* * *
ბატონო ტელემხედველებო, ანუ, როგორც ახლა უფრო მიღებულია, ამხანაგო ტელემხედველებო! თქვენ დღეს ხედავთ ეკრანებზე ჩემს გამოსახულებას, გესმით ჩემი ხმა, სამწუხაროდ, ყოველივე ამას მე მოკლებული ვარ. მე ვღელავ. მე არა მაქვს უფლება ამერიოს ენა, წავიბორძიკო, დავლიო წყალი, თუ ყელი გამიშრა ლაპარაკისგან. თქვენ იფურჩქნებით, გათხლაშული სავარძლებში, მაგიდის გარშემო, ორივე ყბა გაქვთ გამოტენილი ხიზილალით, შავი პურით, ბორშჩით, ტორტით, რაგუთი по-английски და по-шотландски, სვამთ არაყს, ღვინოს, წყალს, ლაპარაკობთ ენის ბორძიკით, უმეტესად, სისულელეებს და არავინ არის თქვენი მსაჯული, მშურს თქვენი, აბა, მე შემცდეს რამე, ო! უსაზღვრო იქნება თქვენი ირონია თუ რისხვა. ბედნიერი ხალხი ხართ ყველაფერი ამით, ტელემხედველებო! თქვენ მიყურებთ, რის საშუალებასაც მე, სამწუხაროდ, პირადად მოკლებული ვარ – ასეთია ტელეცენტრის პრინციპი; მაგრამ თქვენ გაქვთ ერთი დიდი უპირატესობა, რაც აზრადაც არ მოგდით – საკმარისია გადაატრიალოთ ჩამრთველი, რომ ჩემი გამოსახულება გაქრეს ეკრანიდან, მე კი უნდა ვილაპარაკო ბოლომდე პროგრამით განსაზღვრული ოცდახუთი წუთი, გინდ ყველა ეკრანი გამოთიშული იყოს, მაგრამ ამას თქვენ არ იზამთ, თქვენ, დახარბებული სანახაობებზე, აზრადაც არ მოგივათ, რომ ერთ გადაცემას მაინც არ უყუროთ და მთლიანად არ აინაზღაუროთ აპარატში მიცემული ფული, თქვენს პატარა ოთახებში სხედან მეზობლები, მორცხვი, დაფეთებული თვალებით, სხედან ფოსტალიონები, რომლებმაც დეპეშა მოიტანეს ორი წუთის წინ, სხედან კაცები, პატარა ბაფთიანი ძაღლები, ზის ბებერი ბებო, ორმაგი სათვალით, და ყვინთავს, ოღოდ მაინც ზის – ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია ოჯახის უფროსის წინაშე, რომელმაც აპარატი შეისყიდა.
მაშ ასე!
ბატონო ტელემხედველებო, თქვენ სხედხართ და მისმენთ, თქვენი სურვილით თუ მის წინააღმდეგ, სხვა არაფერი არ შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენ განიარაღებულები ხართ!
მიცნობდეთ – მე ვარ გურამ რჩეულიშვილი, მწერალი და პოეტი! ზოგს ეღიმება – ხედავთ, თურმე მეც ვხედავ. ო, რა ამაყად უყურებს თავის ოჯახის წევრებს, ან თავის ამხანაგებს, ან თავის შვილიშვილებს – ის მიცნობს მე. ერთხელ ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით, ან სუფრაზე შევხვდით, ან მილიციაში გავათენეთ ღამე, შეიძლება ახლაც აქვს დაღი ჩემი მუშტისაგან სახეზე, რა ძვირად ღირს მისთვის ახლა ეს იარა, რა სიამაყით ისვამს ზედ ხელს, მეც მაქვს იარა – ხედავთ, ჩემს ყელს გასწრივ გასდევს თეთრი ამობურცული ზოლი, სწორედ ჯიბრზე მისი ავტორი ტელევიზორთან არა ზის, დარწმუნებული ვარ, მას აზრადაც არ მოსდის ასეთი აპარატის არსებობა – ის იყო მოხუცი მელინეიკე, რომელსაც ვაკის სასაფლაოზე დანჯღრეული ოთხთვალა მოვტაცე და რომელმაც მათრახით მასიამოვნა ისე, რომ მთელ ყელზე ტყავი გადამიხეთქა, ტელეცენტრის და რეკლამბიუროს თხოვნით ვისვრი ლოზუნგ-რეკლამას:
– მელინეიკეებო, მათხოვრებო, ჯიბის და ღამის ქურდებო, სადგურის ბოზებო, რუსთაველის მეძავებო, რომლებმაც პირველად გაგვაცანით ქალი მე და ჩემს ამხანაგებს, ზოია და რიმა, შეისყიდეთ ტელევიზორები, იქ შეიძლება ნახოთ გურამ რჩეულიშვილი! და აივსოთ იმედით, რომ შეიძლება თქვენც მოგიწიოთ ამ ბედნიერებამ – ტელეეკრანზე გამოსვლამ! ამინ!
ნეტარ არიან მორწმუნენი, – მითხრა ზოიამ, როცა მთვრალი ცოლად წაყვანას შევპირდი! – ჭეშმარიტად, ვამბობ მეც, მაგრამ გადავუხვიე...
თქვენ წინაშე მე დღეს გამოვდივარ როგორც მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე, რომელსაც ტელეცენტრის დირექცია უხდის 1500 მანეთს, ფულად, ოცდახუთ წუთში, რათა შეგაქცევინოთ თქვენ თავი. ვეცდები გავამართლო მათი იმედები. ორიოდ სიტყვა ჩემი ნაწარმოებების შესახებ: მე იქ, ე.ი. ნაწერებში, ვცდილობ ვწერო ჩემს თავზე, ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი. ო! როგორ ვგავართ ჩვენ ერთმანეთს, არა?! ბევრი თქვენგანი კარგად მიცნობს, ბევრს ახლაც აქვს გადაკეცილი ჩემი წიგნის რომელიმე ფურცელი და უდევს სასთუმალთან – ის მათზე მოქმედებს დამაძინებელი ფხვნილივით, რომელიც, ჩვეულებრივ, საშინლად მოქმედებს გულზე. ბევრს ცრემლი მოსდის, როგორც ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც მიცნობდა როგორც გურამ რჩეულიშვილს და ახლა, უბრალოდ, უკვირს, რომ ხან ვაჟა ჯანდიერი ვარ, ხან, უბრალოდ, გიო, ხანაც მოხუცი ქიტესა. წერა არის პირველი საწყისი ტელეცენტრისა, დაფუძნებული იმავე პრინციპზე – ავტორს ხედავენ მკითხველები, ლანძღავენ უმეტესნი, მით უმეტეს, ნაცნობები. ისინი ხომ კარგად იცნობენ მას და არაფერს კარგს მისგან არ ელიან, სენტიმენტალური გულები ზოგჯერ გუგებიდან ცრემლებსაც უშვებენ, არიან ჭეშმარიტი მსაჯულებიც, მათ ყოველი სიტყვა სასწორზე უდევთ, ყველაფერი ესმით.
– ჭეშმარიტება კეფას ჰგავს! ვიცით სად არის და ვერასოდეს დავინახავთ! – ამბობს ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის გმირი. მკითხველ-ჭკვიანს აღარ უნდა ბევრი განმარტება. ის ხვდება და იღიმება ყოვლის მცოდნე ღიმილით – აქ საქმე გვაქვს ფილოსოფიურ მიდრეკილებასთან – აგნოსტიციზმთან. ხო, აგნოს – გონება, სტიციზმი… – განუმარტავს სხვა გულუბრყვილო მკითხველებს, ის დარწმუნებულია, რომ ნოველის დაწერამდე ავტორი საფუძვლიანად გაეცნო ჰეგელს, კანტს და რაღაც ახალს და სახიფათოს ამბობს. როგორია ის? უსვამს თავს კითხვას, – ჯობია მოვითმინოთ, – პასუხობს. – ეშმაკმა იცის, ახალია, იქნებ კარგია, დაე, სხვებმა გამოთქვან აზრი, ჩვენ კი ვიტყვით, რომ ამას უკვე დიდი ხანია ვამბობდით, მოწმედ შეგვიძლია პირველივე თანამესუფრე დავასახელოთ. ეგ ადვილია. – არა, თქვენ არ გესმით. ო, ეს გენიალურია, ეს ახალია, ეს, ეს, ეს – ამბობენ პროგრესულად განწყობილი ფენები, ღმერთო ჩემო, მათ ზეპირად იციან ჰემინგუეის `კატა წვიმის ქვეშ~ და `ფიესტა~, მათ დასტად უწყვიათ სახლში ჯორჯ გერშვინის სიმფო-ჯაზები და ყოველ ღამე უსმენენ მას, – ისინი არც იკადრებენ დავიდნენ სხვა ტელემხედველებამდე ან მკითხველებამდე, ისინი სხვა ლიბერალურ შემფასებლებთან ერთად, რომლებისგანაც შედგება ძირითადი ჩვენი საჰონორარო ფონდი, დაძრწიან სამხატვრო გამოფენებზე, ერთმანეთს თელავენ გუდიაშვილის `გრაფიკული~ ნამუშევრების წინ და ტვინს იჭყლეტენ `ტვინის ჭყლეტის~ ყველა შტრიხის გაშიფვრით, მაშინ როდესაც `სამი მოქალაქე~ ან `ქეიფი ქალთან ერთად~ თავისთვის წყნარად კიდია, არა! მაპატიეთ, აი, ვიღაც მხატვარმა, რომელმაც საკმაოდ იჭყლიტა უკვე ტვინი და რომელსაც მოსწყინდა ეს, თქვა, რომ ეს კედელი, ფრანგული პერიოდი, გენიალურია! მთელი ფარა შემფასებლებისა ბღავილით გარბის მისკენ, აშიშვლებს ფერებს, სახეებს – საწყალი ნახატისაგან მხოლოდ მახინჯ ჩონჩხსა ტოვებს და ტკბება. ისინი უფრო შორს მიდიან, მართავენ მხატვრის პატივსაცემად კრებას – ესწრებიან, ძირითადად, მხატვრები, რომელთაც ყველაზე ძალიან ის აწუხებთ, რომ დარბაზში დახუთული ჰაერია, რომ ის პატარაა და რომ მათ, პირადად, არა აქვთ იმდენი პატივი და იმდენი ფული, რამდენიც ორი დღის წინ ნახევრად ღატაკმა მხატვარმა მოიპოვა – ისინი მას აქებენ, ოღონდ ამის პატიება არ შეუძლიათ! იწყება საშინელი არეულობა, ლანძღავენ წინა თაობას იმისთვის, რომ ახლა ისინივე აქებენ გუდიაშვილს, რომელიც აქამდე უარყოფილი იყო, აფრთხილებენ მათ, იქნებ ჩვენც ვიყოთო – გულში ყველა დარწმუნებულია, რომ იქნება – და ახლავე გვეცით პატივი, სანამ არაფერი გვაქვს გაკეთებული, თორემ გავაკეთებთ და, ვაი თქვენი ბრალიო. შეშინებული ძველი თაობა მერყეობს, უფრო მოქნილები და ისინი, რომელთაც გუდიაშვილზე მეტი რაოდენობის ნახატები აქვთ, ემხრობიან ახალგაზრდებს ნეტარი იმედით, რომ იმათაც არ უფასდებათ – ყოფილ მხატვარ– აფერისტთა დასი შეშინებული იყურება – ისინი მიატოვეს თავისმა საუკეთესო მეგობრებმა.
ვიღაც მოკრძალებით წამოისვრის ფიროსმანის სახელს. აქ ორი აზრი არ არსებობს.
– ის გენიალურია თავისი უბრალოებით, მაგრამ თვითონ მხატვარი მკვდარია და ბევრს ნუ ვილაპარაკებთ – ბატონო ლადო, თქვენი აზრი? – გუდიაშვილია ჩვენი მასწავლებელი – გიპ, გიპ, ურა! ის დარბაზში ზის, ნუ ვაწყენინებთ, ვინ იცის, სად გამოგვადგება. მხატვარს ცუდი სმენა აქვს. ის ამით ბედნიერია, ის ზის თავისთვის წყნარად და მხოლოდ ორატორის სახეს ხედავს, დიდი თვალებით, ყურებით და ჭიანი კბილებიდან გადმოგდებული ენით. მისი ხედვითი მეხსიერება დაძაბულია, – ეშმაკმა დალახვროს, – ფიქრობს ის. – მშვენიერი სიფათია `ხელოვნების წამბილწველებისათვის~. ახლიდან მომიხდება დახატვა იმ ნახატის, ნანობს, რატომ ადრე ვერ ნახა – თორემ იმ მაიმუნის ადგილას, რომელიც დანით კვეთს ქალის სხეულს, უეჭველად მას დახატავდა. ის მოხუცია, მაგრამ ძალა ხედვისა არ შენელებია – კიდევ გამოასწორებს შეცდომას, თვითონ თუ ვერ შეძლო, უანდერძებს სხვას – ოღონდ კი იპოვოს ასეთი. იქ კი ერთმანეთს აწყდებიან პუანტილისტები, იმპრესიონისტები, ექსპრესიონისტები, კუბისტები. მათ სცხელათ ამ დარბაზში, მათ ფულს არ აძლევენ, მათ ბინა არა აქვთ, ისინი ვერ ეტევიან საქართველოში. ო, პიკასო! ო და ო მათ. გაახილეთ თვალები, გესმით? ამას გეუბნებით მე, რომელმაც ვნახე ბრწყინვალე ნახატი, – არა თავისი შესრულებით, არამედ გააზრებით, – გუდიაშვილის `ფრესკასთან მხატვარი~, ჩვენი ქართული ფრესკები, ჩვენი ფიროსმანი და ჩვენი გუდიაშვილი დაცინვით უყურებენ მათ. გირჩევთ შეეშვათ პიკასოებს, აიღეთ მათგან მხოლოდ მანერა და ჯაფარიძეობიდან ნუ გადახვალთ კალანდაძეობაზე! დაინახეთ მჭიდრო კავშირი მედლის ამ ორ სხვადასხვა მხარეს შორის.
ბატონო ედმუნდ! თქვენ არ ხედავთ წერტილებით, თუმცა მაგას მნიშვნელობა არა აქვს, თქვენ მაგიერ უკვე ვიღაცამ დაინახა. ქართველ ქალს წელი არ უტყდება კორსეტისაგან – მოეშვით, ნუ აწვალებთ მას, – შეიძლება ეს შინაგანი ხორცსავსეობა, ბუნება პიკასოს მანერითაც გადმოიცეს:
ბატონო ნიკო და სხვებო! თქვენ ნიჭიერები ხართ, თქვენ მშვენივრად გრძნობთ ადამიანს, მე მქონდა თქვენი სურათი – ნანა ქათამაძის პორტრეტი – ის არ ჰგავდა მას, ოღონდ, თანაც, სწორედ ის იყო – მშვენივრად დაჭერილი შინაგანი მსგავსება! ეს კარგია! მაგრამ ის თქვენი, ასე ვთქვათ, მარცხენა, შინაურული ნამუშევარი იყო, სამწუხაროდ, გამოსაფენად საჭიროდ თვლით დახატოთ უფრო არაგულწრფელი, ნუ აჰყვებით, ნუ იმტვრევით წელში სიარულის და ხატვის დროს, ნუ აჰყვებით სალონის სტილნი მატრაბაზებს, რომელნიც გიჟდებიან როკ ენდ როლზე, დღე და ღამე უსმენენ მას და მისი ცეკვა კი არ იციან, რომლებიც შენატრიან იქაურ ბოზობას, ეს ერთადერთი, რასაც ისინი ხედავენ საზღვარგარეთულ პროგრესში და არ იციან, რომ იქ ყოველდღე დადის ხალხი ეკლესიაში, გალობს, უსმენს ლოცვებს, მათ თქვენზე ადრე დაანებეს ღმერთის რწმენას თავი, მაგრამ ეს რწმენა მუდმივია ძირებისადმი და პატიოსნებისადმი. იყავით პატიოსანი! იარეთ სიონში, აღადგინეთ და მოხატეთ დანგრეული ქართული ეკლესიები, მისი კედლები თვითონ მოგცემენ ხაზის ახალი მანერის შერწყმის საშუალებას ქართულ ეროვნულ ძირთან. თქვენ წინ არის მაგალითი ასეთი მხატვრისა, რომელიც თქვენ ყველას გიყვართ, ის თქვენი ასაკისაა – გოგი ოჩიაური. იძმაკაცეთ მასთან, ის წაგიყვანთ მთაში, გაჩვენებთ შატილს, განადირებთ და ვერც გაიგებთ, ისე ჩუმად იმოქმედებს თქვენს დამახინჯებულ გემოვნებაზე. მაშ, ასე! იცოდეთ, უფრო საშიშია პატიოსანი ხელოვანისათვის, მწერლისათვის თუ მხატვრისათვის არ წამოეგოს მხოლოდ წინააღმდეგობის გრძნობის გამო /дух противоречия/ იმაზე, რასაც უკრძალავენ; მეორე ვარიანტი გამოთიშულია მათთვის /პატიოსანთათვის/, რომლებიც წერენ და ხატავენ მხოლოდ იმას, რასაც ყიდიან – სამწუხაროდ, ეს სკოლა ყოველგვარი კრიტიკის გარეშეა, თავისი ყოვლისშემძლე უფლებების წყალობით. კიდევ ერთი ბოლო სიტყვა-ლოზუნგი: პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი – ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება. დიახ, ჩვენ გვჭირდება ბევრი რამის გარედან შემოწმება და უნდა შემოვიტანოთ ეს. ბოლო სიტყვა თქვენზეა, პატიოსნებო!
მე ისევ შევიჭერი, მომიტევეთ, ღმერთო ჩემო! რამდენმა გამოთიშა უკვე თავისი ეკრანი, ნუ იქნებით უზრდელები, მომისმინეთ, ისხედით ადგილებზე, ნუ დგებით, ნუ ბუზღუნებთ მარტო იმის გამო, რომ მე ვერა მხედავთ – თუმცა ასეთია ადამიანის ბუნება, პირს უკან არ ერიდებიან ერთმანეთს, იყავით ქრისტიანები, მე გლანძღავთ, მაგრამ იცოდეთ, მე მოყვარე ვარ. მაშ, გაიხსენეთ ილიას გონიერი ანდაზა … ჩართეთ ეკრანები, თქვენ, მაღალ სართულზე მცხოვრებნო, რომელთაც აპარატი მეოთხე ოთახში გიდგათ, რომლებთანაც მეზობლები არ შემოდიან, მათ ერიდებათ თქვენი მდგომარეობის! რა, არა რთავთ? ნუთუ ასე შეგაშფოთათ სიტყვამ "პატიოსანი", გაგონილმა ისეთი ადამიანის პირიდან, რომელიც ხშირად მჯდარა მილიციაში, რომელიც მთვრალი ათასჯერ უნახავთ ქუჩაში და რომელიც თქვენ ანგარიშს არ გიწევთ – იცოდეთ, ის სხვანაირად ფიქრობს, ის თქვენ ყველას, ვისაც გაქვთ ჩართული ეკრანები და ვისაც არა, უფრო მეტ ანგარიშს გიწევთ, ვიდრე თქვენ ერთმანეთს. მომისმინეთ!
ვიცი, ხელოვნებაზე ლაპარაკმა დაგღალათ, თქვენ, ვინც შეჩვეულები ხართ ნონეშვილის ლექსებს, ნიკალაი მამაის მოწოდებებს. მე მინდა ცოტა წავიჭორაო ჩემი ცხოვრების შესახებ. აი, ისევ გეძლევათ საშუალება გაიგოთ სხვაზე რაიმე და დამალოთ თქვენი თავი, არა, ამას თქვენ ხელიდან არ გაუშვებთ, ეს არის სიამოვნების საზღვარი, რომელსაც ვერ გაექცევით. აბა, ჩქარა! ვისაც ჩართული გაქვთ, გადაეცით, ვინც გამოთიშა, ჩართოს, პოეტი ყვება თავის სიყვარულზე, თავის ცხოვრებაზე, თქვენ შესახებ კი არაფერი არ იცის. ასეთია ტელეცენტრის პრინციპი!
მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ და ისევ თქვენთან ერთად – კინოებში, თეატრებში და ექსკურსიებზე, ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე, ზამთარში ბაკურიანში; ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს 1955 წლიდან და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ყველა ერთი და იმავე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა; მე, თქვენგან განსხვავებით, დავდივარ უჰალსტუხოდ, გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელად პირდაღებულებითაც, რადგან ახალი მაღალყელიანის შოვნა საერთოდ ძნელია, მე კი შევეჩვიე მათ, ისინი არიან მძიმე და ერთგული, მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში.
ეს გარეგნობა. ყველა ჩვენგანი გრძნობს გარეგნობიდან რაიმეს – კბილის ტკივილამდე. კბილები კი ჩვენ სხვადასხვანაირად გვტკივა და ყოველთვის თითოეულ სუბიექტს უფრო მეტად სტკივა, ვიდრე სხვას, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას სტკივა. აქ ტკივილის შეფასებაში ექიმი ვერ დაგვეხმარება, მას შეუძლია მხოლოდ მოაძროს ის უიაროდ, იარებით, გართულებით ან გაურთულებლად. საოცარია ტკივილი, არავინ არასოდეს არ იცის მისი განმსაზღვრელი ციფრი. ზოგს ნემსის ჩხვლეტისგან მისდის გული, ზოგს ხელს აჭრიან გაუბრუებლად. ეს ისე, ზოგადად, შესავლისთვის, რომელიც, როგორც წესი, არასოდეს საჭირო არ არის, მაგრამ ზრდილობისთვის წარმოითქმება და ჩვენც, როგორც თავაზიანები ბუნებით, ვუსმენთ.
მე შეგპირდით მომეყოლა ჩემი პირადი ტკივილების შესახებ, ვეცდები ისეთი თემა შევარჩიო, რაც თქვენთან ყველაზე ახლო მოვა, ერთი შეხედვით მაინც – სიყვარული – მხოლოდ ქალის სიყვარული, ყოველგვარი კავშირის გარეშე ხელოვნებასთან და მშვენიერებასთან. ნუ იშმუშნებით. ვიცი, რომ თქვენ, თქვენივე განმარტებით, ქალი მშვენიერების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ; ერთხელ მე და უფეხო ფეხსაცმელების მწმენდავი, მევახშეც, ამავე დროს, ბაქირა, ვსვამდით ერთად – სხვათა შორის, ეს `ერთხელ~ ხშირად მეორდება, ბაქირა პატიოსანი ადამიანია, ის პოეტია თავისი საქმის, `ძმაკაცი რომ იყოს, დააგირავა? არ მოიტანა თავის დროზე? გავუხეთქავ მეათედ ფასში, რა ვქნა, ასეთია ჩემი საქმე~, – ამბობს ის. მე მჯერა მისი, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, მე მოხიბლული ვარ მისით – ის არყის სმის დროსაც კი არ ტყუის და ცდილობს მართალი იყოს. როგორ არა გგავთ ის თქვენ, ასე… ისევ გადავუხვიე. – ბაქირასთან ქალების შესახებ ჩამოვარდა ლაპარაკი: `ძალიან მიყვარსო, – თქვა, – ოღონდ საშინელი ზიზღიანი გული მაქვსო, თუ გოგო არ მომეწონა, ისე ვერ ვაკოცებო და, თუ არ ვაკოცე, ვერ ვიცხოვრებო~; მერე წავედით მის სახლში, იქვე დაგვხვდა ის, ვისაც ბაქირა ჰკოცნის და ცხოვრობს – მისი შეყვარებული, ორმოცს გადაცილებული ბინძური ქურთის დედაკაცი. – ხომ კარგიაო, – თვალი ჩამიკრა ბაქირამ. რატომღაც მეც მომეწონა იმწამში.
შევთანხმდეთ, როცა ვილაპარაკებთ სიყვარულზე, გარეგნობას თავი დავანებოთ და ჩავთვალოთ, რომ ის, ვინც ჩვენ გვიყვარს, ულამაზესია.
პირველი ჩემი სიყვარული დაიწყო, როცა ვიყავი ხუთი წლის – ის გოგო ერთდროულად შეგვიყვარდა მე და ჩემზე ექვსი თვით უმცროს ბიძაშვილს – როლები გავიყავით – ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო მისი ქმარი, მე კი შეყვარებული. – ქალთან სხვა რაიმე დამოკიდებულება, სიტყვების გარდა, მაშინ არ გვესმოდა.
ეს როლები დღემდე არ შეცვლილა. მე ისევ დავრჩი მუდმივი შეყვარებული, შენ, ჩემო დათო, შეირთე ცოლი, გუშინ გავიგე, რომ გყოლია ბიჭი – მომილოცავს შენთვის! მომილოცავს თქვენთვის, ტელემხედველებო, ახალი ჯავახიშვილის დაბადება, როგორ მინდა, რომ იცოდე, ჩემო დათო, გაკოცო ახლა ტუჩებში, მოგიჯახუნო ჭიქა და ცალი თვალით მაინც შევხედო შენს ბავშვს, რომელიც შეიძლება არც შენ გინახავს დღეს. ის კი წევს, ჭყიპინებს, ან უკვე ტირის, ან იღიმება კიდეც და არ იცის არაფერი, გარდა იმისა, რომ შია, ვუსურვებ ჩემს პატარა ძმისშვილს, ყველაზე ცოტა, ღირსეული ტელემხედველი მაინც იყოს, როცა გაიზრდება, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ მას თვითონ მოუსმენს ხალხი. ის ჩვენი მომავალია! რა საოცარია, არა? ჩვენ თვითონ მარტო მომავლები ვართ თითქოს – მაპატიეთ, მე ისევ ბავშვი დავრჩი და ვერაფრით ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩემს ტოლებს შვილები ჰყავთ. აბა, პატარა ჯავახიშვილო, ღმერთო ჩემო, შენი სახელი მაინც ვიცოდე, მაგრამ ის ვიცი, რომ შენ ქართველი ხარ, შენი ჭირიმე, და გწამდეს ჩემი. თუ ოდესმე დახმარება დაგჭირდა, მოდი ჩემთან, შენს უფროს ბიძასთან. პატარა ბიჭო, მეც მამაშენთან ერთად ვიყავი, შენზე მხოლოდ ოთხი- ხუთი წლით დიდი, როცა პირველად შეგვიყვარდა გოგო, მერე ორივემ გავიცანით ქალი. ის ქალი იყო… მაგრამ დაიძინე, ეს შენ აღარ გეხება, შენ თვითონ მოახერხებ ამას, მე კი განვაგრძობ ჩემს ტელესიტყვას.
პირველი, რომელმაც გამაცნო ქალი, იყო ჩვენი მოსამსახურე, ოცი წლის გოგო მარინა, ევაკუირებული რუსი. მაშინ მე ვიყავი 13-14 წლის, საბედნიეროდ, ჩვენ ტელევიზორი არა გვაქვს და მშობლები ვერ გაიგებენ, თუმცა მეზობლების დიდი იმედი მაქვს, რომ გადაცემის ბოლომდე გადასცემენ. როცა ის მოვიდა სახლში, ჩვენთან იყო გაზაფხული, მას მკერდი დიდი და გადმოგდებული ჰქონდა, რომელზეც შემთხვევით მომიხვდა ხელი, ამას შემდეგ მთელი კვირა დავდიოდი მოღუშული, საპირველმაისოდ, როცა სახლში არავინ არ იყო, შევიგრძენი პირველი ნეტარება, ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები არ მიყვარს, მაინც გულგრილად ვერ ვუვლი ამ საკითხს – მართლა, სულ დამავიწყდა, ბავშვები თექვსმეტ წლამდე საღამოს სატელევიზიო გადაცემებზე არ დაიშვებიან – სასწრაფოდ მოაშორეთ ეკრანებს, დაუცეთ ყურებში ბამბები და გააგდეთ მოსამსახურეებთან ერთად მეორე ოთახში. ეჰ, ჩემო მსმენელებო, რა იცით თქვენ სხვისი ბავშვების და განსაკუთრებით საკუთარი შვილების შესახებ? რა იცით თქვენ, რომ ბავშვები უფრო უბედურები არიან, ვიდრე დიდები, რომ მათ გაცილებით მგრძნობიარე გულები აქვთ და ერთი სულ უმნიშვნელო სიტყვა უფრო მოქმედებს მათზე, ვიდრე თქვენზე სამსახურიდან მოხსნა და სხვა რაიმე უსიამოვნება.
ამის შემდეგ ვიცნობდი ექვს მარინას. ერთმა მათგანმა მე შემომწირა თავისი ქალიშვილობა სოხუმში, კელასურის ტყეში. მას კაბა გადაწეული ჰქონდა ისევ, როცა წამოვდექი და ცრემლიან თვალებს მთვარე უნათებდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება, რომ უეჭველად მთვარე უნათებდა. სახლამდე ხელში აყვანილი წამოვიყვანე, შემდეგ დავშორდით სამუდამოდ – ორი კვირა მე ავად ვიყავი, ძალად წამიყვანეს თბილისში, იქ დამავიწყდა. მარინა! მახსოვს მხოლოდ, რომ შენ იყავი მოსკოველი. თუ გაიგო ჩემი არსებობა, მოდი ჩემთან ისევ, ნუ მოერიდები ქმარს, თუ ის გყავს, ნუ მოერიდები ბავშვებს და ავ ენებს.
მე შენ ახლაც მიყვარხარ ისევე, როგორც ის პირველი გოგო ხუთი წლის ასაკში და ისევე, როგორც მზია და რუსიკო! არა! ვტყუივარ. მე ყოველთვის მიყვარს ვინმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცი, ვინ არის ის, ხანდახან ვიცი მისი სახე. აი, მაშინ ვკარგავ ყოველგვარ თავშეკავებას, ყველაფერს, მაშინ ვარ უკეთილესიდან უბოროტესამდე ყველაფერი. მაშინ მე აღარ მყოფნის სიყვარული, უფრო და უფრო მეტი მინდა, მეტი, მეტი, მეტი, მეტი და ვიწვები, მაშინ ვჩადივარ ათას სისულელეებს, იმათი აზრით, ვისაც კიდევ რჩება ჩემ გარშემო საღი გონება, ისინი ვეღარ მიგებენ მე, ან რა უნდა გამიგონ, როცა მე თვითონ აღარ მესმის ჩემი თავის და ვრჩები ისევ მარტო. ამ დროს იწყება ჩემი ჩუმი შეყვარება, ამ დროს, შენ შემდეგ, ჩემო რუსიკო, მოვიდა ჩემთან ანნა კარენინა, რომელიც ვერ დაეტია თავის სიყვარულში, რომელზეც მისივე ძმა ამბობდა, რომ ის ქალი-მწერალი კი არა, ქალი-შეყვარებულია. გესმით! ვრონსკი კი არ გაცივდა ანნასადმი, არამედ ანნას უნდოდა სულ მეტი და მეტი სიყვარული, რაც თავადს აღარ ჰქონდა. სხვა რომანის, გინდაც უფრო ამაღლებულის, დაწყებისათვის ანნას ზომაზე მეტად პატიოსანი სინდისი ჰქონდა, მან თავი მოიკლა, მე ეს ვერ გავაკეთე, მე არ მეყო პატიოსნება, მე საკმაოდ შევცოდე მანამდე, რომ ახლა გამომესწორებინა ცოდვები. ახლა მე ვწერ და ვსვამ დიდი რაოდენობით – ეს ერთადერთი გზაა, რომ თავი არ მოვიკლა, სანამ შემიყვარდება სხვა ქალი.
შენ შემდეგ, რუსიკო, მე მიყვარდა ანნა კარენინა, მან რამდენიმე ღამე გაათია ჩემ გვერდზე საწოლში და წავიდა ისეთივე უმწიკვლო, როგორც მოვიდა. ჩვენ ძალიან ვგავდით ერთმანეთს იმისათვის, რომ დიდხანს ვყოფილიყავით ერთად. გარდა მაგისა, ის, ვინც, სულის გარდა, ფიზიკურადაც არ არის შენთან, ჩქარა გტოვებს – ლანდთან კი ასეთი კავშირი წარმოუდგენელია. გაქრნენ ლანდები. დარჩა საწერ-კალამი და არაყი. დარჩით თქვენ, მოსკოვის ბარის ლოთებო და სადგურის ბოზებო. მე ვცდილობ შეგიყვაროთ თქვენ, სხვა კავშირი ჩემთვის წარმოუდგენელია.
მარინა სადგურიდან. ასე გქვია შენ! შენ მახინჯი ხარ სხეულით და სულით. მთელი კვირა ვსვამდით ერთად, მერე შენ ბარშივე შიშვლდებოდი თითქმის, იფურთხებოდი, იგინებოდი და შენი პირიდან, არყის სუნის გარდა, არაფერი არ ამოდიოდა. შენ იყავი ყველაფერი ცუდის განსახიერება, შენ მითხარი, როცა მე ჩემს სიყვარულზე გიყვებოდი, რომ ის, ვინც ღალატს გაპატიებს, თვითონაც ჩაიდენს. მე ვიტირე, შენ იცინოდი, მე მგონი, მიყვარდი მაშინ და ერთხელ, მოულოდნელად, რატომღაც შეგრცხვა ჩემი, ეს იყო პირველი პატიოსნების გამოხატულება შენს ცხოვრებაში, რაც მე, მხოლოდ მე მეკუთვნის, და ის იმდენად მახინჯი იყო, რომ ჩვენ დავშორდით, აღარ შემეძლო შენი ყურება, შენ აღარ იყავი განსახიერება რაიმესი, თუნდაც სიმახინჯის და სისაზიზღრის. მომიტევეთ, ჩემი ბოლო ნაწილი არეულია, დაულაგებელი. ის გაცილებით ახლოა გულთან, ვიდრე ყველაფერი სხვა, მე მასზე გულგრილად არ შემიძლია წერა და ლაპარაკი.
[1958 წ. 5 მარტის შემდეგ. მოსკოვი]
* * *
გურამ რჩეულიშვილი უკვე მთელი თვე ცხოვრობდა მოსკოვში და სვამდა. ის სვამდა დარდისაგან, რასაც იწვევდა პატარა, უსიამოვნო, ჭორიანი ქალაქი, რომელიც დატოვა ძალიან დიდი ხნით, გამოექცა, რომ ეპოვა რაიმე უფრო მართალი, დიდი და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მისადმი განურჩეველი, მოცილებული ყალბ გულშემატკივრობას. ის სვამდა სამშობლოზე დარდით, რომელიც ქვეშეცნეულად, ჩუმად, მძიმედ ეპარებოდა ყოველდღე, ხაზს უსვამდა მის სხვა ეროვნებას და საშუალებას არ აძლევდა თავისი სხეულით შერწყმოდა დიდ, ერთფეროვან მეტროს მასებს, ჩავარდნილიყო მათ რიტმში, წმინდა ვოლგური აქცენტით ეთქვა `შო~ და ისე შეეგინებინა კაცისათვის, რომელმაც მხარი გაჰკრა, რომ არც კი დაენახა მისი სახე. ის იდგა `ოხოტნი რიადის~ მეტროში ქვევით, სადაც ერთმანეთს უერთდება რამდენიმე ხაზი, იდგა გაბრუებული, უფულო; მშიერი ორთქლმავლის ქულა ბოლივით ისროდა თავისი მუცლიდან მეტრო ხალხს, ქუქუ-ერთი-უუურრ-გრიალით მიდიოდა მატარებელი და ამოსული ხალხი, ხელის კვრისათვის მომზადებული იდაყვებით გარბოდა ესკალატორიდან ესკალატორისკენ, ახალგაზრდები წინ, მოხუცები უკან. გურამი იდგა და მოხუცებს შველოდა კიბეზე ფეხის დადგმაში. ყველაფერი ამისგან უბრუვდებოდა თავი, ის გრძნობდა წარმოუდგენელ სიმძიმეს ფეხებში, რომლებიც უკვე მირბოდნენ, მირბოდნენ სიცივისაგან, მირბოდნენ დაღლილობისაგან და სულ წინ და წინ, უკვე დაუფიქრებლად, ერთი მიზნით, მის სხეულს ყლაპავდა ყოფილი ბატიშევის ბარის ფართო შესასვლელი, ახლა სალუდე `ზალა~ #1. შიგ შესულს, როცა სიცივისგან გაწითლებული ცხვირი იწყებდა გათბობას, აჭრელებული სახე თეთრდებოდა, ეჩვენებოდა, რომ ის, ვინც მოსდევდა ასეთი ნაბიჯებით, ვისაც დაემალა აქ, უკვე ჩასცდა შენობას და მირბის წინ, მირბის ულმობლად, ის ჩუმად იხედებოდა გარეთ, იქ ახლა ხალხი დადიოდა თავისთვის, ჩქარა, განურჩეველი სახეებით. გურამი რწმუნდებოდა, რომ ამჯერად გადარჩა, კიდევ ყოფდა თავს გარეთ, სიცივეში, და, საბოლოოდ, დამშვიდებული აბარებდა პალტოს გარდერობში. ის იღიმებოდა გულში, გარეგნულად, სხვის შეუმჩნევლად, ოდნავ აელმებდა ტუჩებს, მას სიამოვნებდა იმის ცოდნა, რომ მართლა კი არ მოსდევდა ვინმე, არამედ ძალიან უნდოდა დაჯდომა დიდ ხის სავარძელში, სიამოვნებდა, რომ გვერდზე მაგიდებთან ხედავდა ნაცნობ სახეებს, ყნოსავდა ნაცნობ მოხარშული კომბოსტოს სუნს და ხედავდა ქაფიან ბოკალებს. ის მიუჯდებოდა რომელიმე მაგიდას, უკვე გარს შემომსხდარი უცნობი ხალხი სიამოვნებით იღებდა მას თავის წრეში და ის თავს გრძნობდა შინაურად, ნაცნობად, სასურველად, ისევე როგორც ყველა სხვა აქ მჯდომი. მათ უყვარდათ ერთმანეთი და ამ სიყვარულს, რომელსაც ერქვა სითბო, სავარძელი, საჭმელი, ლუდი, ისინი გამოხატავდნენ ერთი სიტყვით – არაყი. არაყი ბატონობდა ბარში, ის აკავშირებდა აქ ხალხს და დროებით ზავს აგდებდა მათ შორის და ყოველი ადამიანი, მიუხედავად თავისი გარეგნობისა, ასაკისა, ჩაცმისა, წოდებისა, ყოველი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ათი მანეთი, ასი გრამი არყის ფული, სრულუფლებიანი, სასურველი თანამესუფრე იყო მეორე სხვისა. ბარის ყოველდღიურმა მუშტრებმა ყნოსვით იციან, ვინ არის ღირსი იყოს მათი დღევანდელი მეგობარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იცდიან, უთვალთვალებენ, გამომცდელად უყურებენ ყველას, ვინც ზის მისი მაგიდის გარშემო და აქ მოქმედებს უწყალო კანონი, რომელმაც არ იცის ნათესავი, არ იცის ბავშვობის მეგობარი, მშობელი, ის, ვისაც არა აქვს ასი გრამი არყის ფული, არის უცხო კაცი, მუქთახორა, რომელსაც უფლება არა აქვს იჯდეს მის გვერდით – სხვაგან სხვები აგებენ პასუხს. გურამი სასურველი სტუმარია ამ სუფრაზე, მას აცვია კარგად, შავი კრეპი, შავი თავსახვევი მექსიკელივით, თუმცა შეიძლება ქართული ჩვეულებაა, მაინც საჭიროა გაიგონ, ხომ არ ცდებიან, რამდენია კარგად ჩაცმული და ძუნწი. Aაქ, ვინც ფულს არა დებს, ძუნწია, რადგან არყის მსმელისათვის სრულიად წარმოუდგენელია კაცი, რომელიც შედის ბარში და არა აქვს გადამალული თუმანი. თუმანი აქ ყველასა აქვს, ოღონდ მალავენ, მალავენ ბოლო მომენტამდე და უცდიან ერთმანეთს, სხედან 1 საათი და სვამენ ერთ კათხა ლუდს სალომკით. გურამი ვეღარ ითმენს, ის გაიყინა, მას უნდა ნახოს მეტი სითბო, რომელსაც ის შეჩვეულია სამშობლოში, ნახოს ყურადღება და ის იღებს ჯიბიდან უკანასკნელ 15 მანეთს, ხუთ მანეთს აძლევს ოფიციანტს 2 კათხა ლუდად და ერთ სალომკად, თუმანს აგდებს მაგიდაზე. ხუთიდან ორი უმატებს თუმნიანებს და უცებ ხდებიან სახეები უეშმაკოდ მშობლიური, კეთილი, ცოტა გაბუტული, რომ ამდენი აწვალა ამ ბიჭმა, დააეჭვა, ახლა მათ სწყინთ, რომ მასზე ცუდი რამე იფიქრეს. ერთი სასწრაფოდ კრეფს ფულს და გარბის გვერდზე მაღაზიიდან არყის მოსატანად. არაყს ასხამენ სუფრის ქვევით, ჭიქებში, – ბარში მაგარი სასმელების მოტანა და დალევა აკრძალულია, – დამალვით, და სვამენ ერთად და უყურებენ ერთმანეთს და არყის დალევამდე გაცოცხლებული ლაპარაკი ნელდება, ქრება და ისევ ბატონდება ეჭვი, ვაითუ, თუმანი არა აქვს ვინმეს, უთუმნოდ კი აქ არ არსებობს პატივისცემა – `ქართველია, ეშმაკი იქნება~, ფიქრობენ ისინი. `რუსებმა უნდა მომატყუონ?!~ – ფიქრობს გურამი და ისევ იცდიან, ახლა სამივენი უყურებენ იმ ორს, რომლებმაც უთუმნოდ დალიეს არაყი. ისინი თავს იმართლებენ, უკვე შემთვრალები ჰპირდებიან რაღაცას ხვალისთვის, მაშინ ხვალ მოსულიყავი, ხვალ ჩაგთვლით კაცად, ეუბნება გურამი და ის ორი ვერ ითმენს, ისევ ძვრებიან ჯიბეში და სულ, სულ უკანასკნელ თუმნიანს აძვრენენ. ისევ დებენ ორ თუმანს და ერთი მირბის არაყზე. ლაპარაკი ეწყობა: რა ლამაზია თბილისი, როგორ უყვარს ყველას ზღვა, სოხუმი, აქ ერთი სამი წელი იყო ჯარში ახალციხეში. და აქ რა – იქნევენ ხელს, მერე გვერდზე მეექვსე კაცად ჯდება მოხუცი ბუღალტერი და ყბედობს თავის ოჯახზე, ყველანი ბრუნდებიან ზურგით – რა უფლება აქვს მოჰყვეს, როცა თუმანი არ დაუდვია. სადაც ფული დადო, დალია, იქ მოჰყვეს, რაღა აქ დაჯდა, მაგრამ ცხადია ყველაფერი, აღარა აქვს და სხვას უნდა დააკლოს არაყი – არ გამოუვა.
და მაინც ბარში ძალიანა თბილა და ყველას ყოველთვის აქვს ერთი თუმანი.
იყო ერთი ისეთი დღე, როცა ყველა და ყველაფერი რუხი და უმოძრაო ჩანს. ამ დროს 20 გრადუსიან ყინვაშიაც თოვლს წყალი უდგება, დნება, შავდება ტალახისაგან, ნაცრისფერი კედლები ეზილებიან ნისლებს და ადამიანს უკვირს, რომ ოდესღაც შეიძლებოდა ჰგონებოდა, თითქოს ქვეყანაზე არსებობს ლურჯი ცა და მზე, თვითონ ამ სახელების მოგონებაც კი იმდენად არასაჭიროა, ზედმეტი.
თაღის ქვევიდან გამოსული გურამი პირდაპირ შეერია ხალხის ნაკადს, მთელი მასა იმდენად ერთფეროვანი ჩანდა, რომ გურამს მოეჩვენა, თითქოს ისინი ადგილზე დადიან. სახეში დაჭირხნულმა, შეკუშტულმა თოვლმა მიარტყა. მან სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა კინოს, სადაც აპირებდა შესვლას, ასევე ჩასცდა ტელეფონის ჯიხურს, საიდანაც უნდა დაერეკა ნაცნობისათვის, გადასერა დიდი ბრონნაიას ქუჩა და ბარის კუთხესთან გაჩერდა, რათა უფრო კარგად შეეგრძნო ის სიამოვნება, რომელსაც გამოიწვევდა ბარის სითბო. ამ შეგრძნების შემდეგ მან ყველა უფლება დაკარგა თავის თავზე, არავითარი რკინისებური ლოგიკური დასკვნები ლოთობისა, ამორალურობისა და, დასასრულ, მოახლოებული უკაპიკოდ დარჩენისა აღარა მოქმედებდა ოდნავაც კი. ის იდგა სიცივეში მთლიანად გაბრუებული სითბოს შეგრძნებით. ცოტა ხნის შემდეგ ის უკვე პალტოგახდილი მიდიოდა მაგიდებს შორის, თვალებით ათვალიერებდა ადგილს, სადაც ყველაზე სასარგებლო იქნებოდა მისთვის დაჯდომა. სულ ბოლოს, ბარის კუთხეში, ნაცნობები ისხდნენ და ისინი ადგილის დასათმობად ჩაიწივნენ, მაგრამ გურამს არ ეწერა დღეს იმ სუფრამდე მიღწევა, ის ისეთივე ძალით, რომელსაც შემოჰყავდა ხოლმე ბარში, გაიწია სუფრისაკენ, სადაც იჯდა თხელი, ყვითელთმიანი ქალი, ვიღაცა კაცთან ერთად. კაცმა ლოყები გამობერა და გაიცინა, მერე ცერი საფეთქელზე მიიდო, გაიჭიმა, პირი საფეთქლამდე აეხა და მსუქან ლოყებში ჩაემალა წვრილი მოძრავი, შავი თათარივით თვალები. სანამ გურამი ჩამოჯდებოდა, მან ეს მოძრაობა ორჯერ გაიმეორა, ის, აშკარად, კმაყოფილი ესალმებოდა ვიღაცეებს, მერე ისე, რომ არც კი შეუმჩნევია გურამი, რომელმაც ქალს ჩამოჯდომის უფლება სთხოვა და დასტური მიიღო, მიუბრუნდა მეზობელ კიტელიან კაცს, რომელსაც გრძელი, წვრილი და ბრტყელი თავი ჰქონდა არყის დასალევად გამზადებული ტუჩებით. იმ კაცს მწვანე კიტელზე, რომელიც ომის დროინდელი ჩანდა, ეკეთა მედლები, დიდი, ბრჭყვიალა, სულ ათამდე, ორ მწკრივად.
– აი, ეს, ხედავთ, მე მივიღე პოლონეთში, ვარშავის დაცვის დროს, – მიმართავდა ის ქალისკენ მიბრუნებულ გაღიმებულ ტიპს.
– აი, ხედავ, – უთხრა გაღიმებულმა ტიპმა ქალს სულ სხვა რაღაცის შესახებ და მაგიდის ქვევიდან გამოაძვრინა არყის ბოთლი, მერე სამივე ჭიქაში დაასხა ცოტ-ცოტა და გურამს გადახედა. გურამი, ახალგაზრდა სტუდენტი, ალბათ, ქართველი, უვნებო სახით იჯდა და მთელი ძალით ებრძოდა არყის ცდუნებას.
– სამი ლუდი, – ვერ მოითმინა მან და თავისი თანამოსუფრეების დაცლილ კათხებს გადახედა.
– რატომ სამი, შენც დალევ, ხო? – მიუბრუნდა გაღიმებული ტიპი ქალს; ქალმა თავი დაიქნია.
– მაშინ ოთხი მოატანინე, – უთხრა იმ ტიპმა გურამს და ოფიციანტს გასძახა, ცარიელი ჭიქა მოეტანა. მერე შიგ არაყი ჩაუსხა, შეადარა სხვა ჭიქებში ჩასხმულს და კიდევ დაუმატა ისე, რომ უფრო მეტი გამოსულიყო.
მედლებიანი ძლივს იჯდა ადგილზე, მერე ხელი მოჰკიდა ჭიქას. – ნუ, – თქვა. გურამმა ჟესტით ანიშნა არ დაელია, მერე ქალს გადახედა, გაუღიმა და ანიშნა, რომ მისი სადღეგრძელოს დალევა უნდოდა. გაღიმებული ტიპი უცებ მიხვდა, უფრო ახია ყბები და წვრილი, შემპარავი ხმითა თქვა:
– შენი სადღეგრძელო იყოს, ჩემო საყვარელო ცოლო. – მერე გურამს გადახედა და საიდუმლოდ უთხრა:
– ეგ ქალი ჩემი ცოლია, ცნობილი მსახიობი, რას იზამ, ახლა მოხსნეს, ინტრიგაა. მაგრამ მაგისი თავი ძალიანა სჭირდებათ, უმაგისოდ ვერ გაძლებენ. აი, ნახავ.
– ნუუ, – ჩაიქნია ხელი მედლებიანმა და დალია. ისეთივე ღიმილით დალია იმ კაცმაც, გურამი დაბნეული იჯდა, მან ისევა სცადა ქალის ყურადღება მიექცია და რაღაცა ჯენტლმენური ჟესტი გააკეთა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეს არავის არა სჭირდებოდა. ქალმა უვნებო, უსურვილო სახით დალია, ის ისევ პირდაპირ იყურებოდა, ოღონდ ისეთი სახით, თითქოს ვიღაცისგან პირი იბრუნა. სამივენი მიიწივნენ ერთმანეთისკენ. გურამი ახლა პროფილში ხედავდა მეზობლის აბსოლუტურად უაზროდ გაღიმებულ სახეს, რომელსაც ახლა არაყი მიემატა. ქალი, მისკენ გადახრილი, ისეთი სახით უყურებდა, თითქოს ლაპარაკობდა შეუჩერებლივ და ისეთ თემაზე, რაც აბსოლუტურად არ აინტერესებს. გრძელთავა კაცი უკვე კარგა მაგრად მთვრალი ჩანდა.
– მე ვგიჟდები, პატივსა ვცემ ყველა ერს და განსაკუთრებით პოლონეთს, აი, ეს მედალი მე მომცეს პოლონეთის დაცვაში, ო, პოლონელი ქალები, რა ქალები არიან.
– ჩემს ცოლს მიუფურთხებია პოლონელებისათვის, დაავიწყდა კიდევაც, რომ თვითონ პოლონელია, – სახე არ შეუცვლია, ისე თქვა და უფრო დაიკრიჭა ჩემი მეზობელი. ქალი ისევე უაზროდ, ბევრი მოლაპარაკის სახით იჯდა. მათ უფრო მიიწიეს ერთმანეთისკენ, გურამის სავარძელი უკან იდგა, მათ თავისი ზურგით დაფარეს მისგან მაგიდა, ნასამხედროვალი რაღაცას ამტკიცებდა, რაზეც გაღიმებული ტიპი უმტკიცებდა, რომ საჭიროა პატივისცემა, ისე არ შეიძლება, გურამს ბუნდოვნად ესმოდა ხმები, მერე რა, მერე რა, აი, მე!
– აი, მე, – უცებ ასწია თავი მედლებიანმა, მაგრამ ქალმა დაქაჩა და მან ისევ ჩუმად განაგრძო ლაპარაკი. მთელი ბარი დუდუნებდა და მთელი დუდუნი მიდიოდა გურამის სხეულში, ათბობდა მას, ალღობდა და რაღაცა დიდი, სევდიანი, უაზრო აწვებოდა მის გულს. ის დაიხარა მაგიდისკენ, სცადა ყური დაეგდო სამხედროსათვის, ის ისევ ჰყვებოდა, როგორ აიღო პოლონეთის დაცვისათვის მედალი, მის მოყოლაში არ იყო არაფერი საინტერესო, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომ ასეთი გულისყურით დაეგდოთ ყური, როგორსაც იჩენდნენ ეს ქალი და კაცი. სამხედრო ახველდა, ის ახველებდა დიდხანს, დამალვით. გაღიმებული ტიპი უკან გადაიწია სავარძელში, ქალმა, თითქოს ესტაფეტა გადასცესო, ისე დაიწყო უშესავლოდ ლაპარაკი, ის მთვრალი ჩანდა უკვე და ლაპარაკობდა საპარიკმახეროზე, სადაც ის ათი წელი მუშაობდა მანიკიურშად. კაცს უფრო აეხა ტუჩები და თვალები სულ დაუელმდა.
– ეს იყო ბრწყინვალე არტისტი, ეს მღეროდა ცნობილ `ვ ვიშნოვომ სადუ, ვ ვიშნოვომ სადუ~, – ჩაამღერა, – და მის ფეხებთან ისხდნენ კავალრები, როგორც მამლები.
– აი, მამლები რომ ვნახე უნგრეთში, ბუქარესტის აღების დროს, აი, ხედავთ ამას, `ბუქარესტის განთავისუფლებისათვის~ მედალს, აი, ესენი იყვნენ მამლები, ნამდვილი მამლები და ხმა ჰქონდათ!
გაღიმებული ტიპი სულ გაიფურჩქნა, გაცოცხლდა, ცერი მიიდო საფეთქელზე, დანარჩენი თითები გაჭიმა და დაიყივლა, – კუკარეკუ!
– გეყოფა შენ, – უთხრა ქალმა.
– გაუშვი, გაუშვი, – ხელი ჩაიქნია კაცმა.
გურამი აბსოლუტურად ბრიყვული სახით იჯდა და ვერ აირჩია მომენტი, რომ ჩარეულიყო, ის ღრმად არასაჭიროდ გრძნობდა თავს, ამიტომ მიიღო დამნაშავის სახე, მიიყუჟა სავარძელში და შეეცადა, რაც შეიძლება შეუმჩნეველი გამხდარიყო.
უცებ ქალმა დაიკივლა და სამხედროს გაარტყა. ის, სამხედრო, დაბნეული სახით იჯდა, წინ წამოწეული სახით, მერე დაიხარა და ქალმა ისევ დაიწივლა.
– ისევ მიჩქმიტა, – დაიძახა მან. მისი ქმარი ისევ ისეთი ახეული ყბებით იჯდა, ოღონდ აღარ იღიმებოდა. გურამმა იგრძნო, რომ ის აღარ იყო არასაჭირო და წამოხტა. მას ხელში ეჭირა სამხედრო.
– მე კავკასიისთვის ვიბრძოდი, აი, მისი დაცვის მედალი, – ლუღლუღებდა ის. მორბენილმა ოფიციანტებმა ცივ-ცივად, ფეხის დაუკარებლად გაათრიეს ის.
– ქართველები ნამდვილი ჯენტლმენები არიან, – თქვა კაცმა და ისევ მიიდო ცერი საფეთქელზე, გაიკრიჭა, – და ეს ქალი იყო მაგის გამოქომაგების ღირსი, ეგ ქალი იყო დიდი არტისტი, ის ჩემი ცოლია. – კაცმა უცებ მოიწყინა.
– აი, მე მამაძაღლი ვარ, შემეშინდა, განა იმისი შემეშინდა, დაჭერის შემეშინდა. თქვენ ნამდვილი ჯენტლმენი ხართ, ვიღაცამ გვერდზე სუფრიდან ჭიქა მიუჯახუნა.
– ყოჩაღ! – უთხრა. დანარჩენები გიჟებივით დუდუნებდნენ, ერთი მივარდა გურამს, დასწვდა.
– მამაძაღლო ქართველებო, გეყოთ თქვენ, გეყოთ, გესმით, ჩვენ, რუსები, არ მოგცემთ ამის საშუალებას, გესმით?!
– ურტყი, მაგისი ქართველი დედა...
– არ გაარტყა! – ხელზე ჩამოეკიდა ქალი გურამს, კაცი განაგრძობდა.
– აი, მე ნამდვილი მამაძაღლი ვარ. ცოლის დაცვა ვერ შევძელი, ცოლის დაცვა ვერ შევძელი, საქართველოს გაუმარჯოს, ჯენტლმენს გაუმარჯოს! – გადაკრა მან ცარიელი ჭიქა. – მეც ჯენტლმენი ვარ, – თქვა, – დედა მყავს ქართველი.
ახლა სამივენი გადასხდნენ გვერდზე სუფრასთან, სადაც აქამდე მიტოვებული უშნო, მთვრალი ქალი იჯდა.
[1958 წლის სექტემბერი. თბილისი]
* * *
შუა რუსთაველის ქუჩაზე ორმეტრიანი მთვრალი ფალავანი გოგან გაგანია მოდიოდა გაშლილი ხელებით.
– ჰა, ჰაიტ! – იძახდა გოგანი.
– ჰოო, ჰოუუ! – აყოლებდა ხმას გამხმარი ჩია ძიძავა.
– პი, პაა, აპ! – კიოდა მსუქანი, მრგვალი პამპა.
ნასვამ კამპანიას უკან მოსდევდა რვა მილიციელი, ხალხის მთელი ხროვა და ეტლი, თავისი არღნით. წინიდან წამოსული დამფრთხალი მანქანა შორიდანვე აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ ხალხში ენახა სადმე გასავალი.
– სად მიდიხარ, რო მიდიხარ, ა! – იწივლა მანქანის დანახვისას ძიძავამ და გოგანს თითი მიარჭო ბეჭებში.
უცებ სხარტად დაიგრიხა ამხელა კაცი, ტანით მარცხნივ გადაუხვია, წინ გადაუდგა ძლივს ერთ მეტრზე დამუხრუჭებულ შევროლეტს, წინა საფარებს სტაცა თათები, წელში მოიხარა, მანქანის შუქნათურებამდე გადაიშალნენ ზედ სახურავზე დადებული ნიკაპიდან მის გულამდე ჩამოშლილი წითური წვერები.
მძღოლმა შიშისგან თავი საჭის ქვეშ ჩაყო, ისე შეაბრიალა გოგანის შავმა, სიმძიმის წევისგან დასისხლიანებულმა თვალებმა.
ყველა დადგა და გაჩუმდა; აქეთ-იქიდან პატარა პამპა და ძიძავა, თითის წვერებზე აწეულები, `დუხით~ შველოდნენ გოგანს. ძლივს მოასწრო მძღოლმა კაბინიდან გადმოხტომა, რომ მანქანა ჰაერში გასწორდა, სიგრძეზე უკანა ხიდზე გაჩერდა, მერე ზურგზე გადატრიალდა, კიდევ ერთხელ გადატრიალდა და, უვნებელი, ისევ თვლებზე დადგა.
– ვარ თუ არა გოგანი! – დაიღრიალა გოგანმა და ცხენივით დაიჭიხვინა ყურებამდე ახეული ტუჩებიდან.
– უუუჰ! – იხუვლა ხალხმა.
– არის თუ არა გოგანი?! – იწივლა ძიძავამ.
– აჰატ! – იკივლა პამპამ.
რამდენიმე მუზარადიანი გვერდზე გადგა წრეში და ჩურჩული დაიწყო, დაბალი შავულვაშა ჟანდარმი გაცხარდა, ორჯერ დაირტყა ეპოლეტებზე ხელი და ჯგუფს, რომელსაც ათიოდე კაცი კიდევ მიემატა, ხელით ანიშნა ორ ნაწილად გაყოფილიყო, თვითონ, ოთხი კაცის თანხლებით, პირდაპირ წავიდა გაგანიასაკენ, რომელიც ახალი რაღაცის წამოწყებას აპირებდა.
– ყველას, უკლებლივ, გპატიჟებთ დუქანში, აბა, არღანი, ყველაფერი ჩემს ხარჯზეა, – ყვიროდა და იღიმებოდა ის.
– თავს გაიფუჭებს, – ხმადაბლა უთხრა შავულვაშამ რაზმელებს და თავდასხმის ნიშანი მისცა, მაგრამ ეს მოძრაობა არ გამოეპარა პამპას და დასაძახებლად დააღო პირი. გვერდითმა რაზმელმა უცებ დააფარა ტუჩებზე ხელი, გადაუტრიალა ხელები და შეეცადა უჩუმრად გაეპარებინა. უფრო ეშმაკურად მოიქცა ჩამორჩენილი ძიძავა, რომელმაც ვითომ ვერ შენიშნა და ყარაჩოღული სტვენით, ოღონდ ჩქარა, დაიწყო მისკენ ხალხის გაპობა. ზედ გოგანის ყურთან მიტანილ პირზე დააფარა ახმახმა რაზმელმა ხელი ძიძავას; ამან მაინც მოასწრო და დაყვირების მაგიერ ბარძაყზე ქვევიდან, ზედ სირბილისა და ძვლის საზღვარზე, უჩქმიტა ნერვთან, როგორც პატარა ხმელმა კაცებმა იციან, მტკივნეულად და მწარედ.
უცებ მოიხედა ამხელა კაცმა უკან, ყელში ხრიალით დაიწყო სიცილი პოლიციელების დანახვაზე.
– ეს ერთი, ეს ორი, – დაიძახა. ჯერ მოადგილეს დასტაცა ხელი და მხარზე შეიგდო, მერე უფროსს.
– საით მიგყევართ, კასო? – ჰკითხა ოსური მოქცევით და ხარხარით.
– ა, საით, კასო? – მოუბრუნდა განთავისუფლებული ძიძავაც გვერდში ამომდგარ პოლიციელებს. მაგრამ დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, რომ ისევ პირზე ააფარეს ხელი, გადაუგრიხეს მკლავები და ჩუმად გააპარეს უკან. დაინახა პამპამ განსაცდელში თავისი ძმაკაცი, რაც შეეძლო გაიწია საჩქმეტად გოგანისკენ, მაგრამ იმასაც მისწვდნენ. მაინც მოახერხა პირზე აფარებული თითებიდან ჩქმეტასავით წვრილად და მწარედ დაძახება:
– ჰა, გოგან, კოჩი მიყავთ, ატ!
ნელა, გაბრაზებული სახით, რომ ასე აწუხებენ, შემოტრიალდა ორმეტრიანი კაცი, მხრებზე სათამაშოებივით შემსხდარი წესრიგის დამცველებიანად და გაშტერდა, გაქაჩულ პამპასა და ძიძავას რომ მოჰკრა თვალი. ადგილზე გაჩერდა ხალხი, ადგილზე გაჩერდნენ პოლიციელები, რომლებმაც დაბნეულობისგან პატიმრების ხელიდან გაშვებაც კი ვერ მოახერხეს, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა გოგანის სატირლად და საყვირლად მომზადებულ სახესავით და უცებ ამ სიჩუმეში გაისმა გამკვეთი ხმა გოგანის მხარზე შესკუპებული ულვაშა მილიციის უფროსისა.
– Oтпустить!
–Немедленно! – იღრიალა მეორე მხარზე შემჯდარმა მოადგილემაც. გაგანიამ ერთი შეარხია მხრები იმის ნიშნად, რომ არც ერთის ბრძანება სჭირდებოდა და არც მეორისა და, სანამ ბრძანების მიცემას მოათავებდნენ, ორივენი შორს აქეთ-იქით ეყარნენ ქვაფენილზე.
გოგანს დიდი კაცის ისტერიკა მოუვიდა. იმის მაგიერ, რომ საშველად წასულიყო, გული ამოუჯდა და თათები გამართა საკუთარ თავში წასაშენად, მაშინღა მოვიდნენ გონს პოლიციელები და შეუშვეს ხელი ორივეს, ბავშვებივით გაქანდნენ განთავისუფლებული პამპა და ძიძავა ძმაკაცისაკენ.
– მოდით, მოდით, – გული აიჩუყა გოგანმა და მისკენ ბურთივით გასროლილი მრგვალი პამპა ზედ დაადო წვრილ ძიძავას.
– აუ! – ღრიალებდა ხალხი.
გოგანმა მაღლა შეისროლა ორივენი, ხელი შეაშველა და ჰაერში გააჩერა.
– ჩემს ძმაკაცებს სიცოცხლე ჩემს ხარჯზე, – ხუმრობით დაიღრიალა გაგანიამ და მის მკლავებში მოქცეულები დაკოცნა.
– კინაღამ დავიღუპეთ, – დაიწუწუნა პამპამ.
– ვითომ გვიზამდნენ რამეს? – ირონიულად ასწია ტუჩი ძიძავამ და გოგანს, რომელსაც ხელში ეჭირა ის, ნიკაპს ქვევიდან საჩვენებელი თითი ამოუსვა, მერე ლოყაზე უჩქმიტა. – ა? – შეეკითხა წარბის აწევით. –ა! – გადასძახა ხალხს, როცა ძმაკაცმა ხმა არ გასცა.
– აუუ! – ღრიალებდა გოგანის ძალით გაკვირვებული მოსეირე ხალხი.
მაგრამ გოგანი ვეღარაფერს ვერა ხედავდა გარშემო. ის იდგა, გაოგნებული ხალხისა, ღვინისა და თავისი ძალისგან. იდგა და გაშტერებით უყურებდა მის თავზე წამომდგარ ყველაზე მაღალ შენობას.
პამპა უცებ მიხვდა მის სურვილს და ვითომ თვითონ მოუვიდა ეს აზრი, როგორც ყოველთვის, დაასწრო გოგანის მოქმედებას თავისი სიტყვა:
– ნეტა თუ ჩანს იქითგან ყველაფერი, – თქვა და გაიწია ქუჩის მხრიდან კედელზე აკრული ცეცხლისმქრობელი რაზმის კიბისაკენ. იხუვლა ფალავანმა და გაკვეთა იქითკენ ხალხი, გზაზე ისევ აიყვანა პამპა ხელში და შეასკუპა კიბეზე მაღლა, წინ ასული პამპას დანახვა ვერ აიტანა ძიძავამ და ჭიანჭველასავით შეუტია კედელს, გადაცოცდა კიბის უკანა მხარეს, გაუსწრო გულამოვარდნილ მსუქან პამპას, დაწინაურდა და უცებ შეშინდა, ნელა ჩამოიხედა ქვევით, მას ფეხდაფეხ მისდევდა პამპა, სულ ბოლოს, ორ-ორ კიბე, ორ-ორსახელურ გამოკლებით, თათების ჭიდებით მოდიოდა გოგანი, მერე პროცესია წყდებოდა.
ჩუმად, ხმის ამოუღებლივ მიდიოდნენ სამივენი. სწრაფად შორდებოდნენ მიწასა და ახმაურებულ ხალხს, რომელიც კიბის ძირამდე მივიდა და გაიჭედა. აივსო ქვაფენილი, აივსო შუა ქუჩა, დადგნენ მანქანები, აივსო მოპირდაპირე ქვაფენილი, დადგნენ ეტლები, ყველანი უყურებდნენ სამ მოძრავ, მთვრალ ფიგურას, რომელიც სიმაღლის აღებასთან ერთად სულ უფრო ემსგავსებოდა ერთ გრძელ უფორმო კაცს, ამ ფიგურით იყო დაპყრობილი ყურადღება მეეტლეების, მძღოლების, გათხოვილი ქალების, გასათხოვარი ქალების, იმ ხალხის, ვისაც სახლში ეჩქარებოდა, და იმათი, ვისაც საერთოდ არაფერი საქმე არა ჰქონდა. საშინელი ხმაური, ჩოჩქოლი იდგა ქუჩაში – ახლად მოსულებს უნდოდათ გაეგოთ, რაში იყო საქმე, ძველები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ეთქვათ, რომ არ გამოჰპარვოდათ არც ერთი `იმათი~ მოქმედება და აი, უცებ ის, ვინც იცოდა, რაში იყო საქმე, და ის, ვინც არ იცოდა, რაში იყო საქმე, ერთნაირად გაყუჩდა:
გრძელ ფიგურას პირველი გამოეყო ძიძავა და რწყილივით შეხტა სახურავზე, მერე გაწვა და მსუქან მოკლეფეხება პამპას გაუწოდა ხელი, ხალხი ხედავდა, როგორ აათრია მან მუცელი კარნიზზე და როგორ აათამაშა ჰაერში უსაყრდენოდ დარჩენილი ფეხები, ისევ ამოისუნთქეს შვებით, პამპაც მყარად იდგა უკვე კარნიზის იქით და ძიძავასთან ერთად ხელს უწვდიდა ამოსაყვანად გოგანს, ამ უკანასკნელმა ერთი თავისი ხელი ერთს გაუწოდა, მეორე მეორეს და ისე მშვიდად განაგრძო კიბეებზე ასვლა, თითქოს ისევ თავისი ხელების იმედზე იყო. გაიბერა პამპა, დაეჭიმა ძარღვები ძიძავას, ერთიორად გაუწვრილდა კისერი, უკანასკნელ საფეხურზე უკან გადმოიხარა გოგანი და ხალხს მოეჩვენა, თითქოს კედელი იქცეოდა ქუჩისკენ, მეორე წუთში გოგანი უკვე სახურავზე იდგა.
სახურავზე აძრომის შემდეგ პამპა ქშინავდა, იჯდა, ოხრავდა, ოფლს იწურავდა, ბუზღუნებდა. ყველაფერს აკეთებდა ერთდროულად, რაც შეუძლია პატარა დაღლილ მსუქან კაცს.
ძიძავა იდგა, დოინჯშემოყრილი, ზედ კარნიზის თავზე და უყურებდა დამცინავად თავის დაღლილ ძმაკაცს და გოგანს ანიშნებდა ვითომ ცალი წარბით, ტუჩები და ცალი ყური ხალხისაკენ ჰქონდა ამაყად, სინამდვილეში გოგანის სხეულის მეტს ვერაფერს ხედავდა.
იდგა გოგანი და უკვირდა თავისი ტანი, ამხელა ძალა მარტო იმას კი არა, ყველას უკვირდა, ვინც იმის პატარა დედ-მამას იცნობდა, მაგრამ ვინც კი იცოდა, რა გაბერილი წარმოდგენა ჰქონდა ამ ხალხს თავის თავზე, იმათი ვაჟი ეპატარავებოდა კიდეც თვალში. ამიტომაც დედ-მამას სულ არ უკვირდა ორმეტრიანი ვაჟის ყოლა. მიუხედავად ასეთი დიდი სიამაყისა, სხვა ხალხი არა კარგავდა გრიგანისა (გოგანის მამა) და კესარიოსას (გოგანის დედა) თვალში თავის ფასს. თავის დროზე ამბობდა გოგანი გამარჯობას და ქუდზეც კი იდებდა ხელს.
– გამარჯობათ, დილა მშვიდობისათ, – გამყინავად იძახდა კესარიოსა დილაადრიან, როცა თავის ქმართან ერთად ჩაუვლიდა სოფელს სადგურის ბაზრისაკენ, გოდორმოკიდებული.
გრიგანს ეცვა შავი დახეული ჩოხა, გამოწყობილი იარაღით, და თავზე, სხვა გლეხებისაგან გამორჩევით, იმის ნიშნად, რომ ქალაქში ჰყავდა შვილი, ეხურა ჭილოფის ქუდი. ის მსუქანი იყო და ტაატით მიდოდა; აქეთ-იქით იმაზე მეტად გადახრით, ვიდრე ეს საჭირო იყო, სამი ნაბიჯით უკან და ერთი ნაბიჯით გვერდზე, მოსდევდა კოჭლი მეუღლე კესარიოსა, ისიც შავ ქალურ ჩოხაში გამოწყობილი.
მარჯვენა ფეხი მოკლე ჰქონდა კესარიოსას და სიარულის დროს უკან დარჩენილი მარცხენა გრძელი ფეხი უსაშველოდ წინ ჰქონდა გაშვერილი, მთელი ჩიტივით მსუბუქი, პატარა ტანი ეყრდნობოდა მარჯვენა მოკლე ფეხს, საიდანაც წინა გრძელ ფეხს უსწრებდა უცებ მაღლა ავარდნილი მკერდი, განზე გამჯდარი უხორცო მხრებით, რომლიდანაც პირდაპირ იყო ამოსული ოდნავ გვერდზე და უკან გადაწეული გრძელი კისერი, დამცინავი, შეკრული სახით და უამაყესი ცხვირით, რომელიც თავისი სიდიდითა და სისწორით განსაკუთრებით ეყოფოდა ზედ ჩამოფარებული შავი ჩიხტაკოპის ფოჩებიდან. მთელი ეს ფიგურა, თავისი გოდრით, ჰგავდა ერთად აღებულ მეფის მთელ ამალას, მეფიანად და მეფის თვალ-მარგალიტიანად: ბაზარში წასული – სალაშქროდ მიმავალს და უკან დაბრუნებული – გამარჯვებულ ნალაშქრევს.
გურული ქალი იყო კესარიოსა და ხელში ეჭირა მეგრელი ქმარი, მსუქანი, იმ კუთხისათვის უჩვეულოდ მშვიდი ყოველდღიურ ქცევაში.
– გაიარე წინ როგორც კაცს შეჰფერის, მოგდევ ფეხდაფეხ, – ამბობდა ყოველ დილა ის და განსაკუთრებით ისწორებდა შავ ჩიხტაკოპს, რომელიც სულ ტყუილად ეკეთა, რადგან მთელ გვარში არც ქმრიდან, არც თავისგან არავინ არ აკლდათ, ამ ამბის გულის სიღრმეში რცხვენოდა კესარიოსას და მეგრელებს რომ უმკვდარ-უნათესაო არა ჰგონებოდათ მოუშორებლივ ატარებდა შავებს სახლში, მეზობლებში თუ სოფლის ბაზარში.
ამ სოფლის ბაზარი იყო სადგურის უკან და სადგურის უფროსის ფანჯარა გადიოდა შიგ, სადგურის უფროსი, ისიც მეგრელისთვის უსაშველოდ დაბალი და მსუქანი, მელოტი თავით და დიდი მხრებით, წითელკანტიან კიტელზე გადაფენილი ყაბალახით, დილიდან ღამემდე იჯდა თავის კაბინეტში და მაგიდის ლურჯ მაუდს უყურებდა, მაგრამ ის ეშმაკი იყო ბუნებით და, მიუხედავად იმისა, რომ არაფერში არ ადგებოდა გაგონილი, მთელ ბაზარში ნაჩურჩულებ არც ერთ სიტყვას არ უშვებდა დაუხსომებლად და გულში მასხრად აუგდებლად.
ახლაც საშინელი კმაყოფილი დარჩა, როცა კესარიოსასგან ქმრისათვის განგებ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები გაიგონა, როცა იმან გოდორი დახლთან დაუდო და, როგორც ყოველდღე იცოდა, თქვა:
– გრიგან, ახლა ოჯახის პატივი დაიცავი და რაღაც წვრილმან ხურდას არ გამოუდგე (მისი კეთილი ხელმომჭირნეობა ცნობილი იყო სოფელში).
გრიგანმა ხელი ჩაიქნია ისე, რომ ცოლს არ დაენახა და გოდორი დახლზე შეაგდო. კესარიოსა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ გარეშემოც გაიგეს ეს ამბავი, ქმარმაც და განსაკუთრებით სადგურის უფროსმა (რისი უფროსიც გინდა იყოს კაცი, მაინც უფროსია. სოფელში ამბობდნენ, ახლა მეისრეც უშოვნია და ნამდვილი დირექტორი იქნებაო. ყოველ შემთხვევაში, ეს მხარე იმდენ რიდს არ იწვევდა კესარიოსაში, რამდენადაც მისი სიჩუმე და წიგნებიანი მაგიდა, რომელსაც სადგურის უფროსი ყოველთვის დაფიქრებული უყურებდა), ის ცდილობდა სწორედ იმას გაეგონა მისი დასაფასებელი სიტყვები, რომელსაც მთელი გზა წონიდა კესარიოსა – სწორი ქნა, რომ თქვა, თუ არა. საბოლოოდ დარწმუნებული თავის უპირატესობაში (ვის მიმართ, უკვე აღარ ანგარიშობდა), ოჯახის პატივის დაცვაში (აღარც ამას უწევდა ანგარიშს, ვისთან), შედიოდა მეგრელების გურული დიასახლისი სახლში და, კედელზე დაკიდებული გოგანის ნახატი სურათის დანახვის შემდეგ, დიდხანს იყურებოდა მთელი სოფლისკენ გამომწვევად. ეს იყო ქალაქში გადაღებული, გაზეთიდან ამოჭრილი სურათი – წელზევით ტიტველი გოგანი, მკერდამდე დაყრილი წვერებით. ის გოგანი, რომელიც იდგა ოთხსართულიანი შენობის თავზე და ხალხით გაჭედილ ქუჩას უყურებდა, მისთვის ახლა მთელი ქუჩა ერთ მასად იქცა და უცნაურად დაუპირისპირდა.
– რავა ერთი კაცივით მოჩანს ყველა! – უჩურჩულა უკნიდან ძიძავამ.
– აბა! – თქვა ჰაერში გოგანმა.
უკან, გახურებულ თუნუქზე მიკრული პამპა ოდნავ გაიბერა, რადგან აბსოლუტურად ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი.
– მე ვიცი, რაც ჩანს, – თქვა მან. – როგორ ყველაფერი ძიძამ უნდა დაინახოს დაუნახავი.
ძიძავამ რაღაცას წაუბუზღუნა და ქვევით ხალხს თვალი ჩაუკრა, მერე გოგანს მიუბრუნდა. მაგრამ გოგანი მას ვეღარ ხედავდა. ის იყურებოდა ქვევით გაღიმებული, სრულიად უაზროდ, ძიძავამ გააყოლა მის მზერას თვალი. უცებ ისეთ საშინელებად აღიქვა ის სიმაღლე, რომელზედაც ისინი იდგნენ, რომ ფეხი აუკანკალდა, ოდნავ წინ გადაიწია უნებურად და სრულიად მოცელილი დაეშვა პამპას გვერდით.
– ხომ არ გეშინია, გოგან, ნამთვრალევზე? – შეაშველა მან ხმა.
კარნიზთან მდგარი გოგანი შეტორტმანდა და ერთი კაცივით ამოისუნთქა როგორც სახურავზე მჯდარმა და ერთმანეთს ამ წამში მიკრულმა ორმა ძმაკაცმა, ისე მთელმა ხალხმა, რომელთაგანაც თითოეულმა შიშის ელექტრობის განსამუხტავად, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა მისი იქიდან გადმოვარდნა, გვერდზე მდგომს მაგრად ჩასჭიდა ხელი და გაჩნდა მთელი ჯაჭვი ხელჩაჭიდებული ხალხისა, რომელსაც ხერხემალსა და ლაჯებს შუა მსუბუქმა შიშმა გაურბინა ქარივით, სახურავზე მდგარი შეშინებული ძიძავა და პამპა, ერთმანეთს მიკრულები, რაც შეიძლება მაგრად აჭერდნენ ფეხს კარნიზს, თითქოს ამით იქ, ქვევით მდგარებთან უნდოდათ შეერთება.
მხოლოდ გოგანი იდგა მარტო, სრულიად გაოგნებული ღვინისა, ხალხისა და საკუთარი ძალისაგან, რომელიც აქ, ჰაერში გამოკიდებულს, აღარაფრისთვის არა სჭირდებოდა და აღარ იცოდა სად წაეღო. სრულიად უაზროდ თამაშობდნენ მისი მხრები და საიდანღაც არაფრისგან მოვარდნილი შიში, გამოწვეული ყველაფერი იმის დაკარგვით, რასაც ამყარებდა მხრების ძალაზე, უკანკალებდა ქვედა ყბას. მან სრულიად უაზროდ, ბრიყვულად გაიცინა და ნელა მოიხედა უკან, სადაც თითქმის გამოფხიზლებული მისი ძმაკაცები, შეშინებულები ისხდნენ და ელოდნენ, რა მოხდებოდა, მათი დამფრთხალი, არაფრისუნარიანი სახეების დანახვაზე, მისმა სიცილმა იმატა, გადავიდა როხროხში, მერე ცრემლებამდე ხარხარში, ტრანსში: ამ ხარხარით ცდილობდა ის დაეხშო აქამდე მისთვის უცნობი აზრი, ერთბაშად გახსნილი აზროვნება: ხომ არა ჰგავს ის ამათ და ხომ არ არის მათსავით სუსტი, რადგან იმათაც ეშინიათ აქედან გადავარდნის და მასაც – გოგანმა უმატა ხარხარს, იცინოდა გარეგნულად გულუბრყვილოდ, გადამდებად, რითიც აიყოლია ჯერ ძიძავა, მერე პამპა, ახლა სამივენი იცინოდნენ. ვიღაცა ქვევით მიხვდა, რომ ზევით იცინიან და გაეღიმა, მეორეს გაეცინა და უცებ ახარხარდა გადამდები, ზარივით სიცილით ყველა. ისინი იცინოდნენ იმიტომ, რომ იდგნენ სულელებივით და უყურებდნენ ზემოთ ასულ სამ კაცს, ზევით ეცინებოდათ ზუსტად იმავე მიზეზით, ოღონდ პირიქით, ხალხზე, რომელიც იდგა პირდაღებული და იცინოდა; ყველანი ერთად იცინოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დაიღალნენ და აღარ უნდოდათ არაფერზე ფიქრი, და მხოლოდ დამასუსტებლობამდე გულამოვარდნილ ხარხარში ხდებოდა მთელი ფიზიკური ძალის დაცლა და გარდაქმნა გონებაში…
[1959 წელი ივლისი. წყალტუბო]
* * *
გავიდა ზამთარი, გაზაფხული, მოვიდა ზაფხული ცხელი, უმოძრაო ჰაერით, სქელი მტვერი იდგა ასფალტსა და ჰაერს შუა, არასოდეს არ სდომებია სხეულს ისე აღგზნება, როგორც ამ უმოძრაობის დროს. ვსვამდი გადაბმით ასგრამიანი ჭიქებით, ჩაის ჭიქებით "რომოვოის", კონიაკს, არაყს; მთელი ჩემთან მოქეიფეთა კამპანია დიდი ზიზღით უყურებდა ღვინოს, ლიმონათს, ლუდზე, რაღაც არ მახსოვს, თითქოს კარგად ვერ შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში, მე ისიც გავდევნე ჩემი რეპერტუარიდან. პირველი ჭიქის შემდეგ შეშმუშნულები უფრო მაგრად ვსხდებოდით სკამებზე და უკანალით ვცდილობდით რაც შეიძლება კარგად მოწყობას, მეორე ჭიქა უკვე გვიკარგავდა ასეთ შეგრძნებებს, მესამეზე ნაწილი უკვე ფეხზე დგებოდა, მეოთხე ჭიქის შემდეგ იწყებოდა ნამდვილი ქეიფი: ჯერ ავდიოდით სკამებზე, მერე მაგიდებზე, მერე დახლზე... ეს მომენტები უკვე სხვისი მონაყოლიდან მახსოვს, ჩვეულებრივ, ოდნავ ვფხიზლდებოდი, როცა ბოთლი მხვდებოდა თავში, ან ჩემ წინ ალაპლაპებულ დანას ვხედავდი, რომელზედაც პირდაპირ მივდიოდი მუცლით და საშინლად ვხარხარებდი; ამის შემდეგ გამოვდიოდი ქუჩაში იმ ერთი-ორი კაცის თანხლებით, რომელთაც კიდევ შეეძლოთ ფეხზე დგომა, ვჯდებოდი პირველივე შემხვდურ მანქანაში, სადაც ხელებგაკოჭილი ან დანის დადებით შეშინებული მძღოლი სწრაფად ყუჩდებოდა საბარგულში ან უკანა საჯდომზე, და მივქროდი წითელ, რუხ, მწვანე, თეთრწინწკლებიან ქალაქში, მოძრაობის ყველა წესის დარღვევით; ხდებოდა ავარიები, მივყავდით მილიციაშიც, ოღონდ, უცნაური იღბლის წყალობით, ყველაფერი მთავრდებოდა რაც შეიძლება კარგად, მიდიოდა დაუსრულებელი სმა, რომელშიც უცებ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დამელია (ამაში დიდი როლი ითამაშა მშობლების ავადმყოფობამ ჩემ გამო). მთელი ხუთი დღე გამოუსვლელად ვიჯექი ჩემს დაგუდულ ოთახში, რის შემდეგაც მივიღე მამის ხელიდან პიატიგორსკის ბილეთი, ფული და, ქალაქიდან იზოლაციის მიზნით, გავემგზავრე ჩრდილო კავკასიაში.
საშინლად მამტვრევდა მთელ სხეულში, რასაც ზედ, ალბათ, ისიც ემატებოდა, რომ, ამდენი ხიფათის მიუხედავად, შესამჩნევი არაფერი შემემთხვა. სტეპში გასვლისთანავე უცნაურად დაიბუდრა ჩემმა სხეულმა, თითქოს ჩაწყნარდა. დიდხანს ეკიდა ცის ბოლოს ბორცვის წვერზე ჩამავალი მზე, რომლის სხივებიც იკარგებოდა უსასრულობაში. რუსის ქალებითა და ჯვარედინად დაწყობილი ცულებით დატვირთული ტროიკები რწევით ბრუნდებოდნენ სამუშაოდან, ბევრ ფურგონში ცხენებს ტრაქტორი ცვლიდა, რომელიც ხმაურით უვლიდა გვერდს სუფთა პატარა ტბასა და მარცხნივ იკარგებოდა გზაზე. აქა–იქ გამოჩნდებოდა მხარზე სამთითაგადებული გლეხი, მშვიდობიანად მიმავალი მარტო მდგარი ხუტორისაკენ. ყველაზე უდაბურ, მოუხვნელ ადგილას ვხედავდი ერთად შეყრილ რამდენიმე რუსისა და ყაბარდოელის ბავშვს, რომლებიც ერთმანეთს ტრუსიკებს ხდიდნენ, მერე ყიჟინით გარბოდნენ გაშიშვლებული ბავშვისგან, რომელიც ყვირილით მისდევდა მათ უკან, ზოგიერთები მანქანის დანახვისას თვითონ იხდიდნენ შარვლებს და ბაირაღივით აფრიალებდნენ ჰაერში, მათ ბაძავდნენ პატარა გოგონებიც და მანქანაში მსხდარი ფლეგმატურად განწყობილი მგზავრების ჩაქროლვისას სიმბოლურად ასრულებდნენ, რასაკვირველია, ბიჭების დახმარებით, განაყოფიერების სცენას. გარეშემო კი იდგა ჩამავალი მზე, უცნაურად სავსე სიცარიელე და ჩემთვის სრულიად ახალი, სიცოცხლიანი და სევდიანი ატმოსფერო. ღამე მიწის სიცხოველისგან განათებული სტეპი ნელა სუნთქავდა, ძროხები დინჯად, თავაუღებლივ, მანქანის ფარების შუქის დანახვისთანავე, შოსე გზის ერთი მხრიდან გადადიოდნენ მეორეზე, მათ მაგალითს ხშირად ბაძავდა რომელიმე დაგვიანებული გლეხი. გარეშემო არ ჩანდა არც სოფელი, არც რაიმე სინათლე, არც ის, საით მიდიოდა ეს ხალხი ან საიდან მოდიოდა, ტრამალი და შემდეგ სიბნელე ყლაპავდა ყველაფერს. ყოველგვარი მორიდების გარეშე ამთქნარებდნენ რუსი მგზავრები, უცნაურად გადამედო მეც ეს სენი, რომელსაც ყოველნაირად ვუწევდი წინააღმდეგობას. ნახევრად ბურანში ვხედავდი მთელი დღის ნახულს, მოძრავ სხეულებსა და უსასრულო ტრამალს, საიდანღაც გამოეყო ჩემი არსება, თითქოს მთელ ცოცხალ სამყაროსავით გაიზარდა ის, რისგანაც ტანი უფრო პატარად ვიგრძენი და ამ დისჰარმონიის დროს ნელა ჩაიღვარა ჩემს სურვილებში ყველაზე დიდებული და უცნაური – წერის, დაუსრულებელი წერის სურვილი. რომ შეეძლოს ადამიანს თავისი განცდილის ზუსტად აღწერა, ალბათ, დაიკარგებოდა ხელოვნება, მისი საუკეთესო თვისება – დრამატიულობა, სიუჟეტი, რომელიც ასე ზედმეტია აქ, ამ ტრამალში, განსაკუთრებით, როდესაც ამდენი შფოთისაგან დაღლილი სხეული ძლივს ერწყმება ბუნებას და სწორედ ამ ზღვარზე, უცნაურად, ბედისწერით, ისევ მოითრევს ყველაფერს თავისკენ, ამუშავებს თავის გონებაში და ყოველივეს მხოლოდ თავისი თვალით ნახულად აქცევს.
მაგრამ მორჩეს ეს მსჯელობები. უკვე დილაა. გაღვიძებული პიატიგორსკი უცებ ებმება ცხოვრებაში. მზის სხივები ჯერ მღლიან, ხოლო შემდეგ მთლიანად მავსებენ ეროტიული სურვილებით, რომელსაც ერთი წამითაც კი არ მინდა გავუწიო ანგარიში. უცნაური ამაყი სახეებით დარბიან ახლად ჩამოსული მოაგარაკეები, ბინის დაქირავების და წყლების სმის ჟინით შეპყრობილი, შუადღეზე საშინლად ითენთება ქალაქი; იცრიცება პიატიგორსკზე წამომდგარი მაშუკის მთა. მე სადგურს ვაბარებ ჩემს თავს, საშინლად მეზარება ბინის მოძებნა ან საუზმობა, ან ძილი, მეზარება მგზავრების თვალიერებაც, მავიწყდება ყველაფერი გარშემო და ყველას ვავიწყდები მე. ტრაგიკულობამდე მწვავედა ვგრძნობ, რომ არავინ არ მაქცევს ყურადღებას, ვერც იმ ძაფს ვპოულობ, საიდანაც შეიძლება დავიმსახურე ის; როგორი იქნება ყურადღება, სულერთია, ყველაზე მეტი შანსი, რასაკვირველია, ხულიგნობითაა, ამ აზრთან ერთად იკარგება მთელი `კეთილშობილური~ სურვილები წერისა და ვხდები ისეთი გურამი, როგორიცა ვარ. უცებ ვიგლეჯ ერთ ღილს პერანგიდან, ვიღეღავ გულს და სტვენით მივდივარ ქუჩაში, მაგრამ ამ განზრახვაზე უცებ ვიღებ ხელს, ისეთი დიდი რაოდენობით მხვდებიან შიშველა, ტანზე ტელაგრეიკამოცმული მთვრალი მუშები, იმდენად ბუნებრივია ამათთვის ეს პოზა, რომ ვბრუნდები სადგურზე, ვიცვლი პერანგს, ვიკრავ ბოლომდე, ვეწყობი უკანასკნელ სტილზე ჟილეტ-კოსტიუმში, კონტრასტისთვის ვიჭერ ტელაგრეიკიან, გულგადაღეღილ რუსს და მივდივარ ცენტრისკენ მსუბუქი მანქანით; რუსი რამდენიმე ცდას აკეთებს, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ სწრაფად ვაქცევ ჩემი გავლენის ქვეშ, რისთვისაც ვუკრძალავ მიმართვის დროს დედის გინებას, ვაგინებ მე თვითონ, შემყავს დუქანში, ვასმევ ჩაის ჭიქით არაყს, ვჭმუჭნი ჯიბიდან ამოღებულ ფულს, რომელსაც მუჭაში ერთი ათად ვაღვივებ მოჩვენებისთვის. მე სასმელს არ ვეკარები.
– Эх, люблю я грузин, – ხელით იწმენდს ის ცხვირს. – Что правда, то правда. Русский смотрит на тебя и сам пьет, а они наоборот. Красивая страна, я четыре года жил в Баку, хорошие ребятя грузины.
– Ну, разболтался мой друг, – მხარზე ვურტყამ ხელს და შიკისთვის წკიპურტით ვისუფთავებ ხელისგულს.
– Это наше дело, балтать мы умеем, а иногда даже умное скажем.
– Очень возможно.
– На счет умного...у меня две бабы с хатой.
მე თითქმის არ ვუგდებ მას ყურს, ისე, გაფაციცებული, თავის გაუნძრევლად ვათვალიერებ გამვლელებს და მთელი გულით ვაგინებ იმ ადგილებს, საითაც ისინი მიიჩქარიან თავდაღუნულები.
– Одна особенно хороша, ну это уже для тебя. Захватим шампанского, водки, проведем время от души.
უცებ მე მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი. კუთხიდან პირდაპირ ჩემკენ ამოუხვია ულამაზესმა რუსმა გოგონამ, ხელმკლავით ვიღაც ბიჭთან; ეს გაცილებით ჯობია, რომ სხვასთან ერთად არის. ყველაფერი ადგილზეა, მთვრალი, ჩემი მეგობარი, იქ ორნი, ქუჩის ცარიელი კუთხე. დრამა იწყება.
– იმის სიფათი არ მომწონს, – აგდებულად ვეუბნები რუსს. ეშმაკმა უცებ გაიგო ვისზეა ლაპარაკი. – სტილიაგა, Ебанный карась, еще осмеливается на глаза показываться людям с такой красавицей.
ის აღარ მიგდებს ყურს, პირდაპირ უჭრის იმათ გზას და ჰალსტუხში სწვდება შეშინებულ ბიჭს.
– უ, ჩათლახო, რამდენი ხანია გეძებდი, მომეცი ჩემი ფული.
– რა? როგორ თქვით? არ მესმის, – შეშინებული ატრიალებს ის კისერს.
– ნუ იმკვდარუნებ თავს, გუშინწინ რომ გადავიხადე შენ მაგიერ რესტორანში.
– მე დღეს დილით ჩამოვედი, – კანკალებს რუსი სტილიაგა, ჩემს რუსს კი უფრო მეტი `დუხი~ ეძლევა. – მატყუებ კიდეც, – ქურდულად კოჭში ურტყამს ის.
გოგო, აქამდე გაოგნებული, უცებ იღებს გადაწყვეტილებას, სწრაფი მოძრაობით იგდებს უკან ჩამოშლილ თმებს და მთელი ძალით უჭახუნებს სილას ტელაგრეიკიანს.
– ეგ შენ, მათხოვარო, – მისი კავალერი, რომელსაც ხელი გაუშვეს, ჰალსტუხის სწორებით იღიმება დურაკული, მიამიტური სახით.
– ეგ კიდე შენ, – ახლა მას უჭახუნებს გოგო სილას. მე უცებ გამოვდივარ აღშფოთებული, ოღონდ წყნარი ღიმილით სცენაზე.
– Вон отсюда, бродяга, – ვამბობ კბილებში, ჩემი რუსი დიდი მიხვედრილია და თვალს მიკრავს, მეორე საბოლოოდ შეშინდა და დაიბნა.
– Умно разыграно, – დამცინავად მიყურებს გოგო.
– იმედი მაქვს, მეც არ გამარტყამთ ამ ხუმრობისთვის, – უცებ ვაზროვნებ, რომ აქ მეტი თამაში საჭირო აღარ არის. ე. ი. ძველი თამაში აღარ არის საჭირო.
– კარგად გამოწვრთენით ეგ ლოთი, – აუღელვებლად მიყურებს გოგო.
– გაცილებით უკეთ, ვიდრე თქვენ თქვენი, – ვპასუხობ მე. ჩვენი გაწვრთნილები უაზროდ იყურებიან აქეთკენ.
– Черт побери. Вы правы, однако ж ближе познакомиться с Вами...как это хорошо и мило. Вы из Грузии, пойти с вами может быть в ресторан, – დამცინავად, სხაპასხუპით ამბობს ის. ვგრძნობ, რომ ყველა გზა მომიჭრა წინასწარ და ის-ის არის სულელურად უნდა გავიღიმო, რომ საშინლად ვბრაზდები ჩემს თავზე, რაც წამალივით მშველის და მაწყნარებს.
– ახლა რომ მე თქვენ თმებში ხელი გტაცოთ, რას იტყოდით?
– Боже мой, неужели, вы такой храбрец, – აგრძელებს ის დაცინვას.
– Да, – ვიქნევ თავს ღრმააზროვნად.
– Или моя красота вскружила вам голову хе, хе?
– Синьорита, вы заставляете влюбиться в Вас
– Неужели
– Я тогда могу совершить одну глупость.
– Какую же, интересно?
– Удалиться от вас смирно
– О. какое горе
– эх, ну, вас на хуй. – უცებ ვბრაზდები ჩემს ამ მეცხრამეტე საუკუნის დიალოგზე, მთელი ძალით ვუჭერ ხელს, ისე რომ ვერ გაინძრეს, მხარს ვაშველებ და მიმყავს.
– Эй, куда Вы меня, куда – ჩქარა სიარულში თითქმის შეშინებული ამბობს ის.
– Ну, Вася – ვუძახი სტილიაგას თვალების ბრიალით.
– Сейчас же машину, – ჩემი რუსი მანქანის დაჭერაში ეხმარება;
ჩვენ რაც შეიძლება ჩქარა მივდივართ დაღმართზე, ის აკეთებს შეუმჩნეველ ცდებს, რომ განთავისუფლდეს. ეტყობა, არ უნდა რომ აშკარა ცდა ჩაუფლავდეს, რომ შერცხვეს. ტუჩები სათქმელად აქვს მომზადებული.
– Хм. Вы сильнее меня
– Хотя бы, – ვისვრი მე.
ის უცებ ეშვება და თვალებზე ცრემლივით ადგება.
– Это Что, последняя уловка?
გოგონა ისევ იმავე დაძაბულ სახეს იღებს.
– Посмотрим, до чего дойдет Ваша наглость.
– Естественно, до любезности
– Фу, как гадко.
მე ხელს ვუჭერ.
– Ой.болно.
– Тогда не болтайте глупости.
– Эй, эй – ყვირის ჩემი რუსი. – Пардон, прошу, мадмуазель из Недотрог
მე თვალებს ვუბრიალებ მას, ის ჩუმდება. მანქანიდან ხტება, კარებს აღებს; მე წინ ვჯდები, გოგო – ჩემ და თავის რუსს შორის.
– Извините за телогрейку, пон ней чистая душа – განაგრძობს ღლიცინს ლოთი.
– Васька, где можно провести здесб прилично время?
– Это другое дело. Шофер, в интурист – მანქანა ჩერდება.
– Друг, – ვეუბნები შოფერს, – поухаживайте за дамой
მე გამოვდივარ, ღიად დარჩენილ კარებს უკვე საქმეში მთლიანად ჩავარდნილი ტელაგრეიკიანი ასწორებს.
– С этой минуты я Вас буду звать Петя из Одессы, – ვისწორებ მე კოსტიუმს და ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს დანარჩენები ჩემთან არ არიან.
–К вашим услугам, сэр Грузин, – აკეთებს ის რევერანსს და ტელაგრეიკას უცებ კარგი კოსტიუმივით ირგებს ტანზე.
მე ხელმკლავისთვის ვამზადებ ხელს, გოგო, რომელიცMმოიყვანა ჩემამდე, გაბრაზებული სახით მიყრის ხელს; წვერებიანი ლაქია აშკარა მოწმე თეთრგვარდიელების გიჟური ქეიფებისა, შიკით აღებს კარს, ოდნავ წელში მოხრით, და ეჭვით უყურებს ჩემს მომყოლებს.
– Они со мной, – ვისვრი.
– А я! – მესმის მძღოლის ხმა – кто будет...?
– Вы свободны, – ისმის ჩემი ხმა.
ოფიციანტი მთავაზობს ადგილებს კუთხეში.
– Нет, в центрტ, – ვამბობ და ყველანი ვეწყობით შუა რესტორანში, მუსიკოსები ეს-ეს არის მოვიდნენ.
– Петя из Одессы, узнай ихний репертуар.
– Водка, коньяк, шампанское.
– Мадам, Вы слышите, принесите все.
– Сколко бутылок?
– Дюжину.
ის ეჭვით მიყურებს.
– Я люблю, когда бутылки открываются с шумом.
– Ой, какой важный, – იაზვობს გოგო.
– Он Грузин, грузин, – სხაპასხუპით ამბობს, რომ არ გადავიფიქრო, ჩემი რუსი.
– А тебе для чего шампанское? – ისევ იაზვობს გოგო.
– Ведь это правда, я только водку пью.
– Петя, ты совсем забыл про музыкантов, – მე ჯიბიდან ვიღებ ბღუჯად დაშლილ ას მანეთს და პეტიას ვაძლევ, ვრჩები უკაპიკოდ, რისგანაც აშკარად იზრდება ჩემი განწყობილება და ძალა.
– Это дай музыкантам.
მუსიკოსები, თვალებგაბრწყინებულები, უცებ ათავებენ სადილს, არც ერთ სუფრას, როგორც დაკვირვებამ მაჩვენა, არ გამოეპარა ეს ჟესტი, განსაკუთრებით ოფიციანტებს, რომლებისთვისაც ამ წამიდან, ჩვენს გარდა, აღარ არსებობდა არც ერთი სუფრა.
– Мадам, – მივმართავ ოფიციანტს, – поухаживайте за нами.
ის ღიმილით, ფაშფაშით მოდის და, ჩემი შეკვეთის თანახმად, ბათქანით ხსნის შამპანურებს.
– Какой шик, – არ წყნარდება გოგონას ირონია.
– Он Грузин, грузин – იმეორებს პეტია.
სტილიაგა რუსი ჯერ ისევ შეშინებულია.
ოფიციანტკა ჩემგან იწყებს შამპანურის დასხმას, მე მკაცრად ვუჩვენებ გოგონაზე. ის ბოდიშს იხდის და პირველად იმას უსხამს, მერე – ჩემს თანამესუფრეებს. მე შამპანურზე უარს ვამბობ და, სრულიად მოულოდნელად ჩემთვის, ვაცხადებ, რომ არა ვსვამ ახლა და არც საერთოდ, წვეთი არ დამილევია ჩემს ცხოვრებაში. ყველანი ეჭვით იღიმებიან.
– Что за экстравагантность, – ამბობს გოგონა.
დაკვრა დაიწყეს. უკრავენ `შენ გენაცვალე, თბილისო~. ვიღაც შავულვაშა გვერდზე სუფრაზე აცმუკდა სიხარულისგან. მე ვხედავ, რომ ის ქართველია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, ის ისე ცმუკავს, რომ, აშკარად, უნდა ჩემთან გამოცნაურება.
საკმაოდ ვულგარული ჟესტით ვაჩერებ მუსიკას.
ისინი იღიმებიან გამგებიანად და უკრავენ უცნობ ვალსს, რომელიც უცებ ქმნის უცნაურ სიმყუდროვეს მთელ რესტორანში. ახლა მე, აშკარად, თეთრგვარდიელი კავკასიელი ოფიცრის როლში ვარ, ოღონდ უმუნდიროდ, უფრო სწორად, უეპოლეტებოდ და უჩოხოდ.
დარბაზი კანონზომიერად ითვრება.
ჩემი გაბრაზებული გოგონა ჩემ ჯიბრზე, მე რომ არა ვსვამ, საკმაოდ ეძალება შამპანურს.
მე რამდენიმე, ასე თუ ისე ღირსეულ, სუფრას ვუგზავნი შამპანურებს, ქართველს წინასწარ განზრახვით ვტოვებ ისე.
ლამაზად ჩაცმული შუახნის მაღალი კაცი მოდის ჩვენს მაგიდასთან, ის მადლობას მიხდის შამპანურებისთვის და ჩემგან ნებართვას იღებს, რომ ეცეკვოს მშვენიერ გოგონას. ჩემი რუსი ცმუკავს. მე სიამოვნებით ვთანხმდები. გოგონა გაბრაზებული მიყურებს, მერე გადის საცეკვაოდ.
მუსიკა შეუსვენებლივ უკრავს. ჩემი სუფრის წევრები უკვე ძლივს იმაგრებენ თავს. ჩემი რუსი სხვადასხვა მაგიდებზე გადადის, სვამს და მაქებს, რაც შეიძლება, მიწევს რეპუტაციას. სუფრის გარშემო უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი მიზის. ასაკში შესული ჯენტლმენი დაინტერესდა ჩემი პროფესიით.
მე, რასაკვირველია, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება, მყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოვიტყუე, ოღონდ სულ სხვა მიმართულებით.
– Я пастух из Казбеги, – ვთქვი.
– Я бы этого никогда не сказал, – თქვა მან; ამ ცნობამ უცებ მოირბინა დაინტერესებული სუფრები.
– А вот тот, - თქვა ჩემთან მოსაუბრემ და მიმითითა წვერმოშვებულ, საეჭვოდ ჩაცმულ ქართველზე, – кандидат медицинских наук.
მე გამეღიმა.
– Вот как, – ვთქვი.
– Действительно Вы пастух? – პირველად დაინტერესდა სერიოზულად გოგონა ჩემით.
– Разве можно этим хвастаться –ვთქვი მე.
– Я так и почувствовала когда мне так грубо ответили. Фу, действително пастух, – ვითომ გაჯავრებულმა, დამცინავად, ოღონდ ახლა უკვე აშკარა აღტაცებული სიმპათიით, თქვა გოგონამ.
– Надеюсь Вы с детства мечтали о горах и о пастухах.
– Никогда, – დაება ის.
მე გავიცინე.
– Пастухи великий народ, – განაცხადა ხანშიშესულმა და ოდნავი ზიზღით მიიხედა ცუდად ჩაცმული შავი ქართველისაკენ. – Не то что какие–то оборванцს, извините за выражение, кандидаты.
მე ღირსებით მივიღე ეს კომპლიმენტი და სიამოვნებით განვაგრძე ჩემი თანამემამულისთვის ძირის გამოთხრა.
– Однако ж, он такой скромный.
– Просто балбес7 извините за выражение, совсем он не грузин, наверно случайный.
– Xто вы!
მაღალი, გამოწყობილი რუსი სულ გათავხედდა, უკვე მეოთხედ ეცეკვა ჩემს გოგონას, რომელიც ძალიან უკმაყოფილო დაჯდა.
– Еше один танец с этим пьяным и я останусь без ног, – განაცხადა.
დარბაზი უკვე აქანავდა, რუსებმა, ჩემი მიპატიჟების მაგალითით გამხნევებულებმა, დაიწყეს ერთმანეთში მისვლა-მოსვლა, ყველა ცდილობდა ჩემი სულგრძელობით ესარგებლა და გოგონასთან ეცეკვა, საბოლოოდ, მან უარი თქვა მიპატიჟებაზე. რუსი სტილიაგა აღტაცებული თვალებით, მთლიანად დაპყრობილი ჩემგან, მიყურებდა და მეცხრედ სვამდა ჩემს სადღეგრძელოს.
დაუკრეს горящие свечи. მე წამოვდექი, ტანის მოძრაობით გავისწორე კოსტიუმი, გულზე ოდნავ მივიდე ხელი და გოგონასთან ერთად შევცურე დარბაზში. ვცეკვავდი ბრწყინვალედ. სხვები გაჩერდნენ. ცეკვის ბოლოს, როდესაც ხელზე ვაკოცე ტუჩების მაგიერ გოგონას, დარბაზი აღელდა და ტაში დაუკრეს.
– Шампанское за мой счёт, – დაიღრიალა მაღალმა.
შამპანური ბათქანით იხსნებოდა, ცალი თვალით დავინახე, როგორ გაიპარა უყურადღებოდ დარჩენილი კანდიდატი დარბაზიდან, მერე ისევ შემოვიდა და პირდაპირ ჩამომართვა ხელი. ის ძალზე მთვრალი იყო.
– А он не пьет, молодец7 -– ჩურჩულებდნენ ჩემზე რუსები.
– У вас есть колхозы? – შეეცადა ბრძნულ თემაზე საუბარს ერთი, მაგრამ სწრაფად ჩააჩუმეს.
– Я предлагаю тост, – ადგა ფეხზე ასაკში შესული, – за простого и величественного человека, за нашего гостья и угощателя, – ყველანი წამოდგნენ. წამოვდექი მეც. ქართველს სულ გაუქრა შური და აღტაცებული მიყურებდა.
– Не ставить стаканы на стол! – იყვირა გამოღვიძებულმა ტელაგრეიკიანმა. სტილნი რუსმა პირველმა გატეხა შეჭმული ჭიქა.
– Он платит за все, за все! -– ღრიალებდა ტელაგრეიკიანი. ჭიქები ხვდებოდნენ იატაკზე.
– მე ყველაზე მეტი უფლება მაქვს ამის შესმის, ამ უნიფხოებზე მეტი, – აზლუქუნდა ქართველი.
– შენი ჭირიმე! – ვუთხარი მე.
– შენ გენაცვალე! – ჩვენ გადავკოცნეთ ერთმანეთი
– Грузины, грузины7 –– ჩურჩულებდა დარბაზი.
ძალაგამოლეული ორკესტრი ისევ უკრავდა.
– Три танкиста! – დავიძახე მე და ამღერდა მთელი დარბაზი.
– На конях! – ვბრძანე. ტელაგრეიკიანი პირველი აძვრა სკამზე, მას მიჰბაძეს სხვებმაც და აჰყვნენ სიმღერით ორკესტრს. მე წყნარად ვიდექი, ერთადერთი `ნორმალური~ ფხიზელი მთელ დარბაზში. ვიგრძენი, რომ გოგო მომეკრა. ის ხშირად სუნთქავდა. საიდანღაც გამახსენდა სტეპში ბავშვების თამაში და თითქოს წივის სუნი ვიგრძენი.
– Хе. хе. хе, – გავიცინე ხმამაღლა.
– შენი ჭირიმე, შენი, საღოლ, – ისმოდა ქართველის ხმა, – რაშიაც გინდა, მიძმე. – მე თითქმის არ ვაქცევდი ყურადღებას.
დარბაზი მღეროდა: Три веселых друга. охохоия мравалжамиер – პოეტივით მოაბრუნა ჩემკენ თავი ასაკშიშესულმა მრავალმნიშვნელოვნად. ძალიან მთვრალები ძლივს აბრუნებდნენ ენას.
ასაკშიშესული ჩემკენ გადმოვიდა, ყურთან დადგა და საიდუმლო ხმით მითხრა.:
– Должен признатся, я сам русский, порядочные свиньи наши русские.
– С превеликим удовольствием соглашаюсь, – რევერანსივით გააკეთა მაღალმა რუსმა, რომელმაც გაიგო ეს სიტყვები.
დარბაზში სინათლე ორჯერ ჩაქრა და აინთო, რაც რესტორანში მუშაობის დამთავრებას ნიშნავდა.
– შენი ჭირიმე, – ბუტბუტებდა ქართველი, – ეგრე უნდათ მაგათ.
– Смирно! – უცებ დავიღრიალე მე. – кругом! – რუსები ცხვრებივით დამემორჩილნენ და თითქოს გამოფხიზლდნენ კიდეც. იმათ დაშლა დაიწყეს ზურგშებრუნებულებმა.
– შენ გენაცვალე, ეგრე უნდათ მაგათ, – თავი მომაბეზრა ქართველმა.
გოგო უფრო მაგრად მომეკრა.
მე, რაც შეიძლებოდა, ვებრძოდი სტეპის ინტიმურ შეგრძნებას და მოწყენილობას, რასაც უღვინობა იწვევდა.
– აუჰ, აუჰ, შენ გენაცვალე! – ამბობდა ქართველი, რომელიც უკვე ფეხზე ძლივს იდგა.
ოფიციანტმა საკმაოდ დამაფიქრებელი ანგარიში მომართვა მანჭვით. მე ხელმკლავისთვის მოვამზადე ხელი, ვიგრძენი, რომ გოგო მთელი სხეულით დამეყრდნო, მერე ანგარიშის ქაღალდი სკამზე უღონოდ მჯდარ მოლუღლუღე ქართველს გავუწოდე, რომელმაც ის შეშინებული სახით ჩამომართვა, და გამოუმშვიდობებლად გამოვედი დარბაზიდან, უკან ბანცალით მომდევდა ჩემი ამალა.
– Куда поедем, милый, – მეკითხებოდა სულ მომბალი და აღგზნებული გოგო. მე ხელოვნური გაკვირვებით შევხედე მას, მერე კარებში მოვკიდე ხელი სტილნი რუსს..
– Эй, цыпленок, держи руку для подруги, а Вы возьмите его под руку – მივმართე გოგოს, გოგო მექანიკურად დამემორჩილა.
– Я еду в Черкесск, – ვთქვი მე. – Доброго сна желаю.
– Доброго сна, - ამღერდა ჩემი რუსი და ჩვენ პირველ შესახვევამდე ერთად ვიარეთ, მერე ენა გამოვუყავი, რაც უკვე ვეღარ დაინახა. მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, როცა სადგურზე მანქანა ვიქირავე და რატომღაც მართლა ჩერკესკისკენ ვუბრძანე წასვლა.
[1959წ. ზაფხული]
* * *
უცნაურ ამბებს მიყვებოდა ტაქსის მძღოლი. ის ამბობდა: ჩრდილო კავკასიაში ხშირად ჰყვებიან: პიატიგორსკში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი ებრაელი, რომელსაც მშვენიერი ცოლი ჰყავდა, დიდებული `პასადკით~, იალბუზის თავებიანი ძუძუებით, თმას იღებავდა ხნით და დადიოდა ცხვირაწეული. მისი ქალიშვილი ჯერ ისეთივე ლამაზი არ იყო, ოღონდ ხალხი ამბობდა, საცაა დედისთანა გახდებაო, ზოგი ეჭვსაც კი გამოთქვამდა, რომ 2-3 წლის შემდეგ, აშკარად, აჯობებდა. ყველას უკვირდა, რომ წელში მოხრილ, მშიშარა, მსუქან ებრაელს, რომელიც ყველას ჭკუას არიგებდა შეშინებული სახით, ასეთი ცოლ-შვილი ჰყავდა. მან ოჯახი თავისი ეროვნული შანსით უზრუნველყო, თვითონ კი ყოველ საღამოს იჯდა ბარში და დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ლუდს, საკმარისი იყო, რომ ვინმე მისჯდომოდა გვერდით, ჩამოაგდებდა ამინდზე ლაპარაკს, მერე დაიწყებდა ახსნას, როგორ ამინდში როგორ ჯობდა ჩაცმა ან გაციების შემთხვევაში რომელ წამალს არჩევდა, მაგალითები ყოველთვის მოჰყავდა თავისი ცოლისა და შვილის პრაქტიკიდან. "Груди у нее, как Эльбрус", ჩუმი კმაყოფილებით, სრულიად უადგილოდ ურთავდა ის. ხალხი უგდებდა ყურს, სანამ ჰყოფნიდა ლუდი, მერე დგებოდა და მიდიოდა; მისი ცოლი კი ისე გაიბერა, ქმრის ფულისა და თავისი გარეგნობის წყალობით, ისეთი მიუკარებელი გახდა, რომ, წარმოიდგინეთ, არც კი ღალატობდა – რა შეიძლება იყოს ამაზე უცნაური! ზამთარში იცვამდა ის ღია ყავისფერ პალტოს, დიდი მელიით, სიცივის დროს ქურქს, უმელიოდ, ხოლო ზაფხულში ყველაზე ძალიან უყვარდა დიდყვავილება, დეკოლტეიანი კაბა. ამბობდნენ, რომ ერთხელ, როდესაც ტურისტები მაშუკზე ავიდნენ ელბრუსის სიმშვენიერის სამზერად, აქ იყო ეს ქალი ამ კაბით და ყველანი, უნებურად, ქალებიცა და კაცებიც, იალბუზის მაგიერ მის ძუძუებს უყურებდნენ; მის გვერდით იდგა დიდი იმედების მომცემი ქალიშვილიც, ცხოვრობდნენ ისინი გამოუსვლელად პიატიგორსკში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ხოლო ზაფხულში ქმარს თავისი ხელით მოჰქონდა ადგილობრივი სანატორიუმის საგზურები და იქ ასვენებდა თვენახევარი ოჯახობას.
ბევრ რამეს ამბობდნენ ბარში, ჰყვებოდნენ, რომ ყველა შეძლებული ოჯახის უფროსი თავის ცოლ-შვილს უშვებს ზღვაზე, რასაკვირველია, სოჩაში, დასასვენებლად, ამით აშკარად კბენდნენ ებრაელის თავმოყვარეობას, ორი-სამი ზაფხული ის იღიმებოდა, ხოლო მეოთხე ზაფხულს გადაწყვიტა მიებაძა შეძლებული ოჯახებისთვის. ამ დღიდან ის მხოლოდ ზღვის შესახებ ლაპარაკობდა, აქებდა ზღვას, განსაკუთრებით სოჩას, რომელიც არასოდეს არ ენახა, აქებდა შიშველ ქალებს, პლაჟს, რესტორნებს, ბევრს ლაპარაკობდა ქართველების სივერაგეზე. ივლისის ბოლოს მან გამოუცხადა თავის ცოლს, რომ იღებს მათთვის განსაზღვრულ კრედიტს და აგზავნის სოჩაში. ცოლი არცთუ დიდი კმაყოფილებით დაეთანხმა, მაგრამ მაინც შეიკერა ისეთივე დიდყვავილებიანი კაბა, ოღონდ ახლა უფრო დიდი დეკოლტეთი, ასევე მორთო თავისი შვილიც, ოღონდ მისი კაბის გული ნაკლებად ამოაჭრევინა, დაიტვირთა ათასი სანოვაგით და გაემგზავრა სოჩაში.
ამასობაში მარტო დარჩენილი ებრაელი პირდაპირ ოსტატი გახდა ზღვის ამბების მოყოლისა, ყველას, განურჩევლად, ურჩევდა იქ წასვლას და აქებდა ყველაფერს იქაურს დაუსრულებლივ. ჩქარა გაბეზრებულმა ბარის ხალხმა მის მაგიდასთან ჯდომას სულ მიანება თავი; ერთხელ, კვირა საღამოს, ისე გაივსო ეს დაწესებულება, რომ ახმახი, ყაბარდოელისა და რუსის ნაჯვარი ლოთი იძულებული იყო ებრაელთან დამჯდარიყო.
– ოი, ოი, ოი, რა ბიჭი ცდები ტყუილად, რა ბიჭი! – აწუწუნდა ებრაელი. – ეჰ, შენი ასაკი მქონდეს, იცი, რას ვიზამდი? უთუოდ წავიდოდი ზღვაზე, მერე შენთვის, ახალგაზრდისთვის, იცი, რა არის იქ? უფულობა გაწუხებს? ხი, ხი, იქ ჩამოდიან მოსკოვიდან, ლენინგრადიდან ისეთი პროფესორის, გენერლის ცოლები, იმდენი ფულით, რომ ჰეეჰე. შენ არაფერი არ გინდა. უბრალოდ, უნდა ჩააღწიო იქამდე, მერე გაიხადო ტანზე, ჩაიცვა შემოჭერილი კუპალნიკი, უკეთესი იქნება, თუ ასო ცოტა გამოგიჩნდება. შენი ბედი უზრუნველყოფილია მაშინ. თვითონ დაგეხვევიან ქალები, იქ მეფესავით იცხოვრებ ვინმე გენერლის ფულიან ცოლთან და აქაც ჩამოიტან, ახლა რას აკეთებ აქ, უფულო, მშიერი, აბა დამპატიჟე ლუდზე, ფული არა გაქვს, არა? ხი, ხი, წადი, შვილო, სოჩაში, წადი... რეკომენდაციას ვუწევ მაგ აგარაკს...
დაუჯდა ზორბა ვაჟკაცს ჭკუაში მისი რეკომენდაცია. თანაც იფიქრა, ზღვაზე შიშველმა უნდა იარო, რასაკვირველია, ხოლო ტანი კარგი მაქვს ე.ი. ტანისამოსი ანგარიშში არ მოდის. აიღო და გაემგზავრა სკვაზნოი მატარებლით.
ჩავიდა. საშინელი სიცხე და ოფლი თითქოს კიდეც ესიამოვნა. ბევრი იხეტიალა აჭრელებულ ქალაქში და, ბოლოს, გადაწყვიტა დაეჯერებინა ებრაელისათვის. გავიდა პლაჟზე, გაიხადა ტანზე, ურცხვად ამოიგდო ასო და ქვიშაზე გაიშხლართა თვალებდახუჭული. ამ დროს სწორედ წყლიდან კისკისით ამოვიდა ფაშფაშა ქალი და დაგიპნოზებულივით დააშტერდა მის უზარმაზარ ღირსებას. მასთან სწრაფად მოირბინა ახალგაზრდა გოგონამ, ეტყობა, მისმა ქალიშვილმა, და ისიც გაქვავდა. დედამ უხეშად მოჰკიდა გოგოს ხელი და წაიყვანა საცურაოდან, მთელი დღე ტყუილად იხრუკა მზეზე პიატიგორსკელი ვაჟკაცი და თითქმის გული გაუტყდა ძალზე მოშიებულს, მაგრამ გაახსენდა ებრაელის რჩევა, რომ ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იწვეო, სულ ცოტა, სამი დღე მაინც, რომ საშუალება ჰქონდეს მას, ვისაც მოეწონები, შენი პოვნისა.
მეორე დღეს დედამ, რომელმაც ასეთი ყურადღება მიაქცია ამ კაცის ერთ ნაწილს, უგუნებობა მოიმიზეზა და მარტო შვილი გაუშვა ზღვაზე და თვითონ სახლში დარჩა. გოგონა, აშკარად, გახარებული ამ ამბით, სირბილით გაეშურა ზღვისაკენ.
ამასობაში დედამ მოიხმო მოსამსახურე, აუწერა ის კაცი და ის თვისება, რომლითაც უნდა ეცნო იგი, მისცა ფული სიჩუმისთვის მოსამსახურეს და უბრძანა, რომ სანამ მისი ქალიშვილი დაბრუნდებოდა, მასთან მოეყვანა.
ქალიშვილი თავისდაუნებურად პირდაპირ გუშინდელ ადგილზე მოხვდა და თვალმოუშორებლივ დააშტერდა იმ კაცს, რომელიც თვალებდახუჭული მშვიდად იწვა და აზმორებდა ამოგდებულ ასოს. გოგონამ ვითომ შემთხვევით მიასხა წყალი. როცა კაცმა თვალები გაახილა, მან შეჰკივლა და სთხოვა, წყალში შეჰყოლოდა საცურაოდ, რადგან თვითონ მარტოს ეშინოდა. კაცს, აშკარად, არ მოეწონა ეს ლამაზი გოგონა, რომელსაც, ალბათ, ფული არ ექნებოდა და წოლა განაგრძო. ამ დროს გოგონამ დაინახა, რომ მათკენ მოდიოდა მისი მოსამსახურე, სწრაფად მოიხურა იქვე დაგდებული სხვისი კაბა და ქვიშაზე გაილურსა.
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოსამსახურეზეც ამ კაცის დანახვამ. ის უცებ შეუდგა საქმეს. გადასცა ქალბატონის დანაბარები და მისგან გამოგზავნილი ფული, მას დაამატა საკუთარიც და სთხოვა, ჯერ მასთან ერთად წასულიყო. კაცმა ჯერ მოსამსახურე ასიამოვნა, მერე ქალბატონი, შემდეგ ლაზათიანად ისაუზმა, დალოცა კეთილი ებრაელი დიდებული რჩევისთვის და მეორე დღესვე ტაქსას აუწია. საღამოს შვილმა დედას სთხოვა, გაგრაში გასეირნება მომინდა და ფული მომეციო. დედამ მის თავიდან მოსაშორებლად სიამოვნებით გაიღო დიდი თანხა. გოგომ დედისა და მოსამსახურის მაგალითს მიჰბაძა.
ქალბატონს, რომელიც ფულს აძლევდა მოსამსახურეს, რომელიც ცოტაზე აღარ თანხმდებოდა სიჩუმისთვის, ფულს აძლევდა თავიდან მოსაშორებლად ქალიშვილს და თავის საყვარელს, სწრაფად გამოელია ფინანსები. მაშინ დაიწყო დეპეშების წერა სახლში და, ალბათ, დიდძალი შემონახული მარაგი გამოსტყუა თავის მეუღლეს.
ამასობაში ეს კაცი, რომელიც ამ სამივე წყაროდან მარტო თვითონ იღებდა ფულს და, სამაგიეროდ, თავის ენერგიას აძლევდა, ძლიერ ჩამოხმა. ერთ მშვენიერ დღეს გამოეწყო ახალ საუკეთესო კოსტიუმში, იყიდა ჩემოდანი საჭირო ნივთებით, ააწკაპუნა ჯიბეში ფული, მიატოვა ზღვა, რომელიც საშინლად მოსწყინდა, ქალები, და დაბრუნდა პიატიგორსკში სატრაბახოდ და გასანავარდებლად ძველ ნაცნობ-მეგობრებში.
ჩამოსვლისთანავე თავის წმინდა ვალად ცნო დიდი მადლობა გადაეხადა იმ კაცისთვის, ვინც გააბედნიერა კეთილი რჩევით. პირველად ბარში შემოსული გამოწყობილი ყმაწვილი ებრაელმა ვერც კი იცნო, როცა აზრზე მოვიდა, მიიპატიჟა და ოფიციანტს სთხოვა, მოეტანათ მისთვის ლუდი, მაგრამ ბიჭმა შეაჩერა ის და ოფიციანტს შესძახა, მის ხარჯზე გაევსოთ ლუდის კათხებით მაგიდა. ებრაელი კმაყოფილი იღიმებოდა, გრძნობდა, რომ ის მისი რჩევის შედეგად გამდიდრდა და ერთი სული ჰქონდა მოესმინა ყველაფერი დაწვრილებით.
– როცა სოჩაში ჩავედი, – დაიწყო ბიჭმა, – პირველი დღე სულ უქმად ვიწექი.
– ხო, ხო, როგორც ვთქვი, – სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელი ებრაელმა.
– მეორე დღეს, – განაგრძობდა ბიჭი, – მოვიდა მშვენიერი ქალი, როგორც მომეჩვენა, მაგრამ სიხარული თურმე წინ იყო, იგი მოსამსახურე გამოდგა, რომელმაც გადმომცა ქალბატონისგან გადმოცემული ფული, მას სიჩუმისთვის მიცემული თავისი ფულიც დაამატა. ჯერ თვითონ ისიამოვნა და მერე ქალბატონთან წამიყვანა.
– ხი, ხი, ხი, – ხითხითებდა სიამოვნებისაგან ებრაელი.
– მივედი, მაგრამ რა ვნახე, ქალი ფაშფაშა, დიდებული ძუძუები იალბუზს მიუგავდა.
ებრაელმა ყურები ცქვიტა.
– ხოლო უკანალი, ეჰ, ნუღარ მკითხავთ. საღამომდე იმასთან ვიყავი, მას წინდაწინ ქალიშვილი გაგრაში გაეშვა, წამოსვლისას კიდე დამაჯილდოვა და მერე დაიწყო თავისი ქმრის წველა. ჯერ ორი ათასი მანეთი გამოაგზავნინა, მერე ოთხი, მერე ხუთი.
– ოჰ, ოჰ, – ამოიკვნესა ებრაელმა.
– ნაწილს ამ ფულიდან თვითონ მაძლევდა, ნაწილს მოსამსახურე მაძლევდა გასამრჯელოდ სიჩუმისთვის, ხოლო დანარჩენს ქალიშვილი, რომელმაც მის მალულად მიბაძა დედის მაგალითს.
ებრაელს შეუმჩნევლად მოუდუნდა ყბა და ლუდი დალია, დალია იმ ბიჭმაც. ებრაელს ეტყობოდა მეტის მოსმენა აღარ სურდა, მაგრამ მაინც ვერ იძროდა ადგილიდან.
– მერე როგორ იცვამდა, – არ ცხრებოდა ბიჭი, – როგორ იცვამდა დედა-შვილი დიდყვავილება კაბას, მდიდარი დეკოლტეთი, ოხ, ოხ.
ებრაელმა ტუჩები მოწკუპა და ღრმად ჩაუფიქრდა თავის თავს, მერე ფულის ქვითრები ამოიღო და ცრემლებით დახედა, მაგრამ უცებ შეიკავა თავი.
– ეს, ჩემო მეგობარო, – გამოცალა მთელი კათხა, – ჩემი ცოლისთვის.
– ეს ჩემი შვილისთვის, – გამოცალა მეორე.
– ეს ჩემი მოსამსახურისთვის, – გამოცალა მესამე.
– ხოლო ეს, – წამოდგა ის ფეხზე, ჩაიხსნა შარვალი, ამოაგდო ორი დუნდულა დუმა, დაიკუზა, მიაბრუნა მისკენ და თქვა, – რეკომენდაციისთვის.
[1959 წ. ზაფხული]
* * *
მე ვიდექი ბარის შუაში. მედუქნემ მანქანიდან ორი კასრი ახალი ლუდი ჩამოაგორა, სტეპიდან დაბრუნებული გლეხები პირდაპირ შემოდიოდნენ თავიანთი ფიწლებით. გრძელ ნავთქურაზე შეუჩერებლივ იწვებოდა პატარა მწვადები; გლეხები ქუდმოუხდელად სვამდნენ ლუდს და გრძელი სახელოებით იწმენდნენ ტუჩებს. გარშემო ყველაფერი ბრუოდა, შემწვარი ხორცის ოხშივარი, პაპიროსის ბოლი, ლუდის ქაფი, ჩქარი ლაპარაკი ერთ მთლიან მასად გადაიქცა ჩემს შეგრძნებაში, ხალხის ერთმანეთისაგან გამორჩევაც კი აღარ შეიძლებოდა, "რატომ ვდგავარ მაინცდამაინც შუაში", გავიფიქრე რამდენჯერმე, მაგრამ მაინც არ დავიძარი ადგილიდან. დაუსრულებელ სტეპში სიარულის შემდეგ თითქოს პირველად მოვხვდი ხალხით დასახლებულ სამყაროში;
საიდანღაც გაჩნდა შპილკა, შპილკა ფეხშიშველა იყო, გრძელი ჩამოშვებული თმებით, აპრეხილი ცხვირით და თეთრი ამოშვებული პერანგით.
– Шпилька, что, сегодня не пить? – მხიარულად დაიძახა მედუქნემ.
შპილკამ ხელები ასწია, სულელურად გაიღიმა და ენა გამოყო, მერე ფეხი ფეხზე გადააჯვარედინა და ოდნავ ჩაბუქნა.
– Что ты, Шпилька, не пьешь? – თითის შეხებით უთხრა მაზუთში ამოსვრილმა მხიარულმა ტრაქტორისტმა.
– А ты не приглашаешь? – შპილკას მაგიერ იკითხა წვერებიანმა გლეხმა.
– Конечно, нет.
– А вот тебе, как же тогда он может დыпить.
შპილკამ ორჯერ დააქნია თავი და თვალები გააცეცა.
– Вышь, какой хитрый, глухой и все слышит.
– Дело разумное, когда дело выпивки касается, все слышут.
შპილკამ ფეხები ერთმანეთს მიაკრა და თითისწვერზე აიწია.
– Агого...– მოისმა მისი ხმა.
გაბოლილ ოთახში სიცილი გაისმა.
ზორბა, ჩაბჟირებულმა გლეხმა თავისი თითქმის გამოცლილი კათხა გაიშვირა, ყველამ შიგ ჩაასხა ლუდის ნარჩენები, მერე მან კათხა დარბაზის შუაში დადგა, ყველამ შპილკასკენ დაიწყო ყურება, მან ორჯერ შემოკრა ტაში, ფეხები შეხტომით განზე გადგა, სწრაფად დაიხარა, ხელები კათხის აქეთ-იქით დააბჯინა და ნელა აიწია ხელებზე, შიშველი გრძელი ფეხები ჰაერში დაეკიდა. გლეხები ახარხარდნენ.
– Давай, Шпилька!
– О, молодец!
ყირიდან ის ოდნავ დაიწია კუნთებზე და კათხას პირი მოჰკიდა.
– Нам развлечение, а ему выпивка, – დაიძახა ვიღაცამ.
– И мы рады и он! – ხარხარებდნენ გლეხები.
მე ზუსტად კათხის წინ ვიდექი, შპილკას ფეხები ჩემს თავს ზევით ეკიდა, ხოლო ტუჩები კათხასთან ერთად თითქმის ეხებოდა ჩემს ფეხსაცმელებს. ხმაური სულ უფრო იზრდებოდა დარბაზში, უცებ ვიგრძენი, რომ გავნერვიულდი და მთელი ძალით ვკარი ბათინკა კათხას, რომელიც დახლს მიასკდა და გატყდა, რამდენიმე გლეხი გაწუწულ შარვალს იწმენდდა.
ყველანი გაჩუმდნენ. შპილკა უცებ დადგა ორივე ფეხზე და შეშინებული თვალებით დამიწყო ყურება.
– О-ого-гоо... – ხრიალებდა ის.
– Налейте ему! – დავუძახე მედუქნეს,მან უცებ დაასხა და
სამზარეულოდან გამოსულ გოგოს მისცა კათხა. გოგონამ შპილკას მიურბენინა.
გლეხებმა უხერხულად ჩაიღიმეს და დაწყნარდნენ.
– Будете пить? – მივუბრუნდი მათ.
რამდენიმემ მხრები აიჩეჩა.
– Последние бокалы!- დაიძახა მედუქნემ, - Он угощает.
გოგონამ ცარიელი კათხები შეაგროვა, მერე მედუქნეს გაუწოდა, მან დაასხა და ჩამოარიგა; გოგონამ ერთი მე მომიტანა და ოდნავ რევერანსივით გააკეთა, მერე ღიმილით შეხედა შპილკას, რომელსაც უკვე დაელია, და მითხრა:
– Он благодарит, возьмите, пожалуйста.
– Спасибо, я не пьющий.
– Да-а... – თქვა ვიღაცამ.
უხერხული განწყობილება ჩამოვარდა დუქანში. შპილკა გაიქცა და თვითონ აავსებინა თავისი კათხა, მერე მანჭვით მოვიდა ჩემთან, რაღაც დაიხრიალა და ერთბაშად, სულმოუთქმელად დალია ლუდი. მე უაზროდ შევხედე, მერე გოგონას დავაშტერდი და გარეთ გამოვედი. ცოტა ხანს კარებთან ვიდექი სუფთა ჰაერზე. დუქანი ისევ ახმაურდა და ახარხარდა. შორს, ჰორიზონტზე, წითლად წვებოდა მზე დასაძინებლად.
– Правда ли, в степи необычайно красивое солнце? – მოისმა გვერდიდან ხმა. – გოგონა მთელი პირით იღიმებოდა.
– Да - ვთქვი მე.
– А вот я была в горах, там оченმ красиво, но солнце не такое.
– А причем горы?
– Вы же грузин?
– Как вы угадали?
– Они всегда приглашают всех, пожалуйста, хозяин велел... за Вами пятьдесят рублей, наверное вы забыли...
– Нет, - გავიღიმე მე
– Мдаа..
– Не забыл, но вот денег нет.
გოგონამ მორცხვად გაიღიმა და ჩემი ნათქვამი ხუმრობად მიიჩნია. მეც რატომღაც ხუმრობად მივიჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ ფული მართლაც არა მქონდა.
– Сделайте одолжение, передайте хозяину, пусть еще раз угостит всех.
გოგონამ დუქანში შეირბინა, ხალხი ერთი წამით დაწყნარდა, მერე ისევ ახმაურდა. ახლა ჩემს წინ შპილკა იდგა გულუბრყვილო სახით, ხანდახან ის თავს იქნევდა `ჰოს~ ან `არას~ ნიშნად, მერე ყირა გაჭიმა, მაგრამ დაინახა თუ არა ჩემი უმოძრაო სახე, გვერდში ამომიდგა და უნებურად გამომაჯავრა ჩემივე პოზაში დადგომით. ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ აიტანა, ხელი მომკიდა და საცოდავად დაიწკმუტუნა. მე მომეჩვვენა, რომ მას ლუდის დალევა უნდოდა.
– Нет, он пиво не хочет, – თქვა გარეთ გამოსულმა გოგონამ, რომელმაც მისი ეს ბოლო მოძრაობა დაინახა. – Он только благодарит, что вы со мной говорите.
– Как?
– Он меня любит, знаете, когда я сплю, он засыпает около моей хаты.
– А где ваша хата? – უაზროდ ვკითხე მე.
გოგონას თვალები ეშმაკურად აუთამაშდა.
– Я так благодарна за Шпильку, вы можете переночевать там. Солнце зашло и идти некуда.
სტეპიდან გრილმა ჰაერმა დაუბერა.
ჩვენ ნელა მივდიოდით შარაგზაზე.
– Ох, – ვთქვი მე.
– Не беспокойтесь, деньги я заплатила, – გაიღიმა მან.
– Да?
– Я так признательна за Шпильку.
შპილკა ძაღლივით გვირბენდა გარშემო, ხანდახან გოგონას ხელს ჰკიდებდა და ჰკოცნიდა, მერე მე მაკოცა ხალათის კალთაზე.
– Он так любит меня.
– А вы?
– Я никогда не задавала себе такого вопроса, почему вы...
– ჩчитайте, что не спрашивал.
– Вы не в настроении.
– Кажется.
– Давайте вашу руку, о, какая она холодная, я подержу ее немножко и она согреется.
შპილკამ წკმუტუნი დაიწყო.
– Он ревнует, - გაიხედა გოგონამ მისკენ და ოდნავ მომეკრა.
შარაგზა დამთავრდა, სტეპში ნაცრისფერი სივრცე იდო და სულ შორიდან მოჩანდა რამდენიმე ვარსკვლავი.
– А мой домик за хутором стоит, воон там, – გაიშვირა გოგონამ ხელი.
– Огооо... – ხრიალებდა შპილკა და გახარებული ხტუნაობდა.
– Он радуется, что вы так добры к нему.
შპილკა ახლა ნახნავში ჩაწვა, მერე წკმუტუნით წამოხტა და ვითომ შეგვაშინა. გოგონამ მოიწყინა.
– Он никогда не был умным, бедный таким родился.
გარშემო საშინელი სიჩუმე იყო და მე თითქმის არ მესმოდა მისი სიტყვები. უცნაური სიმშვიდე ჩაიღვარა ჩემს სხეულში. შორს მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა.
შპილკამ ხტუნაობას უმატა.
– Вот и моя хата, - თქვა გოგონამ.
– Вы не боитесь? - ვკითხე მე.
– Нет, что вы, - მომეკრა გოგონა.
– Тогда прошайте!
გოგომ გაკვირვებით შემომხედა.
– Я уже нанял комнату.
შპილკა გაჩუმდა და ხელები ჩამოუშვა.
– Один грузин среди степи, - იხუმრასავით გოგონამ.
საშინელი მოწყენილობა შემომაწვა გულზე, ყველაფერი დიდებული და რომანტიკული იყო გარეშემო, მხოლოდ მე არ ვიყავი არაფრისთვის განწყობილი, ალბათ, ზედმეტად კარგი იყო რაღაც. უკან მიუხედავად ნელა მოვდიოდი სოფლისკენ, სადაც უკვე დაენთოთ სინათლეები. ხანდახან ჰაერში ყრუდ ისმოდა შპილკას ხრიალი – Огогооо...
[1959 წელი ზაფხული]
* * *
1.
"საიდან მოვდივარ, სად მივდივარ, რა მინდა", აღმოხდა გურამს, აღელვებული, აღგზნებული იდგა იგი მთის წვერზე, ქვევიდან ამოდიოდნენ რძისფერი ნისლები, ნისლები ამოდიოდნენ მარცხნიდან, მარჯვნიდან, წინიდან, უკნიდან, ფარავდნენ ყველაფერს, მხოლოდ მის გარშემო ჭაუხის დაკიდებული ფერდები იდგნენ შიშველი, შავი, ნაოჭებში ჩარჩენილი თოვლებით. ის მაგრად გაეხვია თეთრ ცხვრის ქურქში და გაირინდა, მისი ბუნება უძლურად ებრძოდა ჩამოვარდნილ სიმყუდროვეს, თითქოს ჩაქრა აღგზნება და არაბუნებრივი სიწყნარე ჩაგუბდა ჰაერში, ჯანღი მოედო აქამდე შიშველ ქედებსაც, მოაღწია გურამამდე, გაახვია თავის საბურველში. მან თვალები დახუჭა, ნეტარი უსურვილობა დაეუფლა ყველაფერს, ნისლებივით ბუნდოვანი, შეუკავებელი და უმტკივნეულო გახდა ეს კითხვაც, იქ, ქალაქში დარჩენილი განცდებიც, ის ადგილებიც, სადაც მიდიოდა უნებლიეთ სამოგზაუროდ და, რაც მთავარია, გაუქრა ყოველგვარი ნდომა, სურვილი. ნესტიან, გრილ ბურუსში გახვეულს, დაეკარგა ყოველგვარი შეგრძნებები, გარდა არაამქვეყნიური თუ, პირიქით, ზედმეტად მიწიერი ნეტარებისა, რომლის მსგავსიც არ განეცადა თავისი ცხოვრების ოცდახუთი წლის მანძილზე და რომელიც დარჩა მუდმივ მოგონებად მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. მიწიერი შეგრძნებებიდან ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შედარებოდა მხოლოდ განცხრომას ნერვიულად ატირებული ბავშვისა, რომელსაც დედამ ძუძუ მისცა გასაჩუმებლად და ისიც, ტუჩებით ზედ მიკრული, გაინაბა, ჩაჩუმდა, გაყუჩდა, რადგან მიაღწია უმაღლეს სურვილს.
2.
შორი სიღრმიდან, ყრუდ, ნისლებში შემოაღწია მთის ნაკადულის ჩხრიალმა, ჭაუხის ნაკერში ამოსული ბალახის ჭამით გართულმა ჯიხვმა ახლოს კაცის არსებობა შეიგრძნო, კისერი გამართა, ყურები ცქვიტა, მერე უზარმაზარი ნახტომით გადაევლო ქვებით ჩახერგილ ნაკადულს და ნისლებიდან გავარდა. მთის დამრეც ფერდაზე პატარა კენჭით შეჩერებული ლოდი ნელა დაიძრა ადგილიდან, დინჯად ამოტრიალდა, ოდნავ შეხტა ბექობზე, ქანი აიღო და უცებ ზათქითა და ღრიალით დაეშვა დასახლებული ხეობისაკენ. კლდის ნამზღვლევს აჰყვნენ პატარა ქვები, გამხმარი გორახები, წყლისგან დამრგვალებული კირები და ღრიალით აავსეს ნისლებით დაგუბებული ქედი. ქვევიდან ქარმა დაუბერა, ამოძრავდა ჯანღი, დაიხლიჩა, რამდენიმე ადგილას შემოანათა მზის დაგრეხილმა სხივმა, ბურუსმა უფრო ზევით აიწია, გაიყო შუაზე და მზის სწორი სხივი დაეცა მთის წვერს, ახლა ჭაუხი გაეხვია შავ საბურველში, დაიმალნენ თეთრი თოვლები. ქარმა იმატა. უმოწყალოდ დაუწყო ფანტვა ღრუბლებს, ქიმიდან ქიმზე მირბოდა ხტუნაობით, შიშითა და სირბილის ჟინით შეპყრობილი ჯიხვების ნოტო, საჯიხვე ბილიკით გავარდა ჭაუხის წვეროებისაკენ და იქ გაქვავდა, წინა ფეხებითა და მკერდით შეეზარდა კლდეს. დაკარგა მათთვის ყოველგვარი მნიშვნელობა ბუნების აღელვებამ, ამ უშიშარ ადგილას გარემოსადმი კლდის ქიმივით უგრძნობი გახდა ჯიხვების მთელი ფარა. ქარი კი მატულობდა და გმინვითა და წივილით ავსებდა ქვებს შუა დარჩენილ ნახვრეტებს.
3.
მე ვარ თბილისიდან, თბილისი დიდი ქალაქია, იქ ბევრი მწვანე ნარგავებია, ბევრი ბაღები და ბევრი მტვერი. Dდღე და ღამე გვიან მის ქუჩებს, რწყავენ წყლით, ასუფთავებენ; ქარს ჩამოაქვს მთებიდან მიწა, რომლითაც სწრაფად იფარება ქუჩები, მიწა ხმება და მტვრად იქცევა, მტვერს ამტვერებს დაუსრულებელ ნაკადად ქუჩებში მიმავალი ხალხი, მანქანები, ტროლეიბუსები, მტვერი შეაქვთ ბაღებში და იქ მწვანე იფარება თეთრი ფენით, სიცხისგან დნება ასფალტი, ფეხის ქუსლები ღრმად ესობიან შიგ, დუქნებთან გაოფლიანებული მედუქნეები დაუსრულებლივ ცლიან ლუდით დატვირთულ მანქანებს, ო, როგორ ცხელა თბილისში ზაფხულობით, განსაკუთრებით კი ორი–სამი დღე, რომელიც შემდეგ ზამთარშიაც კი არ გავიწყდება, არ გავიწყდება არც რუსეთის ყინვებში და არც გრილ ჭაუხებში. საშინელია ეს დღეები, ჩვეულებრივ შუა აგვისტოში რომ წაეწყობა ხოლმე ზედიზედ. ამ დროს მზე აჭერს მთელი დღის განმავლობაში, ოღონდ სუნთქვა მაინც შეიძლება ნორმალურად, ჭადრის დიდი ჩრდილები იფარავენ მზისგან ხალხს, ზოგი როგორც წვიმის დროს, ისე ყოფს ხელს მზეში, ამოიოხრებს, გაიღიმებს და ჩრდილში დგომას განაგრძობს. ნელა მოძრაობს მზე ცაზე, ალბათ, საშინლად სცხელა მასაც, რადგან არც ერთი ღრუბელი არ ფარავს, არ აგრილებს მის დისკოს. რუსთაველის პროსპექტიდან აწვდილი სახლების გაყოლებაზე მოჩანან დამწვარი ქართლის მთები, რომელთა ქიმსაც ეფარება იგი, ისევ ამოდის თითქოს და მერე მთელი ღამით ისვენებს ჩრდილებში. ამ დროს სულ ერთი წამით თითქოს დაიძვრება საიდანღაც სიო და ირინდება ბუნება. იკარგებიან ჩრდილები. ამ დროს იწყება ნამდვილი უმოძრაო, ულმობელი სიცხე თბილისში.
4.
თავისი საზოგადოება ჰყავს ზაფხულის თბილისს, ეს ის ხალხია, რომელიც წლიდან წლამდე არ გადის ქალაქიდან. აქ არიან პატარა ბავშვები, გაყვითლებული მზისგან, რომელიც ქუჩაში არ წვავს, არამედ ახმობს, არიან ბებრები, გაბოლილი პაპიროსის ბოლით, და არის ჩემი ხნის ხალხი, ისინი უმეტესად ჩემი ნაცნობები არიან. იკრიბებიან ვერაზე, კიროვის ბაღში, აქვე მოდიან მოხუცები ჰალსტუხებით, აქვე თამაშობენ ბავშვები ტრუსიკებში, ჩემი ხნის ხალხი იცვამს პერანგებს და ჰალსტუხებს არ იკეთებს. ძნელია ამ დღეებში, უფრო სწორად, საღამოებში, განძრევაც კი, ოფლიანი ტანისამოსის სხეულზე მიკვრა საშინელ შეგრძნებებს იწვევს. ამ დღეებში გაუთავებელ რიგებად ზის ხალხი ამ ბაღის გრძელ სკამებზე და იქნევს თავს იმის ნიშნად, რომ მართლა საშინელი სიცხეა, ზოგს ესეც კი ეზარება, განსაკუთრებით იტანჯებიან ისინი, რომელთაც ხშირად არ უხდებათ ქალაქში დარჩენა. ამ დროს ყოფენ სოროებიდან თავს ძველი მეზაფხულეები, ისინი გაღეღილი გულით დააბიჯებენ ბაღში, ხუმრობენ გაუთავებლივ და შარვალში ჩაკეცილ პერანგებს უჩეჩავენ ერთმანეთს. ყველგან, უმოძრაო ჰაერში, ისმის მათი ხმები, ისინი ახლა ხდებიან ამ ბაღისა და მთელი ქალაქის ბატონ-პატრონები, უმეტესი მათგანი, განგებ თუ დიდი ხნის ჩვევისგან, არავითარ ყურადღებას არ აქცევს სიცხეს, მტვერს, ზიზღით უყურებს მოწყენილ სახეებს, რაც შეიძლება ხმამაღლა იცინის ან, ვინც საერთოდ ჩუმია, ჩუმად იღიმება. არის მათში რაღაცა პატარა ტრუსიკიანი ბავშვისა, მუდმივად ბაღში მყოფი ჰალსტუხიანი მოხუცი მაკლერებისა და ამ სიცხეშიაც კი საჯარო სამკითხველოს ფანჯარასთან მჯდომარე, ეინშტეინის თეორიის თუ კანტის შემსწავლელი, სრულიად უსაქმო, უკვე გონებაარეული, მოძრავთვალებიანი, ნახევრად გიჟისა. რაც მთავარია, ისინი ამ სიცხის ბატონ-პატრონად გრძნობენ თავს.
5.
არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ყურადღების ცენტრში ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში, არ დაიჩემოს ერთგვარი პირველობა, რაგინდ უაზრო და არაფრის მთქმელი იყოს ის, საერთოდ, ზოგადად და გინდაც კონკრეტულ მომენტში. ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, მხედველობიდან ეპარებათ ის ძირითადი, რასაც მოაქვს ნამდვილი კაცური დიდება, რადგან არც ერთი წერტილი თავის გარეშემო არ შეუძლიათ დატოვონ უყურადღებოდ, რაგინდ არაფრის მომტანი იყოს იგი. ყველა სიტუაციაში პირველობის სურვილით შეპყრობილთ, აღარ ჰყოფნით უნარი, რომ ძირითადი, მართლა საქმიანი მომენტის დროს, თქვან თავისი სიტყვა, რომელიც, ასე თუ ისე, ზოგადად, პატივსაცემი და მისაღები იქნება ადამიანთა ყველა ჯგუფისათვის. ეს თვისება, რომელსაც აშკარად იწვევს ზედაპირული, დილეტანტური ნიჭი, მოკლებული კონკრეტულობის შეგრძნებას, რაზეც, ძირითადად, უნდა აშენდეს ყოველი დიდი საზოგადო საქმე, განსაკუთრებით დამახასიათებელია ქართველის ბუნებისათვის. მაგალითად, ქართველს ვერ წარმოუდგენია იჯდეს სუფრასთან და იყოს მრგვალი მაგიდის უფლებებში, აქ მაინცდამაინც უნდა პირველობა, თუ იგი თამადად არ აირჩიეს ან არ შეუძლია, მაშინ პირველობის მოპოვებამდე დასცინის თამადას და ყოველგვარ ნიადაგს აცლის, ასეა ყველა დაწესებულებაში, სადაც დირექტორი სხვებისთვის მორალურად ყველაზე პატარა კაცია, რომელსაც გულში შეგიძლია პატივი არ სცე და დასცინო, რამდენიც გინდა. ასეა ყველა ქართულ საქმიან თუ ძმაბიჭურ გაერთიანებებში – პირველი კაცი ყოველთვის ყველაზე ნიადაგგამოცლილია, რადგან იგი დაუსრულებლივ გარშემორტყმულია ისეთივე სურვილით შეპყრობილი პატარა პირველი კაცებით, რომლებსაც მხოლოდ ენერგია არა ჰყოფნით ამ პირველობის თავზე ასაღებად. აბსოლუტურად მოკლებულია ქართველი მორჩილების შეგრძნებას და დაუსრულებლივ სავსეა იმ გრძნობით, რომ პირველი იყოს თვითონ. ქართველისათვის არ არსებობს სიამოვნების შეგრძნება თავისთავად, თავისთვის, ის უნდა იყოს პირველი, ოღონდ აქაც არ არის კმაყოფილი, რადგან გრძნობს ქვეშეცნეულად, რომ საზოგადოდ მაინც არ არის სულ პირველი.
6.
რა უაზრობაა იყო პირველი, როცა შენ გარშემო ყველას დაკარგული აქვს მოძრაობის უნარი, როცა ერთ დროს მწვანე ბაღის ხის ფოთლებიც კი კარგავენ თავის პრივილეგიას გამოსცენ ჩრდილი ან დაირხნენ ნიავისგან და გააგრილონ გარემო. მაგრამ, აბა, დავუფიქრდეთ: სხვადასხვა მდგომარეობის გამო ეს ხალხი წლიდან წლამდე ვერ გადის ქალაქიდან და ბოლოს იქამდე ეჩვევა ამ მდგომარეობას, რომ აღარც კი უნდა სხვაგან წასვლა. ხალხი ცურაობს, ერთობა, თამაშობს, დადის მყინვარებზე, ყველას ბავშვობიდან ათასი ჩვევები აქვს შემუშავებული, რომ კარგად გაატაროს ზაფხული. ამათი კარგი გატარება კი ეს არის. ო, რა მოუთმენლად ელიან ესენი სიცხეებს და განსაკუთრებით ამ ორ-სამ დღეს, როდესაც, მათ გარდა, თავისუფლად ვეღარავინ სუნთქავს, განა რამე შეედრება ამ ნეტარებას – ირბინო, როცა სხვები ვერ მოძრაობენ, იჩაჩო პერანგები, როცა სხვას მთელ ნერვებად უჯდება ტანისამოსის ერთი ზედმეტი შეხებაც კი ტანთან და, რაც მთავარია, იაზროვნო! იაზროვნო ისე, როგორც ამას ვერ მოახერხებს, ვერ შეძლებს სხვა ყველაზე საუკეთესო პირობებშიც კი, წარმოიდგინეთ თვითონ ისინიც, ერთი სიტყვით, მათთვის ეს ორი-სამი საშინელი დახუთვის დღე არის დაუსრულებელი აღტკინების, ფიზიკური სიმხიარულისა და ნამდვილად სერიოზული ინტელექტუალური აღმავლობის ხანა, რომელიც, რასაკვირველია, თავისი არაბუნებრივი სიტუაციის გამო, გარკვეულ უკიდურესობას აღწევს, ოღონდ ეს უკიდურესობა, თავისი აზრების სიმაღლითა და პოეტურობით, გაცილებით მაღლა დგას მათთვის, ვიდრე წელიწადის სხვა დღეები, ერთად აღებული.
ამ სიცხიანი ამინდების დადგომისთანავე დაეტყო ამ ჯგუფს არაჩვეულებრივი გამოცოცხლება. ყველანი გამოძვრნენ ხვრელებიდან, ზოგი ადგა და, აქამდე მიკედლებული სხვა ჯგუფს, უცებ გაერთიანდა, თითქმის უარყო ყველა და ყველაფერი. უცნაური პროტესტით გაიმსჭვალა მათი გული რაღაცისადმი და კონკრეტულად ყველა იმისადმი, ვინც ვერ იტანს სიცხეს და ეშვება.
7.
ლამაზია კიროვის ბაღი ახლაც კი, როდესაც არც ხეებს და არც ხალხს თავის აწევის უნარიც კი აღარა აქვთ. მებაღეები შეუჩერებლივ რწყავენ წითელ მიწასა და მწვანე ფოთლებს, მაგრამ ეს ხელოვნური ნოტიო კიდევ უფრო ამძიმებს ჩამობურულ ატმოსფეროს, თითოეული გასაგრილებლად აქნეული მოკეცილი საღამოს გაზეთიც კი მხოლოდ მეტ სიცხეს აყენებს, საყელოს გახსნაც კი გასაგრილებლად კარგავს თავის აზრს. ინაბება ყველაფერი და ამ უმოძრაობაში მკვეთრად ისმის ცოცხალი, ხმამაღალი სიცილი, ლაპარაკი, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ზაფხულის ხალხის ფერმკრთალ სახეებზე გამოჯანმრთელებული ავადმყოფის ღიმილი თამაშობს. მათ არავინ არ აქცევს ყურადღებას და სწორედ ეს აძლევს სითამამეს, სიცოცხლეს ამ ადამიანებს, ისინი არც ცდილობენ თითქოს სხვისი ყურადღების მიპყრობას, უცნაური პასიური პროტესტია მათ მოქმედებაში ბუნებისა და დაუძლურებული ხალხის წინააღმდეგ. გაზონის გაყოლებაზე იწყებენ ისინი `დვა უდარას~ თამაშს. თამაშობენ ზუსტად ისევე, როგორც სხვები ნორმალურ პირობებში – გატაცებით და ფარული მოლოდინით, რომ ამ თამაშს უფრო მეტი რაღაცა შეიძლება მოჰყვეს, ამ შემთხვევაში, გონების ვარჯიში, ფიქრი უცნაურად გაჩერებულა ამ დიდი ბავშვების სახეებზე, თითოეული გადახტომის დროს თითქოს თითო აზრი გამოიხატება ან ჩაისახება. ნიავი არსაიდან არ იძვრის და ჩასახულ აზრს გაფანტვა არ ემუქრება, ეს სულ უფრო და უფრო გროვდება, ცხოველდება თამაში. ზედმიწევნით იხატება თითოეულის ხასიათი თამაშისას და, ერთი შეხედვით, ამ ერთი მასიდან მრავალი, სრულიად საწინააღმდეგო ინდივიდუალური ხასიათი იკვეთება, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნის მათ თამაშს, ყველას ერთნაირი უფლებები აქვს თითქოს, რაც იწვევს ერთმანეთისადმი მორიდებულობას და უფლებას არ აძლევს ერთს, გააკეთოს ნახტომი სხვაზე უკეთ, უცნაური ხათრით უყურებს ეს ხალხი ერთმანეთს, საკმარისია რომელიმე ჩაიჭრას, რომ უჭიჭყინოდ დაიკავოს თავისი ადგილი.
8.
ყველაფერში იგრძნობა თავშეკავება, საკმარისია მიუახლოვდნენ მეშვიდე-მერვე დანაყოფს, რომ `ვირი~ გამოცვალონ, ნახტომები ძალდაუტანებელია, უჯიბრო, ვისაც რამდენზე შეუძლია. სხვა დანარჩენი, ცოცხალი, გარშემო გარინდებულია, უმოძრაო. ძალიანა ჰგავს კიროვის ბაღი ამ დროს ომის ველს, სადაც გაწყდა ერთი ჯარი, სადაც გაწყდა მისი მოწინააღმდეგეც და მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი, გაწვალებული მუსიკოსი განაგრძობს დაკვრას მონოტონურად, ხალისით, ოღონდ უჯიბროდ /მტერი აღარ არის/. ხვდება ბარაბანს თავდუნდულა ჯოხი: ბუმ-ბუმ, ვიოლინოს სიმები სულ გაწვრილებულან და ის ნერვიულად, წვრილად უკრავს, დიდი ბასები ერთ ხმაში ბერავენ, საყვირი ჭიმავს, ოღონდ ისე, რომ ზედმეტად აღარ გაჭრას ჰაერი, აქ არის ტკბობა თავისი საკუთარი სიცოცხლით დახოცილ ბრძოლის ველზე და არა ვინმესადმი დაპირისპირება. ორკესტრი ასრულებს თავის სასიცოცხლო მისიას, თავის მინიმალურ მოწოდებას ამქვეყანაზე.
მოთამაშეებს შორის არის ერთი დიდი ზომის ბიჭი, რომელიც ყველაზე გულუბრყვილოდ იღიმება, როდესაც მთელი სიმძიმით, მოურიდებლად ახტება `ვირს~. არის სამი პატარა თხელი ახალგაზრდა, რომლებიც ჩიტებივით მსუბუქად ახტებიან `დედას~, არიან მათ შორის მოკლეფეხება ბიჭებიც, არიან მოკლეხელებაც და ერთი ათლეტური ტანის, ენერგიული სახის ვაჟკაციც. ის მხოლოდ ორ ნაბიჯს აკეთებს, რომ გადაევლოს `დედას~ და მსუბუქად ბრუნდება ბარიერისაკენ. სიცილს და გამორჩეულ სიმხიარულეს იწვევს სულ უბრალო შტრიხები, თუნდაც გადახტომის დროს ვირისთვის წიხლის მსუბუქი ამოკვრა ან სიტყვები `<ფპფჰ პფრჰსდფტნცზ7 წბჰრ ჯნრჰსდფტნცზ~. ყველაზე დიდ გამოცოცხლებას იწვევს, როდესაც დიდი ზომის, თითქმის უკვე კაცი, დგება `ვირის~ ადგილას. პატარა ზომის ყმაწვილები, რომელთაც ყველაზე ძალიან უჭირთ მის ზურგზე გადავლება, ჩუმი სიცილით იგუდებიან, ხოლო თვითონ `ვირი~ მთელი ხმით როხროხებს და სულ კითხულობს: `ჰა, გადახტით თუ არა, რწყილებო?~
9.
უცნაური ხალხია ქართველები, მათთვის არ არსებობს თავისთავად, სხვისგან დამოუკიდებლად, სხვასთან დაუპირისპირებლად, სიამოვნების შეგრძნება, განცხრომა ან ნეტარება, ამიტომ, ერთი შეხედვით, ეს მხიარული თამაში უფრო მეტად უსვამს ხაზს სიცხესა და უმოძრაობას, აშკარად აკლია მათ გართობას შეჯიბრის, მიზნის შეგრძნება, ამას ქვეშეცნეულად გრძნობს თითოეულის სხეული, რაც ერთმანეთისადმი მეტ ხათრს და ამ უმიზნობით გამოწვეულ მორიდებას, მორცხვობას იწვევს. შუა თამაშში მათ უკვე ისეთი სახეები აქვთ, თითქოს ერთმანეთისადმი რაღაც დანაშაული ჩაიდინეს. ხანდახან ჩნდება რომელიმეში წინ გავარდნის, სხვაზე კარგად გადახტომის ნაპერწკალი, მაგრამ დანარჩენები ისეთი სიამოვნებით უთმობენ ამ პირველობას, რომ ის, დამორცხვებული, უცებ იხევს უკან. უცნაურია, რომ `ვირად~ დადგომისას წაჭიჭყინება მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ხდება და არა აზარტისაგან.
ჰალსტუხწაჭერილ რამდენიმე მაკლერს მუმიასავით შერჩენია ოდნავ გვერდზე გადახრილ სახეზე ღიმილი, არც სხვებში იწვევს რაიმე განსაკუთრებულ ემოციას ასეთი, ერთი შეხედვით, ცოცხალი თამაში, თითქოს ყველანი თვლიან, რომ `ეჰ, ეგ არაფერი. ერთი-ორი დღე წაითამაშებენ და მორჩა~, მებაღეც კი არა ბრაზობს, რომელსაც სრული უფლება აქვს იწიწმატოს მიწის გაფუჭებისათვის. ყველაზე მეტად თვითონ ზაფხულის ეს ხალხი გრძნობს, რომ რამენაირად საჭიროა ტონუსის აწევა. `ი, შენი~, წვრილი ხმით ამბობს დიდი კაცბიჭა და პატარა ჭიჭყინას, რომელიც ჰაერშია შემხტარი, პირდაპირ წყლით სავსე აუზში აგდებს. ის ამოწუმპული დგას შუა აუზში და იცინის, დიდი თითქოს იმორცხვებს, რომ შეიძლება ვიღაცას ოდნავ აწყენინა და თვითონაც ხტება აუზში. `აჰა, მერე რა, მეც ხომ ჩავხტი, კარგია, არა, აქ?~. იძახის სიცილით და ორივენი ზევით ამოდიან, სადაც გარემო სწრაფად აცლის ნოტიოს უბრალო ნასახსაც კი მათ ტანისამოსს – კონფლიქტი არ შედგა, ისევ გრძელდება თამაში, ოღონდ ახლა გაცილებით დუნედ, და საცაა ამ ჯგუფმა ფარ-ხმალი უნდა დააწყოს და სხვებში აირიოს.
10.
თამაშის მაყურებელთა შორის ვზივარ მეც. Mმე პირველად მოვხვდი ზაფხულის ამ დროს თბილისში, ჩემი სხეული არ განიცდის განსაკუთრებულ წუხილს არც სიცხის, არც სიცივის დროს, ეგ კი არა, მსიამოვნებს კიდეც ასეთი საპირისპირო მდგომარეობები, იმდენად კარგადა ვგრძნობ ხოლმე თავს. ვგრძნობ, რომ გამოვიყოფი ამ ნახევრად მიცვალებული თეთრი მაყურებლისგან, ზღვის სხივების სიმცხუნვარისგან გარუჯული ჩემი სხეული ოდნავ პრიალებს, თვალებს ვერაფრით ვერ ვასვენებ, ოღონდ მათ ტონში ჩავარდნილი, მეც ჩუმად ველაპარაკები ჩემ გვერდზე მჯდომს, რომელიც ოდნავ დაცინვით უყურებს მოთამაშეებს და ყველა საჭირო მომენტში რაღაც უმტკივნეულოდ იაზვა რეპლიკას აშველებს. პირველად გადავწყვიტე შევკედლებოდი ამ, სიცხისაგან ოლიმპიური სიმშვიდით მსხდომ, მოსაუბრე ხალხს და ჩემი უმოძრაობით ჩუმი უგულებელყოფა გამომეცხადებინა მოთამაშეებისათვის. რამდენიმე ხანი ეს შევძელი, მაგრამ თვალები ვერაფრით ვერ მოვაშორე ხტომას, რომლის თითოეულ ნიუანსს ხარბად ვიჭერ და თითქოს სხეულით ბიძგსაც კი ვაძლევ, რომ უფრო კარგად გადახტნენ, მაგრამ არაფერი არ გამოდის. არ ცოცხლდება და არა თამაში, რაც გინდა დუნე იყოს თამაში, მაინც ვინც მოძრაობს, იმათთან არის ჩემი ადგილი, სულ უფრო ცოტა ყურადღებას ვაქცევ ჩემი თანამოსკამების ბაასს, ერთ-ორ რაღაც ხმამაღალ ხუმრობას ვისვრი, რომელსაც საკმაოდ შეკავებული ღიმილით ხვდებიან და ვიმართები, სიამოვნებით ვგრძნობ, როგორ ტკაცუნობენ კუნთები, ზამბარებივით იჭიმებიან ჩემი ნაბიჯები და მივდივარ მაკლერებისაგან. `ჰაა,~ ვამბობ ხმამაღლა და ენას ვყოფ, მათი თავები ოდნავ იმართება, ხოლო ღიმილი უფრო მკვეთრად ეხატებათ სახეებზე. `აბა!~ ვიძახი უკვე შემობრუნებული და გაქანებული ვახტები უკანა მხრიდან `ვირს~; `ჭ-ხ!~ ისმის ჩემი თავის სხვასთან დაჯახების ხმა, იქითა მხრიდან გამოქანებული ათლეტური ტანის ბიჭი, რომელიც ვერ დავინახე, და მე ერთმანეთს ვეჯახებით, ორივე ვეცემით მიწაზე და ვიცინით.
11.
`ითამაშებ?~ მეკითხება ის, როცა ფეხზე ავდექით ორივენი, `აბა რა!~ ვპასუხობ მე. `ვირი~ კენჭს მიყრის შემოსასვლელისას, მაგრამ თვითონვე ხვდება კენჭი და დგება. მე სულ მავიწყდება, რომ ასე დუნედ მიდიოდა თამაში, `ვირი~ უკვე მერვე ხაზს გასცდა, მე შორს ვიხევ უკან ქანის ასაღებად და თავისუფლად ვხტები, სხვებიც ხტებიან, მეცხრე ხაზთან ერთი იჭრება და ახლიდან იწყება თამაში. ვგრძნობ, რომ უკვე ყველა უკვირდება თავის ნახტომს, რაც უფრო მახალისებს, `ვირი~ მეათე ხაზამდე ადის, პირველი ვხტები მე, მეორე რიგშია ათლეტური ტანის თხელსახიანი ბიჭი. ვხტები მთელი ძალის დაძაბვით, ოღონდ მაინც თავისუფლად, ვგრძნობ, რომ ორი ხაზი კიდევა მაქვს მარაგში. `აბა, ჯუმბერ!~ ამხნევებენ მას ბიჭები. ის ემზადება, რამდენიმე უმოძრაო დგება თავისი სკამიდან და ახლოს მოდის საყურებლად. `თამაში გახურდა~, ხმამაღლა ხითხითებს ერთი მაკლერი. ის ბიჭი გამორბის და ხტება, სხვები უარს ამბობენ გადახტომაზე, შეჯიბრი ჩვენ ორ შუა გრძელდება, სხვებმა თავისი უფლებების დაცვა ჩემს მოწინააღმდეგეს მიანდვეს, მე, ჩემს თავს, ვერც კი წარმომიდგენია, რომ მას მივანებო პირველობა; უკვე მეთერთმეტე ხაზზე დგება `ვირი~, მანძილი საკმაოდ დიდია, ახლა უკვე ბევრი ცნობისმოყვარე მოდის საყურებლად, მებაღე დიდი ცოცხით საჩხუბრად ემზადება, მაგრამ მასაც აინტერესებს გადახტომის შედეგი, საიდანღაც ჩნდება უცნაური აზარტი. `აბა, ჯუმბერ, აბა, ჯუმბერ!~ ისმის აქეთ-იქიდან, `არ შეარცხვინო კიროვის ბაღი~. ჯუმბერი ქანს იღებს ჩემ წინ, პირველ ცდაზე ვერ ხტება, ვერც მეორე ცდაზე ხტება და ძლივს იმაგრებს თავს, რომ ზედმეტი ნაბიჯი არ გააკეთოს, მაკლერები ფეხზე დგებიან. მე ურიგოდ გამოვრბივარ და ვახტები გაჭირვებით, მაგრამ მაინც თითქოსQმსუბუქად. `ვირი~ გამართვას აპირებს, ოღონდ ჯუმბერი არ უშვებს, დაუფიქრებლად გარბის ბარიერისკენ, ხტება, ახტება `ვირსაც~ და მაკლერების ფეხებთან იშხლართება, ნიკაპს სკამის კიდეს არტყამს და სისხლი მოსდის.
12.
`დავანებოთ ამ ბავშვობას თავი,~ იძახის მსუქანი ბიჭი; ჯუმბერი წყლით იწმენდს სისხლს და დაცერებული ღიმილით მოდის ჩემკენ. `ყოჩაღ, მაჯობე,~ მეუბნება ის. `რატომ? შენც ხომ გადახტი~, ვპასუხობ მე. `ეგ ყველაფერი ბავშვობაა~, ისმის ხმები, ჯუმბერი ჩემ სახესთანა დგას და ნიკაპს ირონიულად ათამაშებს, ერთხელ დაძრული ჩემი სხეული ვეღარ ისვენებს, ყველანი რაღაც დაძაბულობას გრძნობენ და გარშემო გვერტყმიან; თითქოს სადღაც გაქრა სიცხე, ვგრძნობ როგორ იმსჭვალება შურითა და ზიზღით ჩემდამი ხალხი, კაცისადმი, რომელიც სიცხეს მართლა უარყოფს. `ამ სიცხეში რა დროს შეჯიბრია,~ იძახის ვიღაცა, მაგრამ არც მას, არც სიცხეს უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ. `ჩვენთვის ეგ გართობა იყო,~ არ ცხრება მსუქანი. `არ გავაგრძელოთ გუშინდელი კამათი?~`რა დროს კამათია!~ მკვეთრად პასუხობს ჯუმბერი. მე აუღელვებლად ვუყურებ. იმ ფაქტის გამო, რომ რაღაც მოხდა, რამაც ერთი წამით სიცხე დაავიწყათ, მაკლერები სიამოვნებისგან იფშვნეტენ ხელებს. ისინი აშკარად შეჯიბრის ჟინით ანთებულ, ნეიტრალურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც როგორც პატარა ბავშვებს, ხან ერთს უდგებიან, ხან მეორეს, რომ აჭიდაონ და გაერთონ. მოთამაშეები, რასაკვირველია, ჯუმბერის მხარეს იჭერენ და აშკარად უნდათ მოიგონონ ისეთი თამაში, სადაც ის გაიმარჯვებს; ახლა უცებ გამოიკვეთა, რომ ეს ბიჭი, რომელიც მე მომწონს კიდეც, ფერმკრთალი, დამცინავი სახით, თურმე მათი ბელადია, რაზეც არც ერთი მათგანი არ დაფიქრებულა აქამდე, ახლა ყველა მასზე ამყარებს იმედებს, მის მხარესვე იჭერენ უმოძრაო მეზაფხულეებიც. მე სულ მარტო ვარ, ყველას უნდა ჩემი დამარცხება, ეს მეტ ძალას და გამბედაობას მაძლევს, თანაც ინსტინქტით ვგრძნობ, რომ უმეტესობას კი არა, თითქმის ყველას, თავისი ახლად აღმოჩენილი ბელადის დამარცხება უფრო გაუხარდება გულში, ვიდრე ჩემი, თუნდაც იმიტომ, რომ ის უკვე უნებურად მათი ბელადია. მე, რაც შემიძლია, გულგრილ და დამცინავ სახეს ვიღებ.
13.
ყველანი ელიან, რომ ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ ლაპარაკი ჯერჯერობით მშვიდობიანი მიდის. ხალხი ნელ-ნელა აწვება ჩემს მოწინააღმდეგეს უკნიდან. ის სულ ახლოს მოდის ჩემთან და ვგრძნობ მის ხშირ სუნთქვას. `ვიჩხუბოთ~? უცებ ვეკითხები მე პატარა ბავშვივით. მსუქანი დაიძაბა: `ჩხუბი, რა, მოწაფეები ხო არა ხართ ამხელა ხალხი!~ გურამს ერთი სისულელე ყოველთვის აქვს მარაგში: `გინდა სირბილში გავეჯიბროთ~?! ამ სიტყვებმა განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია, როგორც გამოირკვა, მისი მოწინააღმდეგე ერთ დროს სირბილში ვარჯიშობდა და მესამე თანრიგიც აიღო. მთელი ატმოსფერო შეჯიბრისა და პირველობის ჟინით იტენება, ო, რა წვრილმანებში მჟღავნდება უდიდესი ვნებები ჩვენს საქართველოში. აქამდე ეს სერიოზულად განწყობილი ხალხი ვერაფერს უცნაურს ვერ ხედავს ამაში. კიროვის ბაღის გარეშემო ფართო გზა მიდის ოვალურად, ზედ წამოხურული ჭადრების ქვეშ. ეს გამოცდა გურამისთვის არაფერს არ ნიშნავს, ის ენდობა თავის სუნთქვას, ფეხებს, გამძლეობას, პირიქით, სახეზე სიხარული ეხატება, რომ ზედმეტი ენერგია უნდა დახარჯოს, შეჯიბრი სიხალისეს მატებს. სიხალისე ემატება ყველა მაყურებელსაც, რომლებიც სიცხეს თითქმის აღარ აქცევენ უკვე ყურადღებას. ხმამაღალი ლაპარაკით იჭერენ ადგილებს გზების გასწვრივ. მხოლოდ ორი-სამი ბიჭი მეზაფხულეებიდან ჩურჩულით მისდევს ჯუმბერს, რომელიც კვლავ ირონიულად იღიმება; ეს ირონია თითქოს ყველაზე მეტად თავის თავისადმია მიმართული, იგი ეხება მის შედარებით სისუსტეს, რასაც გრძნობს ამ ჯანსაღ ბიჭთან შედარებით, ეხება იმ წლებს, რომელიც ტყუილად დაკარგა და რომელთა განმავლობაშიაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო, გარდა მათი უქმად დაკარგვისა. ის ორი-სამი ბიჭი, რომლებმაც თავიანთ ლიდერად წამოაყენეს, გრძნობენ ამასვე და უშედეგოდ ცდილობენ უარი ათქმევინონ უმიზნო შეჯიბრზე.
14.
შეჯიბრი თავისთავად მიზანია! იგი მოითხოვს ფიზიკურ ენერგიას, სულიერ ძალას და ელასტიურობას, უფრო ზუსტად, ორივე ენერგიის რაციონალურად და ეშმაკურად გამოყენებას, ეს ბოლო სიტყვა ეკუთვნის მოწინააღმდეგის შეგრძნებას, რომელიც უნდა მოტეხო, თუ მასში ორივე ეს ენერგია ერთნაირი ზომით არ არის განაწილებული. ჯუმბერი თავს შეზღუდულად გრძნობს ყოველ ნაბიჯზე – მასზე იმედებს ამყარებენ! ყველა გურამის წინააღმდეგია ოფიციალურად, ის მათში მხოლოდ ერთ მოწინააღმდეგე მასასა გრძნობს, რომელსაც უნდა აჯობოს, ჯუმბერისთვის ეს ერთი მთლიანი მასა ცალკეულ პიროვნებებად იყოფა, რომელთა აზრსაც მისი გონება ცალ-ცალკე ამუშავებს მისი გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში, ეს დაშლა უკვე ამძიმებს მის სულიერ ძალას და ასუსტებს. ფეხებს ის ძლიერად გრძნობს, მაგრამ მუხლები ოდნავ უთამაშებს, ერთი წამით მის გონებას უაზრობად ეჩვენება ეს შეჯიბრი და ეს მომენტი წყვეტს ყველაფერს: ღირს თუ არ ღირს? ორად ყოფს ეს კითხვა მის ნებისყოფას. გურამი კი არ ფიქრობს არაფერზე, მსუბუქად გარბის პირველ წრეს საკმაოდ მაღალ ტემპში, მერე განგებ რჩება და წინ უშვებს მოწინააღმდეგეს, რომელსაც ფეხში უჯდება და სუნთქვით აგრძნობინებს, რომ ყოველ წამში შეუძლია გაუსწროს. მეორე წრის შემორბენის შემდეგ აღარავინ აღარ ხმაურობს. მეზაფხულეები განიცდიან ჯუმბერის გაორებას, ჯუმბერი უკვე მძიმედ ქშინავს: `რა ჩემი საქმე იყო ამასთან შეჯიბრი, პირველ შემხვდურთან, თანაც ასეთი უაზრო~. ეუფლება მის სხეულს ეს განცდა, ის კი სულ ახლოს მორბის მასთან. `მომიგებს, მომიგებს, მომიგებს,~ ფიქრობს ის. `მოიგოს რა~? პასუხობს თავის თავს და თითქოს ეშვება, სწორედ ამ დროს გურამი წინ გავარდება და უნებურად თავის რიტმში იყოლიებს ჯუმბერს. ფეხები აღარ ემორჩილება ჯუმბერს, საშინელი სევდა იპარება მის შეჯიბრში, მის სხეულს უკვე აღარ შეუძლია შეჩერდეს და გარბის, გული მძიმედ, შეყოვნებებით მუშაობს.
15.
უცებ ამ ჩამოვარდნილ დაძაბულ სიჩუმეში ისმის ყვირილი და ყველანი მათკენ მორბიან. სირბილისას ამოძრავებული ხელოვნური სიო უცებ გუბდება. გურამი ჩერდება და უკან იხედება. შუა გზაზე გაშხლართულ ჯუმბერს პირი ფართოდა აქვს გაღებული, თვალები თითქმის უვარდება ბუდეებიდან და მათში, მიუხედავად ასეთი დაძაბულობისა, საშინელი კაეშანი და უძლურებაა ჩაღვრილი, `ო, თქვე ფინთო ვაჟებო, რა უბრალოდ დაიღუპეთ თავი!~
`რა უბრალოდ, რა უბრალოდ, რისთვის~? მეორდება დაუსრულებელ კითხვებად გურამის თავში. ერთი წამით ქრება სიცხეც, მეზაფხულეთა სახეებიც, თბილისიც, თვითონ ისიც და ცარიელი გაბერილი სივრცე იკავებს ყველას ადგილს. გარეშემო ხალხი ტრიალებს, ხრიალებს, ყვირის, ჭიჭყინებს, ყველანი ჯუმბერს ეხვევიან. `მოკვდა, მოკვდა,~ ისმის ხმები. გურამი სულ მარტო დგას, აღარავინ არ აქცევს მას ყურადღებას, არც ლანძღავს, არც ზიზღით უყურებს, უცებ საშინელი სიმკვეთრით იჭრება თითოეულის მოფუსფუსე სახე, ზოგს თვალებზე ცრემლები აქვს, ბაღში პირდაპირ შემოდის სასწრაფო დახმარების მანქანა, მიაქვს ჯუმბერის სხეული. დაცარიელებულ ხეებში სულ მარტო რჩება ის, აუტანელი სიცხე აწვება ყოველი მხრიდან და თავის მოკვლასავით ძნელი ეჩვენება ყველაფერი გარეშემო, და ისევ საიდანღაც გრძნობს წარმოუდგენელ ენერგიას, რომელიც ყველაფერს ბურუსში ახვევს და მოძრაობას მოითხოვს მისგან, მაგრამ არა ჩანს ამ ერთფეროვნებაში არც ერთი გზა, საითაც შეიძლება გაიქცეს და ის ადგილზე იძაბება, სიკვდილი, მეზაფხულეების სახეებიც სულ ქრებიან მის გონებაში და მხოლოდ რჩება ის განცდა, რომელიც სირბილის დაწყების წინ ჰქონდა. არ უნდა იფიქროს, უნდა გაიქცეს და სირბილი იფიქრებს თვითონ მის მაგივრად.
16.
გარბის გურამი რიყით ხეობაში, ნისლებს მთის წვეროები დაუპყრიათ და აქ თავისუფლად თამაშობს მზე და ქარი. `მე მოვდივარ თბილისიდან, მოვედი ხევსურეთში, რა მინდა?~ ამ ბოლო კითხვას ებრძვის მისი არსება, ყრუ ტკივილივით აძლევს მისი გული ექოს. `საერთოდ რა მინდა, რა მინდა, რა მინდა!~ გაქანებული შეჩერდება ჩანჩქერის პირას და მშრალ რიყეზე მიწვება. აგერ იქ, ქვევით, ჩანს სოფელი, მისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი მთის ფერდაზე იგრიხება, სოფლის ორივე მხარეს წყალი ჩადის ლაპლაპით, მერე დიდ მდინარეს ერთვის, წყალი ხმაურობს აქვე მის ფეხებთან, თოვლიანი კლდიდან წყვეტილი წივილით მორბის რამდენიმე ნაკადული, მის გვერდით მჟავე წყალი ამოდის და წითელ ფერს აძლევს რიყის ქვებს, ის შიგ ყოფს სახეს და სიამოვნებით გრძნობს, როგორ ეწვის მზეზე დამწვარი კანი, ის რიყეზე გადაწვება, ერთხანს ჩუმად არის, ათასი წყლის ხმები ერთ მუსიკად ისმის მის გარშემო, მერე ირჩევა ერთი ხმა, რომელიც სხვებს ფარავს. გურამს თავი დაუდვია მშრალ რიყეზე და ქვევიდან ესმის წყლის რაკრაკი. ის ხელით ამოაგდებს რამდენიმე ქვას, ქვევიდან მრგვალი ბურთებით ამოდის წყალი და მშრალი ქვებით ეშვება ჩანჩქერისაკენ. მოპირდაპირე ფერდაზე მოჩანს პატარა, შავი ნიში, რომლის შუაშიც ღარია ჩადებული, გვერდზე, ქვაზე, სიმჟავისგან გაწითლებული კათხა დევს, დარში ბარაქიანად გადმოდის მჟავე წყალი, ამ წყაროს ცოტა ქვევით კიდევ სხვა წყაროა, ერთი წყარო ზედ წყლის პირზეა გაკეთებული. მათ თავზე ამოსულ მინდვრის ბალახებზე დიდი კურცხალი წვეთები ჰკიდია. მილიონ წყლის წვეთებს შეუყრიათ თავი ცვრიან ბალახში, მილიონი ნაკადული იბადება აქ, ყველგან, მხედველობის არეში, მოჩანს ათასი წყლებით დასერილი მთის ფერდები, ხეობები, სოფელი.
17.
მზე ისევ აცხუნებს და სასიამოვნო ჰაერსა ქმნის ამდენ წყლებთან ერთად, ლაპლაპებენ შავი კლდის ნაოჭებში შერჩენილი ზვავები, რომელთა წიაღიდანაც პირდაპირ ჩანჩქერად გადმორბიან წვრილი ნაკადულები. ეს ნეტარი, უამრავი, მრავალფერი სინესტე უდიდეს ცეცხლსაც კი დააწყნარებს, ოღონდ ისე თავისებურად, ზომიერად, რომ არ ჩააქროს.
დიდი ცხვრის ქურქი, რომელშიაც მაგრა გახვეულა გურამი, იცავს მას გარე სამყაროს ზედმეტი შეგრძნებისგან და სასიამოვნო ჰარმონიასა ქმნის. უმოძრაო, მოაზროვნე, შემგრძნობი კუნძულივითა ზის ის ამ მოუსვენარ, მოძრავ, ერთი მიმართულებით ზევიდან ქვევით მორბენალ წყლებს შორის, რომლებიც ასე უცნაურად მოქმედებენ ცოცხალ არსებაზე სწორედ იმით, რომ პირდაპირ, უხეშად არ ერევიან სხვის განცდებში.
ის იმართება, თავისდაუნებურად აწყობს ვაზნებს თოფში და ნელი ნაბიჯით მისდევს მდინარის გასწვრივ დაშვებულ ბილიკს, მილიონი ნაკადულები დაუსრულებლივ უსერავენ გზას. უმიზეზოდ იცინის მისი სახე, სრულიად ავიწყდება ყველა კითხვა, ყველაფერი, რაც ტანჯავდა აქამდე, მიუხედავათ იმისა, რომ სახიერად ყველაფერი დგას მის თვალწინ კინოს სიცხადით, მაგრამ ეს კადრი მის შეგრძნებას აღარ ეხება. სოფელი ხან მოახლოვდება მასთან, ხან შორდება, ჩნდება და ქრება ფერდის იქიდან ბილიკის მიმართულებით. ბოლო კლდეებიდან წივილით ამოფრინდა ნაცრისფერი მურთხი, ფერდაზე გაშლილი ნახირი თავმოუბრუნებლადა ძოვს ნესტიან ბალახს. გოროხებშუა დიდ ქვასავით მორთხმულა თექაში გახვეული მწყემსი ბიჭი, აქედან უკვე მკაფიოდა ჩანს ბანის თავებზე მოფუსფუსე ხალხი, რომელიც გარეთ გამოყრილ ლეიბებსა და ნივთებს შორის შეუჩერებლივ მოძრაობს, ერთ ეზოსთან განსაკუთრებით ბევრ კაცს მოუყრია თავი, სოფელზე წამომდგარ ქიმზე დგას გურამი, ხელში თოფი უჭირავს და ქვევით იყურება:
18.
უცნაურადა ჰგავს ამდროინდელი მთელი ხევსურეთი თავისი აფორიაქებით გურამის ხასიათს, არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც თავისი ბარგი გარეთ არ გამოეყაროს ბანებზე, ამზეურებენ, კრავენ, ზედმეტს წვავენ, ახალს კერავენ, ემზადებიან. ძალიან გაუჭირდა ამ ხალხს დაქანებულ, უველო ხეობებში და საჯიხვე ჭიუხებში ცხოვრება, თავკაცებმა სთხოვეს მთავრობას ბარში გადასახლება, მთავრობა ჯერ უარზე იყო, მაგრამ ამ დროს ხეობებში ხმა დაირხა, რომ მათი გადასახლება გადაწყვეტილი საქმეა, ყველას დაავიწყდა, თვითონ თავკაცებსაც კი, რომ მათ თვითონ ითხოვეს ბარში დასასახლებლად ადგილები და უცნაურად გაჯიუტდნენ. შეიკეტნენ თავიანთ სახლებში, ყველგან, განსაკუთრებით ოფიციალურ ორგანოებში, სადაც კი შეიძლებოდა, ხმა მიაწვდინეს, რომ `ხევსური ვერ გასცვლის თავის სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა~; გადამსახლებელი კომისია, რომელიც მშვენივრად გრძნობდა უმოქმედოდ თავს და სულ არ ფიქრობდა ხევსურებზე, უცებ შეფუცხუნდა. რამდენიმე პატაკი წარუდგინა მთავრობას, რომ შატილის, არხოტის და ბარისახოს თემები წინაღუდგებიან და მათი გადასახლების შესახებ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან /ფაქტიურად, ასეთი გადაწყვეტილება არც კი არსებობდა, მაგრამ ის სასწრაფოდ გამოსცეს თვითონ ხევსურთა მოთხოვნის საფუძველზე/, მოკლედ, დიდი წვალებით, ოღონდ მაინც საკმაოდ მხიარულად, მიდიოდა ხევსურთა გადასახლების საქმე ქაღალდებზე, სანამ მთავრობაც და ამ თემების მოსახლეობაც ფაქტის წინაშე არ დადგა; რამდენიმე ოჯახი, რომლებიც თავისი ნებით წავიდნენ წითელ წყაროში და სამგორში, იქვე დაიშალა, ნაწილი ბარში დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი მოთქმით და ბარის ცხოვრების გინებით დაბრუნდა მთაში, სადაც სწრაფად შეალაგეს უკან გარეთ გამოყრილი ბარგი და ნახევრად საბრძოლო მდგომარეობა გამოცხადდა. შორეულ სოფლებში აქა-იქ გამოჩნდებოდნენ აგიტატორები, რამდენიმე მილიციელის თანხლებით, და თავისი მისიის საპირისპიროდ ყველგან გადასახლებისადმი ზიზღს ნერგავდნენ.
19.
ერთ-ერთი ასეთი აგიტატორი იყო მელოტი მეგრელი, რომელიც უცებ შეეთვისა ხევსურებს და ბარის უპირატესობის შესახებ ყოველი ჩატარებული ლექციის შემდეგ ხახაგამშრალი ხარბად ეწაფებოდა წყაროს ცივ წყალს და თან ოხრავდა ყველას გასაგონად: `ეჰ, ეჰ, ვლაპარაკობ რა მეც! აქანა წყალი მაინცაა ცივი, სად ნახავ იმ გადახრუკულ სამგორში~! ხევსურები ამ ქარაფშუტულად, უაზროდ ნათქვამი სიტყვების მოსმენისას, მრავალმნიშვნელოვნად იქნევდნენ თავს და გამგებიანად უტყაპუნებდნენ აგიტატორს მხარზე და მელოტ თავზე თავის თათებს. საბოლოოდ, სულ გაკეკლუცდნენ ხევსურები, ფერდობზე დაკიდებული ყანების დამუშავებას თავი მიანებეს და გადაბმულ სჯა-ბაასში ატარებდნენ დროს; მელოტ აგიტატორს ხევსურული ჯუბა ჩააცვეს, საიდანაც ტიტველი ხახვივით ქანაობდა მისი თავი, ყოველთვის მხიარული და მოღიმარი. ზარმაცმა უსაქმურობამ მოიცვა ხევსურეთი, რომელსაც წინათ ერთი წამითაც კი ვერ წარმოედგინა უმოძრაობა და, თუ აღარაფერი არ იყო გასაკეთებელი, დაითვრებოდა და ჩხუბს მაინც ატეხდა.
უსაქმურობისგან გამოწვეული ნერვიული სიმხიარულე იდგა დიდი არღუნის ხეობის გასწვრივ, ორ-სამ დღეში ათენგენიც იწყებოდა და დასტურ-ხევისბერები დილიდან ღამემდე სამზადისში იყვნენ, სამზადისი არაჩვეულებრივად მსუბუქად დაიწყო, ყოველგვარი რელიგიური ექსტაზის გარეშე, ახალგაზრდა დასტურებმა რამდენიმე ქალაქური ხუმრობაც კი ისწავლეს, მათი სახეებიდან თითქოს გაქრა ჯმუხი, პირქუში გამოხედვა. `ეეჰ, ეჰ~, იძახდნენ დარბაისელნი, `ამჩატდნენ ჩვენი ვაჟები, ეტყობა, ირღვევა მთა~.
გადასახლებისთვის მოჩვენებითად წინააღმდეგობის გამწევი ხევსურები დილიდან საღამომდე ჟრიალებდნენ, დედაბუდიანად გამოსული ბანებზე, გაჰკიოდნენ გაღმა ხატში, ექოსავით ეხმაურებოდნენ აქეთ. ისეთი განწყობა იდგა მთაში, როგორიც თეატრში წასვლის წინა დგას ხოლმე ქალაქის რომელიმე ოჯახში, მაგრამ, რასაკვირველია, ამ მოჩვენებითი სიმსუბუქის უკან იმალებოდა მრავალწონიანი და სერიოზული რაღაც.
20.
ტრიალებდა ორნაირი ბოღმით ხევსურის გული, ის გრძნობდა, რომ აუცილებელია ამ ხრიოკი ვიწროების დატოვება იმისათვის, რომ საბოლოოდ არ ჩამორჩეს დიდ სამყაროს, იმისათვის, რომ ჩაიცვას, დაიხუროს, წაიკითხოს, გაიხედოს, იშრომოს და ეს შრომა სხვასაც სჭირდებოდეს, მის ოჯახს გარდა; მაგრამ რამდენადაც აუცილებელი იყო აქეთკენ წასვლა და გადაწყვეტილიც კანონზომიერებით, მით უფრო უძალიანდებოდა ადამიანი თავის ქვეშეცნეულ სურვილს: `სად დალევ ასეთ სვიან ლუდს ან წყაროს ცივს, სად ნახავ ასეთ ჭაუხებს ან ჯიხვზე სად ინადირებ, სადღა იქნება ათენგენი, ვის აცვია ასეთი ჭრელი, ჯვრიანი ჯუბები~. `ვის, სად?~ `ვის? სად?~ იხლიჩებოდა ამ კითხვის ტკივილისგან ხევსურის გული. უმეტესობა ვერ აუვიდა ამ ორი კითხვის სიმძიმეს, ჭიდილს ძველსა და ახალს შორის და თავი მიანდო დინებას.
მარტოპერანგიანი, ქვედატანშიშველი ბავშვები, მიწით მოთხვრილი წითელი ლოყებით, იდგნენ ბანის კიდეზე, მათ უკან ჩოჩქოლებდნენ დედები, კაცებს ტალახიანი მოედნის შუაში მოეყარათ თავი, რომელსაც სამამდე წყარო ჩამოუდიოდა გარეშემო. კაცებში იდგა ბებერი დედაკაცი, დაჩეხილი, შეხორცებული სახით, თითქმის უწარბებო, და სადღაც სიღრმიდან ამოძრავებდა ცოცხალ, მოძრავ თვალებს, თავზე უზარმაზარი ხევსურული ჩიხტაკოპი ედგა, მაგრად ჩამოფხატული უხეშ, ხშირ ჩოლკაზე და ტანზე ეცვა უამრავი ჭუჭყიანი კაბა. `აშაქალ, აშაქალ~ ისმოდა ბანებიდან ხმები, დედები შვილებს უყურებდნენ და გათვალვის წინააღმდეგ ტუჩებით ჩუმად ულოცავდნენ.
`აშაქალ, რას აფასებ მაგ ფაშატს?~
`ორ ექვსი წლის ცხენს, ოთხ ძროხას და რვა ცხვარს, თავისი წინდებით.~
21.
შიშველზურგიანი ფაშატი, რომლის სადავეც აშაქალას ეჭირა ხელში, ენერგიით და სირბილით, სავსე გავებზე დაყრდნობილი, ნახევრად ყალყზე აწეული იდგა უკანა ფეხებზე. დიდი, ბავშვური თვალები ჯიუტად იყვნენ გახელილი და ოდნავ ირხეოდნენ ფრუტუნის დროს, მისი პატარა, ზედმიწევნით ლამაზი და ცოცხალი ტანი ოთხივე ფეხით მოძრაობდა პატარა ნახტომებით ლაგამის გარეშემო, რომელიც აშაქალას ეჭირა. ცხენი მოძრაობდა ყოველმხრივ და მოწყვეტილი ნახტომებით, რისგანაც თითქმის სწორი წრეხაზი შექმნა ზედმოხლილი ხევსურებისგან. წრის იქიდან ელაპარაკებოდნენ კაცები აშაქალას.
– ვიღასღა უნდა შენი ცხენი, აშაქალ, ბეჩაო, ხალხი ბარში მიდის, რა თავში იხლის იქ.
– აბაბაბაბა... – იძახდა აშაქალა და თვალებს ათამაშებდა.
– ერთი ცხენი მაინც რო დაგეკლო...
– აბაბაბაბა... – მოუსვენრად აათამაშა აშაქალამ ორივე თვალი. ვიღაც ხევსური უცებ შემოხტა წრეში და ნესტოებში უტაცა ცხენს ხელი კისრის დაღის დასანახად, აშაქალმა მარჯვედ ჩაარტყა ირიბად სილა და ცხენი წრეში დაატრიალა.
– აბა, არავის უნდა ბა... – ამოიყვირა.
ხევსურებმა ჩქარი ჯუჯღუნი დაიწყეს, აშაქალამ აცადა, მერე ისევ შეეკითხა. ვიღაცამ პური მოუტანა თხის რძის ქოთანთან ერთად. ცხენის პატრონმა ქოთანი მოიყუდა და ყლუპ-ყლუპით დაიწყო რძის სმა, თეთრი, სწორი ნაკადულები დაეშვნენ მის კაბაზე. ახლა მან პური მოიფშვნა და ისევ მოიყუდა რძე, დარჩენილი უხეშად გადაასხა გარშემოხვეულთა ფეხებისკენ და ნახევარ პურზე მეტი ჩაუდო ცხენს პირში, რომელიც დაიკუზა და ხრაშუნით, უცნაური ენერგიით დაიწყო პურის ფშვნეტა.
22.
უცებ ცხენმა მთელი ძალით მოქაჩა აღვირი, ყალყზე შედგა და აშაქალი დაითრია.
სახლებზე წამომდგარი კლდიდან თოფი ორივე ლულით გავარდა. აშაქალმა თვალები მიაშტერა იმ ადგილს. იქ გურამი იდგა, თითქმის თითის წვერებზე აწეული და ცმუკავდა, მერე ისევ ჩააწყო მასრები, თოფი ხევსურებს დაუმიზნა, შემდეგ მეორე ხელი თვითონ აჰკრა თოფს და ჰაერში დაცალა ორივე ლულა: `იჰჰიჰიჰიო,~ ახვიხვინდა ლაგამდაჭიმული ცხენი. `უჰუჰუჰუ,~ წიოდა და სულელივით იცინოდა გურამი. აშაქალმა ჩაიბუქნა და პატარა ჯოჯოს დაემსგავსა, მერე ღოჯებიდან წვრილი ენა გამოყო და ალაპარაკდა: `ეგ მხედარ იყიდის ჩემ ცხენს, ეტყობო, ქისტია, ქისტი იყიდის ჩემ ცხენს, ქისტს პატარა დაშნას ვაჩუქებ ცხენთან ერთად~. ხევსურები გურამის ხუმრობაზე უკმაყოფილოდ ამოძრავდნენ, უმეტესობამ თავისი სახლებისკენ დაუხვია. გამართული, მსუბუქი, დოღში გამარჯვებული ცხენის ნაბიჯებით შემოვიდა გურამი სოფელში და პირდაპირ აშაქალასთან მივიდა. `გამარჯობა,~ უთხრა ხმამაღლა და ხელი გაუწოდა, აშაქალა სულ დაიმანჭა და გრძელი თითები ჩასტაცა ჯადოქარივით. `თქვენც გამარჯობათ,~ მიუბრუნდა გურამი ხალხს. `აბა, როგორა ხარ, ხომ კარგად იმგზავრე, ხო არა გიჭირს რა,~ ადუდღუნდნენ ხევსურები, ჩვეულებისამებრ. `მე არა მიჭირს რა, თქვენ ხომ კარგად ხართ?~ ტონში უპასუხა გურამმა და მთელი სახე დაეხლიჩა ღიმილით, ნელა ამოუსვა ფაშატს ლაშებზე ხელი, ფაშატი გაინაბა, აშაქალამ ლაგამი გამოჰკრა და ცხენი ადგილზე შებზრიალდა. `ვინ ხარ?~ ჰკითხა გურამს და ბოროტად დაუქაჩა თვალები, რადგან დარწმუნდა, რომ ეს ქისტი არ იყო.
23.
`თბილისელი ვარ,~ სწრაფად უთხრა გურამმა. `რა გინდა?~ ამოიყვირა აშაქალამ. `ცხენზე ჯდომა,~ უცებ ჩასძახა გურამმა ყურებში და აღვირი ხელიდან გამოსტაცა. `აბაბაბაბაბა!~ აყვირდა აშაქალი. დაძაბული ხევსურები არც ხმას იღებდნენ, არც იძვრებოდნენ ადგილიდან. გურამმა ფეხდაფეხ გამოაჭენა ცხენი, მერე უცებ გახტა ბილიკის ზევით და ზურგზე გადაევლო. გაშტერებული ცხენი ოთხივე ფეხით ჩაესო მიწაში უმოძრაოდ, მერე მთელი ტანით ათრთოლდა და ადგილს მოსწყდა. `აბაბაბაბაბაბაააა!~ ყვიროდა კლდის წვერზე ამოვარდნილი აშაქალი ქოშინით, ქიმის ძირას გაკრულ ბილიკზე გალურსული მირბოდა ოთხით და ცეკვით ცხენი. `ბაბა..ბა..~ შორს გამოსცა მისი ხმა ექომ, კლდე გათავდა და გაიშალა ცხენის ჭენებაც ყვავილიან ფერდაზე, რომელიც მეორე, უფრო შავ თოვლიან კლდეში იჭრებოდა. სწორედ ამ კლდიდან გამოვარდა ექო და ჭენებისგან ატაცებულმა გურამმა სულ ბოლო წამში შენიშნა, რომ მის წინ საჭენებელ გზაზე ცოცხალი არსება იდგა და ორივეხელაწეული გზას უღობავდა. `ფშუ, ფშუ.~ მოისმა მისი წვრილი, თითქოს სუსტი ხმა და გურამმა ძლივს შეძლო მთელ სვლაზე შეეჩერებინა ცხენი, რომელიც, ოთხივე ფეხჩასობილი, რამდენჯერმე ჰაერში შეხტა და გოგონას წინ გაჩერდა. გოგონას ხელები უკვე დაეშვა და დიდი, გაკვირვებული თვალებით უყურებდა მხედარს, რომელიც ცხენიდან ჩამოხტა და თავის მხრივ არანაკლებ გაკვირვებული დააშტერდა ამ თხელ, უცნაურად ჩამოკვეთილ 13-14 წლის გოგონას. მას ოდნავ გვერდზე ჰქონდა ყელი მოხრილი, რამაც ზედ მიხლილ გურამს თითქოს ენა გაუჩერა და ვეღარაფერი ვერ ჰკითხა. ის იყო ძლივს მოვიდა გონზე გაორებული ცხენს და მშვენიერ გოგოს შორის, რომ ისევ მოისმა სულისგამკვეთი ხმა – `აბაბაბაბა...აბაბაბა~!
24.
ფერდის ზევიდან, კლდე-კლდე, ქაჯივით მოხტოდა აშაქალა, მერე სრიალით დაეშვა მოსრიალებულ სველ ბალახზე, ცხენს ლაგამში სტაცა ხელი, არც კი შეუხედავს გურამისთვის, ისე თქვა: `წინ იარე, მზია, ვიჩქაროთ, თორე დაღამებამდე ვერც კი მივასწრებთ~. გურამი სირბილით წამოვიდა, არც კი უფიქრია, ისე, სოფლისკენ. თავისი ქურქი და გადაგდებული თოფი აიღო, უკან გამოუდგა იმათ. ისინი უკვე აღარა ჩანდნენ, ის ბილიკს მიჰყვა, ჭალაში ჩაირბინა და ხმაურიანი არღუნი წელამდე წყალში გასტოპა, მდინარის მოსახვევში პატარად მოჩანდა ცხენზე მჯდომი აშაქალი, რომელსაც მზია შემოესვა უკან და ხეობის გაყოლებაზე ქვევით მიჭენავდა. სირბილით მიჰყვა მათ გზას გურამი, ჯერ თავისუფლად, სიხარულით გარბოდა, შემდეგ აქლოშინდა და ათასი ცუდი მოგონება წამოეშალა თავის ბოლო შეჯიბრთან დაკავშირებით, ამიტომ ნაბიჯზე გადავიდა და სრულიად უაზროდ ღრიალი დაიწყო, ორივე მხრიდან წამომდგარი მთები ექოებად დაიხლიჩნენ, ცდილობდნენ გურამისთვის ეჯობნათ ყვირილში. მზე პირდაპირ ზევიდან ჩაეშვა ხეობაში, ათას ცისარტყელებად ათამაშდნენ ლოდებზე დამსხვრეული არღუნის შხეფები, ბილიკი სულ ახლოს მიეკრა მდინარეს, რომელიც ათას ჩანჩქერებად დაეშვა ლოდების მსხვრევით ქვედა სოფლებისაკენ; ტყე გახშირდა, შეიფოთლა და ჩამოიბურა, უამრავი ქინქლა ამოძრავდა მისი ტოტების ქვეშ, დამპალ ფოთლებში პატარა, მდორე, კოღოიანი გუბეები გაჩნდნენ. ოფლში გაიღვარა ქურქში გახვეული გურამი, სველი ქინქლები ტალახის წვეთებივით აეკრნენ სახეზე და უცებ საშინელ ზღაპრად თუ უაზრობად მოეჩვენა, რომ აქ იყო და თითქოს შეეშინდა კიდეც. ახლა ხეობა უფრო გაიშალა და გვერდებზე, ტყისკენ, რამდენიმე პატარა ფშანი გაუშვა.
25.
უკვე იღლებოდა გურამი, როდესაც ცივი ნიავივით გაურბინა თავში კითხვამ `სად მივდივარ?~ და თითქოს მოსულიერდა. ამ ადგილას ხეობა ისევ შეიკრა და დიდ ჩანჩქერად გადაეშვა ქვევითკენ, ბილიკმა წყლიდან მთისკენ გადაუხვია. მდინარის ხმაური და შხეფების ნოტიო უცებ შეცვალა მზემ და ყვავილის მტვერმა. მილიონი თეთრგვირგვინა შეჰფენოდა ფერდობს, რომელიც ზიგზაგად ეშვებოდა ხეებსა და შავ კლდეს შორის და თავდებოდა შავად შერუჯული ნიშით, ამ ადგილას გზა ისევ ჩამოვიდა მთიდან, მეორე გზა ხიდზე გადმოვიდა გურის ხეობიდან, მესამე შეუერთდა არდოტის ხეობიდან მიმავალი წყლით, ხიდის ქვევით დარჩა შატილისა და ჯარეგოს გზები. ამ გზაჯვარედინზე დასმულმა ადამიანის ხელით ნაშენმა ნიშმა ისევ მოაგონა გურამს წინ წასული აშაქალი თავისი ცხენითა და პატარა ქალით და სირბილით შეუყვა ბილიკს ნიშისკენ. ნიშის უკან, პატარა წყაროს თავზე, იჯდა, ერთი შეხედვით, თითქმის უსინათლო ბებერი კაცი, წვერულვაშმოშვებული, რაც შეიძლება თბილად ჩაცმული, მისგან წამოსული ცხვრის ქონის სუნი მთელ ხეობაში სცემდა, გვერდით ედო ძველისძველი ხირიმი, რომლის საპირწამლესაც ახალი წამალი ეყარა, როგორც გამოირკვა.
გურამის მიახლოებამ არავითარი რეაქცია არ გამოიწვია ამ კაცში, ის წირპლისაგან მიწებებული ნახევრად ღია თვალებით უყურებდა მზეს. `გამარჯობათ~, თავისებურად მკვეთრად დაიძახა გურამმა. `რამე საქმე გაქვს ჩემთან?~ აუღელვებლად, დამუწული ტუჩებიდან იკითხა მოხუცმა. `ჰო,~ უცებ მოიაზრა გურამმა. `აშაქალს ხომ არ გაუვლია?~ ჰკითხა თავის მხრივ. `გაიარა~, `დიდი ხანია?~ `არა.~ ჩამოვარდა სიჩუმე, მოხუცს სულ დაავიწყდა, რომ აქ გურამი იდგა. გურამმა უაზროდ მიიხედ-მოიხედა, ჰაერს დაემშვიდობა და ძუნძულით დაეშვა ბილიკისაკენ.
26.
აშაქალმა არღუნის შუა გავაკებასთან ცხენი გააჩერა, პატარა მზია მსუბუქად ჩამოხტა. აქედან პირდაპირ მოჩანდა შატილის 60-100 უზარმაზარი, ოთხ- ხუთსართულიანი კოშკები, კლდეში დუღაბით შეზრდილი. მის ბოლოს არღუნი ისევ ექცეოდა, ქისტის წყალშერთული, პატარა ველზე, რომელიც უცებ იკეტებოდა და წყლებს ქვევით ჩანჩქერად უშვებდა. დიდი ხანი იყო, რაც მზია შატილში აღარ ჩადიოდა, რაც ხევსურებმა აყრა დაიწყეს და დღე და ღამე ლაპარაკობდნენ ამაზე, წასასვლელად მთებიდან ყველაზე ძალიან გული მზიას მამას მიუწევდა, რომელმაც დედინაცვალი მოუყვანა მას და კოშკში დასვა. მაშინ გოგონა აშაქალთან წამოვიდა ცხენის სადგომებში, მამას თითქმის მიავიწყდა შვილი და აღარც კითხულობდა. დიდი, გაკვირვებული თვალებით უყურებდა მზია ავარდნილ, ამოძრავებულ შატილს აქედან, მისი ცისფერი ძარღვი უცნაურად ფერმკრთალ ლოყაზე ოდნავა კრთოდა არღუნის ღრიალის მოახლოებისას, თხელი, შეუმჩნევლად მომწიფებული ტანი უცნაური თეთრგვირგვინას არისტოკრატულობით იდგა ხოლმე უძრავად მინდვრის შუაში, ამ გრაციას ის არასოდეს არა კარგავდა, არც ცხენზე ჯდომისას, არც სირბილის დროს, არც უცხოსთან ლაპარაკის შემთხვევაში, როცა სულ შეუმჩნევლად უვარდისფერდებოდა ყურის ბიბილოები. ვერავინ ვერ ამჩნევდა მის გარშემო მზიას ასეთ, მთისთვის და ბარისთვისაც უჩვეულოდ თვითმყოფად, არისტოკრატულობას. როდესაც იგი თავისთვის რამეს აკეთებდა ან სხვას ეხმარებოდა, ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს რამდენიმე მოსამსახურე ემსახურებოდა და ის მხოლოდ თავისი ჰაეროვანი მოძრაობით აგრძნობინებდა, რომ მოსწონდა მათი გარჯა.
27.
ოღონდ არავინ აწუხებდა მზიას უსაქმოდ და თითქოს გაურბოდნენ კიდეც მასთან ყოფნას, ისეთი უხერხულობას იწვევდა ის სხვაში. თითქოს აშაქალაზეც კი იმოქმედა ამ გოგომ და მასთან ყოფნის დროს თავისი ბუზღუნი, ლანძღვა-გინება გაანახევრა. ამიტომ ცხენების ეს ცნობილი მომტაცებელი, გადამყიდველი ქალი, რომლისაც ყველას ეშინოდა და ერიდებოდა, ვისაც საქმე ჰქონდა, რომელსაც ხანდახან დასცინოდნენ, თუმცა სულ წკიპზე ეჭირათ ენა, რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ, რომელიც ყველაში რაღაც რელიგიურ მორიდებასაც კი იწვევდა, როგორც რაღაც შუა მდგომარეობაში მყოფი კუდიანსა და წმინდანს შორის, ეს ქალიც კი, მორიდებულობისგან, რაღაცნაირ კეთილშობილებას იჩენდა მზიასთან. ახლაც აშაქალმა პირდაპირ შეხედა თავისი დახლეჩილი სახით გოგოს, მერე წაიეშმაკა, დაიმანჭა და ენა გამოუყო ხუმრობით, შესაშინებლად, ეს ნიშნავდა, რომ აშაქალი ცოტა დაიბნა და არ იცოდა მზიამ როგორ მიიღო იმ ბიჭის გამოჩენა. მზიამ გაიღიმა. `ძალიან მხედარ კი ყოფილა ის ქალაქელი~ თქვა აშაქალამ. `არ დაერიდა არც კლდეს, არც ჩემი შეეშინდა, როგორ არ დავჭყივლე, შენ მაინც რა ქენი მისთანა, რომ ცხენი გააჩერა~, აშაქალა ახლა გაუგებრად აბურდღუნდა. ვერასოდეს ვერ აჩერებდა ენას ამ გოგოსთან ლაპარაკის დროს და ბევრ ისეთ რამეს ამბობდა, რაც საერთოდ არ უნდა ეთქვა: `ბაბუს მიხედე, ქუმელ მოზილე, ყაღი ჩამოუჭერ, წყალი მიუღე, შენი მოტანილი უყვარს. ბალახ მიუტანე კიდევ რამე~ სხაპასხუპით თქვა აშაქალმა და ცხენი გააჭენა შატილისაკენ, თან რაღაც შელოცვებს ბუტბუტებდა უაზროდ. მზია მსუბუქი ნაბიჯებით ამოვიდა ქვითკირის კოშკისნაირ შენობაში, რომელიც გზის პირას იდგა და საჭმლის მზადება დაიწყო, უცებ მორჩა ყველაფერს, გამოვიდა თუ არა გარეთ გამზადებული გუდით, დაინახა, რომ აშაქალი ახლაღა შევიდა შატილის კარებში და კისერზე ლაგამგადაგდებული ცხენი გარეთ გაწირა.
28.
მზია პირდაპირ, გამართული მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა მაღლა იმავე გზით, რომლითაც ეს ეს იყო დაეშვა ჭენებით აშაქალთან ერთად. მზეს უკვე დაეწია დასავლეთისკენ და მისი თხელი ჩრდილი სასიამოვნოდ მირბოდა გზაზე დაყრილ გორახებზე. ჰაერში არღუნის გაუთავებელი სირბილის ხმა იდგა. შველივით შემზადებული დასაფრთხობად და, ამავე დროს, მთელი გულისყურით მინდობილი ბუნებას, მისდევდა ის ხეობას მაღლა. უცებ რატომღაც გაახსენდა, რომ მათ უკან ის ქალაქელი ბიჭი მისდევდათ, რომელიც ჩანჩქერებამდევე დაიკარგა მხედველობიდან, გაახსენდა თუ არა, დაფრთხა და ამაყი სახე მიიღო. ასე იყო მზია გართული თავის თავთან კეკლუცობაში, როდესაც შორს, ნიშის ძირას, შავად მორთხმული ბებერი ბერდო გამოჩნდა. მზია ფერდზე ამოდიოდა, ხოლო ბერდო მეორე ფერდის წვერზე იჯდა, ამ ორ მთას შორის საშუალო სიღრმის ბლაგვი ხევი იდო მდორე ფშანით, მზიამ ნაბიჯს უმატა, ამოვიდა თუ არა სერზე, ის იყო სირბილით დააპირა ჩაშვება ბლაგვი ხევისკენ, რომ ხევის შუაში ენერგიული ნაბიჯებით მომავალი გურამი დაინახა, რომელმაც ფშანში უკვე შეტოპა და დაბლა იყურებოდა, რატომღაც ვერაფრით ვერ შეიკავა თავი პატარა გოგონამ, რომ თავისი გზით წასულიყო, ჩაევლო გვერდზე ქალაქელისთვის ისე ვითომც არაფერი და ასულიყო ბებერთან. ამ ვითომაც არაფრის შეგრძნებამ უცებ ჩაიჭირა მზია, ის მსუბუქად გადახტა – სანამ გურამი თავს ასწევდა ფშანიდან გამოსული – დიდი ლოდიანის უკან და იქ მიინაბა, ქალაქელმა თითქმის სირბილით ამოიარა ფერდა, ერთი წამით თვალი გაუშტერა ხეობაში ზღაპრული ქალაქივით ავარდნილ შატილს, გვერდზე ჩაუარა იმ ადგილს, სადაც მზია იყო მოფარებული, და დაეშვა ქვევითკენ.
29.
მზე თითქმის სულ დაეშვა თავის გზაზე, როდესაც გურამი მსუბუქი ნაბიჯებით მიადგა შატილს, ის ისე გრძნობდა თავს, თითქოს ეს სოფელი ცოტა ხნის წინ დატოვა და ახლა მიტოვებული საქმეების მოსაგვარებლად დაბრუნდა. ის საერთოდ ვერ იტანდა ტურისტულ ურცხვ ცნობისმოყვარეობას, ამიტომ, სადაც არ უნდა ჩასულიყო, პირდაპირ ერეოდა მათ ცხოვრებაში, კამათობდა, ჩხუბობდა და უცებ, თავისი დაუცლელი ენერგიის წყალობით, პირველობას იჩემებდა. ზუსტად ასეთი მსუბუქი განწყობითა და ჯერ არგამოჩენილ მტერთან უეჭველი გამარჯვების იმედით მიადგა შატილის კარებს. თოფი თავისდაუნებურად შეათამაშა, ოდნავ გვერდულად გაიღიმა, ის მთლიანად იყო გართული საკუთარი თავით, როდესაც მის ყურთასმენაში შემოიჭრა საშინელი ღრიალი, რომელსაც თოფის და ნაგანის რამდენიმე გასროლა მოჰყვა ზედიზედ. `აჰაიტ, აჰაჰაიტ~ ისმოდა დაოთხებული მხედრების ჭყივილი, ბანებზე უცებ ამოვარდნილი ხალხიდან რამდენიმემ თოფის სროლა მიაყოლა მათ, ერთი გადმოიწია ცხენიდან, მძიმედ დაეცა კლდის წვერზე და ღრიალით დაეშვა მისი სხეული უფსკრულისაკენ. გურამმა უცებ დაივიწყა ყველაფერი, მოიყრუა ყველა სხვა შეგრძნება და დაუფიქრებლად ისკუპა მასთან გასწორებული მხედრისკენ, ოთხადქცეულ ცხენს პირდაპირ ლაგამზე დაეკიდა და თოფის კონდახი თავში სთხლიშა მხედარს, რომელმაც ნაგანის სროლა მოასწრო ცხენიდან გადმოვარდნამდის და მკლავში მსუბუქად დაჭრა გურამი. შატილიდან გამოვარდნილი ხევსურები ფეხდაფეხ, ყიჟინით მორბოდნენ მათკენ. მხარში დაჭრილმა გურამმა ძალა მოიკრიბა და ზევიდან დაახტა ცხენიდან გადმოვარდნილს, რომელიც ხელმეორედ აპირებდა ესროლა მისთვის, მან ნაგანი ქვაზე დარტყმით გააგდებინა, მერე თმებში სტაცა ჯანსაღი ხელი და გამწარებით დაუწყო ქვაზე დაჩეჩქვა მის თავს. ხევსურები ყიჟინით მოვარდნენ, ერთმა წაქცეულის ცემა დაიწყო ხანჯლის სიბრტყით, სხვები ეცნენ და გააშველეს,
30.
მაღალმა სამკუთხედთავიანმა ბათარეკამ, რომელსაც ბრტყელ მხრებზე გადაჭიმულ ხევსურულ ჯუბაზე ტელაგრეიკა ეცვა, გურამს მოჰკიდა ხელი. უცნაური ხალხია ერთმანეთისათვის უცნობები. მათ ან ისეთი გრძნობა წარმოეშვებათ, განსაკუთრებით მძაფრი სიტუაციის დროს, თითქოს დიდიხნის წინ სადღაც უნახავთ ერთმანეთი. ეს შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა: პირველი – თითქოს სადღაც უნახავთ და იმ ნახვისას ერთმა აწყენინა მეორეს, სხვა შემთხვევაში, პირიქით, რაღაცა კარგი გაუკეთა; წარმოიშვება ისეთი შეგრძნებაც, როცა ორივე მხარე გრძნობს, რომ ერთმანეთი არც უნახავთ და თითქოს ვერც ნახავენ ვერასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახეში უყურებენ ერთმანეთს.
გურამმა უცებ გამოარჩია ბათარეკა სხვებისაგან და ისეთი გრძნობა ჩაესახა, თითქოს მისთვის უკვე ეწყენინებინა ოდესღაც, რადგან ერთი შეხედვით სწორედ ასეთი კაცი იყო ეს სამკუთხედთავა ხევსური, რომ რაც არ უნდა კარგი ექნა შენთვის, მაინც უნდა გეწყენინებინა. ასეთ შთაბეჭდილებას, ალბათ, ხელს უწყობდა მისი უხეში, ვაჟკაცური, დაჩეხილი სამკუთხა სახე, რომლის თითოეული კუთხე მომრგვალებული იყო კეთილი, გაბუტული კაცის ოვალით. სინამდვილეშიაც ასეთი იყო ბათარეკა, ყველგან ისეთ წვრილმანებს ამჩნევდა, რაც მუდმივად გულაჩვილებულ მდგომარეობაში ამყოფებდა მას, მის გულჩვილობას მხოლოდ ხელოვნურად ფარავდა სიუხეშე, ასე დამახასიათებელი მისი თანასოფლელებისათვის. გურამმა უცებ გამოარჩია ეს კაცი თავისი პირველი გაცნობის საგნად და სწრაფად, ისე, რომ სხვებსაც გაეგოთ, თქვა `ეგ ჩემი ტყვეა, ჩემს გარდა ხელი არ ახლოთ არავინ, თორემ ჩემთან გექნებათ საქმე.~ ამ სიტყვებისას მან თოფი შეათამაშა და ნატკენი ხელი ქამარზე ჩამოიკიდა მეტი ეფექტისათვის. საშინელ სიმსუბუქეს გრძნობდა გულში და ისე ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი ეს სადღაც თეატრში ხდებოდა. ბათარეკა, რომლისკენაც იყო მიმართული გურამის ეს სიტყვები დაჭერილი ხევსურის შესახებ, მკვეთრად მიბრუნდა თანამესოფლეებისკენ, მერე ისევ მობრუნდა და, როგორც ეტყობა, იმათი სახელით დაუწყო ლაპარაკი გურამს, საკმაოდ ეშმაკურად და ჭკვიანად.
31.
`მერე რად გინდა ეგ კაცი?~ `უნდა გავუშვა~. `აბა რაღად დაიჭირე?~ `ვერ ვიცანი~. `ვინ გეგონა?~ `ერთი მოხევე, რომელმაც შარშან მაწყენინა,~ დაუფიქრებლად მოიტყუა გურამმა, ახლა იგი ისევე გადაეშვა თავისი დაჭერილის განთავისუფლების საქმეში, როგორც წეღან გადაეშვა მის დასაჭერად. `ჰაიდა გურამ! რას აკეთებ, რა გინდა?!~ – გურამი აზარტში შევიდა, მოიღერა თოფი და დაემუქრა იმას, ვინც წინ აღუდგებოდა იმ კაცის გაშვებაში, `მე თქვენთან მოვედი საცხოვრებლად~, თქვა მან, `აქ დავრჩები ზაფხულის ბოლომდე, შეიძლება შემოდგომაც, შეიძლება ზამთარიც, ხევსურებს აღარ გადაასახლებენ.~ `ვინ ხარ შენ?~ უცებ მოისმა რამდენიმე ხმა აქეთ-იქიდან, გარშემო ქვებზე უკვე მოესწროთ ჩაცუცქვა მორბენილ ბავშვებს, ჩამავალი მზის გრძელი ჩრდილი ეცემოდა მდინარის მეორე მხარეს კოშკის ბანებზე გასული ჭალების შავი სილუეტებიდან. `ვინ ვარ მე?!~ უცებ დაუსვა გურამმა ეს კითხვა თავის თავს და უაზრობისგან სულელურად გაეღიმა, `არავინ~, თქვა. ეს ღიმილი სხვებმა, როგორც ეტყობა, ღრმააზროვნად მიიღეს და დაკითხვა შეწყვიტეს. `აუჰ, სისხლისგან იცლება, ხალხო, მომეშველეთ,~ დაიყვირა ბათარეკამ, რომელმაც შეამჩნია, რომ გურამს ფერი დაეკარგა. გურამმა მისაშველებლად ახლოს მისული ბათარეკა და რამდენიმე ხევსური თოფით შეაჩერა მანძილზე და, უკვე მართლა საკმაოდ მისუსტებულმა, დაჭერილზე მიუთითა, `ეგ გაუშვით ახლავე~. ხევსურებმა ხელი გაუშვეს, ერთი მივიდა და დანებით გაუჭრა გათოკილი მტევნები. დატყვევებული ადგილზე ამოძრავდა, მერე გვერდზე გაიხედა, ერთხანს გაშტერებული იდგა, მერე ღრიალით გადახტა გზიდან, სადაც ხევში გადაჩეხილი კაცი ამოათრიეს 15 წლის ბიჭებმა. ის ზევიდან დაემხო მას და საზარელი ხმით აბღავლდა `ჯურღაუ, ჯურღაუ,~ მერე უცებ შეაჩერა მოთქმა, გაიმართა და მასთან ახლო მდგომ ბიჭს ეძგერა, ის განზე გახტა, მაშინ ყოფილი ტყვე შემოტრიალდა და უხმოდ, სწრაფად დაეშვა უგზო უფსკრულისკენ ხტუნაობით, მერე არღუნის ხიდზე გავარდა. Gგურამს სისხლის დაკარგვისგან თავბრუ დაეხვა. რამდენიმე კაცმა ძლივს მოასწრო ხელის შეშველება.
32.
თითქმის გონებადაკარგული გურამი, რომელიც გაშოტილი, საკაცეზე გაწვენილი, სოფლისკენ მიჰყავდათ, ხედავდა, როგორ გაირბინა გაქცეულმა ხიდი, მერე ქვაზე შეხტა, მუშტების ღერება დაიწყო და რაღაცას ყვიროდა; ჩაჩაურმა, რომელსაც საკაცე ფეხების მხრიდან ეჭირა ჯურხას ძმა კვირიასთან ერთად, თოფი დაცალა მისი მიმართულებით, ტყვიამ ლოდიანის ძირში აყარა მიწა, კაცი გადახტა ყვირილით და უკვე მიბნელებულ მთის ფერდის ბუჩქებს შეერია.
გურამმა თითქმის დაკარგა გონება, ის მხოლოდ ბუნდოვნად გრძნობდა ახლა, რომ ის, რაც ასეთი მთლიანი და მასიური ეგონა, შატილი შიგ შესვლისას მრავალ ცალკე, ერთმანეთში შეზრდილ და ერთმანეთისგან გამოყოფილ ტერასულ კოშკად და შუკად დაეწყო. სოფელში იდგა ახალი წივის სუნი, ისმოდა ხბოების ბღავილი, ძროხის წველისას კათხებში რძის ჩასხმისა და გაბმით, გუგუნით ლაპარაკის ხმა. დაჭრილი პირდაპირ მეორე სართულში აიყვანეს, ცოტა ხანი აქ იწვა, საკმაოდ გადაბმული, გაურჩეველი დუდღუნის შემდეგ აიყვანეს მესამე სართულზე, აქაც დააწვინეს, კიდევ იკამათეს და ბოლოს ის მეოთხე სართულში დადგმულ უზარმაზარ ხის გათლილ საწოლზე მოხვდა, რომელზედაც უხვად ეყარა თივა და ზედ ჭრელი ნაჭრები ჰქონდა გადაფარებული. დარბაზის შუაში, რომელიც ზევიდან ნათდებოდა, ხის საქსოვი ბეჭი იდგა. გურამს თავი გაუსივდა და ეჩვენებოდა თითქოს ყველაფერ ამას მის მაგიერ სხვა ხედავდა, ხევსურებმა, რომელთაც ის თითქმის ვერ არჩევდა, თავისი ცუდად ყოფნის გამო, უზარმაზარი ლეკური ფაფახები ჩამოიფხატეს, ყალიონები დატენეს, მერე ტაბლაზე პირდაპირ წამოყრილი ორთქლიანი ყველის ხინკლების ჭამა დაიწყეს, რის დროსაც გაუთავებლივ ლაპარაკობდნენ. ყველაფერი ამისგან უფრო ებერებოდა გურამს თავი, სანამ ისე არ გაებერა, რომ სულ გაიფანტა ოთახში, ამოავსო ყველა კუთხე და შფოთიან ძილში ჩაგუბდა.
თავი II
/ბებერი ბერდია/
33.
როგორც მთებში მცხოვრებსა და მონადირეს, ბებერ ბერდიას ზედმიწევნით განვითარებული ჰქონდა სმენა, ოღონდ გარშემო ბგერებიდან მისი შეგრძნება მხოლოდ იმას იღებდა, რაც მის საქმესთან იყო დაკავშირებული. იმის ყურის ბარაბნებს შეიძლება არავითარი მნიშვნელობა არ მიეცათ უზარმაზარი ზვავის მოხეთქისათვის, რომელსაც ერთად ორი სოფელი შეეძლო გაეტანა, ან ზარბაზნის გასროლისათვის, მაგრამ საკმარისი იყო ჩხირის პატარა გატკაცუნებაც კი, ოდნავი სიფრთხილით ჩადენილი, რომ ისევ ისეთივე უყურადღებო პოზაში დარჩენილი მოხუცი შინაგანად მთლად შემართულიყო. ყოველდღე ათობით მონადირის თოფი იცლებოდა მთებში, მაგრამ იმ ბოლო ტყვიამ, რომელიც გაღმა გავარდნილს ესროლა კვირიამ, ბებერი უცებ დაძაბა. ძაღლივით იყნოსა, რომ რაღაცა ისეთი მოხდა, რაც მასთან ძალიან ახლო იყო, ასეთი რამე კი იშვიათად ხდებოდა ამ ხეობაში, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში ათი კაცი მაინც ხოცავდა ერთმანეთს, იტაცებდა საქონელს. იჯდა ბებერი ბერდია იმ ადგილას უკვე მეოცე წელიწადი იყო და არ იძროდა; თორმეტი გოგოჭური მოკლეს ასოცი წლის განმავლობაში ჭინჭარაულებმა. ცამეტი ჭინჭარაული მოკლეს ასოცი წლის განმავლობაში გოგოჭურებმა. ასი წლის იყო ბერდია, როცა სამოცი წლის ვაჟი მოუკლა ახალგაზრდა გოგოჭურმა და გადაიხვეწა, გადახვეწილი სამჯერ დაიჭირეს, ციხეში დავაჟკაცდა, გაიზარდა და ორმოცი წლისა მეოთხედ ჩასვეს უკვე ოცდახუთი წლით ციხეში. იჯდა ბერდია და იმ კაცის გამოჩენას ელოდა, რომელიც ოცდახუთი წლით კამჩატკაზე იყო გადასახლებული. სანამ იმის სისხლს არ აიღებდა, შეჰფიცა, ამ ადგილიდან არ დაძრულიყო, არ კვდებოდა ბერდია იმიტომ, რომ უნდა ეცადა იმის დაბრუნებისათვის კიდევ თხუთმეტი წელიწადი. მაგრამ ის ისეთი კაცი იყო, რომელიც ბოლომდე, ვალის მოხდამდე, არასოდეს არა ზის, ან უშვებენ, ან კვდება, ან, ყველაზე ხშირად, იპარება. როგორც მერცხალს არ შეუძლია გაზაფხულზე თავის ძველ ბუდეში არ დაბრუნდეს, ისე არ შეეძლო უკვე ორმოცს მიღწეულ აპარეკას, ციხიდან გამოქცევის შემთხვევაში, შატილის გარეშე ცხოვრება. ბერდია ისეთ ადგილას იჯდა, სადაც გადიოდა ყველა გზა შატილისკენ. იჯდა და ელოდა. ყველამ იცოდა რას ელოდა ბერდია, ეს გაიგო აპარეკამაც ციხეში და იგრძნო, რომ მისი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, არაფრით არ შეეძლო აპარეკას იმ გზაზე არ გაეარა, რომელიც ეწერა გასავლელად, არადა, ვინც ოცი წელი ელის ამ მომენტს, სროლას ის მოასწრებს.
2. (34)
როცა პირველმა გოგოჭურმა პირველი ჭინჭარაული მოკლა, ბერდიამ საშინლად დაიჩხავლა და არდოტის წყალში ჩაგორდა, ატირებული. ას თხუთმეტი წლის წინ ის მხარზე ჰყავდა მოკიდებული მამას, რომელიც ძუნძულით მორბოდა ტყიდან მდინარისაკენ ჩამომავალ ბილიკზე. ბილიკის ბოლოს, ფარივით ამობრუნებული ძირით, უზარმაზარი წაქცეული ხე ეგდო, რომლის უკანაც სამი ძმა გოგოჭური იმალებოდა. ამ ამბამდე ექვსი წლის წინ, ათენგენის დროს, როდესაც მთელი ხევსურეთი გუდანის ჯვრის მადლს ლოცულობდა, ბერდიას მამა არ წავიდა ხატში, იმან ორი ღამე ათენა ჭაუხში, `ორბის ბუდესავით~ დაკიდებულ არდოტის თავზე. როცა სამივე ძმა გაიგულა, სამი ფერის პატარა ცხენით ხატისკენ ჯირითით მიმავალი, დათვივით დაგორდა სოფლისკენ, ბღავილით შევარდა მათ სახლში, დედა და უფროსი რძალი ბანიდან გადააგდო – ერთს ფეხი მოსტყდა, მეორეს ხელი, ბღავილითვე მივარდა უმცროს რძალს მზექალას, მხარზე მოიგდო ბატკანივით და ტყეს შეერია. აღმართზე ძვირფასი ტვირთით, ოხშივარად ქცეულ ბერდიას მამას კისერზე ქალის თმები ეხვია, მხრებზე ძუძუები ეწყო და ხელში მისი მუხლისთავები ეჭირა მობღუჯული, ქალი ჩუმად კიოდა და ჰკოცნიდა, ცახცახებდა, ეშინოდა, ეშინოდა ძალიან, რომ არ მოეკლათ ის, ბერდიას მამაც, თვითონ ბერდიაც, რომელიც უნდა გაჩენილიყო საბოლოოდ და ბევრი სხვა მათი გვარისაც. მზექალას უყვარდა ეს ვაჟკაცი, რომელიც მხარზე გადებულს მოარბენინებდა მას, მაგრამ ძმებმა გოგოჭურებმა ასევე მოიტაცეს ერთი ღამით თავისი სოფლიდან, მაშინ მზექალას უცებ შეუყვარდა აჭა, რომელმაც მხარზე გაიგდო, რომელსაც ესროდა წამოწეული მდევარი და რომელიც მაინც გარბოდა. მზექალა მაშინ აჭას ჰკოცნიდა და ძალიან ეშინოდა, რომ არ მოეკლათ აჭა, მისი ძმები და ის შვილი, რომელიც უნდა დაბადებულიყო. როცა ორი თვე იცხოვრა გოგოჭურების ამ სოფელში, დედამთილმა საბოლოოდ მოაბეზრა თავი, იმას საშინლად ხშირი წითელი თმა ჰქონდა, დიდი პირი, ჭუჭყიანი ცხვირი, აბოყინებდა და თავის ახალმოტაცებულ რძალს ხელებს უყოფდა ყველა ადგილებში. ხითხითებდა, კაბას უწევდა და უცებ სწრაფი მოძრაობით აცლიდა ფანჩარს, რაც საშინელ აღტაცებას იწვევდა მასში. პირველი უფროსი რძალი უკვე შეჩვეული იყო ასეთ მდგომარეობას, თუმცა ახალი, თეძომრგვალი უმცროსი ქალის მოსვლისას, მას უკვე თავი მიანება დედამთილმა. ორივე ძმა, იმას გარდა, რომლის ცოლიც იყო ეს ქალი, საშინელ სიამოვნებას იღებდა დედის ასეთი ქცევისაგან და ხითხითებდა.
3. (35)
მაშინ სისხლი მოაწვა ყელში იმ ძმას, რომელმაც მზექალა მოიტაცა, დედას სცემა, ძმები გალანძღა და რძალი აიყოლია, სათივეების უკან ჩაიყვანა და უთხრა ეჩვენებინა როგორ ერთობოდა დადო. რძალმა, რომელსაც, როცა მას უკეთებდნენ, სძულდა, ახლა უჩვეულო სექსუალური სიამოვნება იგრძნო, ურცხვად აიწია კაბა და გამოიძრო ფანჩარი. მაშინ უმცროსმა ძმამ, რომელმაც მზექალა მოიტაცა, იცხოვრა მასთან. ამ დროს ორი უფროსი ძმა წასული იყო არღუნის და არაგვის ხეობების საძარცვად, უმცროსი, რომელიც ვითომ თავის ახლად მოყვანილ რძალთან დატოვეს, სინამდვილეში, თავისი ძმის მოვალეობასაც ასრულებდა თავის რძალთან. დედამ უცებ იყნოსა ეს ამბავი და სიამოვნებისგან კაბააწეული მთელი ნახევარი დღე იდგა შუაცეცხლის თავზე, რომელიც ოდნავ ღვიოდა და უღიტინებდა, მერე ხმელი ფიჩხი დააგდო და სიამოვნებით იგრძნო, როგორ შეეტრუსა ბალანი.
ღამე დედამ დატუქსა შვილი და ყველაფერი დააფიცა, მართალი ეთქვა, გამოჭერილმა აჭამ ვერ დამალა ვერაფერი, მაშინ დედუ შეჰპირდა ძმების ჩამოსვლისთანავე მის მოკვლევინებას, შვილმა გადაწყვიტა გაქცეულიყო, მაშინ დედუმ უთხრა, რომ სამივე ისინი ამა და ამ მამის შვილები იყვნენ, ამიტომ მათაც ამათსავით სისხლი ჰქონდათ, ამათ სისხლში კი ასეთი ამბები ახალი არ იყო. მისი დედა მომსახურებას უწევდა, როცა სახადისაგან ქალები დაიხოცნენ, სამი მამის ძმას და ორ ბიძაშვილს. დედამ შვილს სთხოვა, ნება მიეცა მისთვის ეყურებინა როგორ აწევინებდა ფეხებს მაღლა თავის უფროს რძალს და უმცროს რძალს, ამ პირობით ის არ ეტყოდა არაფერს ძმებს. როცა შვილი უფროს რძალთან იყო, დედამთილი მის ცოლს კალთაში ისვამდა და ხელებს უყოფდა, საცა შეეძლო, და ხითხითებდა. მზექალა წიოდა პირველად, მერე სიამოვნებდა, მერე ისევ აწივლდა და აღარასოდეს აღარ სიამოვნებია ეს ამბავი, მაშინ დაიწყო ფიქრი ბერდიას მამაზე, რომელიც უყვარდა და რომლის დედაც პატარა, წყნარი სახის ქალი იყო. ერთი თვის შემდეგ ორი ძმა სახლში დაბრუნდა, დედუმ როგორც თქვა, ყველაფერი დამალა, მაგრამ უფროსი ძმის გაღიზიანება დაიწყო უმცროსი რძლის წინააღმდეგ და ხშირად შვილის ასაღელვებლად იმას უკეთებდა მზექალას, რაც ასე ძალიან ართობდა ხოლმე თვითონ. მაშინ უფროსმა ძმამ გადაწყვიტა ჯვარში თვითონ არ წასულიყო, ფეხი აითრია და სახლში დარჩა.
4. (36)
როცა ძმებმა ძმა ფეხათრეული და ავადმყოფი ნახეს, ძალით შესვეს ცხენზე და ხატში ისე წაიყვანეს სალოცავად და მოსარჩენად. ამ დროს აბეზარი დედამთილის ანაბარა დარჩენილი მზექალა იჯდა ბერდიას მამაზე ფიქრში გართული, ბერდოს მამა კი ორი დღე-ღამე ჭაუხში იყინებოდა მსუბუქ ტყავკაბაში გახვეული. იმან არ იცოდა, რომ მზექალა მასზე ფიქრობდა, ოღონდ თვითონ ისე იყო მზექალათი დატვირთული, რომ თითქმის არც კი აინტერესებდა ქალის აზრი. ამიტომ აიტაცა ასე, მხარზე მოიკიდა ცხვარივით და გაიქცა მთებისკენ, როცა, საკმაოდ შორს წასული, ძალიან დაიღალა, მაშინღა გაოცდა, რომ ქალი არ კიოდა, კივილის მაგიერ ჩუმად იყო და კისერში ჰკოცნიდა. ამ დროს ისინი უკვე მთის წვერზე იყვნენ ამოსული, ბილიკი სადღაც ქვევით გადიოდა, არღუნზე ერთი ბეწოდ მოჩანდა რამდენიმე შიგ ჩავარდნილი ნისლის ნაფლეთი და ვიწრო, შავი ხიდი. როცა ნისლი მოეხვია მთებს და ოდნავ გააგრილა ახურებული ვაჟკაცი, ის დააცხრა მთელი ვნებითა და სიყვარულით მზექალას, რომელიც მხოლოდ ჰკოცნიდა ნაზ ოხვრასთან ერთად. როცა მზე გამოვიდა, ისინი ისევ ისე იწვნენ, მხოლოდ მოპირდაპირე ქედის გასწვრივ მოჩანდა, როგორ მიაგელვებდა სამი ძმა ხატისაკენ ცხენებს.
აქ ჩაისახა ბებერი ბერდია, ის დაიბადა შესაფერი დროის შემდეგ შატილში ას ოცი წლის წინ, ამ ქალაქ-სახელმწიფოში, რომლის ასი-ას ოცი კოშკი, ერთად შეზრდილი, ორასამდე კომლს იფარავდა. კოშკები დანგრევის მაგიერ შენდებოდა, აშენებდნენ მათ ქისტი კალატოზები, თავის მხრივ, ხევსური კალატოზები ქისტებს უშენებდნენ კოშკებს. ბერდია იზრდებოდა იმ კოშკში, სადაც ახლა გურამი იწვა, ერთ დღეს მისმა მამამ ამოიჩარა ის იღლიაში, შეჯდა ცხენზე, ცოლიც ჯორზე დასვა. საღამო ხანს ანატორის ბოლოებისკენ დაუყვა, საიდანაც აკლდამებს ზევით და პირდაპირ ჯარეგოში მიდიოდა გზა; ქისტეთის უღელტეხილზე ეხში გაათენეს ღამე. დილით უახლოეს სოფელში უნდა შეესყიდათ აუარებელი საჭირო ნივთები ზამთრისთვის და უკან უნდა მობრუნებულიყვნენ. როდესაც ცხენები შეკაზმეს, ბერდიას მამა მზექალას მოეხმარა კეხში დაჯდომაზე, ამ დროს მის ყურთან გასკდა ტყვია და ქალი, იქით მხარეს მძიმედ გადავარდნილი, ხევისკენ დაეშვა სისხლითა და ღრიალით.
5. (37)
ბერდიას მამამ უცებ მოიაზრა, რაც მოხდა, ამიტომ სტაცა შვილს ხელი და ერთი ნახტომით გაუჩინარდა ქვევით დაწეულ ჭაუხის შავ ნაოჭში, აქ ფეხის სრიალით გაირბინა ჩაწოლილი, ოდნავ გაშავებული ნაზაფხულარი თოვლის ზვავი, მეორე მხარეს გახტა და ხიდისკენ დაეშვა სირბილით.
თოფი უმცროსმა ძმამ ისროლა, ორი სხვა ძმა კი ხიდის თავში ამობრუნებული ხის ფესვების უკან ჩაასაფრა, დაინახა თუ არა, რომ ქალი მოკვდა, რაც მას არ უნდოდა, ის სწრაფად დაქანდა უფრო მოკლე გზით ხიდისკენ, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გამოევლო მისი ცოლის მომტაცებელს. ბერდიას მამა, როცა გარბოდა, დარწმუნებული იყო, რომ უკან დატოვა მკვლელი, მაგრამ თოფის სასროლზე მიუახლოვდა თუ არა ხიდს, თოფის ხმასთან ერთად საშინელი წვა იგრძნო კანჭში, შვილი ტყისკენ ისროლა და როგორც ქათამს, ისე აუქშია ხელები. ბერდია ბუჩქებში შევარდა, ხაოიანი ფოთლები ახურებულ ლოყებს უსერავდნენ, ეკლები იჭერდნენ ყოველნაირად, ის კი გარბოდა შეუჩერებლივ; შორიდან ესმოდა მამის ხმა `გაიზრდებოდე, გადაიხდიდე დედის და მამის სისხლს~. სისხლი, სისხლი, სისხლი – წიოდა მის გარშემო ყველაფერი, ლოყებიდან სისხლი სდიოდა, ფეხებიდან სისხლი სდიოდა, ბუჩქებიდან წითელი ყაყაჩოების ველზე გავარდა. შავხალიანი, დიდი წითელი ყაყაჩოები ზევიდან ქვევით ღელავდნენ, პატარა ბერდია დაეცა დაღლილი, შორიდან კიდევ მოესმა მამის ხმა, რამდენჯერმე გავარდა თოფი და ყველაფერი დაწყნარდა. როცა გაეღვიძა, ღამე იყო და ყაყაჩოები შავად ჩანდნენ, საიდანღაც გაიხსენა, რომ ისინი ავი სულების განსახიერებას წარმოადგენდნენ და კოჭლობით მოშორდა ამ ადგილს. როგორც მგლის ლეკვს ეცემა ხოლმე პირველად სისხლის სუნი და ინსტინქტით იგრძნობს, რომ მთელი მისი ცხოვრება ამასთან უნდა დაკავშირდეს, ისე აღიქვა ბერდიამ ღამეში დედის სხეულისგან ხევში ვარდნისას დატოვებული წითელი კვალი, შედგა, გააზრიალა სიბრაზისგან, როცა სისხლში ამოსვრილი, უმწეოდ დამდგარი მამა წარმოუდგა, საიდანღაც უცხადესად გაიხსენა ის სახე, რომელიც ჯირკვის უკნიდან სულ წამით გამოჩნდა. ბერდიამ თითზე იკბინა, ატირდა ბავშვი და ჩქარ მდინარეს შეერია იქით ნაპირზე გასატოპად.
6. (38)
ოცი წლის იყო ბერდია, როცა სამივე ძმაზე შური იძია და მათთან ერთად მოკლა მათი დედაც, რძალი სადღაც გადაიკარგა. პირველი შურისძიება დადგა იმავე ღამეს. წყალში შეტოპილი ბავშვი წყალმა წაიღო, დიდხანს ებრძოდა ის ტალღებს ჩუმად და მერე აყვირდა. სამივე ძმა მამის მოკვლის შემდეგ ბავშვის კვალს მიჰყვებოდა ძუნძულით, მისი ცოცხლად შეპყრობა განსაკუთრებით სთხოვა დედამ, რომელსაც მოსწყინდა მარტო უფროსი რძლის წვალება. აჭამ შუაწყლიდან გამოათრია ბერდია, რომელიც უცებ ჩაწყნარდა. ცხოველები და მთიელები სულ მცირეწლოვანები ვაჟკაცდებიან, განსაკუთრებით ადრე იძენენ ისინი ინსტინქტურ ეშმაკობას. მატლივით მიწყნარდა ბერდია, თავი მოიმკვდარუნა, უცნაური ღიმილი დაიწყო, მერე ენა გამოყო. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს. აჭამ თქვა, ეს ბავშვი გიჟიაო. ბავშვმა გაიგო თუ არა, სწრაფად გადაწყვიტა ამ ამბის დადასტურება, ნაპირზე გამოსული ისევ წყალში შევარდა, იქიდან რამდენიმე პატარა კენჭი გამოათრია, მიწაში აურია და ჭამა დაიწყო. ძმებმა საშინელი შიმშილი იგრძნეს; უფროსმა გუდიდან მრგვლად ერბოში მოხარშული პურის გორდილები ამოალაგა, საშუალომ ბერდიას წიხლი ჰკრა წყლისაკენ, აჭამ დაიჭირა და სუფრასთან დასვა. მის ლუკმას შეაპარა ბავშვმა ალესილი დანის წატეხილი წვერი, რომელიც შარვლის ჯიბეში ეგდო. შუადღეს ყველანი ქედის გასწვრივ მიდიოდნენ, ბერდო შუაში ჰყავდათ ჩაყენებული, უცებ აჭა წელში მოიხარა, მუცელზე ხელი მოიკიდა და ხევისკენ დაქანდა ძალაგამოლეული, ძმები სირბილით გამოუდგნენ და შუა ფერდობამდე დაიჭირეს. ბერდია უღელტეხილისკენ გაიქცა. გზაზე ესმოდა როგორ გმინავდა და ოხრავდა, როგორ იგლეჯდა გულსაკინძს, შარვალს, ქალამნებს ძარღვებდალურჯებული აჭა. მეორე დღეს უღელტეხილის ზევიდან წამომდგარ ნისლიან ჭაუხში ჩასაფრებულმა ბავშვმა დაინახა, როგორ ჩაატარეს ძმებმა ტყავკაბაში გახვეული, ორჯოხგაყრილ ჰამაკში ჩადებული მკვდარი აჭა. დაკიდებულ აღმართზე ამომავალ ძმებს ოფლი ხვითქად სდიოდათ. როცა საკმაო მანძილზე ჩაიარეს, ბერდია გადმოდგა ჭიუხზე და მთელი ხმით დაიყვირა `ეეეუუუ~. ხევსურული წესით, სისხლის აღებისას პატარა ბავშვის მოკვლა სირცხვილად ითვლება, მაგრამ რადგან მან მოკლა აჭა, შუათანა ძმამ დაუმიზნებლად ისროლა ჭაუხისკენ თოფი. ტყვია ბერდიას მოხვდა მარცხენა ხელში, მოუღუნა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ თითების მოძრაობაღა შეეძლო.
7. (39)
თორმეტი გოგოჭური და ცამეტი ჭინჭარაული მოკვდა სისხლის აღებისას ამ ამბების შემდეგ, ბერდიამ ხუთი წლიდან ას ოც წლამდე იმატა, მაგრამ პირველ დღესავით გაუმაძღარი, თავისებურად სამართლიანი და მოუსვენარი დარჩა სისხლისადმი გული. ას ოცი წლის განმავლობაში არაფერზე არ უფიქრია, გარდა იმისა, როგორ მიეზღო სამაგიერო თავისი მევალისათვის; ბერდია ჭინჭარაულმა სამი შვილი გააჩინა ორ ცოლთან მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე გოგოჭურებს სისხლი აეღოთ, ხოლო შემდეგ გაებარათ ჭინჭარაულებს; ახლა იჯდა ბერდია ამ გზაჯვარედინზე თითქმის დაკუტებული, მისი სასიკვდილოდ დასიებული ფეხები ადგილიდან აღარ იძვროდნენ, რაც მას ხელს აძლევდა და სიამოვნებდა კიდეც, რადგან იცოდა, რომ ბოლო სისხლის ასაღებად მიცემულ ფიცს უფრო კარგად შეასრულებდა, იმ ამბავში, რომ მის მოვალეს ამ გზაზე უნდა გამოევლო, ეჭვი არ ეპარებოდა მას. არავისში შიშს არ იწვევდა ბერდია, ცხვრები მის მლაშე ბეწვს ენას უსვამდნენ, ძაღლები თათებს ურტყამდნენ, ჩიტები თექაში ჩარჩენილ ქერის მარცვლებს კორტნიდნენ, როცა უნდოდათ, წყაროსთან დასასვენებლად ჩამომსხდარი მგზავრები დიდხანს და მოკლე დიალოგით ესაუბრებოდნენ, მხოლოდ გოგოჭურები ადიოდნენ მაღლა ქედზე, ათკილომეტრიანი ბილიკით იგრძელებდნენ გზას და ისე უვლიდნენ გვერდს.
საჭმელს ყველა უტოვებდა ბერდიას, ოღონდ სისტემატურად მარტო აშაქალი უვლიდა მას. თუ ბერდიასი, გოგოჭურების გარდა, არავის არ ეშინოდა, აშაქალს, პირიქით, ყველა გაურბოდა, ჯერ ერთი და, თავისი სიყოჩაღით სამოცი წლის აშაქალი ყველას შიშსა ჰგვრიდა, მეორეც – მისი უშნო, დაჩეხილი სახე ზიზღსა და უცნაურ მორიდებას იწვევდა ყველაში. ერთხელ, ღამე, აშაქალი მოვიდა ბერდიასთან, საშინელი ზამთარი იდგა, დიდი ზვავები ზრიალით წვებოდნენ ხეობაში, ქარი ოთხივე მხრივ წივილით გარბოდა ჯვარედინ ხეობაში, გათავხედებული მგლები ნახევარი თოფის მანძილზე ურბენდნენ ბერდიას გარეშემო; ბერდიას სამი დღე შეუჩერებლივ ათოვდა, მეოთხე ღამისთვის ის უკვე თითქმის გათანაბრდა თოვლის ზედაპირთან, მხოლოდ კომბლით სასუნთქავი კვალი გააგანიერა ოდნავ და ისე იჯდა და უყურებდა ხეობის იმ მხარეს, საიდანაც ვინმეს კიდევ შეეძლო ჩამოსვლა. ბოლოს თოვლმა ისე იმატა, რომ აღარავინ აღარ გამოდიოდა გარეთ, ბერდიას დასთბა და წამწამებზე ლოლუები დაეკიდა. თოვლი შეუჩერებლივ განაგრძობდა ცვენას.
8. (40)
ამ დროს მთის მრგვალი, სახლში დაწნული თხილამურებით მოვიდა აშაქალი, ნახა წინანდელი ის ადგილი, სადაც მიწაში ჩაზრდილი იჯდა ბერდია, თოფის კონდახით გათხარა თოვლი, თვითონაც შიგ შეძვრა და უხმოდ დაჯდა მის წინ, გარედან კი სულ თოვდა და თოვდა და მეორე საღამოსთვის ორივე დაფარა.
– ბეჩავ, ბერდია, – თქვა აშაქალმა.
– აუ, აშაქალ, – წამწამებიდან ლოლუები ჩამოეფერთხა გუგების ამოძრავებისას ბერდიას და ისევ მშვიდად განაგრძო ჯდომა.
– გდიხარ და გდიხარ ისევ.
– ვგდივარ, ვგდივარ, აშაქალ.
– მგლებსაც აწუხებ, აშფოთებ, ბერდიავ.
– ვაშფოთებ მაგრად, აშაქალ.
– გივლიან გარშემო და გიღმუიან, ალბათ.
– მთელი ღამეები, აშაქალ.
– ერთი ძუკნა დავლანდე, რა ვქნა, შენს თავზე იდგა და თხრიდა.
– თოვლით ამომივსო წამწამები, აშაქალ.
– ქერის პური თუ კიდევ გაქვს, ბეჩავ, ბერდიავ?
– აღარა.
– წყლად თოვლს სვამდი?
– თოვლსა, მაშ, აშაქალ.
– ხევსურები რომ ბარში მიდიან ამ ზაფხულზე, ბეჩავ, ბერდიავ!
– შატილის თემიც, აშაქალ?
– ყველა თემი: ბაცალიგოს, ბარისახოსი, არხოტისა, შატილისა.
– მაშ, ზაფხულში მოვა ის...
– დრო რო არ უწევს, ბერდიავ!
– გამოიქცევა და ისე მოვა, აშაქალ.
9. (41)
– ბეჩავ, ბერდიავ, – მოჰყვა აშაქალი მარცვლების ყლაპვით, – წარსულ კვირაში, ორი ზვავი რო ჩამოწვა შატილის გასწვრივ ხატის თავზე, თოფებს რომ ისროდნენ თოვლების ასაყრელად, ღამე რომ ჩადგა, ჩაწყნარდა ყველაფერი, ღამე რომ ფიფქის მაგიერ ვარსკვლავები ცვივოდა ციდან და ხეობაში ქუდმოხდილი თეთრი თმით ღმერთი დადიოდა წმინდა შუბლით და ყველას ლოცავდა, მერე პირდაპირ დიდ მთაზე დადგა, პირველი ღილი პერანგიდან შეეხსნა, კრიალა ნიავს უშვერდა შუბლს, ერთი ხელი გულზე ედო, მეორეს ცისკენ იშვერდა, მაშინ გარეთ გამოვედი, დაბლად დავუხარე თავი.
– აშაქალ, ქალო! – მომესმა იმისი მაღალი ხმა, დაბლად ნათქვამი.
– რადა ყმუოდი ამდენი წელი, მე გაწყენინე ვიცი, აშაქალ, რომ არ მოგეცი სუფთა სახე, სუფთა თმები, სუფთა მკერდი, სუფთა კაბა, სუფთა ხმა. რად არა მწყევლი, საწყალო, აშაქალ! – თეთრ თოვლებზე მწვანე ბუჩქი აიყარა, მრგვალ ბუჩქებს შუა სამ-ოთხტოტიანი იასამნები აყვავდნენ. ისინი წელში ირხეოდნენ, ტოტებს ხელით შლიდნენ და ღმერთს თავის ყვავილს აწვდიდნენ.
– ბეჩავ, აშაქალ, ბეჩავ, აშაქალ! – იძახდა ღმერთი, – რად არ მოგეცი სუფთა თვალები, სუფთა მკერდი!
– ბეჩავ, აშაქალ! – თქვა ბებერმა ბერდიამ.
– დილაზე მზია ვიპოვე წელამდე თოვლში, მოდიოდა შატილიდან, ბათარეკას პატარა ქალი, სულ ავადმყოფი ყინვისგან, გაციებული, თხელი ტოტივით, ლამაზ იასამნის ყვავილივით, გაკვირვებული სიმშვენიერისგან, თეთრგვირგვინასავით.
– აუ, უცნაურად ენამზეობ, აშაქალ!
– მზიას პოვნისგან, ბერდიავ, მზიას პოვნისგან.
– ბათარეკას რად გამოჰქცევია?
– აუგი სიტყვა უთქვამს, დედას რად არ ეხმარვიო და სწყენია.
– რათაო?
– მზიას მოხმარა არ შეუძლია, მზიას მუშაობა არ შეუძლია, მზია ლამაზია მთის ყვავილივით და მარტო ფუტკარს შეუძლია ისე შეეხოს, რომ არ ატკინოს და არ ავნოს თეთრგვირგვინას.
– ბეჩავ, აშაქალ, ერიდე მზიასთვის მაგ ფუტკარს, რად ენამზეობ აგრე, აშაქალ?
– რაღა დროსი ახლა მაგის თქმა, ბეჩავ, ბერდიავ.
10. (42)
არაბულების ერთ შტოს ველგუჯაურებს კაცი გაუწყდათ ძალიან დიდი ხნის წინ, სამოცი წლის წინ, როცა აშაქალი ერთი წლის იყო, კაცი გაუწყდათ ოჯახის მიმხედი, ათი ქალი იჯდა ერთ ქვენოში, ექვსი ჯანმრთელი, ლამაზი, მაგარი, საცოლედ ვარგისი, სხვებმა მოიტაცეს, ოთხი – სამი ბებერი ძალიან, გამხდარი, უვარგისი, მარტო სიკვდილისათვის კარგი, დარჩა სახლში და ერთი პატარა, შვიდი წლის აშაქალი. ერთ ღამეს ბებრებს ძალიან შესცივდათ და დიდი ცეცხლი დაანთეს, ბებრებს იმდენი ხანი სციოდათ, რომ ცეცხლს ვერ გაუძლეს, სითბოს აჰყვნენ და მიიძინეს, ცეცხლი ჩალას მოეკიდა, ჩალა იქვე დაყრილ ფიჩხს, ფიჩხი აგიზგიზდა და ბებრები და სახლი გადაწვა, პატარა აშაქალი ჩამონგრეულ სახლში მოჰყვა. სამუდამოდ დაეჩეხა სახე, კანი გაუშავდა, გაუჭუჭყიანდა. აშაქალი არაბულებმა შეიკედლეს, გვარის უფროსმა შტომ………
[1959 წლის აგვისტო.]
* * *
ის-ის იყო ღამდებოდა, საშინელი რუხი ამინდი იდგა და წვიმდა ზუსტად თბილისურად, არც ძალიან მაგრად, არცთუ ნელა; გრიალით ჩავლილი მოწყენილი მანქანები როგორღაც ახერხებდნენ ყველა პატარა წუმპეშიაც კი ჩაჭყლაპუნებას და საოცარი სიზუსტით წუწავდნენ ტროტუარებს, რომლებიც მათ ჯიბრზე ცარიელი იყო – ის, ვინც წასასვლელი გახლდათ კინოსა და თეატრში, უკვე წავიდა, ვინც არა, აღრენილი იჯდა სახლში, ყველაზე წყნარი, თვინიერი ადამიანიც კი ახერხებდა რაიმე შარი მოედო თავისი ქვეშემდგომისათვის, ებუზღუნა, ეტრიალა, ეთქვა ცოლისთვის, რომ ვერაფრით ვერ წარმოედგინა, მის ხელში როგორ გაძლო ოცდაათი წელი, თავის მხრივ ცოლისგანაც, ორმაგი კომპლიმენტი მიეღო. ჯერ მარტო ამ ოცდაათი წელში იმისი ტალახების წმენდა, რომელშიაც, რაც გინდა მშრალი ამინდი ყოფილიყო, მაინც ახერხებდა ქმარი ჩავარდნას, ღირდა იმად, რომ მიეტოვებინა და სხვას გაჰყოლოდა; შეყვარებულს შეყვარებულისთვის, რომლებიც კინოს შესასვლელში ნაცრისფრად ატუზულები იდგნენ და ერთმანეთი უშნო და თავისთვის უღირსი ეჩვენებოდათ – ეთქვა, რომ დრო იყო დაშორების და მეორე დღისთვის შეხვედრის ადგილი ზუსტად ათჯერ გამეორებით აღარ დაენიშნა. "დამირეკე ხვალ ან ზეგ", ისმოდა ბინდბუნდში მიმალული გოგოს ხმა. "კარგად", თითქმის თავისთვის ამბობდა ბიჭი.
ყველაფერი იყო ისეთი რუხი და აუტანელი, და ვერაფრით ვერ დააჯერებდით ქუჩაში კედელს მიყუდებულ ვალიკოს, რომ ეს ასე არ იყო, რომ ამ ქვეყანაზე საერთოდ შეიძლებოდა ამ დროს, როცა წვიმს, როცა ასეთი ამინდია, ყოფილიყო კაცი სხვა ხასიათზე – ყველაფერს ის ამინდს აბრალებდა და არაფრით არ უნდოდა ნამდვილი მიზეზი გამოემჟღავნებინა თავისი თავისთვის. თუმცა ასეთ უადგილო გულახდილობას აღარცა ჰქონდა აზრი. მან ის უკვე იცოდა, იმ მიზეზის გამო დალია და იმ მიზეზით არ მიდიოდა სახლში. `ჩემისთანა კაცი, რომელიც აღარავის აღარ უნდა, გარეთ უნდა მოკვდეს~, გული აიჩუყა მან რომანტიკული ფრაზით, რის გამოც თვალებზე ცრემლებივით მოაწვა და გააბოლა, მაგრამ გაბოლებამდე გაჯიუტდა ასანთი, რომელმაც წვიმასთან, მის ცუდ ხასიათთან პირი შეკრა და მხოლოდ მთელი კოლოფის მიხარჯვის შემდეგ დაინთო.
ბოლი ღრმად შეიწოვა მან, მერე გრძელ ხაზად გაუშვა წვიმის სწორ ხაზებს შუა ზიგზაგებად და ოდნავ გაიმართა, – მასზე ყოველთვის გამამხნევებლად და "ვაჟკაცურად" მოქმედებდა პაპიროსი, პაპიროსს ქვეტექსტად ათასი რამე აქვს, განსაკუთრებით მძიმე სულიერი განცდის დროს მოწევისას: მეც კაცი ვარ ვნახავთ /ირონია, მიმართული ეთერში/; რას ვიზამთ /ორმაგი ირონია/ და ერთი მაგათი /ტონუსის აწევის უმაღლესი დონე/. შემდეგი ნაფაზები თავის მიზანს ვეღარ აღწევენ და ეს რომ მწეველმა იცოდეს, ბოლომდე არასოდეს არ მოსწევდა პაპიროსს. ეს არ იცოდა ვალიკომ, ამიტომ ნამწვის ლევასთან ერთად ნელ-ნელა დაეცა ისევ მისი ხასიათი და ბოლოს, გამომწვარი "ყაზბეგით", რომელსაც ქაღალდის სუნმა დაჰკრა ბოლო შესუნთქვისას, წელში ისევ მოიხარა ნელ-ნელა და უფრო საცოდავი და უღონო ფორმა მიიღო, ვიდრე ეს წევის დაწყებამდე ჰქონდა. პირველი აზრი, რაც თავში მოუვიდა, იყო ის, რომ კიდევ მოეწია, მან მაგრად შეისუნთქა ჰაერი, ცივი, სასიამოვნოდ ცივი მისი აღგზნებული ბუნებისთვის, და ამ ღრმა ჩასუნთქვამ იგივე რეაქცია მოახდინა, რაც პირველმა სამმა ერთად. მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება, რომ მის ზევით ფანჯარაში შეუსვენებლივ უკრავდა ვიღაც და მორიგეობით იცინოდა ერთი გოგო მაინც, ვალიკომ ქუჩას გახედა, ისევ ისეთი ნაცრისფერი და მოწყენილი იდგა ყველაფერი. "საწყლები", გაიფიქრა იმ ხალხზე, რომელიც ილხენდა, ის არც კი გაბრაზებულა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ იმ მოლხენაში იძულება უნდა ყოფილიყო. გაიფიქრა ეს ვალიკომ და ჩაუფიქრდა საკუთარ თავს, საკუთარ ბედს. კარგი ვერაფერი წარმოიდგინა, იმდენად დიდ მორალურ დეპრესიას განიცდიდა. მე ვისარგებლებ ამ წამებით, როცა გმირი მხოლოდ თავისთვის ფიქრობს, ვინ იცის რას, და აღვწერ მის გარეგნობას, რომელიც ყოველთვის ეთანხმება შინაგან სულიერ ტრაგედიას: 24 წლის ბიჭი, მოშავო ულვაშებით, არც მაღალი, არც დაბალი, მხრებში გამართვის დროს ენერგიით სავსე და მოხრის დროს გამოფიტული, არავითარ შემთხვევაში 27 სანტიმეტრზე ნაკლები შარვლით, ლუქსის ფეხსაცმელებით, საეჭვო გემოვნებით შეკერილი თუ ნაყიდი პალტოთი და მწვანე შლიაპით, რომლის ქვევიდანაც მოჩანდა შავი ტალღოვანი თმის დასაწყისი, ორი ჩასმული კბილით და მათ შუა გაჩხერილი პაპიროსით. – აი, გარეგნობა – ვინ უნდა ყოფილიყო და რაზე უნდა ეფიქრა მას, უეჭველია, ამ ასაკის ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო კომკავშირელი, ხოლო ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც მას შეიძლება დამართვოდა, უნდა ყოფილიყო კომკავშირიდან გარიცხვა, ყველა დაინტერესებული გამვლელი, საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური დაკვირვებების შედეგად, თამამად მივიდოდა ამ დასკვნამდე და ის არ შეცდებოდა არც ერთი წამით. მაშასადამე, ჩვენ წინ იდგა კომკავშირიდან უღირსი საქციელისათვის გარიცხული ახალგაზრდა კაცი, კი არ იდგა, არამედ ახლა უკვე მიდიოდა, საკუთარი დანაშაულის გრძნობით დამძიმებული, სახლისკენ, მიდიოდა მარტო, მიტოვებული ყველასგან, მასზე, საერთოდ, არც კი ფიქრობდა ვინმე – მისი აზრით.
მაგრამ რა გულუბრყვილონი არიან პიროვნებები, რა არასამართლიანები, განსაკუთრებით გაბრაზების, აღელვების მომენტში – ვალიკოზე სწორედ ამ წამში ქარხნის კოლექტივის 25 პროცენტი, ე.ი. მთელი კომკავშირლობა, მსჯელობდა, არჩევდა მის ნაკლოვან და ჩრდილოვან მხარეებს, თავის ხარკს აძლევდა დადებითს და სწორედ ამ უკანასკნელზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა, რომ კომკავშირიდან გარიცხვა უნდა იყოს მისთვის სამაგალითო, დროებითი სასჯელი, ხოლო მისი სულიერი მდგომარეობის წესრიგში მოსაყვანად უნდა გაიგზავნოს მოწინავე მუშა-კომკავშირელი შალო, ბიჭი ღია, თითქმის წითელი თმებით, ყველასთვის საყვარელი ამხანაგი, ნდობით აღჭურვილი მმართველობაში თუ ამხანაგთა შორის. "მიყვარს წვიმიანი, ერთი შეხედვით, მოწყენილი ამინდი, აქ თითქოს ადამიანი მალავს თავის სიხარულს, რომელიც სითბოსა და სინათლეში შესვლასთან ერთად უნდა უცებ გამომჟღავნდეს", ფიქრობდა ფართო ნაბიჯებით წუმპეებში ჭყაპუნით მიმავალი შალო, რომლის ტონუსმაც ორმაგად აიწია, როცა იმ ფანჯარას ჩაუარა, საიდანაც მუსიკის ხმა ისმოდა და სადაც ორი წუთის წინ იდგა ვალიკო. "აი, სამართლიანი, მხიარული დასვენება, გარეთ წვიმს, ისინი ილხენენ სამაგალითო შრომის შემდეგ თბილ, ნათელ ოთახში, თუმცა არც აქ არის ცუდი, გარეთ, წვიმაში, ჭყაპში, პირიქით, აქ არის ნამდვილი ცხოვრება, ცხოვრება სიძნელეებს შორის, სავსე შემთხვევებით, უსენტიმენტოდ. მიაბიჯებდა ის მუსიკიანი ფანჯრის გაყოლებით და ევსებოდა სიამაყით გული, ერთგვარი უპირატესობის გრძნობით, რომ მან გვერდზე გადადო ყველა გართობა შაბათ დღეს და ვალის აღსრულებისათვის არ შეუშინდა სტიქიონს, გარდა ამისა მას კომკავშირული ნატურა ქვეშეცნეულად ახსენებდა, რომ ამინდი, როგორც ასეთი, ხასიათის გამფუჭებელი არ არსებობს და ყველა ამინდში შეიძლება აბიჯო წინ და ლაღად.
საოცარია რატომ არ მოსდიოდა იგივე ფიქრები თავში ვალიკოს, თუმცა იმას უკვე ჰქონდა გასამართლებელი საბუთი – გასამართლებელი საბუთი ცხოვრებაში მისთვის ყოველთვის პირველი იყო, ახლაც იპოვა ის – განა შეიძლება გიხაროდეს ასეთი ამინდი, ან რატომ უნდა გიხაროდეს, როცა გაგრიცხეს, მიგატოვეს.
"მე ვალიკოსგან გამოვიყვან კაცს, მთავარია არ შეუშინდე სიძნელეს", მიაბიჯებდა მასავით ნელა, ოღონდ სხვა ნაბიჯით მის უკან შალო, მანძილი მათ შორის არც იზრდებოდა, არც მცირდებოდა და ის სწორედ მაშინ შევიდა ვალიკოს ნაქირავებ ოთახში, როცა ვალიკომ პალტო სკამზე მიაგდო და შლიაპიანად ჩაჯდა საწოლში.
შალომ, სავსემ მოვალეობის გრძნობით, თავიდანვე აიღო სიტუაციის უფროსობა ხელში "რატომ ჯდები შარვლით, სველი შარვლით ლოგინში" – უთხრა მან ღიმილით და ხელი დაჰკრა კომკავშირელ ამხანაგს მხარზე….
[1960წ. ზამთარი]
* * *
სულ დანაწევრდა და აოხრდა გარე მტერთა თარეშითა და გამუდმებული შინაფეოდალური ომებით ისედაც მრავალტანჯული საქართველო, მოიშალა ცენტრალური მტკიცე მმართველობა, დაირღვა ტაძართა თუ ციხე-გალავანთა მშენებლობის მაღალმხატვრული სტილი; თავისებური ნაყოფი გამოიღო ამ გარემოებამ: განვითარდა თითოეული ცალკე საერისთავო ქართლ-კახეთსა თუ შორეულ მთებში, შეიქმნა მმართველობის ვერაგი, მოშუღლე, ინდივიდუალური სისტემები, ინდივიდუალური მშენებლობა, დასაყრდენი შესაფერი წესწყობილებისა.
ამ პერიოდში პირადი პატივმოყვარეობით შეპყრობილი ფეოდალები არავითარ ზომას არ იშურებენ მეფის თუ მეზობელი სამთავროს სავნებლად. უგზავნიან მოსყიდულ მკვლელებს ერთმანეთს, ასმენენ ყაენთან, მოტყუებით მოპატიჟებულ მეზობლებს ღვინით ათრობენ და ისე ხოცავენ, თვალებს სთხრიან, ასახიჩრებენ. ძმა ძმას არ ინდობს, საკუთარ მამას აგდებს გამძვინვარებული მებატონე ციხის თავიდან, ყველგან და ყველაფერს ცდილობს დააწეროს თავისი უღირსი სახელი და ამით უკვდავყოს თავისი `საქმეები~.
შემზარავი, დაწვრილმანებული ვნებები ტრიალებენ მთელ ფეოდალურ მსოფლიოში, რომელთა გადამეტებასაც ცდილობს აღმოსავლეთის ურდოებისაგან ისედაც ძალაგამოცლილი ქართველი თავადი. აცამტვერებენ ამ არეულობით აღფრთოვანებული ყაჩაღი ლეკები გლეხკაცის საუკუნეების შრომას, ჩეხენ ვაზებს – ქართველის ამ უდიდეს ეკონომიკურ და კულტურულ დასაყრდენს, ხოცავენ და, საკუთარი გლეხისადმი, საკუთარი სიძლიერისადმიც კი მტრულად განწყობილ თავადთა დახმარებით, მაღალი ფასის ტყვეებით ავსებენ მსოფლიო მონათა ბაზრებს.
ლხინს მისცემია კახეთის თავადი ჯანდიერი; გაშლილი სუფრის ბოლოსთან იზლაზნება ეშმაკი მოურავის მოუხეშავი სხეული.
– სამახარობლო, ბატონო, ყვირის სუფრის ბოლოდან, – გუშინ ღამით ჭავჭავაძეებს ლეკები დასხმიან და ოცი კაცი გაუტაციათ, ამდენივე მოუკლავთ.
აღფრთოვანებული ჯანდიერი წამოვარდება სკამიდან და თავისი `გამარჯვების~ სადღეგრძელოსა სვამს, თუმნიანით ასაჩუქრებს მახარობელს, მეორე დღეს მას ესხმიან თავს ლეკები და, ალბათ, ისევ თუმნიანს იმსახურებს, ოღონდ ახლა ჭავჭავაძეთა მოურავი.
ძნელია ამ არეულობაში იპოვო ერთი კეთილშობილი ადამიანი მაინც, ვისაც თავისი ერისთვის გული შესტკივა.
აღფრთოვანებულია თავისი პიროვნებით არაგვის ერისთავი ბარძიმ, დიდი წარწერით შეამკო ანანურის ეკლესია, რომლის შესახებაც ვახუშტი ბატონიშვილი, დიდი პატრიოტი, უგანათლებულესი, უკეთილშობილესი პიროვნება, საქართველოს გეოგრაფიის აღმწერი, ასე წერს: `ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავხედი, კადნიერი და არარაიდ ვინმე უჩნდა~. ასევე შეიძლება დახასიათებულ იქნეს მთელი წინაპარ-შთამომავლობა არაგვის გულზვიად ერისთავებისა.
ბუნებრივია, მხოლოდ მტკიცე ზღუდეებით გამაგრებულ ციხესიმაგრეებს შეეძლოთ დაეცვათ ყველასთან და ერთმანეთშიც კი მტრულად მყოფი ეს მებატონეები. მათ მიერ დუშეთში აშენებული ბურჯ-გალავნები არაერთხელ იქნა დანგრეული და მიწამდე გასწორებული იმდენად, რომ დღეს მათი კვალიც კი ძნელი მისაგნებია; ამ შემთხვევაში წინდახედულმა ერისთავებმა სათადარიგოდ აიშენეს XVI საუკუნეში არაგვისა და ვეძის შესართავის ფერდაზე ანანურის ციხესიმაგრე, შეამკეს იგი ყველა საჭირო საცხოვრებელი შენობებით, წყალსადენით, მცირე და დიდი ეკლესიით და გალავანში დატანებული კოშკით, – `შეუპოვრის~ სახელწოდებით; ამ საბედისწეროდ აშენებულ კოშკშივე ცოცხლად იქნა ამომწვარი მათი გვარეულობის უკანასკნელი ნაშიერი დაუღალავი მოშურნის შანშე ქსნის ერისთავის მიერ.
დღესაც კარგადაა შენახული გვიანფეოდალური ხანის ამ ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნაგებობის მთელი კომპლექსი, თავისი საკულტო, საფორტიფიკაციო და სამოქალაქო მნიშვნელობის ძეგლებით. ასეთივე ბედი არ სწვევია ე.წ. ქვედა ციხეს, რომლის ზღუდის მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებიღაა შემონახული.
ვინც არ იცის მთელი საშინელება იმ ეპოქისა, არ შეიძლება აღტაცებაში არ მოვიდეს საქართველოს სამხედრო გზით მგზავრობის დროს ანანურის ციხის ნახვისას, არ ჩამოვიდეს მანქანიდან და პატივი არ სცეს ნიჭიერ, ხალხის წრიდან გამოსულ არქიტექტორთა ღვაწლს, რომელთა ნამუშევრის მხატვრული არასრულყოფილება, ადრეფეოდალური მტკიცე სახელმწიფოს დროინდელ ძეგლებთან შედარებით, მხოლოდ ხელოვნების ისტორიის სპეციალისტს შეიძლება ეცეს თვალში.
მრავალი პარალელი მოეპოვება ადრეულ ტიტანებთან, სვეტიცხოველთან თუ ალავერდთან, ანანურის დიდ გუმბათოვან ეკლესიას, არასრულყოფილების მიუხედავად. საქართველოს ძეგლთა შემსწავლელნი არ ტოვებენ უყურადღებოდ და გულნატკენნი, რაც შეიძლება კეთილსინდისიერად სწავლობენ მას.
ბევრი ახირებული ადამიანია სიძველეთა შემსწავლელთ შორის. მათთვის ყველაზე დამახასიათებელია შეყვარება რომელიმე ძეგლისა უცნაური, განსაკუთრებული სიყვარულით, მათ რიცხვს ეკუთვნის ანანურის მუზეუმის დირექტორი საურმაგ მაისურაძეც.
ბევრი რამ გააკეთა მაისურაძემ ამ ძეგლის შესწავლისათვის, პირველ ყოვლისა, მოიშვა წვერები, შეიმოსა ოდნავ უცნაურად, სველი სავარცხლით უკან გადაივარცხნა ევროპულად გაყოფილი თმები, ფეხებზე ჩაიცვა მთიულური ბანდულები, წინდებში ჩაიტანა პაჭიჭებიანი შარვალი, ხოლო ზედა ტანი შეიმოსა თეთრი პერანგით, ჰალსტუხით და უკანასკნელი მოდის პიჯაკით, რისგანაც გამოვიდა უცნაური ჰიბრიდი არაგვის ერისთავთა დროისა, ნაჯვარი ჩვენს დროსთან; შემდეგ სოფელში ნაქირავები სახლიდან გადასახლდა ე.წ. რვაწახნაგა სადგომში, რომელიც ანანურის ციხის გალავანშია ჩადგმული და არსაიდან არა ნათდება, ამ გარემოებამ იგი მიიყვანა იდეამდე გამოეყვანა შიგ ელექტრონი, რამაც ბიძგი მისცა ამ, ოდესღაც, ალბათ, საპყრობილის ევროპულ ბინად გადაკეთებას – საწერი მაგიდით, დაბალი ხის სავარძლებით და ერნესტ ჰემინგუეის სურათით, რამაც, თავის მხრივ, შეაძენინა თოფი, რომლითაც არასოდეს არ გაუსვრია; თოფი სწრაფად იქნა დაკიდებული თბილისის ფიტულების მაღაზიაში შეძენილ ირმის რქებზე.
გაფორმდა თუ არა გარეგნულად, დაიწყო ზრუნვა შინაგანი ბუნების გასამდიდრებლად. იყიდა ჰემინგუეის ახლად გამოცემული ორივე ტომი, `Иностранная литература~-ს ის ნომრები, სადაც რემარკის `ტრიუმფალური თაღი~ იყო დაბეჭდილი და ვახუშტი ბატონიშვილის `აღწერაი სამეფოისა საქართველოსი~, აგრეთვე `ქართლის მოქცევა~ და `სახარება~. ამ წიგნების წაკითხვას ის, რა თქმა უნდა, არ შესდგომია, იმდენად ორგანულად შეესისხლხორცა იგი ამ ორივე ეპოქას, ახლა საჭირო იყო მხოლოდ გარკვეული კავშირის დაჭერა სოფლელებთან, რომლებიც მასში ვერაფერ უცნაურს ვერა ხედავდნენ და ყველა მის მოქმედებას ისე იღებდნენ, როგორც აუცილებელს მუზეუმის დირექტორისათვის.
საიდანღაც თავისთავად გაჩნდა მოხუცი უპატრონო ქალი, რომელმაც იკისრა მისი პატრონობა, ქალს ერქვა მართა, რაც საურმაგმა სრულიად დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და გაუღიმა; მართამ ღრმად ამოიოხრა, თავისი ქვრივოხრული ისტორიის მოყოლის ნაცვლად, და წყლის მოსატანად გასწია სოფლისაკენ.
– მართა, – თქვა საურმაგმა, – თქვენ ნამდვილი ღვთისმოყვარე ქალისა და წამებულის სახე გაქვთ.
– ეჰ, რაც მე ტანჯვა მინახავს, – გაუბრწყინდა მართას თვალები მოსაყოლად, მაგრამ საურმაგი მტკიცედ განაგრძობდა, – მართა, თუ არ ვცდები, როდესაც შანშე ქსნის ერისთავი თავს დაესხა არაგვის ერისთავთ, მაშინ გალავანთან, წყალსადენში, რომელიც აგურითა და ქვის სწორი წყობით არის ნაშენი, რაც მიგვითითებს მის გვიანფეოდალურ ხანაში მშენებლობაზე ან, უფრო სწორად, ციხესთან ერთად მის წარმოქმნაზე, წყალი მოდიოდა.
– ეეჰ, – ამოიოხრა მართამ.
– წადით, მართა, მოიტანეთ წყალი, – ნება დართო საურმაგმა და თვითონ მთლიანად მიეცა ფიქრს დანგრეული წყალსადენის რეკონსტრუქციის შესახებ; მის თავში იხატებოდა შემზარავი სურათები მტრის მიერ მოღალატურად მოჭრილი წყალსადენის შესახებ და ფანტაზია უხატავდა ახალ პროექტებს ახალი წყალსადენის გამოყვანისა ახალი საშიშროების დროს;
საურმაგი ამ ფიქრებით იყო გართული, როდესაც მართას წყლით სავსე ვედროები მოჰქონდა ციხისაკენ, ხოლო მთელი დანარჩენი სამყარო მოეცვა უცნაურ, მოუთმენელ მოძრაობას.
უპირველეს ყოვლისა, ეს მოქმედება ეტყობოდა საქართველოს სამხედრო გზას, რომლის ორივე მხარეს შემდგარი ასობით მანქანა სიჩქარეების ცვლითა და ოხვრით მირბოდა ერთმანეთისკენ, უვლიდა გვერდს, ქრებოდა, ისევ იმართებოდა და ისევ მირბოდა.
პატარა, მოუსვენარი მწერებივით ჩანდნენ ისინი დარიალის ხეობის უზარმაზარ ლოდებს შორის, ხოლო მათ ხმაურს უცებ ყლაპავდა თერგის რახრახი, მიუხედავად ამისა, თითოეული მანქანა დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ის არის ძირითადი, ნამდვილი საქმისთვის მოწოდებული. ეს მატებდა მათ სირბილს მისწრაფებას, ენთუზიაზმს. "Мы работаем честно, мы отдыхаем всей душой и на это имеем право", ამ ლოზუნგით მორბოდა ორჯონიკიძიდან უკვე დათვის ჯვრის უღელტეხილზე ამოვარდნილი ტურისტული ავტობუსი. თითქმის შიშველმა მგზავრებმა უღელტეხილის ნისლში გახვევისთანავე სამგზავრო მოსასხამები ამოიღეს და სიმღერა შეწყვიტეს, მხოლოდ ტურისტული ჯგუფის ოცმეთაური ვალია იჯდა ისევ შიშველი მკლავებით და ხმამაღლა ამბობდა: "სტიქიის არავითარ მოულოდნელობას არ შეუძლია შემაცვლევინოს მე ნირი". ტურისტები უკმაყოფილოდ უყურებდნენ მანქანის რხევისგან ათამაშებულ მის დაუფარავ მხრებს, რომელზედაც ნესტის წვეთები აბურძგნილიყვნენ. "Ишь, какая выскочка!" – იძახდნენ ისინი, აძაგძაგებული სიცივისაგან, რასაც ეს სიშიშვლე უფრო უსვამდა ხაზს, მაგრამ მანქანა სწრაფად ჩაქანდა ქვევით, ისევ გამოანათა მზემ, ისევ გაიღიმა ყველამ; ვალიამ მკაცრად გადახედა მოხუც გამხდარ ქალს, რომელმაც უკოლექტივოდ სცადა სიმღერის დაწყება: `მოდი, მოვიგონოთ ჩვენი საკუთარი სამარშრუტო სიმღერა~, მკაცრად, ტუჩების აბზეკით თქვა მან. "Мы едем по Дарьяльскому ущелью," – კისრის წაგრძელებითა და სიმღერის ინტონაციით თქვა მორცხვმა ტურისტმა ბიჭმა და ვალიას მკაცრი გადახედვისას ისევ დამალა თავი, "არ ვარგა, აბა, ვინ მოიგონებს უკეთ", ტუჩების აბზეკით გაიღიმა ვალიამ და თვითონ დაიწყო: "მე უკვე მოვიფიქრე, ჩვენ ვინ ვართ? ტურისტები. რას ვშვრებით? ვმოგზაურობთ! რატომ? ეგზოტიკის მისაღებად, არა? მაშ ასე, სიმღერა დავიწყოთ ერთად, მარშის ხმაში: "Мы создаем себе экзотику, экзотику!" აბა, ყველამ ერთად, მისამღერი `эк-зооо-ти-ку!~ ამღერდა, ახმაურდა მთელი მანქანა და ისე დაეშვა მლეთის დაღმართზე ანანურისაკენ, რომ ვერც კი გაიგეს.
ანანურში კი ელოდათ ტურისტებს ნამდვილი ეგზოტიკა, ანანურის მუზეუმის დირექტორის სახით.
როდესაც ტურისტებით სავსე გადახდილი ავტობუსი გაჩერდა ანანურის ციხის კედლების ქვევით, გზაზე, საურმაგ მაისურაძე გადმომდგარი იყო გალავანზე და აუღელვებელი სახით ათვალიერებდა კიბეებზე ეგზოტიკის დასაწაფებლად ამოვარდნილ ტურისტებს. მას გვერდით ედგა მართა უაზრო სახით.
– მართა, რა არის, თუ იცით თქვენ, შუა საუკუნეები? – დამარცვლა საურმაგმა.
– ეეჰ, აბა, რა ვიცი, შვილო, მე, ქვრივოხერმა.
საურმაგი განაგრძობდა:
– შუა საუკუნეები არის სრული უაზრო არეულობის ეპოქა, რომელშიაც პატივსაცემი ხდება ის, რასაც, საერთოდ, სხვა დროს არა სცემდნენ პატივს, ე.ი. ადამიანთა მოუსვენარი ვნებები, მართალია, უმიზნო გარკვეულ დროს, ოღონდ მაინც დიდი ვნებები, თავისი ადგილის საპოვნელად აშლილი და ამხედრებული.
– ეეჰ, შვილო, – ისევ ამოიოხრა მართამ და უცებ შეშინებული გაჩერდა, მის წინ მკაცრი სახით იდგა ჯგუფის ოცმეთაური ვალია და კითხულობდა:
– ვინ არის აქ უფროსი, ჩვენ ბევრი დრო არა გვაქვს, გთხოვთ აგვიხსნათ, დაგვათვალიერებინოთ. ჩვენ რაც შეიძლება ბევრი ეგზოტიკა უნდა მივიღოთ მოკლე დროში.
გულის სიღრმეში საურმაგი მოუთმენლად ელოდა თავისი მოღვაწეობის ფართო ასპარეზზე გაშლას და, მით უმეტეს, დიდი სიამოვნებით ასეთ გოგონასთან, გეგმაში ჰქონდა დაეწყო საქართველოს ისტორიის სულ შორეული კუნჭულიდან, რომელიც თვითონაც არ იცოდა კარგად, მაგრამ გოგოს გულმკერდი ისე მომხიბლავად იყურებოდა, რომ მოულოდნელად ასეთი სახის ბოდიში მოიხადა:
– მაპატიეთ, რომ არ არის საშუალება ღირსეული პატივი გცეთ, მე სულ ახლა დავბრუნდი... დიახ, ნადირობიდან, სამწუხაროდ, დათვისა და ჯიხვის ხორცი უკვე გამომელია.
– ნუ იხდით ბოდიშს, – შეუსწორა ვალიამ, - არც ბევრი მოყოლაა საჭირო, მხოლოდ მითხარით, რა მხრიდან და სად შეიძლება ყველაზე მაღლა აძრომა, თუნდაც აი, იმ კოშკზე, ჩვენ რაც შეიძლება მოკლე დროში მეტი ეგზოტიკა უდნა მივიღოთ.
– ეგ კოშკი აშენებულია...
– აძრომა საიდან შეიძლება?
– მე მგონი...
– არ გინდათ გვითხრათ, არა?
– დიდი სიამოვნებით.
– მოდით აქ ყველანი... ახლა გვეტყვიან, საიდან შეიძლება აძრომა.
– აქედან, აქედან, – თქვა მართამ და ხელი გაიშვირა მეორე მხარეს გასასვლელისაკენ, რადგან ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ და ეგონა მეორე გასასვლელს კითხულობდნენ.
[1960 წ.]
ბლიც – ნოველა
დღიური:
ვზივარ მარტო. მოწყენილი. მეტის დაწერა მეზარება, ეშმაკმა იცის, რას დავამატებდი. ყველა ნოველა – თუ არ შეეშვი დროზე, შეიძლება რომანად იქცეს – ტაქტი უნდა ყველაფერს – დაიღლები – მორჩი.
შენიშვნები
"ბატონო ტელემხედველებო ..."
მოთხრობა უსათაუროა და უთარიღო. თარიღი მიახლოებით დადგენილია სტილის, შინაარსის, ხელწერისა და საწერი ქაღალდის მიხედვით ("ირინა და მეს" შავი ვარიანტის ფურცლები. "ირინა და მეს" დათარიღებისათვის იხ. შენიშვნები "ჩემი ლეტერატურული შეხედულებებისათვის"). თარიღისათვის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მოთხრობაში ნახსენები ცოტნე ჯავახიშვილის დაბადების დღე: `გუშინ გავიგე, რომ გეყოლა ბიჭი – მომილოცავს თქვენთვის, ტელემხედველებო, ახალი ჯავახიშვილის დაბადება ... აბა, პატარა ჯავახიშვილო, ღმერთო ჩემო, შენი სახელი მაინც ვიცოდე". (ცოტნე ჯავახიშვილი – ბიოლოგი, დათო ჯავახიშვილის ვაჟიშვილი, დაიბადა 1958 წლის 5 მარტს. ცოტნეს დაბადება მოსკოვში გურამს შეატყობინა მამიდა ნათელა ჯავახიშვილმა, ცოტნეს ბებომ. წერილიდან ირკვევა, რომ ცოტნე ახალი დაბადებულია და სამშობიაროდან ჯერ არც არის გამოყვანილი. ასე რომ, მოთხრობა დაწერილია უშუალოდ "ირინა და მეს" დაწყებამდე ან მისი წერის პროცესში (თარიღისათვის იხ., აგრეთვე, "ირინა და მეს" კომენტარები).
ავტოგრაფი ნაწერია ძალიან გაკრული ხელით. ხელწერის მიხედვით, სავარაუდოა, რომ წერა ორჯერ არის განახლებული, თუმცა მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი. გარდა თავისთავადი ღირებულებისა, მოთხრობა მნიშვნელოვანია როგორც გურამის თითქოს არამხატვრული, პუბლიცისტური სიტყვა თავისი ფიქრებისა და განცდების შესახებ უშუალოდ "ირინა და მეს" წერის პერიოდში.
არქივში, უმისამართო ფურცლებთან ერთად, ცალკე საქაღალდეში ინახებოდა შუაში გაკეცილი თაბახის ფურცლის (`მარინას~ შავი ვარიანტის ფურცელი), ძალიან გაკრული ხელით, ნაჩქარევად შევსებული, ოთხი გვერდი. შინაარსის მიხედვით, მიჩნეულია "ბატონო ტელემხედველებოსათვის" გაკეთებულ ჩანაწერად:
" ... ის გასწავლით, რომ როდესაც გაზაფხული მოდის, მარტო იები და ენძელები კი არ ყვავიან, მარტო მოკლეკაბა გოგონები კი არ დასდევენ გრძელი პეპლის საჭერით პეპლებს. გინდა ზუსტი ასლივით ხატო, გინდა წერტილებით, გინდა კუბიკებით, არამედ კაცები დაძარღვული ხელებით და დიდი ტერფებით ნალავენ წამოქცეულ ხარებს პირველი გუთნეულის გასატანად. აბა, აიძულე იცეკვოს როკ–ენდ–როლ; –Ни за что! – აკლია ძირი – ტემპერამენტი კი აქვს, ოღონდ სხვა მხარეს განვითარებული. ვცადოთ ვიცეკვოთ რამე ახალი.
ბაკურიანი - ყველა ამბობს - კარგია თებერვალში, როცა ხალხი არ არის. რატომ? იყოს ხალხი. თუ თავს იწონებთ ამითი, ირომანტიულებთ? გიყვართ სიმარტოვე. ვერც ერთი თქვენგანი მარტო ერთ კვირასაც ვერ გაძლებს იქ.
ქართველი ქალის გარეგნობაზე ედმუნდს. ის სავსეა – რატომ წყვეტთ კორსეტით ან [წერტილით] წელში. თქვენ არ ხედავთ წერტილებით – პროგრესი შიგნიდან, შინაგანი და გარედან, გარეგნული. გესმით! ნუ იქნებით სტილნი ბიჭები, რომლებმაც ისწავლეს [ბი ] სიტყვები როკ-ენდ-როლ და ცეკვა კი არ იციან, არც უნდათ. სერიოზული ამბავი: უფრო საშიშია არ გაება იმაში, რასაც გიკრძალავენ, ვიდრე იმაში, რასაც არ გიკრძალავენ – პირველი შეიძლება მოუვიდეს პატიოსან კაცს, მეორეზე ლაპარაკიც არ ღირს, მე მეცოდება პატიოსანი კაცი, რომელსაც ნიჭი არ ყოფნის სრული ანალიზის ან რომელიც იღუპება.
Я лгал или нет!
ბოლო:
ერლომე რომ წერს, ცხოვრება არა მარტო იმად არა ღირს, რომ გაუფრთხილდე, არამედ რომ ვინმეს აწყენინო. მე არ მინდა თქვენი წყენა, მაგრამ მეც ხშირადა ვარ ოჯახურ წრესთან და ძმაკაცებთან ერთად ტელემხედველი და არც მე მაწყენს ყოველივე ეს.
ნახვამდის,
ნემსის ჩხვლეტა – რუსიკოს რამე სიტყვა."
"მიცნობდეთ – მე ვარ გურამ რჩეულიშვილი მწერალი და პოეტი! ზოგს ეღიმება, ხედავთ თურმე მეცა ვხედავ, ო რა ამაყად უყურებს თავის ოჯახის წევრებს, ან თავის ამხანაგებს, ან თავის შვილიშვილებს. .... იყიდეთ ტელევიზორები. იქ შეიძლება ნახოთ გურამ რჩეულიშვილი! და აივსოთ იმედით, რომ შეიძლება თქვენც მოგიწიოთ ამ ბედნიერებამ – ტელეეკრანზე გამოსვლამ!
...თქვენს წინაშე მე გამოვდივარ როგორც მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე, რომელსაც ტელეცენტრის დირექცია უხდის 1500 მან. ფულად ოცდახუთწუთში, რათა შეგაქცევინოთ თქვენ თავი. .... ორიოდ სიტყვა ჩემი ნაწარმოებების შესახებ. მე იქ, ე.ი. ნაწერებში, ვცდილობ ვწერო ჩემს თავზე. ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი... ბევრს ცრემლი მოსდის როგორც ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც მიცნობდა როგორც გურამ რჩეულიშვილს და ახლა უბრალოდ უკვირს, რომ ხან ვაჟა ჯანდიერი ვარ, ხან უბრალოდ გიო, ხანაც მოხუცი ქიტესა. წერა არის პირველი საწყისი ტელეცენტრისა დაფუძნებული იმავე პრინციპზე – ავტორს ხედავენ მკითხველები, ლანძღავენ უმეტესნი, მითუმეტეს ნაცნობები, ისინი ხომ კარგად იცნობენ მას და არაფერს კარგს მისგან არ ელიან, ... პოეტი ყვება თავის სიყვარულზე, თავის ცხოვრებაზე, თქვენ შესახებ კი არაფერი იცის, ასეთია ტელეცენტრის პრინციპი!
მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ და ისევ თქვენთან ერთად კინოებში, თეატრებში და ექსკურსიებზე, ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე, ზამთარში ბაკურიანში, ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს 1956 წლიდან და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად, ვსწავლობთ ერთმანეთისაგან და ყველა ერთიდაიგივე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა; მე თქვენგან განსხვავებით დავდივარ უჰალსტუხოდ, გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელად პირდაღებულითაც, რადგან მაღალყელიანი ახლის შოვნა საერთოდ ძნელია, მე კი შევეჩვიე მათ, ისინი არიან მძიმე და ერთგული, მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში".
გურამს, მართლაც, ყოველთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, სახლშიც კი. ეს იყო ოჯახში უსიამოვნებისა და დედას ღელვის ერთ-ერთი წყარო.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს ნუგზარ წერეთლის მიერ გამოცემულ წიგნში "სად გაექცევი ზამთრის ღამეს."
"გურამ რჩეულიშვილი უკვე მთელი თვე ცხოვრობდა მოსკოვში..."
მოთხრობა უსათაუროა და უთარიღო. წერია თორმეტფურცლიანი რვეულის ორივე გვერდზე. ნაწერია მუქი მელნით, გაკრული, მაგრამ მყარი ხელით. პირველი წინადადების ("გურამ რჩეულიშვილი უკვე მთელი თვე ცხოვრობდა მოსკოვში") მიხედვით, ეს ნაწარმოები თავდაპირველად მივიჩნიე დღიურად, რომელიც მოსკოვში თებერვლის თვეში უნდა ყოფილიყო დაწერილი (გურამი მოსკოვში ჩავიდა იანვრის პირველ რიცხვებში). ავტოგრაფებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ასეთ რვეულებში (რვეულის გამოცემის თარიღია 1957 წლის IV კვარტალი) მსგავსი ფერის მელნითა და ხელით დაწერილია 1958 წლის შემოდგომის დღიურები და ჩანაწერები "იულონის" შავი ვარიანტისათვის. შემოდგომამდე ასეთი ტიპის რვეულები არქივში არ ჩანს. მწერლის სახელი და გვარი შავ ხელნაწერებში გვხვდება ხოლმე 1958 წლიდან. ნაწარმოები ან დამთავრებულია, ან არა. ყოველ შემთხვევაში, აქ წყდება ნაწერი (იხ. ტექსტი.).
არ არის გამოქვეყნებული.
"შუა რუსთაველის ქუჩაზე ორმეტრიანი ..."
არქივში ინახება ამ უსათაურო და დაუთარიღებელი ნაწარმოების ორი დამოუკიდებელი ვარიანტი (1–12გვ. და 1–10გვ.), აგრეთვე - რამდენიმე ჩანაწერი მოთხრობისათვის. ჩანაწერები გაკეთებულია მწვანე ფერის მაგარყდიან პატარა ბლოკნოტში, რომელიც ეკუთვნის წყალტუბოს პერიოდს (იხ. მეხუთე ტომი). გადახვევები მოთხრობის ერთ-ერთი ვარიანტის სიუჟეტში და ჩანაწერები, რომელთაც შემოჰყავთ გარკვეულ დროსა და სივრცეში დასახლებული სხვადასხვა მოქმედი პირი, მოწმობენ, რომ გურამი, ისე როგორც "შაშას რევოლუციის" შემთხვევაში, აპირებდა ვრცელი ეპიკური ტილოს შექმნას. ამ ჩანაფიქრზე, სავარაუდოა, გურამმა წერის პროცესშივე თქვა უარი.
ორივე ავტოგრაფი დაწერილია, მართალია, მსგავს, მაგრამ სხვადასხვა ცალხაზიან თორმეტფურცლიან რვეულში. ასეთივე ხელითა და მელნითაა დაწერილი "თეთრი მონები", ერლომთან და დედასთან მიწერილი წერილები (ჩვეულებრივ, გურამი მოთხრობებს წერდა თაბახის ფურცლებზე, დღიურებს კი, უმეტესად, რვეულებსა და პატარა ბლოკნოტებში. ამ მხრივ, ეს ავტოგრაფები წარმოადგენს გამონაკლისს). ორივე ავტოგრაფი დაწერილია მწერლისათვის უჩვეულოდ მომსხო, მომრგვალო (ასეთი ხელი ჰქონდა გურამის დედას), თავდაპირველად გამოყვანილი, ხოლო შემდეგ ძალიან გაკრული, ნაჩქარევი, შიგადაშიგ გაურკვეველი ხელით და, როგორცა ჩანს, პირამდე სავსე მუდმივი კალმით. სადღაც გაქრა ადრეული ხელნაწერებისათვის დამახასიათებელი "ლ", "რ", "დ" და სხვა ასოების გურამისეული კონფიგურაცია. ავტოგრაფებზე დაკვირვება მოწმობს, რომ ორივე ვარიანტი ერთსა და იმავე დღეს თუ არა, ერთმანეთის მიყოლებით მაინც არის დაწერილი.
სავარაუდოა, რომ `გოგან გაგანია~ (პირობითი სათაური მთავარი გმირის სახელისა და გვარის მიხედვითაა მიცემული), ისე როგორც `თეთრი მონები~, შექმნილია 1959 წლის ივლისის პირველ რიცხვებში წყალტუბოში, სადაც გურამი `აუტანელი რევმატიული ტკივილების~ გამო იმყოფებოდა (იხ. ტომი 4, შენიშვნები `იულონისათვის~). ივლისის შუა რიცხვებში ის წამოვიდა წყალტუბოდან ანდრო ჭიჭინაძის დაკრძალვაზე (ანდრო ჭიჭინაძე, ჩიჩიკა – გვარიდან ნაწარმოები მეტსახელი – გურამის მეგობარი, ულამაზესი ვაჟკაცი, რომლის ფიზიკური და სულიერი სილამაზე მთელ თბილისს და, მათ შორის, გურამსაც განსაკუთრებით იზიდავდა. ერთხელ გურამმა თქვა: ჩიჩიკა ერთადერთია, ვის გვერდითაც მავიწყდება ჩემი გარეგნობა და თავი მასავით სრულყოფილი მგონიაო. ოდესიდან მოწერილი წერილიდან: `არ ვიცი, მითქვამს შენთვის თუ არა, რომ მაღალ კაცთან გვერდზე დგომას ვერ ვიტან. ყოველთვის გავურბივარ, რამდენადაც შეიძლება, სიახლოვეს. მაგრამ არის სიმაღლე, რომელსაც ვერ გრძნობ. ასეთია ჩიჩიკა. როცა მასთან ვარ, ის მთლიანად გადმოდის ჩემში და მეც ვხდები ისეთივე ლამაზი და მაღალი, როგორიც არის ის...~ ამონაწერი ოდესის დღიურიდან: `ახლა მივხვდი – ალბათ, როგორც ჩიჩიკას ყურებისას ისეთივე და უფრო ლამაზი მგონია თავი, ასევე ტოლსტოის კითხვისას, და იმიტომ ვბედავ წერას.~ 1959 წლის ივლისში ანდრო ჭიჭინაძე შეიქნა უბედური შემთხვევის მსხვერპლი: გვიან ღამე, წვეულებიდან დაბრუნებისას, მელიქიშვილის ქუჩის გადაკვეთის დროს, თითქმის თავის სახლთან დაეჯახა მანქანა).
მოთხრობის პირველი ვარიანტის დასაწყისში აღნიშნულია პირველი თავი: "I". ამ ნაწილის დამთავრების შემდეგ კი მეორე – "II". მეორე ნაწილი იწყება ქიმიური ფანქრით დაწერილი სიტყვებით: `სოფელი: თბილისელებს უნდოდათ მთაწმინდისთვის, ოღონდ ნება არ მივეცით.~ ეს წინადადება, ვფიქრობ, დაწერისთანავე უნდა იყოს გადაშლილი მწერლის მიერ. მეორე გვერდზე იმავე ქიმიური ფანქრით წერია ლექსი: `იმ მიუწვდომელ მშვენიერებას...~ (დაბეჭდილი იქნება მეოთხე ტომში). ამავე გვერდზე ჩაწერილია კიდევ პატარა ერთსტროფიანი ლექსი: `მთის ფერდაზე, იქ, სადაც ხეობა ...~ (დაიბეჭდება მეოთხე ტომში).
მეორე ვარიანტის ბოლო გვერდზე რუსულ ენაზე გაკეთებულია ორი ჩანაწერი:
`Не любить, не презирать
только стоять и чувствовать это смешение
на арену, на сценуб
(`იულონისათვის~)
`В роли Ж
- проста как жизнь -
- А что мне жизнь!!!~
შენიშვნები მეორე ვარიანტის არეზე:
`საქმე იყო სიმთვრალეში. ღონეში. არ იცოდნენ გოგანის დიდი სურვილი.~
`ნამთვრალევი იწვევს Nihil-ს~. თავი ბრუვდება, აზრზე მოდიხარ, გაკეთება არ შეგიძლია. აღარაფერი აღარ გინდა~.
ერთ რვეულს მამაჩემის ხელით აწერია: `გოგან გაგანიას შესახებ~, მეორეს კი ჩემი ხელით – `გოგან გაგანია.~
მწვანე ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერები `გოგან გაგანიასათვის~:
`გოგანი კიბეებზე
0. სათითაოდ გადმოსვა ყველა უკან სხვენის კარებთან,
2. მანამდე: აკოცა უცხოელ ქალს ტუჩებში, რომელიც ბავშვივით აიყვანა ხელში და საჩქმეტად ძიძავას და პამპას გადასცა.
3. შევარდა თუ არა გოგანი, მაშინ მიაწყდნენ ესენი კარებს.
4. გოგანმა კარი გაუღო და მაშინ დაუწყო ბჭობა.
5. ბჭობა:
0. ჩასვლა და რამის დიდის გაკეთება მოუნდა და უცებ შეიპყრო უცნაურმა Nihil-მა და გადაწყვიტა ის, რაც იქ ჩასვლით უნდა გაეკეთებინა, აქედან ერთბაშად გადავარდნით აეღო.
– რადგან სულ ერთი იყო მისთვის გზა და ყველა გზა, სადაც დიდს გააკეთებდა, და ის არავინ არ იცის, რომელი უფრო უარესია – გადავარდნა, როცა ძალის ზენიტში ხარ თუ არა.
– ეს მოუვიდა პატარა სოფლის გოგონებისგან, რომელთაც ის ძალიან დიდი ეგონათ და, რაც თვითონ იგრძნო, რომ არ იყო. – კიდევ დიდი მოქმედება.
———— ვაჭრობა სადგურზე
ბაზარი: ძაგანია ხვდება გოგანის მამას
მამა ვაჭრობს ძვირად, ძაგანიას ნახევარი უნდა მარტო.
– არ მაქვს.
– აფსუს, გოგანი.
– რავა!
– მოკვდა და იმ საქმეზე ვარ.
– მართლა მოკვდა?
– დეიმსხვრა.
– მოიტეხავდა აბა რამეს.
– აღარ არის გოგანი.
– აუჰ!
სოფლის მეორე ბოლოს:
– აუჰ!
– აუჰ! - აწივლდა მთელი ბაზარი და ეცა ძიძავას.
– ამან მეიპარა.
– ამან, ამან… ვაი ჩემს თავს.
ეცნენ ძაგანიას.
– რას ერჩოდი ჩემს ბოვშვს.
0. ძაგანიას კოჭლი დედა თავწაკრული ისე მიდიოდა, რომ მეფეს ჰგავდა თავისი ამალით.
სოფელი – სამეგრელო, გურიის საზღვარი – დედა იყო გურული, ხევს გაღმიდან, კესარიოსა საფლავზე: გრძნობდა, რომ, ქალაქელობის მიუხედავად, იმასავით ვერ იტანდა გონებას მისი შვილი, რომელიც არც სჭირდებოდა და რომ მასავით ამაყი და დიდი სულის პატრონი იყო~.
—————————
`ისინი, ვინც ქვევით იდგნენ, ერთობოდნენ იმით, ის კი ვერა მათით. ეს ჩუმი გონებრივი უპირატესობა აგიჟებდა მას, მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ეს ეშმაკობა არ არის გონება, რომ ის იმიტომ არ მოხვდა სახურავზე რომ უჭკუოა და გიჟია, რომ, თუ არ დაუჯერებდნენ, ის ისევე გადააბრუნებდა ქალაქის მანქანას. იმან იგრძნო, რომ არ კმარა მარტო ღონე შენი ძალის დასამტკიცებლად. და მოუნდა სხვა რამეც, რთული. ეს იყო უფრო უბრალო და დიდებული, უშიშარი, პირდაპირ გამოსული მისი დიდი ბუნებიდან, და გადახტა~.
————
`სადგურის უფროსი არის რაჭველი~
—————
`გოგანმა თავი იგრძნო გმირად აქ, ამ სიმაღლეზე, მაგრამ დაინახა თუ არა (...) ძაგანიამ გამოერკვა. ახლა თავი იგრძნო მასხრად აგდებულად, იმიტომ რომ მაღლა ავიდა და გამოასწორა. გადახტა. ბოლო მომენტი გადახტომის არის ნამდვილი Nihil.~
—————
`0. აღარ დაეტია თავის ძალაში და სადღაც გაჰკრა გონების სურვილმა, რომელზეც თავისი დიდბუნებოვნების გამო პრეტენზია არა ჰქონდა. ახლა მოუნდა გაგება, რატომ იდგა ყველა ქვევით, როცა ეს გიჟობდა, მოუნდა გაეგო, უცებ რომ გაეზარდა თავისი ძალა ამ ცოდნით და გადაეშვა თავისი მწვერვალიდან უფსკრულში, სადაც ვისაც უცდია ჩასვლა, აღარავინ ამოსულა.~
—————
`გოგანი იმ ასაკში იყო, რომ ძალის მომატება აღარ შეეძლო – ამოწურა თავისი ძალა – სხვა საქმე კი აქ აღარაფერი ჰქონდა – ახლა მას უნდოდა გამხდარიყო სხვებივით `ჭკვიანი~, `იმათნაირი,~ ვინც აქ არ აძვრებოდა და არ ააყირავებდა მანქანას, და ის გადახტა? в неизестное для него царство разума, куда умнейшие люди лазили, но не находили кроме (...) что они знают то, что ничего не знают и доживали спокойно свой век, но он не мог довольствоваться этим, ибо он был свежейшим и сильнейшим самородком и прыгнул головой и признал побеждённым и несмотря на то, что он прыгнул в бездно таким диким ликованием чувства победы.
ბოლო მომენტი იყო Nihil. ჰაერში კი არაფერი არ უგრძვნია, გარდა ისევ გადავარდნის წერტილიდან გაღვიძებული ვარდნის ძალის მთელი სიდიადის და მძაფრი განცდის უბადლოების შეგრძნებისა, რამაც აიძულა ნაკუწებად დაშლილი კაცი ისევ წამოვარდნილიყო ფეხზე და დაეღრიალა – აუ, გოგან!
მისი სხეული ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ამაყობდა თავისი თავით – როგორც Самородок.
0. კესარიოსა – კიოდა მთელი ღამე, როგორც ბრძოლაწაგებული მთავარსარდალი.~
მომყავს `გოგან გაგანიას~, ჩემი ვარაუდით, პირველად დაწერილი ვარიანტი:
`შუა რუსთაველის ქუჩაზე ორმეტრიანი მთვრალი ფალავანი გოგან გაგანია მოდიოდა გაშლილი ხელებით.
– ჰა, ჰაიტ, – იძახდა გოგანი.
– ჰოო, ჰოუ, – აყოლებდა ხმას ძუმბა.
– პია, პა, აპ, – კიოდა პამპა.
დალეულ კამპანიას უკან მისდევდა რვა პოლიციელი და ხალხის მთელი ხროვა. უცებ სხარტად დაიგრიხა ამხელა კაცი, ტანით მარცხნივ გადაუხვია და წინ გადაუდგა ძლივს ერთ მეტრზე დამუხრუჭებულ მანქანას, წინა საფარს სტაცა თათები, წელში მოიხარა, მანქანის კარებამდე გადაიშალნენ ზედ დადებული ნიკაპიდან მისი, გულამდე ჩამოშლილი, წვერები.
შოფერმა თავი საჭის ქვეშ ჩაყო, ისე შეაბრიალა გაბურძგნული წვერებიდან შავმა, სიმძიმის აწევისაგან დასისხლიანებულმა თვალებმა.
ხალხი გაინაბა, აქეთ-იქიდან პატარა ძუძა და პამპა, თითის წვერებზე აწეულები, ოფლში გაწუწულები, ამ სურვილით შველოდნენ გოგანს. ძლივს მოასწრო შოფერმა გადმოხტომა, რომ მანქანა ჰაერში გასწორდა, უკანა თვლებზე დადგა, კიდევ ერთხელ გადატრიალდა, ისევ გადატრიალდა და თვლებზე დადგა.
– ვარ თუ არა გოგანი! – დაიღრიალა გოგანმა და ყურებამდე გაიღიმა.
– უუჰჰ, – იხუვლა ხალხმა.
– არის თუ არა გოგანი! – იწივლა ძუძამ.
– აუტ, გოგან! – იკივლა ახმახმა.
– ბატონო გაგანია, გეყოფათ ეს ამბავი, – დაიძახა ერთმა მილიციელმა, მეორეს თვალი უყო, იმან სხვებს და წავიდნენ გოგანისაკენ.
– გოგან! – უჩურჩულა პამპამ.
ძუძამ ვეღარ მოასწრო ჩურჩული და ბარძაყზე ქვევიდან უჩქმიტა, როგორც პატარა კაცებმა იციან, მწვავედ და დასამჩნევად. უცებ მოიხედა ამხელა კაცმა უკან, სულ გაეღო ტუჩები მილიციელების დანახვაზე, ორ ცალს ხელი სტაცა ქამრებში, მკლავებზე შეიყარა:
– საით წაგიყვანოთ, კაცო? – ჰკითხა ხარხარით.
– ა, საით კასო? – მიუბრუნდა ძუძაც დაცინვით გვერდში ამომდგარ სხვა მილიციელებს და დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, რომ პირზე ააფარეს ხელი, გადაუგრიხეს მკლავები და ჩუმად გააპარეს უკან. გაიწია პამპა გოგანისაკენ საჩქმეტად, მაგრამ იმასაც გასწვდნენ.
– აუ, გოგან! - ძლივს მოასწრო ხელის დაფარებამდე პამპამ. გოგანმა მაღლავე გაუშვა ხელი მილიციელებს, რომლებიც პარტყუნით დაცვივდნენ ქვაფენილზე, და მტევნები თავისკენ წაიღო წასაშენად.
– ახლავე, ბატონო გოგან, – იღრიალეს პოლიციელებმა და ხელი გაუშვეს ორივეს. ბავშვივით მოადგა ცრემლი გოგანს, წინ გასწია ორივე ხელი და მისკენ გამოქანებული ორივე დაბალი – ერთი მსუქანი და ერთი გამხდარი – ძმაკაცი ხელში აიტაცა.
– აუუ! – ღრიალებდა ხალხი. გოგანმა მაღლა ასწია ორივენი.
– აუუ! – ღრიალებდა ხალხი.
– ჩვენს ფალავანს, ჩვენს მოჭიდავეს, ჩვენს ჩემპიონს, გოგანს, სიცოცხლე. (ვეღარ გაუძლო გულმა, იმხელა გაეზარდა – გული უფრო დიდი გაეზარდა. იდგა გოგანი. სოფელი, დედ-მამა.) ხალხისგან, ღვინისაგან და თავისი ძალისაგან გაოგნებული გოგანი, თავისი ორი ძმაკაცით ხელში, გადმოვიდა შუა ქუჩიდან და ხალხის მთელი არაოს თანხლებით დაიძრა `ზარია ვოსტოკას~ რედაქციის კარებისაკენ.
ერთმანეთს აწყდებოდა პოდიეზდში ხალხი. ქუჩა ვეღარ იტევდა მოსულებს.
– ზევიდან უნდა ველაპარაკო ჩემს ხალხს! – წამოიძახა გოგანმა. ისინი, ვინც ძალიან უკან დარჩა, შემობრუნდნენ და გასავალი ჩაკეტეს. აივსო ქვაფენილი, აივსო შუა ქუჩა. დადგნენ მანქანები, აივსო მოპირდაპირე ქვაფენილი, დადგნენ ეტლები, იყურებოდნენ სახურავისკენ – იქითკენ, საიდანაც გოგანი უნდა გამოსულიყო – მეეტლეები, შოფრები, გათხოვილი ქალები, გასათხოვარი ქალები, ისინი, ვისაც სახლში ეჩქარებოდა და ისინი, ვისაც არაფერი საქმე არა ჰქონდა. საშინელი ხმაური, ჩოჩქოლი იდგა ქუჩაში, ახლად მოსულებს უნდოდათ გაეგოთ, რაში იყო საქმე, ძველები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ეთქვათ, რომ არ გამოჰპარვოდათ სახურავზე გოგანის გამოჩენა და აი, უცებ ის, ვინც იცოდა რაში იყო საქმე და ის, ვინც არ იცოდა, რაში იყო საქმე, ერთნაირად გაყუჩდა. სახურავის კიდეზე იდგა ამოზრდილი თვითონ შენობაზე, დიდი, მკერდამდე გაშლილი წვერებით, მაღლა და განზე გაწეული ხელებით, ცნობილი ფალავანი, მძვინვარე ვაჟკაცობის განსახიერება გოგან გაგანია. ხალხი ერთმანეთს მიაწყდა და მთელმა ქუჩამ უკან დაიხია, რიდისა და შიშის ელფერმა გადაჰკრა ყველას და გაიმარჯვა ცნობისმოყვარეობამ, ხალხმა თავისდაშეუმჩნევლად დააღო პირი.
– ძუძავ, ბიჭო! – ბოხად, გულუბრყვილოდ და აბსოლუტურად სხვა ტონით, ვიდრე ხალხს ეგონა, თქვა გოგანმა.
– ჰო, გოგან! - ამოსძახა ძუძამ.
– არი, ბიჭო, ვინმე, ჩემი მომრევი ამ ქვეყანაზე?
– აჰ, – იკივლა პამპამ.
– რავა? – იკითხა ამხელა კაცმა.
– აჰ! – იწივლა ძუძამ.
– მასეც ვიცოდი, – თქვა გოგანმა, რამდენიც შეეძლო შეისუნთქა და ხალხს ჩახედა.
– ა, ხედავთ ხალხს? – იმათ ტოლა მინდა ვიყო (ავტოგრაფში გადაშლილია - მ. რჩ.)
– რავა გეკადრება, გოგან! – ახლოს მივიდა პამპა.
– ჰა?! - შეიცხადა ძუძამ.
– ვითომ ამ სიმაღლე ვარ მე?
– აბა!
– ერთი უნდა ჩავხტე, დავეზომო და ისევ ამოვხტები უკან.
– დეიმტვრევი, გოგან, კაცო.
– მე?
– რავა გეკადრება, პამპა, მაგის თქმა! – წაიწრიპინა გოგანის გულის მოსაგებად ძუძამ.
– ა, აგერ ნახავ, თუ არ დეიმტვრევა.
– ვინ, გოგანი?! – ისევ იწივლა ძუძამ.
– შეიძლება არც კი დეიმტვრეს, – უკან დაიხია პამპამ.
გოგანი იდგა სახურავის კიდეზე, გულზე დაყრილი წვერებით, გვერდზე და მაღლა გაშლილი ხელებით. ხალხისაგან, ღვინისაგან და თავისი ძალისაგან გაოგნებული. იდგა და იწვოდა იმისი ტანი, ხალხის თავზე გადაფრენის, იმათ ფეხებთან დავარდნის და ისევ გამართვის ჟინით. მან იცოდა, მისი ყოველი კუნთი გრძნობდა თავის ძალას. ქვევით ყურებისაგან დაღლილმა თვალებმა დაკარგეს მანძილის შეგრძნება. ამ წამში მას მოეჩვენა, რომ სულ ერთი ნაბიჯი იყო საკმარისი ქვევითამდე, რომ ისევ ისე ( ) შუა ქუჩის თავში და გოგანმა გაიცინა, დაირახრახა.
– ჰო, გოგან! – ეშმაკივით შეუჩუჩხურა ძუძამ, რომელსაც არყისაგან საერთოდ არეული ჰქონდა ჭკუა და ვერც კი წარმოედგინა, თუ მის დევ ძმაკაცს შეიძლებოდა რამე მარცხი მოსვლოდა, რომელსაც გადაედო გოგანის ტანში ვეღარდატევა და ისეთი სურვილი, რომელიც მხოლოდ პირუტყვული მიმქრალი ინსტინქტით იგრძნო ძუძამ და რომელიც ახრჩობდა ამ წამში გოგანის მთელ სხეულს.
– აუჰ! – დაიძახა პამპამ, – დეიმტვრა კაცი. ძლივს შეიკავა თავი, რომ სახურავიდან გადაშვებულ გოგანს არ გადაჰყოლოდა. ერთი წამით ჩამორჩა აფხაზს მეგრელი, – ორივე ხედავდა იმწამს, როცა მიფრინავდა დევკაცი, ორივემ დაინახა გაშლილი ხალხი, ტიტველა ტროტუარი, რომლის შუაშიც დაეცა გოგანი, ისევ წამოდგა, გაიმართა, ხელგაშლილმა აიხედა მაღლა და ზედ წამოსულმა ხალხის წრემ ორი, სახურავზე დარჩენილი, ძმაკაცისგან დაფარა მისი სხეული.
– ა, ხო გითხარით, ფეხზე დადგა! – ნიშნის მოგებით თქვა ძუძამ. მეშვიდე ფურცელი:
– ეგ, მე არ ველოდი თუ?! – შეესიტყვა პამპა. – მოდი, ახლა ჩვენც გადავხტეთ.
– აჰ, არ მითხრა. ჩვენ სად შეგვიძლია! ის კი არა, მაგხელა კაცი იყო და ძლივს ჩააღწია. ჯერ ამდენი ხანი მიფრინავდა, აღარ გახსოვს?! `ჩაასწრო კი?!~ – უცებ გაუელვა უფრო დამყოლ და ეშმაკ ძუძას და პამპას უთხრა:
– ყოჩაღ, ხო იცი, შენ ძალიან გული მიეცი, ორმაგი ვაჟკაცი გახდა ახლა, ხო იცი.
– აბა, აბა! - გამკვირცხლდა მსუქანი და კინაღამ ცხვირი არ მიალეწა მომტვრეულ კიბეზე ფეხაცდენილმა. ამან თითქოს აზრზე მოიყვანა და იმანაც გაიფიქრა ბოლო რამდენიმე წუთში გამოფხიზლებული გონებით: რა სასწაული უნდა ყოფილიყო, რომ აქედან გადავარდნილი კაცი მთელი დარჩენილიყო. ორივე ძმაკაცი ახლა უკვე ჩუმად, ერთმანეთის გადაბრალების სურვილდაკარგულები, მირბოდნენ კიბეებზე: წინ ძუძა, უკან პამპა. ორივე ჩუმად ბუტბუტებდა ლოცვას, რომ ცოცხალი ენახათ გოგანი. გამოიხედავდა მარდი მეგრელი უკან, შეხედავდა წინ გაქცეულს მრგვალი აფხაზი და ცრემლები აწვებოდა ორივეს, ახლა უკვე ორივემ ნამდვილად იცოდა, რომ გაგანიასთან ერთად სამივემ რაღაცა დიდი სისულელე გააკეთა, გამოუსწორებელი და მათი სატირალი. ძაძა მზად იყო გადაჰხვეოდა პამპას ტირილით და საერთოდ გარეთ აღარ გასულიყო, უცებ მიაწყდნენ ისინი ცარიელა პოდიეზდის კარებს. ყოველ შემთხვევისთვის შედგა ამ წამში თავისდაუნებურად ეშმაკი მეგრელი, წინ გაუშვა ქუჩაში კიბეებიდან პირდაპირ დაგორებული აფხაზი და უკან მიჰყვა.~
ამ მოთხრობის დათარიღებისათვის, ისე როგორც მისი სიღრმისეული აზრის გასაგებად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ერლომ ახვლედიანისადმი მიწერილი, ოღონდ შემდეგ გაუგზავნელი, წერილი (სრული სახით დაიბეჭდება მეხუთე ტომში). წერილი დაწერილია წყალტუბოში 1959 წლის ივლისის პირველ რიცხვებში, მაშინ, როდესაც იწერებოდა `გოგან გაგანია~.
ამონაწერები წერილიდან:
` ..... ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის ფაქტი, რომ გავჩნდი. მისია ამ ამბისა მდგომარეობს იმაში, რომ სხვებისათვისაც იმდენივეს ნიშნავდეს `ეს ფაქტი~. მთელი ეს ოცდახუთი წელი საკმარისია იმისათვის, რომ კაცმა, ვისაც აქვს თავმოყვარეობა და ჩემდენი სურვილები, მშვიდი სინდისით მოიკლას თავი. ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილისა, რომელსაც, ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად, ვერაფრით ვერ გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას, მაგრამ `დედის~ ვალია (ობიექტური ვალი), სადღაც ოდნავ შეუთხელოს ნაჭუჭს კედელი, მაგრამ ის საზოგადოება, წყობა, ამხანაგები, თვითონ ოჯახი ყველაზე მეტად და ჩემი ბუნებრივი წმინდად ლიტერატურულ-პოეტური მონაცემები მხოლოდ იმის ცდაში არიან როგორმე გაასქელონ ეს ნაჭუჭი, საერთოდ, გამოუმტვრევლობამდე ისე, რომ კაკუნის ხმაც კი არ გამოდიოდეს იქიდან.
– ჰო, უზომოდ სქელია ბაკანი გასამტვრევად. უაზროდ და ნაცრისფრად სქელია, ისე რომ არც კი იცი, იმის რომელ ადგილს შეუტიო. მე კი ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ შიგ დავეტიო და ასე ვორთქლდები არყისაგან, როცა ვსვამ და ნერვიული რევმატიზმებისაგან, როცა სასმელის დალევა აღარ შემიძლია. ლიტერატურა კი მხოლოდ ონანიზმია იმ დიდი სურვილისა, რაც ღმერთმა გაჩენის პოტენციაში მომცა – სხვა არის ფილოსოფია ან დოკუმენტური ნაწერები – ეს პირდაპირი გზაა ძალაუფლებისაკენ, დიდი პოლიტიკისაკენ, რომლის ნიჭიც ყველაზე ნაკლებად მაქვს – უკუპროპორციულად სურვილთან. როგორც ხედავ, საკუთარი ნიჭიც კი ჩემი წინაამღდეგია.
მაგრამ მე, ერლომ, ადამიანი ვარ, მასში დემონივით ჩასახული წინ ვარდნის სურვილით, რომელსაც მე (ისევე როგორც ყველა) თავის ბრჭყალებში ვყავარ მოქცეული. მხოლოდ ეს თვისება კაცობრიობის პოტენციისა არ მაძლევს უფლებას, აღარ ვიყო საერთოდ ან აღარ ვიყო ისეთი, როგორიცა ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიქცევი ცოცხალ ლეშად და ფიზიკური სიკვდილის გარეშე მკვდრად, ამას ეძახის ჭკვიანი ხალხი სიმშვიდესა და დარბაისლობას, მაგრამ მე არ მინდა, მეზიზღება ერთიცა და მეორეც, მე ღამე ძილიც კი არ მინდა. მე მუშაობაც, წერაც კი არ მინდა – მე მარტო ის მინდა, ვიდგე და უკან ამოუსუნთქავად ვისუნთქავდე მთელ ჰაერს – შენ გესმის, რომ ეს ეგოიზმი ეგოიზმზე მაღლა დგას, რადგან მე იმაში, რასაც ეგოისტობას ეძახიან, არასოდეს არ გამიმჟღავნებია ეს თვისება.
– რა აიძულებს გიჟს ასეთი თაყვანი სცეს ბონაპარტეს – მხოლოდ ის იდეალური კაცობრიობის დემონური წინ ვარდნის სურვილის აბსოლუტური და გენიალური გამოხატულება, რომელმაც მთელი მსოფლიოდან მოიყარა თავი ერთ ადამიანში – ამ კატეგორიას ეკუთვნის მთელი კიროვის ბაღი ფეხბურთელებიან-ხორტისტებიანად – ესენი არიან თვითონ პატარა ნაპოლეონები, რომლებიც ჯერ ისევ არიან ჭკვიანები იმისთვის, რომ შეეძლოთ იყვნენ გულწრფელნი და ეშინიათ უკლებლივ იმ ადამიანისა, რომელიც მათ სურვილში მათზე განუზომლად ძლიერია. ასეთი გიჟური, ავადმყოფური სურვილები, სხვაზე კარგად გესმოდეს ფეხბურთი ან დოსტოევსკი – არ ნიშნავს ერთის ან მეორის სიყვარულს, ყოველ შემთხვევაში, ის სულ მთლად მიყრუებულია და ექვემდებარება მხოლოდ სურვილს, გესმოდეს – იყო სხვაზე მეტი. ამათ ნაპოლეონის ჩრდილისაც კი ეშინიათ, ამ ჩრდილის ეშინოდა ტოლსტოისაც, დოსტოევსკისაც, რადგან ეს ორი უდიდესი ტალანტის, `გულახდილობის~ მქონე ადამიანი ქვეშეცნეულად ხედავდა, რომ მათ საკუთარს ზღვარი ედებათ იქ, სადაც ვლინდება ნაპოლეონი, რომ მთელი მათი შემოქმედება სხვა არაფერია, გარდა იმ ვნებისა, რაც პირდაპირი გზით წვავდა ნაპოლეონს (აიღე `დიდი ინკვიზიტორი~ ძმები კარამაზოვებიდან, თავისი ხალხთა და გონებათა გაერთიანების სურვილებით).
ამიტომ აღდგა ორივე ნაპოლეონის სალანძღავად, განსაკუთრებულ სიმაღლეს ამ საქმეში მიაღწია ტოლსტოიმ, – იეზუიტური სიამოვნება განიცადა მის ლანძღვაში ამ უზარმაზარმა კაცმა, რომელიც თვითონ мучительно наслаждался своим величием и не смог вынести своего ничтожества перед всевышним, რომელსაც აშკარად სიკეთის ბაირაღით გამოუცხადა ბრძოლა – ტოლსტოი სიკეთეში, დიდბუნებოვნებაში გაეჯიბრა ღმერთს (აქამდე არასოდეს არ მისულა ნაპოლეონი – რადგან ტოლსტოის ჰქონდა ენა, რომელიც უფრო ადვილად იპყრობს მთელ მსოფლიოს, ვიდრე იარაღი) და გამოიწვია მხოლოდ მისი დაცინვა, ამიტომ, თავის მხრივ, он начал издеваться с некоторым легкомыслием над Наполеоном. Точно также как издеваются люди над собственными недостатками не углубляясь в них.
აი, ნამდვილი მოწოდება დიდი ადამიანებისა, შიგ ჩასახული განხორციელებული გათანაბრებისა და ისევ წინ გავარდნის სურვილით, უფრო დიდები – ტოლსტოი, ნაპოლეონი მიდიან ღმერთისაკენ გასათანაბრებლად, მაგრამ ხედავენ, რომ მის იქით გზა არ არის და კვდებიან თავის მოუკვლელად – თავს იკლავენ ისინი, რომელთათვისაც ღმერთისაკენ გზაზე წინ დევს მისაღწევად ტოლსტოის, ნაპოლეონის გზები...
ის (ტოლსტოი) ნაპოლეონში ხედავდა თავის იმ ნაკლს, რასაც ჰქვია პატივმოყვარეობა, რომლისგანაც დასამალად ის სოფელში გაიქცა, შავი ჩოხა ჩაიცვა, ფეხზე გაიხადა და ხაზი გაუსვა იმას, რასაც გაურბოდა – ტოლსტოი იყო კაცი, რომელიც დაჭკვიანდა ორმოცი წლის ასაკში და ახლიდან გაგიჟდა 89 წლისა - ვნების, სურვილის ასეთი დიდი წვა თითქმის უცნობია - ამიტომ მას ისტორიამ აპატია ნაპოლეონის ლანძღვა - ეს ამითი მხოლოდ დასცინოდა ადამიანის, კერძოდ, თავის სურვილს ღმერთად გახდომისა - ის იყო ისევე გაკრული ჯვარზე, ოღონდ თავისი თავისაგან, როგორც ქრისტე, ტოლსტოი უფრო მეტად წაგებული იყო ნაპოლეონზე, რადგან ტყვე ნაპოლეონს აღარ შეეძლო ბრძოლა, ტოლსტოის ამ არშეძლების უფლება არა ჰქონია. შეიძლება ამ რუსს შეშურდა ფრანგისა, რომელმაც ეროვნული სიმსუბუქით, ობიექტურად მეტს მიაღწია, ვიდრე ამდენი წამების შემდეგ თვითონ – ცხადია ერთი: ორივე ეს კაცი იყო ადამიანი მებრძოლი ერთდროულად მთელ მსოფლიოსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან... მსოფლიოს ყველაზე მეტად აგრძნობინა თავისი თავი ნაპოლეონმა, ღმერთსა და თავის თავს - ტოლსტოიმ - ამავე გზას ადგა ბაირონი, მან სუბიექტური განცდა ღვთაებრივ ვნებამდე აიყვანა და თავი ღმერთად გამოაცხადა. ამისაგან დაიღუპა ჩაილდ პაროლდივით და ტოლსტოის `ომი და მშვიდობასავით~, რომლის ბოლოსაც – მხოლოდ როგორც უიმედო ნაპერწკალი, რომ ცხოვრება არ წყდება (რას იზამ) – ბრწყინავს პატარა ნიკოლას სახე – სხვა ყველაფერი იხოცება – და რაღაცნაირი უშველებელი დარდი გიპყრობს, რომ ასეთი დიდი, როგორიც ეს რომანია - უბადლო მსოფლიოში, ასეთი უაზრო და უმწეოა და ბოლოში ყველა გეჩვენება სულელი - ღირდა კი ამდენი ბრძოლა?~
ვფიქრობ, "გოგან გაგანიას" არც ერთი ვარიანტი არ უნდა იყოს დამთავრებული, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე ერთ-ერთი - ჩემი აზრით, ბოლო ვარიანტი - შემეტანა ტომის ძირითად ნაწილში, ისევე როგორც შევიტანე სხვა დაუმთავრებელი ნაწარმოებები მათი მნიშვნელობის გამო მწერლის ცხოვრება-შემოქმედების მთლიანური და, ამავე დროს, ეტაპური გააზრებისათვის.
მკითხველი დამეთანხმება, ალბათ, რომ, ერთი მხრივ, მოთხრობის პირველივე ეპიზოდები სავსეა შეგრძნებით იმ ნანატრი "ამბისა", რომლის ამაო მოლოდინიც იგრძნობა პირველი ორი წლის ნაწარმოებებში (იხ. მეორე ტომი. მკითხველს გავახსენებ "მილიციელი ვანოს" ბოლო წინადადებას: "ჩემს უბანზე შემთხვევა არ მომხდარა"). მეორე მხრივ, ის თითქოს ამზადებს სულ რაღაც ორ თვის შემდეგ დაწერილი "ალავერდობის" ბოლო სცენას: "ყველაზე მაღალი შენობის" სახურავზე - "ალავერდობაში" კი ალავერდის გუმბათზე - ასული გმირი, თავის ხალხთან ზევიდან ლაპარაკის სურვილით სავსე, გადაჰყურებს მის ქვემოთ შეკრებილ ადამიანებს და რაღაც წამს თითქოს მიაღწევს კიდეც მიზანს: მოექცევა ყურადღების ცენტრში და ერთი შეგრძნებით, ერთი აზრით გააერთიანებს ყველას.
როგორც ჩანს, გურამს უნდოდა შეექმნა თავისი სხვა ლიტერატურული გმირებისაგან აბსოლუტურად განსხვავებული, თითქმის ლეგენდარული, პიროვნება. გურამის სიტყვებით თუ ვიტყვით (იხ. აქვე, წერილი ერლომს), გოგან გაგანია იმ ლიტერატურულ გმირთა თუ რეალურ პიროვნებათა გალერეას უნდა მიეკუთვნებოდეს, რომლებიც, საკუთარი სიდიადის, დიდბუნებოვნების განცდითა და რაღაც დიდის გაკეთების სურვილით სავსენი, ბრძოლას უცხადებენ ერთდროულად მთელ მსოფლიოს, ღმერთს და საკუთარ თავს.
მნიშვნელოვანია სხვაობა ამ ორი ვარიანტის ბოლო ეპიზოდებს შორის (ერთი ვარიანტი მოყვანილია ძირითად ტექსტში, მეორე კი – შენიშვნებში). პირველ ვარიანტში, ოთხსართულიანი სახლის სახურავის კიდეზე მდგომი, თითქოს თვითონ შენობაზე ამოზრდილი, `მთელჰაერჩასუნთქული~ გოგან გაგანია ხალხის თავზე გადაფრენის, იმათ ფეხებთან დავარდნის და ისევ გამართვის ჟინით რომ იწვის, თავისი ძალის, უშიშრობის, `უბადლობის~ დასამტკიცებლად გადახტება `ზარია ვოსტოკას~ შენობის მეოთხე სართულიდან. გოგანი დაეცემა ქვაფენილზე, ისევ წამოდგება, გაიმართება და ხელგაშლილი აიხედავს მაღლა. `ჰაერში არაფერი უგრძვნია, გარდა ისევ გადავარდნის წერტილიდან გაღვიძებული ვარდნის ძალის მთელი სიდიადის და მძაფრი განცდის უბადლოების შეგრძნებისა, რამაც აიძულა ნაკუწებად დაშლილი კაცი ისევ წამომდგარიყო ფეხზე და დაეღრიალა: `აუ, გოგან! მისი სხეული ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ამაყობდა საკუთარი თავით..~ (ჩანაწერებიდან). ცხადია, ეს იყო `ტყუილი~, `რა სასწაული უნდა ყოფილიყო, რომ აქედან გადავარდნილი კაცი ცოცხალი დარჩენილიყო~ (ნაწარმოებიდან). როგორც ჩანს, ამ `ტყულისაგან~ თავის დასაღწევად, ქვაფენილზე მთელი ძალით დანარცხებული გოგანის სხეული გურამმა დაფარა გარშემოხვეული ხალხის წრით. თითქოს არც თვითონ უნდოდა მიწაზე გაშხვართული დევგმირის უსულო სხეულის დანახვა და არც გოგანის განსაკუთრებულობით შეპყრობილი ძმაკაცებისათვის მისი ჩვენება (`ზედ წამოსულმა ხალხის წრემ ორი, სახურავზე დარჩენილი, ძმაკაცისგან დაფარა მისი სხეული~.. ნაწარმოებიდან). გურამმა ჩანაწერებში ასე შეაფასა ეს ნახტომი: `ის გადაეშვა თავისი მწვერვალიდან უფსკრულში, საიდანაც აღარავინ ამოსულა.~ როგორცა ჩანს, ამ გადახტომის შემდეგ, ბოლო რამდენიმე წამში გამოფხიზლებული გონებით, გოგანის ძმაკაცებთან ერთად გურამიც მიხვდა, რომ ისიც ელოდა სასწაულს. ამ სასწაულის საფუძველს ის თავისი გმირის (საკუთარი თავის) განსაკუთრებულობაში ხედავდა (თითქოს ის ხელში უნდა აეტაცათ ანგელოზებს, რომ `არსად წასცდენოდა ქვაზე ფეხი~, ფსალმუნიდან).
დევგმირული გარეგნობის მქონე გოგან გაგანიას სახით გურამს უნდოდა შეექმნა ზეკაცი, რომელიც მთელი თავით მაღლა დგას სხვა ადამიანებზე როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მან შეწყვიტა მოთხრობის წერა.
იგივე ნაწარმოები გურამმა დაიწყო ან მაშინვე, ან მეორე დღესვე თავიდან (ამას მოწმობს ავტოგრაფებზე დაკვირვება). რეტროსპექტული თხრობისას თითქოს უფრო მშვიდად, გაშლილად შემოიტანა სხვადასხვა ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან და, საბოლოოდ, გოგან გაგანიასთან ერთად, განსაკუთრებულობის შეგრძნებით, ვნების სიმძაფრით, დიდებისა და პატივმოყვარეობით აღსავსე, `ძალის ზენიტში~, ისევ ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე აღმოჩნდა და, თავისი ძალის დამტკიცების სურვილით შეპყრობილმა, ისევ ზევიდან გადმოხედა ხალხის მასას, რომელიც პირდაღებული და შეშინებული მისჩერებოდა მას ქვემოდან.
მკითხველს ყურადღებას მივაქცევინებ შემდეგ ეპიზოდზე:
`– ხომ არ გეშინია, გოგან? – შეაშველა მან ხმა.
კარნიზთან მდგარი გოგანი შეტორტმანდა და ერთი კაცივით ამოისუნთქა როგორც სახურავზე მჯდომმა და ერთმანეთს იმ წამში მიკრულმა ორმა ძმაკაცმა, ისევე მთელმა ხალხმა, რომელთაგანაც თვითეულმა შიშის ელექტრობის განსამუხტავად, რომ წამში შეიძლებოდა იმათი იქიდან გადმოვარდნა, გვერდზე მდგომს მაგრა ჩასჭიდა ხელი და გაჩნდა მთელი ჯაჭვი ხელჩაკიდებული ხალხისა, რომლებსაც ხერხემალსა და ლაჯებს შუა მსუბუქმა შიშმა გაურბინა ქარივით, სახურავზე მჯდარი შეშინებული ძიძავა და პამპა ერთმანეთზე მიკრულები, რაც შეიძლება მაგრად აჭერდნენ ფეხს კარნიზს, თითქოს ამითი იქ, ქვევით მდგარებთან უნდოდათ შეერთება.
მხოლოდ გოგანი იდგა მარტო, სრულიად გაოგნებული ღვინისაგან, ხალხისაგან და საკუთარი ძალისაგან, რომელიც აქ, ჰაერში გამოკიდებულს, აღარაფრისათვის არა სჭირდებოდა და აღარ იცოდა საით წაეღო. სრულიად უაზროდ თამაშობდნენ მისი მხრები და საიდანღაც არაფრისაგან მოვარდნილი შიში, გამოწვეული ყველაფერი იმის დაკარგვით, რასაც ამყარებდა მხრების ძალაზე, უკანკალებდა ქვედა ყბას.~
გურამ რჩეულიშვილის დღიურებსა თუ პირად წერილებში გაბნეული წიაღსვლები მიანიშნებს, რომ ბევრი რამ იყო ჩემი ძმისათვის ბიძგის მიმცემი სულიერი ცხოვრების გზაზე. და, თავისთავადაც, რა იყო ახალი და გასაკვირი იმ ფაქტში, რომ სიკვდილის წინაშე ყველა ერთია: `სუსტიც და ძალგულოვანიც~, მაგრამ მხატვრულ შემოქმედებას ჰქონდა მისთვის რეალური ფაქტის ძალა (`Какой зримый факт происходит~, დღიურიდან. ისევ დღიურიდან: `ცივ ცოდნას არა აქვს მნიშვნელობა~). გურამი, რომელიც, მართლაც, თავისი გმირების ცხოვრებით ცხოვრობდა (მწერლის სიტყვების პარაფრაზი), გოგან გაგანიასთან ერთად უდიდესი სურვილებით სავსე და, ამასთანავე, თავვერგართმეული თავის გრძნობებს, თითქოს პირველად, ფიზიკურად შეეჯახა სიკვდილის შიშს. ამ შიშმა გააერთიანა თავისი ძალისა და `უბადლოების~ შეგრძნებისაგან თავბრუდახვეული ასმეტრიანი ფალავანი, სუსტი, დამფრთხალი, არაფრისუნარიანი მისი ძმაკაცები და ქვევით მდგარი პირდაღებული მასა (`ხომ არა ჰგავს ის ამათ და ხომ არ არის მათსავით სუსტი, რადგან იმათაც ეშინიათ აქედან გადმოვარდნის და მასაც~). მწერალი ამ პატარა დაუმთავრებელ ნაწარმოებში გვირგვინს ხდის საკუთარ თავში `ზეკაცის~ შეგრძნებას. ჩემი ძმა თითქოს უეცრად მიხვდა, რომ ადამიანში `დემონივით ჩასახული წინ ვარდნის სურვილი~, რომელსაც ყველა თავის კლანჭებში ჰყავს მოქცეული, ხალხთან ზევიდან ლაპარაკის, `ხალხთა და გონებათა გაერთიანების~, მთელი ხალხის თავის თავში დატევის, მთელი სივრცის დაპყრობის, `მთელი ჰაერის ჩასუნთქვის~ და, საერთოდ, სხვისი ჯობნის სურვილები, სხვა არაფერია, `გარდა იმ ვნებისა, რაც პირდაპირი გზით წვავდა ნაპოლეონს, ტოლსტოის, რომელნიც დიდბუნებოვნებაში გაეჯიბრნენ ღმერთს და სიკეთის, სიძლიერის, ყოვლისშემძლეობის ბაირაღით გამოუცხადეს ბრძოლა~. გურამმა გოგანში კიდევ ერთხელ, თითქოს უკვე აშკარად, დაინახა თავისი ის ნაკლი, რასაც ჰქვია პატივმოყვარეობა (იხ. წერილი ერლომს). პირველი ვარიანტის მეორე ნაწილის პირველივე ფრაზაში (გადაშლილია მწერლის მიერ) ჩანს მწერლის პატივმოყვარული დამოკიდებულება გოგანის მიმართ: ქალაქელებს გოგანის დასაფლავება უნდოდათ მთაწმინდაზე, მაგრამ სოფლელებმა ნება არ მისცეს.
როგორცა ჩანს, გოგან გაგანიათი გურამს უნდოდა შეექმნა კიდევ ერთი თავისი ალტერ ეგო, სავსე იმ სურვილებით და შეგრძნებებით, რითაც ის, თითქოს უკვე მთლიანად, სულიან-სხეულიანად იყო მოცული. ეს იყო, ჩემი აზრით, საკუთარი მისიის, შესაძლებელია, ჯერ ბუნდოვანი (`მე ჯერ ვივსები რაღაცით და მერე ვიგებ რა არის ეს რაღაც...~ დღიურიდან), მაგრამ უკვე რეალური შეგრძნება: მისი დაბადების ფაქტი ისეთივე მნიშვნელოვანი გამხდარიყო სხვებისათვის, როგორც ეს მისთვის იყო მნიშვნელოვანი (გურამის სიტყვების პარაფრაზი წერილიდან ერლომ ახვლედიანს). მაგრამ გურამისათვის, როგორც ჩანს, ჯერ არ ჩანდა ის რეალური ძალა (ან შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალა ისევ მიეფარა თვალს, რადგან უკვე დაწერილი იყო "შაშას რევოლუცია"), რომელსაც ხელეწიფებოდა ნაწილებად დამტვრეულის ("ყველაზე მაღალი სახლის სახურავიდან" გადმომხტარი "ეს ნაწილებად დამტვრეული კაცი...") ხელახლა შეკავშირება.
მეორე ვარიანტის ბოლოს, ქანცის გაწყვეტამდე გულამოვარდნილ ხარხარში, რაც ამ სცენაში მონაწილე ყველა ადამიანს გააერთიანებს, ისმის თითქოს უხსენებლის ხმა.
გურამმა ისევ მიატოვა "გოგან გაგანიას" წერა. პასუხი, გამოსავალი, გაგრძელება ჯერ არ ჩანდა. ალბათ, ამისი დრო არ იყო დამდგარი. თუმცა მწერლის ცხოვრება-შემოქმედების გზაზე არაჩვეულებრივი სისწრაფით ვითარდებოდა მოვლენები.
ამონაწერი 1957 წლის დღიურიდან:
"ვატყობ: მურტალი სუსტი ვარ ყველაფერში: მაგაშია ჩემი ძალა. ვერ: მაშინვე მივატოვებ: ასე მივატოვე სცენარი: დავწერე უკეთესი, ასე იყო მესამე, რომანივით; სისუსტე მაძლევს ძალას. ასევე ვარ ყველაფერში: ვერ: – მაშინვე მივატოვებ.
– არა.
– ხო.
– ჰო.
– სისუსტეა ჩემი ძალა."
წელი 1957. თებერვლის 4.
11– 11.20"
გურამმა, ვფიქრობ, უკვე იცოდა, რომ გოგან გაგანიას ნახტომიდან არარაში ("გოგანის ნახტომი იყო Nihil"– ჩანაწერებიდან) უნდა დაწყებულიყო ყველაფერი.
ყოველგვარი პარალელის გავლების გარეშე (რადგან ამის საფუძველს არ მაძლევს არც საარქივო მასალა და არც მოგონება) მინდა გავიხსენო მეოცე საუკუნის, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელიც მოხდა 1959 წლის 17 მარტს თბილისში (სამი თვის შემდეგ დაიწერა "გოგან გაგანია"):
`მიუხედავად ასაკისა, მიუხედავდ აღნაგობისა, მიუხედავად შენობის სიმაღლისა და მიუხედავად ყოველივესი ... აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა, ავიდა ჯერ სკამზე, მერე ფანჯრის რაფაზე და ..... `სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილს შურდულივით დაენარცხება" (ამონაწერი ჯავახაძის წიგნიდან "უცნობი").
გალაკტიონ ტაბიძეს ჩემი ძმა პირველად "ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს~ შეხვდა. ამონაწერი ნუგზარ წერეთლის წიგნიდან `მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ": `ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს, ლექციების დამთავრების შემდეგ, გურამ რჩეულიშვილი და მე რუსთაველის პროსპექტისაკენ მივსეირნობდით. უეცრად თვალი მოვკარით ნელ-ნელა მომავალ გალაკტიონს. მარტო იყო. შავი კოსტიუმი ეცვა, პერანგის საყელო ღრმად ჰქონდა ჩახსნილი.
დიდის მოწიწებით მივესალმეთ. შემოგვხედა, გაგვიღიმა და გაჩერდა. გვკითხა ვინ ვიყავით, რას ვაკეთებდით. როცა გვარებიც მოვახსენეთ, რაღაც კმაყოფილად ჩაიცინა და ჩაილაპარაკა – კარგია, ძამიკო.....
შემდეგ ხელი მარჯვენა ხელზე მომკიდა, პერანგი გადაიღეღა და ცხელ, გახურებულ მკერდზე დაიდო – "აი, ნახე, ძამიკო, როგორ ფეთქავს ერთი საწყალი ქართველი სახალხო პოეტის გული," და თითქოს ცრემლები გადმოსცვივდა დაბინდული თვალებიდან."
მეორე შეხვედრა იყო 1959 წლის იანვარში.
"თბილისში ყინავდა ..... იქვე შევედით კაფეში ... უცებ კაფეში გალაკტიონი შემოვიდა, შავი გრძელი პალტო ეცვა...ამ სიცივეში ქუდი არ ეხურა და სქელ თმა-წვერზე თითქოს თრთვილი დასდებოდა... გალაკტიონმა სათითაოდ გამოგვკითხა ვინ რა პროფესიის წარმომადგენელი ვიყავით. გურამ რჩეულიშვილი გალაკტიონის პირდაპირ იჯდა. მას ცოტა მოკიდებული ჰქონდა სასმელი და როცა შეკითხვით მიმართეს, თუ რა პროფესიისა იყო, ეტყობა გულის სიღრმეში გაბრაზდა, რომ გალაკტიონმა ამდენი შეხვედრის შემდეგაც ვერ იცნო, თანაც ამ დროს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა მოთხრობები "ცისკარში" და ფიქრობდა, რომ ასე თუ ისე იცნობდნენ, ანდა მოუნდა ზოგჯერ მოხდენილად შეფერებული ორიგანალობის გამოვლენა იმ მიზნით, თუ რა გავლენას მოახდენდა დიდ პოეტზე მისი პასუხი და შეკითხვაზე მიუგო: `Я лично коммерсант~ (ამონაწერი ნუგზარ წერეთლის წიგნიდან "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ").
რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის ზუსტად, რას ფიქრობდა გურამი ამ დროს ან რას ფიქრობდა გალაკტიონი, როდესაც ახალგაზრდებს შუაღამისას გაუბა საუბარი. ერთი იყო ცხადი, გურამმა უკვე იცოდა, რა ჩიხშიც იყო შესული გალაკტიონი და რომ ამაზე ლაპარაკს არავითარი აზრი არა ჰქონდა.
ეს იყო ორი "უცხოს" შეხვედრა.
ამონაწერები გალაკტიონიდან:
"მე ვიცი, რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს, რომელშიც კაცობრიობაა მომწყვდეული."
"მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ."
"მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლოვანი თვალების გარდა."
გურამ რჩეულიშვილის მეორე ტომის შენიშვნებიდან(გვ.387):
"საინტერესო დამთხვევა". გ. რჩეულიშვილი:
"დედაო ღვთისა, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე."
1957 წელი. 28 მაისი. გურამ რჩეულიშვილი.
დავწერე დამოუკიდებლად გალაკტიონ ტაბიძისა."
მოთხრობა გამოუქვეყნებელია.
"გავიდა ზამთარი, გაზაფხული, მოვიდა ზაფხული...."
ვფიქრობ, რომ ეს უთარიღო და უსათაურო ნაწარმოები, ისე როგორც მომდევნო სამი მოთხრობა ("უცნაურ ამბებს მიყვებოდა...", "კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყვებოდნენ" და "მე ვიდექი ბარის შუაგულში"), ქმნის ერთგვარ ციკლს, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ჩრდილო კავკასიის მოთხრობების ციკლი ვუწოდოთP (გურამის ნაწარმოებთა ციკლური ხასიათის შესახებ პირველი ტომის ბოლოსიტყვაობაში უკვე იყო ნათქვამი. 1956-57 წლების ნაწარმოებები გაერთიანებულია ბაკურიანის, ზღვის, გაზაფხულის, სიყვარულის, ცხენების ციკლებად, სამ-სამ ამბებად და სხვ. ასევე შეიძლება, ჩემი აზრით, 1958-59 წლებში დაწერილი გარკვეული მოთხრობების ერთ ციკლად შეკვრა. აქ უპირველესად გამოვყოფ მოთხრობებს, რომლებიც, სათაურით "ჩემი ლიტერატურული შეხედულებები", თვითონ მწერლის მიერაა გაერთიანებული. შეიძლება გამოვყოთ აგრეთვე ჩრდილო კავკასიურ მოთხრობათა ციკლი, რომელიც გურამს უნდა დაეწერა ჩრდილო კავკასიაში ყოფნისას ან უშუალოდ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ. ამ წლების მოთხრობების სხვა გამაერთიანებელ ნიშნებზე მითითებული იქნება კონკრეტულად თითოეული ნაწარმოების შენიშვნაში.
პირველი ორი მოთხრობა, ვფიქრობ, შექმნილია ან ჩრდილო კავკასიაში ყოფნისას (რაც უფრო სავარაუდოა), ან ჩამოსვლისთანავე. ბოლო ორი თბილისში უნდა იყოს დაწერილი. ამ ნაწარმოებთა მხოლოდ შავი ავტოგრაფები არსებობს.
დედა-მამა-გურამის მიმოწერის მიხედვით (დედა და მე იმ ზაფხულს ხოსტაში ვისვენებდით) შესაძლებელია მიახლოებითი თარიღის დადგენა.
1959 წლის 30 ივლისს მამა დედას სწერს წერილს ხოსტაში: `გურამის ჯანმრთელობის საქმე ჩვეულებრივადაა. თუმცა კარგად შეიძლება იყოს. გამხდარია. ჩვეულებრივად, კარგად არ ჭამს. ხან ხაშზე მიმყავს ხოლმე, ხან რესტორანში და ხან სახლში ვუკეთებ რამეს. ერთი სიტყვით, ამის ჯანმრთელობის გამოსწორება კარგად შეიძლება, თუ სმას თავი გაანება და მუშაობა დაიწყო.
ახლა მეუბნება, ვლადივოსტოკში, ჟელეზნოვოდსკში ან პიატიგორსკში გამიშვითო ... წავიყვან და მოვაწყობ სადმე იქ სრულ პანსიონატზე. რომ მოკეთდება, მერე კი სამსახური უნდა დაიწყოს.
მოკლედ, ამ სიცხეში არც მკურნალობა შეიძლება და არც ცხოვრება. მთაში არ მომდევს და, მართალი გითხრა, ძალას არც ვატან, რადგან ქციაზე სულ ჯანღი და ბურუსია ხოლმე. ნესტიანი მთაა. ისე საშიში არაფერია და უკეთესი მდგომარეობა აქვს მასთან შედარებით, რაც წინათ ჰქონდა.
მე მგონი, თბილისიდან გასვლა და ხეტიალის მოშლა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობას და მუშაობის სურვილსაც.
ხანდახან რაღაცეებს წერს. ამბობს, უნდა დავბეჭდოო.~ 1959. 30. VII.
როგორც ჩანს, მამამ შეასრულა გურამის თხოვნა და თან წაიყვანა ჩრდილო კავკასიაში, სადაც ის პროფესორ მუხინის მიერ იყო მიწვეული.
მამას მოგონებებიდან:
`1959 წელს პროფესორმა მუხინმა, რომელიც იმ დროს ჩრდილო და ამიერკავკასიის მეცხვარეობის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობდა, მიმიწვია თავისი და მისი თანამშრომლების მუშაობის გასაცნობად. გურამს ძალიან უნდოდა ჩრდილო კავკასიის ნახვა და თან წავიყვანე. ორჯონიკიძეში სასტუმროში გავჩერდით. მუხინმა ძალიან მთხოვა მასთან დავბინავებულიყავით, მაგრამ გურამმა არ ქნა და სასტუმროში დარჩა. იმას თავისუფალი დრო აინტერესებდა, ჩვენგან დამოუკიდებლად ყოფნა. დავიარეთ როგორც ჩეჩნეთის, ისე ინგუშეთის, ოსეთის ტერიტორია, შემდეგ წავედით ნალჩიკში. ნალჩიკში იმ დროს სოფლის მეურნეობის განყოფილებას განაგებდა ვერა კუძიევა. კუძიევამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა თავიანთი მიღწევები მეცნიერებასა თუ სოფლის მეურნეობაში. გვაჩვენა ცხენების სანაშენეც. იქ ყაბარდოული ჯიშის ცხენებს აშენებდნენ. გურამს ერთ-ერთი, მთლიანად შავი, ულაყი განსაკუთრებით მოეწონა. ითხოვა ცხენზე შეჯდომა. უთხრეს, ეს შეუძლებელია, რადგან ულაყი გაუხედნავიაო. გურამმა არ დაიჯერა და მაინც მოახტა ულაყს. ცხენმა აყარა ტლინკები და ძირს ჩამოაგდო, მაგრამ იმწუთშივე თავიდან მოექცა ზურგზე და გააჭენა. ამ სანაშენო ცხენებს ძალიან დიდი ფასი ჰქონდათ. გურამმა მთხოვა, როგორმე ვიყიდოთ და თან წავიყვანოთ თბილისშიო. ვუთხარი, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. კუძიევამ იგრძნო გურამის ასეთი დაინტერესება ამ ცხენით და ძალიან მოინდომა ჩვენთვის ესიამოვნებინა და ხელსაყრელ ფასში მოყიდვას შეგვპირდა. გადავწყვიტეთ, შემოდგომაზე ჩავიდოდით და ამ ულაყს ვიყიდდით. გურამმა უკვე წინდაწინ შექმნა პრობლემა – ცხენი ეზოში უნდა გვყავდესო. მე წინააღმდეგი წავედი და ვეუბნებოდი, რომ უდაბნოში წავიყვანდი (უდაბნოში მამას ჰქონდა საცდელი მეურნეობა და დიდი ლაბორატორია.ნაწილი თანამშრომლებისა იქ მუშაობდა – მ. რჩ.), ნებისმიერ დროს ჩავიდოდა და რამდენსაც უნდა იმდენს აჭენებდა. ცხენის ყიდვა გაგვიჭიანურდა და ეს საქმე მოუგვარებელი დაგვრჩა. ნალჩიკის ხელმძღვანელობა კარგა ხანს გვინახავდა ამ ცხენს. ერთი-ორჯერ შემომითვალეს კიდეც, რომ დროულად წამეყვანა.”
(ისევ მამას მოგონებებიდან: “ერთხელ, მახსოვს, ასე 14-15 წლის გურამი ბაკურიანიდან ავიყვანე ქციის საძოვრებზე, ფარებს ვათვალიერებდი. გურამი ზევით ავიდა, იქ მოახტა ერთ უბელოს და თავდაღმართზე გამოაჭენა. კისერზე მოექცა, ცხენს მხოლოდ საცხვირე ჰქონდა. მაინც მოახერხა და არ გადმოვარდა. მეცხვარეები გაკვირვებულები უყურებდენენ – ამ ბიჭმა რა ქნა, მაგ ცხენზე გადაჯდომას ჩვენ ვერა ვბედავთო”).
ასე რომ, ჩრდილო კავკასიის ციკლის პირველი ორი მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს აგვისტოს დასაწყისში, ერთმანეთის მიყოლებით. ამას მოწმობს, გარდა თემატიკისა, მსგავსი თაბახის ფურცლები, მკრთალუჯრედებიანი (ასეთ ფურცლებზე სხვა არც ერთი ნაწარმოები არ გვხვდება), და გურამისათვის უჩვეულო, ოდნავ დაქანებული ხელწერა, საწერი მელანი. პირველი მოთხრობა, მართალია, იწყება მყარი, თეთრი ავტოგრაფისათვის დამახასიათებელი, ხელწერით, მაგრამ მეორე გვერდიდანვე ნაწერი დაქანებული და არამყარი ხდება. ხოლო მომდევნო მოთხრობა თავიდანვე არამყარი, დაქანებული ასოებითაა ნაწერი. ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა ხელნაწერში გადაშლილია და ჩამატებული წერის პროცესშივე. ისინი, ისევე როგორც გურამის უმეტესი მოთხრობები, ერთი ამოსუნთქვით უნდა იყოს დაწერილი.
მეორე გვერდის შუაში, ნაწერზე, ჩახატულია კაცის პროფილი. ვფიქრობ, ავტოპორტრეტია.
იბეჭდება პირველად.
"უცნაურ ამბებს მიყვებოდა ტაქსის შოფერი..."
არსებობს მხოლოდ ერთი, გაკრული, დახრილი ასოებით ნაწერი ავტოგრაფი. მოთხრობა უსათაუროა და უთარიღო. ხელნაწერი არ არის ნასწორები. თარიღისა და შექმნის ისტორიისათვის იხ. წინა მოთხრობის შენიშვნა.
ქვეყნდება პირველად.
"მე ვიდექი ბარის შუაში..."
ეს არის ამ საერთო რვეულში დაწერილი მეორე მოთხრობა (იხ. წინა მოთხრობის შენიშვნა). ავტროგრაფი უთარიღოა და უსათაურო. სხვა მოთხრობების მსგავსად, ისიც წერია საერთო რვეულში, ფურცლის ორივე გვერდზე. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოებით მთავრდება ჩრდილო კავკასიის მოთხრობათა ციკლი.
სათაურით "შპილკა", ის პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს ნუგზარ წერეთლის რედაქციით გამოცემულ კრებულში "სად გაექცევი ზამთრის ღამეს."
"საიდან მოვდივარ, საით მივდივარ, რა მინდა...."
ავტოგრაფი შედგება მჭიდროდ ნაწერი ორმოცდაორი გვერდისაგან. პაგინაციის აღმნიშვნელი რიცხვი, რომელიც წერია ფურცლის თავში, შუა ადგილას, და დასმული აქვს წერეტილი, ამავე დროს, მიანიშნებს ქვეთავსაც. მეორე თავიდან პაგინაციის აღსანიშნავად დაწერილი ორი რიცხვიდან [მაგალითად: 18(24)] პირველი რიცხვი მიანიშნებს მეორე თავის გვერდს და ქვეთავს, მეორე რიცხვი კი - ორივე თავისათვის საერთო პაგინაციას და ქვეთავსაც. მთელი ნაწარმოები უფრო წვრილი ასოებითაა ნაწერი, ვიდრე ჩვეულებრივ წერდა ხოლმე გურამი. ბოლო გვერდებისაკენ ხელწერა კიდევ უფრო წვრილი და გაკრული ხდება. ავტოგრაფის მოწვრილო ხელწერა იმ ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული, რომ გურამს, როგორცა ჩანს, გადაწყვეტილი ჰქონდა თითო გვერდზე მოეთავსებინა თითო ქვეთავი, რომელიც ზოგჯერ სულ ორი აბზაცისაგან შედგება. ზოგიერთ ქვეთავში ხელწერა კიდევ უფრო წვრილდება, რათა არ დაირღვეს პრინციპი: ერთ გვერდზე – ერთი ქვეთავი. ზოგჯერ კი, მართალია, ერთი-ორი წინადადება მეორე გვერდზეც გადადის, მაგრამ მაშინ ქვეთავის აღმნიშვნელი რიცხვი წერია ამ გადასული წინადადებების ქვემოთ. ამ წიგნში მოცემულ ტექსტში დაცულია ხელნაწერში ქვეთავების დანომრვის თავისებურება. ავტოგრაფი დაწერილია იმავე მელნითა და კალმით, როგორითაც წინა ორი მოთხრობა ჩრდილო კავკასიის ციკლიდან, იმავე მოლურჯო-მომწვანო საერთო რვეულში, მსგავსი ხელწერით (იხ. წინა მოთხრობების კომენტარები). პირველი გვერდები იწყება თითქოს ახალი ენერგიით, შედარებით გამოყვანილი ასოებით. თუმცა მყარი ხელწერა, ამ პერიოდის სხვა ავტოგრაფების მსგავსად, მალევე გადადის გაკრულ, შიგადაშიგ დაქანებულ ასოებში. რამდენიმე მინაწერი არეზე და ხაზებს შორის ჩატევის მიზნით წვრილად დაწერილი სიტყვები, ისე როგორც, ზოგიერთი გადაკეთებული სიტყვა, მაფიქრებინებს, რომ ხელნაწერი თავიდან არის გადაკითხული მწერლის მიერ, შეიძლება მაშინ (ეს უნდა ყოფილიყო 1960 წელი), როცა მან გადაწყვიტა განეახლებინა რომანზე მუშაობა. ბოლო გვერდები დაწერილია თითქოს უფრო წმინდა ან გაწმენდილი კალმით. ეს უსათაურო და უთარიღო - ვფიქრობ, დაუმთავრებელი - ნაწარმოები შექმნილი უნდა იყოს 1959 წლის ზაფხულში (იხ. შემდეგ).
ზოგიერთი თავი იწყება ბრჭყალებით, თითქოს მწერალს უნდოდა შიდა მონოლოგის მინიშნება. რადგან ამას ეპიზოდური ხასიათი აქვს და, როგორც ჩანს, წერის პროცესში თვითონ მწერალმა თქვა უარი თავის განზრახვაზე, ამიტომ ამ გამოცემაში ტექსტის ეს თავისებურება არ არის დაცული.
ხელნაწერის გვ. 13, მინაწერი არეზე, პაგინაციის აღმნიშვნელ რიცხვთან: `სჯობს მესამე პირში, საერთოდ.~
გვ. 16. მინაწერი არეზე, გვერდის ბოლოს: `ვეღარ გრძნობს რად არ მოიქცა სწორად – იცის, მაგრამ ვეღარ გრძნობს – ყველაზე საშინელი ამბავია~.
გვ. 18. მინაწერი არეზე სიტყვებთან `ხევსური ვერ გასცვლის თავის სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა~: `გადამსახლებელი კომისია, რომელიც მშვენივრად გრძნობდა უმოქმედოდ თავს და სულ არ ფიქრობდა ხევსურებზე, უცებ შეფუცხუნდა. რამდენიმე პატაკი წარუდგინა მთავრობას, რომ შატილის, არხოტის და ბარისახოს თემები წინაღუდგებიან და მათი გადასახლების შესახებ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან /ფაქტიურად, ასეთი გადაწყვეტილება არც კი არსებობდა, მაგრამ ის სასწრაფოდ გამოსცეს თვითონ ხევსურთა მოთხოვნის საფუძველზე/~
გვ. 18. მინაწერი არეზე სიტყვებთან `სადაც კი შეიძლებოდა ხმა მიაწვდინეს~: `არ უნდა~. აქვეა დასმული მწერლის მიერ დიდი კითხვის ნიშნები.
გვ. 22. მინაწერი არეზე სიტყვებთან `უცებ ცხენმა მთელი ძალით მოქაჩა აღვირს~: `ეს უნდა დაიწეროს ისე, თითქოს გურამი ხედავს~.
არქივში ინახება, აგრეთვე, ექვს პატარა, მაგარ - ჩვეულებრივ, ჩანახატებისათვის განკუთვნილ - ქაღალდზე გაკეთებული ჩანაწერები ნაწარმოებისათვის (ისინი იდო იმ რვეულში, რომელშიც ნაწარმოებია დაწერილი). ჩანაწერები და ძირითადი ტექსტი დაწერილია ერთი კალმით და ერთი ფერის მელნით. ჩანაწერების ერთი გვერდის მარცხენა ზევითა კუთხეში წერია: `გ. რჩეულიშვილი 1960 წ.~, რაც, თავდაპირველად, ჩემ მიერ ამ ნაწარმოების არასწორი დათარიღების საფუძვლად იქცა. თარიღი გამოყოფილია ტექსტიდან შტრიხებით, რაც მას გარკვეულ მნიშვნელობას სძენს.
ნაწარმოების შექმნის ისტორია, რაც ემყარება მწერლის არქივისა და ცხოვრება-შემოქმედების კვლევას, ასე მესახება:
როგორც უკვე აღვნიშნეთ (იხ. წინა მოთხრობების შენიშვნები), 1959 წლის 15 ივლისს გურამი წყალტუბოდან ჩამოვიდა ანდრო ჭიჭინაძის დაკრძალვაზე. 30 ივლისის წერილიდან (მამა დედას, ხოსტაში) ირკვევა, რომ მამას უნდა გურამის წაყვანა ჩრდილო კავკასიაში. მამა წერს იმასაც, რომ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ გურამი აპირებს განაახლოს მუზეუმში მუშაობა, რაც, როგორც წერილებიდან ირკვევა, მან ავადმყოფობის გამო შეწყვიტა. მამა და გურამი მიემგზავრებიან ჩრდილო კავკასიაში, რასაც მოჰყვება ჩრდილო კავკასიის მოთხრობათა ციკლი. თავდაპირველად ის წერს ორ მოთხრობას: `უცნაურ ამბებს მიყვებოდა ტაქსის შოფერი~ და `მე ვიდექი ბარის შუაში~. ჩამოსვლის შემდეგ გურამი აგრძელებს მუზეუმში სიარულს და იმ საერთო რვეულში, რომელიც უკვე ვახსენეთ (იხ. შენიშვნები წინა მოთხრობებისათვის), წერს კიდევ ორ მოთხრობას ამ ციკლიდან. შემდეგ მამასთან ერთად ის ერთი დღით მიდის თიანეთში. ჩამოსვლისთანავე სახლში ან თიანეთშივე, რაც უფრო სავარაუდოა, წერს `ნათელას~. შემდეგ ისევ მიდის მუზეუმში და იმავე ხელწერითა და საწერ-კალმით, რითაც დაწერილია ჩრდილო კავკასიის ციკლის ბოლო ორი მოთხრობა, იწყებს უკვე ამ ნაწარმოების წერას, რომელიც, შესაძლებელია, წერის პროცესშივე გადაიზარდა, ჩემი აზრით, რომანად (ამონაწერი დღიურიდან: `ყველა მოთხრობა, თუ დროზე არ გაჩერდი, შეიძლება რომანადაც გადაიქცეს~).
ეს უნდა ყოფილიყო 1959 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვები (აგვისტოს ბოლო ნახსენებია თვითონ ნაწარმოებშიც).
საინტერესოა, რომ ბევრი რამ მიეცა დავიწყებას დიდი ხნის წინანდელი ამბებიდან, მაგრამ 1959 წლის აგვისტოს სიცხეები ბევრს ახსოვს. ნუგზარ წერეთელმა მითხრა: 1959 წლის აგვისტოში საშინელი სიცხეების დროს, მახსოვს, მე და რუსიშვილი მუზეუმში მივედით გურამთან. ის მუზეუმის ქვედა სართულში თავის ოთახში იჯდა და რაღაცეებს წერდა.
გოგი ოჩიაურსაც გაახსენდა, რომ 1959 წლის აგვისტოს ერთ განსაკუთრებულად ცხელ დღეს ის ზემელზე შეხვდა გურამს, შევიდნენ რესტორან `გემოში~. რესტორნიდან თურმე საკმაოდ ნასვამები გამოვიდნენ და წავიდნენ კიროვის ბაღში. მკითხველს გავახსენებ რომანის 4–15 ნაწილების ქრონოტოპს: კიროვის ბაღი აგვისტოს სიცხეების დროს (`საშინელია ეს დღეები, რომლებიც, ჩვეულებრივ, აგვისტოს ბოლოს წაეწყობა ხოლმე ზედიზედ~). ნაწარმოებში განსაკუთრებულადაა აღნიშნული ისიც, რომ გურამი, მწერლის ალტერ ეგო, ამ დროს პირველადაა თბილისში. მართლაც, აგვისტოში გურამი, ისე როგორც მისი გმირი ამ ნაწარმოებიდან, უმეტესად ან მთაში იყო ხოლმე, ან ზღვაზე. მახსოვს, მითხრა გოგიმ, კიროვის ბაღში გურამი ვიღაც გოგოსთან მივიდა და ჩვენი თავი წარუდგინა: გაიცანით, გოგი ოჩიაური და მე – გურამ რჩეულიშვილი, ამისთანა ბიჭები თბილისში არ არიანო. გოგოებმა გვითხრეს, თქვენ ხულიგნები ხართო და წავიდნენ. ჩვენ იმ სკამზე დავსხედით. გოგიმ თქვა: რესტორანში ბევრს ვლაპარაკობდით ხევსურებზე; მოვუყევი ხევსური გოგოს ამბავი, რომელმაც შეურაცხყოფისაგან მოიკლა თავი.
შესაძლებელია, გურამი მეორე დილასვე ადრიანად წავიდა მუზეუმში, რომელიც მდებარეობდა კეცხოველის ქუჩაზე, შევიდა სარდაფის სართულში მოთავსებულ თავის ოთახში და დაწერა ის სიტყვები, რითაც ეს რომანი იწყება: `საიდან მოვდივარ, საით მივდივარ, რა მინდა~. ჩემი აზრით, ამ სიტყვებით ჩაერთო ის, იმ `მაძიებელ~ გმირთა გალერეაში, რომელთაც წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი უწოდებს `საბრალოს~: `ჭეშმარიტად, ამბობს წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: `ჩემი ცხოვრების დასაწყისში დასასრულია და დასასრულში საწყისი ჩემი, მე არ ვუწყი საიდან მოვედ და არც ის ვიცი, სად ვიმყოფები და, საბრალო, ვერც იმას ვხვდები, თუ საით წავალ. ასეთია ხვედრი ყოველი კაცისა.~ შემდეგ, როგორც მისთვის იყო ჩვეული, მან ძალიან სწრაფად შეავსო ამ რვეულის 42 გვერდი და, ვფიქრობ, ასევე უეცრად დაანება თავი: გურამმა გადაწყვიტა მოთხრობების მომზადება კრებულის გამოსაცემად. მალე, როგორც ჩანს, ამასაც გაანება თავი და - ასე მგონია, თავისთვისვე მოულოდნელად - დაწერა `ბათარეკა ჭინჭარაული~, რომელშიც სრულყოფილი ფორმა პოვა მზიასა და ბათარეკას ამბავმა, გოგი ოჩიაურისგან გაგონილმა (მზიას მამის სახელი `ბათარეკა~ გოგისვე ეკუთვნის. იხ. შენიშვნები `ბათარეკა ჭინჭარაულისათვის~). მერე კი დაწერა `დევების ცეკვა~.
ამ დათარიღების (1959 წელი) სასარგებლოდ მეტყველებს, აგრეთვე, რომანისათვის გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი. თავდაპირველად, ამ ჩანაწერების ერთ-ერთ გვერდზე აღნიშნული თარიღის (`1960 წელი~) თანახმად, რომანის დაწერის დროდ მივიჩნიე ეს წელი.
ჩანაწერები (გვერდები დაუნომრავია. ფურცლების თანმიმდევრობა პირობითია)
ერთი ფურცელი:
`ვერაფერმა ვერ მოკლა მინდია, მოკლა გურამის დაცვამ, გურამმა მოკლა ის, ვინც მოკლა ბერდია – გურამს ტურისტობა არ შეუძლია, როცა ჩავა, უნდა ჩაერიოს იმ ცხოვრებაში. ამოწურავს და მორჩა, მოდის უკან.
არც ტურისტობა შეუძლია და არც ბოლომდე შესვლა იმათ მდგომარეობაში, ყოფაში.
მხოლოდ ფრთას წაჰკრავს, ააფორიაქებს და უკან ბრუნდება.
სიგიჟისა და ნორმალურობის შესახებ, ზღვრის შესახებ. დიდი პიროვნების აუცილებელ ნორმალურობაზე.
—————————————————————————
!!! როცა ისევ გურამთან დავბრუნდები: – არის ორი კუთხე მხედველობისა. ერთი, რომელშიაც მხოლოდ მრუშობას ხედავს, თვით სიწმინდეში მეშჩანობას! მეორე, რომელიც გარყვნილებაშიაც წმინდას ამჩნევს. ორივე ტენდენციაა: გურამი იღებს ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის, და მხოლოდ იმათ ქცევებთან კი არა, საკუთარ საქციელთან აქვს საქმე.~
მეორე ფურცელი:
`სიბრძნე თავისთავად შეზღუდვაა – ტოლსტოი. (ერლომესგან?)~
მესამე ფურცელი:
`ხევსურეთში გადასასახლებელი ხალხის ბელადად იქცევა და აქ უყვარდება გოგო – იქ (I) ბელადობაა – პირველობა! აქ სიყვარული? ორივე ერთად (რთული სიტუაციაა, არ შეიძლება, მაშინ, სიყვარულის შემთხვევა თუ გამჟღავნდა, აღარ დაუჯერებენ)~
მეოთხე ფურცელი:
`ვინც გაიქცნენ, ესენი იყვნენ ბარში გადასახლებული ხევსურები, აქეთ სააგიტაციოდ წამოსული, ერთ-ერთ აგიტატორს მოსისხლე აღმოაჩნდა აქ, თანაც გადასახლებაც არ უნდოდა არავის და ამიტომ დასცხეს.
—— . ——-
ალყაშემორტყმული შატილი მეოცე საუკუნეში, უცნაური ეგზოტიკაა. ქვევით მილიციელების უხეში ფორმები. ამ დროს გურამს გამოაქვს თავის ქალები აკლდამებიდან და ბრედავს.
—— . ——-
გურამმა მთელი სოფელი შეაჯიბრა მთავრობას და უღალატა თუ არა?! არ იცის, გამოიქცა, მოსწყინდა და ყველაფერი დაწყებულის უაზრობა იგრძნო.
—— . ——-
აქედან წასული ხევსური ღამე ბერდიას და მზიას დაესხმება თავს, მათ აშაქალი კლავს. ის ხევსური ჯერ მზიას იტაცებს. ბერდო ისვრის, ოღონდ სიარული არ შეუძლია. აშაქალი ცხენით ეწევა, ეს ხევსური ქისტია სინამდვილეში, რომელიც გამილიციონერდა და მერე ჭინჭარაულად ასაღებს თავს. და მას გეგმაშიც ჰქონია მზიას მოტაცება, ოღონდ ადრე იცნეს ერთი იმათგანი და მოკლეს, უცებ ღამე წააწყდება მზიას.
—— . ——
გურამი მას რატომ ათავისუფლებს და ხევსურებიც რატომ უშვებენ: ჯუბას ქვევიდან მილიციელის ფორმა დაუნახა, სხვებმაც დაუნახეს, ამიტომ ასე ადვილად გააშვებინეს – მთავრობასთან დავა არ უნდოდათ.~
მეხუთე ფურცელი:
`სიუჟეტისთვის: ბათარეკას ცოლი, მთავრის ქალი, გურამთან ამბავს იწყებს, როცა მოუსწრებენ, ძუძუზე კბილს დაადებინებს და იშვილებს.
მზიასთან ამბავი
ბებერი ბერდია მოკლავს მილიციონერს, რომელიც ის ქისტი გამოდგება, გაქცეული ბარში
—— . ——-
თავის ქალების ბრედვა მძაფრი სიტუაციების დროს~.
მეექვსე ფურცელი:
`რა მინდა მე ამ ხალხს შორის, რომელიც ადგილს იცვლის და ნამდვილი ცხოვრება ჯერ არ დაუწყია, რა მინდა მე იმ მეზაფხულეებთან, რა მინდა მე ყველა იმათთან, ვინც უკან დარჩა, წინ წასულს – ადამიანი უკან ჩამორჩა, საერთოდ, თავის შექმნილს, `დროთა კავშირი დაირღვა და მუხთალმა ბედმა მე რად მარგუნა იმისი შეკვრა.~ ამ საუკუნეში აწმყომ გაუსწრო აწმყოს. გურამი იკვებება ნამდ. ცხოვრ. ანარეკლით (ჩამატებულია – მ.რჩ.), თეატრით (მეზაფხულეები, ხევსურეთი) და არა თვითონ ნამდვილი ცხოვრებით~.
მეშვიდე ფურცელი:
`სიცხეში პირველები უმტკივნეულოდ პირველობენ, აქ არც ჯიბრია.
მე – ვეჯიბრები სირბილში, აქ უკვე სხვა ნოტაა~.
ცალკე ფურცელზე გაკეთებული ჩანაწერი:
`აუწთომელსა ნუ ეწუთრები, გარდასულს ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდოდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე.~
1960 წელს გურამს, როგორც ჩანს, უნდოდა განეახლებინა მუშაობა რომანზე. მას მუზეუმში დატოვებული ჰქონდა რვეული და კალამი (რვეული, როგორც სხვა მოთხრობების შენიშვნებში უკვე აღვნიშნე, გადმოგვცეს მხოლოდ გურამის გარდაცვალების შემდეგ). ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ ძირითადი ტექსტი და ჩანაწერები ერთი კალმითა და მელნითაა დაწერილი, თუმცა, ვფიქრობ, სულ სხვა დროს.
სავარაუდოა, თავდაპირველად, გურამმა აღნიშნა დრო, როდესაც მან განაახლა რომანზე მუშაობა – დაწერა თარიღი და გვარი (რაც ამ პერიოდში იშვიათად გვხვდება) პატარა, მაგარი ფურცლის მარცხენა ზედა კუთხეში და ამ ფურცელზევე გააკეთა ჩანაწერი: `ვერაფერმა ვერ მოკლა მინდია~. ჩემი აზრით, ჩანაწერებში ჩანს, რომ რომანის ეს ორმოცდაორი გვერდი უკვე დაწერილია. ზოგიერთი ჩანაწერი (მაგალითად: `რა მინდა მე იმ მეზაფხულეებთან…~), ვფიქრობ, უკვე დაწერილი რომანის რეტროსპექტულ ანალიზს წარმოადგენს.
1960 წლისათვის, როდესაც გურამმა ამ ჩანაწერების წერა დაიწყო, უკვე შექმნილი უნდა ყოფილიყო `ბათარეკა ჭინჭარაული~, `დევების ცეკვა~, `ალავერდობა~, `დღიური~ და, რაც მთავარია, ამ რომანის ის ეპიზოდი, სადაც ნახევრად ჭინკა, მახინჯ, ყველასაგან მოკვეთილ აშაქალს, რომელსაც მთელი ცხოვრება, ბავშვობის შემდეგ, მართლაც რომ `გამოცდის ჟამად~ ექცა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მსგავსად, გამოეცხადება ღმერთი და როგორც ღვთის რჩეულს, როგორც მეგობარს, `თავისი მაღალი ხმით დაბლად გაუბამს საუბარს~. ხეობაში მოსიარულე ქუდმოხდილი ღმერთი, ნიავს მიშვერილი კრიალა შუბლით, პერანგზე შეხსნილი პირველი ღილით და სხვა, არის, ალბათ, მწერლის პიროვნული გამოცდილება. შესაძლებელია, ეს იყო ის მიზეზი, რატომაც შეწყვიტა ან ვერ გააგრძელა ჩემმა ძმამ წერა იმ ეტაპზე და გადაწყვიტა შეეკრიბა უკვე დაწერილი მოთხრობები და მოემზადებინა გამოსაცემად კრებული.
ჩემი აზრით, ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ 1960 წელს, როდესაც გურამმა გადაწყვიტა, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ რომანზე განეახლებინა მუშაობა, მან იგრძნო, რომ უკვე გადალახული ჰქონდა იმ ცხელი აგვისტოს უაზრო დღე, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდა, საიდან მოდიოდა, საით მიდიოდა და რა უნდოდა და წინ იყო წასული! (დღიურიდან: `წავალ წინ, უკან აღარ მოვიხედავ~). წინ წასულს უკან დარჩა თავისი თავი, როგორიც იყო ის 1959 წლის ზაფხულში, ხან იქ რომ წაჰკრავდა ფრთას და ხან აქ. ის, რომ `ტურისტობა არ შეუძლია, რომ `საცა ჩავა, ერევა სხვის ცხოვრებაში~ და არ შეუძლია იყოს მხოლოდ ზერელე მაყურებელი და სხვ., ვფიქრობ, გურამმა ცოდვად აღიქვა 1960 წლის თვალთახედვით (გაიხსენე მოხუცებული ქალი, უარი რომ უთხრა გურამს, რომელსაც უნდოდა დახმარებოდა მას ვარაზის ხევის აღმართზე წყლით სავსე ვედროების ატანაში. იხ. ტომი 1. შენიშვნები). ადრე შეიძლება ამაყობდა კიდეც ამ თვისებით, რაც მას თავის განსაკუთრებულობაში არწმუნებდა. ამ დროს კი ის თითქოს რეალურად მიხვდა: ეპიზოდური დახმარება, მსხვერპლის გაღების გარეშე, არ არის ჭეშმარიტი დახმარება. როგორც ჩანს, გურამს ეუფლება გრძნობა, რომ ის ჩამორჩა თავის მიერ შექმნილ გმირებს, თავის მიერ შექმნილ მხატვრულ სინამდვილეს და იკვებება მხოლოდ თეატრით, ნამდვილი ცხოვრების ანარეკლით, რომ ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე წინ მიდიან, იზრდებიან და დაბრკოლებებს ლახავენ მისი გმირები მის მიერვე შექმნილ მხატვრულ სამყაროში.
გურამი თითქმის პირველივე დღიურში წერდა იმ ცეცხლის შესახებ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაინთო მის გულში (იხ. ტომი ხუთი, 1956 წლის მარტის დღიური). ამის შემდეგ მწერლის ბევრ დღიურს, ისე როგორც მისი მხატვრული შემოქმედების გმირთა სულიერ ბიოგრაფიას მიჰყვება შეგრძნება ამ ცეცხლის, რომელიც გაუთავებლივ მიისწრაფვის თითქოს განელებისაკენ, წყლისაკენ. ამ მხრივ, `კა და კოს~ (1958 წელი. იხ. ტომი 4) გულში დაჭრილი, გულზე ცეცხლმოკიდებული მეომარი, ამაოდ რომ ეძიებს სიგრილეს ვეირამუტის მკერდში და, საბოლოოდ, წყლის პირას მისული, უწყლოდა კვდება, ამ მაძიებელ გმირთა განზოგადებულ სახედ შეიძლება წარმოვიდგინოთ. მკითხველს გავახსენებ ძაგანიას სიზმარს `შაშას რევოლუციიდან~: `სისხლი ჩადიოდა ჭაობში, ჭაობი ხურდებოდა, ორთქლი ასდიოდა, იწვოდა სიცხისაგან ძაგანია, ძაგანიას წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი ....სახე ჭკნებოდა სიცხისაგან, ყელი უხმებოდა წყურვილისაგან, მაგრამ მის ქვევით სისხლის ფხვნილი კრავდა ჭაობს და წყლის დალევა შეუძლებელი იყო. წინ კი მოჩანდა სუფთა ჭაობის წყალი, რომლის ნაპირებზეც მშვიდად ისხდნენ ბაყაყები; ძაგანია მთელ სხეულს ძაბავდა, რომ როგორმე მიესწრო იმ ადგილისათვის, სანამ ისიც შეიკვრებოდა... ... მის მარცხნივ მშვენიერი ცხენი ება ...ახლა ვეღარსად გაექცეოდა წყალი... ისევ გაიღვარა ოფლში და ვერ მიაღწია წყალს, წყალი იყო მისი ერთადერთი მიზანი ... მუხლმოსხლეტით დაეცა წყლის პირზე, სველ ჭაობში~.
ამ თვალთახედვით, მწერლის მთელი შემოქმედების ფონზე, `საიდან მოვდივარ~-ის სიმბოლიკა, ვფიქრობ, აშკარა უნდა იყოს. `მაღალი მთის წვერზე ასული~ მწერლის ალტერ ეგო ძლივს, ამდენი წლების შემდეგ, შეიგრძნობს `ათასი წყლებით დასერილ~ სამყაროს. წყლის სემანტიკური ველი ჩაითრევს ყველა სიტყვას, თუნდაც უშუალოდ წყალთან არ იყოს დაკავშირებული, მზესთან ერთად `საოცარ ჰაერსა~ ქმნის და თავის განუმეორებელ ადგილს იჭერს `ერთ მუსიკად შეკრულ ათასი წყლის ხმებში~, წყლის სიმფონიაში, რომელიც იქმნება `ახლად დაბადებული მილიონი ნაკადულებით~, `ცვრიან ბალახში შეყრილი მილიონი წყლის წვეთებით~, `ქვებიდან მრგვალი ბურთებით ამოსული წყლით მშრალი ქვებით რომ ეშვება ჩანჩქერისაკენ~, მთის ნაკადულების, ჩანჩქერების, ბროლის მდინარეების და სხვ. ჩუხჩუხით, სირბილით, რაკრაკით … ვფიქრობ, ნაწარმოების პირველი თავების, ისე როგორც კონკრეტულად მეთექვსმეტე თავის გააზრება თითქმის მთლიანად სიმბოლურ პლანში შეიძლება. მისი კულმინაციაა ზევით აწეულ, შუაში გაყოფილ ბურუსში შემოსული სწორი მზის სხივი, რომელიც ეცემა მთის წვერს, ანუ იმ ადგილს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ შიშველ, ახლა უკვე ნესტიან, გრილ ბურუსში, თეთრ ცხვრის ქურქში მაგრად გახვეული (მკითხველს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ იქვე, მთაზე, `თექაში გახვეული მწყემსის ბიჭია~ წამოწოლილი) გურამი წევს. მან უკვე იცის, რომ ეს ის წყალია, რომელიც `უდიდეს ცეცხლსაც კი დააწყნარებს, ოღონდ ისე თავისებურად, ზომიერად, რომ არ ჩააქროს.~ აქ თითქოს მთავრდება ლირიკული გმირის `უნებლიე მოგზაურობა~, უმტკივნეულო ხდება ის მარადიული კითხვაც, რომლითაც იწყება ნაწარმოები და `არაბუნებრივ სიწყნარეში~ დაეუფლება მას `ნეტარი უსურვილობა~ (`გაუქრა ყოველგვარი ნდომა, სურვილი.~ 1958 წლის ნოემბრის დღიურიდან: `მიხვდა რისთვის ცხოვრობს ადამიანი, დაინახა გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეს და უცებ ყველაფერი გახდა მარტივი. რა გზა იყო ეს? გიყვარდეს ყველა და დაკარგო ვნებები, სურვილები… … იგრძნო, მერე გრძნობა გადაიქცა ცოდნად და გაქრა~), მიწიერი შეგრძნებებიდან კვლავ იგივე ხატი წარმოდგება გმირის წინ – ნერვიულად ატირებული ბავშვი, რომელსაც დედამ ძუძუ მისცა გასაჩუმებლად და ისიც, ტუჩებით ზედ მიკრული, გაინაბა, რადგან მიაღწია უმაღლეს სურვილს (იხ. `ნათელას~ შენიშვნები). ამ არქეტიპში გურამისათვის, როგორც ჩანს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აღდგება ხორციელი ვნების სიწმინდე.
წყლის სიმბოლიკაში შესვლას, ალბათ, სჭირდებოდა გარკვეული საფეხურების გავლა. აქ გურამი (ნაწარმოების გმირი) ასახელებს თავის ასაკს – ოცდახუთი წელი (მწერლის რეალური ასაკი რომანის წერის დროს) და გაიაზრებს ამ შეგრძნებას როგორც მნიშვნელოვან მომენტს გმირის (თავისი) ცხოვრების გზაზე.
ნაწყვეტები ამ ნაწარმოებიდან დაიბეჭდა 1985 წელს ჟურნალში `ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში~, თამაზ კვაჭანტირაძის რედაქციით.
მთლიანი სახით იბეჭდება პირველად.
"ის ის იყო ღამდებოდა..."
არქივში ინახება ამ მოთხრობის მხოლოდ ერთი დაუთარიღებელი და უსათაურო ხელნაწერი (1–8გვ.). ფრაზა მოთხრობიდან `24 წლის ბიჭი, მოშავო ულვაშებით, არც მაღალი, არც დაბალი...~, ჩემი აზრით, არ გამოდგება ამ ნაწარმოების დასათარიღებლად, რადგან მაშინ ის დაწერილი უნდა იყოს 1958 წელს, რაც ხელნაწერთა დათარიღებისათვის ჩემ მიერ შემუშავებულ არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს (იხ. ტომი 1. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). მკითხველს გავახსენებ, აგრეთვე, მწერლის ერთ-ერთ ადრეულ მოთხრობას `მე ახლა 25 წლისა ვარ~, რომელიც დაწერილია 22 წლის ასაკში, 1957 წელს, და სწორედ ამ ფრაზის გამო იყო ის არასწორად დათარიღებული (1959წელი) წლების განმავლობაში.
ნაწერია გაკრული ხელით. ერთი სიტყვა სხვა მელნით ჩასწორებულია მწერლის მიერ. მეოთხე გვერდზე წერა განახლებულია ახლად ავსებული მუდმივი კალმით.
`ის ის იყო ღამდებოდა~ შეიძლება დაუმთავრებლად მივიჩნიოთ, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ ასეც, რომ დაუმთავრებლობა არის მისი სტრუქტურის ნაწილი, რომ მას ღია ბოლო აქვს. კომკავშირიდან გარიცხული ვალიკოს ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია თვითონ მწერლისთვისაც. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს 1960 წელს, ვფიქრობ, ლიბრეტოს შექმნამდე
გამოუქვეყნებელია.
"სულ დანაწევრდა და აოხრდა..."
არქივში ინახება მოთხრობის ერთი უსათაურო და დაუთარიღებელი ავტოგრაფი. ავტოგრაფის პირველ გვერდზე სხვისი ხელით და ფანქრით წერია: `გურამ რჩეულიშვილი~. ნაწერია მსხვილი გაკრული ხელით. გვერდები არათანმიმდევრულადაა დანომრილი.
თარიღის დასადგენად, გარდა ფურცლის ხარისხის და ხელწერისა, მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შუა საუკუნეების თემატიკა, რომლითაც გურამი დაინტერესებული იყო 1959-1960 წლებში. ამავე პერიოდს ეკუთვნის ჩანაწერი ასეთი სათაურით: `შუა საუკუნეების მოქალაქის მოგზაურობა XX საუკუნეში ...…~ და `სურამის ციხე~. ამ დაუმთავრებელ ტრაგედიაში, `სურამის ციხეში~, მოქმედება მიმდინარეობს შუა საუკუნეებში. მოთხრობაში `სულ დანაწევრდა და აოხრდა~ და `სურამის ციხეში~ ერთი და იგივე საკუთარი სახელები გვხვდება: მართა, საურმაგი, ქსნის ერისთავი. ორივე ნაწარმოები დაწერილია მსგავს ფურცლებზე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, დედას ჩანაწერი: `გურამმა მითხრა ვიწყებ მუზეუმში მუშაობას. მაინტერესებს შუა საუკუნეებიო.~ არქივში ინახება `ქართლის ცხოვრებიდან~ გურამის ხელით გაკეთებელი ამონაწერები შუა საუკუნეების ისტორიასთან დაკავშირებით.
მოთხრობა, სათაურით `მუზეუმის დირექტორი~, პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში `სად გაექცევი ზამთრის ღამეს~, ნუგზარ წერეთლის რედაქციით.