“ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა, და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. და დაიპყრა ქვეყანა ტფილისითაგან და არაგვთგან დასავლეთით ვიდრე ზღვამდე”.
ამოწერილი ციტატა “ქართლის ცხოვრებიდან” ლევან ჯანდიერმა გვერდზე გადადო, შემდეგ სათვალე მოიხსნა. ერთხანს ასე იჯდა, მერე რუკასთან მივიდა და არმაზის მიდამოების შესწავლას შეუდგა, თან გონებაში ამ დასახლებული ადგილის შესახებ გაგონილი ლეგენდა აღიდგინა. ასაკში შესული პროფესორი თვითონ ხელმძღვანელობდა იქ ჩატარებულ პირველ გათხრებს. დიდხანს ფიქრობდა არმაზის დასახლების წარმოშობის პირვანდელ თარიღზე, მისი გაძლიერების დროზე, ახლა ასპარუგ ერისთავის არამეული წარწერა მოიგონა და ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორია” გადაშალა. აშკარა იყო, რომ ჩვენს ერამდე დაახლოებით მე-5 საუკუნეში არმაზს ან ამავე ადგილზე მყოფ დასახლებულ პუნქტს უკვე საკმაო წონა უნდა ჰქონოდა. ამის დასტურად თუნდაც მარტო ის იყო საკმარისი, რომ არმაზის კერპს ასეთ თაყვანსა სცემდნენ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე.
პროფესორი წერას შეუდგა: “ვიღებთ რა მხედველობაში, რომ ძველს ქართლში საყოველთაოდ ცნობილი წარმართული კერპი არმაზისა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, რაზეც მიგვითითებს...@”
კარი უხმოდ გაიღო, ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა.
- ლევან, გეთაყვა, ჩაის არ დალევ? - ნაზად დაიწყო მან.
პროფესორმა ნერვიულად გააქნია თავი და უცებ შეწყვიტა წერა. მერე ცოლს გაუღიმა. მივიდა მასთან და შუბლზე აკოცა. მეუღლეს ლოყები შეუვარდისფერდა, თავისი ორმოცდაათი წლის მიუხედავად იერი ახალგაზრდული ჰქონდა.
სამზარეულოში ჩაი დუღდა.
- რა ჰქენი, ლევან, გაქვს ახალი რაიმე? - იკითხა ცოლმა.
- რა ვიცი, ისეთი არაფერი, ისევ არმაზზე ვმუშაობ. - მოწყენით უპასუხა მან.
- ლევან, რა ჩქარა გავიდა ოცდახუთი წელი, არა?
- ხო, ჩემო კარგო.
ლევანმა მეორე ჭიქა დაისხა, ცხელი, მაგარი ჩაი ესიამოვნა.
- არმაზი, არმაზი. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რა, ჩემო კარგო? - შეეკითხა მეუღლე.
- არაფერი, ისე, - ლევანმა ჩაი მოსვა.
ახლა ისევ დაუბრუნდა თავის ფიქრებს. ოცი წლის იყო, როდესაც ისტორიაზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. იმ დროს კარგად ცურავდა. მოაგონდა ბოლო შეჯიბრი, რომელშიაც მეორე ადგილი აიღო. სწორედ მაშინ აჩუქეს თოფი, რამდენს ნადირობდა მაშინ. მეცნიერებამ თავისი გაიტანა. ლევანი დაფიქრებული მიუჯდა სამუშაო მაგიდას, მაგრამ ფიქრი ვეღარ ააწყო. “არმაზი, არმაზი”, მექანიკურად იმეორებდა. ახლა ცოლს დაუძახა, მოსული მუხლებზე დაისვა.
- გახსოვს, ნათელა, ხოხბები რომ მომყავდა?
ნათელას ახალგაზრდული სახე წამოუწითლდა და შუბლზე აკოცა.
- ნათელა, გულახდილად მითხარი, მოგწონს ჩემი შრომები?
- არ ვიცი, ლევან, ხომ იცი, მე რა სუსტად ვერკვევი ისტორიაში.
- ენების ცოდნაში მე მჯობიხარ და.
- მერე რა?
- ნათელა, იცი რა, გარდა ისტორიკოსებისა არავინ კითხულობს თურმე მათ.
- რას ამბობ, ლევან?
- გუშინ ჩემმა სიყრმის მეგობრებმა მითხრეს, ძალიან გვაინტერესებსო.
- აი, ხომ გეუბნები.
- კი მაგრამ, ჩემი “უფლისციხე და მასზე გამავალი სავაჭრო გზები” თხუთმეტი წლის წინ ვაჩუქე მათ.
- ალბათ ვერ მოიცალეს.
ნათელა ხილის მოსატანად წავიდა, როცა ატმები მიართვა მეუღლეს, ლევანმა თქვა:
- აი, ხომ ვთქვი, ჩვენს მეტი არავინ კითხულობს-მეთქი.
ნათელამ თავისი ხელით აკბეჩინა ატმისთვის.
ლევანი წამოდგა, ცოლს უთხრა, შეშის დასაჩეხად მივდივარო და სარდაფში ჩავიდა. დიდხანს ჩეხა ჯირკები, თანაც დიდი სიამოვნებით, ბოლოს დაიღალა, თანაც ხელებზე წყლულები გამოუვიდა. ცოტა წელიც ეტკინა. ნელა აუყვა კიბეს, სამზარეულოში ხელ-პირი დაიბანა და კაბინეტში შევიდა. ღიმილით გადახედა წიგნებს, გამართული მიუჯდა საწერ მაგიდას და გაწყვეტილი წინადადება განაგრძო.
წელი 1956. სექტემბრის 17.
შენიშვნები
არსებობს დასათაურებული და მხოლოდ თავფურცელზე დათარიღებული შავი ავტოგრაფი(1+1-7გვ.): „წელი 1956, სექტემბრის 17. 1-2 საუზმით.” თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია ბრჭყალებში ჩასმული სათაური. მინაწერი მოთხრობის ბოლოს: „მეტი აღარ შემიძლია წერა. დავიღალე. ვწყვეტ აქ. მინდოდა ბევრის წერა, ჯობია შეშის ჩეხვამ დაღალოს. მაგის ყოფაც ავატირე.”
I სიაში: „52. პრ. ლევან ჯანდიერი.”
მეორე გვერდზე, სადაც გურამი წერს სიტყვებს „ივ. ჯავახიშვილის” - იგი ცდილობს მაქსიმალურად მიამსგავსოს თავისი ხელწერა ივანე ჯავახიშვილისას.
ნაწერია ღია ლურჯი მელნით, ზომიერი ასოებით.
ამონაწერი მოთხრობისაგან დამოუკიდებლად დაწერილი დღიურიდან: „...ახლა ვზივარ. ჩემი და მარინე უკრავს, უფრო სწორედ სწავლობს დაკვრას, მაინც მსიამოვნებს ეს ხმებიც. ეტყობა, ესმის მუსიკა, ნიჭიერად სწავლობს. გუშინ მაგრა ვსვით ნუგზარმა და მე, დილით, როგორც ყოველთვის, მაგარი სმის შემდეგ, მომინდა წერა. ნოველას დავარქვი „პროფესორი ლევან ჯანდიერი”. ბოლო მივახალტურე, სულ ექვსმა ფურცელმა მომქანცა...” (1956 წლის სექტემბრის 1).
მოთხრობის გმირის პროფესორ ლევან ჯანდიერის პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს მამის მხრიდან მთელი ჩვენი წინაპრები, მამაჩვენისა და ბიძაჩვენი ლეო რჩეულიშვილის ჩათვლით. სამეცნიერო სამუშაოში ჩაფლული მეცნიერი, რომელიც გაშლილი წიგნებითა და ფურცლებით სავსე საწერ მაგიდასთან ატარებს თავისი დროის უმეტეს ნაწილს, ჩვენი ოჯახისათვის მამაკაცის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ეს სურათი წლიდან-წლამდე, ერთი სახლიდან მეორე სახლამდე ივსებოდა ახალ-ახალი ადამიანებით. მათ სათავეში იყო დიდი ივანე ჯავახიშვილი, მამას ალალი ბიძა, დედის ძმა. გურამი პაპა ვანოს გარდაცვალებისას ექვსი-შვიდი წლისა იქნებოდა. აქვეა კეთილზნიანი ოჯახის ფონი, ქმრის სამუშაოს სადარაჯოზე მყოფი გულისხმიერი და ნაზი მეუღლე. ასე ხედავდა დედა თავისი შვილის სასურველ მომავალს. გურამისათვის ამ ფორმის მისაცემად იბრძოდა ის მთელი ცხოვრება. ამავე მოთხრობაში ჩანს მწერლის მიერ მეცნიერის ფორმის და დედას იდეალის ამბივალენტური აღქმა. გურამ რჩეულიშვილის მხატვრულ შემოქმედებაში, ისე როგორც დღიურებში, ამ საკითხთან დაკავშირებული ბევრი მასალის მოძიება შეიძლება.
ამონაწერები გურამის დღიურებიდან:
- „მართლა, ბიჭო, მეც აღარ შემიძლია, რატო ვსვამთ, ცოტაა საქმე გასაკეთებელი. აუჰ, რამდენი სამუშაოა. აი, აიღე ჩემი დარგი, ცოტა რამე რომ გააკეთო, ერთი სამი ენა მაინც უნდა იცოდე. მოკლედ, ფიქრიც კი მაშინებს. თუმცა ახლა ჩემს დარგს თავს ვანებებ და წერას ვიწყებ. მინდა ვწერო, რაღაც მაწვალებს.
- ხო, შენ ბევრად მეტი გჭირდება კითხვა. მიდასტურებს ნუგზარი.
- სწორია, შენ ხალასი ნიჭი გინდა მეტი. იქნები გამართული მწერალი. მერე მწერალი რა არის, ხელოვანი, ოჰ, მაგის, დამსვა ერთი მაწერინა.
- შენ დაწერ, ბიჭო, გუშინ მამაჩემთან გაქე და მითხრა, მაგისგან კარგი კაცი დადგებაო (რა შუაშია?) ამ დამდგარ კაცებს ვერ ვიტან, ან პროფესორი, ან ჩინოვნიკი. გაჭირდა საქმე.” (1956 წლის 18 მარტი.)
„გურამ, მამიდა ნათელამ მითხრა, მიხარია, მამას დარგით ამდენ ახალგაზრდებში გურამი მაინც წავიდაო, შენ კი აღარ მუშაობ, ძალიან მწყინს. მამიდა ნათელასაც როგორ ეწყინება, რომ გაიგოს...” (მამიდა ნათელა - ივანე ჯავახიშვილის ქალიშვილი. მასთან გურამს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.)
„დედა ისევ ასპირანტურაზე მელაპარაკება, რა ვუყო, არ ვიცი. ერთხანს დათო მუსხელიშვილის ლაპარაკის მერე, მეც ჭკუაში დამიჯდა. ახლა კი აღარ მეჩვენება საჭიროდ. რა უნდა ვიყო? ისტორიკოსი, ვთქვათ, არქეოლოგი, მერე როგორ? დავუშვათ კანდიდატი, მერე 45 წლისა დოქტორი ........ მართალია, პატარამ ბევრი ვიტყუე თავი, შთამაგონეს, თუ შთავიგონე, რომ ისტორიკოსი უნდა ვყოფილიყავი. ახლა მორჩა ილუზიები. ..... ახლა მინდა მეზღვაურობა ... თავს ვარწმუნებ, რომ გაისად, დამთავრების მერე წავალ საზღვაო სკოლაში...” (დათო მუსხელიშვილი - ისტორიკოსი, არქეოლოგი, გურამის უფროსი მეგობარი. ახალი ათონიდან მასთან ერთად წავიდა ბიჭვინთის არქეოლოგიურ გათხრებზე.)
ამონაწერი დედას დღიურიდან: „ნუთუ ჩემს სიცოცხლეშივე ვერ მოვესწრები გურამი ჩამოყალიბდეს, გაუხდეს უფრო მყარი ხასიათი, იმსახუროს, იმუშაოს თავის შემოქმედებაში. ჰყავდეს ცოლი, შექმნას ოჯახი. აი, სად იქნება ბედნიერება ... 1959 წლის 14 მარტი სათარიღო დღეა. გურამი მეუბნება: დედა, მე გადავწყვიტე დავიწყო მუშაობა მუზეუმში. ძალიან მაინტერესებს ვიმუშაო შუა საუკუნეების ისტორიაში და პარალელურად ჩემს წერასაც განვაგრძობ.”
ალბათ ბუნებრივია, რომ ივანე ჯავახიშვილის შემდეგ მთელ ნათესაობას სურდა, რომ მათ შვილებს სპეციალობად ისტორიკოსობა აერჩიათ. როგორც ნათელა ჯავახიშვილი წერს) მთელ სანათესაოში ამ დარგით მხოლოდ გურამი წავიდა.
არსებობს ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის (ივანე ჯავახიშვილის ვაჟიშვილის) პორტრეტი: ჭაღარა თმა, ცოცხალი, ჭკვიანი, ფიქრიანი თვალები, შეკავებული ღიმილი, ჩიბუხით ხელში. მზეზე დამწვარი სახე და ძლიერი, ჯანმრთელი, ლამაზი სხეული მოწმობს, რომ ის ახლად დაბრუნებული უნდა იყოს არქეოლოგიური ექსპედიციიდან (სურათის ფონი ქალაქის პეიზაჟს გამოხატავს). ვფიქრობ, რომ ასეთი გარეგნობისა უნდა ყოფილიყო პროფესორი ლევან ჯანდიერი, გურამის ამავე სახელის მქონე მოთხრობის გმირი.
პირველად გამოქვეყნდა წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს” 1985 წელს.