Litclub.ge

დარდი
ჩვენი სახლი სოფლის განაპირას დგას. საკარმიდამოს იქით შქერებია, მერე პატარა, ტიალი კორდი, ქვემოთ კი _ ჭოროხი.
მდინარის გაღმა ჩვენი სოფლის მეორე ნახევარია, მაგრამ იქ არასოდეს არ გავსულვარ. ძველებური ხის ხიდი, კლდიდან კლდეზე რომ არის გადებული, ვინ იცის, რამდენი ხანია გადასცქერის მდინარეს, მაგრამ რაც დავიბადე, თვალით არ მინახავს, რომ ზედ ვინმეს ფეხი დაებიჯებინოს.
მდინარის გამოღმა რომ ქოჩორა მთაა, იქამდე საზღვარი გასდევს, მერე იგი ირიბად შეუყვება პატარა ღელეს და ხირხატ გორებზე გადაივლის.
სოფლის ბოლოში ციცაბო კლდეები და ბევრი ხავსმოდებული ქვაა. ჭოროხი ისევ ვიწროწია მოქცეული, რომ გაღმა-გამოღმელებმა ერთმანეთს ხელი რომ გავუწოდოთ მივწვდებით.
ჩვენი ნაფუძარი ზედ მდინარემდე ჩააღწევს. როცა ვმუშაობ,ხშირაჟ ვიყურები გაღმა უბანში. იქ ზოგი ნათესავია, ზოგიც, მამაჩემის თქმით, ძველი მეზობელი. და მინდა დავინახო ისინი. კიდეც დავუძახო რამე, მაგრამ ეს არ შეიძლება.
თუმცა `არ შეიძლება~ გულმა არ იცის.
ჩემი სახლის პირდაპირ, გაღმა, წაბლის ხის მოზრდილი შავი სახლია. აქედან თუ გახედავთ, მარჯვნივ, ეზოში გალია დგას, ხოლო მარცხნივ, დაბალი, ისლით დახურული მერეგი.
იქიდან პატარა ფერდობზე თეთრი ბილიკი მოჩანს, რომელიც წყარომდე ადის. აი, იმ საბძელს, იმ ბილიკს და ამ წყაროს აგერ ხუთი წელიწადი თვალი ვერ მოვაცილე.
რატომ, _ ახლა იტყვით თქვენ.
იმ დიდ, შავ სახლში, მამაჩემის გადმოცემით, თურმე ილია ფეტვაძე ცხოვრობს. დიდი ხანია იმ სახლის ეზოში ორი გოგონა შევამჩნიე და გამოღმიდან ერთ მათგანს ხშირად თვალებით ვეთამაშებოდი. ერთი ჩემი ტოლი ჩანდა. ისინი ალბათ ილია ფეტვაძის ქალიშვილები იყვნენ, მაგრამ მათი სახელები მე არ ვიცოდი. არც ჩემი სახელი იცოდნენ, ისე კი ერთად გამიცინებდნენ ხოლმე შორიდან, საბძელთან აირბენდნენ თუნგების წკარუნით, წყაროსთან ჩაცუცქდებოდნენ, წყლით აავსებდნენ დ მხარზე შედგმული თუნგებით ისევ ჩამოირბენდნენ ბილიკს.
მეგონა გვრიტები მოგოგმანებდნენ გაზაფხულის ცაში გაწვდილ ხის ტოტზე. ისე ლამაზი იყო მათი სიარული იმ აშოლტილ ბილიკზე. პატარა გორაკზე რომ აწვდილიყო. ხანდახან რაღაცნაირ სიმღერას წამოიწყებდნენ და მეც აქედან, გამოღმიდან ხმას ავაყოლებდი. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ისეთი ნაცნობი და ტკბილი მელოდია იყო, რომ ხანდახან ცრემლს ვეღარ ვმალავდი.
ეზოში ცოტას შეჩერდებოდნენ, გამომხედავდნენ, ქვეშქვეშ ჩაიცინებდნენ და კიბეებზე აირბენდნენ.
ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე გოგონებთან ამნაირ თამაშს, რომ დილით ადგომისთანავე შქერებთან გავვარდებოდი, იქ ცოტა ხანს ჩამოვჯდებოდი, იქნებ ისევ გამოვიდნენ, ხელი დავუქნიო და გავუღიმო-მეთქი.
დრო კი ჭოროხივით მიედინებოდა.
შემდეგ თვალმა იგრძნო, რომ ერთი მათგანი ოდნავ ამაღლდა, კაბაც სხვანაირი ჩაიცვა _ უფრო ქალური, თანაც ნაკლებად იყურებოდა ჩემკენ. მეორე _ ალბათ უმცროსი _ ისევ ისე მიღიმოდა, მაგრამ მე იმ უფროსი დის დასერიოზულებამ და დარიდებამ რატომღაც დამაღონა.
მარტო ერთი სახელი ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომელს ეკუთვნოდა იგი. ერთხელ გავიგონე მხოლოდ, რომ დედამისმა დაუძახა:
_ სალიევ, გო, აქეთ გამოდენე ხბოები.
ესე იგი, სალიე ჰქვია, _ გავიფიქრე.
მე იმ უფროს დაზე ვფიქრობდი ხშირად, სახელიც მას მივაკუთვნე, შეიძლება მართალიც იყო, რადგან დედა, მე მგონი, უფროს გოგოს უფრო დაუძახებდა.
მომდევნო შემოდგომის ერთ ღრუბლიან დღეს, ასე მზის ჩასვლისას, ტყიდან ვბრუნდებოდი შეშით მხარზე.
ჩამოვედი თუ არა შქერებთან, შევჩერდი, შევისვენე და ჩვეულებრივად, თვალი გაღმისაკენ გამექცა.
დები წყაროსთან მოდიოდნენ მხრებზე თუნგშემოდგმულნი, უფროსი, ჰო, სალიე, წინ მიდიოდა, იგი წვრილი და მაღალი გოგონა იყო. ხელაწეული და ლეჩაქგაშლილი ჩვენი მუხნარების მკვიდრ სოკო-წეროსწივს მივამსგავსე.
მივხვდი: ჩემი გამოჩენა იგრძნო.
სახლისაკენ გაიხედა. აივანზე ვიღაცა იდგა. ახალგაზრდა კაცი ჩანდა. ადრე ამ სახლსა და ეზოში იგი არ დამინახავს. შეხედა თუ არა სალიემ აივანზე მდგომს, წაკრული ლეჩაქი ცალი ხელით ჩამოიშალა და პირზე აიხვია, მაგრამ მოერიდა არა იმ ვაჟს, არამედ მე.
ისე მეწყინა ეს, რომ მეგონა, ვიღაცამ მაგრად დამარტყა და გული ჩამწყვიტა-მეთქი.
შეშა მხრიდან ჩამოვივარდა. მეც მუხლი მოვიდრიკე და ჩამოვჯექი დაგდებულ მორზე. მალე ისევ წამოვდექი, შეშა მხარზე გავიდე და ნელა გავუყევი გზას. თან გაღმისაკენ ვიყურებოდი.
საბძელთან ბილიკი ციცაბოზე ეშვება.
აი, იმ თავდაღმართში სალიემ უცებ წაიბორძიკა, თავი ვეღარ შეიკავა და წაიქცა, თუნგი თავდაღმართში გადაგორდა, თვითონაც ბილიკზე ჩამოხოხდა.
მეც ჩემებურად თავი ვეღარ შევიკავე, მორი მხრიდან გადავისროლე და ისე გავწიე, თითქოს უნდა მივშველებოდი.
ამასობაში დამორცხვებული ქალიშვილი ძლივსძლივობით წამოდგა.
აივაზე რომ იდგა, ის ახალგაზრდაკაცი საბძლის ქვემოდან გამძვრალიყო და თუნგი აეღო. შემდეგ სალიეს შეეშველა, ქვემოთ ჩაიყვანა. მე მდინარესთან გავშეშდი ამის შემყურე და ტუჩების კვნეტა დავიწყე. უცებ ბიჭმა ჩემკენ გამოიხედა, შეჩერდა და ცივი, გამჭოლავი მზერით დამაკვირდა.
ძალიან არ მსიამოვნებდა მისთვის მეცქირა, მაგრამ რატომღაც თვალი არ მოვარიდე და მივაშტერდი.
თითქოს ერთმანეთს ვებრძოდით, თვალის არიდება თითქოს უკან დახევა, ჩაქოლვა, დამარცხება იქნებოდა.
მან ვეღარ გაუძლო ჩემს მრისხანე მზერას და მიბრუნდა.
ისე მიდიოდა, რომ ვატყოყდი, ჩემ თვალებს გრძნობდა უკან და ჯავრით თითქოს ფეხი ეშლებოდა.
ვიცი იმ ბიჭს ვერასოდეს შევხვდები, მაგრამ მაშინ, იმ შუთში, რატომღაც ვიგრძენი, რომ იგი ჩემი ნამდვილი მტერი იბო.
არა, ის ვიღაც გადაღმელია, შორეული. ამ სოფლის ბიჭებს აგერ ოცი წელიწადია ყოველდღე გავყურებ გამოღმიდან და შესახედავად ყველას ვიცნობ. ის კი არ მინახავს.
მეორე დღეს სალიე მარტო გამოვიდა ეზოში. ორი თუნგი ეჭირა ხელში და ბილიკს მიჰყვებოდა ნელი, მძიმე ნაბიჯებით.
ბოლოს თუნგები ცალ ხელში მოყარა და სპილენძის ისეთი წკრიალი გავიგონე, მეგონა ვიღაც მეძახოდა. შემდეგ წკრიალი გამეორდა და ეს ხმა ოდნავ იმ ნაცნობ სიმღერას მივამსგავსე, დები რომ მღეროდნენ ხანდახან წყაროზე.
ჰო, ახლა მომაგონდა: უმცროსი ხშირად ფეხშიშველა გამოდიოდა. სალიეს კი წინათ რაღაცნაირი ჩაფულები ეცვა. მერე შევამჩნიე, რომ სალიე დადიოდა ფეხშიშველი, სწორედ ის ჩაფულები ახლა უმცროსს ეცვა.
ალბათ ორივე გაიზარდა და...
ასეთი რამეების შემყურემ, მამაჩემი გადავრიე.
სოფელში ახალგამოყვანილმა გზამ პირდაპირ ჩვენს ეზოსთან ჩამოიარა. მამაჩემი ცოტა ჯიბრიანი კაცი იყო, ვისზე ნაკლები ვარო და გზა რომ დაინახა, მანქანის ყიდვაც მოიწადინა. მითხრა:
_ შვილო, ფარას რაცხაფერ ავათავებ, ერთი მანქანა ვიყიდოთ... მარა უჩემოდ არ გაგარონიებ იცოდე...
გული შემიტოკდა. ორი დღე გაბრუებული დავდიოდი. გზაზე რომ გავივლიდი თავი იმ მანქანის საჭესთან მყავდა წარმოდგენილი და ლამაზ ადგილებს ვარჩევდი გასაჩერებლად. კარს გავაღებ, გამოვალ შევათვალიერებ-მეთქი ჩემს `ვოლგას~.
მაგრამ მესამე დღეს, გაღმა, ბილიკზე მიმავალი ფეხშიშველა სალიე რომ დავინახე გულზე შემომიჭირა რაღაცამ და საღამოს მამაჩემს გამოვუცხადე:
_ არ მინდა მანქანა...
მამამ ჯერ არ დაიჯერა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი და ატეხა ერთი ალიაქოთი: _ ყოლიფერი უკუღმართობა ჩემს სახლში მოხდებაო.
აბა, რა უნდა მექნა. სალიეს იქ, გაღმა, ბილიკებზე ფეხშიშველას ერბინა და მე აქ, მანქანით მესრიალა?!
ჰოდა, იმ დღეს, სალიე რომ მარტო გაუდგა ბილიკს წყაროსაკენ, თუნგები ისე წკრიალებდნენ, მეგონა მე მიძახიან-მეთქი, ცოტაც გამიკვირდა, რატომ უმცროსი არ ახლდა.
სალიეს შავი ლეჩაქი ეხურა და ყელზე ვიწროდ შემოეკოჭა. შავ ლეჩაქში მარმარილოსაგან გამოკვეთილს ჰგავდა მისი თეთრი სახე.
მაგრამ ძალიან მეწყინა სალიეს თავზე შავი ლეჩაქი რომ შევნიშნე.
ჩვენს სოფელი ქალი თუ დაწყევლა ვინმემ, უთუოდ ასე მიაძახებს: შავი ლეჩაქი დაგახურე შენ, შავი ლეჩაქიო...
მეწყინა, ძალიან მეწყინა. პირველად ისიც კი ვიფიქრე, ალბათ ვიღაცამ დასწყევლა სალიე, უკვე მოხდა რაღაც უბედურება და იმიტომ დაიხურა შავი ლეჩაქი-მეთქი, გულში მწარედ დავწყევლე ის ვიღაცა. მერე გამეცინა ჩემს ბავშვურ აზრებზე და მდგომარეობას უფრო სერიოზულად შევხედე.
სალიე უკვე წყაროსთან იყო. თუნგი ღარს შეუდგა და თვითონ იქვე ჩამოჯდა. ალბათ, ქვაზე. ჩემკენ მობრუნებული იჯდა.
მე შქერის ძირებთან მივხოხდი, შემოვიჭირე მუხლებზე ხელები და თავჩაქინდრულმა, მალულად იქით დავუწყე ცქერა.
მასაც მოყრილ მუხლებზე იდაყვები დაებჯინა და ჩემკენ იყურებოდა. მაშინ მართლაც მივხვდი, რომ ჩემოდენა დარდიარათუ ამ სოფელში. მთელ ქვეყანაზე არავის ჰქონდა; საქმე ის იყო, ვერც ვერავის შევჩივლებდი, ასეთი რამ მჭირსო, ასეთ დღეში ვარ და მომეხმარეო.
შეიძლება სიცილით დაეყარათ, ხომ არ გასულელდა ეს ბიჭიო. აბა რაა, გამოღმიდან გაღმა, სხვა გოგო მოსწონებია და... ეყოფათ სასაცილოდ.
ვიცი ჩვენი ბიჭების ამბავი... `სხვა ქვეყანაში~? _ არა, თქვენი ჭირიმე, სალიე ჩემი სოფლელია! მისი უბანი ჩვენი სოფლის ნახევარია. ჰოდა, რაი, მე ჩემს სოფელში ვერავინ ამოვირჩიე საცოლედ?!
სალიე რომ პირველად დავინახე, მას აქეთ ერთხელაც არ მიფიქრია, ჩვენს შორის გაუვალი ღობეა-მეთქი.
ახლა კი, სალიე მარტო ზის წყაროსთან, აქედან შევყურებ, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, ვერც ვუახლოვდებით ერთმანეთს, ასე კი გვინდა ერთმანეთი... ბევრი რამ მომაგონდა, ბოღმა მომაწვა ყელში და ისე, როგორც მამაკაცებს შეუძლია კიდეც ვიტირე.
ყველამ იცის, რომ ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ მაშინ იტირებს, როცა ყველაფერი განწირულია, თვით სიცოცხლის გამეტებაც ვერაფერს გამოასწორებს და, ყოველივე უიმედოა.
მეც ამ დილით უეცრად, მწარედ დავრწმუნდი, რომ არაფერი გამოვიდოდა.
მაგრამ ერთი გენახათ, როგორ იჯდა სალიე წყაროსთან, სავსე თუნგიდან წყალი გადმოდიოდა, ის კი მე მომჩერებოდა, რა უნდა მექნა!
ჩავუკვირდი და მიახლოებით ზოგი რამ ავხსენი, თუ რატომ ეხურა სალიეს შავი ლეჩაქი და რატომ იყო ასე მოწყენილი.
ყველაფრის მიზეზი გუშინდელი ბიჭი უნდა ყოფილიყო... ამაში მალე დავრწმუნდი, ასე ათი-თხუთმეტი დღის შემდეგ.
სალიემ წყალს მეორე თუნგი შეუდგა. ოჰ, როგორ უნდოდა ალბათ უფრო ნელა ავსებულიყო ის თუნგი, რომ მეტხანს ეცადა იქ და გვემზირა ასე ერთმანეთისათვის.
უცებ მიწაზე დაყრილი ხმელი ტოტების ტკაცანი მომესმა. მოვიხედე, _ ჩემი ნაცნობი მესაზღვრე ვალოდია მოდიოდა: ისედაც წითელი სახე მზისაგან უფრო გაწითლებოდა, თეთრი წარბებით გადაბურულიყო მისი ლურჯი თვალები, პილოტურის მარცხენა მხრიდან გადმოხეთქილიყო ბულულისოდენა ქერა ქოჩორი, ხელი ავტომატზე დაედო და ქვეშქვეშ ღიმილით პირდაპირ ჩემსკენ მოაბიჯებდა.
_ გეყოფა, შუქრი, ამდენი საუბარი...
_ რა საუბარი? _ გავიკვირვე.
თეთრი წარბების ქვეშიდან თვალები გაღმისაკენ იმზირებოდნენ. თავი ჩავღუნე.
_ დედაშენი გეძებს... მე ვიცოდი აქ იქნებოდი, ამიტომ შევპირდი, მოგიყვან-მეთქი, ამაზე უფრო შეეშინდა დედაშენს... _ თან გადაიხარხარა ვალოდიამ.
_ რა? იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი?
_ ჰო, ვიცოდი... შენ რამდენჯერ მოგისწარი აქ, რამდენჯერ დაარღვიე საზღვარი მაგ სიყვარულით. _ ისევ გაიცინა.
რატომღაც მეწყინა, რომ ვიღაცას კიდევ სცოდნია ჩემი და სალიეს ამბავი.
შემდეგ ტუჩები მოკუმა, ცაში აიხელა და საზეიმო ტონით მითხრა:
_ მოდი ჩვენთან, რადიოს მოუსმინე, ისეთ რამეს გაიგებ, რომ...
_ რა მოხდა, ვალოდია?
-არა, ნუ ღელავ... დიდად საამაყო საქმეა. საბჭოთა ადამიანი რაკეტით გაფრინდა კოსმოსში, საათ-ნახევარში შემოუარა დედამიწას და ახლა უკვე ეშვებაზე მიწაზე...
წამოვხტი და რატომღაც გადავეხვიე ვალოდიას, რატომ არ ვიცი...
_ არა, იჯექი შუქრი, დედაშენს ვეტყვი მალე მოვა-მეთქი, _ შევებრალე ვალოდიას.
იგი მიბრუნდა, აღმართი სირბილით აირბინა.
~ადამიანმა დედამიწას შემოუარა საათ-ნახევარში~ _ ვიმეორებდი და მიხაროდა, გული აჩქარებით მიცემდა.
სალიეს თუნგი აეღო და ნელა ეშვებოდა ქვემოთ. შქერები გადავწიე და მეც ტიალში გავედი ყანის მხარეს.
სალიე ისე მიდიოდა, თითქოს სამუდამო გზას დაადგა და მემშვიდობებოდა.
დარდი უფრო მწვავედ დამაწვა გულზე.
ერთი უბრალო სოფლელი ბიჭი ვარ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი დარდი და სიხარული. ოჰ, როგორ მინდა ვიღაცამ ჩამხედოს გულში, კარგად მომისმინოს და გაიგოს, რასაც მე ვერ ვიტყვი და მერე სხვას გადასცეს.
სალიე მიდის... შეიძლება დღეს უკანასკნელად აავსო თუნგები წყაროზე... ხვალ კი გაათხოვებენ.
არა, მე კარგად ვგრძნობ, ის ბიჩი, გუშინ რომ აივანზე იდგა, ტყუილად არ მოსულა... ჰო, სალიეს გაათხოვებენ.
~ადამიანმა დედამიწას შემოუარა საათ-ნახევარში~...ჰმ, გასაკვირია ეს ცხოვრება. კაცმა დედამწას შემოუარა, ყოველი საზღვარი გადალახა, მე კი არ შემიძლია ერთი კუზიანი ხის ჯირკი გადავიარო, გაღმა გავიდე და სალიეს პირდაპირ ვუთხრა: `სალიე, ჰაიდე, ჩემთან წამოდი... მიყვარხარ~...
ასე გავიდა ათი დღე, სალიე აღარ დამინახავს, მარტო უმცროსი და გამოდიოდა წყაროზე. ისიც არ იყო კარგ გუნებაზე, ეტყობოდა, სალიეს გამო თვითონაც იტანჯებოდა, თვალებს იხოცავდა და შტერებთან რომ ტიალია, ჩვენ საკარმიდამოს იქით, იმისკენ იყურებოდა. ალბათ სალიემ დააბარა რაღაც და მე მეძებდა. მაგრამ მე იქ აღარ ვჩანდი. გული დამწყდა, იქ რომ აღარ დავდიოდი, რა შევიტყვე ისეთი, რა მოხდა, რაღაც თვითონ ვიფიქრე, შქერებთან ჩამოვჯდებოდი და ნაღვლიადან გავყურებდი პატარა ბილიკით გადაჭრილ კორდს, მაგრამ სალიე არსად იყო. ბოლოს, მგონი ხუთშაბათ საღამოს, სალიეს სახლში გავარდა დოლ-ზურნა.
ისე აატირა, ისე აატირა იმ ოჯახდაქცეულმა ზურნა, რომ გული გამიპო და ტვინი გამიბურღა. ჯერ ქალის ტირილი მეგონა, მერე ვიფიქრე, მტერმა დამცინა და ხარხარებს ჩემზე-მეთქი. ასეთი ცივი, უგემური, მწარე და გაუთავებელი ტირილი მე არ გამეგონა.
იმის შემდეგ ზურნის მოსმენა არ შემძლია.
სარის ღობეს გადავახტი და ახალშემოწვერილ სიმინდებში ჩემი შქერებისაკენ მოვკურცხლე. დოლ-ზურნა უფრო და უფრო გადაირია. ბოლოს, უცებ ჩაქრა და მარტო ყურების წივილიღა შემრჩა.
საბძლის მხრიდან, სალიეს აივანზე, ანთებული მაშხალა გამოჩნდა. მაშხალას ხალხი გამოყვა. ერთ ხანს იქ იზუზუნეს, ეზოში ჩამოვიდნენ და ჩემი ნაცნობი ბილიკით გაემართნენ, მაგრამ წყაროსთან არავინ შემდგარა. ყანაც გაიარეს და სოფლის გზაზე გავიდნენ. გამწკრივებულთა შორის ერთს რატომღაც განსაკუთრებით უნათებდნენ. იქ გარჩევით დავინახე, ორ კაცს ხელმოკიდებული, სახეზე ჩამოფარებული მაღალი ქალი მიჰყავდა, სალიე თუ იყო.
მიჰყავდათ... მალე გორაკსაც მიეფარნენ.
_ შუქრი! დედაშენი გეძებს... ჩვენთან იყო. მე ვუთხარი მოვიყვან ახლა-მეთქი, _ ეს ვალოდია მელაპარაკებოდა, მაგრამ სინდისს გეფიცებით თავი მისკენ არ მოვაბრუნე.
ალბათ, შემრცხვა თვალებზე ცრემლი არ შემშნიშნოს-მეთქი, მასაც მეტი არაფერი უთქვამს, მიბრუნდა და ფეხაკრეფით წავიდა. არა, ძალიან მიმხვდარი ბიჭი იყო ვალოდია.
მე ვიჯექი დაცვარულ კორდზე, ჩვენი საკარმიდამოს გადაღმა. შქერებთან და ვუცქეროდი სალიეს ქორწილს.
სოფელში რამდენი ქორწილიც მინახავს, ყველა სასიხარულო იყო ჩემთვის. ეს კი, ალბათ, ერთადერთი ქორწილია ქვეყანაზე, რომელიც მე მჩაგრავს, გულს შუაზე მიჭრის, სულისთქმას მიხშობს.
სახლიდან გორაკამდე გზა ისე გაიარეს, რომ ხმა არავის ამოუღია.
მარტო მაშხალების წითელი ცეცხლი კამკამებდა უფერულად და მეგონა მიცვალებულს მიასვენებენ-მეთქი.
როცა გორაკი გადაიარეს, უკან დარჩა დიდი ბნელი სიჩუმე და გზა-გზა გაჟინჟღლული მაშხალის პატარა ნაპერწკლები.
ეს ნაპერწკლები წვრილი, წითელი სხივებივით წინწკლავდნენ სიბნელეს და ნელა-ნელა მის ფსკერზე იძირებოდნენ.
მე რატომღაც ადგილიდან ვერ წამოვდექი, თითქოს გაღმა, სალიეს გავლილ გზაზე უკანასკნელი ჟინჟღილის გაქრობამდე კიდევ რაღაცის იმედი მქონდა.
1969 წ.