Litclub.ge

მწირი-ლერმონტოვისა (პოემა)
I

სადაც და-ძმურად ხელგარდახვევით

შეერთებულა არაგვი, მტკვარი,-

ძველად ყოფილა მუნ აგებული

ღვთის სადიდებლად წმინდა ტაძარი;

და დღესაც მგზავრი მთაზედ შეამჩნევს

მის ძველსა ნაშთსა: უკვე დანგრეულს

სამრეკლოს, კოშკებს, თვით ტაძრის გუმბათს,

დღეს დადუმებულს და მიტოვებულს.

იქ აღარ ადის კვამლი სუნნელი,

არვინ არ შესთხოვს ზეცას წყალობას,

ვეღარ მოისმენ შუაღამის დროს

ჩვენთვის ერთ ლოცვას და მათს გალობას.

ეხლა იქ მხოლოდ დარაჯი ცხოვრებს

სრულად მიხრწნილი მოხუცებული;

საფლავის ლოდებს ჰგვის, ასუფთავებს,

სიკვდილისგანაც დავიწყებული.

ჰგვის იმ ლოდებსა, რომელთ წარწერა

მოგვითხრობს ქართველთ წარსულს დიდებას

და მას, თუ როგორ შავ-ბედის წერა

ვეღარ დასძლია მეფემ ქართველთა.-

ერი დაუთმო რუსთა მეფობას...
II

მთიელთა მხრიდამ თბილისისაკენ

რუსთა სარდალი დაბრუნებული

ეშურებოდა და თან მოჰყავდა

ბაშვი, იმ მთებში დატყვევებული.

იყო ექვსის წლის; ვითა ლერწამი

ტანადი, ნაზი, მისუსტებული,

ვითა ქურციკი მთიული, ფრთხილი,

უცხო ყველასთან, შეშინებული.

ხანგრძლივ მგზავრობით ღონე მიხდოდა,-

ვერ აეტანა მისსა ბუნებას,

ავადმყოფობა იმას წვეოდა,

გრძნობდა სისუსტეს, დაუძლურებას;

მაგრამ სევდასა, უსიტყვო ტანჯვას

აღეგზნო მისთვის ძალა სულისა

მამა-პაპურ და შავ-დღეობას

ვერ დაეძლია ენა ბავშისა:

იმის ნორჩს გულსა ოდნავი ოხვრა

არ დასცდენოდა, -შიგ დაემალა,

იმის ამაყს სულს ტანჯული გული

სხვისთვის გულწრფელად არ გადეშალა.

არა რა სწამდა უცხოსი იმას,

საჭმელს უარყოფდა იგი ნიშნებით,

ეგრეთ დნებოდა, მაგრამ გულგრილად

სიკვდილს შესცქეროდა მედიდურებით...

შებრალებოდა იგი ვიღაც ბერს-

და მოეხდინა ავადმყოფისთვის,

იმ მონასტრისა ზღუდეთთა შორის

აღმოეჩინა ბინა იმისთვის.

მამობრიულად მისთვის მოევლო,

ლოცვა ღვთისადმი მას აღევლინა,

გამოეგლიჯა სიკვდილისათვის,

სიცოცხლის ფრთებს ქვეშ მიეცა ბინა,

მაგრამ უგრძნობი სათუთ ვნებათა

ყველას ელტვოდა, ერიდებოდა,

თავისთვის მარტოდ, უამხანაგოდ

მინდვრათ და ტყეში ეხეტებოდა.

ოხვრით უმზერდა აღმოსავლეთსა,

უკუნის სევდით დამძიმებული,

რადგან მას იმ დროს თვალ-წინ ეხატა

სამშობლო მხარე მიტოვებული...

მაგრამ ბოლოს დროს თვისსა ტყვეობას

მან შეაჩვია გიჟმაჟი გული,

ისწავლა ენა ქართველებისა,

იწამა ქრისტე და მისი სჯული.

მიმრქმელად ჰყავდა მას წმიდა ბერი...

ჯერ ვერ იცნობდა სრულად ცხოვრებას,-

და დაენერგა ყმაწვილს სურვილი,

როს შესდგომოდა იგიც ბერობას...

მაგრამ ერთ დღეს კი, შემოდგომის მზე

როს ცის კიდისკენ გადაექანა,

ღამე გამეფდა, იმა წყვდიადმა

შავით შემოსა დედა-ქვეყანა,-

ის მონასტრიდან მყის გაიპარა.

ერტყა გარშემო იმ ძველს მონასტერს

უდაბური ტყე, გულდაბურული,

ვერ გაზომავდი თვალით მის სივრცეს,

თითქოს არ აქვსო მას დასასრული.

სამ დღეს ეძიეს და ძლივს იპოვეს-

უგრძნობლად ეგდო, არ ედო ფერი,

და ისევ-ისე მწირს გაპარულსა

ბინად აღუჩნდა კვლავ მონასტერი!

იყო გამხდარი, ანაღვლებული,

სისუსტე მეტად მას მორეოდა,

თითქო უზომო ტანჯვა, შიმშილი,

ან სნეულება გულს უწყლულებდა,

იგი იმ დღიდამ არც ერთს კითხვაზე

არავის პასუხს აღარ უგებდა,

ნელ-ნელ სჭკნებოდა,-სჩნდა, დასასრული

მისი სიცოცხლის ახლოვდებოდა.

მაშინ მივიდა მოხუცი ბერი,

ცრემლით დაუწყო მწირს შეგონება,

რომ აღეარა სიკვდილის ჟამსა

ღვთის წინ გულწრფელად მას აღსარება.

მან მოუსმინა ჩვეულ გულგრილად,

არ შესჭრა ფრთები თავმოყვარებას,

შემოიკრიბა ძალა, გარკვევით,

აუჩქარებლად მოუთხრო მოძღვარს:
III

“გმადლობ, მამაო! ჩემთან მოსულხარ,

რომ მომისმინო მე აღსარება;

მეც მიჯობს, სხვასთან თუ აღვიარე,

მსწრაფლ გადეყრება გულს მწუხარება.

მაგრამ ფუჭია, გარდაიკითხო,

გეტყვი, ცხოვრების ჩემის ფურცლები,

რადგან არავის ბოროტი, ავი,

ჩემგან არ ახსოვს, ღმერთს გეფიცები.

და თუ გსურს, რომა - იცოდე ღელვა

ჩემის სულისა, მისი ცხოვრება -

აბა, მამაო, შენ თვით მითხარი,

ამის მოთხრობა თუ შეიძლება?

ცოტა ვიცხოვრე და ეს ცხოვრებაც

ბედშავმა განვლე სულ ტყვეობაში!

ოჰ, რომ შემეძლოს, ამგვარ სიცოცხლეს

ორსა გავცვლიდი, ვფიცავ, მე ერთში,

მხოლოდ ის ერთი რომ ყოფილიყო

ბრძოლით, ქუხილით, ღელვით მდიდარი!..

არვის ვმონებდი, მხოლოდ ერთ სურვილს

მე ვამეფებდი, ის იყო მძლავრი,

ცეცხლის ამღგზნები, ცხოველი ვნება;

გული თვის ჰანგზე მან ამიჟღერა,

ვითარცა მღილი დაბუდდა ჩემში,

სული დამიღრღნა, გამიცამტვერა;

ამ სალოცავის ბნელ სენაკიდან

მან განიტაცა ჩემი ოცნება

იმ გრგვინვის, ბრძოლის უცხო ქვეყანას,

სადაც ღრუბლებსა მიებჯინება

გროვა სალ-კლდეთა, ბუნდოვან მთათა;

სადაც რომ ხალხი თავისუფლებას,

როგორც არწივი, ისე შეჰხარის,

მით აფერადებს თავის ცხოვრებას.

ცრემლით და ოხვრით მუდამ-ჟამ ვზრდიდი

ღამის წყვდიადში, აი, ამ ვნებას;

აჰ, აღვიარებ ცის და ქვეყნის წინ

და არავის ვსთხოვ მის მოტევებას!..
IV

“ბევრჯერ მსმენია, მოხუცო რომა,

ჩემი იყავი თურმე შენ მხსნელი.

რისთვის?.. ობოლი, ქარიშხლისაგან

გადმოტყორცნილი ვიყავ ფურცელი.

გრძნობებით ბავშად, ხვედრით კი ბერად

ბნელის სენაკის მე ვარ აღზრდილი.

საღვთო სიტყვების “დედის” და “მამის”

იმ შავის დღიდამ არა ვარ მთქმელი.

ვიცი, მამაო, გსურდა -

ეს ყველა მქონოდა მწირსა დავიწყებული,

მაგრამ არ იქნა: ეს ტკბილი ხმები

იყო ჩემთანვე დაბადებული.

ვგრძნობდი, სხვებს ჰქონდათ სახლი, სამშობლო

ჰყავდათ მოყვასნი და მეგობრები, -

მე კი არამცთუ მათ ვერ ვხედავდი,

მათი არ მიჩნდნენ არც საფლავები!

მაშინ უსიტყვოდ ბედდაჩაგრულმა

ფიცი ამ გულში მე აღვიარე,

რომ, როგორც იყოს, თუნდა ერთ წამით

მოვინახულო სამშობლო მხარე, -

რომ დავაკონო გულზედ ეს გული,

თუმცა ცოცხალი, მაგრამ ტანჯული,

იქაურს ვისმე, თუნდა უცნობსა,

იმით დავიტკბო გრძნობა და სული!

მაგრამ, ვაიმე! ესე ოცნება

ჩაინთქა თვისის მშვენიერებით,

და უნდა მოვკვდე სხვაგან ობოლი,

როგორც ვიცხოვრე - ტანჯვით... ვაებით...
V

“მე არ მაშინებს ბნელი სამარე:

ამბობენ, იქა ბოროტს და ავსო

ცივს საიდუმლო მყუდროებაში

სამუდამჟამოდ ტანჯვას სძინავსო.

მაგრამ გულს ის ჰკლავს, რომა ჭაბუკი

უნდა განვშორდე სიცოცხლეს მარად.

ნეტავ თუ შენი გული ოცნებას

უსაზრდოვნია ამ გულის გვარად?

თუ არ გიგრძვნია, ან დაგავიწყდა

თვით მძულვარება და სიყვარული,

მზის და სამყაროს ხილვით დამტკბარის

გულის ფართხალი და სიხარული, -

ოდეს ბუნებას გადმოსცქეროდი,

გრძნობებს გიტკბობდა შენ მშვენიერის

ჰაერის სუნი; სადაც ხანდახან

კოშკის კუნჭულში იჯდა ძლიერის

ჭექით შემკრთალი საწყალი მტრედი,

ბუნების რისხვას ემალებოდა,

და უწყინარი ფრინველი ტკბილად,

გრძნობით ლოცვებსა დაჰღუღუნებდა?..

რა გენაღვლება, თუ რომ ლამაზი

გულს არ გიხიბლავს აწ კაცთ სამყარო:

დღეს მოხუცი ხარ, ხარ დღეს უძლური -

შემწყდარა შენი სურვილთა წყარო.

რა გენაღვლება, ქვეყნად შენ ძალგიძს

მრავალ რისამე აწ დავიწყება!

შენ გიცხოვრია - მეც კი შემეძლო

სხვაგვარ სიცოცხლე, სხვაგვარ ცხოვრება!..
VI

“გინდა გაიგო, თუ რა ვიხილე

თავისუფალმა? - ველი, ბორცვები

და დამჩრდილველნი იმათის გულის

მათი გვირგვინი - ბუჩქი, ხეები;

გარდახლართულნი იმათი შტონი,

სიცოცხლით სავსე, ამწვანებულნი,

მობაასენი, წყნარ, მშვიდ ნიავთან,

ვითარ სულდგმულნი, ფერხულ დაბმულნი;

ვნახე კლდეები, მჩქეფარ ნაკადით

შუა გარღვეულნი, დაცილებულნი;

ვცანი იმათი ფიქრი, სურვილი

(მქონდა ეს ზეცით მონიჭებული!)...

დიდი ხანია მათ სურთ ერთობა -

ერთი მეორეს ხელსა უწვდიან,

მაგრამ მიჰქროლვენ დღენი და წელნი,

და ვერას დროს ვერ შეერთდებიან!..

შევშტერებოდი მთათა მაღალთა,

ვითარ ოცნებას და მოჩვენებას,

ოდეს იგინი განთიადის ჟამს,

ვითა ტაძრის წინ, გუნდრუკის კმევას

არ ამადლიდენ ცისა კამარას:

ღრუბელი ღრუბელს ზედ გადაჰბმოდა,

განშორებოდა თვის ღამის სადგურს,

ამომავალ მზეს ეგებებოდა -

ჰგავდა ქარავანს ფრინველთ დასისას,

შორის ქვეყნიდან წარმომგზავრებულს!

შორს გავცქეროდი მე კავკასიონს,

გაჭაღარავებულს, ნისლში გახვეულს,

გულშეურყეველს, თეთრ პორფირ მოსხმულს,

ალმასის მსგავსებრ აელვარებულს,

ამისა ხილვით, არ ვიცი რისთვის,

ტვირთი მოეხსნა ჩემს დატანჯულს გულს.

“შენც იქ ცხოვრობდი ოდესმე”, ამას

ჩამჩურჩულებდა რაღაც ფარული,

და ჩემს ხსოვნაში მაშინ განცხოვლდა

მოსანატრელი ჩემი წარსული.
VII

“და მომაგონდა მამისა სახლი,

ჩვენი ლამაზი მწვანე ხეობა,

იქ გარეშემო ჩრდილის კალთებში

მიმოფანტული მოსახლეობა;

სახლში მიმავალთ ჯოგთ ხმაურობა,

ქოფაკთა ყეფა, მწყემსთა სიმღერა,

მათი კიჟინა, მათი სიცილი,

მათს სალამურზედ ამ გულის ძგერა!..

წარმოიდგინე მოხუცთა გროვა,

ჩვენ სახლთან დინჯად დამწკრივებული,

და შავგვრემანი იმათი სახე,

ღამის მნათობით განსხივებული,

მათ მოჭედილი გრძელი ხანჯლები

თითქო მუნ მთვარემ აუმღელვარა...

და ამაებმა როგორც სიზმარმა

ბუნდათ მუნ თვალ-წინ მე ჩამიარა.

თვით მამაჩემი? ამაყად მცქერი,

აბჯარ-ასხმული, როგორც ცოცხალი

გამომეცხადა! და მომაგონდა

მის თოფის ელვა, ჯავშნის ჟღრიალი…

გაშალა ფრთები ჩემმა ოცნებამ!

წარმოვიდგინე ყმაწვილი დები,

მათი ღვთიური თვალების ელვა,

ჰარმონიული “ნანინას” ხმები,

ჩემსა აკვანზედ ნაღიღინები...

და გავიხსენე, რომ იქ მდინარე,

თუმცა პატარა, მაგრამ გიჟმაჟი

მიჩქრიალებდა, როდესაც არე

მზისა ისრებით გაიმსჭვალოდა

და წყლისა სილას მისი ნათელი

ამღელვარებდა. - გავიქცეოდი

იქ სათამაშოდ, როგორც პეპელი.

იქ მოჭიკჭიკე მარდათ მერცხლები

ტალღის ზემოდან დანავარდობდენ,

რომ შეატყობდენ წვიმა მოვაო, -

ფრთებით წყლის ტალღებს შეეხებოდნენ.

წარმოვიდგენდი ჩემს მყუდრო სახლსა,

საღამოს ცეცხლთან ჩამომწკრივებულს

მოხუცთა გროვას... ხანგრძლივ ბაასით

ჩვენსა ცხოვრებას აქებდენ წარსულს,

იმა ცხოვრებას, როდესაც ხალხი

იყო უფრორე დიდსულოვანი,

თვით ეს ქვეყანაც - უფრო ლამაზი,

უფრო მდიდარი, ყვავილოვანი!..
VIII

გინდა გაიგო, რას ვაკეთებდი

თავისუფალი? სიცოცხლეს ვგრძნობდი; -

ჩემსა სიცოცხლეს, უფერულ გავლილს,

რომ იმ სამი დღის ძალი და სული

არ მოვლენოდა, - ის იქნებოდა

შენს სიბერეზე უფრო უძლური

და დაღვრემილი... მხოლოდ ამ ხანმა

მამცნო სიცოცხლე აყვავებული!

კარგა ხანია სურვილი მქონდა -

კვლავ მე მენახა ქედი, მინდვრები;

მეცნა, თუ კიდევ ლამაზი არის

კაცთ საბრძანებლის გაშლილი ფრთები.

მსურდა ამეხსნა, რად გაჩენილა

კაცი მგრძნობიარე, მაღალი სული: -

რომ ესარგებლნა თავისუფლებით,

თუ ყოფილიყო დატყვევებული? -

და იმ საშინელ შუაღამის ჟამს,

როს ჭექა-გრგვინვის შიშითა კრთოდით,

პირქვე მხობილნი ტაძრის წინ ლოცვით,

ცრემლით ქვეყნის ხსნას ევედრებოდით -

მე გავიქეცი! ოხ, როგორც რომ ძმის,

გახარებულსა იმ ნიავ-ქარის

მსურდა მოხვევა მე აღტაცებით!..

შავსა ღრუბელსა ვადევნებდი თვალს

ჭექა-ქუხილით ვსტკბებოდი სმენით,

ხელით ვიჭერდი ანაზდსა ელვას.

აბა მითხარით, თქვენ რას მომცემდით

ამ ბნელს კედლებში სამაგიეროს

იმ მოკლე, მაგრამ ცხოველ კავშირის,

რომელიც იყო ჭექა-ქუხილსა

და ქარიშხლოვანს ჩემს გულსა შორის?..
IX

“დიდ ხანს გავრბოდი, საით ან ვისთან -

მეც არ ვიცოდი! ჩემსა მგზავრობას

ძნელსა და საშიშს ერთი ვარსკვლავიც

არ უგზავნიდა თვის ელვარებას.

მაგრამ მე მაინც ვიყავ დამტკბარი

და სიხარული არ მცილდებოდა,

რადგან ეს ჩემი გული დამწვარი

მშობლურ ნიავით განგრილდებოდა...

დიდ ხანს ვირბინე და შემდეგ, როცა

ძალნი დასუსტდენ და დავიღალე -

იქვე გავგორდი ლბილსა მდელოზედ,

მისსა მწვანეში თავი დავმალე.

ყური დავუგდე: არვინ მომდევდა.

შეჩერდა გრგვინვა. მკრთალი ნათელი

ცის და ქვეყნის შუა თვალუწვდენლად

ზოლებრ გაეკრა თითქო სარტყელი.

ძლივს, ძლივს ვხედავდი, ვითარცა ნაქსოვს

იმის ზემოდან მთებისა გრეხილს.

ვიწექ უძრავად ხმაგაკმენდილი.

ვხედავდი ქვებში გველსა დაწყევლილს:

დასრიალებდა, თვის ტყავს უმქისოს

მკრთალსა ნათელზე აელვარებდა;

და ტურაც ბავშვებრ იმ ხეობაში

ტიროდა, ცივად გამოჰკიოდა:

მაგრამ ეს გული, ვფიცავ, მამაო,

მუნ არ ყოფილა შიშის მნახველი;

როგორც ნადირი, კაცს ვემალოდი,

მეც დავხოხავდი, როგორც ის გველი.
X

“იქ, შორს, ჩემს ქვემოთ გრგვინვით ნაკადი

განრისხებული გაღრიალებდა

და იგი გრგვინვა მრავალ კაცთ ყვირილს

და მრისხანებას ემსგავსებოდა.

თუმცა უსიტყვო იყო ის გრგვინვა -

ჩემთვის კი ცხადი და გაგებული:

ქედ-უდრეკ ქვებზედ უწყვეტი დრტვინვა -

იმათთან ბრძოლა გაშმაგებული.

ხან ხმას გაკმენდდა, ხან ისევ ისე

აყვირდებოდა იმ ბნელ ღამეში...

ძლივს ნისლიან ცას გალობა უძღვნა

ფრინველთა გუნდმა; მისსა სივრცეში

გულგასახარად საღვთო შვენებით

მზემან მოჰფინა ოქროს ნათელი;

მწვანე ფოთლებმა ნიავთან შეჰქმნეს

სასაიდუმლო ბაასი ნელი.

ვარდ-ყვავილებმან ზეცას შეჰხარეს,

გარდაიფუჩქნენ, მოჰფინეს სუნი...

მაშინ წამოვდექ, მიმოვიხედე,

და, არ დავმალავ, შემიკრთა გული:

საშიშ უფსკრულის ნაპირზედ ვიწექ,

სადაც მორევი განრისხებული,

თავზარდამცემი დატრიალებდა.

იქ კიბედ იყო გარდაშვებული

კლდე დაჩეხილი, ვფიქრობ, იმ კიბით

მხოლოდ ჩაბორდღდა ბოროტი სული,

როს ისწრაფოდა მიწის ჯურღმულში

ღვთით შერისხული, გადმოგდებული.
XI

“ჩემს გარეშემო სამოთხის მსგავსად

იყო ქვეყანა აყვავებული;

მცენარეების ტურფა სამოსი -

ციურის ცრემლით დაშვენებული.

ვაზის ხუჭუჭნი მრავალნაირად

ხეებში ნაზად დახვეულიყვნენ

და სიმწვანეში მათი მტევნები

ლალის ფეროვნად გამოჰყურებდენ,

ვითა ძვირფასი საყურეები. -

იმათთან ხშირად ნელა, ფარულად

ფრთოსანთა გუნდი მიფრინდებოდა,

ხან შეკრთებოდა - ჭრომახის ფრთებით

ჰაერს არღვევდა, გაფრინდებოდა...

ისევ გავწექი დედამიწაზედ

და ისევ ისე გავნაბე სული...

იქ საოცარის, გრძნეულის ხმებით

ვიყავ დამტკბარი, გატაცებული;

ბუჩქ-ბალახებში ჩურჩული იყო

ათასნაირი უცხო კილოზე,

თითქო ჰქონდესთო იქაც ბაასი

ცისა და ქვეყნის საიდუმლოზე...

რაც-კი ბუნების ლამაზ სივრცეში

ხმა და ან კილო მოიპოვება,

ყველას ვისმენდი; მაგრამ როდესაც

ეს მშვენიერი ქებათაქება

ისმოდა ირგვლივ და მისი ძალით

მქონდა დამტკბარი ზრახვები, გული,

არსით ისმოდა მხოლოდ კაცის ხმა,

არსად ჩნდა მისი ამაყი სული...

ეჰ! რა გრძნობებიც მაშინ მატკბობდენ -

მათი აღარ სჩანს არცაღა კვალი,

მაგრამ მე მაინც მათ მოვიგონებ,

რომ წარმოდგენით ვიყო ცოცხალი!...

იმ საოცნებო მშვენიერს დილას

იყო ცის სივრცე ესოდენ წმინდა,

რომ ანგელოზის მის ქვეშ გაფრენას

გამჭრელი თვალი დაინახვიდა.

მივშტერებოდი მის ლურჯს კამარას,

ვერ მოვაცილე თვალი და გული,

სანამ შუადღის პაპანებამან

არ მომაწყურა, და შორს წასული

მან არ შეიპყრო ჩემი ოცნება,

არ შესჭრა ფრთები აყვავებული.
XII

“მაშინ კი ავდექ და სიმაღლიდან

ნაკადისაკენ დავეშვი ნელა.

ვხოხავდი კრძალვით; ხშირად ჩირგვებსა

ხელსა ვკიდებდი - დამჭირდა შველა.

ქვა მეცლებოდა ხანდისხან ფეხ-ქვეშ,

თავქვე ტრიალით დაეშვებოდა

მტვრისა გორგალთა აღაშენებდა.

და ამ საშინელ უფსკრულის ზემოთ

ხელით ვეკიდე, მაგრამ სცან სული

ყმაწვილი კაცის, სიცოცხლით სავსე,

თვითმნები, მკვირცხლი მისი ბუნება

ძალუმი არის; მაშინ სიკვდილიც

არად მიმაჩნდა; დაძაბუნება

სულს არა სწამდა!.. და ნაკადამდის

როს ჩავაწიე - გული, გონება

მთის წყალთ სიცხოვლემ გამიხალისა,

მიმასალამა იმ კეკლუცთ არეს;

სრულ სიტკბოებით, სრულ ნეტარებით.

მყის დავეწაფე ხარბად მდინარეს...

უეცრად მესმა წყნარი ღიღინი,

ნელ ფეხის ხმა... გავკმინდე სული...

მალვით შევძვერი იქვე ჩირგვებში…

მოულოდნელად აძგერდა გული...

გარდავიქეცი სრულიად სმენად.

შიშით და კრძალვით დავიწყე ცქერა...

ვგრძნობდი - თანდათან ახლოვდებოდა

ქართველი ქალის ნორჩი სიმღერა!

სიმღერა ტკბილი, სიცოცხლით სავსე,

სრულ უძალადო, თავისუფალი,

მასალმუნები გულის, გონების,

ვით უკვდავების ნეტარი ძალი...

ვსცან, რომ იმ ტკბილ ხმას თვისი სალამი

მხოლოდ მიეძღვნა მეგობრობისთვის,

ეკმივა მხოლოდ წმინდა გუნდრუკი

საურთიერთო სიყვარულისთვის...

უბრალო იყო!.. მაგრამ ეს გული

მეტად მოხიბლა და ააძგერა.

რა დაღამდება, უხილავისგან

მუდამ დღე მესმის მე ეს სიმღერა...
XIII

“ქართველსა ქალსა დაედგა მხარზე

კოკა - წყლისაკენ ეშურებოდა,

იწრო გვირაბის ლოდსა და ქვებზე

ხანდისხან ფეხი წაუსხლტებოდა -

და ამგვარ თავის უმარჯვობაზე

ნაზად და მორცხვად ჩაიცინებდა...

ღარიბი იყო მისი სამოსი...

მიცქრიალობდა ვითა პეპელა,

გვერდზე მოეგდო ლაზათიანად

თავისი ჩადრის კალთები ყველა.

ზაფხულის მზესა ოქროს ნათელი

გარდევლო იმის სახე-მკერდისთვის

და ცხოველ გრძნობას თავისი ძალი

ეკმივა ბაგეთ და მის ღაწვთათვის,

თვალები ჰქონდა ესოდენ შავნი,

საიდუმლონი, დამშვენებულნი

სიყვარულით, რომ ცელქი ფიქრები

მექმნენ სრულიად დატყვევებულნი!..

მხოლოდ-ღა მახსოვს კოკის რაკრაკი,

როს ჭავლი ნელა შიგ ესხმებოდა,

შემდეგ შრიალი... მეტი არღა-რა.

და როს გონს მოველ, - აღარ ებრძოდა

სისხლი მხუთავი ჩემს მოხიბლულ გულს -

ყმაწვილი ქალი შორს წასულიყო...

ნელა, მოხდენით ის მიგოგავდა

და თავის ტვირთსქვეშ ლამაზი იყო,

ვით ალვა მეფე თვისთა მდელოთა.

იქ, მახლობელ კლდეს ერთადა ორნი

ჩერო ადგილას მოხდენით ქოხნი

მიჰკედლებოდნენ, ვით მეგობარნი.

ერთის მათგანის სწორ ბანის ზემოთ

ცისფერად კვამლი მიიკლაკნოდა…

ასე მგონია ქართველმა ქალმა

ჩემის თვალის წინ, ახლა, ეს არი,

წყნარად გააღო, ისევ მიხურა

სწორედ იმ ქოხის პატარა კარი.

ვიცი - ვერა ჰგრძნობ ამ სულის სახმილს,

ვერ ჰგრძნობ, რა გვარად მე ვიტანჯები,

რომ შეგძლებოდა ამის გაგება -

მეწყინებოდა, ღმერთს გეფიცები.

დეე, იმ წამთა მღელვარებისა

მატკბობდეს მარტო მე მოგონება,

და განქრეს მაშინ, ოდესაც ჩემი

გული მოკვდება და დამიწდება!..
XIV

“ძალმოწყვეტილი უძილობისგან

მივწექ ჩეროს ქვეშ მოსასვენებლად.

შეუმჩნეველად ღამისა ძილმა

თვალნი მომტაცა დასამშვიდებლად.

და ვნახე ისევ იმ ტკბილ სიზმარში

ქართველი ქალის ყმაწვილი სახე,

დამტკბარმა სევდამ, გაურკვეველმა

ხელახლად ჩემს გულს დაუგო მახე.

ვეღარ ვსუნთქავდი... გამომეღვიძა,

ვნახე, რომ ცაზე სცურავდა მთვარე,

მის ნაზ სხივებში განისვენებდა

მიძინებული არე და მარე.

მხოლოდ ღრუბელი თეთრი, პატარა

ბრჭყალებგაშლილი მნათობს მისდევდა,

როგორც რომ მსხვერპლსა... ყველგან დუმილი,

ყველგან სიბნელე ქვეყნად სუფევდა.

შორად მოსჩანდნენ მთანი მაღალნი,

დინჯად დამსხდარნი, გაჭაღრებულნი;

გიჟმაჟ ნაკადის ისმოდა ბრძოლა

თვის ნაპირებთან გაშმაგებული...

ხან ჩაქრებოდა, ხან ციმციმებდა

ნაცნობსა ქოხში ალი ცეცხლისა

იმავ სიცელქით, როგორც ლამაზი

კრთის, ცელქობს სხივი ცის ვარსკვლავისა.

მსურდა იქ შესვლა - ვერა ვბედავდი...

რადგან შესტრფოდა მას ჩემი სული, -

რომ კვლავ მენახა სამშობლო მხარე.

დავსძლიე მისთვის შიმშილ-წყურვილი,

მყის დავადექი პირდაპირსა გზას

ხმაგაკმენდილი, გაფრთხილებული.

მაგრამ კი მალე ტყის სიბნელეში

ჩემს მთებს ვერ ვსჭვრეტდი და დავიბენი,

ბევრი ვიარე, ვიხეტიალე -

გზა ვეღარ ვნახე, ვერ გავიგენი.
XV

“ხანდისხან, ფუჭად, გაბრაზებული

ვამტვრევდი ეკლნარს სუროთ დაბურულს,

რადგან ყოველ წამს უფრო მეტს საშიშს

თვალწინ ვხედავდი ტყეს, ბნელით მოცულს.

ყოველ ბუჩქნარის შტო, ფოთლებიდან

იყურებოდა შავი და ბნელი

ღამისა თვალი, თავზარ-დამცემი,

უანგარიშო, აღურიცხველი.

და დამიბნელდა თვალთა სინათლე,

თავბრუ დამესხა, გარეტებული

აღვედ ხეებზე, მაგრამ იმავ ტყით

იყო მოცული ცის დასასრული;

მაშინ დავემხვე პირქვე მიწაზე,

გულამომჯდარი მოვყევ ღრიალსა,

მიწას ნოტიოს კბილებით ვღრღნიდი

და ზედ ვაფრქვევდი ცხარე ცრემლებსა...

მაგრამ, მერწმუნე, კაცისგან შველა

მე არა მსურდა... სამარადისოდ

მე ვიყავ მათთვის, ვით მხეცი, უცხო.

და თუმც რომ ერთს წამს ჩემ სამარცხვინოდ

ოდნავ შველის ხმა წამომცდენოდა, -

მოხუცო ჩემო, ვფიცავ თვით ზენას,

ამოვიგლეჯდი ღალატისათვის

ჩემის ხელითვე ჩემს სუსტსა ენას.
XVI

“ხომ გახსოვს, რომა სიყმაწვილეში

ცრემლი არ სჩქეფდა ჩემსა თვალებსა;

იქ-კი ვსტიროდი და არც მრცხვენოდა -

ვინ შეხედავდა ჩემსა ცრემლებსა?

მხოლოდ ბნელი ტყის მიდამო, არე

და ცის სივრცეზე მცურავი მთვარე...

ჩემს წინ პატარა მწვანე მინდორი,

მთვარისა შუქით დალხინებული,

ხავსით და სილით შემოსილიყო,

ბნელის ტყით იყო შემოზღუდული.

მასზე უეცრად გამოჩნდა ლანდი...

თითქო დაელა - პატარა ორი

აღინთო ცეცხლი... შეუპოვარი

შუაგულ ტყიდან რაღაც ნადირი

გადმოხტა მარდად, გაწვა სილაზე,

თან თამაშობდა, კოტრიალებდა.

უდაბურ ტყეთა მუდმივი მდგმური

ვიხილე ვეფხი. გამოღმუოდა

ქეიფიანად და ნედლს ძვალს ხრავდა,

ხან კუდის ქნევით სისხლიან თვალებს

მთვარეს ალერსით უბრიალებდა,

თვისსა ჭრელ ქურქსა უშვერდა სხივებს,

მათის ვერცხლის წყლით ასავადებდა...

ხელში ავიღე ტუკი მაგარი -

ველოდებოდი მასთან ბრძოლასა,

გულში აღმეძრა სურვილი მძლავრი,

რომ შევმთხვევოდი სისხლისა ღვრასა!

სხვა გზით მივჰყავდი მე ბედისწერას...

ახლა კი მჯერა, რომ ჩემს მხარეში

არ ვიქნებოდი უკანასკნელი

ლომგულოვანთა მოძმეთა წრეში!..
XVII

“ველოდებოდი... რა შეამჩნია

ღამის წყვდიადში იქ ყოფნა მტრისა,

იწყო ღმუილი გულშესაზარად,

და ფხვნა დაუწყო ტორით სილასა.

ჯერ ყალყზე შედგა და მერმე ისევ

სილაზე გაწვა, ისევ ღრინავდა...

უცბად გადმოხტა ზარ-მრისხანებით,

ტანჯვით სიკვდილსა მე მექადოდა.

მაგრამ ვაცნობე მოსისხლეს თავი:

დავკარი ტუკი მძლავრად, სიმალით

და შუბლი მისი მრისხანე, ავი,

ფართო, იმ ტუკით, როგორც რომ ბასრით,

შუა გაიჩეხა, გაიპო ორად...

გული შეზარა კაცურის ოხვრით

და გარდაიქცა... მაგრამ ხელახლა,

თუმც-კი ანთხევდა სისხლს მისი თავი -

ბრძოლა შეგვექნა გამწარებული,

ბრძოლა სასტიკი, დაუზოგავი.
XVIII

“გამოექანა, მეძგერა გულზე,

მაგრამ მძვინვარს მტერს ძალუმად მალე

ტუკი სისწრაფით ყელში ჩავკარი

და ორჯერ შიგნით გადვუტრიალე.

მაშინ სიმწარით დაიღრიალა,

უკანასკნელად იხმარა ძალნი,

გამოექანა... და ერთმანეთსა

გარდავეხვიეთ ვით მეგობარნი,

როგორც რომ გველნი გადაკლაკნილნი

დავასკდით მიწას ერთბაშად მწარედ,

ღამის წყვდიადში დაუზოგავად

ერთიმეორეს ვებრძოდით ცხარედ...

იმ წამს მე ვიყავ რაღაც საშიში,

ვგვანდი მეც ვეფხვსა მძვინვარს, გარეულს,

მეც გავღმუოდი როგორც ნადირი,

სისხლი ჰსწყუროდა მაშინ ჩემსა გულს,

თითქო რომ ვეფხთა და მგელთ გროვაში

მე ვშობილიყავ; მათ ამწვანებულს

ბუნდოვან ტყეში მე აღვეზარდე

ნადირის წესზე ნადირს გარეულს!

ასე მეგონა, რომ კაცთა ენა

მქონდა სრულიად დავიწყებული -

და საშინელის ხმით დავიკივლე, -

თითქო ეს ენა, ეს ჩემი გული

იყო სიყრმიდან მას დაჩვეული -

არ მოეშალა მხეცებრ ღრიალი

და მტერთან ბრძოლა გაშმაგებული!..

და ჰა, დასუსტდა ჩემი მოსისხლე,

ძლივსღა ქშინავდა, შექმნა ფართხალი,

უკანასკნელად ერთი მომწურა,

მრისხანე ცეცხლით აღიგზნო თვალი,

რომლის კაკალიც აღარ იძროდა,

და შემდეგ იმას ეწვია ძილი

სამარადისო. მაგრამ ნეტავ მას:

სიკვდილსა შეხვდა, დალია სული,

როგორც რიგია მტერთან ბრძოლაში,

სული სიმხნითა გატაცებული.
XIX

“ჰა, ხედავ გულზე ვეფხის საშინელ

კლანჭების კვალსა; ჯერ კიდევ წყლული

არ მომრჩენია; მაგრამ განკურვნენ

ნოტიო მიწა და გაყინული

ხარბი სიკვდილი!.. მუნ მწუხარებას

ვაგდებდი არად, არც რად ჭრილობას.

ვიხმარე ძალი უკანასკნელი,

კვლავ შევუდექი ჩემსა მგზავრობას.

გზად მქონდა იგივ ტყე ვრცელი, ბნელი.

მაგრამ ვებრძოდი ამაოდ წერას:

დაცინების მეტს ვხედავდი ვერას.
XX

“გამოველ ტყიდან, გამოიღვიძა

არემ, შეეტრფო მნათობს ბრწყინვალეს,

ჩემთ თანამგზავრთა - ცისა ვარსკვლავთა -

იმის სხივებში თავი მიმალეს.

ორთქლით მოცულმა გარშემო ტყემან

შექმნა ბაასი მშვიდი და ნელი,

ძილი დასძლია შორე სოფელმან,

ალაპარაკდა ქვეყნად ყოველი.

იმ ხეობაში ნიავთან ერთად

იგრძნო რაღაცა ყურმა ზუზუნი...

სმენად გარდვიქეც... მაგრამ ხმა იგი

იქმნა ნიავთან გარდაკარგული.

გადავაშტერდი იმ არე-მარეს -

შიშმა და ზარმა შეიპყრო გული.

გულს ეცნაურა!.. ვერ მოვიფიქრე

დიდხანს არ მრწამდა, დაბნელებული

თუ კვლავ მიცქერდა იგი საკანი,

სადაც რომ გყავდით დატყვევებული...

გულს არ სჯეროდა, რომა სურვილი

სამშობლოს ნახვის ტყვილად ვატარე

ფარულად გულში; ტყვილად ვეწამე,

ტყვილად ტანჯვები გამოვიარე.

მერე და რისთვის გავუძელ ტანჯვებს? -

მისთვის, რომ საღვთო სოფელ-ქვეყანა

მომჩვენებოდა ნორჩს ერთი წამით;

რომ საიდუმლო მუხნარის ნანა

სამს დღეს მესმინა, რომ ჩამეტანა

საფლავში სევდა ჩემი მამულის

საყვარელისაე; ერთად მასთანა

მესაყვედურნა იმედისათვის,

რადგან თვალთმაქცად მეჩვენებოდა,

არ დამემალა, რომ შებრალება,

ჩემი თქვენ მიერ - მერცხვინებოდა!..

მაგრამ კი ეჭვით გატაცებულსა

საშიშ სიზმარში ვიყავ, მეგონა,

როცა უეცრად მიწყნარებულსა

არეს აცნობა და მოაგონა

თავი დილისა ზარის რეკამა. -

მაშინ კი ნათლად ყოველი ვსცანი,

გამოვიცანი იმა ზარის ხმა,

რომელსაც ბევრჯერ უცხო გროვანი

სიცოცხლით სავსე ოცნებებისა

მიმოუფანტავს ჩემთ თვალთა წინა

სიყმაწვილეში!.. რომელმაც ბევრჯერ

დაუზოგავად გარდამიფრინა

ტკბილ მოგონება ჩემთა მოყვასთა,

მეგობრებისა, ძმების, მშობლების;

თავისუფალთა მომწვანო ქედთა,

ცქვიტის, ღონივრის, ლამაზ ცხენების;

თვალუწვდენელთა სალკლდეთა შორის

გულგასახარის მამაცურ ბრძოლის,

სადაც ყოველთვის მძლეველ-მომრევი

მე ვიყავ ჩემის ყოველის სწორის!..

ყური დავუგდე უსიტყვოდ რეკას,

ცრემლები თვალებს არ მივაკარე.

ასე მეგონა ჰბადებდა იმ ხმას

ეს ჩემი გული ჩაგრულ-მწუხარე,

მეგონა, გულში მირტყამდენ რკინას.

მაშინ დავრწმუნდი, მტკიცედ მჯეროდა,

რომა სალამი ჩემი სამშობლოს

კვლავ არასოდეს მიუვიდოდა.
XXI

“რაც დამემართა, ღირსი ვარ მისი!..

აი, თუნდ ცხენი, ეგეთი არის,

რომ უვარგ მხედარს, რა გადმოაგდებს

უცხოთა ველზე, - სამშობლო მხარის

გზასა მოიძევს შორე ქვეყნიდან

უფრორე მოკლეს, უფრო პირდაპირს...

მე რა ვარ მასთან? - ფუჭად ეს გული

სურვილებით ფეთქს და ტყვილადაც სტირს:

იგი სიცხეა ფუჭი, უძლური,

ჭკუის სიმტკნარე, ფიქრის ნავარდი...

ამა საკანმა ბეჭედი დამკრა:

დავკარგე ძალი, დავბნდი, დავვარდი...

იყო ყვავილი საამო, მუქი,

ნოტიო ქვებში პირმშოდ აღზრდილი

და მოლოდინე ცხოველის მზისა

კუკურად მყოფი, არ გარდაშლილი.

გავიდა ხანი... ამასობაში

ყვავილი იგი მუნ მოიპოვეს,

კაცმა კეთილმა უცხო წალკოტში

გადარგო იგი ვარდთ სიახლოვეს.

ყოველის მხრიდან მუნ სიტკბოებას,

სიცოცხლის ძალას ჰგრძნობდა სოფელი...

მაგრამ, ვაიმე!.. ქვეყნიერებას

როგორც-კი მზემან ოქროს ნათელი

გარდმოაფინა და გაახარა, -

ტყვეთა აღზრდილი ყვავილი ნორჩი

მზის სხივმან დასწვა და დაამჭკნარა...
XXII

“აი, ამ გვარად სწორედ მაშინ მზე

მე მიდაგავდა სულსა და გულსა,

მუნ ვაფარებდი დაქანცულსა თავს

ამაოდ მდელოს ამწვანებულსა:

ბალახი მხმარი ნარის გვირგვინად

მაშინ იქ შუბლზე მეწმახნებოდა,

პირისახეზე ცეცხლის მფრქვეველად

მიწისა გული მეფარებოდა.

ცის სიმაღლეში მზისა ისრები

ათასნაირად ცეცხლებრ ელავდნენ,

თვალუწვდენელი სალი კლდეები

სიცხიდან ორთქლში თავს იმალავდნენ.

ღვთის საბრძანებელს - კეკლუც ბუნებას

ეძინა ყრუ რამ მდუმარებითა,

და ეს დუმილი არ ირღვეოდა

არა რა გვარის ხმაურობითა.

არცა ჭრიჭინა, არცაღა მკალი

იქ არ ანძრევდა თავის ენასა

და არც მთის წყარო ჩვილებრივ ენით

მუნ არ მიტკბობდა გულს და სმენასა;

მხოლოდ უნასი, თავით კუდამდე

მღელვარ ზოლებით აჭრელებული,

ფრთხილად სილაზე მოსრიალებდა;

იმისი ზურგი, როგორც ხმლის პირი,

ოქროს სევადით დაშვენებული,

მზისა სხივებში მოანათებდა.

შემდეგ თამაშით, ნაზად, სამგვარად

რგოლისა მსგავსად დაიხვეოდა,

გაიშლებოდა და დედამიწას,

როგორც დამწვარი, დაასკდებოდა,

გადახტებოდა მსწრაფლ, - მოშორებით

სადღაც ჩირგვებში იმალებოდა.
XXIII

“ცა მშვენიერი ღვთიურ სიმშვიდით

გადმოჰყურებდა დედამიწასა.

იქ, შორს, მოშავო ერთად ორი მთა

დილისა ნისლში მალავდნენ თავსა.

ეს მონასტერი ერთ იმათთაგანს

მედიდურათა გადმოჰყურებდა;

ქვემოთ არაგვი - მდინარე მტკვრითურთ

ვერცხლის სიმებრივ შემოხვევოდა

მთის ძირებს უცხოდ ამწვანებულთა

და მობაასე მწვანე ჩირგვებსა;

მირბოდენ ძმურად დაქანებულნი

და მოგვითხრობდნენ რაღაც ამბებსა.

მაგრამ იმათგან ვიყავ ძლიერ შორს!

მსურდა ადგომა - და ჩემს წინაშე

მთელი ქვეყანა მყის დატრიალდა;

მსურდა სიტყვის თქმა, მაგრამ ენა

განძრევას, სიტყვას ვერ ახერხებდა!..

ვგრძნობდი - ვკვდებოდი! და წინასწარი

სიკვდილის ბოდვა მაუძლურებდა.

მეგონა, ვეგდე ღრმა მდინარის ძირს,

ცივი სიბნელე გარს მეხვეოდა.

ყინულებრ ჭევლი, მაცხოვლებელი

ჩუხჩუხით გულზე მომესხმებოდა.

საშინელს წყურვილს, დაუსაბამოს

მიკლავდა იგი, მასულდგმულებდა.

მხოლოდ ვშიშობდი იმას, რომ ძილი

არ მსტუმრებოდა, არ მომრეოდა -

რადგან იქ მყოფი ციურ სიყვარულს

და სიტკბოებას გონება ჰგრძნობდა...

ჩემს ზემოთ წყობით ტალღა-ტალღასა

წინ უხვდებოდა, ეჯახებოდა,

და იმათ შორის ვით ნაზი მთვარე

მზე უფრო ნაზად იყურებოდა.

და მშვენიერთა ჭრელთევზთა გროვა

წყლისა სივრცეში დათამაშობდა.

ერთი მათგანი - ეს კარგად მახსოვს -

რომ სხვებზე მეტად მეფერებოდა.

იმისი ზურგი ოქრომკედითა

ნაქსოვს მშვენიერს მოგაგონებდა,

ბავშვურ სიცელქით, გულგასახარად

ხშირად ჩემ თავთან დატრიალებდა.

ნაზი, ცისფერი იმისი თვალი

დანაღვლებული გამოჰყურებდა...

მივშტერებოდი გაოცებული! -

რაღაცა ამბებს გაურკვეველსა

ჩამჩურჩულებდა... ხან საამო ხმით

მიმღერდა შემდეგს საგალობელსა.

“ჩემთან დარჩი, ჩემო ნორჩო,

თუ გსურს ჰპოვო ნეტარება:

აქ, ანკარა მდინარის ქვეშ,

სუფევს ტკბილი მყუდროება.

“დავუძახებ თევზთა გუნდსა

და გავაბამთ შენთვის ფერხულს, -

გაგინათლებთ მიმქრალ თვალებს,

გაგიხარებთ სულს დატანჯულს.

“დაიძინე თავისუფლად -

ქვეშ-საგები გაქვს შენ ლბილი,

სახურავი გამჭვირვალი

ზე გახურავს, სუფთა, გრილი.

“შენ იძინებ აქ ას წლობით,

ნანას გიმღერთ საამურსა,

ნახავ სიზმრებს საოცნებოს

გრძნობათ დამტკბობს, ედემურსა.

“ვერ დავფარავ, რომ მიყვარხარ

ვითა ჭევლი მიმჩქეფარი,

და ძვირფასად მიმაჩნიხარ,

ვით სიცოცხლე საკუთარი”...

“დიდხანს ვისმენდი ამ ტკბილ გალობას;

ასე მეგონა, გრძნობებით სრული

თევზის გალობა ჭავლის ჩუხჩუხთან

იყო საამოდ შეერთებული...

მერე დავკარგე გონი... ქვეყანა

შეიქმნა ჩემთვის დაბნელებული,

ვეღარას ვგრძნობდი - უძლურებამა

შემქმნა სრულიად დატყვევებული.
XXIV

“ეჰ! მაშინ იყო, რომ მნახეთ კვალად...

აწ დანარჩენი იცი თვით შენა.

მე დავასრულე. ჩემთვის ერთია,

გექნება თუ არ ნათქვამის რწმენა.

მე მხოლოდ მიკლავს გულს ერთი რამე:

ჩემს გაყინულს გვამს, მარად მდუმარეს,

სამშობლო მხარე ვერ უთავაზებს

თავის კალთაში გულბნელ სამარეს;

და ვერ მოაქცევს ყურადღებასა,

ცრემლებით სავსეს ვინმე მოყვარე

მოთხრობას ჩემის მწუხარებისას

ამ ყრუ კედლებში... ეს არის მწარე!
XXV

“აწ-კი მშვიდობით, მოძღვარო ჩემო...

მომეცი ხელი: გრძნობ - ანთებული

ცეცხლი რომ ჰდაგავს ჩემსა მარჯვენას?

გრწამდეს, ეს ცეცხლი თავშენახული

იყო დღემდისინ ამ ჩემ გულ-მკერდში

და სასიცოცხლოც ჰქონდა საგანი.

დღეს? - დაელია იმას იქ სარჩო

და, ჰა, გამოსწვა თავის საკანი,

რომ კვლავ მიმართოს დიდებას მისას,

ვინცა ამყარებს წესწყობილებას,

ვინც ღირსად სწყალობს ზოგსა მშვიდობას,

ზოგს-კი ცრემლს, ვაის და მწუხარებას...

მაგრამ მე რაო? თუნდა იმ ქვეყნად,

ცისა გადაღმა, აღვსებულ სრულსა

ნეტარებითა სამოთხის ბაღში

ეღირსოს ბინა ჩემს საწყალს სულსა, -

ორიოდ წამში იმა დროისა,

ოდესაც ბავშვი თვალშეუწვდენელს

და საშიშართა სალ კლდეთა შორის

დავტრიალებდი სამშობლო მთა-ველს, -

ვფიცავ - გავსცვლიდი მე იმ სამოთხეს

და ცხოვრებასა დაუსრულებელს!..
XXVI

“ოდეს შემატყობ, სულს რომ ვეყრები -

მალე იქნება, გრწამდეს, ეს დროცა -

მაშინ უბრძანე გარდამიტანონ

მონასტრის ბაღში... იმ ადგილს, საცა

წყვილად რომ ვარდნი თეთრად ფურჩქვნილან

და სუნნელებას უკმევენ არეს.

მათ ძირში მდელო ამწვანებული

კაცს უსალბუნებს გულსა მწუხარეს.

სავსე ციურის შვენიერებით

გრძნობებს გიტყვევებს იქ არე-მარე,

ლაზღანდარობენ ხეთა ფურცელნი

მზისა სხივებში უხვ-მოელვარე...

იქ დამასვენონ, გთხოვ, რომ უბრძანო:

უკანასკნელად დავიტკბობ გულსა

დღისა ღვთიურის მშვენიერებით.

და დავინახავ ჩემს საყვარელსა,

ჩემსა დიდებას - კავკასიონსა!

და შეიძლება - უკანასკნელი

გამომიგზავნოს იმან სალამი

თვის სიმაღლიდან, ოდესაც ნელი

დაჰქროლავს სოფელს საამო სიო...

და სიკვდილის წინ ეს ჩემი სული

იგრძნობს იმ წამსვე, რომ ის სალამი

ჩემი ქვეყნიდან არს წამოსული!

მით წარმოვიდგენ, რომ მეგობარი,

ან მოძმე ჩემი მადგია თავზე,

ნუგეშის ხელით სიკვდილის ცივს ოფლს

სიფრთხილით მწმენდავს პირისახეზე;

და საამო ხმით, მშვიდის ღიღინით

მიმშვიდებს გრძნობებს და ტანჯულს გულსა,

იმა ღიღინში ცხოვლად მიხატავს

საყვარელ მხარეს - ჩემსა მამულსა...

ამ წარმოდგენით მე განვისვენებ,

არვის დავსწყევლი, არ შევაჩვენებ!..

1893 წ.