(რომანი 10 - 17 აპრილი)
აგვისტოს თორმეტი
სქელი ფარდები სხივებს იხვევენ. ოთახში მძიმე ჰაერია. საწერ მაგიდაზე არეულად ყრია წიგნები. თითები მელნითა მაქვს დათხვრილი. ვზივარ და რუსულ თემასა ვწერ სათაურით: Образ из романа островского “ Как закалялась сталь ! “ უშნოდ იჩხაპნება ასოები. მექანიკურად ივსება ხაზები რაღაც სკოლაში მასწავლებლის მონაყოლის მიხედვით. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ ვერც პავლეს სახეს, ვერც მის კუტ და ბრმა დამწერს, არც მინდა. ორი დღის შემდეგ რუსულის გამოცდაა. ბოლო საგანი.
სამი წინა: ქართული, ისტორია და გეოგრაფია ხუთებზე ჩავაბარე. რუსული მართლწერის მეშინია. ვუყურებ დათხვრილ ხელებს და ვბრაზდები, “ახლა ბიჭებს ეგონებათ, რომ დღე და ღამე ვმეცადინეობ, ასანთიც არ არის, რომ გოგირდით გავიხეხო.” წინ დიდი, თეთრი ფურცელი მიდევს. თავზე ხელი ჩამოვისვი. პატარა თმის ღერი ჩამოვარდა. დავუკვირდი. ძირი თეთრი ცხიმისა აქვს. “ახალია”, ვფიქრობ, მერე ისევ ვისვამ ხელს: ახლა ორი ჩამოვარდა. ისინიც ძირიანად: ეს პატარაც მცვივა. ვეღარ გავძელი მაგიდასთან, წამოვდექი. კამოდზე პატარა სარკე დგას. მეორე დევს. ორივეს ვიღებ ხელში: ერთს თავის ზევით ვიჭერ, ერთში ვიხედები. თავზე ცოტა ამოსულა თმა. ის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ გვერდებიდან სოლებივით იჭრება მკრთალი, თეთრი ხაზები და შუა თავზე ერთდება თითქოს. უნივერსიტეტის გათავებამდე მეყოფა, მერე რაც უნდა მოხდეს, გავიზრდები, აღარც დამჭირდება თმა, ჩემი საქმე მექნება. ხუთი წელი თამამად მეყოფა.” შემდეგ მეჩვენება, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მოვხვდე და ჯარში წამიყვანონ. მაშინ გამიცდება ერთი წელი ისე, სამი ჯარში, მერე ხუთი უმაღლესში, სულ ცხრა. ცხრა წელში უთმო ვიქნები, ალბათ. როგორი საქმეა უთმო სტუდენტობა. ცოტა შემეშინდა, მერე უფრო შემეშინდა. “ნაღდად ჩავვარდები რუსულში, უქმად დამრჩება ის ხუთებიც”..... ვფიქრობ და მაგიდისკენ მივდივარ. მაგიდაზე თეთრი ქაღალდი დევს და ზედ სამი თმის მოკლე ღერი გდია თავისი ძირებით.
ვიწყებ წერას:
გათხუპნული თითები მელნიანი მაქვს.
მიოფლიანდება.
თეთრ ქაღალდს თითის ანაბეჭდი დაეტყო ლურჯად.
მუდმივი კალამი გაბზარულია და მელანს უშვებს. ნაწერი გამოდის ჭუჭყიანი. ასოები ითხაპნება. ორგან “ი” მაგარის მაგიერ “ი” რბილს ვწერ, მერე ვასწორებ.
“ნაღდად ჩავვარდები”, ვფიქრობ, მერე წერას განვაგრძობ. ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე პავლე, ვერც მისი ინვალიდი დამწერი, არც ვცდილობ.
შინაარსი გამოდის უმარილო და ასოები დათხაპნილი.
შვიდი სექტემბერი
ჩემ წინ ოთხი ზის გრძელ მერხზე. მათ წინ კიდე ორი გოგო. შუაში ადგილია გასასვლელი. იქით კიდე ხუთი მერხი დგას. იქ ყველა ადგილი დაკავებულია. კათედრაზე ლექტორი დგას და რაღაცას ყვება თავისი ცხოვრებიდან. ხმა ბოხი და ჩახრეწილი აქვს. ამავე აუდიტორიაში დავიწყეო სტუდენტობა, ამბობს. ვიღაცეები იცინიან. მე ვუყურებ. ამ წუთში მწამს, რომ მეც ლექტორი ვიქნები და შესაძლოა, მოვუყვები ჩემს სტუდენტებს ამ დღის შესახებ. გონებაში კათედრაზე ვდგავარ და ვამბობ:
ჩემს ლექტორსაც აქ დაუწყია სტუდენტობა, ახლა ის მოხუცდა, მეც ამ აუდიტორიაში დავიწყე. გისურვებთ თქვენ ჩვენზე კარგი და საამაყონი გამოსულიყავით. გახსოვდეთ: ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა. გულში მსიამოვნებს, დარწმუნებული ვარ, ჩემს ლექტორზე ბევრად კარგი სიტყვა ვთქვი. რაღაც მიხარია.
ვოცნებობ.
ჯგუფი იცინის, ლექტორი ხუმრობს.
ვიღაც ხმამაღლა ხარხარებს.
ჩემ წინ ოთხნი სხედან. სულ მარჯვნივ რომ ზის, ჩემკენ იყურება. რაღაც არ მომწონს მისი სახე. თვალები უელავენ და თითქოს დამცინიან.
ირეკება ზარი.
ლექტორი სიცილით გადის.
კარებში სტუდენტები ერთმანეთს ასწრებენ. ის, რომელიც არ მომწონს, მეჯახება. მე ვიმრიზები და გაშტერებით ვუყურებ.
- რას მიყურებ? - ამბობს ის.
- ჰა! - თვალებს ვქაჩავ მე, მერე ხელს ვავლებ და გვერდზე მივათრევ.
- ხელი აიღე! - ყვირის ის.
- ჩუმად.
- ხელი აიღე, ისე წავიდეთ.
გავდივართ გარეთ. ბიჭები ერევიან და გვაშველებენ.
უკვე ეჭვით მიყურებს ხალხი. წინა დღით სხვა გავათრიე კიდე. მგონი შემაგინა და იმიტომ. ჯერ დიდი გულით მომყვებოდა. მერე კარში დადგა. დაიწყო: სამი წელია ვაბარებ, ძლივს მოვხვდი, ახლა ჩხუბისთვის გინდა რო გამრიცხონ, არა, ძმაო, საჩხუბარი კბილები უკვე დავიცვალეო.
ეს მეორეც იმავეს იმეორებს.
არ მომყვება.
გვაშველებენ.
ეს სასწავლო დღეც თავდება. მე გამოუმშვიდობებლად მივრბივარ ჩემი სკოლის ამხანაგებთან. ისინი უკვე ბაღში მიცდიან. ერთად მივრბივართ საცურაოზე:
კახელი ამხანაგი ორი კვირის შემდეგ რთველში გვპატიჟებს.
ათი სექტემბერი
ვზივარ დეკანატში.
- რა ვქნა მე? - ამბობს დეკანი.
- ჰო, თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ, - ამბობს მელიქიშვილი.
- შენ ხომ იცი, მეც დაინტერესებული ვიყავი.
დეკანატიდან დაღვრემილი გამოვდივარ. სამინისტროს ბრძანებით, ჩვენი, სპარსულისა და არაბულის ისტორიის, ჯგუფები დახურეს. ბევრი ირბინა ჩვენმა დეკანმაც, მაგრამ ვერაფერი გაახერხა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ლექტორიც გამოდის.
- კერძოდ გასწავლი ენას, - მეუბნება. მე უხერხულად ვიღიმები.
- ჯერ კი ძველი მსოფლიო ისტორია აირჩიე.
- ჩემს ნებაზეა? - ვკითხულობ მე.
- ჰო, არჩევანის უფლებას მოგცემენ, - ამბობს ის.
- მაინც რატომ დახურეს? - ვკითხულობ.
- არ ვიცი, მოსკოვში არისო და საკმარისიაო, ალბათ, მაგიტომ.
- ჰოო, - ვამბობ მე, მერე ვემშვიდობები და მივდივარ.
შვიდი ნოემბერი
უკვე აცივდა.
პალტოს მაინც არ ვიცვამ. მოკლე პიჯაკში გამოწყობილი მივყვები გამზირს. ოდნავ მიბრუის თავი. ნამთვრალევი ვარ. ბორჯომის წყლებშიც ცივა. ვსვამ მჟავე წყალს. მსიამოვნებს.
თორმეტ საათზე დამინიშნა მელიქიშვილმა კერძო გაკვეთილი, მაგრამ მეზარება წასვლა. უკვე შვიდამდე გაკვეთილი გავაცდინე. ოთხჯერ ის ვერ მოვიდა: სამინისტროში იყო გამოძახებული. სამჯერ მე დამაგვიანდა. მოვყვები გამზირს და ლურსმებს ვიგონებ. ისინი არ მემორჩილებიან. მავიწყდება წყობა. ვღელავ. მეშინია, სულ არ დამავიწყდეს. მინდა საღამოს მაინც ვიმეცადინო, მაგრამ ლექცია მაქვს პოლიტეკონომიაში და ვერ გავაცდენ: ლექტორი გამცდენის კურსზე დატოვებით იმუქრება.
რვა ნოემბერი
გუშინ ერთად ვიქეიფეთ პეტრესთან ჩვენი კლასის ამხანაგებმა. პეტრეს სამი დიდი ოთახი აქვს, პიანინო, რადიო, დაირა და ფიზგარმონი.
ვხუმრობდით ძველებურად.
რეზო რაღაც ანეკდოტს ყვებოდა, ვასო უკრავდა.
- ბიჭო, ეგ რა არის, - თქვა უშანგმა.
- არაფერი, შარვალია, - ვთქვი მე.
- ჰა, გაერიე სტილში?
- რათა?
- ბუტილკა?
ბიჭებმა სიცილი დაიწყეს.
რეზო ისევ სკოლაში ათასჯერ გაგონილ ანეკდოტს ყვება, ვასო ძველ მელოდიას უკრავს.
მოვიწყინე.
ვასომ დაკვრა დაამთავრა და ფიზიკის მასწავლებელს აჯავრებს.
უშანგი უყურებს ჩემს ბუტილკას და იცინის.
მოვიწყინე.
რატომღაც წასვლა მომინდა.
არ მიშვებდნენ. გამოვიპარე. გზაზე გურამი შემხვდა. გურამს ჩემზე ბუტილკა შარვალი აცვია.
რესტორანში შევედით.
ნაღვინევზე უფრო მეკიდება კონიაკი.
გურამი ანგლობს.
მე ვიცინი.
მერე მე ვხუმრობ.
ის იცინის.
ვზივართ და ვსვამთ კონიაკს: სულ დამავიწყდა ჩემი კლასელები, ბოლოს ისევ მაგონდება. გურამს ხელს ვუყრი და მივდივართ პეტრესთან. ბიჭები “თამარ ქალს” მღეროდნენ, ჩვენ მისვლაზე სიმღერას წყვეტენ და მალევინებენ.
- რამდენი სანტიმეტრია? - ეკითხება უშანგი გურამს შარვალზე.
გურამი აიმრიზა, ვიმრიზები მეც.
ქეიფი გაფუჭდა.
ვიღაცა ცდილობს ხუმრობას, მაგრამ არ გამოდის.
ჩვენ ადრე მოვდივართ.
გურამი დაბღვერილია: მე მწყინს, რომ მას აწყენინეს უბრალოდ და უშანგიზე ბრაზი მივლის; რატომღაც მომინდა მაგრა გამელანძღა და მეცემა ვასო, რეზო, უშანგი ან რომელიმე, მაგრამ გურამი ბანცალებს; მარტო ვერა ვტოვებ.
მეორე დღეს კლასის ბიჭები ისევ იქ იკრიბებიან ნამცეცობაზე.
- წამოხვალ? - ვეკითხები გურამს.
- გიჟი ხარ? - ამბობს ის.
- არც მე წავალ.
- შენ წადი, სირცხვილია.
- გაუშვი ერთი.
- წადი, კლასელები არიან, - მეუბნება ის.
მე მანქანას ვაჩერებ.
ათი ნოემბერი
ვზივარ მაგიდასთან: ვკითხულობ წერილს.
წერია: გურამ!
გამარჯობა. მე გამარჯობას უკვე მეოთხედ გითვლი, შენ კი მხოლოდ ერთხელ შემომითვალე. რაშია საქმე? ნუთუ დაივიწყე ზღვა, მლაშე, წყალი და ცხელი ქვიშა; კელასურის ტყე! ღამე კელასურის ტყეში. არა. დარწმუნებული ვარ ტყუილია, ე.ი. ტყუილია ის, რომ დაივიწყე. თუ არ დაივიწყე, რაშია საქმე: მხოლოდ ერთხელ მომწერე წერილი. აღარ გახსოვარ? თუ ჩემი წერილები არ მოდის შენამდე; თუ ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს? ჰა?
აქ წერილი არა წყდება, მერე წერია კიდე ორი გვერდი. ქვეშ მიწერილი აქვს: ოთხი ნოემბერი. მარინა. და P.S. გილოცავ შვიდ ნოემბერს, გისურვებ, მრავალს დასწრებოდე.
მეღიმება რატომღაც.
პახმელია ვარ და თავი მიბრუის.
ბორჯომის ბოთლს ვხსნი. ვსვამ. ის ცივი და მჟავეა. მსიამოვნებს. ვცდილობ პასუხის დაწერას; ვერაფრით ვერ ვიწყებ. არ გამომდის არაფერი. “თუ ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს? ჰა?” გამიელვა ხაზმა წერილიდან, მერე ისევ გამეღიმა: მინაწერი გამახსენდა: P.S. გილოცავ შვიდ ნოემბერს, გისურვებ, მრავალს დასწრებოდე.
კიდევ ვცდილობ წერილის დაწერას.
ვიღაც რეკავს.
შვებით ამოვისუნთქე და ავდექი:
დედას ჩანთა ჩამოვართვი: ისევ მოვიწყინე, მეგონა გურამი იყო და ლაპარაკში გავიყვანდი დროს. დედა სამზარეულოში სადილს აკეთებს.
მე ვზივარ სავარძელში და გოლსუორსის “ფორსაიტებზე თქმულებას” ვკითხულობ. უსაშველოდ დიდი წიგნია. მომწონს ძალიან. მაგრამ ვგრძნობ, რომ ვერ დავამთავრებ. თავი ისევ მიბრუის ოდნავ. ისევა ვხსნი ბოთლს. გაზი გასვლია და ისე აღარა მწვავს ენას.
ათი დეკემბერი
სემესტრის პირველ ნახევარში ცოტა თავი ავიშვი. ხშირადა ვსვამდი. რამდენიმეჯერ ტყუილადაც ვიჩხუბე. ახლა უკვე თვე გადის, რაც ვმეცადინეობ. ოთხ იანვარს გამოცდები იწყება. ხუთ საგანს ვაბარებ. სამი თითქოს უკვე ვიცი, დანარჩენი ორის სწავლასაც მოვასწრებ.
ახლა უნივერსიტეტში ვარ.
ლექციები დამთავრდა.
მთელი კურსი მივდივართ კომკავშირის კრებაზე. ჩვენი მდივანი მეხუთეკურსელია. მას დიდი ღაბაბი და შავი ულვაშები აქვს. მისი მოადგილე ქერა, მაღალი და წვრილი ბიჭია.
კრებას ისა ხსნის.
მერე მოადგილე ლაპარაკობს.
მერე პროფკომი.
მერე დეკანი.
ის თხელი საშუალო ტანის კაცია სათვალეებით. ლაპარაკობს ხან სხაპასხუპით, ხანაც შესვენებებით: ძირითადად ჩვენზე, პირველკურსელებზე. ამბობს: ჩვენს ხელშია თქვენი აღზრდა, სწავლა, მაგრამ თქვენს ხელშეუწყობლად არაფერი იქნება. ჩვენ ვიქნებით მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ თქვენი მხრიდანაც საჭიროა კრიტიკა, კრიტიკა ქვევიდან, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, მაგრამ მაგაში არ არის საქმე, მაგრამ ეგრეც რომ იყოს, მოგთხოვთ, მოგვთხოვეთ თქვენც ჩვენ - ლექტორებს, მაგრამ მოთხოვნა იყოს საღი, გულწრფელი. მე გულმოდგინედ ვუსმენ.
ჩემ გვერდზე მეოთხეკურსელები სხედან: ვასო რაღაცას იწერს წიგნიდან, ვახტანგი ითვლის დროგამოშვებით.
- ერთი..., ორი..., სამი... თორმეტი.
- რას აკეთებ? - ვეკითხები მე.
- ვითვლი.
- რას?
- მაგრამებს.
- რას?
- მაგრამებს. უკვე ოცჯერ თქვა, ზოგჯერ ორასამდე ასულა. ოცდაერთი - ჩამოუსვა ფურცელზე ხაზი.
მე მეცინება, “რა უინტერესო ხალხია მეოთხეკურსელები”, მერე ვუყურებ მოლაპარაკე დეკანს; მესმის: მაგრამ, მაგრამ და კიდე რაღაცეები, ისევ ის, მგონი, რაც მდივანმა თქვა, რაც მისმა მოადგილემ თქვა, რაც თვითონ თქვა ორი წუთის წინ; ვუგდებ ყურს და არ მესმის ლაპარაკი. ვხედავ: მას თხელი სახე აქვს და სათვალე უკეთია.
- ერთი მაგრამ, ორი, - ვიწყებ თვლას ჩუმად.
- ორმოცდახუთიდან დაიწყე, - მეუბნება ვახტანგი.
მე მეღიმება.
- მაგრამ, რაც მთავარია, ველით პირველკურსელთა გამოსვლას, - ამბობს დეკანი, სათვალეს იხსნის, წმენდს და ისევ იკეთებს.
სიტყვას იღებს ჩვენი მდივანი. თავი საკმაოდ თამამად უჭირავს. იმეორებს სხვების ნათქვამს და თავის მხრივ უმატებს. მე ყურადღებით ვუსმენ. ამბობს: აი, მაგალითად, პოლიტეკონომიის ლექტორი ტყუილა ეჩხუბება გიორგაძეს, გიორგაძე კი, ჩემი აზრით, მოწინავე სტუდენტია. საერთოდ ამ შემთხვევაში მე კურსის აზრს გამოვხატავ და პოლიტეკონომია არა საკმაოდ მომზადებულია იმისათვის, რომ ჩვენ გვასწავლოს.
მე გაკვირვებული ვარ მისი სითამამით.
- რა ვაჟკაცია, ხედავ! - ვამბობ მე.
- ვაჟკაცი კი არა, სულელია, - ამბობს ვახტანგი.
- როგორ, რა თამამად ლაპარაკობს, ხედავ, აბა სხვამ თქვას? - არ ვისვენებ მე. ვახტანგი ტუჩს წევს და რაღაც წიგნსა შლის.
კრება ხურდება.
მომშივდა.
ნელა ვიწყებ მთქნარებას. როგორც იყო, დამთავრდა.
მე თითქმის ბოლოს გავდივარ.
დეკანი ჩვენს მდივანს ელაპარაკება გაცხარებული. მესმის:
- თქვენ ხომ თქვით თვითონ, - ამბობს მდივანი.
- მერე შენ სულელი ხარ, თუ მდივანი.
- რათა? - იბნევა მდივანი.
- კიდე არ გესმის: მოგვთხოვეთ, რომ ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, თავს წახვიდეთ.
- თუ არ ვარგა, პატივცემულო.
- მერე შენ ვინ გკითხავს, საერთოდ ჩემი ბრალია. კომკავშირული უჯრედის გადამუშავებაა საჭირო თქვენს კურსზე, ჩამოხვალ ჩემთან.
ლევანი მიდის.
მე სხვა მხარეს მივდივარ. არ მინდა შემამჩნიოს, რომ მესმოდა მათი საუბარი; თუმცა თავისი ბრალი იყო, ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ განგებაც, რომ მეც გამეგონა. ვინ იცის?
თოთხმეტი იანვარი
როგორ უცებ მოხდა ყველაფერი. ჯერ კიდევ ახალ წელს ერთად ვიყავით. ქეიფი გაგრძელდა. საღამოს თამადამ შესვენება გამოაცხადა. გარეთ გამოვედი. თამრიკოც გამომყვა. ის კანკალებდა. მე მთვრალი ვიყავი და არა მციოდა, მერე მკერდზე მივიკარი. ცოტა დასთბა. ეტყობოდა ტანზე მაინც სციოდა. სულ ოდნავ ძაგძაგებდა. მხოლოდ ტუჩები ჰქონდა ცხელი და ვარდისფერი.
მეორე დღესაც ერთად ვიყავით.
მერე მე სწავლას ჩავუჯექი. არც ერთი საგანი მზად არა მქონდა. თითქოს ლურსმულს ვსწავლობდი, ინგლისურსაც, მაგრამ უშედეგოდ. უნივერსიტეტი იმის დროს აღარ მიტოვებდა, ის კიდევ იმისას. ასე შუა გზაზე ვიყავი გაჩერებული.
ახლა უფრო ხშირად ვნახულობდი ტარიელსა და გურამს. ჯიმიმაც ბევრჯერ წამიყვანა დასალევად. მელიქიშვილი საყვედურებს მითვლიდა, როცა მე ვაცდენდი, როცა თვითონ - ბოდიშს. ნელა მივუშვი ხელი ლურსმულს. უნივერსიტეტში სწავლაც გაჭირდა. უმეტესად არ შევდიოდი ლექციაზე. როცა ვესწრებოდი, მაშინაც არ ვუსმენდი.
ახლა ვზივარ და ვიგონებ.
შეიძლება ჩავიჭრა.
წინ პოლიტეკონომია მიდევს და ვკითხულობ, თითო გვერდს ორჯერ, სამჯერ - არ მესმის მაინც.
ვკითხულობ და თამრიკოზე ვფიქრობ:
როგორ უცებ მოხდა ყველაფერი:
ჯერ კიდევ ახალ წელს ერთად ვიყავით.
მის მშობლებს რომ არ მოვწონდი, ვიცოდი, მაგრამ მასში ეჭვი არ მეპარებოდა.
ახალი წლის შემდეგ დაიკარგა. ვეღარსადა ვნახე. მერე გავიგე, გათხოვილა. თითქოს არც მეწყინა. გამიკვირდა ძალიან და მორჩა. მხოლოდ შეურაცხყოფა ვიგრძენი: მისი მეუღლე ჩვენი კომკავშირის მდივანი იყო: ოჰ. როგორ ვერ ვიტანდი იმ ბიჭს. მერე თითქოს მესიამოვნა, რომ იმას გაჰყვა და სხვას არა.
ახლა ვზივარ და არც მიხარია, არც მწყინს: უბრალოდ მიკვირს. სწავლით კი მაინც ვერა ვსწავლობ: თვალწინ თამრიკოს სახე მიდგას.
ოცი იანვარი
როგორც იყო, მოვრჩი გამოცდებს. ერთი ოთხი გამომყვა, მაგრამ არა უჭირს რა, შემდეგ სემესტრში ფრიადოსანი ვიქნები. რაც მთავარია, სპეციალობაში ხუთი მყავს. ლექტორიც კმაყოფილია. ახლა შემიძლია ვსვა და ვიყო, რამდენიც მინდა; ოცდასამში კი ბაკურიანში წავალ. თხილამურები ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა. თოვლი, თან სიცხე. შავდები და სრიალებ. რა ჯობია.
ახლა დუქანში ვსხედვართ.
ჯიმი წელს ამთავრებს.
- თქვენი ტოლა მაგის ნახევარსაც არა ვსვამდი, - ამბობს.
- კარგი ერთი, - ამბობს რეზო.
- ჩემხელები უკვე დიდი ლოთები იქნებით.
- არა, კაცო, - ვამბობ მე, თან მსიამოვნებს, რომ ჯიმისთან მსმელის სახელი მაქვს.
მომტანს შეკვეთილი არაყი და ლუდი მოაქვს. ლუდი დიდ კათხაში ასხია, არაყი, პატარა ასგრამიან ჭიქაში.
- აბა ისე თუ დალევთ, რომ ერთად გადავიდეს არაყი და ლუდი, - ამბობს ჯიმი.
ვჯახირობთ. რეზომ ჩამოიქცია. არაფერი გამოდის. ჯიმი პატარა ასგრამიან ჭიქას ლუდის დიდ კათხაში აგდებს და ცლის. ერთად თავდება ორივე.
რა კაცია ჯიმი, რას არ ისწავლი მასთან!
ოცდაათი იანვარი
ვზივარ სახლში.
ბაკურიანში წასვლის წინა დღეს გავცივდი. არაფერმა მიშველა. ყელის ტკივილი მატულობდა. გლანდები ზურაბიშვილმა ამომჭრა. ვიჯექი დიდ საოპერაციო სკამზე. დამაღებინეს პირი, მერე ასისტენტმა ნემსი გამიკეთა გლანდებში. დამებერა. უფრო დამებერა. ქირურგმა საკეცი ჩაავლო და ამომჭრა ერთი. იფეთქა სისხლმა. მის შუბლზე მიმაგრებულ სარკეს სისხლის შხეფები შეესხა.
- ეს მამაძაღლები მადლობის მაგიერ მაფურთხებენ, – თქვა მან.
გარშემო იცინოდნენ.
მეც რაღაც ღიმილის მსგავსის გაკეთება ვცადე.
ახლა მეორე ამოჭრა, მერე ტამპონები ჩამილაგა. წამოვდექი. საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს. ქირურგს ხელი ჩამოვართვი და პირი დავიბანე. მარტოკა წავედი საწოლისაკენ. კარებთან ცოტა ამერია ფეხი. ვიღაცამ ხელი შემაშველა. კორიდორში დედა იდგა და მიღიმოდა. მამა რაღაცას მანიშნებდა. მე ვიღიმებოდი. ვუყურებდი. მერე ფოკუსი დავკარგე, თვალები ამერია.
ვიწექი საწოლში.
ნერწყვი გროვდებოდა პირში. მცდებოდა ყელში. ტკივილისაგან ვიმანჭებოდი. დავსუსტდი. ოთხი დღე ფაფებზე გავდიოდი იოლას. მერე სახლში გამიყვანეს. ყველაფერს წამლის გემო ჰქონდა.
ახლა ვზივარ სახლში და სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ ვკითხულობ წიგნებს. სწორედ ახლად გამოვიდა მელიქიშვილის “ნაირი-ურარტუ”. ის ჩემი ლექტორი და ხელმძღვანელია. გატაცებით ვმუშაობ. ისტორიასთან ერთად ლურსმულს გვასწავლის. პირობა მივეცი თავს: ყოველდღე ექვსი ასო მესწავლა. ახლა უკვე ასამდე ვიცოდი.
ვზივარ და ვწერ. სულ უფრო მიტაცებს ლურსმული. ამ ენაში სახელმძღვანელო მარტო გერმანულადაა. ეს ენა ბავშვობაში მაქვს ნასწავლი. ადვილად მიდის საქმე წინ.
ოცი თებერვალი
დღეს დაიწყო კონფერენცია.
მე თემა მზადა მაქვს. ლექტორი აღტაცებულია ჩემით. მისი რჩევით, რამდენიმე დღის წინ ინგლისურის სწავლაც დავიწყე. ლურსმები უფრო მიტაცებენ.
ვდგავარ კათედრაზე და ზეპირად ვკითხულობ. დარბაზი არ არის სავსე. ვარჩევ საკითხებს, მერე შავ დაფაზე თეთრი ცარცით ვხატავ ლურსმებს. ვადარებ შუმერულ და ურარტულ ძირებს. ვიხედები აუდიტორიაში. იქ ჩემი ლექტორი ზის და მიღიმის. გული მეძლევა. თემა მთლიანად მიტაცებს. მესმის კარის ჭრიალი. რამდენიმე თავი ბრუნდება აუდიტორიიდან. მე გული მწყდება. მერე ვგრძნობ, რომ ვწითლდები. იმავეს ვიმეორებ, რაც წინ ვთქვი. კარში ისევ ის გოგო დგას. იღიმება. ის გოგო ხშირად მხვდებოდა ტალანებში. იქაც იყო კრებაზე. ხო, კომკავშირის კრებაზე, რომელსაც იმ ამბის შემდეგ აღარ დავსწრებივარ.
მე მხოლოდ მეცნიერება მიტაცებს.
ძლივს დავამთავრე ლაპარაკი.
ახლა კათედრაზე ჩემი ლექტორი ადის. არჩევს თემას. მაქებს. გული სიამაყით მევსება. ისიც იქ დგას და ყურს უგდებს.
ახლა ვიღაც მეოთხეკურსელი იკავებს ადგილს. სქელ რვეულს შლის. კითხულობს სხაპასხუპით, ხან ჩათვლით.
- მოდი, ზღვაზე ომი ვითამაშოთ, - ამბობს ჩემი მეზობელი მეხუთეკურსელი. მე არ ვეთანხმები. ვუგდებ ყურს. მოხსენება გრძელი და უნიჭოა. ვიღლები. ვუგდებ ყურს: ახლა მხოლოდ ხანდახან მესმის მომხსენებლის სიტყვები.
- აღარ ათავებს, რა, - ამბობს ვახტანგი.
- ჰო, ძალიან გააგრძელა, - ვამბობ მე.
- მეჩქარება სახლში, მშია, – ამბობს ის.
- მეც, – ვთქვი მე.
- ძალით შემოგვიყვანეს, - თქვა მან.
რაღაც არ მსიამოვნებს. ოდნავ ვწითლდები.
- რას მოდიოდი? - ვამბობ.
- სად წახვალ. სანამ დიპლომს აიღებ, მაგათ ხელში ხარ, - ამბობს ის.
ახლა კათედრაზე სხვა ადის. კარი ისევ იღება. ის გოგო ფეხაკრეფით გადის. თავები ისევ ბრუნდებიან იქით.
- ვინ არის? - ვკითხულობ.
- ჰა, მოგწონს?
- არა, ისე.
- რა ისე, ბიჭო, ხოშიანი გოგოა.
- ვინ არის? – ვიმეორებ მე.
- კატო.
- კატო?
- არა, კატო ისე ვთქვი, თამარი ჰქვია.
- თამარი?
- ჰო, თამარ თაბაგარი, აღარ რჩება ეს კონფერენცია, – ამთქნარებს ის.
მეც მწყინდება. კარის ჭრიალს ველით. მთელი აუდიტორია ბრუნდება ყველა ხმაურზე, მერე ისევ უყურებს მომხსენებელს თვლემით. “რა უინტერესო ხალხია, ამათგან რა მეცნიერი გამოვა, თუმცა მოხსენებებიც უნიჭოა. მე ხო მიგდებდნენ ყურს”, ვფიქრობ, მერე დეკანს ვუყურებ.
დეკანი იღიმება და ჩემს ლექტორს რაღაცას უყვება.
კონფერენცია გრძელდება.
ოცდაშვიდი თებერვალი
შორს ვცურავ ტალღებში. დილით ზღვა წყნარია ხოლმე, მერე ქარი უბერავს. ზვირთებში ქვევიდან ვძვრები. ან ზედ ვყვები. ახლა ვგდივარ ქვიშაზე. მზე ეფარება ღრუბელს. ქარი უბერავს და ოდნავ ცივა. გუშინ მივიღე დეპეშა. ეწერა: ახლადმიღებულები ოცდარვაში უნდა გამოცხადდნენო უნივერსიტეტში, ხელს დედა აწერდა. ოცდარვა ხვალ არის, მე დღეს საღამოს წავალ.
მზე ისევ გამოდის.
აჭერს.
კანი შემეჩვია და აღარ მეწვის. თმაც ამომივიდა. ვჯდები ქვიშაზე. ქვიშა ცხელია. ვიყრი ტანზე. ვკოტრიალობ. მერე მივრბივარ წყლისკენ. წყალი გამჭვირვალეა და თბილი. გამოვდივარ ნაპირზე. ჩარდახიდან მარინა მიქნევს ხელს. თვალები ნამტირალევი აქვს.
- რა მოგივიდა? – ვეკითხები მე.
- არაფერი, ისე.
- რა ისე, რა მოგივიდა?
- ვალიამ თქვა, რომ ხვალ მიდიხარ.
- არა, დღეს, ხვალ იქ უნდა ვიყო უკვე, - ვამბობ მე.
ვსხდებით ქვიშაზე. მარინას ჩემი ხელი უჭირავს და თითებს ათამაშებს. ახლა ვწევარ, მარინას ისევ უჭირავს ჩემი ხელი, მერე გულდაღმა წვება. მე თვალებში მზე მაცხუნებს. სხივი დახრილა და ჩარდახების ქვეშ იპარება. თვალებზე გაზეთს ვიფარებ. ახლა მე მიჭირავს მისი გრძელი, სუსტი თითები და ვუჭერ, რაც შემიძლია. ვგრძნობ: სტკივა და ხმას არ იღებს.
ვიღაცამ ფეხი გამკრა.
- ძია ვახტანგ! - დავიძახე მე.
- ჰა, არშიყობ?
ვწითლდები. გოგოს ხელი ხელში მიჭირავს.
- როდის ჩამობრძანდით? - ვეკითხები მე.
- გუშინ. დედაშენმა, ჩამოვიდესო. არ აცდენ დროს, იხელთე მარტო, სახლში ჰგონიათ, გოგოს დანახვაც კი გაწითლებს.
მარინა წამოდგა და უცნობ ძიას უღიმის: ქართული, რა თქმა უნდა, არ ესმის.
- კარგი გოგოა, ბიჭო, ყოჩაღ! – ამბობს ვახტანგი და სიცილით მიდის. მე ვრჩები გაწითლებული, მერე სიწითლე მივლის.
ნელა ვიცვამთ.
მივდივართ ასფალტზე.
ის ახალი მორწყულია და ორთქლს უშვებს.
ღამე უკვე მატარებელში ვზივარ. მთვარე ანათებს ზღვას. სხივი ლივლივებს. ვოცნებობ. ვფიქრობ: ჩავალ თუ არა, უეჭველად მივწერ მარინას მოსკოვში წერილს, მერე ჩავალ და ჩამოვიყვან. ვგრძნობ: მარინა დგას სადგურზე და ფიქრობს იმავეს. ის გაისად ამთავრებს სკოლას. ჩამოვიყვან. რუსულ ფილოლოგიურზე მოვაწყობ ჩვენთან. ჩქარა შეეჩვევა თბილისს. ქართულსაც ისწავლის.
ვდგავარ კიბეზე.
ვხედავ: მთვარე ანათებს ზღვას. სხივი ლივლივებს, მერე მთვარეს ღრუბელი ეფარება. ზღვა რუხდება და თითქმის აღარა ჩანს.
შევდივარ ვაგონში.
ვწვები ზედა თაროზე. მეჩვენება: ხელში მარინას ხელი მიჭირავს და ვუჭერ მთელი ძალით.
მატარებელი ირწევა.
- დგ-დგ – იძახიან თვლები.
ვთვლემ, მერე ვიძინებ.
ათი მარტი
დიდი ხანია, დაიწყო მეორე სემესტრი. უკვე დროა, მომავალზე ვიფიქრო. ისევ ჩავუჯექი. ლურსმული თითქმის მიმავიწყდა: აღარც მჭირდება ახალ სპეციალობაზე. თითქმის თავიდან ვიწყებ სწავლას. ვსწავლობ: ის ხალისი და მონდომება მაინც აღარა მაქვს. იმედს არა ვკარგავ. ასე იყო მაშინაც, როცა ცოტა ვისწავლე ლურსმები, უფრო დამაინტერესა. ახლაც ასე მგონია: მინდა შევიდე საქმის კურსში, მერე გამიადვილდება, დამაინტერესებს კიდეც.
ხვალ დაბარებული ვარ კომკავშირის კრებაზე, მგონი გაცდენების გულისთვის. ვნახოთ, რას მეტყვიან.
თერთმეტი მარტი
- ნამდვილი ნასესხებია, - მესმის დედის ხმა და ვიღვიძებ. ვჯდები ტახტზე: გარეთ თოვლის თხელი ფენა დევს. სადღაც მზე ამოდის. თოვლი თითქოს რბილდება. ხელები და გული შიშველი მრჩება. ისევ ვიხურავ საბანს. ვიტრუნები. მესმის: დედა სამზარეულოში ფუსფუსებს. მერე აღარ მესმის.
გუშინ წრის სხდომაზე ისევ გავაკეთე მოხსენება. ლექტორი აღტაცებულია. ბიჭებს ახლა იშვიათად ვხვდები. ვსვამ იშვიათად: ისიც დაბადების დღეებზე. ვწევარ და გონებით ვიმეორებ ლურსმებს. უკვე ორასორმოცდაათი ასო ვიცი. ზოგიერთ წარწერას დამოუკიდებლად ვკითხულობ.
რატომღაც დედა არ მაჩქარებს ადგომას. მგონი, წინა დღეს მამას შეხვდა მელიქიშვილი და მაქო. ალბათ, დღეს შეღავათს მიწევენ.
გუშინ მოხსენების შემდეგ ვესტიბიულში გრძელდებოდა კამათი. მთელი დამსწრეები იქ იყვნენ. მართალია, სულ ათი თუ თორმეტი კაცი ესწრებოდა, მაგრამ მხოლოდ ის, ვისაც აინტერესებდა და ესმოდა. კამათში თამარიც ერევა. ახლა ამ გოგოს უკვე შევეჩვიე. მაინც ვწითლდები. მაგრამ არ ვიბნევი. უკვე გარკვეული გამოცდილება მაქვს კვლევის და კამათის. გააფთრებით ვიცავ ჩემს აზრებს. მისი აქ ყოფნა აორებს ჩემს ცეცხლს. ის თავისი აზრის გამოთქმას ცდილობს. ვიღაც უხეშად აწყვეტინებს. მე რბილად განვუმარტავ შეცდომას.
მერე ერთად მოვდივართ.
გზად ლიტერატურაზე ვსაუბრობთ.
მას ფოიხტვანგერი წაუკითხავს ახლად და აღტაცებულია. მე ამ მწერალს არ ვიცნობ.
- რა მოგწონთ? - ვეკითხები მე.
- გასაგიჟებლად წერს, - ამბობს ის.
- ჰოო, - ვამბობ მე.
- დიახ, არაჩვეულებრივია, იცით, როგორი, აი თითქოს... - გოგონას ენა ებმება, მე სწრაფად მეზრდება ცოდნა ფოიხტვანგერის შესახებ. მეღიმება.
- რა შინაარსის მოთხრობები აქვს? - ვკითხულობ.
- გერმანიაზე, დიახ, გერმანიაზე. როგორ სდევნიან გუსტავ ოპენჰეიმს ფაშისტები, კიდე აქვს ისტორიული რომანები, გასაგიჟებლად ნაწერი.
- ჰოო, მართლაც კარგი ყოფილა, - ვამბობ მე და ისევ მეღიმება.
გოგონა კი არ ისვენებს. რაღაც მომწონს მისი. უფრო მიყვარდება. მერე ჩემს თავს ვარწმუნებ, რომ მშვენივრად ესმის მწერლობა. რა ბედნიერებაა, გყავდეს ასეთი ჭკვიანი გოგო, ვწითლდები. რა დროს მის გოგოობაზეა ლაპარაკი, ვფიქრობ, ჯერ ჩვენ კარგი ამხანაგებიც არა ვართ. მის სახლთან ვემშვიდობები და მოვდივარ მარტო. გონებაში მხოლოდ მას ვხედავ. ის კი ლაპარაკობს რას, სულერთია: ლაპარაკობს და მორჩა: მე უზომოდ მსიამოვნებს მისი ხმა. ნეტა, ხვალ თუ ვნახავ?!
რადიოში თორმეტი საათის საყვირი ისმის. უცებ ვიცვამ ტანზე და სამზარეულოში გავდივარ.
თხუთმეტი აპრილი
გუშინ ვწერე რუსული. სწორედ ის მოვიდა, რაც არ მინდოდა. თუმცა რატო არ მინდოდა, არ ვიცი. არც სხვა ვიცოდი უკეთ. ალბათ, იმიტომ არ მინდოდა, რომ ერთგან სიტყვა “Çàêàëåííûå” იყო. რატომღაც რბილი ნიშანი დავსვი “Ë”-ს მერე. მეორე მერხზე მჯდომ ელამ ბიჭს ვკითხე; იმანაც ისე მითხრა, სირბილის ნიშანი უნდაო. მაინც დავეჭვდი. ჩემ წინ ვიღაც თავშეხვეული იჯდა. დიდხანს არ გამაგონა, ბოლოს პატარა ფურცელზე დაწერილი გადმომიგდო, ეწერა: “Çàêàëåííûå”. სულ დავეჭვდი. რაღაც ვიგრძენი, რომ მატყუებდნენ. სწორედ იმ დროს ჩამოიარა ნაცნობმა კომისიის წევრმა და მანიშნა, როგორც იყო სწორი. “Ë” გადავშალე. ნაწერი დაითხაპნა. სულ გამიფუჭდა ხასიათი. ოფლმა დამასხა. “ვერ მოვხვდები”, გავიფიქრე, მერე ბრაზი შემომაწვა. მივხვდი, რომ განგებ მატყუებდნენ. როგორც იყო დავამთავრე და გამოვედი. ბოღმა მომაწვა. მალე ელამიც გამოვიდა. კუთხეში მივიმწყვდიე და დედის გინება დავიწყე. ის საცოდავად იდგა. კანკალებდა. დიდი, გრძელი თმა სახეს უმალავდა.
გარეთ ერთად გამოვედით.
ასფალტს ბუღი ასდიოდა.
ვიღაც გოგო მოთქვამდა, ვიღაც ქალი თავის შვილს აქებდა.
- რო არ მიიღონ, მოსკოვამდე წავალ, – ამბობდა შლიაპიანი კაცი.
- მე არც ვღელავ ჩემზე, – თქვა ქალმა.
- რატო იღელვებს, მთელი უნივერსიტეტი მისი ნაცნობია, – გადაუჩურჩულა ერთმა მეორეს.
მე თავშეხვეულს ხელი გამოვდე. მას დაბნეული სახე ჰქონდა და ტანზე მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა. ხელი უცებ გამიოფლიანდა. მაინც არ გავუშვი. დავუყევით ქუჩას.
თავისით ჩავედით დუქანში.
ტარიელმა რაღაც შეუკვეთა.
მერე ტარიელი, ის და მე არაყსა ვსვამდით ჩუმად.
- თქვენ მოხვედრას გაუმარჯოს, – თქვა ტარიელმა.
- რას მიჰქარავ, რა დროსია, – ვთქვი მე.
ის ჩუმად იყო.
კიდე დავლიეთ.
თითქოს აგრილდა. შუბლზე ხელი მოვისვი. ცივი მქონდა. შიგ კი მწვავდა რაღაცა.
- მეც ეგრე მეგონა, მერე მოვხვდი, ახლა ხო ხედავ მესამეზე ვარ, - ბუნდოვნად მესმოდა ტარიელის ხმა.
- ჰო, ნუ გეშინია, - ვანუგეშე ის.
- ჰა? - თქვა მან.
- ნუ გეშინია.
- როგორ?
მას თვალები დაწითლებული ჰქონდა. ოდნავ ქანაობდა. მეც ცოტა მეხვეოდა თავბრუ.
ტარიელი არაყზე წავიდა.
- რა როგორ, ნუ გეშინია, მოხვდები, - ვთქვი მე.
- დედას ვუტირებ, მოვკლავ იმ მელოტს, იმისი, ორი ხუთი მაქვს, ერთი ოთხი, ახლა თუ ხუთი არ დამიწერა... - იმან ბოთლს ხელი დაავლო და კედელს სთხლიშა.
ტარიელი და მე ვეცით.
ბორგავდა.
ვიღაცაზე იწევდა, რაღაცეებს ყვიროდა. მერე ღებინება დაეწყო. როგორც იყო, ჩავაგდეთ მანქანაში.
- სად ცხოვრობ, ბიჭო? - ჰკითხა ტარიელმა.
- ბაღდადში.
- ჰა?
- ბაღდადში, რა ჰა, დედას ვუტირებ.
- ვერ მესმის.
- რა ვერ გესმის, ბაღდადელია, აქ არ ცხოვრობს, - გავბრაზდი მე, მერე მძღოლს ჩემი მისამართი მივეცი.
დედაჩემი თავს ადგა გვიან ღამემდე და სველ ტილოებს ადებდა. ტარიელი სახლში წავიდა. მე გაუხდელი ვიწექი. მამაჩემი კი იჯდა და ჩემს საგამოცდო ფურცელს უყურებდა. მერე წავიდა.
ახლა ახლად გაღვიძებული ვიყავი. ის უკვე წასულიყო სადღაც. “არაფრით არ მოიცადაო”, თქვა დედამ.
მე ჩავიცვი და სახლიდან გამოვედი. ზურგზე დედის ალერსიანი თვალები ვიგრძენი.
- ნუ გეშინია, მოხვდები, - მომეწია მისი ხმა.
“საიდან იცის, ნეტა რა დარწმუნებულია”, - გავბრაზდი რატომღაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- სულა?
- ჰო.
- გენაცვალე სულში, კარგია, ცხელა, სიცხე არ შეგაწუხებს, არც თმა გაგცვივა, – დაიწყო ქაქანით იარაღის მომზადება.
“რა თმა, სადღა მცვივა”, გავბრაზდი, “უბრალოდ მაწუხებს და ის არის”, ვბუზღუნებდი გულში.
გადაკრეჭა შუბლიდან დაიწყო.
თმა სქლად აჰყვა, მერე იატაკზე დაცვივდა. გვერდებზე ისევ სქლად იყო დახვეული, ახლა მარჯვენა გვერდი ამკრიჭა, მერე მარცხენა, ბოლოს უკან აიღო.
გადაკრეჭილ თმაზე ოდნავ მომიბერა ნიავმა და მესიამოვნა. შვება ვიგრძენი. ახლა თავზე დარჩენილ თმის ღერებს ჯაგრისით ბერტყავდა. რაღაცამ მიჩხვლიტა კისერში, ისევ მიჩხვლიტა. დალაქი ლოყაზე ცხელი საპნის ქაფს მისვამდა. დაიწყო პარსვა. სარკეს თვალს არ ვაშორებდი. “არც ისე გაცვენილი მაქვს თმა”, ვფიქრობდი, მერე უფრო კარგად ვაკვირდებოდი. კისერში ჩაცვივნული ბეწვები მჩხვლეტდა. ოფლი ჩადგა საყელოსთან და უფრო შემაწუხა.
როგორც იყო დამთავრდა.
ავდექი.
სარკიდან წითური სახე, მზისგან გადაცქვეფილი ცხვირი და თეთრი ახლად გადაპარსული თავი მიყურებდა.
რაღაც არ მესიამოვნა:
პერანგის საყელო დაჭმუჭნილი იყო და კისერი საცოდავად მოჩანდა ფართო დაკუნთული მხრების მერე.
გარეთ ისევ ცხელოდა:
მხოლოდ ნიავი მოძრაობდა და თავს მიგრილებდა. მერე მზემ დააჭირა. უთმოდ დარჩენილი თავი გამიხურა, სადღაც ჩალის შლიაპა ვიყიდე და თავზე ჩამოვიფხატე.
თექვსმეტი აპრილი
მიმიღეს.
ამბავი ნაცნობმა კომისიის წევრმა გამოიტანა. თავშეხვეული ისევ დარჩა. ოფიციალური სიები ჯერ არ იყო გამოკრული.
მოისვენა ოჯახმა.
მიღების ამბავი არც ისე გამიხარდა. რაღაც შვება ვიგრძენი და მორჩა. “მიმიღებდნენ მა რა”, გავიფიქრე. ტარიელს სადღაც გაეგო და გამომიარა. წინა დღეს მასაც გადაეღო თმა. უხდებოდა. ერთად ჩავუყევით დაღმართს. ტარიელი ჩემი მეგობარი არ იყო. ის გაზაფხულზე გავიცანი დაბადების დღეზე. დავახლოვდით. ახლა ავადმყოფ დედას ადგა თავზე და იმიტომ იყო ქალაქში. თავისუფალ დროს ჩემს გულშემატკივრობაში ატარებდა. უმეტესად ჩუმად იყო.
ახლაც ასე მივყვებოდით გამზირს.
- მალე აგრილდება, – თქვა მან.
- ჰო, მალე, - ვთქვი მე.
- რა გინდა, სტუდენტი ხარ.
- ჰო.
- კარგია, ძმაო, კარგი.
- კარგია, მა რა, – ვთქვი მე.
ცხელოდა.
გამზირი გადავსერეთ, გავედით მოედანზე, მერე ორთაჭალისკენ დავეშვით. მტკვარზე გადაკიდებულ რესტორანში მშვენიერი ქაბაბი იყო. ზედ არაყი და ლუდი.
- დაიწყე რა, ლოთობა, – თქვა ტარიელმა.
- არა, კაცო ისე, - ვთქვი მე.
- რა ისე, ჯერ სადა ხარ.
- თქვენ რა, ბევრსა სვამთ?
- შემოხვალ, ნახავ.
- მეც დავლევ, ოღონდ ცოტას.
- ვნახავთ.
- ტარიელ, კარგი გოგოები არიან? – ვიკითხე მე.
- გოგოები? როგორიც გინდა, შენ მარიფათზეა.
- არა, მე არ მიყვარს.
- მე კი, რაღა დაგიმალო.
- მეც მყავდა, ოღონდ ისე, არაოფიციალურად.
- როგორ?
- ისე, მარტო ვკოცნიდი, არც მივლია ქუჩაში, არც სიყვარული ამიხსნია.
- ვერც მე ვიტან ახსნას, – თქვა ტარიელმა.
ორთაჭალის მოედანზე უფრო ცხელოდა. ხანდახან ვინმე გოგირდის აბანოდან ამოივლიდა. ვიღაცა გოგო მიესალმა ტარიელს. ტარიელი გაწითლდა, მერე მივიდა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ მეც დამიძახეს. გამაცნო. გოგოს ხელი ოფლიანი ჰქონდა. რაღაც არ მესიამოვნა, მერე ჩუმად გავიწმინდე ხელისგული შარვალზე.
- საშინელი სიცხეა, არა? – თქვა ტარიელმა და გაწითლდა.
“რა აწითლებს”? გავიფიქრე მე.
- ჰო, ახლა აქ ყოფნა საშინელებაა, – თქვა გოგომ.
- მართლაც, ძალიან ცხელა, – ვთქვი მე.
ახლაღა დავუკვირდი გოგონას. გული მოდღლეზილი ჰქონდა და სავსე მკერდის დასაწყისი უჩანდა. უფრო ღრმად ჩავაყოლე მზერა. ის შეიშმუშნა. მე რაღაც მომინდა.
მზე კი აჭერდა.
თითქოს შემრცხვა, რო ამხანაგის ნაცნობზე რაიმე გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე დამავიწყდა ტარიელი.
- ვინ არის? – ვკითხე ტარიელს მისი წასვლის მერე.
- ორი წელია მიყვარს, – თქვა მან.
- რამ გაგაგიჟა, – ვთქვი მე.
შემდეგ ისევ წარმოვიდგინე ის. ხელები ამექავა. ძალიან მომინდა მისი მკერდისთვის ჩამებღუჯა. ალმაცერად გადავხედე ტარიელს.
- როგორა გაქვს მერე საქმე? – ვკითხე მე.
- არც როგორ, ჯერ არ მითქვამს.
რაღაც მომეშვა გულზე. თითქოს მდინარიდან ნიავმაც მოუბერა.
სიონისკენ გადავუხვიეთ და ტაძარში შევედით. კარში მათხოვრები ისხდნენ. შიგ ბნელოდა და სიჩუმე იყო. ჯერ ისევ იმ გოგოზე ვფიქრობდი, მერე ფიქრი გამეფანტა. ტაძარში გრილოდა. თითქოს შემცივდა. ვგრძნობდი, რომ ოფლი ცივად მაშრებოდა ტანზე. მერე რატომღაც თავშეხვეული ბიჭი მომაგონდა, ტყუილა რომ გავარტყი და გარეთ რო დარჩა, შემეცოდა: ჯარში წაიყვანდნენ უეჭველად. “ნეტა, ის ელამი თუ მოხვდა”, გავიფიქრე.
ტაძარში სიჩუმე იყო.
გრილოდა.
მე თითქოს შემცივდა.
“უსინდისო ვარ”, მომდიოდა თავზე ბრაზი, “ამხანაგის გოგოზეც კი რა გავიფიქრე, ახი იყო ჩემზე, რო არ მოვხვედრილიყავი”, მერე ბრაზი გამიქრა, თითქოს ფიქრიც გამეფანტა. ვიდექი ბურუსში. შემდეგ ვიგრძენი, რომ ტარიელმა ხელი მომკიდა. ავიხედე. ჩემ წინ ქრისტე ეხატა, ბზის ჯვარზე გაკრული. ხელები ჩალურსმული ჰქონდა და სისხლი სდიოდა. თავზე ეკლის გვირგვინი ედგა. კისერი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული. მომეჩვენა, რო თვალები რაღაც ეშმაკურად მიყურებდნენ. ჩუმად გამოვედით ეკლესიიდან. მათხოვრებს გამოწვდილი ხელები შერჩათ.
რატომღაც ისევ მომინდა რაღაც და ტარიელის შეყვარებული გამახსენდა. სავსე მკერდის დასაწყისის გამოსახულება ვერ მოვიშორე თავიდან. უფრო მომინდა. მზე ცოტა გადახრილიყო.
თითქოს გრილოდა.
ამოვედით მოედანზე: მე ისევ იმ გოგოზე ვფიქრობდი, მერე გამახსენდა, რომ ეკლესიაში ჩემი თავი მეზარებოდა ცუდი საქციელისთვის, ისევ წარმოვიდგინე ქრისტე, მაგრამ ამხანაგის გოგოს მკერდი თავიდან ვერ მოვიშორე; ჩავიცინე. გამახსენდა, რომ ქრისტეს თვალები რაღაც ეშმაკურად მიყურებდნენ.
- ტარიელ, - ვთქვი მე.
- რა? - თქვა მან.
- ტაძარში შევალ, წმინდანი ვხდები, - ისევა ვთქვი მე სიცილით.
- რათა?
- რა რათა, ლექსს ვიგონებ.
ტარიელს სახეზე სულელური ღიმილი გამოეხატა.
შვიდი მაისი
ღამეა.
ქუჩაში ცხელა. ოთახშიაც ცხელა. ვზივარ რადიომიმღებთან. კონიაკი მაქვს დალეული და თავი მიბრუის. ბორჯომი ვერსად ვერ ვიშოვე.
უკვე თვეზე მეტია, უნივერსიტეტში არ მივსულვარ. ან რა მინდა. როცა გამორიცხული არ ვიყავი, მაშინაც არ დავდიოდი. ვერ მომინელებია ის ამბავი. ათ მარტს მშვიდად დამიბარა მდივანმა: მეც მივედი კრებაზე. იქ რატომღაც ტონი შეიცვალა, აყვირდა, ფანქარი დამირტყა მაგიდაზე. მეჩხუბებოდა, რატომ აცდენო. აშკარად ვგრძნობდი, რომ ვეზიზღებოდი. მე მშვიდად ვიჯექი. თითქოს მეცოდებოდა კიდეც ის თავისი ზიზღით. ეს ახალი მდივანი პირველზე საცოდავი იყო: დიდი თავით და ბეჭებით; წვრილი ნაწყვეტი ხმით. რაღაცეებს ყვიროდა. თვითონ ირეოდა. კრების ბოლომდე ხმა არ ამომიღია. როცა დამთავრდა, გარეთ გავიყვანე. პირველივე დარტყმისაგან დავარდა. რატო დავარტყი, ახლაც არ ვიცი. თითქოს ისე არ ამშლია ნერვები. ის მაშინვე წამოდგა და ხელი მომიქნია. მე ავიცილე და ისევ დავარტყი. ისევ მომიქნია. ახლა ნიკაპში მოვადე: კარგა ხანს ეგდო გულაღმა. მე ვუყურებდი და მეღიმებოდა. როგორ გავჩნდი რექტორთან, აღარც მახსოვს. აქეთ-იქიდან კომენდანტები იდგნენ. რექტორი ჩემი სასწრაფოდ გარიცხვის შესახებ დაწერილ ბრძანებას მიკითხავდა და დაჭერითაც მემუქრებოდა. იმ დღის შემდეგ აღარც მივსულვარ უნივერსიტეტში.
ახლა ღამეა.
ქუჩაში ცხელა. ოთახშიაც ცხელა. ვზივარ რადიომიმღებთან. გარეთ ცხელი ქარი უბერავს. სუფთად მარტო რუსეთს ვიჭერ. ვეძებ ჯაზს. მოსკოვი ამერიკისათვის გადასცემს ჯაზებს. რაღაც არ მსიამოვნებს, ახლა სხვა ტალღას ვიჭერ. რაღაც სიმფონიაა. მსიამოვნებს, მერე იწყება რუსული გუნდი. ისევ გადამყავს ტალღა. საზღვარგარეთიდან ჯაზების დაჭერა შეუძლებელია. მაინც ვიჭერ ვაშინგტონს. უკრავს ლუი არმსტრონგი. ხრიალებს რადიო. მერე უკანასკნელი ცნობების გადმოცემა იწყება. ახალ ტალღას ვიჭერ. უკრავს ფორტეპიანო. ჩაიკოვსკი მიყვარს. სრულდება ეტიუდები მისი საბავშვო დღიურიდან. ვგდივარ სავარძელში. მხოლოდ კისერი მაქვს გაშეშებული, ვერ დავდე ვერსად მოხერხებულად და ვუსმენ. აი, ბაბაიაგა აშინებს ბავშვებს, მერე თოჯინა თამაშობს. სიმფონია მითრევს. ახლა მხოლოდ ჩაიკოვსკის ვგრძნობ. უკრავდა რიხტერი, აცხადებს დიქტორი ინგლისურად, მერე ამბობს ღამე მშვიდობისას. ნასიამოვნები ვიტრუნები სავარძელში: ისმის საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ძლივს ვარჩევ დიქტორის ხმას: გადაცემები ამერიკისათვის დამთავრებულია, ამბობს. რუსული ხმის გაგონებაზე სადღაც ქრება განცდილი სიამოვნება.
ვაწვალებ დამჭერს. ერთხანს აღმოსავლეთის მოთქმას ვუსმენ. მერე ლონდონს ვიჭერ. ისმის ინგლისის ჰიმნი. მერე დიქტორი ლაპარაკობს. იმეორებს ჩაიკოვსკის გვარს. სრულდება მისი საბავშვო დღიური. იგივე ნაწარმოებები, რასაც მოსკოვი გადმოსცემდა. ახლაღა მაგონდება, რომ ეს თარიღი რაღაცით უკავშირდება რუსი კომპოზიტორის ბიოგრაფიას. ნასიამოვნები ვგდივარ სავარძელში. დრო მიდის. უკრავენ ჩაიკოვსკის ლონდონში. არაფერზე არა ვფიქრობ. მხოლოდ ვგრძნობ, რომ რაღაც ორმაგად მსიამოვნებს. როგორც იყო, მოვახერხე კისრის კარგად დადება. ვთვლემ. ისევ ისმის ინგლისის ჰიმნი. ვრთავ რადიოს. გაუხდელად ვიძინებ.
პირველი ივნისი
რესტორანი ვიწროა. მე ვზივარ კუთხეში მარტოკა, წინ არყის ბოთლი მიდგას. მომტანი მივსებს ჭიქას. ვსვამ. ის ცხარეა და უგემური. მერე გემოს ვეღარა ვგრძნობ. ვაყოლებ ლუდს. უფრო ვითვრები. ცალი თვალი ჩალურჯებული მაქვს ჩხუბისგან. ვცდილობ ხალხისკენ არ ვიყურო.
ვთვრები.
სახეს ვაბრუნებ. ვიყურები.
მთვრალი ვარ: ახლა უკვე სულერთია ჩემთვის ჩალურჯებული თვალიც, ხალხიც.
პირდაპირ მაგიდასთან ვიღაც კაცი ზის ჩალის შლიაპით. ჭამს ღვეზელს და სვამს ლიმონათს. ხანდახან მალულად მიყურებს. მე ვაშტერდები. ვგრძნობ, ვეცოდები და ფიქრობს: ასე ახალგაზრდა რამ გაალოთა ნეტა, ან ამ სიცხეში არაყს რა ასმევს.
მე თვალს ვაშორებ და გულში ვამბობ: რა მაგის საქმეა, მინდა დავლევ, მინდა არა.
ისევ ვუყურებ. ის მიდის. მის ადგილს სხვა იკავებს.
ვზივარ დიდხანს. მთვრალი ვარ და დროს ვერა ვგრძნობ. მახსოვს, რომ სინათლეები აანთეს. ვიღაც მელაპარაკებოდა.
- ვკეტავთ, - ამბობს მომტანი.
მე თავს ვიღებ: მაგიდაზე ჩამძინებოდა. ფული არა მაქვს და სტუდბილეთს ვტოვებ: მაინც აღარაფერში მჭირდება, ვფიქრობ, ხვალ კი სხვა რესტორანში შევალ.
ათი ივნისი
თამარს ხელი აქვს გაყრილი ჩემს ხელში და ხელკავით მოვდივართ.
ათი ივნისია დღეს.
ბოლო გამოცდა ხუთზე ჩავაბარე: ამ სემესტრში ფრიადოსანი ვარ.
ცხელა.
თამარს მკლავი აქვს გამოდებული და ისე მოვყვებით ქუჩას. მე კმაყოფილი ვარ: ხვალ თამართან ერთად მივდივარ საგზურით ციხისძირში.
პირველი ივლისი
ციხისძირში ჩვენთან ერთად ისვენებს ტარიელი იმ გოგოსთან ერთად. ის გოგო ახლა მისი მეუღლეა. მას მაღალი წელი და სავსე მკერდი აქვს. ცურვის დროს ხშირად მიხვდება ხელი იმის მკერდზე. მაშინ თამარიც მავიწყდება, ტარიელიც. ყველაზე ხშირად ამ დროს წინა ზაფხული მახსოვს ხოლმე.
ქვიშაზე გაწოლილი მალულად ვჭვრეტ რუს გოგოებს, მინდა რომელიმეში მარინა დავინახო. ზღვამ ისევ გამახსენა ის. თამარი გვერდზე მიწევს და დამწვარ კანს მაძრობს. ზურგი მეღიტინება და მსიამოვნებს.
- კარგი გოგოები არიან, არა, რუსები? - ამბობს ის. მერე მოწყენილი მიყურებს.
- რას ამბობ? - ვამბობ მე და ვცდილობ თვალებში არ ვუყურო.
საღამოს ზღვის ნაპირას დავდივართ. მე მის მხარზე მიდევს ხელი და ისე. მერე მთვარე ამოდის. ჩვენ ქვებზე ვწევართ. მე მის კალთაში მიდევს თავი. ხელებს კისერზე ვხვევ. ვიზიდავ. ის მიძალიანდება, მერე იხრება. ტუჩები ზღვის წყლისაგან არის მლაშე და გემრიელი.
სანატორიუმში ის პირველ სართულზე წევს ტარიელის ცოლთან ერთად, მე მეორეზე ტარიელთან ერთად. ძილის წინ ვიღებ რვეულს და ლურსმებს ჩავცქერი. შემოდგომიდან შუმერულ ენასთან ერთად ურარტულის დაწყებას დამპირდა ლექტორი. ინგლისურშიც კარგად მიდის საქმე. წარმოვიდგენ ჩემს თავს ისტორიკოსთა დისკუსიაზე. მოხსენებას ინგლისურად ვაკეთებ. შეკითხვები შემოდის ფრანგულად, გერმანულად, რუსულად და არაბულად: მე ყველას თავის ენაზე ვპასუხობ.
სიამოვნებისგან ვიტრუნები. ვიძინებ.
ხუთი ივლისი
უნივერსიტეტში გაქანებული გამოცდებია. არაფრით არ მიშვებენ. მდივანი იძახის, ან მე უნდა ვიყო, ან ისო. იმას ვინ მოხსნის. ახლა უკვე ცხადია: თუ უნივერსიტეტს არა, წელს მაინც ვკარგავ. დღე და ღამე ვეძებ, მდივნის ცემა მინდა, მაგრამ გარეთ უმანქანოდ არ გამოდის: ვერსად მოვიგდე ხელში.
დილით სახლიდან ცხრაზე გამოვედი, როგორც ყოველთვის: მშობლებმა არ იციან ჩემი ამბავი და გამოცდაზე მისტუმრებენ ყოველ დილით.
- სახლში იციან? – მეკითხება ჯიმი.
- არა.
- რატომ არ ეუბნები?
მე თავს ვიქნევ.
ჯიმი არაყს მისხამს.
ვსვამთ.
- უთხარი, - ამბობს ის.
- არა, - ვამბობ მე.
კიდე მისხამს.
- მოვკლავ იმ შავთავა ვირთხას, იმის, – ვთქვი მე.
- მოკალი მაგისი, – თქვა ჯიმიმ.
კიდე ვსვამთ.
კედელზე აბრა ჰკიდია და წერია:
არაყი მათრობელა სასმელია
ჩვენ ვთვრებით.
მე უფრო მაგრა მეკიდება, ჯიმის არა.
გარეთ სინათლეები ანთია და ხალხი ირევა.
- რა ქენი, დაგიშვეს? – მეკითხება ვიღაცა.
მე ხმას არა ვცემ.
- სახლში იციან? – ხელს მართმევს ლია.
- არა, – ვამბობ მე და მივდივარ.
მესმის: ლია ამბობს: საწყალი, რა კარგა სწავლობდა, ახლა კი სულ ლოთობს, ჩხუბობს, მე თვითონ ვეტყვი დედამისს. მე ალმაცერად ვუყურებ, მერე უხმოდ მივდივარ.
რატომღაც თავში მიტრიალებს, რომ ლიამ ჩხუბი ახსენა, მერე დედა. დედამ რო გაიგოს, გაგიჟდება. ძლივს მოვხვდი. რა იმედი ჰქონდა, ახლა კი...
წინიდან ვიღაც მოდის. იმასაც შავი დიდი თავი აქვს, მაგრამ ის არ არის.
- ჩვენი ძმა, – ვთქვი მე.
- რა? – თქვა იმან.
- რათა გაქვს დიდი თავი და თან შავი, ჰა? – ხმას ვუწევ მე.
ის გაკვირვებული მიყურებს.
მე თვალები მერევა.
- ჰა? – ვუმეორებ.
- დამთვრალხარ, მოინელე, – ამბობს ის.
- ჰა?! – ვღრიალებ მე და ვურტყამ.
ისიც მირტყამს.
ასახვევში ვართ და ხალხი ცოტაა. იმას ფეხი უსხლტება და ეცემა, ვურტყამ წაქცეულს: გული მისდის. ჩემკენ ვიღაც წვრილი ბიჭი გამორბის: მეჩვენება, რომ დანა უჭირავს. ვურტყამ ქვაფენილიდან ავარდნილ ქვას: ისიც ეცემა.
ექვსი ივლისი
ვიღვიძებ. საშინლად მტკივა თავი. ჩემ გვერდზე კიდე ორი ზის. ძინავთ. ვიგონებ გუშინდელ ამბავს. სულ ბუნდოვნად მახსოვს.
მამაჩემი გარეთ დგას და მორიგე მილიციელს ელაპარაკება რაღაცას.
ცხრა ივლისი
დღეს უკვე ქალაქის ციხეში ვზივარ. თმა გადაპარსული მაქვს და ისე. ძალიან მინდა სარკეში ჩავიხედო: მაინტერესებს, ძალიან თუ მაქვს თმა გაცვენილი.
ოთახი სავსეა პატიმრებით. ყველა რაღაც რჩევას მაძლევს: ერთ კვირაში ჩემი სასამართლოა.
თერთმეტი ივლისი
დღეს დედას მისცეს ჩემი ნახვის უფლება.
ველი.
მერე მივყავართ.
რკინის ბადის იქით ისა დგას, აქეთ მე. ნამტირალევი თვალები აქვს. მანუგეშებს. მე უფრო ვღელავ. ვღელავ მასზე: ის ავად იყო და ახლა ვინ იცის, როგორ იმოქმედებს ჩემი ამბავი.
ზედამხედველებს ისევ გავყავარ.
დედა მეცოდება: ჩემი თავი არა: მე თითქოს უფრო მოვისვენე ახალ ატმოსფეროში.
თორმეტი ივლისი
გავყავართ ცალკე ოთახში.
იქ დამცველი დგას.
მე მსვამს.
- აი, შენი დახასიათებები, – ამბობს ის.
მე ალმაცერად ვუყურებ.
- ყველაფერი იქითკენაა, რომ შენ ნამდვილი ხულიგანი ხარ, – განაგრძობს ის. - მხოლოდ შენი ყოფილი ლექტორი შეგვპირდა გამოსვლას შენს სასარგებლოდ;
- რაც იქნება იქნება, – ვამბობ მე.
- როგორ, დედა არ გეცოდება? – ამბობს ის.
დედა მეცოდება ძალიან.
ვბრუნდები საკანში: ვფიქრობ დედაზე.
საღამოს ისევ გავყავარ დამცველს.
უნდა რომ ჩხუბის მომენტები მოვუყვე. მე არ მახსოვს. თვითონ მარიგებს რაღაცეებს. მერე იწერს და საქაღალდეში აწყობს. ვხედავ: შიგ ჩემი ლურსმულის რვეულები დევს. “ჩემი მოხსენებებიც იქნება”, ვფიქრობ. ალბათ, დაცვისას უნდა ილაპარაკოს. რაღაც არ მსიამოვნებს. დამცირებულად ვგრძნობ თავს: მირჩევნია პირდაპირ მომისაჯონ და მორჩა, მაგრამ დედა მეცოდება. ნაწერებზე ხმას არ ვიღებ.
დამცველი მიდის.
მე საკანში მაბრუნებენ.
ცამეტი ივლისი
ვზივარ გადაღობილში, კედელთან.
დარბაზი ჩემ მარცხნივაა. პირდაპირ დამცველი დგას და ლაპარაკობს. მარჯვნივ პროკურორი იწერს რაღაცას.
ვზივარ და ხელს ვიფარებ თავზე: თმა ცოტა გაცვენილი მაქვს მარცხნივ და არ მინდა დამინახონ. დარბაზში კი გოგოები სხედან ცრემლიანი თვალებით. გურამიც იქ არის, ტარიელიც, მისი ცოლიც. ვგრძნობ, მისი ცოლი უყურებს ჩემს პროფილს. გაცვენილ ადგილას ხელს ვიფარებ. ვცდილობ რაც შეიძლება აუღელვებელი სახე მივიღო.
დამცველი კი ლაპარაკობს.
მერე ჩერდება.
მსჯავრს მდებს პროკურორი;
ვგრძნობ: ტარიელის ცოლის თვალები სიბრალულით მიყურებენ; რატომღაც ქრისტეს ეშმაკური თვალები მაგონდება: ერთი წუთით მავიწყდება ყველაფერი, მერე თვალწინ ისევ ის მიდგას. ჩემ წინ კი დამცველი დგას, მარჯვნივ პროკურორი.
მოსამართლე მე მიძახებს ბოლო სიტყვისთვის.
რაღაცას ვამბობ. ვცდილობ: აუღელვებელი და ვაჟკაცური ვიყო. კისერს ვძაბავ, ხმას ვიბოხებ.
დარბაზში ქვითინი ისმის.
“დედა”, ვფიქრობ და ხმა მებზარება.
ვჯდები. ვგრძნობ: დედა მიყურებს. ტირის ჩუმად.
მამა დედას ანუგეშებს. დედა მაინც ტირის.
- უეჭველად მიუსჯიან, – ამბობს ვიღაცა.
მე თავი ვაჟკაცურად მიჭირავს.
მარცხენა მხარეს ხელს ვიფარებ და ვფიქრობ: კარგიც არის, ციხეში თმა შემენახება, მერე მაგონდება, რომ ვახტანგი მელოტი გამოვიდა.
ისევ ვეშვები.
თავზე მომდის ბრაზი, რომ ასეთ სისულელეებზე ვფიქრობ ამ დროს.
- უეჭველად მიუსჯიან, - ისმის ისევ ვიღაცის ხმა.
ვიღაც ქვითინებს, მერე ჩუმდება.
მე ვზივარ ჩუმად. ვცდილობ: რაც შეიძლება ვაჟკაცური იერი მქონდეს. სასამართლო გადის განაჩენზე.
[1957 წელი]. 3-17 აპრილი.
შენიშვნები
არქივში ინახება გურამის პირველი რომანის შავი ხელნაწერი. ის შეიცავს გაკრული, მსხვილი ასოებით ნაწერ ორმოცდათვრამეტ გვერდს. თავდაპირველად ამ ავტოგრაფის ბევრი ფურცელი გაბნეული იყო სხვა უმისამართოდ დარჩენილ ფურცლებთან ერთად სხვადასხვა საქაღალდეში. ამჟამად დალაგებულია ერთდროულად ჟანრის (ამ ნაწარმოებს რომანს არქმევს თვითონ მწერალი. რომანული სივრცე იქმნება მწერლის ალტერ ეგოს ერთი წლის დღიურების გაერთიანებით), ფურცლის ხარისხისა და ფორმატის მიხედვით. თავფურცელი ინახებოდა ცალკე, ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად. თავფურცელზე თავდაპირველად ეწერა სათაური და თარიღი: “რომანი 3-17 აპრილი.” მოგვიანებით თარიღში “3” გადაკეთებულია “10”-ად ოდნავ მუქი მელნით. იმავე მელნით სათაურის ზევით წერია: “რუსიკოს გურამისაგან. ათი აპრილი” (რ.თ. - გურამის ახლო მეგობრის, გ. თ-ის და. გურამი და რ. ამ პერიოდში მეგობრობდნენ). როგორცა ჩანს, თარიღი სპეციალურად არის გადაკეთებული დაბადების დღის თარიღის გამო. მახსოვს, გურამმა ერთხელ თქვა: დღეს რუსიკოს დაბადების დღეა. მხატვრები ჩუქნიან დაბადების დღეზე ნახატებს. მე ვაჩუქებ რომანს. რა განსხვავებაა! როგორც ჩანს, ეს დღე უნდა ყოფილიყო 1957 წლის 10 აპრილი.
ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ”. ხელნაწერს ეტყობა, რომ იწერებოდა ოთხი დღის განმავლობაში. წერა განახლებულია “10 დეკემბრიდან,” “30 იანვრიდან” და “27 თებერვლიდან.” ეს თარიღები აღებულია რომანის დღიურების წინ წამძღვარებული თარიღებიდან და არ შეესაბამება ნაწარმოების დაწერის რეალურ დროს. ხელნაწერის რომანად დალაგება რთული იყო, რადგან თითოეულ დღიურს აქვს ცალკე ნუმერაცია. არქივში გაბნეული გვერდები პირობითად დავალაგე ქრონოლოგიურად ზაფხულიდან ზაფხულამდე. დღიურში მოთხრობილი ბევრი ამბავი რეტროსპექტულად გადმოსცემს გასული დღეების ქრონიკას. შესაძლოა, თვით მწერლის მიერ განგებ იყოს არეული თარიღები და მოსათხრობ ამბავთა ქრონოლოგია. ცამეტი ივლისით დათარიღებული დღიურის ბოლო დიალოგი გადაშლილია მწერლის მიერ:
“ - სასამართლო მოდის - აცხადებს მდივანი
ყველანი ფეხზე დგებიან.
მე თავი დაღუნული მაქვს და ვზივარ, მერე ჩუმად, ჩემდა უნებურად ვდგები.
- დასხედით - ისმის მდივნის ხმა.
ვსხდებით
მოსამართლე იწყებს განაჩენის კითხვას.”
ავტოგრაფიდან ამოკრეფილი ზოგიერთი თავისებურება:
ავტოგრაფის ოცდამეერთე გვერდზე წინადადების “მომეჩვენა, რომ თვალები ეშმაკურად მიყურებდნენ” (იგულისხმება ქრისტეს თვალები. იხ. ტექსტი), უკანასკნელი სიტყვის ზევით წრეში ჩაწერილია სამი კითხვის ნიშანი. მეთექვსმეტე გვერდის შემდეგ დაკარგულია გვერდები. აღვნიშნე პუნქტირით. ოცდამეორე გვერდზეEწინადადებაში “ვთქვი მე სიცილით” - “სიცილით” ჩაწერილია შემდეგ და ხაზგასმულია. ბოლოში უზის კითხვის ნიშანი. მეჩვიდმეტე გვერდის წინ, ვფიქრობ, რომ აკლია პირველი ორი გვერდი, რადგან თექვსმეტი აპრილის დღიურიდან ჩანს, რომ თმა უკვე გადაპარსულია და ჩალის შლიაპა ნაყიდი. 16 აპრილით დათარიღებული დღიურის მეათე გვერდზე ჩახატულია თავგადაპარსული კაცის ტორსი, როგორცა ჩანს, ავტოპორტრეტი. მის გვერდზე ხატია შლიაპა. შეესაბამება ამ დღიურის შინაარსს. პირველი გვერდის ნუმერაცია “1” გაფორმებულია ფიგურულად. გურამს ამ ერთიანისათვის რაღაც ფორმის მიცემა უნდოდა თითქოს - რის, იალქნის? ბევრი “1” ფიგურულადაა გაფორმებული. თორმეტი ივლისის დღიურში “2-იც” შემოხაზულია ისე, რომ მიიღოს ისრის ფორმა.
ბევრი დღიური დაწერილია წარსულ დროში. წარსული დრო მწერლის მიერ ხელახალი გადაკითხვისას გადაკეთებულია აწმყოდ.
აღსანიშნავია, რომ სიონის ტაძარში ყოფნისას, მწერლის ალტერ ეგოში, მე მგონი, პირველად გაიელვებს სინანულის გრძნობა (“გამახსენდა, რომ ეკლესიაში ჩემი თავი მეზარებოდა ცუდი საქციელისათვის”). სამი კითხვის ნიშანი წინადადებასთან: “ქრისტეს თვალები ეშმაკურად მიყურებდნენ”, სავარაუდოა, რომ გამოავლენს მწერლის დაფიქრებას: რამდენად სწორია ასეთ კონტექსტში სიტყვა “ეშმაკურის” ხმარება.
რომანი, როგორც თვით მკითხველიც მიხვდება, ბოლომდე არ არის დამუშავებული ავტორის მიერ. ჩემი აზრით, არის უზუსტობები ნაწარმოების სიუჟეტში. მისი მნიშვნელობის გამო, მწერლის მთლიანი ცხოვრება- შემოქმედების ევოლუციის თვალსაზრისით, მას მაინც ვბეჭდავთ ტომის ძირითად ნაწილში.
ბიოგრაფიიდან:
გურამი, როგორც ამ მოთხრობის გმირი, თავდაპირველად სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ძველი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით, ის გატაცებით ეუფლებოდა ლურსმულ წარწერებს, პირველი კურსიდანვე მონაწილეობას იღებდა საუნივერსიტეტო კონფერენციებში და სხვ. მგონი, ერთ-ორ წელიწადში კათედრა დაიხურა. მთავრობამ საკმარისად მიიჩნია, რომ ეს განხრა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში უკვე არსებობდა. ამჯერად გურამმა აირჩია ძველი მსოფლიოს ისტორია. მელიქიშვილი გურამს სახლში უტარებდა ლურსმულის გაკვეთილებს. დედას ძალიან უხაროდა, რომ ასე წვალებით ნასწავლი გერმანული მის შვილს უკვე გამოადგა: სახელმძღვანელო ლურსმულში მხოლოდ გერმანულად იყო. მელიქიშვილის რჩევით, გურამმა დაიწყო ინგლისურის შესწავლაც (გურამი ინგლისურს სწავლობდა ლეილა გამსახურდიასთან. არქივში ინახება დღიური, სადაც ამის შესახებაა ლაპარაკი. იხ. ტომი 5). კურსზე ერთად სწავლობდნენ: მარიკა საყვარელიძე, ერლომ ახვლედიანი, თემო ბერიძე, რეზო ერისთავი, დევი ბერძენიშვილი და სხვები.
ამ ნაწარმოებში ჩანს, თანდათანობით გურამში როგორ აღიძრა ეჭვი თავისი არჩეული პროფესიის მიმართ. დაახლოებით ნაწარმოების შუა ნაწილიდან უკვე იწყება გახუმრება გურამ-მეცნიერის სახესთან (იხ. აგრეთვე, ტომი 1, “პროფესორი ლევან ჯანდიერის” შენიშვნები). ეს კარგად ჩანს თუნდაც ირონიული შეფერილობის ფრაზაში, რომელიც მწერლის მიერ ხელახალი წაკითხვისას უნდა იყოს ჩამატებული: “მე მხოლოდ მეცნიერება მაინტერესებდა.” ან კიდევ სიტყვებში “თემომანია”, “თემების კარგი დამწერი” და სხვ.
მეცნიერის “ფორმის” მისაღებად გურამს ადრეული ბავშვობიდან ამზადებდნენ. მიუხედავად საკმაოდ გაჭირვებული ცხოვრებისა, ის გერმანულს პატარაობიდანვე ეუფლებოდა საუკეთესო პედაგოგთან (იხ. ტომი 1, შენიშვნები მოთხრობისათვის “სიყვარული შემოდგომაზე”). მახსოვს, გურამის გერმანული ენის მასწავლებლისათვის აღებული პროცენტიანი ვალის გასასტუმრებლად (მგონი, იყო სხვა ვალებიც, მაგრამ ეს იყო ძირითადი) ჩვენს მშობლებს დასჭირდათ თელავის საგვარეულო სახლის გაყიდვა. სკოლაში გურამი განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა ისტორიას. დადიოდა როგორც სკოლის, ასევე პიონერთა სასახლის ისტორიის წრეში. არქივში დედას მიერ შემონახულია მწვანე ფერის, მოგრძო, მაგარყდიანი ბლოკნოტი წარწერით “შუა საუკუნეების ისტორიისათვის”. ამ ბლოკნოტის გვერდები ლამაზი, გამოყვანილი ხელით არის შევსებული წიგნებიდან საგულდაგულოდ ამოხატული შუა საუკუნეების ცხოვრების ამსახველი სურათებით, თეზისებით და მოკლე კონსპექტებით. არქივში ინახება, აგრეთვე, სკოლაში და პიონერთა სასახლეში წაკითხული მოხსენებები: “მოგზაურობა დიდოეთში”, “ძველი და ახალი ხევსურეთი,” “თანამედროვე შეხედულება დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ”. ხელნაწერები გასწორებულია მამას ხელით. ამ პატარ-პატარა ნაშრომებს საფუძვლად უდევს გურამის მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და მამასთან კონსულტაციები.
დიდოეთში გურამმა იმოგზაურა მამასთან ერთად 13 წლისამ, 1947 წლის ზაფხულში 28 ივლისიდან 4 აგვისტომდე (იხ. აგრეთვე, ტომი 1, შენიშვნები მოთხრობისათვის “მთებიდან ქალაქამდე”). ძალიან პატარა ბლოკნოტში გურამს ჩაწერილი აქვს დღიურები. ამ დღიურებში, ძირითადად, აღწერილია წოვა თუშეთში და დიდოეთში მოგზაურობის მარშრუტი, ტოპონიმიკა, ლანდშაფტი და სხვ. აი, ამონაწერი ამ ბლოკნოტიდან: “თუშური გზის და ლაფანყურის გზის შეერთება. მაიაკი. ს. ლაფანყურიდან ცხენით გამოვედით 11 საათზე. მაიაკთან შევისვენეთ დაახ. 20 წუთი. მაიაკთან მივედით 12.20 ... წიფელი , რცხილა, კოპიტი... საზაფხულოდ ლაფანყურელები ცხოვრობენ (...). ალპიურის ზევით მდებარე გორას გორის ციხის გორა ეწოდება. აქ წინათ ციხე იყო, რომელიც ქართველებს აცნობებდა ხოლმე ლეკების შემოსევას. სურ. 2. - მეძროხეობის ფერმა. 8 საათზე გამოვედით. მივედით შისახკომის ბინაზე. 2 საათზე გავედით. 3.50. წუთზე მივედით ვარდისუბნის ბინაზე და სხვ...” საინტერესოა, რომ ამ ჩანაწერებში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები ის განსაცდელი, რაც თორღვას აბანოდან დაშვებისას გადახდათ მათ (იხ. შენიშვნები მოთხრობისათვის “მთებიდან ქალაქამდე”, ტომი 1.), ადგილი არ ეთმობა შთაბეჭდილებებს, ემოციებს, ბუნებას და, საერთოდ, რაიმეს, რაშიც შეიძლება მომავალი მწერლის სულიერი სამყარო დაგვენახა. აქ არის მშრალი ფაქტები, რომლებიც მხოლოდ მეცნიერული ნაშრომის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ამ ნაწარმოებში უკვე ჩანს გურამის თვალთახედვა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ (“წამო, გავიაროთ. - არა, თემა მაქვს დასაწერი. შენ თემა ლექსის წერა ხომ არა გგონია”). ეს დაპირისპირება, რომელიც სხვა ნაწარმოებებში ცხოვრებისა და ხელოვნების დაპირისპირებად გამოვლინდება, სხვადასხვა სიძლიერით გასდევს ამ წელს დაწერილ ბევრ ნაწარმოებს: მაგ. “ჯუნგლებში”, ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი” და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთდაპირისპირების ძიება (ეს ჩანს, თუნდაც, შემდეგ ფრაზაში: “უნივერსიტეტი იმის დროს არ მიტოვებდა (იგულისხმება სიყვარულის), ის კიდევ იმისას. ასე ვიყავი შუა გზაში გაჩერებული”) ფაქტობრივად, გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების მაგისტრალურ სიუჟეტურ ხაზს წარმოადგენს. ის კულმინაციას აღწევს 1958 წელს დაწერილ მოთხრობაში “ირინა და მე”. მზადდება შეგრძნება, რომ ხელოვნება დგას ყველაფერზე მაღლა. 1956 წლის დღიურიდან: “მე ცხოვრება, ბედნიერება მიწერია, თუმცა რად მინდა, მე წერა მინდა.” ან კიდევ ისევ ამავე წლის დღიურიდან: “რატო ვსვამთ, ცოტაა საქმე გასაკეთებელი. აუჰ, რამდენი სამუშაოა, მოკლედ, ფიქრიც კი მაშინებს. თუმცა, ახლა ჩემს დარგს თავს ვანებებ და წერას ვიწყებ. მინდა ვწერო, რაღაც მაწვალებს.” “მერე მწერალი რა არის, ხელოვანი - ოჰ, მაგის, დამსვა ერთი და მაწერინა.” აღსანიშნავია, რომ 1956 წლის ადრე გაზაფხულზე დაწერილ დღიურში ჩანს, რომ ჩაკეტილი წრე ოჯახური ტრადიციისა, მეცნიერის “ფორმის”, ჯერ მთლიანად გარღვეული არ არის. გურამის ერთ-ერთი დღიურიდან ამოწერილ სიტყვებში ჯერ კიდევ ისმის დედაჩემის ხმა: “ამას (იგულისხმება წერას - მ.რჩ.) შრომა ნაკლები სჭირდება, წიგნში ჩასახედი და სასწავლი არაფერია.” “...ახლა ვწერ ამ სისულეებს. რაღაცა შვებასა ვგრძნობ, რისგან მე თავად არ ვიცი. ალბათ, საქმიანობა, თუნდ ასეთი ფუჭიც, მამხნევებს ... განა ამ სისულეების წერა უსაქმობა არაა, როდესაც სასემინარო თემა არ დამიწერია.” 1956 -1957 წლებში, მიუხედავად დაპირისპირებისა, ხელოვნება და ცხოვრება ჯერ გურამისათვის ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის, თუმცა უკვე იგრძნობა ორი სიუჟეტური ხაზის არსებობა: ერთი - გარე სიუჟეტური ხაზი, “ჰეი-ჰო”, გურამის ინტენსიური, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. ეს ცხოვრება მიდიოდა ყველას თვალწინ, როგორც მოწმობა მისი თავისუფლებისმოყვარე, პირობითობაზე მაღლა მდგომი ბუნების, და მეორე - შიდა სიუჟეტური ხაზი, სულიერი ცხოვრება, რომელიც არაჩვეულებრივი სისწრაფით მიდიიოდა წინ, კულმინაციისაკენ, რომ მთლიანად, უკომპრომისოდ დაეპყრო ის.
ამ რომანში მწერლის ალტერ ეგო პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე.
1953 წლის აგვისტოს თელავში გურამი, თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად (ნუგზარ წერეთელი, ედიშერ რჩეულიშვილი, თენგიზ ჯაშიაშვილი და სხვები), რეალურად გაასამართლეს. მიზეზი გახდა გურამის მიერ, როგორც ყოველთვის, დაბმული ცხენის აშვება და ჭენება. მართალია, გურამს არც უფიქრია და არც უცდია ცხენის გატაცება და ცოტა ხანში, მას შემდეგ რაც ჭენებით იჯერა გული, თვითონვე დააბრუნა ცხენი უკან, მაგრამ გახელებული სოფლელების დაშოშმინება ძნელი აღმოჩნდა. გაიმართა ხელჩართული ჩხუბი. ჩაერია მილიცია და სულ ერთ-ორ კვირაში, გამოძიების დამთავრებისთანავე, დაინიშნა სასამართლო. ამის შესახებ დეტალურადაა მოთხრობილი ნუგზარ წერეთლის წიგნში “აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენ წინ.” სასამართლოს ვესწრებოდით მამა და მე. კარგად მახსოვს, როგორ წამოდგა გურამი და თავის საბოლოო სიტყვაში თქვა: “ყველაფერი ჩემი ბრალია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.”
როგორც უკვე ვახსენე, ეს არის პირველი ოფიციალური სასამართლო გურამის შემოქმედებაში. სხვა სასამართლოების შესახებ იხ. მომდევნო ტომები.
ქვეყნდება პირველად.