Litclub.ge

პირველად ტრამალებში
დღიურიდან:
წ. 1956.
თებერვლის 20.

მატარებელი ნელა შემოვიდა ბაქანზე, დაიკივლა და გაჩერდა.
ვაჟა ჯანდიერი ცოტა შეაკრთო ორთქლმავლის კივილმა, მერე ზურგჩანთა მოიკიდა. ვაგონის კიბეს აუარებელი ხალხი მიაწყდა. ხმაჩახლეჩილი გამცილებელი ძლივს აუდიოდა მგზავრებს. ვიღაცები ფანჯრიდან აწოდებდნენ ტვირთს შიგ შესულებს.
უკვე მეორედ ჩამოჰკრეს ზარს.
ხმაურმა იმატა.
ბაქანზე სანადირო თოფითა და ძაღლით შემოვიდა მაღალ ჩექმებში გამოწყობილი მონადირე.
ვაჟა ნელა მიუახლოვდა კიბეს.
ჩაჰმოკრეს მესამე ზარიც.
სასტვენი.
ორთქლმავლის კივილი.
შემადგენლობა ზლაზვნით დაიძრა.
ვაჟამ ორიოდე ნაბიჯი მისდია, მერე მგზავრებით სავსე კიბეს შეახტა. ვაგონში მძიმე ჰაერი იდგა. ძლივს მიიკვლევდა გზას.
- ქართველია, - თქვა ვიღაც ცოლის ქმარმა.
- საიდან არის? - იკითხა ცხვირაპრეხილმა რუსის დედაკაცმა.
- ქართველია, ვერა ყნოსავ ქართველს, - ბუზღუნით თქვა ქმარმა და ფანჯარაში გაიხედა.
საღამოვდებოდა.
როგორც იყო, ვაჟამ მოძებნა თავისუფალი ადგილი, ზურგჩანთა დადო და ზედ დააჯდა. აქედან მოჩანდა ტრამალი. დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდა მატარებელი. გადამხმარი ველი კი არ ინძრეოდა. სადღაც შორს შეჯგუფული მზის სხივები ლიცლიცებდნენ, მერე თითოეული გრძელდებოდა. რამდენიმე ბოლო ვაგონის ჭერს ანათებდა. ჯერ ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, მერე ნელა დაიწყო ქრობა და შეუმჩნევლად გარუხდა. ვაგონში სიჩუმე არ ჩამოვარდნილა.
ვაჟა იჯდა და ჩამქრალ ტრამალს გასცქეროდა ბორბლების ერთფეროვან რიტმში ჩავარდნილი. მერე მის სმენაში შეიჭრა მეორე თაროდან მომავალი კისკისი. ვაჟი უცებ დაიძაბა.
ტრამალი მიქრა.
ღამდებოდა.
დაანთეს სინათლეები.
კისკისმა იმატა:
მთელი სხეული აუფორიაქდა ვაჟს, ნელა წამოდგა; წყნარად მიიხედა უკან. მეორე თაროზე შემომჯდარმა გოგოებმა სწრაფად შეატრიალეს სახეები, მერე ერთმა დაიწყო წვრილი, გამყივანი ხმით:

“Эх яблочко, куда ты катишься,
ко мне в рот попайдешь, да не воротишься”.

პირველს სხვები აჰყვნენ. ვაჟას გაეღიმა. გოგოები მალულად ჭვრეტდნენ მის ხუჭუჭა თმას და მათთვის უჩვეულო კეხიან ცხვირს. ქვედა თაროზე ადგილი გაათავისუფლა ცხვირჩაწითლებულმა, წვერიანმა მუჟიკმა, საჯდომს ქვევიდან დიდი, რაღაცით გატენილი ჭუჭყიანი ტომარა გამოათრია. ბუზღუნით გააპო ხალხი.
- დაბრძანდით. - ღიმილით უთხრა ვაჟას განთავისუფლებულ ადგილას დარჩენილმა სასიამოვნო სახის გოგონამ.
ჯანდიერს გაეღიმა. ზურგჩანთა თაროს ქვეშ შეაგდო და ჩამოჯდა. ვიწრო ადგილას ვერ გაიშალა. გოგონას მხარი ვაჟის მკერდს ეხებოდა. ვაჟას ოდნავ გააჟრჟოლა, მერე ესიამოვნა ქალის ბარძაყებიდან გადმოსული სითბო.
- ცხელა. - თქვა ქალმა.
- ძალიან ცხელა. - თქვა ვაჟმა.
- ფანჯარა მაინც გააღონ.
- კარგი იქნება.
ზედა თაროზე მჯდარი გოგონები ორაზროვნად იხედებოდნენ. ისმოდა ხითხითი. სინათლემ იკლო; ტრამალი მოიღუშა; მოჭედილ ცაზე მთვარე არსადა ჩანდა.
ვიღაცამ სცადა სიმღერის განახლება:

“Мой папа на охоте застрелил аиста,
планомерное развитие сельского хозяйства”.

“Планомерное развитие”, - გაიმეორეს გოგოებმა, მერე სიმღერა მიწყდა. მესამე თაროდან ფშვინვა მოისმა. კიდევ უფრო ჩამოცხა ვაგონში.
- თქვენ თბილისიდანა ხართ ალბათ, არა? - დაბალი ხმით დაინტერესდა გოგონა.
- მე? დიახ.
- მე მინწყლებში ჩავდივარ, იქიდან ჩემი სოფელი სულ ათ კილომეტრზეა, უკვე მესამე წელია, ზაფხულში ჩავდივარ ხოლმე მხოლოდ, ორჯონიკიძეში ვსწავლობ, ფარმაცევტულზე.
ვაჟა ნაძალადევი ღიმილით უსმენდა, მერე თვითონაც მოუნდა ლაპარაკი:
- მეც მესამეზე ვარ, ოღონდ უნივერსიტეტში. ახლა მთაში მივდივარ, მთამსვლელი ვარ, - თქვა მან და გაჩერდა.
ხვრინვა გახშირდა. საჯდომებს შუა გამცილებელმა ჩამოიარა, რამდენიმე მგზავრი გასასვლელისკენ გავიდა. ტრამალებში ელშუქი გამოჩნდა. მატარებელმა სვლას უკლო და გაჩერდა. ვიღაცებს გაეღვიძათ.
- რა სადგურია? - იკითხა ერთმა.
- არ ვიცი. - უპასუხა მეორემ.
- მგონი ბესლანია. - ჩაერია მესამე.
მატარებელი შეირყა, ნელა დაიძრა; მალე მხოლოდ ბორბლების რიტმი და ხვრინვა ისმოდა. ვაგონში ჯდომა აუტანელი გახდა.
- ხომ არ გამოხვალთ ტამბურში? - ვაჟის სახე ქალის თმას შეეხო.
გოგონამ ადგილი მოათვალიერა, მერე ჩანთას ხელი დაავლო და ორივენი გავიდნენ. ვაჟამ ვაგონის კარი გამოაღო: ტრამალებიდან უცებ შემოვარდა ღამის სურნელი:
დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდნენ ბორბლები, ძველი ხმაური უკან რჩებოდა, წინიდან ახალი მოდიოდა:
დგ-დგ, დგ-დგ.
გოგონა სახელურს ჩაეჭიდა, კიბეზე ჩამოჯდა. ვაჟმა უხმოდ მიბაძა. ისევ შეხვდნენ მათი მხრები ერთმანეთს. ისევ იგრძნო ქალის ბარძაყების სითბო. ნელა დაადო ხელი მის მხარს. შემდეგ ქვევით ჩამოიტანა. გათამამდა; ახლა წელზე მოხვია და მიიკრა; მიჰყვა. ერთხანს ასე ისხდნენ.
დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდნენ თვლები. მერე შორს, ძალიან შორს ტრამალი ოდნავ გახუნდა. ვაჟამ ცას ახედა: ვარსკვლავების ნახევარიღა დარჩენილიყო. მაინც ბნელოდა.
- ვგიჟდები მთებზე. - თქვა ქალმა.
- მე ტრამალი მირჩევნია ახლა. - თქვა ვაჟმა.
- მე პირველად წელს ვნახე მთები, ყაზბეგში. - გოგონა ოდნავ შეტრიალდა; ახლა იგი სახეში უყურებდა ვაჟს.
- მეც პირველადა ვარ აქ.
- რუსეთში საერთოდ?
- დიახ.
ტრამალი კიდევ უფრო გახუნდა. ცაზე მხოლოდ რამდენიმე დიდი ვარსკლავი მოჩანდა. ნიავმა მოუბერა. ცოტა აცივდა.
- შევიდეთ შიგნით. - წამოდგა გოგონა.
- კარგი, შევიდეთ. - წამოდგა ვაჟიც.
მგზავრები იღვიძებდნენ. მალე მთელი ვაგონი აფუსფუსდა.
თენდებოდა.
ვაჟამ თვალები მოიფშვნიტა და ხელები დაჭიმა.
გათენდა.
დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდნენ თვლები.
გოგონამ ბარგის ჩალაგება დაიწყო.
- მალე იქნება მინწყლები. - თქვა მან.
- ალბათ, - თქვა ვაჟამ და საწერი ამოიღო.
“ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 24, ვაჟა ჯანდიერს”, დაწერა ფურცელზე, რვეულიდან ამოხია: ქალმა ჩამოართვა; გადაიკითხა; გაუღიმა.
სულ გათენდა.
მატარებელმა სვლას უკლო. ახლა გოგონამ გამოართვა საწერი: “მინწყლები, სოფელი არხიპოვკა. გრაჩოვა ვალიას ან ქ.ორჯონიკიძე, ლენინის ქ. ¹ 4, საერთო საცხოვრებელი. გრაჩოვა ვალიასათვის”.
მატარებელმა სვლას უკლო, მერე მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა. ვაჟამ ბაქანზე ჩააცილა ვალია. მალე მატარებელი დაიძრა; გოგონა ცხვირსახოცს უქნევდა, შემდეგ ვიღაცის დაძახებაზე მიბრუნდა და ქერათმიან ვაჟს კისკისით, მაგრად ჩამოართვა ხელი. ვაჟა იდგა კიბეზე და ხედავდა: ქერათმიანმა ვაჟმა ფუთა აიღო, ვალიამ ხელკავი გაუკეთა. ისე წავიდნენ მანქანისაკენ.
მატარებელმა სვლას უმატა.
დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდნენ თვლები.
ვაჟა მოიღუშა. “ალბათ, ნათესავია, ჰგავდა კიდეც”, გაიფიქრა და ვაგონში შევიდა. გარეთ სტეპი აჭრელდა, შორს იფანტებოდნენ სხივები. ის დიდხანს იდგა ფანჯარასთან და ვერაფრით ვერ დაენახა ტრამალების ბოლო.
დაწყნარდა.
როცა თავისი ადგილი დაიკავა, ისევ იგრძნო ქალის ბარძაყების სითბო. გაეღიმასავით, ნელა მიაბრუნა თავი: წაბლისფერთმიანი შუბლგახსნილი სახით კითხულობდა ილფისა და პეტროვის “თორმეტ სკამს”.
დგ-დგ, დგ-დგ, - იძახდნენ ვაგონის თვლები.

წელი 1956. ნოემბრის 9.


შენიშვნები



არქივში ინახება ამ მოთხრობის ორი შავი (1+1-19გვ.), (1-2გვ.) და ერთი თეთრი (I-II+1-19გვ.) ავტოგრაფი, დათარიღებული და დასათაურებული. შავი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური, თარიღი და წვრილად ნაწერი შესავალი დღიური. მოთხრობის ტექსტი ნაწერია გაკრული ხელით, ბოლოს უზის თარიღი, შიგადაშიგ ნასწორებია. დამატებითი აბზაცები აღნიშნულია ცისფერი ფანქრით. მეორე შავი ავტოგრაფი (1-4გვ.) წარმოადგენს შავი ავტოგრაფის თავფურცელზე მოთავსებული დღიურის პირველ ვარიანტს.
თეთრი ავტოგრაფის მთელ გვერდზე წერია სათაური, თარიღი, შესავალი დღიური თავისი თარიღით (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). დაცულია შავ ავტოგრაფში აღნიშნული აბზაცები. შესავალი დღიურის ნუმერაცია რომაული ციფრებითაა გაკეთებული, ხოლო ტექსტისა არაბულით. თეთრი ავტოგრაფის პირველი გვერდის დასაწყისში წერია სათაური, შემდეგ გადაშლილია ტექსტის პირველი აბზაცი. მოთხრობა იწყება შავი ავტოგრაფისგან გასხვავებული წინადადებით. შავი ავტოგრაფის პირველი წინადადება („უუ იკივლა ორთქლმავალმა, ორთქლის დაჭირხნული ქულა გამოისროლა გვერდიდან და მუხრუჭების ჭრიალით გაჩერდა”) თეთრში გადატანილია და შემდეგ გადაშლილი. ამ ავტოგრაფის სათაურში პირველადაა თავისებურად დაწერილი ასო „ტ”, რაც შემდეგ 1957 წლის მარტი-აპრილი-მაისით დათარიღებულ მოთხრობებში ხშირად გვხვდება (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის) ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასო გადამწყვეტია ნაწარმოების დათარიღებისას. თეთრ ავტოგრაფში ახლადშექმნილ აბზაცებთან რამდენიმე ადგილას გადაშლილია პუნქტუაციის ნიშნები. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის) თეთრ ავტოგრაფში იხმარება თავისებური აბზაცი. დაცულია ნაბეჭდ ტექსტში. „სტეპი” შეცვლილია „ტრამალით”. შავ ავტოგრაფში თავდაპირველი „რონოდა” მწერლის მიერ ყველგან გადაკეთებულია „ვაგონად”. შავ ავტოგრაფში ერთ-ორ ადგილას გაპარულია სახელი „გურამი” „ვაჟას” ნაცვლად.
კარპატებში მოგზაურობის დღიურები გამოქვეყნებული იქნება გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებთა სრული გამოცემის მეხუთე ტომში (იხ აგრეთვე პირველი მოთხრობის შენიშვნა).
პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს წიგნში „მოთხრობები. პიესა.”