაცია ოცდაათი წლის.~
`მეოცე საუკუნე (გდია ლადო)
მე არა ვარ /ისინი/,
ზოგ რამეში იმათზე გარყვნილი ვარ _ ЧЕРТ ПОБЕРИ –
წუთი, ეს ხომ გარდამავალი საფეხურია, ა? может быть?
მთვრალი; ღამე. 2? თებერვალი.~


4. ამონაწერი მოსკოვის აპრილის დღიურიდან (`პიესა~ უკვე დაწერილია):

`მკვლელის დახვრეტამდე მარინეს განწყობა ტაშის დაკვრასთან დაკავშირებით უკეთ უნდა ჩანდეს.~
აქვე: `გუნდის და მარინას საუბარი უნდა გაკეთდეს ბრწყინვალედ.~

ამ ჩანაწერის ბოლოს ფანქრით ჩახატულია ავტოპორტრეტი, გასმული ხაზის ქვეშ მწერლის ფაქსიმილე: `გ. რჩეულიშვილი.~


ჩანაწერები პიესისათვის თაბახის ფურცლებზე:

I. (1 გვ.)
`პირველად ეუბნება: არ შემოვალ, ნუ გეშინია.
წასვლისას მოვალ, მოვალ ისევ, შვილო.
1. მარინას უნდა, რომ ვინმე იყოს, თუნდაც ის ქალი _ არა, ზუსტად ის ქალი.
ცირასთან საუბარი.
2. დედის მოხსენიება ცირასთან საუბარში.
3. ისევ იქ _ მარინა ამბობს: მესმოდა ყველაფერი, მეჯავრებოდი და მიყვარდი.
4. რაც უფრო კარგა იჯდა მკვლელი, უფრო მომწონდა და უფრო მეტი სურვილი მქონდა ცუდი მელაპარაკა.
ცირას უნდა ისევე იდარდოს, როგორც მარინამ, ოღონდ ამის უფლება ჰქონდეს.
5. მარინას: სანამ ტაშს დაუკრავდნენ, ეგონა სხვებს არ უნდოდათ მისი დახვრეტა.
სანამ მარინა წასულია, დათო და ის ქალი ლაპარაკობენ.
8. დათო: გიოც იქ იყო?
დედა: შენ იქნები ჩემი შვილი, მარინა _ შენი ცოლი.
9. ის ტაში ჩემი სასჯელი იყო.
გასწორება: შენს შვილს დახვრეტენ.
გიო ათასჯერ სჯობდა მკვლელს, მაგრამ ცუდი ცოცხალი მაინც სჯობია კარგ მკვდარს.~


II. (1 _ 10გვ)
თაბახის ფურცლის დასაწყისში დაწერილია `გ. რჩეულიშვილი. გ. რჩეულიშვილი. 1958 წელი.
И слух обо мне пройдет
по всей Руси великой. ~ (გადაშლილია მწერლის მიერ)
`ხმები: /აქეთ_იქიდან/ მარინა! მარინააა!
შენ კიდე სახლში ხარ, წადი საფლავზე, იქ ბუჩქები ამოვიდა გიოსთან, ვეღარც კი იცნობ იმ ადგილს. იმის გვერდზე, წინ, უკან სულ ახალი საფლავებია, იცი? დაიკარგები, წადი ჩქარა, თორემ ზედ დაასაფლავებენ ვინმეს, მერე, მერე ვეღარც კი იცნობ, რას უნდა მოუარო პა, პა _ თქვი, დარჩი მარტო, დარჩები უსაფლავოდ, კიდე დგახარ, რა მოგივიდა, არ შეგიძლია წასვლა, ნუთუ ასე იმოქმედა იმ ბიჭის დახვრეტამ, თუმცა რა იცი, ჯერ კიდევ ორი დღეა, შეიძლება არც დახვრიტონ, შეიძლება იცოცხლოს; მარინა! მარინა! მარინა! გამოცოცხლდი, ნუთუ გინდა რომ იცოცხლოს, ნუ გეშინია, უეჭველად დახვრეტენ, რა გეშინია, გაიქცეს, არააა, ის ახლა მარტოა, სულ მარტო სიკვდილმისჯილების საკანში, დაგვიგდე ყური _ დაგვიგდე ყური _ იქ ცივა, სიჩუმეა. ჩუუუ, ნუ გვაწყვეტინებ, თაგვებიც კი არ დარბიან, ის წევს გულდაღმა, ქვევით სუფთად დაგვილი მიწის იატაკია, თვალები ღია აქვს, მწვანე, ანათებენ, არ ტირის, არც უნდა, რო მოინანიოს, შენ რა გაწუხებს, უკეთესი, იქაც ეწამება .. ითვლის წუთებს, ერთი-ორი-სამი, სულ პატარა ხმასაც ეპოტინება. აი, გაიჩხაკუნა სადღაც, ნუთუ დრო მოვიდა _ ო როგორ ელის, რომ აპატიებენ, ჩუ, თვალები დახუჭა, მოუჭირა გუგები ერთმანეთს და უკანასკნელი ცრემლი გამოწურა მწვანე თვალებიდან _ ჰა, ჰა, ჰა შეეშინდა, შეეშინდა _ ვაითუ დახვრიტონ _
გიკვირს?! არა? მაინც ეჭვი ეპარება, სანამ ცოცხალია, არ შეუძლია თავი მკვდრად წარმოიდგინოს, აი, ისევ ნაბიჯები, იღება კარები!
ოო! რამდენი ძალა უნდა, რომ არ შეიმჩნიოს, არ წამოხტეს, არ იყვიროს, თავი აღარა აქვს არაფრის. ის წევს. ეს მხოლოდ ექიმია, შემოდის, უხმოდ სინჯავს. აბა რა გეგონა, განა შეიძლება ავადმყოფის დახვრეტა _ ჯანმრთელია, მიდის ექიმი _ ხვალაც მოვა, ხომ შეიძლება ხვალამდე გაცივდეს, მაშინ წამლებს მოუტანენ, შენ კი გეგონა შური იძიე, ხედავ, როგორ უვლიან!
მარინა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო.
ხმები: წადი საფლავზე, ღამეა, კარგია იქ, ახლა გიოც ამოსულია მაღლა, ის კმაყოფილია, გელის, ხედავ, როგორ მოდის შენკენ, ფეხსაც კი არ აკარებს მიწას, ნუ, მარინა, თვალებში არ შეხედო, ო, რა უმადურია მკვდარი ადამიანიც კი, შენ ამდენი იწვალე, რა არ ქენი, ის კი როგორ გიყურებს, მიდი, აკოცე, ო, უმადურო ლანდო, ბრუნდები იქით, არ იღებ შენს საყვარელს, ახლა აღარ გინდა, რა, მარტო წოლა გერჩივნა. ჩვენ აღშფოთებულები ვართ, ხმები, ო, უმადურებო.
ხმები ერთად: წადი, წადი საფლავზე.
არ მიდიხარ, კიდე დგახარ, ოჰ, მაგისი ნუ გეშინია, ეგ გიჟი ქალია, დედაა, მერე რა, რომ დედაა, გიჟი გიჟია.
ხმები: მაგას ყურს ნუ უგდებ. ხომ ხედავ, არც კი ესმის ჩვენი, ზის და იყურება მაღლა, მაგან წეღანვე გაიღვიძა, ჰგონია, აქ მოვა მისი შვილი, ხომ გითხარი, არ არის ჭკუაზე. ან აქ რა უნდა, გზა აერია და მოვიდა. გადი ფეხაკრეფით, ვერც კი გიცნობს. ჰა, რას უცდი, წადი, თორემ გათენდება და გიოს ვეღარ ნახავ.
მარინა: ო! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, არ შემიძლია, არა, როგორ ველოდი ამ წუთებს, როგორ მინდოდა შენთან მოსვლა, ახლა ვეღარ ვდგამ ერთ ნაბიჯსაც კი, ნუთუ ფეხები დავკარგე. თავი მტკივა, ფეხებიც მერთმევა, გუშინ ჯერ კიდევ რამდენი ძალა მქონდა, როგორ დავკარგე.
/ხმები ტაშს უკრავენ/
ოჰ, ჩუმად, ჩუმად, მახსოვს, მახსოვს ეგ წუთი, ღმერთო ჩემო, ახლაც მიდგას ყურებში მოსამართლის ხმა.
ხმები: მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, ო, რა დაძაბული ვუსმენდი, როგორ ველოდი, როგორ ვარწმუნებდი თავს, რომ მაგ წამს ველი, რამდენი ძალა მქონდა, არ მეშინოდა არაფრის და უცებ ტაში, ტაში. იმას ხვრეტენ _ მე გავიმარჯვე _ მათრახივით მომხვდა სახეში? ეს ტაში შენ დაიმსახურე. ხალხი იღიმებოდა, ნასიამოვნები..
დღეს, ხვალ, ხვალზევით იმას დახვრეტენ _ მოკვდება და მორჩა, ისევ სიმარტოვე, ღმერთო ჩემო, ნუთუ სისხლის მსმელი ვარ, რომ ასე მაშინებს უმიზნოდ დარჩენა. ახლა, ახლა რა უნდა ვქნა უგიოდ. ჩემი გიო მკვდარია, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. ორი დღის შემდეგ იმის მკვლელიც აღარ იქნება ცოცხალი. ო, როგორ მძულს ახლაც, აღარ იქნება, ვინც შეიძლება მძულდეს, რატომ ვისჯები ასე, არა, არა აღარ მძულს ახლა ის, ის მეცოდება კიდეც, ცოცხალია და სიკვდილს ელის. ჰა? ხომ შეიძლება გადარჩეს,
მარინას ძალა მოდის თვითონ.
გაიქცეს, არა, ეგ შეუძლებელია, მე? მე? არა მე ვერ დავეხმარები, რომ (...)
ჩვენება, იქნებ გამოუშვან, ჰა? იქნებ გამოუშვან. რამდენი ძალა მაქვს ისევ, ღმერთო ჩემო, საიდან მოდის ეს ძალა, მეშინია, მეშინია ძალის. არა, დახვრიტონ, ეგ თვალები მწვანე ხვლიკივით მოკვდება, ქერა ჩოლკით, ვიწრო ნიკაპით, აპრეხილი წარბებით, რომელმაც ჩემი გიო მოკლა. გიო, მოვდივარ შენს საფლავზე, ახლავე, ოღონდ შენს სახეს მოვიგონებ და მერე: ნიკაპი, თმა, თვალები, ღმერთო გამახსენა რა ფერის თვალები ჰქონდა, ჰო, სახე ასეთი, მაგრამ თვალები, ცხვირი, ნუთუ კეხიანი, არა, პირიქით დაბერილი ნესტოები, არა; ოჰ, ამ მწვანე თვალებს ვერ ვიშორებ, დახვრიტონ, დახვრიტონ, ღმერთო მოვიგონე გიოს სახე, ო, როგორ გიხდება ის ქერა ჩოლკა, რა ცხადად ვხედავ, ნუ, ნუ დამცინი, მოინანია.
ღმერთო ჩემო,
ხმები: მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. გაიღვიძე, მარინა, ეგ ტაში შენ დაიმსახურე, შენ გეკუთვნის, ჰა, ძალა დაკარგე, გამხნევდი, ხომ ხედავ ხალხი რა ნასიამოვნებია.~


ამონაწერები 1958 წლის აპრილის დღიურიდან /ამ დროისათვის `მარინა~ უკვე დაწერილია/.:
`/ეპიზოდი: მარინას აქვს ლადოს თმები/ _ გიყვარს მანამ გაქვს რამე მატერიალური, მერე იწყება ილუზია და ... /ცეცხლი უშეშოდ/ _ რჩება სუსტი მოგონება _ ნაცარი.~
`მკვლელის დახვრეტამდე მარინას განწყობა ტაშის დაკვრასთან დაკავშირებით უნდა უკეთ ჩანდეს.~
`მარინა: გუნდისა და მარინას საუბარი უნდა გაკეთდეს ბრწყინვალედ.~
`არაჩვეულებრივი ძლიერი ხორო. Nნამდვილი ანტიკური გუნდი.~
`მარინა~ _ ხორო კაცების, მსაჯულები, ქალები _ გრძნობები. საოცარია, როგორ ვითარდება ხალხის ინტუიცია, თუმცა, ალბათ, ყოველთვის ასე იყო.~
`დევიზი: любовь или ненависть და არავითარი არევა ამ გრძნობების _ ასეც არის აქ. როგორც ბავშვებს: ეს ხიხია, ეს ბოზი ბაბა... ~
`ბოროტმოქმედება აბსტრაქტულად დაუსჯელი რჩება, ისევე როგორც აუნაზღაურებელი ქველმოქმედება. ჩემი ბოროტმოქმედიც დაუსჯელია (მარინა/ ჩემი ცხოვრებიდან იმიტომ, რომ არ ვიცი ვინ არის ის ნამდვილად და სად, ის ჩემშია თვითონ, ჩემი ნაწილი, მოკვდება ჩემთან ერთად.~
`..თუმცა, არც არაფერია გასაცნობი (მოსკოვში – მ.რჩ.) _ არა, ვტყუი, აუარებელია, ბევრია აქ აშკარა საიდუმლო. მინდა გამოვიცნო რა მინდა, რა ხასიათზე ვარ და ზიზღი მიპყრობს. საზიზღრობაა წამდაუწუმ ანალიზი და თან სრული დაბნეულობა.~
`ახლა როცა `მარინა~ დავამთავრე, ვგრძნობ, რომ მარინა მე ვარ _ არასოდეს არ ვიცი გადაწყვეტით რა მინდა _ საოცარია! არც მარინამ იცის, არც ანამ.~


ზოგიერთი განსხვავება შავსა და თეთრ ხელნაწერებს შორის:

1. როგორც შავ, ასევე თეთრ ხელნაწერში წერია ხან `მარინა~ და ხან `მარინე~. ამას აქვს, ალბათ, სულ უბრალო მიზეზი: ჩემი ძმისათვის პირველი იმპულსი იყო დაეწერა `მარინე~, რადგან ის შეჩვეული იყო სახელს ამ დაბოლოებით და შემდეგ, გახსენებისას მხოლოდ, ცვლიდა მას `მარინად~. `პიესის~ შავ ვარიანტში გვხვდება სახელი `ანიუტა~, თეთრში, უკვე რეტროსპექტულად, შეცვლილია `ირინკათი~, ალბათ, `ირინა და მეს~ დაწერის შემდეგ (იხ. შენიშვნები `ჩემი ლიტერატურული შეხედულებებისათვის~).
2. თეთრ ხელნაწერში პიესას წამძღვარებული აქვს სიტყვები: `პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით _ სამწუხაროდ, ჯერჯერობით უსათაუროდ~ და სხვ. ეს სიტყვები დაწერილია სხვა მელნით, ვფიქრობ, პიესის დაწერის შემდეგ.
თეთრ ხელნაწერში სიტყვებს `პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით~ და სხვ. მოსდევს მოქმედ პირთა დასახელება (იხ. ნაბეჭდი ტექსტი), რაც შავში არ არის. ტექსტის დაწყებამდე ჩახატულია მთელი სცენა, რომლის გარეთ დახატულია ლოჟა. ლოჟას მწერლის პროფილის ფორმა აქვს (იხ. ავტოგრაფი ამავე ტომში).
3. შავი ავტოგრაფის სათაურია: `აცადეთ სიყვარული მარინას
/ტრაგედია უკაცოდ/~
4. პირველი რემარკა შავ ავტოგრაფში:
`სცენა სულ უბრალოდ არის გადატიხრული ორ არათანაბარ ნაწილად. მარჯვენა მხარე გაცილებით ნაკლებია მარცხენაზე. მათ შუა გადის ვიწრო შუკა, შუკის სიღრმეში, შორს, ჩანს ავტო და ბუნდოვნად მოლიცლიცე რეკლამა, წინ კიდია მოძრაობის წესების ნიშანი: `_~ (მანქანის გასასვლელი არ არის.) მარჯვენა ოთახში ჩანს მარინას სილუეტი. ის ზის მაღალ თხელფეხება სკამზე, კუთხეში დგას გაუსწორებელი ლოგინი; მარცხენა ოთახში ორი საწოლია: ერთში, გასაშლელზე, წევს დედა_ქეთო, მეორეში _ კუტი ქალიშვილი ცირა.
სცენაზე თითქმის ბნელა, მხოლოდ პატარა ნათურა ანათებს მარინას ფანჯრამდე. სიღრმიდან ოთხგორგოლიანი საჯდომით მოგორავს მათხოვარა ვანო და ჯდება ნათურის ქვეშ.~
5. თეთრში ჩამატებულია მარინას ჩაცმულობის და გარეგნობის აღწერა. ხელნაწერის გვ.4-ზე
უფრო ხშირად წერია `მარინე~, თუმცა მოქმედ პირთა დასახელებაში გვაქვს `მარინა.~
6. ხელნაწერის შავ ვარიანტში მათხოვრის მოგონების დაწყებამდე, არეზე, მიწერილია: `უფრო კარგად, ვრცლად მონოლოგი.~ თეთრი ვარიანტის გვ.8-ზე ეს განხორციელებულია.
7. ორივე ვარიანტში ცირას სიტყვებში თავიდანვე იგრძნობა ეჭვი მარინას რაღაც ქმედების გამო. კერძოდ, გვ. 9: `პროკურორთან ზის და უყურებს დაბღვერილი.~
ამასთან დაკავშირებით თეთრში ცირას რეპლიკაში ჩამატებულია სიტყვები: `მარინა კარგი გოგოა, თუმცა შენც მაგას არ ამბობ?~ ან კიდევ `თავისთვის რო აეტეხა რამე, ისე არ გამიკვირდებოდა, როგორც...~
შავში წერია პირდაპირ: `ცირა: კიდე არ ველოდი, თუ ასეთი იყო ის. მე, მაგალითად, ამას ვერ შევძლებდი.~
8. შავში ჩამატებულია ფურცელი, მწერლის გეგმით, დაწეროს ბოშების ცხოვრების ეპიზოდი. თეთრში ეს განხორციელებულია.
9. შავში ცირას ეპიზოდში ჩამატებულია მწერლის შენიშვნა `უფრო ძლიერად~, თეთრში _ განხორციელებულია. ცირას ლექსი შეუცვლელად გადადის შავიდან თეთრ ვარიანტში.
10. შავში: `/მარინა გვერდზე _ შურისძიება იწყება. თვალები უბრწყინავს./~
ჩამატებულია ცალკეული სცენები. ამ სცენებში ჩანს, რომ ცირა, ყველასაგან განსხვავებით, წინააღმდეგია მკვლელის დახვრეტისა: `წარმომიდგენია ახლა იმ ბიჭის სახე, ალბათ, სულ ტირის და ეხვეწება, რომ აპატიონ. რა თქმა უნდა, მარინასაც გული მოულბება, არ იტყვის იმის წინააღმდეგ ყველაფერს. მაშინ დახვრეტას გადარჩება. ღმერთო ჩემო, რა ცოდოა. საწყალ გიოს კი აღარაფერი ეშველება, არაფერი. რა ცოდოები არიან, ღმერთო ჩემო.~
თეთრში ჩამატებულია მარინას მოგონება, როგორ გაიცნო გიო, ეპიზოდი ცირასა და მისი ბავშვობიდან. შუა მოგონებების დროს ცირას სიტყვები `ჩემო კეთილო~ გამოიყვანს წყობიდან და აბრუნებს რეალობაში. მარინა: `ჩემო კეთილო?~ /სულ იცვლება, სწრაფად შორდება საწოლს/, კეთილო? არა! არ მინდა ვიყო ეგ, კეთილი.~ აქვეა მარინას მონოლოგი მკვლელის შესახებ.
შავი:
`მარინა: აი, ამ ადამიანმა, _ ვთქვი მე, _ მოკლა გიო მაშინ, როდესაც ჩვენ მივდიოდით ერთად, მოკლა სრულიად შეგნებულად, რადგან გიომ, როგორც თვითონ მომიყვა სიკვდილამდე _ არა! მოიცა, ჯერ ვიტყვი მართალს _ ახლავე მოვიგონებ, მე სიმართლე დავივიწყე ეს ოთხი თვეა და ყველაფერი დავაწყე ისე, რომ იმისათვის დახვრეტა მიესაჯათ, მერე ჩემი შეთხზული თვითონვე ვიწამე _ ხო _ სინამდვილეში ასე იყო ყველაფერი _ ერთხელ იმ ბიჭმა, მთვრალმა, მხარი გამკრა ცოტა უხეშად, მგონი, არც შეუმჩნევია თვითონ, ისე, ჩემს უკან მოდიოდა გიო _ ის ბიჭი საკაცით წაიღეს, ისე სცემა _ ურტყამდა უწყალოდ და ისევ მე გავაგდებინე ხელიდან, თორემ მოკლავდა მაშინვე! საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ის ბიჭი შეხვდა გიოს და სთხოვა აეხსნა რატომ სცემა, თან დაემუქრა. გიო ჯერ წესიერად ელაპარაკებოდა, როცა დაემუქრა და დანა ამოუღო, გიომ წაართვა, ისევ სცემა. სამი დღის შემდეგ მოხდა ყველაფერი. მოვდიოდით ერთად. `შენ!~ დაიძახა ვიღაცამ. Gგიომ მიიხედა, მეც მივბრუნდი, იქ უცნობი შავგვრემანი ბიჭი იდგა. `არაფერი ამერია~, თქვა მან. როცა მოვბრუნდით, ჩვენ წინ ის ბიჭი იდგა. `არ მომიხდი ბოდიშს?~ _ თქვა მან. `არა,~ უთხრა გიომ. პირველი, რაც მე დავინახე, იყო რაღაც უცნაური მოძრაობა _ ის გაიქცა. გიოს გაოცებული სახე ჰქონდა. `აღარ შემიძლია იმისი ცემა,~ თქვა ენის ბორძიკით და წელში მოიხარა, ორივე ხელი მუცელზე ედო, თითებს შუა სისხლი მოჟონავდა. .. ~
თეთრი:
`იცი ვინ მოკლა, ვიღაცამ, ხო ვიღაც ცხოველმა, არაკაცმა, ახლაც მაკანკალებს, მას რომ ვიგონებ, თხელი, მხრებში ჩამჯდარი, თავისი სახესავით მწვანე თვალებით, პატარა, ქერა ჩოლკით.
ყველაფერი ერთ წამში მოხდა. მოვდიოდით ერთად, როგორ დაუძახა, აღარ მახსოვს, რატომ, არც ის ვიცი _ ისინი გვერდზე გავიდნენ, მერე ის გაიქცა, მე ვერ გავიგე, რა მოხდა, როცა მივირბინე გიოსთან, ის წელში იყო მოხრილი, მე გამიკვირდა, ხელი მოვკიდე, ის სულ მოეშვა, `აღარ შემიძლია, რო გადაუხადო,~ თქვა, თითქოს თავის მართლებით, მერე კიდევ უფრო დასუსტდა, სულ მოეშვა და გათავდა ჩემი ბიჭი ...~

შავი ვარიანტი დაწერილია მომსხო, გაკრული ხელით. თეთრი ვარიანტი _ ლამაზი, მოწესრიგებული ხელწერითა და განსხვავებული მელნით.

როგორც ჩანს, ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ პირველი გამოხმაურება პოვა მოთხრობაში `ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა...~ (1957 წლის გვიანი შემოდგომა), შემდეგ კი პიესაში `მარინა~ (მოსკოვი, 1958 წლის მარტი). ამას წინ უძღოდა 1957 წლის შემოდგომაზე ისევ ამ მკვლელობასთან დაკავშირებული რამდენიმე სცენა, რაც შეიძლება პიესის პირველ ვარიანტად მივიჩნიოთ.
როგორც მკითხველი თავადაც დარწმუნდება ამ ჩანაწერების წაკითხვისას, ეს ტექსტი შესული არ არის პიესის არც შავ და არც თეთრ ვარიანტში. ეს იყო მასალის პირველი ტრანსფორმაცია, ჯერ სახელებიც კი არ არის შეცვლილი: ლადო, გურამი, მარინე. აქ გამოთქმულ აზრს, ისე როგორც მთელ ტექსტს, ვფიქრობ, ცოტა ხელოვნური, სქემატური, ნაძალადევი ელფერი აქვს. მხოლოდ მოსკოვში დაწერილ პიესის ბოლო ვარიანტში ვლინდება, რომ `ამბავს, სავსეს გაორებითა და სიმწარით~, მხოლოდ ადამიანთა ურთიერთსიყვარული და ურთიერთსწრაფვა უდევს საფუძვლად, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი სხვანაირად ჩანდეს თავდაპირველად.
აღსანიშნავია, რომ პიესის თბილისურ ვარიანტში გამოთქმული აზრები ხელოვანისა და ხელოვნების შესახებ მწერლის ცხოვრება-შემოქმედების მაგისტრალური სიუჟეტის ერთ-ერთ საწყის ეტაპს წარმოაჩენს. მართლაც, როგორც ამ პერიოდის დღიურები და წერილები მოწმობენ, `პიესაზე~ მუშაობის პირველი დღეებიდანვე მწიფდებოდა სიტუაცია `ირინა და მესათვის~, სადაც ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთდაპირისპირებამ თავის მწვერვალს მიაღწია და იქცა მწერლის ცხოვრება-შემოქმედების მაგისტრალური სიუჟეტის პირველ ეტაპად. (`ხმა შავი: შენ მწერალი ხარ, შენ უნდა წერო, როგორ იკლავენ სხვები თავს, ასეთია შენი ვნება.
გურამი: ჩემი ვნება, ჰა? ჰა, ჰა, ხი,ხი, ხი. გესმით, ხალხნო, გესმით თქვენ ხმა ჭეშმარიტების, ჭეშმარიტების ხმა, მანუგეშებლის როლში ჩაცმული ბოროტი სულისგან~).


`მარინას~ I ვარიანტი.

`სასაფლაო. უკანა პლანზე მოჩანს ხის ორი ჯვარი; წინ, მარჯვენა კუთხესთან ახლოს, საფლავის ქვა გდია ჯვრების მიმართულებით, უჯვაროდ. საფლავის ქვის თავთან, მარჯვნივ, ცოტა მოშორებით, დგას მეარღნე და არღანზე უკრავს. არღანს მიკრული აქვს ანთებული სანთელი. საფლავთან უჩოხო ყარაჩოხელი დგას, ხელში მოხდილი ბოხოხი უჭირავს, ცალი ფეხი ქვაზე უდგას და გულხელდაკრეფილი შიგ საფლავში იყურება.

მეარღნის სიმღერა: მე ეს არღანი არ მიყიდია,
მე არღანზე დაკვრა არავისგან მისწავლია.
დედა ვინ არი _ სახელი არ ვიცი,
მამა ვინ არი _ სახელი არ ვიცი.
აზარფეშა რა არი _ კახურის სასმელი,
დოქი რა არი _ ღვინის ჩასასხმელი.
მე სკოლაში არ მივლია,
ჩემს თვალს წიგნი არ დაუნახია.
ლექსი რა არი _ ვაჟკაცის სათქმელი,
ცრემლი რა არი _ საფლავზე დასაღვრელი.
მე ჩიტების ჟღურტულისთვის ტყეში მისმენია,
მე ყვავილები გაშლილ მინდორში დამიკრეფია,
ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტია.
მე ვარდი ბაღში არ მინახია.
შუკაში ჩაივლი,
ჩაკეტილ ფანჯრებში,
სინათლე არ არი;
შუკიდან ამოივლი,
გაღებულ ფანჯარასთან
ვარდი მიუტანია.
ფანჯრამდე მაღლაა კედლამდე მესერი,
მესერზე ოსტატი
თოფგატენილი,
ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია...
მკვდარ ვაჟკაცს ტირილით რა ეშველება.
ყარაჩოხელი: ვახ მე, ბიჭო, ლადუში, მკვდარ ვაჟკაცს ტირილით რა შველებია, მაშ მე რას ვტირი იქითკენ წასული ვაჟკაცის თავს, საიდანაც აღარავინ მობრუნებულა... მაშ სათავეში მე რას დავეძებ მდინარის ბოლოს დამრხჩვალ მეარღნეს, სიმღერის ხმები სიკვდილის წინ ხარფუხში, მაღლა, ალალი აშუღისათვის ულევ სათქმელად რო დაუტოვებია.. მაშ მე მდინარეში, ჩემო ლადუში, მარტო ბადე მისროლია, ... მაშ მე ცოცხალი მყვარებია და ის მდინარის ბოლოში უსინათლო ღამეში დამხრჩვალი მეარღნე ფეხებზე დამიკიდებია.
მეარღნე: მე ხელობა მისწავლია, გრძნობა თან დამყოლია. ტირილის სწავლა არ შეიძლება.
ყარაჩოხელი: ბიჭო, ლადუში, მაშ მე ტირილში მარტო ცრემლი მყვარებია, ბიჭო ლადუში, მაშ ის ცრემლები ხარფუხის თავში აშუღებს მოუგონებიათ და მე იმათგან მისწავლია.
მეარღნე: ოცდაათი Qწელი ისე მიცხოვრია,
ოცდაათი სიტყვა არავისგან მისწავლია,
მე არღანზე ისე დამიკრავს,
მუსიკა თვითონ არ დამიწერია.
ყარაჩოხელი: ბიჭო ლადუში, შე უსინდისო, მე შენთან ეს დოქით ღვინო და ესეც აზარფეშა ტყუილად არ მომიტანია, მე ამ ღვინოში შენთან ლაპარაკი მომდომებია, ხმა ამოიღე, სიტყვა მითხარი, რო არა თქვას ყარაჩოხელმა მამაკაცთან იყო, სათქმელი ჰქონდა, გრძნობა ჰქონდა, გული ჰქონდა, სიყვარული ჰქონდა, რო არა თქვას, უკან დაბრუნდა გაწბილებული, უკან დაბრუნდა ხმის გაუცემლად, უსიყვარულოდ, ბიჭო ლადუში, მე ღვინო ტყუილად არ დამილევია, მე ეს გზა ტყუილად არ გამომივლია, მე ეს ცრემლები ტყუილად არ დამიღვრია;
ბიჭო ლადუში, მე ამ გულში სიყვარული მაქვს, გესმის, აი, ეს არღანი შენთვისა მღერის, გესმის, აი, ეს პირი შენთვის ლაპარაკობს, თვრები? ეს ღვინო შენს გულზე იღვრება, ჩემი გზები შენ საფლავთან წყდება.
მეარღნე: ზღვასთან ვინც ფეხით მისულა,
ის უკან დაბრუნებულა,
მთის წვეროდან ვინც უფრთებოდ გადამხტარა,
ის უფსკრულში ჩაჩეხილა.
საფლავთან მისული..
ისევ უკან დაბრუნებულა.
ყარაჩოხელი: ჩემო ლადუში, ძმაკაცს საფლავში ამქვეყანაზე ჯერ არავინ ჩაჰყოლია. მე და შენ ერთ ოსტატთან ვერცხლის ჭედვა ერთად გვისწავლია, მე და შენ ჩვენს შუკაში ერთმანეთი გვიცემია, ბალღობისას წიწამურში ხილით უბეებდავსებულებს მეიდნამდე ყარაული ვერ დაგვწევია.
ზარი რა არი, თუ დახლზე არ გააგორე. ჯანი რა არი, თუ შრომაში არ გამოსცადე. მე და შენ ურო ერთ გრდემლზე გვირტყია, ხელობა გვისწავლია _ რკინა მოგვიღუნია _ ოსტატს ლაპლაპა ხმლების გამოწრთობა აუხსნია, ჩვენ დაგვხსომებია, დოქის ყელები ამოგვისხამს, ტანზე შავი ჩოხები ჩაგვიცვამს, წიგნი წაგვიკითხია, წერილი დაგვიწერია _ გვიცდია და გვისწავლია, ბიჭო ლადუში, გესმის ჩემი ხმა, მე ვტირი მარტო, მგლოვიარე ყარაჩოხელი, ბიჭო ლადუში, ჩვენ სიყვარული არ გვისწავლია.
მეარღნე: მე ქვეყანა მომივლია,
ათი ენა მისწავლია.
დახლში ჩამდგარს,
ფულის დათვლა,
ანგარიში მისწავლია.
ყარაჩოხელი: ბიჭო ლადუში, ჩვენ სიყვარული არ გვისწავლია, ჩვენ სიყვარულში დავბადებულვართ, ჩვენ ყველა საქმეს სიყვარული ჰქვიებია, ეგა ყოფილა ჩვენი ღვინის სმა, ჩვენი ჩხუბი, ჩვენი ამქარი, ბიჭო ლადუში, მე ტირილი არ მისწავლია, მე ცრემლებით დავბადებულვარ და ის ტკივილის დროს დამიღვრია, მე ამ ცრემლებით უშენოდ დარჩენილი ჩემი თავი მიტირია.
მეარღნე: მკვდარ ვაჟკაცს ტირილი არ უნდა, ვაჟკაცს არღანი და არღანზე დაკვრა უნდა, ვაჟკაცს საფლავზე ღვინის დალევა და სიმღერა უნდა.
ყარაჩოხელი: მე აქ სამხიარულოდა ვარ ჩემი ძმაკაცის საფლავზე ამოსული, ამოსული გზას სატირლად გიჟი არ გაივლის. მე ეს ცრემლები იმ სიხარულით მომდიოდა, რომლითაც ჩვენ სიყვარულსა ვგრძნობდი, მაშ მოდი ასე ხელგადახვეულადა ვთქვათ ერთი სიმღერა, ჩემო მეარღნე, სიყვარულის დარდზე ვთქვათ,
აი, მაგ არღნის ხმაზედა ვთქვათ.
მეარღნე
და ყარაჩოხელი
მღერიან: მომისპე იმედი, მომიკვდა გული,
მოვიგონე ბედნიერი წარსული..
ამ მკვდარ გულის სიღრმიდან ამოსული,
ოხვრა ბოძად იქცა, ცას მიებჯინა.
ყარაჩოხელი: /ბრუნდება საფლავისკენ/
ვააახ მე! ლადუში.
/სცენის სიღრმიდან გამოჩნდება გურამი _ პიესის ავტორი. მარცხნიდან შემოდის მარინე/
ყარაჩოხელი: ყველა ცოცხალს დღეგრძელობა. შენ დღეგრძელობა. მოდი, ამ ჩემი მკვდარი ძმაკაცის, სადაც არი, იქ გამარჯვებისა დალიე.
გურამი: ამ აზარფეშით ლადოს გაუმარჯოს _ სადაც არის, იქ კარგად იყოს.
ყარაჩოხელი: ამ მეორე სადღეგრძელოთი, ჩემო მეარღნევ, მოდი, იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც, ვთქვათ, ახლა ჩვენს წინ გაივლის, ჩვენს ავს ნახავს, წავა და კარგს ილაპარაკებს.
მეარღნე: ეს შენ გაგიმარჯოს, ახლად მოსულო.
გურამი: ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ლადოს დამტირებლებო.
ყარაჩოხელი: ლადოს ტირილი არ უნდოდა.
გურამი: მაშ, ლადოს ძმაბიჭებო, მეც თქვენთან ერთად გამიმარჯოს.
ყარაჩოხელი: შენ იცნობდი ლადოს?
გურამი: ვიცნობდი.
ყარაჩოხელი: ეეჰ!.
გურამი: კარგად ვიცნობდი.
მეარღნე: შენ რა კაცი ხარ?
გურამი: მე? მწერალი.
მეარღნე: აშუღი?
ყარაჩოხელი: პოეტი ყოფილა.
გურამი: ჰო, მე ვწერ, ოღონდ ვერა ვმღერივარ.
ყარაჩოხელი: აი, ეს ვერა წერს და მღერის.
მეარღნე: მაშ მოდი, მწერალო, ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც არცა ხნავს და არცა თესავს, მხოლოდ მკის და ისე ცხოვრობს. ეს მე და შენ გაგვიმარჯოს მწერალსა და მომღერალს.
გურამი: ეს ყველა კარგ კაცს გაუმარჯოს.
მეარღნე: ამ ღვინით გაუმარჯოს.
ყარაჩოხელი: მაგ აზარფეშაში ღვინოსთან ერთად ჩასხმულ ჩვენ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენ დარდს.
/არღანი უკრავს, მეარღნე მღერის/
ცოცხალს გამარჯვება უნდა,
მკვდარს კი _ შესანადობარი,
ვაჟკაცს მკლავი უნდა ჰქონდეს,
ქალს _ ხასიათი ამაყი.
გურამი: ჩუ.
/ნელა მოდის მარინა. გურამი წინ გამოდის, ისინი უკან იხევენ. მარინა ვერავის ვერ ამჩნევს, დგება საფლავის თავზე აწურული, მაღლიდან იყურება ქვევითკენ. მეარღნე და ყარაჩოხელი მიდიან, შორიდან ისმის არღნის დაკვრა და ყარაჩოხელის სადღეგრძელო/
ყარაჩოხელი: ესეც ღმერთმა აცოცხლოს ის ხე, რომელიც წყლის პირასა დგას და უწყლოდა ხმება.
გურამი: მარინე!
მარინე: ა! აქ ვინმე არის?
გურამი: აქ მე ვარ.
მარინე: ა, თქვენ?
გურამი: დიახ, მე..
მარინე: მე თქვენ არ გიცნობთ.
გურამი: სამაგიეროდ, თქვენი ტრაგედია ძალიან ახლოს არის ჩემთან, მე მას თქვენზე უკეთ ვიცნობ.
მარინე: რას?
გურამი: თქვენს ტრაგედიას.
მარინე: ჩემს ტრაგედიას? აქ ასაფლავია ჩემი შეყვარებული, მე მოვედი საფლავზე, ეს არის ჩემი ტრაგედია..
გურამი: მე კიდევ უფრო მეტი ვიცი თქვენს შესახებ, ის, რაც არ იცით თქვენ.
მარინე: ის, რაც არ ვიცი მე?
გურამი: ის, რაც არ იცით თქვენ.
მარინე: მე თქვენ არ გიცნობთ.
გურამი: მე შემეძლო თქვენი შეყვარებულის მკვლელისათვის ხელი შემეშალა.
მარინე: ო!
გურამი: მე შემეძლო დანა წამერთვა იმ ბიჭისათვის.
მარინე: ო!
გურამი: მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც ეს შეეძლო, რადგან მე ეს ვიცოდი.
მარინე: ვინა ხართ თქვენ?
გურამი: გურამი.
მარინე: თქვენ ხელი შეუწყეთ მის მოკვლას?
გურამი: არა.
მარინე: არ მესმის..
გურამი: არა, მე ხელი არ შევუშალე მის მოკვლას.
მარინე: ხელი არ შეუშალეთ მის მოკვლას?
გურამი: მე არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას.
მარინე: მე არ მესმის, მე არ მესმის არაფერი, ისევ, ო, ისევ, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემს ტრაგედიასთან ასეთი დიდი კავშირი აქვს.
გურამი: მხოლოდ მე.
მარინე: მე ვკარგავ ყველა გრძნობას და ერთმანეთში იხლართებიან უდიდესი სიძულვილი და სიყვარული, რომ ვხედავ სახეს, ვისაც, ვინც ასე ახლობელია ამ ამბავთან, ჩემს სიყვარულთან. თქვენ, თქვენ არ შეუშალეთ ხელი!
გურამი: მე არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას.
მარინე: რა გინდათ თქვენ, მე ისევ წავედი უკან, მე ვეღარა ვხედავ ვერაფერს, მხოლოდ თქვენი სახე იკვეთება ახლა ჩემს გონებაში. რა გინდათ თქვენ?
გურამი: მე მიყვარხარ შენ, მარინე!
მარინე: ო, მე შემიძლია ამ წამში სიკვდილიდან უდიდეს სიყვარულამდე ყველაფერი გავაკეთო თქვენ მიმართ, რადგან თქვენს მეტს მე ვერა ვხედავ ვერაფერს. რა გინდათ თქვენ?
გურამი: მე მიყვარხარ შენ, მარინე!
მარინე: მე? თქვენ იცით, მე ეს მჯერა და კიდევ იცით, ო, ჩემო ვნებებო, მე ეს მსიამოვნებს, რა საზიზღარი სიტყვაა ეს `მსიამოვნებს~ და თან რა მართალი. აქ იჭრება სითბო და წყნარი ცხოვრების, ოჯახის, ბავშვობის სხივი, ფარული სურვილი ჩემი ვნებებისა. მე ვხედავ ადამიანს, ვინც არა ტყუის. თუმცა, ეს სულერთია, მე ვხედავ ადამიანს, რომელიც ნაწილია ჩემი ტრაგედიის. რა გინდათ თქვენ?
გურამი: მე შენ მიყვარხარ, მარინე.
მარინე: ვინა ხართ თქვენ?
გურამი: გურამი.
მარინე: რა კავშირი გაქვთ ჩემთან?
გურამი: მე პირდაპირი მოწმე ვარ თქვენი ტრაგედიის.
მარინე: რა გააკეთეთ თქვენ მისთვის?
გურამი: მე მას ხელი ვერ შევუშალე, რადგან არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას.
მარინე: რა გინდათ თქვენ ჩემგან, მარინესგან, გოგოსგან, რომელსაც მოუკლეს შეყვარებული.
გურამი: მე შენ მიყვარხარ, მარინე.
მარინე: შენ, გურამ, არ შეგიძლია წინ აღუდგე ბედისწერას?
გურამი: არა.
მარინე: ხედავ ამ დანას, მან მაჩუქა ეს დანა, ამ დანაზე ვფიცავ, შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისი სიყვარულიც მე შემიძლია, თუ შენ მატყუარა არა ხარ?
გურამი: მე შენ მიყვარხარ, მარინე.
მარინე: დამიგდე ყური. ახლა ამ დანით მე მოვიკლავ თავს, გესმის, ნუ გეშინია, შენ ფერი დაკარგე, თუ შენ არა ხარ მატყუარა, თუ შენ არ შეგიძლია წინ აღუდგე ბედისწერას, ვერ შემიშლი მე ხელს და მე ვიწამებ, რომ შენ გიყვარვარ, ხოლო თუ ხელს შემიშლი, შენ იქნები მატყუარა, წვრიმალი ოინბაზი და მე ვიცინებ ზიზღის სიცილით.
გურამი: ო... ო, ღმერთო ჩემო, ო, მარინე, მე არ შემიძლია შენ ხელი შეგიშალო, მე შენ მიყვარხარ, ო ბედისწერა, ო, გამოუვალო ბედისწერა.
/მარინე ნელა იცემს გულში დანას, გურამი აკეთებს მოძრაობას და ხელს ვერ უშლის/.
გურამი: მარინე, მარინე .. მარ_ინე .. ღმერთო ჩემო, ნუთუ, ნუთუ, ო უდიდესო ეგოისტო და რა იყო შენთვის ეს სიყვარული, ნუთუ შენს სხეულზე მაღლა ვერ დადგა, ნუთუ შენ ამჯობინე სჯერებოდა მას შენი სიყვარული, ვიდრე ყოფილიყავი მშიშარა და ახლა ო, ახლა ხარ შენ მშიშარა, წვრიმალი, პატარა ტრაგედიის მქონე ..... ო. აღარა სუნთქავს, სისხლი, სისხლი ჩემს ხელებზე და მე შემეძლო მისი სიკვდილისათვის ხელი შემეშალა, მე ეს ვერ შევძელი .. ჰა? ვერ შევძელი, არა, არა, ვერ შევძელი, არ გავაკეთე, და ისიც მოკვდა, მოკვდა მაშინ, როცა შეიძლებოდა შევყვარებოდი და ეს სიყვარული ყოფილიყო ყველა სიყვარულთა შორის ყველაზე დიდი .. და ნუთუ ყოველთვის ამ მიჯნაზე, თუმცა, ხედავთ, ის უკვე მოკვდა და მე ვდგავარ პირდაპირი ხელისშემწყობი, არა მე ვდგავარ სიგიჟემდე შეყვარებული მასში, ის დანა მიჭირავს ხელში, რომლითაც მან თავი მოიკლა და არა ვტირივარ, არა ვტირივარ? არა, ნუ გეშინია სიმართლის, გურამ, შენ არ იკლავ თავს, ჰა? გეშინია, ო მშიშარა, მშიშარა, გესმით, მე მშიშარა ვარ! მე არ შემიძლია მოვიკლა თავი, რადგან თავის მოკვლისათვის დაბადებულები არიან სხვები, მე კი ო, მშიშარა, ო, მშიშარა, და ვდგავარ უნუგეშო, უნიღბო და ვცახცახებ, ვცახცახებ არა იმისგან, რომ ის აღარ არის, ვინც მიყვარდა, ო, არა, უსინდისო, მკვლელო, შენ ისეთი ეშმაკი ხარ, სხვასაც იპოვი და დაარწმუნებ თავს, რომ ის უფრო გიყვარს. შენ ცახცახებ, შენ კრთიხარ, შენ გეშინია მოიკლა თავი, გეშინია იყო ისეთივე დიდი სიყვარულში .. ო, გარეშემო საფლავებია ხის ჯვრებით, ჩემს წინ დევს, თავისი შეყვარებულის საფლავზე, ჩემი მიზეზით მკვდარი მარინე და არსად, არსად გამოსავალი, ო როგორ მეშინია, როგორ მეშინია ამ დანის, თან არ შემიძლია გადავაგდო ის, მე ვკანკალებ, მე მინდა ტირილი, ცრემლები კი ამოშრნენ, მე მინდა ვიყვირო, ხმა ჩაწყვეტილი მაქვს და მე ვკანკალებ, მე მეშინია თავის მოკვლის. შეენ? შენ თავს არ მოიკლავ, რადგან შენ მშიშარა ხარ და არსად, არსად ამ წრიდან არ არის გამოსავალი. რადგან მე არ შემიძლია, სხვას კი არა, არამედ ჩემს თავსაც კი შევუმსუბუქო რაიმე, რადგან მე არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას, ტირილი კი შემიძლია, მე ცრემლები მაქვს შიშთან ერთად და მე ვტირივარ და ეს ცრემლები არ არის ჩემთვის ნუგეში .. (ტირის. ფარდა) ა .. მე მესმის ხმები.
ხმა შავი: შენ მწერალი ხარ, შენ უნდა წერო როგორ იკლავენ სხვები თავს, ასეთია შენი ვნება.
გურამი: ჩემი ვნება, ჰა? ა, ჰა, ხი,ხი, ხი, გესმით, ხალხნო, გესმით თქვენ ხმა ჭეშმარიტების, ჭეშმარიტების ხმა მანუგეშებლის როლში ჩაცმული ბოროტი სულისგან. ა, ეს მე არა მაქვს ცრემლები, ო ეს მე, მე არ შემიძლია წინ აღვუდგე ბედისწერას, მაშ უყურეთ, მე ვტირივარ, მე ვღრიალებ, ჰო, მე, ვისაც თითქოს დამშრალი ჰქონდა ცრემლები. იტირეთ ჩემთან ერთად, გესმით, მე გთხოვთ არ თანამიგრძნოთ, რადგან, მე მშიშარა ვარ და მხოლოდ შიში მაწერინებს, რომ გავამართლო ჩემი სრული არასაჭიროება, ო, რა ძნელია ამის შეგრძნება. ო, ღმერთო, მოკვდა, ის მოკვდა, მარინე, ოო, ხალხო, მომკალით მე ქვების სროლით, რადგან მე მხოლოდ მისთვის ვარ დაბადებული.~

[1957 წელი. თბილისი. გვიანი შემოდგომა]


თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გურამს უნდოდა პიესის გამოქვეყნება. ცხადია, უარი უთხრეს. არ მახსოვს, მამამ ურჩია თუ მისი იდეა იყო, პიესის მოქმედება გადაეტანა პარიზში.
არქივში ინახება გურამის სახელზე `Дружба народов~ -ის მიერ გამოგზავნილი მოწვევა ჟურნალის პრიზზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დათარიღებულია 1959 წლის იანვრით. ვფიქრობ, პიესის ფრანგული ვარიანტი (იხ. ქვემოთ) გაკეთებული უნდა იყოს სპეციალურად ამ ჟურნალისათვის. გთავაზობთ გურამის საპასუხო ბარათს:
`პატივცემულო რედაქტორო!
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივიღე თქვენი რედაქციის ჩემდამი გამოგზავნილი მოწვევა, სადაც მაცნობებდით, რომ სასურველი იყო მიმეღო ჟურნალის პრიზზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა, სამწუხაროდ, მაშინ ჩემთვის ამ დიდად დამავალებელი თხოვნის შესრულება ვერ შევძელი, მაგრამ იგი არასოდეს არ დამვიწყებია _ გადავწყვიტე რაიმე შესაფერი დამეწერა თქვენი ახალგაზრდული ჟურნალის მკითხველთათვის (რომლის ბეჯითი თვალყურის მადევნებელიც მე ვარ), რაც სულ ცოტა ხნის წინ მოვიყვანე სისრულეში. მე მგონი, დაგაინტერესებთ ნაწარმოებში მოთხრობილი ემიგრანტი ქართველების არასახარბიელო, თავიანთი 1922 წელში აჩქარებისაგან გამოწვეული, ხვედრი.
დიდად ვიმედოვნებ თქვენს ყურადღებას ჩემს ნაწარმოებზე.
პატივისცემით გურამ რჩეულიშვილი.~


არქივში ინახება, აგრეთვე, წინასიტყვაობა ფრანგული ვარიანტისათვის (მხოლოდ მწერლის მიერ ნასწორები ნაბეჭდი ტექსტი):
`რამდენიმე ხნის წინ პარიზიდან თბილისს დაბრუნდა მენშევიკების დროიდან ემიგრაციაში მყოფი ჩვენი ოჯახის ნაცნობი ქალი.
მრავალ საინტერესო ამბავს ჰყვება იგი თავისი თავგადასავლიდან, რომელსაც ძირითად ხაზად გასდევს იმ დიდი სინანულის გრძნობა, რასაც განიცდის 1922 წელში დაშვებული საბედისწერო შეცდომის გამო, რისი გამოსწორებაც მთელი სიცოცხლის საუკეთესო ხანად დაუჯდა მას.
ახლა იგი კვლავ სამშობლოშია. მართალია, უკვე ჭაღარა, გულგაუტეხელი და, თავისივე თქმით, გაახალგაზრდავებული მრავალი წლით საბჭოთა საქართველოს ცხოვრების რიტმისაგან, რომელმაც ახალი ნათელი მიზნების წინ დააყენა უცხოობაში გატარებული ოცდარვა წლის შემდეგ.
ჩვენი ოჯახის ნაცნობი ქალი ემიგრაციაში ყოფნის დროს გათხოვილი იყო ფრანგ გრაფზე. იგი ეკონომიურად უზრუნველყოფილი იყო. მიუხედავად ამისა, ერთი წამით არ შორდებოდა ის უსაზღვრო სევდა თუ სინანული და სიმართლის, ნამდვილის დაკარგვის შეგრძნება, რის ძიებამაც სამშობლოში დააბრუნა იგი.
ამ პიესაში მოთხრობილი ამბავი თითქმის დანახულია მისი საკუთარი თვალით, ამბავი, რომელიც ხდებოდა ემიგრანტ ქართველთა იმ ღარიბ უბანში, რომლის სტუმარიც იყო ხოლმე იგი ფრანგზე გათხოვების შემდეგ.
მე გადავწყვიტე დრამატულ სტილში ამესახა ეს, წინასწარ ვიტყვი, სავსე გაორებითა და სიმწარით ამბავი და მიმეძღვნა თქვენი ჟურნალის ახალგაზრდა მკითხველებისათვის, რომლებიც მთელი შეგნებით მიუდგებიან ამ ნაწარმოების გმირთა ხვედრს და განსჯიან მას.~

მწერლის სიცოცხლეში გადაბეჭდილ პიესის ტექსტში მის მიერვე კალმით ჩამატებულია ცალკეული სიტყვები და წინადადებები ფრანგული ვარიანტისათვის.

ქვემოთ მოგვყავს არქივში შემონახული ცალკეული ჩანაწერი პიესის ფრანგული ვარიანტისათვის.
მოქმედი პირების დასახელებისას ფრანგულ ვარიანტში ქეთოს ამხანაგებს ემატება `მარგო _ ფრანგი ქალი, ისიც ქეთოს ამხანაგი.~ აგრეთვე,`მათხოვარა _ ფრანგი, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი.~
პიესის დასაწყისში აღნიშნულია, რომ `მოქმედება მიმდინარეობს პარიზში, ქალაქის განაპირა ადგილას დასახლებულ ქართველების უბანში.~


ჩანაწერები ფრანგული ვარიანტისათვის:

1. `ცირას ძილის წინ ქეთოს ლაპარაკი ვინმესთან მარინას ბედის და შუკის ბედის შესახებ.
დედა შეიძლება მოვიდეს მისი _ დედის მოგზავნილი ქალი.
ყველაზე მარინას ოჯახის ლაპარაკი.
2. დედა და მარინე.
როგორ გაფუჭდა პატიოსანი დედის ბიჭი / შუკის ბედისწერა.
Марго последняя стерва.
3. მათხოვარს ღამე ესმის ლაპარაკი გარეთ. არ ეუბნება სუსანებს.
4. მარგო _ ფრანგი ქალი.
5. მარინას მონოლოგი.
ცირა (ამაღლებს), ეხმარება, ერევა ბავშვიც გამეორებებით.
მარინა მალავს პოლიტიკურ ამბავს და ტყუის, ვითომ იმ ბიჭს უყვარდა, რადგან სასამართლოს ასეთი ტენდენცია აქვს პოლიტ. ამბისკენ, რომ შეიძლება ის ბიჭი გაამართლონ.
1. პარტიების შეცვლა მოხდა.
2. ბოლოს ქეთო იგონებს პირველ ლაპარაკს უცნობთან, რომელიც შუკაში შეხვდა.
3. მათხოვარა. ბოლო.
ორმა უცნობმა დასცინა ბოლოს: ამ შუკიდან ხარ?
4. ბოლო. ქალების ერთად ლაპარაკი.
შავები.
ბოლო: მარინა, მიდი?
ვარდება ცირას იქით (...)
რადიო: მთავრობის შეცვლა ელ. მილი.~

ნაბეჭდი ტექსტის 45გვ.-ზე, დედას რეპლიკის შემდეგ _ `რა მყუდრო ქუჩაა, რა კარგია სეირნობა..~ _ ჩამატებულია:
`შუკაში წინიდან შემოდის ორი უცნობი და დგებიან ზურგით.
I უცნობი: ო! შენ.
II უცნობი: ა?!
I უცნობი: იცი სადა ვართ ახლა?
II უცნობი: რა თქმა უნდა.
I უცნობი: ჩვენა ვართ ქართველების უბანში.
II უცნობი: ხომ გითხარი, რომ ვიცი.
I უცნობი: აი, იმ ქალს ხედავ, იქით, შავებში, ჩვენს დანახვაზე რომ ზურგით მობრუნდა?
II უცნობი: რა თქმა უნდა.
I უცნობი: ის გიჟი დედაა.
II უცნობი: ეგრეც ვიცოდი.
I უცნობი: იცი, ის...
II უცნობი: ჰო.
I უცნობი: მაგის შვილს დახვრეტა მიუსაჯეს.
II უცნობი: გასაგებია ყველაფერი.
I უცნობი: მე შენ თითქოს ტყუილა გელაპარაკები.
II უცნობი: რა თქმა უნდა.
I უცნობი რა თქმა უნდა, ა?
II უცნობი: შენზე, რა, ქართული უბნის კლიმატმა იმოქმედა?
I უცნობი: ჩემზე?
II უცნობი: ალბათ, მომეჩვენა. უცებ აღელდი და იმიტომ გითხარი.
I უცნობი: შენ არ გშორდება ჩვენი ეროვნული იუმორი.
II უცნობი: შენ სწორი ხარ, როგორც ყოველთვის.
I უცნობი: ჯობია ამ ლაპარაკს თავი დავანებოთ.
II უცნობი: გეთანხმები.
I უცნობი: ეგეც როგორც ყოველთვის?
II უცნობი: რა თქმა უნდა.
I უცნობი: დავანებოთ ასეთ ლაპარაკს თავი.
II უცნობი: დავანებოთ.
I უცნობი: მოდი ვილაპარაკოთ ქართველების უბანზე.
II უცნობი: სამწუხაროდ, ბევრი დრო გვჭირდება, სანამ მაგ გადაწყვეტილებამდე მივალთ ხოლმე.
II უცნობი: სევდა კი ღრუბელივით დაეკიდა ქართველების უბანს, ეს უცებ გეცემა თვალში პარიზის მხიარული ქუჩების შემდეგ.
I უცნობი: ჩვენ ცოტა რამა გვაქვს სადარდებელი, ცუდად თუ კარგად მაინც ჩვენ ჩვენს მიწაზე ვცხოვრობთ.
II უცნობი: ამბობენ, იმათი მიწა სადღაც შორს არის, კავკასიაში, დიდი მთების უკან.
I უცნობი: აქ კი როგორი სწორი ადგილია. ალბათ, ძალიან უძნელდებათ.
II უცნობი: უცნაურია. ჰოდა, ახლა ეს სიკვდილი ასეთი ვაჟკაცის.
I უცნობი: ამბობენ, პოლიტიკური პარტიების ბრძოლაში იყო ჩაბმულიო და ტერორის სახით მოუწყვეს.
II უცნობი: პარიზს ოღონდ მიეცი სალაპარაკო.
I უცნობი: შენ, რა, არ გჯერა?
II უცნობი: რა თქმა უნდა, არა.
I უცნობი: შენ?
II უცნობი: არც მე.
I უცნობი: მაინც რატომ მოხდა ეს მკვლელობა, საინტერესოა.
II უცნობი: განა გაიგებ ქართველების ვნებებს, როდის რა ინთება.
I უცნობი: ყველაფერი სადღაც სიღრმიდან მოდის და შუა გზაზე ჩერდება.
II უცნობი: ცოდოები არიან აქ, მარტო, ვიცი, მაგრამ საცოდაობის გრძნობას არასოდეს არ იწვევენ მაინც.
I უცნობი: ალბათ, ასეთები არიან მათი წინაპრები კავკასიიდან, (გადიან, მოდის წინ დედა)~

ანაბეჭდი ტექსტის ამავე გვერდზე დედის რეპლიკაში ჩამატებულია შემდეგი სიტყვები:
`ღმერთო ჩემო, რამდენი ლაპარაკი უყვართ ფრანგებს, მე თქვენ გეტყვით ერთ საიდუმლოს _ მეც ძალიან, ძალიან მიყვარს ბევრი ლაპარაკი. მოიცათ, ა? ჰო.~

ნაბეჭდი ტექსტის გვ.30-ზე მარინას რეპლიკაში ჩამატებულია:
`მარინა: (აბნეულია, ცდილობს გაიღიმოს) ჰო, (იხედება გარეთ. ლაპარაკობს თითქმის თავისთვის, თავის ლაპარაკში ჩართულ სიტყვებს ვერა გრძნობს, ასე განაგრძობს).
რა მყუდრო შუკაა ჩვენი, მათხოვარაც რომ ასე პირნათლადა ზის ყოველთვის, წინათ სხვა მოხუცებული ქალი პატარა ბავშვთან ერთად, გახსოვს??

ცირა: როგორ არ მახსოვს, ბავშვი ქერა იყო და ყოველთვის ჭუჭყიანი.
მარინე: ჰო, ჩქარა გავიზარდეთ, სულ გუშინ იყო თითქოს, შენ ურიკაში იჯექი, მე გაგორებდი აქეთ-იქით, ზოგჯერ გარეთაც გავდიოდით, დიდ ქუჩაში, ერთხელ იმ ქუჩის იქითა მხარეს ბომბორა ბანტიანი ძაღლი დავინახეთ. არა, შენ დაინახე, მგონი, პირველად, მარტო მინდოდა მისკენ გაქცევა, ისე მომეწონა, მაგრამ შენ ატირდი.
ანა: ცირამ ტირილი იცის? (ამბობს სხვათა შორის)
მარინე: მაშინ მივაწექი ურიკას და სირბილით იქით, სულ მაჩქარებდი და მაჩქარებდი.
ცირა: ჰო,ჰო სულ ჩქარა, ჩქარა.
მარინე: ძაღლის გარშემო კი აუარებელი ხალხი მოგროვდა, ცოტაც და მივიდოდი, მაგრამ უცებ მოსახვევიდან გამოვარდნილი საბარგო მანქანა პირდაპირ ჩვენზე წამოვიდა.
ცირა: ჩემო დედიკო, როგორ გადავრჩით? ..
მარინე: მე გამიკვირდა, შენ დაიყვირე, მართლა სასწაულით გადავრჩით. მანქანამ კი ჩვენს მაგიერ სხვა გაიტანა.
ცირა: პორტფელიანი ფრანგი კაცი.
მარინე: მაღალი, შლიაპიანი კაცი, რომელიც იქითა მხრიდან გადმოდიოდა და ის-ის იყო გვერდზე ჩაგვიარა.
ცირა: მე სულ დავიბენი.
მარინე: მეც ვერ გავიგე, რა მოხდა.
ნანა: მანქანა კაცს დაეჯახა?
ქეთო: მანქანამ კაცი მოკლა...
მარინე: მართლა ვერ გავიგე რა მოხდა, ყველაზე ახლოს კი მე ვიყავი, ის ეგდო, თავის ქალა გადახდილი ჰქონდა, სისხლი არ მოსდიოდა.
ცირა: ო, ჩემო დედიკო ..
მარინე: ხალხმა დაფარა ქუჩა; ბანტიანი ძაღლი საიდანღაც ჩვენთან გაჩნდა, შენ ტიროდი მთელი ხმით, მეც ძალიან შემეშინდა, ტირილი დავაპირე, მაგრამ ბანტიან ძაღლს მოვკიდე ხელი _ გადამიარა _ იმას გრძელი და თბილი ბეწვი ჰქონდა ..
ცირა: მთელი თვით ჩაგვკეტეს იმ ამბის შემდეგ სახლში.
მარინე: ჰო, მთელი თვით.
ცირა: მარინე! რა კარგად გახსოვს შენც ის ამბები, სულ ექვსი წლისები ვიყავით მაშინ.
ანა: მე უკვე რვა წლისა ვარ.
მარინე: /ლაპარაკობს სულ თავისთვის/
ჰო, ექვსის. შემდეგ წელს მე დავიწყე სკოლაში სიარული, საღამოს მომქონდა ჩაწერილი გაკვეთილები და ერთად ვსწავლობდით, ყოველთვის ჩემზე ადვილად იხსომებდი ყველაფერს.
ცირა: ახლაც მახსოვს ის ლექსები.
მარინე: ოი, რა უნიჭო ვიყავი, წარმოგიდგენია მუსიკაზე სიარულიც კი მეზარებოდა.
ცირა: ოი, როგორ გეჩხუბებოდა საწყალი დეიდა იულია.
მარინე: ეგ პირველად, მერე შემიყვარდა, ზოგჯერ ექვს-შვიდ საათს ვუკრავდი _ სკოლის გაკვეთილებსაც კი... მავიწყებდა. ეჰ, ისე მომინდა ახლა კარგად ვუკრავდე, სიამოვნებით გავატარებდი ფორტეპიანოსთან მთელ დღეს, ვერ წარმოიდგენ, რა სიამოვნებით შევასრულებდი რახმანინოვს.
ცირა: საწყალი დეიდა იულია... ეცოცხლა, შენ არ გაანებებდი მუსიკას თავს.
/უნდა, რომ მარინემ მეტი ყურადღება მიაქციოს/

ნაბეჭდი ტექსტის გვ. 21, ცირას რეპლიკის შემდეგ _ `დედა ჯერ არ მოსულა~ _ ჩამატებულია ფრანგული ვარიანტისათვის:
`/შუკის სიღრმიდან ფეხაკრეფით მოდის ქალი, ჩაცმული უკანასკნელ მოდაზე, ფრანგულად, შავი ვუალით, არავულგარულად. ის ჩერდება მარინეს კედელთან და იძახის იქიდან/.
უც. ქალი: ქეთო!
/სიჩუმეა.
ქეთო გამოდის გარეთ. ისინი მიდიან ერთმანეთისაკენ და სიბნელეში მათი ნახევრადჩურჩული მკვეთრად ისმის- სასურველია მუსიკის ფონზე/
უც. ქალი: გახსოვარ მე კიდევ, ქეთო?
ქეთო: როგორ არა, დარეჯან.
უც. ქალი: მე ისე დიდი ხანია გადავედი შუკიდან.
ქეთო: შენ კარგად გათხოვდი, დარეჯან.
უც. ქალი: ჩემი ქმარი არის ფრანგი.
ქეთო: ჰო, ვიცი, ფრანგი გრაფი.
უც. ქალი: გრაფი, ოღონდ მაინც ფრანგი, მისგან მე სამი ვაჟი მყავს და სამივენი ფრანგები არიან, ეს ფრაზა თითქმის სასაცილოა, არა?
ქეთო: ჰო, სასაცილო.
უც. ქალი: მაგრამ სწორია.
მახსოვს ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენ ვოცნებობდით კარგ ცხოვრებაზე.
ქეთო: შენ აგიხდა ოცნება, დარეჯან.
უც. ქალი: ჰო, ამიხდა, მე თითქმის მიყვარს კიდეც ჩემი ქმარი.
ქეთო: ჰო, ის კარგი კაცია.
უც. ქალი: მაგრამ ის მაინც ფრანგია.
ქეთო: მე გადავეჩვიე კიდეც მაგის გარჩევას.
უც. ქალი: ჰო, თქვენთვის ადვილია, ყველა ქართველი ერთად ცხოვრობთ.
ქეთო: მაგ მხრივ ადვილია.
უც. ქალი: მე კი სულ ფრანგებში ვტრიალებ, ვერ წარმოიდგენ რა კეთილი და კარგი ხალხია მთელი ჩემი ქმრის ნათესაობა.
ქეთო: ჰო, ჩვენ ყველანი უზომოდ მადლობლები ვართ ფრანგების, სუფთა ხალხია რაღაცნაირი.
უც. ქალი: შენ იცი, ქეთო .. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ ღამით, როცა ქმარი იძინებს _ მას ყოველთვის ზედმიწევნით სუფთად სძინავს, რაღაცა არ მაძლევს საშუალებას მეც დავიძინო ... რაღაცა უცნაური დიდი, უფორმო სევდა იპარება ჩემთან.
ქეთო: ჩემო დარეჯან!
უც. ქალი: ეს სევდა მდევს ყველგან ... და მაშინ მთვარეულივით ვდგები, დავდივარ ჩემს უზარმაზარ ოთახებში.
ქეთო: ბავშვები?
უც. ქალი: მე ხომ გითხარი, ისინი მაინც ფრანგები არიან, მე კი ისევ ისე ძალიან მიჯდება ეს სევდა სხეულში და ისე მეწევა, მეწევა როგორც მთვარეულს მთვარე და მოვდივარ ამ უბანში.
ქეთო: ჩვენს ღარიბ უბანში.
უც. ქალი: ეს უცებ მეცემა ხოლმე თვალში და მე რაღაც სევდიანი და თბილი მაწვება გულზე აქ მოსვლისას, ხანდახან ცრემლებიც კი.
ქეთო: დარეჯან..
უცნობი ქალი: იცი რა სევდას მოვყევარ მე აქეთ. ო, ძნელად გამიგებ შენ ამას, ქეთო, ეს ფიზიკური სევდაა ქართველ კაცზე.
ქეთო: სადღაც იხატებიან ბუნდოვნად კავკასიონის მთის სილუეტები და ქრებიან.
უც. ქალი: ეს სევდა კი იზრდება.
ქეთო: ახლა კი გიოს სიკვდილიც.
უც. ქალი: მაგ ამბავმა მომიყვანა მე აქ, მე აღარ შემეძლო იქ გაჩერება.
ქეთო: ჩემო დარეჯან.
უც. ქალი: ჩემო ქეთევან.
ქეთო: ღმერთო ჩემო, შენ გახსოვს იულია, გიოს დედა?
უც. ქალი: ის ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო.
ქეთო: რა უცებ მოხდა ყველაფერი და რა დიდხანს გრძელდება ახლა.
უც. ქალი: როგორ მოხდა ის, ქეთევან?
ქეთო: მე მოგიყვები, ოღონდ აქ რატომღაც მიძნელდება.
უც. ქალი: ჰო, გავიაროთ იქით.
ქეთო: იქით მეტი სიმხიარულეა და უფრო ადვილია დარდზე ლაპარაკი. /..გადიან./~
`ნატა: ნუ გეშინია, იმას უეჭველად დახვრეტენ.
ქეთო: რა, რამე ახალი და სარწმუნო იცი შენ?!
ნატა: ჰო.
ქეთო: მკვლელობის შესახებ?
ნატა: ჰო, ჰო ...
ქეთო: საიდუმლოა?
ნატა: საიდუმლო? რა?
ქეთო: ისევ ... პარტიიდან?
ნატა: ჰო. 200-მდე კაცმა მოაწერა ხელი მკვლელის დახვრეტის მოთხოვნას.
ქეთო: მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია პარტია?
ნატა: უბრალოდ, გული სტკივათ თავის კაცზე.
ქეთო: მერე როგორი ბიჭი იყო .. გასაგებია.
ნატა: ალბათ, შენც ხელს მოაწერდი, იმ პარტიის წევრი რომ იყო.
ცირა: აღარ გინდათ მაგაზე ლაპარაკი,…ისე ახლოს იყო ის ბიჭი ჩემთან.
ქეთო: რა თქმა უნდა, მოვაწერდი. შენ?
ნატა: მეც, აბა რა.
/ცირა ნახევრად ბრუნდება კედლისკენ, იყურება ჭერში და თითქმის ყურს აღარ უგდებს მათ ლაპარაკს/
ქეთო: არაფერი, არაფერი არ ისმის კარგი გარეშემო ..
ნატა: კარგი? შენ ვერ იგებ კარგს.
ქეთო: შენ, რა, რამე იცი კარგი?
ნატა: რა თქმა უნდა, ჩვენი ქართველი, იცნობ შენ იმ ქალს კარგად, ბუაძე, თხოვდება ფრანგ გრაფზე, წლიური შემოსავლით 111000 ფრანკი.
ქეთო: ფრანგ გრაფზე?
/ქეთოს ბოლო სიტყვებისას დაუკაკუნებლად შემოდის მარგო/
მარგო: ფრანგი გრაფი, ოჰო! ქეთო, დროა, არ მოდიხარ?
ქეთო: ჯერ არა, დასვენების შემდეგ წამოვალ, ცირას კაბა უნდა გამოვჭრა /ათვალიერებს ნატას მოტანილ მოდების ჟურნალს/.
მარგო: რა გვარია ის შენი გრა-ფი?
ნატა: ლედორონი.
ქეთო:შეუძლებელია.~


შექმნის ისტორიისათვის:

ჩვენ ვცხოვრობდით კალინინის (ახლანდელი ჯავახიშვილის) და რენინგერის (ახლანდელი კიტა აბაშიძის) ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე კუთხის სახლში. სახლი ეკუთვნოდა საშიკო ორბელიანს, მეუღლეს მარიამ ორბელიანისა, რომელსაც ძალიან ბევრი ნათლული ჰყავდა და ამის გამო მეტსახელად `ნათლიკოს~ ეძახდნენ. ამ სახლში ზედსიძეებად შევიდნენ ივანე ჯავახიშვილი _ ანასტასია ორბელიანის მეუღლე და კიტა აბაშიძე _ თეკლე ორბელიანის მეუღლე. პირველ სართულზე `დროებით~, ვაკეში ჩვენი სახლის მშენებლობის დამთავრებამდე (ჩამოგვართვეს ბოლშევიკების შემოსვლისთანავე), დასახლდა ბებოჩემის, ალექსანდრა ჯავახიშვილის (ივანე ჯავახიშვილის დის) ოჯახი. (აღსანიშნავია, რომ მარიამ და საშიკო ორბელიანები ნამდვილი ქართული, შეიძლება ითქვას, თავადური პატივისცემით და სტუმართმოყვარეობით იღებდნენ ნათესაობას საცხოვრებლად არცთუ ისე დიდ სახლში (`ნოეს კიდობანში~, როგორც ძია ლალი ჯავახიშვილმა მითხრა) და, როგორც ნათესაობაში იყო ცნობილი, არც არავინ ეზედმეტებოდათ. ამავე სახლში ცხოვრობდნენ, აგრეთვე, ბაუკა და პეტრიკა წერეთლები, რომელნიც 1924 წელს გადაასახლეს. (აქვე მინდა მოვიგონო ერთი ამბავი, რის შესახებაც ჩვენი უფროსებისაგან გამიგონია: საშიკო ორბელიანის დედას თავისი სასძლოსათვის პირის მოსაკითხად, უჩუქებია ატენი, ცხადია, თავისი ტაძრით, სიონით. შემონახულია ივანე ჯავახიშვილის წერილი, სადაც ის შეწუხებული წერს მარიამ ორბელიანს, რომ ატენი საშინელ მდგომარეობაში დაუხვდა და ვინაიდან ოჯახი ვერ შეძლებდა მის მოვლას, ჯობდა გადაეცათ სახელმწიფოსათვის). ცხადია, იმავე უბანში იყო ჩვენი სკოლებიც და იქვე ცხოვრობდნენ ჩვენი ამხანაგ-მეგობრები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ლარსის ქუჩაზე გადმოსვლის შემდეგ (ჩემი ძმა, მაშინ უკვე მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი იყო) ბუნებრივია, ხშირად დავდიოდით ხოლმე მათთან სტუმრად. ერთხელაც გურამს გვიან საღამოს, ალბათ, გზად ჯავახიშვილ-აბაშიძეებისაკენ, კალინინის ქუჩაზე მდებარე ბაღთან დაეწია იმუბნელი ბიჭი და უთხრა: ბაღში ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გასარჩევად იკრიბებიან ბიჭები, ამ საქმეს შენთან კავშირი არა აქვს და თუ გინდა შარს არ გადაეყარო, დროზე გაეცალე აქაურობასო. როგორც ჩანს, გურამი მაინც არ წავიდა და გადაწყვიტა შორიდან ედევნებინა თვალი. მისი ნაამბობიდან, დაახლოებით, ასე მახსოვს: ძალიან მალე ბაღი აივსო რუსთაველელი და პლეხანოველი ბიჭებით და მერე ყველაფერი წამებში მოხდა. ლადო ქოქიაშვილი (რუსთაველელების ლიდერი) პირისპირ დარჩა ერთ-ერთ ბიჭთან, პლეხანოველ ჰასანასთან, მერე უეცრად შეტორტმანდა და დაეცა. შემდეგ ჰყვებოდნენ, რომ ჰასანა ლადოს ადრე ნაცემი ჰყოლია ერთი თავისუბნელი მკერავის გამო, რომლისთვისაც იმას არ გადაუხდია ფული. ჰასანას, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებით ლადოს ბევრად ჩამორჩებოდა, ლადოსთვის უთქვამს: სადაც დამარტყამ ხელს, იქ დაგარტყამ დანასო. ლადოს ხელუკუღმა მსუბუქად მიურტყამს მუცელზე ხელი. ჰასანამაც შეასრულა დანაპირები და დანა მუცელში გაურჭო. ამბობდნენ, რომ პლეხანოველები დანებით დახვდნენ მოსულებს და ბაღი ლადოს წაქცევისთანავე დაცარიელდა. გურამი, თურმე, მაშინვე მივარდა ლადოს, წამოაყენა, ხელში აიყვანა და პირველივე შემხვედრი მანქანით გააქროლა მახარაძის ქუჩაზე ოთარ რჩეულიშვილთან (მამას ბიძაშვილი, იმ დროს ცნობილი ექიმი_ინფექციონისტი). ძია ოთარმა მითხრა: ერთ საღამოს სტუმრები მყავდა. უეცრად მოვარდა გურამი და ქვევით ჩამიყვანა. მანქანაში სისხლით მოსვრილი ახალგაზრდა იჯდა. გავაგზავნე კამოს ქუჩაზე სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში.
ლადო ქოქიაშვილს გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მშობლებს მიულოცეს, გურამი დამშვიდებული წამოვიდა სახლისკენ. ეს იყო 1957 წლის 26 მაისი (ნახე, აგრეთვე, ტომი 1, შენიშვნები `უღელტეხილისათვის~).

კოკა იგნატოვის მოგონება:

1957 წლის შემოდგომაზე კამოს ქუჩაზე გამიკეთეს ბრმა ნაწლავის სასწრაფო ოპერაცია. მარტო ვიწექი ექვსკაციან პალატაში. საღამოს დედა იყო ჩემთან, მითხრა: ლადო ქოქიაშვილი შემხვდა, ხვალ აპირებს შენ სანახავად მოსვლასო. დედა წავიდა, მაგრამ ოთახიდან გასვლის შემდეგ მალევე დაბრუნდა. თურმე, დაუნახავს, რომ ლადო ქოქიაშვილი საკაცით მიჰყავდათ საოპერაციოში. საოპერაციოდან გამოყვანის შემდეგ ლადო ჩემს ოთახში დააწვინეს ერთ საწოლგამოტოვებით. ექიმმა მითხრა, ყველაფერი კარგად არის, გავიგე, მეგობრები ყოფილხართ და ხვალ უკვე შეგიძლიათ მთელი დღე ილაპარაკოთო. ოპერაციის შემდეგ ლადოს ჯერ ეძინა, ნარკოზის ქვეშ იყო. მერე დაიწყო ბორგვა, მამას ეძახდა, შემოვიდა მამა. ლადოს დაეწყო კრუნჩხვები. უცებ ყველაფერი აირია. ოპერაციიდან საათ-ნახევრის შემდეგ ლადო გარდაიცვალა. გაირკვა, რომ ქირურგს მუცლის ღრუში ჭრილობის უკანა მხარე გასაკერი დარჩა და ლადო სისხლისაგან დაიცალა.
ნუგზარ წერეთლის გადმოცემით (იხ. წიგნი `მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ~), საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ გურამმა ცოტა დალია. გვიან საღამოს ნუგზარი და გურამი დათო ღოღობერიძესა და მამასთან ერთად ბრუნდებოდნენ სახლში. კიროვის ბაღთან მათ ვიღაცამ შეატყობინა ლადოს დაღუპვის ამბავი. გურამი, თურმე, უცებ მოსწყდა ადგილს, გადაახტა რკინის ღობეს, ცოტა გაიქცა, მერე მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა..

ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ, რომლის უნებლიე მოწმეც შეიქნა ჩემი ძმა, ვფიქრობ, დააჩქარა გურამის სულიერი ცხოვრების ისედაც საოცარი სისწრაფით წინ მიმავალი პროცესები. ამ მკვლელობამ სხვადასხვანაირი ტრანსფორმაცია განიცადა მწერლის მომდევნო შემოქმედებაში (`ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა..~, `ირინა და მე~, `იულონი~ და სხვ.) და, შესაძლებელია, პირველი სერიოზული ბზარიც კი შეიტანა მის დამოკიდებულებაში ხელოვნების მიმართ (იხ. კომენტარები მოთხრობისათვის `ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა..~ ტომი 2.). ყველაფერი დაახლოებით შეიძლება ისე წარმოვიდგინოთ, როგორც დაწერილია `იულონში~:

`დიდი ბობა: მეც ვიტყვი, კაცის სიკვდილით გახარება იქნება, კაცო?
სულხანი: გიხაროდეს კაცის სიკვდილი?!
გურამი: მე არ მეგონა, თუ ასე გაგიკვირდებოდათ ეს ამბავი.
ჯიმშერი: რა ამბავი, გურამ?!
გურამი: რომ მე ოდნავ მიხარია კაცის სიკვდილი.
ჯიმშერი: შენ სისულელეს ამბობ, გურამ.
პატ. გურამი: შენ მაგაში დარწმუნებული ხარ?
სულხანი: უფრო მეტიც, უფრო მეტიც.
გურამი: რა უფრო მეტი?
სულხანი: შენ არა ხარ კარგი ადამიანი.
გურამი: სულხან, ნუ ღელავ, შენც გსიამოვნებს ცოტა ეს სიკვდილი, არა?
სულხანი: იცი, მე ყოველთვის გულში ვფიქრობდი, რომ შენ ასეთი ხარ...
გურამი: საინტერესო აზრები გქონია დამარხული. აბა, კიდევ გაქექე, იქნებ იპოვო, რომ მე მოწოდებით მკვლელი ვარ.
სულხანი: შენ უსინდისო ხარ.
გურამი: რაც შეეხება მაგ მუხლს _ მე მხოლოდ მწერალი ვარ, ამიტომ მიხარია კაცის სიკვდილი, მერე დავწერ ამის შესახებ.~

მახსოვს, ამ მკვლელობიდან ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ შუშაბანდში ვისხედით. მგონი, გურამი ვარჯიშობდასავით სკამით, რომელსაც გირების მაგივრად სწევდა ხოლმე ზევით, თან ვლაპარაკობდით. ვლაპარაკობდით ლადოს მკვლელობაზე, მარინა მაჭავარიანზე (ამბობდნენ, რომ ლადოს და მარინას უყვარდათ ერთმანეთი) და ამის შემდეგ განვითარებულ ამბებზე. რას? როგორ? ზუსტად არაფერი მახსოვს. რატომღაც უეცრად ვთქვი: `ლადოს შემდეგ მარინასათვის, ალბათ, ყველაზე ახლობელი მისი მკვლელი უნდა იყოს. მარინასი რომ ვიყო, ჰასანას სიკვდილს, დახვრეტას არ ვინდომებდი, მაგაზე ახლობელი ახლა მას არავინა ჰყავს.~ (სხვათა შორის, თითქმის ზუსტად იგივე სიტყვებია დაწერილი პიესაში მარინას ხმებთან გასაუბრების ეპიზოდში: `გინდა ახლა რომ ეგეც მოკვდეს, ეგ ერთიღაა, ვისაც ასე ახლო იცნობ, ვისზეც ამდენს ფიქრობ, როგორც კაცზე, როგორც ცუდ კაცზე, ოღონდ მაინც კაცზე, არა?~). ჩემი სიტყვები დამამახსოვრდა მხოლოდ გურამის რეაქციის გამო. მახსოვს, უეცრად ის თითქოს ყალყზე შედგა, ნესტოები დაებერა, ვიგრძენი, რომ ჰაერში დაეკიდა `ნადირობის~ სიტუაცია, როგორც არაერთხელ ჩვენი საუბრისას (`არიელ! ჩუ, ისინი ღმუიან, მაშ დაე, ნადირობა იყოს ნამდვილი~ _ მოთხრობა `ნადირობის~ ეპიგრაფი). ჩვეულებრივი, ისე წამოსროლილი სიტყვები, შეიძლება სულაც გურამისაგან პროვოცირებული, გახდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, შეიძინა არსი, განზოგადდა, თან ამავე დროს თითქოს დაკონკრეტდა კიდეც. გურამი, მგონი, ოთახში შეიკეტა, შეიძლება სულაც სახლიდან წავიდა, არ მახსოვს. მთავარი იყო, რომ ლაპარაკი შეწყდა და მე მოულოდნელად მარტო აღმოვჩნდი (მკითხველს გავახსენებ, აგრეთვე, ერთხელ ჩემს სრულიად უაზროდ ნათქვამ სიტყვებს: `გავიზრდები და შურს ვიძიებ შენზე~, განაწყენებულმა, უეცრად რომ მივახალე უფროს ძმას, როდესაც დავრწმუნდი, რომ მასთან რაღაც ჭიდილში დავმარცხდი. ამას მოჰყვა მაშინაც გურამის სრულიად მოულოდნელი, უსიტყვო რეაქცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც `იულონში~: `ის უხმოდ მიტრიალდა და წავიდა~ (იხ. ტომი 3, `შაშას რევოლუციის~ კომენტარები).
ვფიქრობ, გურამი ამ ტრაგედიას მარინას კუთხით პირველად ჩემი სიტყვების შემდეგ მიუტრიალდა.
მწერლის შემოქმედებაზე ხანგრძლივი დაკვირვებისას გამოიკვეთა მხოლოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი ძმისათვის შურისძიების თემა, რაც, ფაქტობრივად, ამ პიესით იწყება (`შურისძიება იწყება~, `მარინა~,Gგვ.25). `მარინას~ შემდეგ შურისძიებაზე ფიქრი გურამის თითქმის ყველა ნაწარმოებს გასდევს, ხან როგორც ძირითადი სიუჟეტის წარმმართველი და ხან როგორც ფონი, ქვეტექსტი სხვადასხვა ჩართული ამბების თხრობისას. შემოქმედების საშუალებით გურამი თითქოს ცდილობს გაერკვეს თვითონ მოვლენის, `შურისძიების~, არსში და ამ გარკვევისას ყველა ნაწარმოებში ხდება ერთი და იგივე: გამოვლინდება შურისძიების ცნების პირობითობა და გვირგვინი ეხდება `მტრის ხატის~ ცნებას, საერთოდ, რადგან ირკვევა, რომ ის `სხვა~, ვისზეც შენ შურს იძიებ, ხარ შენ თვითონ (ამ მოტივის კულმინაციაა გურამის ბოლო დაუმთავრებელი ტრაგედიის, `სურამის ციხის,~ სიუჟეტი. იხ. ამავე ტომში).
ლადო ქოქიაშვილის მკვლელობა საფუძვლად დაედო პიესა `მარინას~ ფაბულას. ჩემი ისე ნათქვამი სიტყვები კი, რომელთაც, ალბათ, არავითარი დატვირთვა არა ჰქონდათ მაშინ, გარდა იმისა, რაც ზედაპირზე იდო, როგორც ჩანს, შეეხო ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ სიღრმეებს და მოიცვა მთელი ნაწარმოების სივრცე. შურისძიება შეიქნა პიესის, როგორც ძირითადი სიუჟეტური ხაზის, ისე პიესაში ჩართული სხვადასხვა სიუჟეტური ხაზების _ მათხოვრის, ბოშების, მეზღვაურთა ისტორიების წამყვანი მოტივი (აღსანიშნავია, რომ მარინას შურისძიებას თავისი შეყვარებულის მკვლელზე კვებავს, ამხნევებს და წარმართავს გიოს სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები, თითქოს ანდერძად და სამოქმედო გეგმად რომ დაუტოვა მას: `იმას ვდარდობ მხოლოდ, რომ სამაგიეროს ვეღარ გადავუხდი ~).
მარინას სულიერი ევოლუციისას, აგრეთვე, რეტროსპექტული ამბების თხრობისას, ვლინდება შურისძიების პრინციპული შეუძლებლობა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შურისძიება შურისმაძიებელსავე უბრუნდება უკან და ხდება მისი მომავალი გაუკუღმართებული ცხოვრების საფუძველი (`ეგ შურისძიება არ მოგასვენებს შენ ყველაზე მეტად~, `ნუთუ ეს არის შურისძიება, რომ უარესად ვეწამო~ `... ოჰ, როგორ დავიღალე, აღარ მინდა არაფერი, დამასვენეთ, გესმით? იძინე, მარინა! დაისვენე, ჩვენო საყვარელო, ჩვენ ნანას გიმღერებთ, არ გინდა? აბა, მარტო ხომ არ დაგტოვებთ, ახლა ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის, საცა შენ, იქაც ჩვენ.~ `მარინადან~). `არაკაცი~, `მკვლელი~ (`იცი ვინ მოკლა? ვიღაცამ, ჰო, ვიღაცამ, ცხოველმა, არაკაცმა~), თურმე ჩვეულებრივი ადამიანი, რაღაც წუთებში უნაზესი გრძნობებით ივსება და ირკვევა ისიც, რომ მკვლელის დედა, გიჟი დედაც, მხოლოდ დედაა და სხვა არაფერი.

ამონაწერი დღიურიდან:
`ნუთუ წმინდანები არიან ყველანი, ცოდვილებიც კი!~

ერთი შეხედვით ჩამოყალიბებულ ფორმაში ყოველთვის ჩნდება ბზარი, რაც უბიძგებს ადამიანს ამ ფორმის დაძლევისაკენ, რადგან შიგ ვეღარ ტევს ის დარჩენილ გრძნობას (`იულონში~ ეს თან სდევს ყველა მოქმედ პირს და პიესის მხატვრული ქსოვილის განუყოფელი ნაწილი ხდება. იხ. აქვე შენიშვნები `იულონისათვის~). ყველა შურისძიებას პიესაში მოსდევს სინანული და შურისმაძიებელში მოულოდნელად ამოტივტივებული სიყვარული ადგილს აღარ ტოვებს მასში სხვა გრძნობისათვის.

ამონაწერები დღიურებიდან და ჩანაწერებიდან:
`არა ისე, როგორც კლასიკოსებთან _ კარგი სულ ბოლომდე კარგია, ცუდი _ ცუდი.~
`სასამართლოში მარინა სულ ბოლომდე შურისმაძიებელი ჰგონიათ!~

მარინას სულიერ ევოლუციაში, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს გზის გაწმენდას მისივე გულის სიღრმეებისაკენ (`ჩვენ, ეხოები, ვამბობთ იმას, რაც არის გულის სიღრმეში~, `ეხოები ვართ იმისათვის, რომ ადამიანის მზერა გადავიტანოთ ზედაპირს იქით~), ვლინდება ყველაფერი ის, რაც შურისძიების შესახებ ითქვა ზემოთ. ამ გზაზე მარინას ეხსნება სულიერი, თითქოს `იქითის იქით~ ხედვა. ის ეზიარება იმ სამყაროს, სადაც საერთოდ არ არსებობს შურისძიება. ამას მოწმობს გიოს უმადური ლანდი, რომელიც, თითქოს რაღაცით შეურაცხყოფილი, უკმაყოფილო, ზურგს შეაქცევს თავის შეყვარებულს, თითქოს აღარ უნდა მისი სიყვარულის მიღება (`ო, რა უმადურია მკვდარი ადამიანიც კი, შენ ამდენი იწვალე, რა არ ქენი, ის კი როგორ გიყურებს. მიდი, აკოცე, ო, უმადურო ლანდო, ბრუნდები იქით, არ იღებ შენ სიყვარულს, ახლა აღარ გინდა, რა, მარტო წოლა გერჩია?! ჩვენ აღშფოთებულები ვართ, ხმები, ო, უმადურებო.~) მარინა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებულის სული მიანიშნებს შენდობაზე, რაც სრულიად განსხვავდება მათხოვრის სულ ცოტა ხნით ადრე ნათქვამი სიტყვებისაგან _ `ვგრძნობ, რომ მსხვერპლს მსხვერპლი მოჰყვება ზედვე, არ მოისვენებს იმ ბიჭის სული.~ ის მოულოდნელად ხვდება იმასაც, რომ გზა შენდობისაკენ მხოლოდ მსხვერპლის ცნებაზე გადის.
შავ ავტოგრაფში არის გიოს მკვლელობის ეპიზოდი, საიდანაც ირკვევა, რომ ამ მკვლელობას შურისძიებათა ჯაჭვი ედო საფუძვლად.გიოს ხასიათი წააგავს ლადო ქოქიაშვილისას და, საფიქრებელია, მათი მკვლელობის რეალური მიზეზიც ერთია _ შურისძიება. ეს ეპიზოდი თეთრში ამოღებულია (იხ. აქვე `თეთრი და შავი ვარიანტების შედარებისას~).

ასე რომ, ნაწარმოების ძირითადი აზრი საკუთარი სულის სიღრმეების ძიებაა. ალბათ, სწორედ ამის გამოხატვა უნდოდა გურამს შავი ვარიანტის სათაურით: `აცადეთ სიყვარული მარინას~, ე.ი. აცადეთ ბოლომდე ჩაჰყვეს თავის გრძნობებს, რადგან მაშინ ამოტივტივდება მხოლოდ ადამიანის გულის სიღრმეში ჩამალული უნარი ჩაიტიოს ყველას სიყვარული, მათ შორის მტრის სიყვარულიც კი. პიესის ბოლოსათვის მარინაში, შინაგანი ხმის გაღვიძების შემდეგ, ადგილი აღარ რჩება შურისძიებისათვის. ყველაფერი ემორჩილება თითქოს ქრისტიანულ სიყვარულს, რომლის საფუძველშიც მსხვერპლის ცნება დევს (სხვათა შორის, `მსხვერპლზე~ ლაპარაკია ამ პიესისათვის გაკეთებულ ჩანაწერებში). ეს სათაური გურამმა მისთვის ჩვეული იუმორით გააბიაბრუა: `დავარქმევდი `აცადეთ სიყვარული მარინას,~ ოღონდ მეშინია, არ ეგონოთ `მიეცით ქმარი ანნა ზაკეოს~). აქვე მინდა შევჩერდე გურამის მიერ შერჩეულ და ასევე მის მიერვე უარყოფილ პიესის მეორე სათაურზე, თავისი კომენტარით: `მეზღვაურები პორტში _ ზედმეტად სიმბოლურია~. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი განცხადებები ბუნებრივია მწერლისათვის, რომელიც, მისთვის ჩვეული დამოკიდებულებით სიმბოლურობისადმი, არჩევს ყველაფერი გადაიტანოს სიღრმეებში, ამოცნობა არამოცნობის ზღვარზე. გურამის მიერ შემოთავაზებულ სათაურებში (იხ. ნაბეჭდი ტექსტი) ჩანს, რომ ნაწარმოების არსი ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება გაიხსნას.

იყო კიდევ ერთი რაღაც, რაც, ცხადია, ისევ ზემოთ მოყვანილ აზრებთანაა დაკავშირებული და ასევე მოიცავს მწერლის მთელ ცხოვრება-შემოქმედებას: ეს არის გურამის რწმენა ადამიანთა შინაგანი, სიღრმისეული ერთიანობისა ყველა შემთხვევაში, როგორი შეუძლებელი, წარმოუდგენელი და პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს ეს ერთი შეხედვით. როგორც ჩანს, ამის ყველაფრის მიმნიშნებლად მიიჩნია მან მაშინ ჩემი ისე წამოსროლილი სიტყვები. ყველაფერი მისაღები იყო მისთვის, რაც ადასტურებდა ერთი ადამიანის შინაგან ლტოლვას მეორისადმი და შურისძიების, მტრობის, სიძულვილის გრძნობის ზედაპირულობას.

ამ პიესაში არის კიდევ ერთი მომენტი, რაც მწერლის შემდგომ შემოქმედებაში სხვადასხვა ფორმით იჩენს ხოლმე თავს: ყველა სხეული ერთნაირად ვარგისია სულის ამაღლებისათვის. აქ ჩანს, ისე როგორც შემდეგ `შაშას რევოლუციაში~, თითქოს ნაკლული სხეულის უპირატესობაც კი სულიერი წინსვლის გზაზე (`შაშა შეიძლება სულაც იმით სჯობდა სხვებს, რომ იყო ჩოლახა. რაც უფრო მეტი ჩოლახა იყო, მით უფრო~). ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ გურამმა დაიწყო მარინათი, ანუ შურისძიებით. ცირას მნიშვნელობა მისთვის, შესაძლებელია, გასაგები გახდა მხოლოდ წერის პროცესში. კუტი გოგო ცირა, თავისი ავადმყოფობის გამო, თითქოს უკვე არის ის პიროვნება, საითკენაც მიდიან სხვა პერსონაჟები. ამის თაობაზე წერდა გურამი როგორც ოდესის დღიურში, ისე თბილისში დაბრუნებისას.
`…ამ წამში პირველად დავფიქრდი, მიყვარს თუ არა ჩემი გმირები. ჯერ ისე არა. მიყვარს ცირა და კა და კო, ახლები: სხვები კარგა არ მესმის. ჯერ ისინი ბატონობენ ჩემზე და არა მე იმათზე.~ (ოდესის დღიურიდან)
`გუშინ ვიყავი მანანასთან, .. გაარჩია ჩემი პიესა. საოცარია, ჩემების გარდა, ვერავინ ვერ ხედავს ცირას. ამ დროს ცირაა მთავარი~ (თბილისის დღიურიდან).
ამავე ტიპის გმირების რიგს მიეკუთვნებიან `მარინას~ მომდევნო ნაწარმოებების პერსონაჟები: ძაგანია, შაშა, იულონი, `ლოთი-წინასწარმეტყველი~ `დღიურიდან~, აშაქალი და სხვები.

ჩემი ძმა მოსკოვში ჩასვლის პირველი დღეებიდანვე გვწერდა წერილებს როგორც ოჯახის თითოეულ წევრს, ისე ამხანაგ-მეგობრებს. ამ წერილებში (იხ. ტომი 5.) გურამი გვიყვებოდა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების, საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ და ვრცლად მსჯელობდა იმ მწერლებსა და ნაწარმოებებზე, რომელთაც მაშინ კითხულობდა. ქვემოთ ვაქვეყნებთ ამონაწერებს მოსკოვის დღიურებიდან და წერილებიდან, რომელთაც გასდევს `მარინაზე~ მუშაობის კვალი.

დღიურებიდან:
`საშინლად დავქლიავდი. დავიწყე მუშაობა პიესაზე. ვიჯექი მარტო, ნეტა არ მოვიდეს ხაზეიკა, მთელი ღამე ხვრინავს, ლაპარაკობს აუარებელს, საერთოდ შემპარავად აუტანელია. ფულმა უბედურად მომიჭირა, დღეში თუმანზე მეტს ვერა ვხარჯავ, მაინც წამძლია სულმა და მეტროში ვიყიდე ნაყინი 2 მან. ისევ ამერია გზა…~ /1958 წლის 29 იანვარი/.
`საშინლად ცხად სიზმრებსა ვხედავ …... დავიწყე მუშაობა _ პიესა ხურდება _ წინ კიდევ იმდენი მაქვს სამუშაო, სულ თავშია ჯერ _ ახლა ვგრძნობ, დრო ისედაც ცოტა ყოფილა საერთოდ /რაღაც სიბრძნე მინდოდა დამეწერა _ დამავიწყდა/.~ … /1958 წლის 8 თებერვალი./
`დღეს დავამთავრე, სულ ახლა, შვიდ საათზე, პიესა _ შავად, რა თქმა უნდა. ადგილებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ხაზეიკა მიზის გვერდზე და ყბედობს .. მინდა დღიურის წერა. პიესა დავწერე სამ დღეში. პატარა ბავშვივით გამიხარდა. მოვიდა თუ არა ხაზეიკა, ვუთხარი _ აი, რამდენი დავწერე, და გავწითლდი _ სულელი ვარ. რვა საათზე უნდა შევხვდე კოკას. ..~ (კოკა იგნატოვი)

გურამმა `მარინა~ თეთრი ვარიანტის დამთავრებისთანავე გადმოგვიგზავნა მოსკოვიდან ბანდეროლით. გვთხოვა წაგვეკითხა და მიგვეწერა ჩვენი აზრი.

პირველი წერილი მოსკოვიდან (იანვრის ბოლო):
`მარინე!
მოვეწყე საზიზღრად _ ოღონდ დედას არ უთხრა _ ამ დღეებში გადავალ კარგ ადგილას. მოსკოვი სანახევროდ გავიცანი, მეტრო მაინც. პირველ დღეს ვერაფერი განსხვავება ვერ ვნახე თბილისთან…...
ვზივარ სამკითხველოში და იქა ვწერ. გუშინ წავიკითხე ესქილეს ტრილოგია `ორესტეა~…… ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით, `აგამემნონი~. მაშინვე შევნიშნე, რომ სხვა ქალაქში ვიყავი.
… რაც გინდა, იმის დაწყებას ყველაზე ძალიან გაურბიხარ. … ოცნებისას ყოველთვის ცდილობ, რომ ძირითადთან რაც შეიძლება გვიან მიხვიდე .. გზაზე იგონებ კიდევ ათას ხიფათს, როგორც ჰომეროსი უგონებდა ოდისევსს _ რო მიღწევა უკვე სასიამოვნო აღარ არის _ ოდისევსის მოგზაურობა სწორედ იქ თავდება, გამარჯვებასთან… ამასობაში დავწერე პიესა (იგულისხმება `მარინა~ _ მ.რჩ.), რამდენიმე წერილი, დღიური, წავიკითხე სხვა წიგნი…..~
`..ამას წინებზე ბანდეროლით გამოვგზავნე ჩემი პიესა, წაიკითხეთ თუ არა? მარინემ მომწეროს თავისი აზრი სრულიად ობიექტურად, თქვენც...~
`გამარჯობათ!
დღეს მივიღე თქვენი წერილი.
მარინე!
თემო!
ერლომ!
მოდი, ყოველგვარ საერთო განხილვას, საერთო პასუხის მოწერას და მაგდაგვარ მატრაბაზობებს თავი დაანებეთ. (რასაც ისედაც არ გააკეთებთ, მხოლოდ იმსჯელებთ თავისთვის. შენზე კარგად ვიცნობ ჩემს ძმაკაცებს და ჩემს დას). რაც გითხარი, ქენი ისე, წააკითხე სასწრაფოდ ნოდარს და მომწერე მისი აზრი, მხოლოდ ნაკლების შესახებ. ან თვითონ მომწეროს, გესმის! (ნოდარ ჩხეიძე, ცნობილი ფილოლოგი, მაშინ ჟურნალისტიკის კათედრის გამგე, გურამის მეგობარი. იხ. ტომი 1.)

`გურამ!..
შენი პიესა მივიღეთ დღეს. ჯერ არ წამიკითხავს. წავიკითხე ბოლოსიტყვაობა... დედამ შენი პიესა უკვე წაიკითხა. ეტყობა ძალიან მოეწონა, მაგრამ აზრი თავშეკავებულად გამოთქვა. ეს კი მითხრა _ იმედი მომეცაო, ისე წავიკითხე როგორც სხვისი დაწერილი წიგნიო. არ მოეწონა მხოლოდ ერთი ადგილი, იქ, სადაც მეზღვაურები ჩანან ტელევიზორში. მერე გაირკვა, რომ საქმე თემოში ყოფილა. ბოლოსიტყვაობამ თავზარი დასცა (რაც მე მომეწონა).
მარინე~.

ამონაწერები მამასა და გურამის მიმოწერიდან `მარინას~ შესახებ (წერილები შემოკლების გარეშე დაიბეჭდება მეხუთე ტომში):
`გურამ, კარგა ხანია მინდოდა წერილის მოწერა შენი პიესის შესახებ, მაგრამ ვერ მოვიცალე.. ძალიან მომეწონა. მაგას ნამდვილად ეტყობა, რომ გიმუშავია. მშვენივრად არის გაკეთებული დედააზრიც და მისი გადაჭრის მხატვრული მხარეც. მეზღვაურების სცენაც საწინააღმდეგო შეხედულების გასავითარებლად, ჭორები და მითქმა-მოთქმაც მარინეზე, მათხოვარიც და თეთრი ლექსებიც. რასაკვირველია, საჭიროა შიგადაშიგ შეკეთება, რომ ყველა ნაწილი ერთნაირად ძლიერი იყოს. მაგრამ, ჩემის აზრით, ამ პიესას აქვს ისეთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მხარე, რომლის გამოც, მე მგონია, არც დაბეჭდავენ და, მით უმეტეს, არ დადგამენ. ესენია:
1. შენს პიესაში ერთი ბოროტმოქმედი და ისიც კანონის წარმომადგენელი, დაუსჯელი რჩება (სხვათა შორის, მსაჯულს მდივანი არა ჰყავს, უნდა იყოს მოსამართლე). ეს არ არის პროგრესიული არც ერთ ეპოქაში და, მით უმეტეს, ჩვენში არ ითვლება პროგრესულად. ამაზე დეკადენტობას მოგაწერენ. მოიგონე, თუნდაც, ჰამლეტი. ბოროტი მეფე კვდება ჰამლეტის ხელით. მართალია, ჰამლეტიც კვდება, მაგრამ მის ადგილს იჭერს პროგრესიული პირი (რომელიც ჰამლეტსაც უნდოდა) და აქედან ჩანს, რომ სიბოროტეს ბოლო ეღება. მოიგონე თუნდაც ოტელო, მართალია, ყოველგვარმა სიბოროტემ თავისი ნაყოფი გამოიღო და ბოლოს იაგოს, ამ სიბოროტის ჩამდენს, იჭერენ იმისთვის, რომ სათანადოდ დაისაჯოს. ეს პროგრესიულია, რადგან ჩანს, რომ _ ყოველგვარი ბოროტება დაუსჯელი არ რჩება.
მე მგონი, თუ ბევრს არ დაუმატებ, ბოლოში მოკლედ შეგიძლიან გააკეთო. მაგალითად, მოსამართლის მდივანი ცირა, მიუხედავად უფროსის წინაშე შიშისა, იმდენად შეიძლება აღშფოთდეს მოსამართლის ბოროტებით, რომ წავიდეს მის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად და შემდეგ მათხოვარმა ან სხვა მის მაგიერმა იმავე თეთრი ლექსით ერთი მონოლოგი თქვას, საიდანაც გამოჩნდება ამ მოსამართლის დასჯა და ყოველგვარი სიბოროტის (დანაშაულის) საბოლოოდ მაინც დაუსჯელად არდატოვება.
2. დღეს ქალაქებში მათხოვრებს იჭერენ და ასახლებენ სხვაგან, სადაც უნარის მიხედვით სამუშაოს აძლევენ. მით უმეტეს, არასგზით არ გაუშვებენ მათხოვარს პიესაში და ისიც ფრონტის ინვალიდს. მე მგონია, პიესა არაფერს არ წააგებს, თუ შენ იგივე ფრონტის ინვალიდს, ვთქვათ, პაპიროსების გამყიდველად გადააქცევ. მას ყველაფერი შეუძლიან თქვას, რასაც შენი მათხოვარა ამბობს.
(ფრონტზე ორჯერ დამარხული ვარ და სხვა... და ჩემგან იყიდეთო. დაემდუროს თავის ბედს, რომ ვაჟკაცს ახლა პაპიროსების გაყიდვის მეტი არაფერი შეუძლია. ისიც, რომ გიო ხუთ მანეთს მეტს აძლევდა ხოლმე პაპიროსში; ისიც შეიძლება დარჩეს, რომ საჭმელს აძლევდნენ, რადგან ეცოდებოდათ, ისიც, რომ ლუდის გამყიდველი ერთ ჭიქას უფასოდ ასმევდა, რადგან ფრონტის ინვალიდი იყო და ეცოდებოდა (ამით კიდევ უფრო მოიგებს პროგრესის თვალსაზრისით და სხვა). ამ ინვალიდს, მოძრავი ფუნდუკის გამყიდველს, შეუძლია პიესაში ყველა მოვლენა გახსნას ისევე, როგორც მათხოვარი ხსნის, ამით პიესა არაფერს წააგებს და პოლიტიკურად ბევრს მოიგებს. მით უმეტეს, რომ მეტად უმნიშვნელო შეკეთება დასჭირდება.
აი, ეს არის ჩემი არსებითი შენიშვნები, თუ გაიზიარებ. ზოგიერთი შენიშვნა გამოთქმებზე, ქართულზე და სხვ,
1. მარინა რუსულია. Uუნდა იყოს მარინე.
2. ქოფაკი თათრულია. იყოს ძაღლი ან მეცხვარული ძაღლი.
3. სკრიპკა _ ვიოლინო.
4. გვ. 4, მოდღლეზილი ციგანი _ ჩანჩურა ბოშა, ან ჩამოხეული და სხვ. იმისდა მიხედვით, რა გაგებითაა ნახმარი.
5. ციგანი _ ბოშა.
6. არ არის კარგი, როდესაც ყველა ნაწარმოებში შენი და შენი ამხანაგების სახელებია. საჭიროა შეიცვალოს სხვა სახელებით.
7. პაჩებნიკიანი _ გლუსუნებით.
8. გვ.7, `ბუნებაში იყო შეზრდილი~ უნდა იყოს `ბუნებასთან იყო შეზრდილი.~
9. გვ. 12, სკრიპკაზე დამკვრელი _ ვიოლინოზე დამკვრელი.
10. ათსტრუნიანი _ ათსიმიანი.
11. გვ. 34. და სხვაგანაც: ვაჟზე არ შეიძლება ქერა ჩოლკით _ ქოჩრით.
(ჩოლკა ქოჩრის ერთ-ერთი ფასონია და ისიც ქალებსა აქვთ).
12. გვ, 35. ძმაკაცი _ ქუჩურია, უნდა იყოს მეგობარი.
13. გვ,41. შუხური წმინდა ავლაბრული სომხურია და ქართულად აყალ-მაყალს, კინკლაობას ნიშნავს.
14. გვ. 43. იაზვად _ მართალია, რუსულია, მაგრად ქართველი კინტოები ხმარობენ და ქართულად გამაღიზიანებელი უნდა იყოს.
15. გვ. 44. უდილიხოროდ _ წმინდა კინტოური, ქუჩური სომხურია და სხვ.
16. ერთი სიტყვით, ამ გამოთქმებსაც მიაქციე ყურადღება. თუ გაითვალისწინებ ამ შენიშვნებს და საჭიროდ დაინახავ სათანადო შესწორების შეტანას, მე მგონი, რომ პიესა მოიგებს იმით მაინც, რომ ძირითადი აზრი დარჩება დაუმახინჯებლად და გამოცემის საშუალებაც მოგეცემა...
გაკოცებ ბევრს შენი მამა.
27. IV. 58 წ.~

მამას გურამისაგან:
` ... მე მგონი, გაცილებით ნაკლებს წააგებდა `ოტელო~, რომ თვით ოტელო იყოს მავრის მაგიერ ქართველი ან ინდიელი, ვიდრე მთავარსარდლის მაგივრად რომ იყოს დიპლომატი ან მკერავი. ამ შემთხვევებში პიესა უნდა გადაკეთებულიყო მთლიანად და, ალბათ, თავისი მხატვრულობის თუნდაც მეათედი /ყველაზე ცოტა/ დაეკარგა. ასევეა ჩემი მათხოვრის და მემწვანილის ამბავი. მემწვანილე რაღაც გარკვეული ფენის წარმომადგენელია სოციალურად, ასე თუ ისე უზრუნველყოფილი, ე.ი. გარკვეულ სურვილებზე პრეტენზიის მქონე, მათხოვარა კი შეიძლება იყოს (გახდეს) მემწვანილიდან მეფემდე ყველა, ვისაც ეყოფა ძალა მოიკლას თავი, როცა სხვა გამოსავალი აღარ დარჩენია .. მე მგონი, ბოროტმოქმედი არსად ისე დასჯილი არ ყოფილა, როგორც ჩემთან (ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი). ყველაზე დიდი სასჯელი ეს არის, მორალური სასჯელი, განსაკუთრებით, სცენაზე და სცენაზე მომხდარი ამბების შეფასების დროს. ფიზიკურს გრძნობს ერთი კაცი ან რამდენიმე, ხალხის მორალზე კი ისე ძლიერად არაფერი მოქმედებს, ისე ძალიან არაფერი აღელვებს, როგორც დაუსჯელი ბოროტმოქმედება და მაყურებელს ყველა მსაჯულზე უფრო სასტიკი და სწრაფი სასჯელი გამოაქვს ბოროტმოქმედისათვის. ავიღოთ ისევ ოტელო: წარმოიდგინე ერთი წამით, რომ იაგო ვერ დაიჭირეს, ის დგას, ყველა მკვდარი გდია, იცინის. აი, სად ავიდოდა უმაღლეს დონეზე ხალხის ზიზღი ამ ადამიანისადმი, ეს იქნებოდა მთელი პიესის განმავლობაში განვლილი ღელვების ტოლფასოვანი.
ამ ღელვისათვის იწერება როგორც კომედია, ისე ტრაგედია. რაც უფრო მეტს ღელავს ადამიანი და რაც უფრო მეტ ხანს მიჰყვება ეს ღელვა, მით უფრო მეტ სიამოვნებას განიცდის ის, თუმცა არასოდეს უტყდება თავს, რომ სცენაზე ნახული სიბოროტეა სწორედ მისი სიამოვნების საგანი და არა ბოროტმოქმედის დასჯა, რომელიც უმეტესად მხოლოდ შედარებით აწყნარებს, აწონასწორებს განვლილ ღელვას. ამიტომ არის, რომ კომედია ფარდის დახურვისთანავე გავიწყდება (ის მხოლოდ შენ ფიზიკურ მხარეზე მოქმედებს ძირითადად), ტრაგედია კი არ გასვენებს, არ გაძინებს და სხვა. სწორედ ამ შეწუხებაშია სიამოვნება. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ეს სიამოვნება ეთანხმება პირად სულიერ და ფიზიკურ განცდებს, მათ ითრევენ ძლიერი შეგრძნებები, ისინი დახეტიალობენ აფრიკის სიცხეებში, ან უყვარდებათ ვინმე და სიკვდილამდე მის დევნაში ატარებენ .. ან აკეთებენ უზარმაზარ მსხვერპლს მეცნიერებისათვის. მაგ. იშხაპუნებენ რაიმე ახლად გამოგონილ შრატს ... მომავალში ჩასხდებიან პირველ რაკეტაში და გაფრინდებიან მთვარისაკენ, ასეთები არიან შედარებით ცოტა, მეორე ნაწილი არჩევს ეს ღელვა განიცადოს თეატრის ლოჟებიდან, ბევრი მათგანი გაცილებით უკეთ განიცდის და მეტს, ვიდრე პირველი წყება ხალხისა და სხვა და სხვა .. აქვე შედიან, ალბათ, ავტორებიც. ყოველ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, შექსპირს თავი არ მოუკლავს ოტელოსავით, ე.ი. ფიზიკურად. მაგრამ მან განცდით მოიკლა, მორალით, თავისი თავი, ამიტომ ეს ყველა თვით მაიაკოვსკის ფაქტიურ თვითმკვლელობაზეც გაცილებით მაღლა დგას. სულიერი ღელვა, აი, ცხოვრების უმაღლესი პრინციპი და სიამოვნება _ უამისოდ სწყინდებათ ადამიანებს. აიღე შვედეთის ამბავი, სადაც ხალხი მატერიალურად უზრუნველყოფილია, სულიერი განცდა იმდენი არა აქვთ, შინაგანი დიდი ბუნება, ამიტომ გამოიფიტნენ და ახლა იქ ისეთივე ნორმალური ყოფილა თვითმკვლელობა, როგორც სიცოცხლე, უფრო სწორად, ბუნებრივი სიკვდილი.
1958 წლის 4 მაისი.~

`ჩემო გურამ! ძალიან მომენატრა შენი ნახვა, მოუთმენლად გელი და იმედია მალე ჩამოხვალ. ჩვენ კარგადა ვართ, ... ძალიან მინდა შენი ნახვა და შენთან საუბარი. ბევრი მაქვს სალაპარაკო შენს პიესაზედაც. შენი განმარტება მივიღე ჩემს შენიშვნებზე. შესაძლებელია ბევრში მართალი ხარ, მაგრამ, მე მგონი, ზოგიერთ საკითხში სცდები. სახელდობრ იმაში, რომ ადამიანი გამუდმებულად აღგზნებულ და ნერვიულ მდგომარეობაში რომ (ამყოფო). მართალია, აღგზნება თავისთავად განცდასთან არის დაკავშირებული და ამდენად დაჭიმულ მდგომარეობაში გაგდებს, ამიტომ არის ადამიანისათვის საინტერესო, მაგრამ აღგზნება უნდა იყოს ხანმოკლე. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ხანგრძლივ აღგზნებას ვერ იტანს, ის უკვე პათოლოგიაში გადადის და თუ დიდხანს ამყოფე ფსიქიკა აგზნებულად, კაცი გიჟდება. ამიტომ პერიოდულ აგზნებას სიმშვიდე უნდა მოსდევდეს, ორგანიზმი ისვენებდეს. ეს არის ადამიანის ბიოლოგია და მისი ხანგრძლივი ან გამუდმებული შეცვლა პათოლოგიაა. ამიტომაა რომ კომედია სჯობს ტრაგედიას ადამიანის კარგად ყოფნისათვის, მაგრამ ტრაგედიაც კარგია იმისათვის, რომ მუქ ფერებში ადამიანმა ცხოვრების სინამდვილე დაინახოს და იქიდან პრაქტიკული დასკვნა გააკეთოს. ამიტომ პრაქტიკულად ყოველი მხატვრული ნაწარმოები ისე უნდა გადაიჭრას, რომ ჯერ აიყვანოს აგზნების კულმინაციურ წერტილამდე და შემდეგ დაგამშვიდოს. სხვაგვარად მოქმედება ადამიანის ბუნების წინააღმდეგია და ამიტომ ხანგრძლივ სიცოცხლეს მოკლებულია.
საერთოდ ადამიანი იმით განსხვავდება, რომ მას ცხოველური ინტერესების გარდა (ჭამა, გამრავლება) აქვს კეთილი ცხოვრების ინტერესებიც. კეთილი ცხოვრება კი ეს ტრაგიკული ხასიათის აგზნება არ არის. ეს უფრო ნერვების დამამშვიდებელი სიმხიარულეა და სიმშვიდე, და თუ ცხოვრებაში, სცენაზე, რომანში ის განიცდის ტრაგედიას, მხატვარმა მას შემდეგ მას სიმშვიდე უნდა მისცეს, რომ ამ საშინელების გამუდმებული გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდეს და მისი სული მუდმივ შფოთს არ განიცდიდეს.
ავიღოთ იგივე ოტელო. შენ ამბობ იაგო რომ არ დაეჭირათ და ის დასდგომოდა დაღუპულ დეზდემონას და ოტელოს და ეტირა, ეს უფრო მეტად აღაგზნებდა ადამიანს და მის სულს ხანგრძლივად ააფორიაქებდა. ეს მართალია და ამიტომაც არის ცუდი მაგისთანა ბოლოს მიცემა. შექსპირი დიდი ადამიანი იყო სწორედ იმიტომ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად მას ადამიანის ბუნებაც კარგად ესმოდა, ამიტომ მისცა მან თავის საშინელ ტრაგედიას შერბილებული ბოლო (ესეც შედარებით).
ერთი სიტყვით, რომ ჩამოხვალ, მერე ვილაპარაკოთ...
გაკოცებ ბევრს, შენი მამა.
1958. 20. მაისი.~

`პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით~, სათაურით `მარინა~, პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ `ცისკარში~.