Litclub.ge

სურათი ჩემ კედელზე
ჩემ წინ კედელზე თერთმეტი სურათია გაკრული: ორი ტიტველა ქალის, ერთი ნახევრადშიშველასი, ერთი ხევსურული ცხოვრებიდან ოჩიაურის ბარელიეფი: მიწაზე ვაჟკაცია გაშოტილი, სულთმობრძავს ხელში სანთელი უჭირავს, ხელი გულზე უდევს; ფეხებთან მისი ძმადნაფიცია ჩაჩოქილი. ამ სურათის ზევით ფრანგ მსახიობ ჟან მარეს სურათია აკრული: მას სახე შეშლილი აქვს, ყელზე ჟინჟილაკები ჰკიდია: საზარლად იკრიჭება. მის ქვემოთ ვერიკო ანჯაფარიძის პორტრეტია პროფილში: გამოკვეთილი შუბლი და ცხვირი სახის სიძლიერეს უსვამს ხაზს, ნიკაპი კუთხით ეწყება, მერე ღაბაბი აქვს უშნოდ. ეს სიუშნოე უფრო აძლიერებს პორტრეტს: თითქმის სწორი თმა ყურის ნაწილს ფარავს და მხრებზე ეფინება ალბათ: პორტრეტი თმის შუაში წყდება. მისგან მოშორებით ძველი ტილოა, ორიგინალი თუ რეპროდუქცია: ბედუინები გრძელ, თეთრ მოსასხამებში სხედან კარავთან: სურათის კიდედან აქლემის თავი ჩანს მხოლოდ ენაგადმოვარდნილი. მერე ჰკიდია სურათი დედის, მამის და დის გამოსახულებით: მამა ოდნავ იღიმება. დედას ჩემი დისთვის მოუკიდია ხელი, იცინის. ზუსტად ჩემ პირდაპირ ჩემი შეყვარებულის ფერადი სურათია ჭიკარტით მიკრული, მის Gგვერდით ჩემი ნოველის ილუსტრაციაა, რომელიც ამხანაგმა დამიხატა. ნოველას ჰქვია ”ნელი ტანგო.” სურათზე ჩანს დიდი პატეფონის ფირფიტა, მის ქვედა კუთხეში ცალთვალა კაცი ზის და გიტარაზე უკრავს. იქვე ჰკიდია ჩემი სურათიც. “რა საჭიროა ჩემი სურათი”, ვფიქრობ, მერე ხელში ვიღებ და ვინახავ. ისევ განვაგრძობ მუშაობას: ახლა კედელზე ათი სურათი ჰკიდია.

[1957 წელი. მაისი]



შენიშვნები



არქივში ინახება ამ უთარიღო და უსათაურო ნაწარმოების სამი ავტოგრაფი: ერთი შავი(1 - 2გვ.) ავტოგრაფი გადათეთრებულია(1გვ.). მესამე ავტოგრაფის(1 -3 გვ.) მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს.
მწერლის ბოლო ნებად ჩავთვალე უფრო დიდი მოცულობის ხელნაწერი.
შავი ავტოგრაფი:
“ჩემს კედელზე ათი სურათია გაკრული: ორი ტიტველა ქალის, ორი ნახევრადტიტველასი, ერთის პორტრეტი პროფილში, ერთიც უშბის: ის მისი ორივე რქითა ჩანს, ერთიც ვიღაც მსახიობის. ერთი ამხანაგის ნახატია. ჩემი ნოველის ილუსტრაცია: პატეფონის ფირფიტის ფონზე შიშველა ცალთვალა კაცი უკრავს გიტარაზე - ესეც შვიდი. დარჩენილი სამიდან ერთია დედის და მამის ერთად, ჩემი შეყვარებულის, ესეც ცხრა და ჩემი. “რა საჭიროა ჩემი სურათი, ვფიქრობ, მერე ხელში ვიღებ, ვინახავ. განვაგრძობ მუშაობას: ახლა კედელზე ცხრა სურათი კიდია.”
ხელნაწერი მიახლოებით არის დათარიღიბული ვერიკო ანჯაფარიძის საიუბილეო ბარათის მიხედვით (1957 წლის 8 მაისი. ინახება არქივში). თეთრ ავტოგრაფში ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ.” დათარიღებისათვის გათვალისწინებულია სხვა ფაქტორებიც (იხ. ტომი1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). აქ ნახსენები ყველა სურათი, მართლაც, 1957 წლის გაზაფხულზე ჭიკარტებით იყო მიმაგრებული გურამის საწერი მაგიდის წინა კედელზე. არქივში ინახება, აგრეთვე, ამ ჩანახატში ნახსენები “ჩემი შეყვარებულის” და ჟან მარეს ფოტოსურათიც. ამ ფოტოსურათის უკანა მხარეს წერია ორი პატარა მოთხრობა (იხ. მომდევნო ნაწარმოებების შენიშვნები). კედელზე გაკრულ სურათებს შორის იყო, აგრეთვე, რენუარის “ქალბატონი სამარის პორტრეტი.” “ეს ჩემი ცოლიაო”, - გაიხუმრა ერთხელ. “ეს კი მე ვარო”, - ამბობდა გურამი კუბერტის მიერ შავ-თეთრით შესრულებულ ბოდლერის სურათზე. ბოდლერი ნახატზე ნახევრად შებრუნებული ზის საწერ მაგიდასთან და, მართლაც, რაღაცით წააგავს გურამს. ისე როგორც ცხოვრებაში, გურამს ძალიან მოსწონდა ქალბატონ სამარის ვარდისფრად შეფაკლული ღაწვები და ქალურობის უმაღლეს გამოვლენად თვლიდა.
შავ ავტოგრაფს მოსდევს მინაწერი: “ვწერ იმიტომ, რომ ძალიან დავიღალე სმისგან. მართლა დავიღალე. მართლაააა”
1 სიაში: “სურათი ჩემს კედელზე.”
ქვეყნდება პირველად.