Litclub.ge

სიკვდილი მთებში
ალფრედ კურელა ყველაზე ადრე გამოძვრა კარვიდან. ცა მოწმენდილი იყო და ციოდა. ქვევით მოჩანდა არხოტის წყალი და დეკიანი ფერდა.
მან ნელა დაიწყო ფეხსაცმელების ჩაცმა, მერე პრიმუსი გამოათრია. პრიმუსი ახალი იყო, პატარა. სწრაფად მოდუღდა წინა ღამეს დარჩენილი წვნიანი.
- ალფრედ, ჩვენ უკვე ყველამ გავიღვიძეთ, - სიცილით გამოსძახა ცოლმა კარვიდან, მერე ისიც გამოძვრა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.
- ეგ არის არხოტის წყალი, ხედავ დეკიან ფერდას? - კურელა წამოდგა, აპარატი მოიმარჯვა, გადაიღო. შემდეგ კარვისაკენ მიბრუნდა.
- ახლა თქვენ! - თქვა მან.
კარავთან ხევსური გამყოლი და მისი შვილი იჯდა.
- მეც გადამიღე მაგათთან! - გაიცინა ქალმა და ბიჭებს ხელი გადახვია. - არა, გიგლა? - უთხრა გამყოლს. გიგლამ გაიცინა და აპარატს შეხედა.
- აქეთ ნუ იყურებით, მთას შეხედეთ, აგერ იქ, - კურელამ ხელი გაიშვირა, - იქით ფრთიანი ფერდა და ნაოჭებში ჩამჯდარი ზვავები მოჩანდა.
- ასე! - თქვა მან.
- ახლა ვჭამოთ, ალფრედ, - ცოლმა ქვაბი გადმოდგა და ჭიქებში დაანაწილა წვნიანი. - დილით ბევრი ჭამა არ ვარგა, - დაუმატა მან.
ისაუზმეს.
გიგლა და სტეფანე კარავს კეცავდნენ.
- ალფრედ, მიიხედ-მოიხედე, რამე დაგრჩება, როგორც ყოველთვის, - ისევ გაიცინა ცოლმა.
კურელა უყურებდა ცოლს და ფიქრობდა: “რა კარგია მთაში!” სადღაც, მთის წვერზე, მზის სხივი დაეცა, მერე ქვევით ჩაიპარა და ხეობიდან ნისლები ამოყარა. ნისლები დიდ ან პატარა ნაფლეთებად მიდიოდნენ ზევით, მერე ერთდებოდნენ და ისევ იშლებოდნენ, ხეობა ახლა რძისფერი გახდა.
- გზა ვიცით, არაფერია, - თქვა კურელამ, - ასეთები გვინახავს, ელპიდე, არა? - უთხრა ცოლს.
ნელა დაიძრნენ ქვევით. ერთ ცხენს ბარგი ეკიდა, მეორეზე სტეფანე იჯდა. ბარგიანი ცხენი წინ მიჰყავდა გამყოლს, მერე სტეფანეს ცხენი მოდიოდა, მერე ელპიდე და ბოლოს ალფრედ კურელა.
- აქ, თუ ამჩნევ, გაცილებით თანაბარია დღე-ღამის ტემპერატურა - თქვა კურელამ.
- ჰო, მეც მინდოდა მეთქვა, მაინც ვერ ვიტყვი, სად მირჩევნია, აქ თუ სვანეთში.
- სვანეთი უფრო დიდია, ჯერ უშბა აიღე!
- მე მაინც ახლა აქ მირჩევნია, თუნდაც იმიტომ, რომ აქა ვარ და არა იქ. რა ჰაერია, ალფრედ! - ელპიდემ უკან მოიხედა. მერე ჯოხი შეურჭო პატარა ქვას და ამოატრიალა.
- კარგ დროს კი მოვდივართ, - თქვა ელპიდემ.
- ჰო, დღეობებს დავესწრებით.
- კარგია, სტეფანეც ბევრ რამეს ნახავს. ნეტავ ოტოც წამოსულიყო.
- ოტო? რაც ცოლი შეირთო, გამოიცვალა, ახალცოლშერთულები ახლა მთაში აღარ მოდიან, ხომ იცი, ზღვაზე გაშავება ურჩევნიათ.
- ჩვენ კი რამდენს დავდიოდით, არა, ალფრედ?
- ჩვენ, ჰო.
- გაისად ისევ წამოვალთ, არა?
- უეჭველად.
- როგორი მარშრუტით? მე მგონია, უკანა ფშავიდან მთათუშეთისაკენ.
- მეც ასე მინდა.
- არა, კარგია აქ, ალბათ, დოღებსაც ვნახავთ, როგორ მოჭენავენ ფერდობზე უბელო ცხენები.
- ჰო, ხევსურები დოღში მარტო უუნაგიროზე სხდებიან.
- ალფრედ, მე ვერ შევძლებ ჭენებას?
ალფრედი კისერში უყურებდა ცოლს, მერე ქალი შეტრიალდა მისკენ. ახლა ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
- რაო, დავბერდი? - ისევ იკითხა ელპიდემ.
- რა დროს ჩვენი სიბერეა, მე შენზე თორმეტი წლით დიდი ვარ, და აი! - კურელამ კუნთები დაჭიმა. - აი! აი, რა შეუძლია მთაში სიარულს, თუმცა სამოცდაერთი წლისა გავხდი.
- მე მაინც შევჯდები ცხენზე, არა?
- შეკაზმულზე, თავისუფლად.
ახლა სტეფანე ფეხით მიდიოდა. ელპიდე მის ცხენზე შეჯდა. ცხენმა ნაბიჯს აუჩქარა, მერე ისევ ნელა წავიდა.
- წარმომიდგენია რა სიამოვნებაა ჭენება მთაში, - თქვა ქალმა.
- კი, მაგრამ არ გირჩევ.
- მე? არც შემიძლია. მართლა, ალფრედ, აღარც ისე ბავშვები ვართ.
- სამაგიეროდ, ხუთი ბავშვი გვყავს, ჩამოთვალე, კარგი?
- საიდან?
- პატარიდან.
- არა, შენ ჩამოთვალე, ოღონდ უფროსიდან, თუმცა სწორი ხარ, უმცროსიდან ჯობია.
ნისლები ახლა სულ აიკრიფენენ, ზევით, ჭიუხების თავისაკენ; წვერებიღა მოჩანდა მზეზე. ნისლი თხელი იყო, მზე შიგ ადვილად ატანდა. კლდე შავი და ჟანგიანი ჩანდა. ახლა ხეობიდან ახალი ქულა წამოვიდა. ახლოსვე დაიშალა და ფერდას შეეფინა. გზა ქვევით იწევდა. შედარებით დათბა, მერე მზემ მდინარეს დააცხუნა. დაცხასავით, მაგრამ ხეობის შემოსაბრუნიდან ნიავმა დაჰქროლა.
- რა კარგია, მზეა, თან გრილა! - თქვა ელპიდემ.
ალფრედ კურელა ჩუმად მიდიოდა.
მერე ყველაფერი უცებ მოხდა.

ამღაში რკინაულის ბავშვის სამუკას ხარჯები იყო, იქიდან გადმომყვა სიმთვრალე ახიელშიც. საიდანღაც ოდნავ მოიღრუბლა. მზე დაიბურა და ჩამოცხა. მხოლოდ ბანზე გრილოდა. მე ვიჯექი ბანის კიდეზე და ლუდით სიმთვრალეს არყით ვირჩენდი.
- ეს შენ გაგიმარჯოს, ანიკო! - გავუღიმე დიასახლისის ქალს.
- გაგიმარჯოს, კარგი ხარ! - დალოცა ვაჟამაც.
ჟიპიტაური მაგარი იყო და მთელ ბანს თავისი სუნით ავსებდა. მე შევეჩვიე, უკვე მსიამოვნებდა მისი სმა. ვაჟასაც სიამოვნებდა. თბილისიდან გუშინ ექსპედიციად ჩამოსული ექიმები უნიათოდ იღიმებოდნენ.
- ნეტა როგორ სვამთ მაგას, ალბათ შეეჩვიეთ, არა? - დაინტერესდა ქერა, მსუქანი ექიმი.
- ჟიპიტაური კარგი სასმელია, - თქვა მეორემ.
- მე დავუსხი და გავუწოდე.
- არა, გმადლობთ, მე დაღლილი ვარ, მერე - კი, - არ ჩამომართვა მან.
დასხმული ყანწი მე თვითონ დავლიე, მერე ვაჟას შევუვსე. ვაჟამ რაღაც სადღეგრძელო თქვა, რა, არ გამიგია. უაზროდ ვიყურებოდი ხევს გაღმა. იქ მასპინძლის ულაყი ება. არხოტში ვერსად ჩავიგდე ცხენი ხელში. არც მიცდია ძალიან, ახლა კი მომინდა. ვგრძნობდი, როგორ მიპყრობდა ჭენების ჟინი, ალბათ ცოტა დროღა მრჩებოდა ხევსურეთში ყოფნის და იმიტომ უფრო მომინდა ჭენება. მერე ორღობეში ვიღაც მხედარი გავარჩიე. უჯრედა პერანგი ეცვა. ცხენი ღობეს მოეფარა და მხოლოდ მხედრის სახე ჩანდა.
- არავინ ცხოვრობს ამ სოფელში? - ქლოშინით თქვა მან.
- აბა, აქეთ მოდი, - დავეშვი კიბეებზე და ცხენის დაბერილ ნესტოებს შევხედე. გახურებული ფაშატი ტორტმანით მოაწყდა ღობეს.
- გერმანელები მომყავდა და... - დაღლილობისაგან ძლივს იჯდა უნაგირზე. - ქალი გადმოვარდა აღმართის თავში, მგონი, კვდება.
მე ჯერ ვერ მივხვდი, ვისზე იყო ლაპარაკი, მერე უცებ გამახსენდა, რომ აქ ამ დროს გერმანელი მწერალი უნდა შემხვედროდა თავისი ცოლით.
- კვდება? - ამოვიყვირე.
- აჰა, თუ ძმა ხარ, - ძლივს გადმოვიდა ცხენიდან და მე პირდაპირ გადავახტი უნაგირს.
გზა ხევზე მირბოდა. სახეში ნიავი მირტყამდა, მწვავდა. შუბლი გამიხურდა. ფაშატი მოკლე ოთხით გადადიოდა ქვებზე და მე გიჟივით ამიტაცა ჭენებამ.
გზა ფერდობზე ავარდა, უკან მოვიხედე, წერტილივით ვიღაც მოძრაობდა ხევში. “ვაჟაა”, გავიფიქრე “ნეტა როგორ არის ქალი, მოკვდა? ასე უცებ? რა სისულელეა”. ცხენიდან ჩამოვხტი, უნაგირი მოვაძრე ზურგიდან და იქვე დავაგდე. ახლა უბელოზე გადავჯექი. ძალა მიეცა ფაშატს. მზე ხევის თავზე ეკიდა. ცხენივით აქლოშინებულს რაღაც უცნაური მეუფლებოდა. ეს არც ჭენების ჟინი იყო, არც სხვისი სიკვდილის შეგრძნებით გამოწვეული განცდა.
იქით, დიდი ლოდიანის ძირში, შეკაზმული შავი ცხენი ჩანდა, რატომღაც მეუხერხულა იქ ასე ჭენებით მივარდნა, შემდეგ ცხენს გავაზე საბელი გადავუჭირე, მივაგდე ლოდიანთან და ჩამოვხტი. შავი ცხენი ბექობზე იდგა, მის უკან ლოდიანებს შუა მწვანე იყო ჩაღრმავებული. ბალახზე ქალი ეგდო გადახეთქილი შუბლით, თავით ქერათმიანი ბავშვი ეჯდა, წარბთან მიმხმარი სისხლიდან ბუზებს უგერიებდა.
კაცი - ალფრედ კურელა - ფეხებგაშლილი ადგა თავზე ორივეს და სურათს იღებდა, სადღაც ბუნდოვნად მესიამოვნა, რომ მან იმ კლდეში გაჭენებულ ცხენზე მჯდარი მნახა, შემდეგ ყველაფერი გაქრა... ახლა ჩემს წინ მხოლოდ ქალი იწვა შუბლგახეთქილი.
- Was ist mit ihr? - ვკითხე გერმანულად
- მორჩა, - თქვა მან რუსულად
- Wie? Sie glauben das ist das Ende? - არ მოვეშვი გერმანულს.
- Ja, - თქვა კურელამ. - Sind Sie Gurami? - განაგრძო მან. რაღაც ღიმილის მსგავსი შევნიშნე მის სახეზე.
- დიახ, - ვუთხარი მე.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. შემდეგ ბიჭისაკენ მიმახედა, რომელიც თავთან უჯდა ქალს.
- რა უნდა ვქნათ ჩვენ ახლა უდედოდ? - თქვა ბავშმა და მშრალი თვალებით შემომხედა.
პირველი, რაც ალფრედ კურელამ შეიგრძნო, იყო საოცარი უმწეობა. დამფრთხალი ცხენი ლოდიანებზე მიხტოდა, ელპიდე მარცხენა ფეხით ეკიდა უზანგზე და ქვებს გლეჯდა ხან მკერდით, ხან კეფით. გიგლა ადგილზე გაქვავდა. გამოდევნება უშედეგო იყო, შეუძლებელი. პირველად სანახაობა უფრო უცნაურს ჰგავდა, ვიდრე შესაზარს. საზარელი მერე შეიგრძნეს, მაშინ, როდესაც ცხენი თავისით გაჩერდა. არა, უფრო გვიან, როცა ქალის ფეხი გამოაძრეს უზანგიდან.
ელპიდე ლოდიანებს შუა ჩაღრმავებულ მწვანეზე დააწვინეს, ის ჯერ უმოძრაოდ იწვა, მერე მოკვდა. ის უფრო ადრე მოკვდა - როდესაც გადმოვარდნისას კეფა დაარტყა. შემდეგ აღარაფერი შეუგრძვნია, კეფის მერე ხელი გაეხლიჩა, ლოდიანმა გადმოატრიალა სხეული, თვითონ ფოსოდან ამოვარდა და შავი მიწა გამოაჩინა. მერე ლოდს შუბლით დაეჯახა. შუბლი გადასკდა, მერე გადაეფხრიწა ფეხი, ,,სპეცოვკის” სამხრული გაწყდა და შიშველა, ოდნავ მიმჭკნარი ძუძუ გამოუჩნდა. თეთრ, ჩრდილოურ მკერდზე სისხლი წითელ ზოლებად დააჩნდა.
ჩაჩოქილი კურელა მაჯას უსინჯავდა. მაჯა არ სცემდა. მერე მკვდარმა სხეულმა ამოიქშინა და სისხლმა გამოჟონა ტუჩებზე. შემდეგ ყველაფერი შეწყდა.
მომხდარი ჯერ ისევ უცნაური და საშიში იყო. სტეფანე იჯდა დედის თავთან უხმოდ. ალფრედი იდგა. გარშემო მთები იყო აზიდული. კიდეგანიდან ღრუბელი მოდიოდა და ხეობაში უზარმაზარი ჩრდილები დაძრწოდნენ. კურელამ დიდი დრო გაატარა მთებში, მაინც უცხო იყო აქ ყველაფერი, უცხო და უცნაური; ხალხი უცნობი, მდინარე ცივი, ხმაურიანი. ეს იყო უცხო მხარე. სადღაც ერთდებოდნენ მის შეგრძნებაში სიმწუხარე და შეუცნობელი, არამშობლიური. ყველაფერი ეს უფრო საოცარი იყო. ლოდიანებს შუა იწვა მისი მეუღლე - უკვე მკვდარი. მეუღლე, რომელიც ერთი საათის წინ ცოცხალი იყო, მხიარულად ლაპარაკობდა და რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა. ერთი მათგანი თავთან უჯდა ცხედარს. ის აბუზული იყო, საცოდავი, არც ტიროდა, არც ხმას იღებდა.
- ჟა, სო, - თქვა კურელამ.
ბიჭმა თავი მიაბრუნა იმ ადგილისაკენ, სადაც ცხენი წაიქცა და დაფრთხა.
- აი იქ იყო, - ხელი გაიშვირა ალფრედმა. - ღმერთო ჩემო, რა მანძილია აქამდე, თანაც ქვები, აი, - გაიხედა ცხენისაკენ. შავი ცხენი ლოდიანებს ზევით იდგა და უკანა ფეხი აწეული ჰქონდა.
- ცხენს ფეხი მოტეხილი აქვს, - თქვა სტეფანემ.
- დაცემის დროს მოიტეხა, - თავი გაიქნია კურელამ. - ალბათ, ჩქარა მოვლენ სოფლიდან, გიგლა უკვე ოცი წუთია წავიდა.
შვილმა ყვავილი მოწყვიტა და ცხედარს შუბლიდან ბუზები გაუქშია.
- რა კარგია მინდვრის ყვავილები, ნახე ის ყვითელი? - მოწყვიტა რამდენიმე ყვავილი კურელამ და ხელში დაიჭირა. ბიჭმაც მოწყვიტა, მერე ლოდიანზე დააწყო. ორივე გაურბოდა ცხედარზე ლაპარაკს. რაღაც იყო მათთვის სიკვდილში საოცარი და უკვე მომხდარი, რომელსაც არაფერი ეშველებოდა. გარშემო კი ყველაფერი უცნობი იყო, საშიში. ღრუბლის ჩრდილები ლოდიანებზე გადადიოდნენ, ხეობის თავზე ნისლებში ძერა დაბუინობდა და წყალი ქაფივით ეშვებოდა კლდეზე.
- შეიძლება წვიმა მოვიდეს, - თქვა ალფრედმა, ბიჭმა ზევით აიხედა, მერე ისევ გაუქშია ბუზებს. ბუზები კი მოდიოდნენ, მოფრინავდნენ. მთებს შუა სიკვდილი იწვა, ჯერ კიდევ სისხლიანი, ახალი.
გურამი თავზე ადგა ცხედარს და კურელას ხელს ართმევდა. ის უყურებდა მისთვის უცხო სიკვდილს, რომელიც მთებს შუა იწვა უმოძრაოდ. უკვირდა სიკვდილიც და მათი სიცოცხლეც, რომლებიც სიკვდილთან ერთად გაიცნო.
კურელა ექსპონომეტრს აყენებდა. მერე აპარატი მოიმარჯვა და იმ ადგილის სურათი გადაიღო, სადაც ელპიდე იწვა.
- რა უცნაურია, დილით იცინოდა, ერთად ვიყავით, ახლა? - შეუმჩნევლად გაუმრუდდა სახე, ახალი ადამიანის გამოჩენამ ოდნავ შეურბილა სიმტკიცე, უფრო შეაგრძნობინა სიკვდილი. - ჰო, ჰო, - დააყოლა მან.
გურამი იდგა და ხმას არ იღებდა, მერე თქვა:
- მაინც რა შეიძლება?
- არაფერი, უშედეგოა ყველაფერი.
გურამმა ყვავილები მოწყვიტა და თავთან დაუწყო მიცვალებულს. ცხენის აღვირი ხელში ეჭირა. “რა დაღლილია ცხენი, ძლივსღა ქშინავს”, გაიფიქრა, მერე შავ ცხენთან მივიდა, უნაგირი მოხადა.
- მაგაზე ნუ შეჯდები, ფეხი მოტეხილი აქვს, - თქვა კურელამ.
- უკანა ფეხი, - თქვა ბიჭმა.
- მე წავალ ხალხის მოსაყვანად, - თქვა გურამმა, მერე ბიჭს ხელი ჩამოართვა. ბიჭი წამოდგა.
- რა უნდა ვქნათ ჩვენ ახლა უდედოდ? - თქვა მან.
- რას იზამთ ახლა? - შეეკითხა გურამი კურელას.
- მარშრუტისას? არ ვიცი. უიმისოდ, ალბათ, ვერ შევძლებთ გზის გაგრძელებას.
- აქ დღეობებია, ათენგენობა.
- ჰო, ვიცი. როგორ ელოდა დღეობებს!
- რა ერქვა?
- ელპიდე.
- ელპიდე, - გაიმეორა გურამმა, მერე ორჯერ თქვა რატომღაც თავისთვის: “ელპიდე, “ელპიდე”, ყვავილები დაკრიფა, თავთან დაუწყო და ცხენს გადააჯდა.
ცხენი ლოდიანებს შუა მიხტოდა, “ხომ შეიძლება მეც გადავვარდე”?! - ფიქრობდა გურამი და უფრო მიაჭენებდა ცხენს.
ფერდობზე ქლოშინით მორბოდა ვაჟა.
გურამმა ხელები გადააჯვარედინა, მაგრამ ჯვარი დაბრეცილი გამოვიდა და გაჩერების ნიშანს დაემსგავსა. ღელავდა, კიდევ ანიშნა სიკვდილი, ვაჟამ მაინც ვერ გაიგო, რაღაც იყო შეუცნობელი, სიმწუხარისა და ამბის ნახვის, ცნობისმოყვარეობას შორის, რომ პირველმა მან ნახა სიკვდილი.
- მოკვდა, - თქვა, როცა ახლო მივიდა.
- ჰა? - პირი დააღო ვაჟამ.
- უკვე მოკვდა, არაფერი ეშველება.
- სად არის?
- აი იქ, ლოდიანებში, ჯერ შავ ცხენს დაინახავ.
ვაჟა ზევით წავიდა, გურამმა ქვევით გააჭენა ცხენი. ხეობაში ხალხი გამოჩნდა. წინ ექიმები მოდიოდნენ. უკან მომავალ ხევსურებს საკაცე მოჰქონდათ.
- უკვე მოკვდა, - თქვა გურამმა.
- რა უბედურებაა! - თქვა ბოხხმიანმა.
- საწყალი... ალბათ კურელა თავს იკლავს, არა?
- არა! - ჩაილაპარაკა გურამმა და ცხენი ხევსურებისაკენ დაძრა. “მე ის კაცი მეცოდება აქ, ამ უცხოეთში” - მოესმა უკნიდან.
- რა? მოკვდა? - დაიძახა ვიღაც ხევსურმა, დანარჩენებმა ნაბიჯს აუჩქარეს.
- მოკვდა, მოკვდა, - გურამმა ისევ ზევით გააჭენა ცხენი.
კურელა ისევ თავს ადგა ცხედარს. ახალმოსული ექიმები სინჯავდნენ მკვდარს.
- კეფა აქვს გატეხილი, იმითაა მკვდარი, - სხვა ექიმებს გადახედა ბოხხმიანმა.
- ჰო, მაინც ვერ გადარჩებოდა.
- რა ყოჩაღი ხალხია, კაცო, ქართველი, ალბათ, თავს მოიკლავდა მის ადგილას.
- გიგლა გიჟდება ქვევით, ჩემ ბრალად ვთვლიო, ამბობს, - თქვა ხევსურმა.
კურელა დაიძრა.
- მართლა, - თქვა მან, - გიგლას უთხარით, რომ მისი ბრალი არაფერია, რომ მე, პირიქით, მისი მადლობელი ვარ, მოხდა შემთხვევა, სამწუხაროდ ვერაფერს იზამ.
- ცუდი შემთხვევაა, - მიეყუდა ლოდიანს გურამი.
- ჰო, სამწუხაროდ, - განაგრძო ალფრედმა. - არ იყო ავად, არ იყო მოხუცი, იჯდა ცხენზე ბედნიერი, მხიარული, თავის საყვარელ ქმარ-შვილთან ახლოს. საუბრობდა და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს უკვე მოხდა. ამას ვთვლი მე ერთ-ერთ ბედნიერ სიკვდილად, თუ შეიძლება ასე დაერქვას სიკვდილს. საწყალი ელპიდე, რა უცებ... ყველაფერი, - თავი გააქნია მან, ცრემლების მსგავსი მოადგა თვალებზე, გრძნობამ სძლია წამით გონებას, - აი იქ დაეცა პირველად, - ხელი გაიშვირა მან.
გურამი წამოდგა, წინ ალფრედი წავიდა. ზევით ლოდიანი ამობრუნებული იყო და მიწა ჩანდა.
- აქ არა, უფრო ზევით, - ახლა ბიჭი წავიდა წინ.
იქ ძირიანად ამობრუნებული გორახები ეყარა, ჩაფხეკილი მიწა შავად ჩანდა. ალფრედი ისევ ყვებოდა გადმოვარდნის ამბავს. ცხენს ჯერ უკანა ფეხი დაუცდა, ელპიდემ მარჯვენა გამოიღო უზანგიდან. ამ ქვას დაადგა, ცხენი მოულოდნელად დაფრთხა, მარცხენა ფეხით დაითრია.
- როგორ მოხდა? - იკითხა ქვევიდან მოსულმა ექიმმა. კურელა ახლა მას მიუბრუნდა.
- რაო, რას ამბობს? - იკითხა ახალგაზრდა ხევისბერმა.
გურამმა უთარგმნა.
კურელა კი ისევ ყვებოდა.
- ცხენი მირბოდა, ის ეკიდა ფეხით და ტანით ეხეთქებოდა ცხენს, შველა არ შეგვეძლო, ჰო...
ახლა მას ამ ამბის უანგარიშო მოყოლა უქარვებდა დარდს, რამდენსაც მეტს ყვებოდა, უფრო მშვიდდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ სხვები ღელავდნენ და წამით მაინც სხვაზე გადადიოდა მისი დარდი. მერე ექსპონომეტრი ამოიღო.
- თუ უცებ არ გადაიღე, ღრუბელი ეფარება მზეს და ხელახლა უნდა დააყენო ექსპონომეტრი, - თქვა, მერე გურამს მისცა აპარატი. - მეც გადამიღე ამ ადგილზე, - ის ამოთხრილი გორახების პირას დადგა.
- არ ვიცი, რა ეშველება თქვენს დარდს, - შუბლზე ხელი მიიდო ბოხხმიანმა.
კურელამ თავი გაიქნია.
- კაცმა შეიძლება ამ დროს თავი მოიკლას, - ანუგეშა მსუქანმა ექიმმა.
ქვევით ქალები ყვავილებს კრეფდნენ.
- თუ ძნელი არ იქნება, ჩვენც დავკრიფოთ ყვავილები, - დაწვდა კურელა ყვითელთავას, - აი ასეთები უყვარდა ელპიდეს, აი მისი დანაც, როგორ უყვარდა საწყალს.
დანა ამობრუნებული ლოდიანის ქვეშ ეგდო, შავი ტარი ჰქონდა და ორი პირი. ალფრედმა ჯიბეში ჩაიდო, მერე ფანქარი აიღო.
- დღეს რაღაც დაწერა მგონი ამ ფანქრით, - თქვა მან, მერე ისევ აპარატი მოიმარჯვა და ამოთხრილ ლოდს გადაუღო სურათი.
- ამღა სად არის? - მოულოდნელად იკითხა მან.
- ახლოა, ახიელთან, ორი კილომეტრია, - უპასუხა გურამმა.
- საქმე მაქვს იქ. მარშრუტს, ალბათ, ვეღარ გავაგრძელებთ უიმისოდ, ჰო, ამღაში მაინც ჩავალ, ტიხონოვმა მთხოვა თავისი პოემისათვის რამდენიმე სურათის გადაღება, რომ გაიგებს, როგორ ეწყინება ელპიდეს ამბავი, ახლო იყვნენ ერთმანეთთან.
გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას. მერე უთხრა:
- ხევსურები ამბობენ, სოფელში წავასვენოთო ამაღამ, ხვალ კი ბარისახოშიო.
- არა, არ მინდა. ჩვენ ასეთი პირობა გვქონდა, პირობა კი არა საუბარი, რომ სადმე მყინვარზე დაგვესაფლავებინა ერთმანეთი. აქ საუცხოო ადგილია, მდინარე, კლდე, კლდის ძირში დავასაფლავებ, კლდეში მარმარილოს წარწერას გავუკეთებ შემდეგ. ასე ერჩივნა ელპიდეს.
- თქვენ?
- მეც ასე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ელპიდეც ასე მოიქცეოდა, მე რომ შემმთხვეოდა...
სტეფანე კლდის ქიმზე იჯდა და პირდაპირ მთას სურათს უღებდა. “თითქოს სულ არ დარდობს”, გაიფიქრა გურამმა.
- ჩვენ ასე გავზარდეთ შვილები: მოკვდა, ესე იგი მოკვდა, - ბოდიში მოხადა შვილს კურელამ, - ჰო, ისინი ასე გავზარდეთ მეც და ელპიდემაც, - დაამთავრა მან.
გურამმა თავი გაიქნია. ახლა სტეფანე მუცელზე იწვა და წყალსა სვამდა, მერე ადგა. წიწილას გავდა, თმები სველი და აბუზული ჰქონდა. გურამი მიხვდა, რომ ვაჟაც იმასვე ფიქრობდა.
- მეც ეგრე მგონია, - თქვა მან.
- არც მამა და არც შვილი ჯერ აზრზე არ არიან, რა მოხდა, ჯერ ისევ უკვირთ, - ვაჟა ლოდიანზე ჩამოჯდა.
- მეც ეგრე მგონია, - გურამიც ჩამოჯდა ლოდიანზე, მერე რატომღაც მოეჩვენა, რომ თითქოს იმას არ ფიქრობდა, რასაც ვაჟა.
- მაინც ძალიან ცოტას დარდობენ, არა? - თქვა გურამმა.
- ეგრე უნდა, მა რა! აბა რა ქნან, მეც ეგრე ვიზამდი, - ვაჟამ კურელას ახედა, რომელიც ახლა შავ ცხენს უღებდა სურათს.
- შენ შეიძლება არ გეტირა, ეგრე კი ვერ გაერთობოდი.
- ეგ შეიძლება.
- ჰოდა, ეგ არის ნამდვილი დარდი.
- მე მგონი სისუსტეა.
- დარდმა სისუსტე იცის.
- მაგათმა დარდმა არ იცის, ძლიერი კაცია.
- მაინც დარდის უნარიც სიძლიერეა.
ვაჟამ თავი გააქნია.
- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.
ვაჟამ ისევ გაიქნია თავი, მერე თქვა:
- ეგენი დარდობენ, ოღონდ ცოტას, მე მაინც მგონია, ჯერ გონს ვერ მოსულან.
- არც ეგეთი ბავშვია კურელა, - თქვა გურამმა.
მერე იფიქრა, რომ შეიძლება, მართლაც, მათთვის ამ ამბავში საკვირველი უფრო მეტია, ვიდრე საზარელი. მერე კიდევ იფიქრა, რომ კურელამ მშვენივრად იცის, რომ სიკვდილი არის სიკვდილი. მერე ფიქრს თავი დაანება და ხევსურებისაკენ წავიდა.
- ხვთისო, - უთხრა ხევისბერს, - წერაქვებ მოიღეთ და საფლავი გაუთხარეთ, აქ ითხოვს თავად.
- ჩავიტანთ სოფელში, არ გვეზარება.
- აქ ითხოვს თავად.
- მაგისთვის ჩამოვიდა აქ? იქ წესს მაინც ვეტყვით.
- არა, აქ უნდა, ამბობს - მთა უყვარდა, მდინარე უყვარდა, თვითონ მკვდარს ესიამოვნება აქ დასაფლავებაო.
- მაინც რა უნდოდა აქ?
- ისე, მოგზაურობდნენ.
- მთავრობა ფულს აძლევდა, ალბათ.
- არა, თვითონ.
- ქალს რაღა უნდოდა?
- აინტერესებდა.
- ვალიკო, - დაიძახა ხვთისომ, - ეგ ცხენი და სოფლიდან წერაქვებ მაიღ, ბარიც. აქ უნდა დავასაფლაოთ.
- წაგვეღო ქვევით, ხვთისოვ!
- აქ უნდა თავად.
ვალიკო ცხენზე გადაჯდა, ხვთისომ წეკო მიაწოდა გურამს. წეკო ფილტვებს წვავდა. გურამს სიამოვნებდა რატომღაც ეს მძიმე ხველება. “ალბათ ჭლექიანებიც ასე ახველებენ”, გაიფიქრა. ახლა კიდეგანი სულ ჩამოიბურა და სიცივე წამოვიდა.
- წვიმა იქნება, - თქვა ხვთისომ.
გურამმა ხვთისოს დანა გამოართვა, მერე ბუჩქს ტოტი ჩამოაჭრა და გვირგვინის კეთება დაიწყო. ტოტი ადვილად მოიხარა და მართალ გვირგვინს დაემსგავსა. კურელამ კანაფი მოუტანა. ქალებმა გვირგვინზე მინდვრის ყვავილების დამაგრება დაიწყეს. მუშაობის დროს მათ ალფრედმა სურათი გადაუღო. გურამმა ახლა სხვა, უფრო მსხვილი ტოტი მოჭრა, უნდოდა თვითონ გაეკეთებინა ერთი გვირგვინი. ტოტი არ მოირკალა მთლიანად, ნახევარ რკალად დატოვა და ზედ ყვავილების დამაგრება დაიწყო, მერე ვაჟა მოვიდა, თან მთელი იღლია ყვავილები მოიტანა.
- ახლავე მოგეხმარები მეც, - თქვა ალფრედმა და ამობრუნებული გორახებისაკენ გასწია, ზორბა სხეულით დაებჯინა ლოდიანს. ერთხანს ასე იდგა. გურამი ქიმის ქვევიდან უყურებდა. მას ახლა მოსწონდა გერმანელი მწერალი, რომელიც ყოველნაირად იკავებდა თავს, რომ თავისი დარდით სხვა არ შეეწუხებინა. კურელა ამ ტრაგედიას უყურებდა მომავლის თვალით, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც დაამშვიდებდა მას, ითვალისწინებდა დარდს პერსპექტივაში.
გურამი ზლაზვნით წავიდა ზევით; იქ საფლავს თხრიდნენ.
საფლავის ერთ მხარეს, ქვევით, წყალი ჩადიოდა, ზევით დიდი ტინი იდგა, რომლის უკანაც იწყებოდა გველის მთა. აქედან მხოლოდ გველის მთის ძირში დაყრილი მთალოდები ჩანდა. ჟინჟღლავდა. ახალგაზრდა ხევისბერი უმოძრაო სახით ებრძოდა ტინს. მოქნეულ წერაქვს კლდის ოდნავ დაღებულ პირში ურტყამდა, არყევდა ტარით. ერთი პირი ამოამტვრია, მერე ღორღი დაიწყო. ახლა საფლავის ბოლოში ამოვიდა ტინი. ნელა ღრმავდებოდა სამარე. ხვთისომ წერაქვით შემოუარა და ძირი ვერ უპოვა ქვას. უფრო ღრმად შემოუარა, ქვა სიგანეში წავიდა. მეტი თხრა აღარ შეიძლებოდა.
ახლა კიდეგანიდანაც დაეშვა ღრუბელი და გველის მთის ნისლს შეუერთდა. ამ დროს მზე გამოვიდა. ჰაერი დაიხუთა. ხვთისომ ცას ახედა. “წვიმა მოვა”, გაიფიქრა გურამმა.
- სხვა უნდა დავიწყოთ, აქ აღარ მიდის, - თქვა ხვთისომ.
ვალიკომ დინამიტი მოიტანა.
- თევზებისათვის მინდოდა, - თქვა მან.
დინამიტი კლდის ძირში შედეს, ექიმები ქვევით წავიდნენ, იქით ნისლი იყო და აღარა ჩანდნენ. ხევსურები კლდეს ეფარებოდნენ. ვალიკომ პატრუქს მოუკიდა.
კურელა მარტო იჯდა ქვევით ცხედართან და მეუღლის შუბლზე შემხმარ სისხლს უყურებდა.
- დინამიტი დაუდეს, - თქვა ყრუდ გურამმა და ჩამოჯდა.
- ჰო, ჰო, - კურელამ გურამს შეხედა, - ახლა აფეთქდება, - თქვა მან.
ექო კლდეს შეეფერთხა, ლოდიანის ნამტვრევები წუილით ავარდა ჰაერში, მერე ექომ უფრო შორს დაიძახა, მერე უფრო შორს და სადღაც მოკვდა. ხევსურები ამოთხრილ ადგილში მიწას ყრიდნენ, ღორღი არ იტკეპნებოდა კარგად.
- მზად არის, - თქვა ხვთისომ და გვერდზე სიპების დაწყობა დაიწყო.
ყველანი ცხედართან მოგროვდნენ. კურელა იდგა და ისევ მეუღლის შუბლზე შემხმარ სისხლს უყურებდა, მერე თქვა:
- კიდევ კარგი, დაღამებამდე მოვასწარით, მე ძალიან მადლობელი ვარ.
- იქნებ გამოთხოვება უნდა, - გურამი ზევით წავიდა. ყველამ ზევით იბრუნა პირი.
- უკვე, - თქვა კურელამ - გამოვეთხოვე.
ცხედარი საკაცეზე დაასვენეს. საკაცე ორი გრძელი ხისგან იყო გაკეთებული და შუაში თოკები ჰქონდა ჩახლართული. კურელას მიცვალებულისათვის სამთო ფეხსაცმელები გაეხადა. ახლა მას ჩუსტები ეცვა. ცხედარი საბანში გაახვიეს, მერე გამჭვირვალე საწვიმარი გადაახურეს. გურამი მიცვალებულის ფეხებს უყურებდა.
- ფეხსაცმელებს ვინმეს მივცემ, ზოგჯერ მაინც მიხედავენ საფლავს, - თქვა ალფრედმა.
არხოტის წყლის თავიდან ქარი უბერავდა. ნისლები გადაიყარა. ციოდა. მაგრამ მზე წავიდა. გურამი საკაცეს დასწვდა. ქარმა მოუბერა და საწვიმარი ახადა ოდნავ, მერე საწვიმარი ისევ დააკვდა მკვდარს. გურამმა უკან დაიხია. ყველაფერი ეს მიცვალებულის განძრევას ჰგავდა. ერთი წუთით ეჩვენა, რომ ის გაცოცხლდა. ახლა უფრო კარგად შეიგრძნო სიკვდილი.
- ხომ არ შეიძლება შეცდომა იყოს? - თქვა კურელამ და საწვიმარი დაამაგრა.
ექიმმა მკვდარს მკლავი გაუსინჯა, ნახევრად მოხრილი და გახევებული.
- სიკვდილიდან ორი საათის შემდეგ ხდება ხოლმე სახსრის გაძვალება, - თქვა მან.
ცხედარი მაღლა ასწიეს და საფლავისკენ წაიღეს. კურელა სურათს იღებდა, მერე საფლავში ჩავიდა და ვაჟას სთხოვა, გადაეღო. ვაჟამ გადაუღო. ახლა ხვთისო პირდაპირ ჩაწყობილ სიპებს ფართო, ბრტყელ სიპებს აფარებდა გარდიგარდმო. აკლდამა უცებ ამოშენდა. მერე მიაყარეს მიწა. ზედ ქვები დააწყვეს. კურელამ გლუვი სიპი იპოვა და დააწერა:


Элпидэ Курелла
(1908 – 1957)


წარწერა გულზე დაადეს, მერე დააყარეს ყვავილები. მათ უკვე მოესწროთ დაჭკნობა. საფლავის გარშემო უაზრო სახეებით იდგნენ ხევსურები. ექიმები თავჩაქინდრული უყურებდნენ დამჭკნარ ყვითელთავებს. ბოხხმიან ექიმს თვალებზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი.
- ის ქვა იქ ჯობდა, - თქვა მან.
ხვთისომ აიღო და დადო ის ქვა იქ. საფლავი ისევ მოწყენილი ჩანდა. კურელამ ბოხხმიანს შეხედა.
- თუ შეიძლება, გადაუთარგმნეთ, მე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. მან დაიწყო:
- ოცი წელია, რაც ელპიდე კურელა ჩემი მეუღლეა, ის ხუთი შვილის დედაა, მწერლის ცოლია, ალფრედ კურელასი. ის თავისთავად ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ექიმი. ბევრის სიცოცხლე უხსნია მას. ელპიდეს ძალიან უყვარდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ხალხი და განსაკუთრებით კავკასია, საქართველო. ის აფხაზეთის მთებში ცხოვრობდა და მუშაობდა ექიმად სამი წელი, ის ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყო.
ბოხხმიანი თარგმნიდა თავჩაქინდრული, მერე ხმაში ცრემლი შეერია.
- ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, - გაიმეორა კურელამ.
ბოხხმიანს თვალებზე ცრემლი მოადგა, მერე ხელი აიღო მაღლა, ჩაიქნია, განზე გავიდა, იქვე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო.
- ეტყობა, დაიღალა დგომით, - მიჩურჩულა ვაჟამ.
თარგმნა ქალმა განაგრძო:
- მე უაღრესად მადლობელი ვარ, ხევსურებო, თქვენი, უღრმესად. არც მე და არც ჩემი ხალხი არ დაივიწყებს თქვენს ამაგს, კიდევ ერთხელ გმადლობთ ჩემი და ჩემი განსვენებული მეუღლის სახელით. მოვრჩი, - თქვა მან.
ხევსურები აიშალნენ. ბოხხმიანი ნელა დაეშვა სოფლისაკენ. სხვა ექიმები უკან მიჰყვებოდნენ. კურელამ კიდევ ერთი სურათი გადაიღო.
- რა კარგად უჭირავს თავი კურელას, - თქვა გურამმა.
- ექიმსაც კი აუჩუყა გული, - ჩაიცინა ვაჟამ.
- ჰო.
- ვითომ კურელაზე მეტს დარდობდა, არა?
- ჰო.
- წავიდეთ, - მოესმა გურამს კურელას ხმა. ბილიკი ისევ ქვიანი იყო, მერე ხევი დაიწყო. ახიელში სამძიმრით შეხვდნენ ხევსურები კურელას და ათენგენში დაპატიჟეს, თან ეუბნებოდნენ, თქვენ მაგის თავი არ გექნებათ, ვიცით, მაინც ამოდითო.
- სიამოვნებით წავალ, - თქვა კურელამ, - საწყალი ელპიდე სულ მაგ დღეობების მოლოდინში იყო, მისი გულისთვის მაინც, ჰო.
- დილით ერთად ვიყავით, ახლა? - კურელამ ხელი ხელს მიადო. - ჰოო, - თქვა მან.
ბანზე ქვევიდან სიბნელე ამოვიდა. კიდეგანას პატარა მთა ეფარებოდა და ის თვითონ ჰგავდა კიდეგანას. წამოწვიმა, მერე გადაიღო. კურელა მარტო იჯდა, შემდეგ სხვებს სთხოვა მასთან ახლო დამსხდარიყვნენ და საუბარში გაერთო. სტეფანე მოყუჟული უსმენდა მამას.
- ჯერ კიდევ აზრზე არ არის ბიჭი, - თქვა ვაჟამ.

გურამი და ვაჟა საფლავის ქვაზე ისხდნენ. საფლავზე ქვები ბევრი იყო, ისინი გაფანტულნი ეყარნენ. ერთი ზევით იჯდა, მეორე ქვევით. აქედან ხეობა მოჩანდა ბილიკის ნაფლეთებით.
- ცხენებზე სხედან და რა ნელა მოდიან, - გაეღიმა ვაჟას.
- აბა რა იქნება. საერთოდ რომ შესხდნენ, გუშინწინდელი ამბის შემდეგ, არ გიკვირს?
- ჰო, მართლა, მიკვირს, გინდა გითხრა მართალი? ამ ადგილას ხევსურებიც კი ჩამოვლენ ცხენიდან, ყველას რაღაც შიში აიტანს, უფრო ძნელ ადგილას კი აჭენებენ.
- უფრო ძნელ ადგილას კი.
- გახსოვს, გუშინწინ, ხატში ყველა რა კმაყოფილი იყო, როგორ იგონებდნენ, რომ თვითონ ცხენით გამოიარეს ეს ადგილი და არ გადმოვარდნენ?
- ექიმები გახსოვს?
- აგერ გამოჩნდნენ.
გურამი წამოდგა, მერე თქვა:
- ხედავ, რა მძიმედ მოდიან?
- ბიჭო, რაც მაგათ სამძიმარი უთხრეს გუშინ! - გაიხუმრა ვაჟამ.
- კურელასი არ ვიცი, მე კი სამძიმრების თარგმნამ დამღალა. მართლა, როცა მოვლენ, ჩვენ იქით წავიდეთ, დაემშვიდობოს უკანასკნელად, მე მგონი, ამის მეტად აღარც ჩამოვა.
- მეც ეგრე მგონია.
კურელა ცხენიდან ჩამოხტა და საფლავთან მივიდა. სტეფანე უკვე ლოდიანზე იჯდა. ვაჟამ ცხენები ჩამოართვა ორივეს. კიდეგანას ფერდაში ნისლი მიიყუჟა. ჰაერში ნესტი ტრიალებდა. კურელამ სიპზე დაწერილი გაასწორა, “მარმარილოს კლდეში გავაკეთებ”, თქვა თავისთვის, მერე დამჭკნარი გვირგვინი აიღო და საფლავზე ახალი ყვავილები დააწყო. “ესენიც ჩქარა დაჭკნება, მაგრამ მაინც”, - თქვა მან თავისთვის, მერე სახე უცებ დაეძაბა, თვალები დაებერა, ნელა მივიდა შვილთან და მხარზე დაადო თავი. სტეფანე მოკუნტული იჯდა. დილით დასველებული თმა აეშალა, სახე გაფითრებული ჰქონდა სიცივისაგან და მზეზე დამწვარი ცხვირი წითლად უპრიალებდა.
- საწყალი ალფრედი, ახლა დაარტყამს, ალბათ, ელდა, - თქვა ვაჟამ.
- ბიჭსაც, ხო იცი.
- ბიჭი წიწილას დაემსგავსა. ჯერ აზრზე არ არის.
- წავიდეთ, - თქვა კურელამ და გაიღიმა. - აი, იმ ბილიკით რომ წავსულიყავით, არაფერი მოხდებოდა, - მან გაღმა გაიშვირა ხელი.
ვაჟამ უზანგი დაუჭირა, ის მძიმედ შეჯდა ცხენზე.
- ქვევიდან რომ მოევლო იმავე ბილიკისათვის, არაფერი იქნებოდა, - თქვა ვაჟამ.
გზა მთაში წავიდა, მერე თოვლზე გადავიდა და უღელტეხილს შეუდგა. აქ ნისლი იდგა, თეთრი ნისლი. ნისლი ცოტა ნათელიც იყო, სავალი გზა ხუთიოდე ნაბიჯზე მოჩანდა. ქარი ფერდას ურტყამდა, - ყინავდა, მერე ყინვამ უფრო იმატა. გურამს მოკლესახელოებიანი პერანგი ეცვა, ააძაგძაგა და ნაბიჯს აუჩქარა. ვაჟამაც აუჩქარა. ცოტა გახურდნენ, მაგრამ ზევით ქარმა იმატა. ისევ აცივდა ძალიან. უკან დარჩენილი კურელა ცხენიდან ჩამოვიდა. სტეფანეც ჩამოვიდა ცხენიდან.
“ნეტა არ ჩამისწროს ამბავმა თბილისში”, ფიქრობდა ალფრედი. “არ მინდა ჩემმა პატარა გოგომ გაიგოს უჩემოდ. ალბათ, თვითმფრინავი იქნება, ხვალვე გადავფრინდები. საწყალი ელპიდე, ვეღარც მარშრუტი გავაგრძელეთ ორმა, უხერხულიც არის. სად უნდა გავატაროთ შვებულების დანარჩენი დრო? ვნახოთ, შევკრებ შვილებს და მთაში ამოვალთ, უკანა ფშავში. მაინც ამბობენ, იქ მშვენიერი ხედებიაო. იმ ადგილებთანაც ახლო ვიქნებით, სადაც ელპიდე დაიღუპა. საწყალი ელპიდე, მხიარული, გამრჯე დედა, საწყალი”.
გზამ ქვევით დაიწყო დაშვება, ნისლები უფრო დაინისლნენ და ჩაწვნენ, ვაჟა და გურამი უღელტეხილის ქვევით იცდიდნენ. აქ ქარი უბერავდა, ციოდა. როცა კურელა მოვიდა, ვაჟამ “შტორმოვკა” ამოიღო ცხენზე გადაკიდებული ზურგჩანთიდან, გურამს გადაუგდო. “შტორმოვკაში” ქარი არ ატანდა და თბილოდა.
- აქ ცოტა დავისვენოთ, - თქვა ალფრედმა, მერე საველე ჩანთა გახსნა, - მოდით აქ, - დაიძახა მან.
- აი, ჩვენი მარშრუტი შუაფხომდე, გზაც ესე მაქვს აღნიშნული, აი, ამ შავი ფანქრით ოჩიაურის შენიშვნებია, ხედავთ?
- ჰო, - თქვა გურამმა, - ჯერ რომ შატილით წასულიყავით, ეგ ამბავი არ მოხდებოდა.
- მაგ “რომ”-ზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგ “რომ”-ების უზარმაზარი ჯაჭვი შეიძლება გაკეთდეს, ასე რომ ჩავყვეთ, მივალთ იქამდე - “რომ” საერთოდ არ დაბადებულიყო, არც მოკვდებოდა.
გურამი უსმენდა და ხვდებოდა, ასეთი ანალიზი უმსუბუქებდა კურელას დარდს. ამით იგებს ის, ფიქრობდა თავისთვის, რომ არ დაბადებულიყო საერთოდ, არც მოკვდებოდაო. რამხელა გაადვილებაა, მართალიც არის. ვერც ეტყვი ვერაფერს. მაინც არის კიდევ რაღაც სხვა ამ “რომ”-ში, რაც თვითონაც მოსდის. თუმცა ჯერ ისე მკვეთრად არ შემიმჩნევია. არა, ბოლოს, საფლავზე შვილს რომ აკოცა, რაღაც ცრემლივით მოადგა, მაშინ არ იყო მისთვის “რომ” გასაკიცხი, თუმცა, ალბათ, მაშინაც, ნაწილობრივ. ეგ “რომ”-ის შეგრძნება ყველას აქვს, ოღონდ სხვებმა არ იციან, რომ აქვთ. დარდობენ, მერე ეგუებიან. თავისთავად გამოდის ის “რომ”, ოღონდ გვიან. მაგან კი იცის. ჰო, სჯობია ცოდნა, ნაკლებს დარდობ. დარდით, რა თქმა უნდა, ვერ უშველი.
წამოჟინჟლა, სადღაც ნისლი გაიხლიჩა და ისევ დაიბურა. ალფრედმა რუკა დაკეცა, ჩანთაში ჩადო, მერე შოკოლადი ამოიღო, ხუთად გაყო, მეხუთედი ცხენის პატრონ ხევსურს მიაწოდა.
- უთარგმნეთ მას, - თქვა კურელამ, - ჩემს ოჯახს ელპიდესთან ერთად სიარულის დროს ასეთი ჩვეულება გვქონდა - უღელტეხილს გადავიდოდით თუ არა, შოკოლადი თანაბრად უნდა გაგვეყო. ახლაც ვაგრძელებთ. ჰო.
ვაჟამ ღიმილით უთარგმნა.
- თქვენც უთხარით, - ენის ბორძიკით თქვა ხევსურმა და გაიცინა. - თქვენც უთარგმნეთ: ხევსურებს სიარულის დროს ეგეთი ჩვეულება გვაქვს, დილიდან დაღამებამდე არაფერი არა ვჭამოთ-თქო.
ვაჟამ თარგმნა.
კურელას გაეღიმა.
- წავიდეთ, - წამოდგა ის.
გზა ქვევით ეშვებოდა, ნისლი ზევით დარჩა. ქვევით მზე იყო და ცხელოდა. გურამმა ისევ გაიხადა “შტორმოვკა”. აქ ბილიკი მიდიოდა. გურამს ალფრედის ცხენის ლაგამი ეჭირა და ისე მიჰყვებოდა გზას.
- მე მაინც მომხრე არა ვარ მდიდრული გასვენებისა, - დაიწყო ალფრედმა რატომღაც. გურამი ჩუმად მიდიოდა. - ვის რას რგებს, - განაგრძობდა კურელა. მკვდარს რას უშველი მაგითი? ვერაფერს, სიკვდილი ხომ სიცოცხლესთან ერთად იბადება, მე ასე მწამს, შვილები უფრო მკაცრად აღვზარდეთ, მაგ პრინციპით.
- ჰო, ეგ სწორია, - ხელი გაუშვა ლაგამს გურამმა. - მაინც არის რაღაც, ასე რომ არ იყოს, რატომ გინდათ ხელმეორედ ამოსვლა და მარმარილოს დაფის გაკეთება? ცოტა ხარჯია ან წვალება?
- შესაძლოა, შენც მართალი ხარ, მაინც არის რაღაც. აი, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ისე რომ იმას თავს დავანებებ, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. ის ამბავი ძალიან გვაინტერესებდა მაშინ ყველას. ამ ბოლო ომზე მინდა გითხრათ. ბოლოს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი თაობა, როცა ომს ახსენებს, გულისხმობს პირველ მსოფლიო ომს, მეორე გაგრძელებასავით იყო. მე ისევ გადავუხვიე. მაშინ, ორმოცდახუთში, ზავის დადებამდე, ვიღაც დაეცა ბოლო ტყვიისაგან, ყველამ გაიგო მისი სახელი და ხალხს განსაკუთრებით ეცოდებოდა. მე მაშინ ვამბობდი: რაღა “ის” არის საწყალი და არა ის, რომელიც ომის დასაწყისში მოკვდა ან შუაში, ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო ბოლო, არა?
- აკი იყო, ყველაზე საწყალიც იმიტომ იყო, რომ ის ბოლო იყო და მისი სახელიც ყველამ გაიგო. ხალხს არ შეუძლია იდარდოს ყველა ერთად, ამიტომ დარდობს იმას, სწორედ იმას, ვინც რაღაცით გამოირჩევა, იმიტომ რომ “ის” თავის სიკვდილით განსხვავდა სხვებისაგან. მთელი ომის უბედურებაც იმ ერთის სიკვდილში გადააქვთ. მართალია ხალხი. თქვენც ხომ იმსჯელეთ იმაზე? ალბათ, თქვენც გულის სიღრმეში რაღაც იგრძენით.
ახლა გზამ სულ გაივაკა და ბილიკზე გადმოგდებულ ფშანს შეუერთდა.
- გახსოვთ რემარკის წიგნი? - განაგრძობდა გურამი, - როგორ ადის ხოლმე გრძნობა გონებაზე მაღლა.
- ჰო, მაგრამ კარგად აღარ მახსოვს.
- გრებერი იჯდა ვაგონში და ჯარისკაცების ლაპარაკს უგდებდა ყურს. არავის არ უნდოდა ფრონტზე წასვლა, თან ყველა ბრაზობდა, რომ მატარებელი წასვლას იგვიანებდა. ლოდინი აგიჟებდა ხალხს. ვიღაც მსუქანი ფანჯარაში იყო გაჩრილი და ცოლს ელაპარაკებოდა, ქალს ორი ბავშვი ეჭირა ხელში. მატარებელი დაიძრა. გრებერი ფანჯრის ღიად დარჩენილი ნაწილიდან ხედავდა ბაქანს. უცებ სადღაც კუთხეში თვალი მოჰკრა ელიზაბეტს, რომელიც ცხვირსახოცს უქნევდა მატარებელს. გრებერი ეცა ფანჯარას, მატარებელმა სვლას უმატა. მსუქანი არ შორდებოდა თავის ადგილს. ატყდა ბრძოლა, მსუქანი არ თმობდა ადგილს, გრებერი ეწეოდა უკან, უნდოდა, უკანასკნელად დაენახა ის ელიზაბეტს, გაეგებინებინა, რომ თვითონაც დაინახა. უცებ ინანა, რომ გაცილება აუკრძალა. რა სისულელე მოუვიდა! ახლა შორდებოდა და ვინ იცის... “ელიზაბეტ, ელიზაბეტ!” - ყვიროდა მთელი ხმით და ცდილობდა ფანჯარაში ხელი მაინც გაეყო, დაექნია. მისი ხელი ქანაობდა სხვა ხელებთან ერთად. ბაქანი სიბნელეში გაეხვია, ელიზაბეტმა ვერ დაინახა...
გურამი ლაპარაკით გაერთო, გრძნობდა, რომ ცივი გონებით იმდენივე იცოდა სიკვდილზე, რაც იმან, კურელამ, და მაინც განიცდიდა სიკვდილს. ცხადია, ცივი გონება ხელს არ უშლიდა განცდის უშუალობაში. ასე მოუვიდა გრებერსაც. ახლა ის წინ მიდიოდა, ცხენზე მჯდომი ალფრედი უკან მოიტოვა. ქვევით როშკა მოჩანდა. ,,არა ღირს გაჩერება”, გაიფიქრა მან და გზა განაგრძო, როშკა გვერდით დარჩა, ბილიკი პირდაპირ მიდიოდა და ეშვებოდა სამანქანო გზაზე. შარაზე ცხენოსნები დაწინაურდნენ, ხევსურიც წინ წავიდა. ვაჟა და გურამი ნელა მიჰყვებოდნენ უკან.
- ვერ ვიტან ფეხით სიარულს, სადაც მანქანით შეიძლება, - თქვა ვაჟამ.
- მეც, - თქვა გურამმა.

“კოლმეურნემ” ასფალტზე ასი უჩვენა და ერთ საათში თბილისში იყო. გვერდები ღია ჰქონდა მანქანას, ცხელი ჰაერი ურტყამდა ალფრედს. სტეფანე ქვევით იჯდა.
- ესეც თბილისი, - თქვა ვაჟამ.
- ჩქარა მოვედით, საერთოდ აქ კარგი შოფრები არიან, - გურამმა მძღოლს გადახედა.
- მაგათ ვერ გააკვირვებ, - თქვა მძღოლმა ქართულად, მერე კურელას გაუღიმა. - ინტურისტთან, არა? - იკითხა.
- პავილიონში, ქვევიდან, - კურელამ სახე წინ წამოსწია და ქუჩას მიაშტერდა, პავილიონის კარები დიდი იყო და უჭრიალოდ გაიღო.
- თქვენ?! - დაიძახა მომვლელმა ქალმა, თავი კარის რაფას მიადო და ატირდა. ალფრედი გაოცებული უყურებდა მას. გურამი და ვაჟა წინ წავიდნენ. უზარმაზარი სასტუმრო ოთახის შემდეგ საწოლი ოთახი იწყებოდა, იქ დააწყვეს ბარგი. ოთახი მოხერხებული ჩანდა საწოლად. ლოგინის თავზე ქალის კაბა და გრძელი ყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული.
- აი საწოლები, - თქვა ვაჟამ, - აქ იწვნენ ისინი ბოლო ღამეს.
გურამი და ვაჟა სასადილოში გამოვიდნენ. იქით კუთხეში დიდი სარკეები იდგა. “რა ჭუჭყიანი ვარ”, გაიფიქრა გურამმა. სარკეში საწოლი ოთახი ჩანდა თავის სარკიანად. იმ სარკეში კი სასადილო. სასადილოში ბიჭები ისხდნენ. კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლში შევიდა. საწოლის კარები ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული. გურამმა რაღაც იგრძნო ტკივილივით. იქით ოთახიდან ხმამაღალი ქვითინი მოისმა. სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა.
- ხომ გითხარი, დაარტყამს-მეთქი, - თქვა ვაჟამ.
გურამმა სარკეს ზურგი შეუბრუნა და პირდაპირ დაიწყო ოთახში ყურება. კურელამ თავი ასწია, მერე წამოდგა, აქეთ ოთახში გამოვიდა.
- ჰო, - თქვა მან. - ასე... აღარ არის ელპიდე, მისმა შვილებმა კი არ იციან ეს. სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს დეპეშები გერმანიაში.

[1957წლის აგვისტო]