Litclub.ge

შვლის ნუკრის ნაამბობი
I

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი. ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრი თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი, დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხებსა, - ეს, წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოვედა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გჰზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღერებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრიანტელი მივლის, როდესაც მისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყვლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდამ გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს შველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, - მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა.ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩქრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგან გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: „შვილო! მომყე, მე მომყეო!...“ გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა კი ვიცი... ოჰ, რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!... რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავგდე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებრივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვსცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლემაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეულად უნდა დავდნე!... რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენს ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯვარი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავადრობა... შენ კი, ოჰ, ადამიანო!... თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, ,უხთლად გვკრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...
II

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზეც იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? – მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩნიდი.

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარეშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილასჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ „ჩხი!“ „ჩხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. „თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა: - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!...“ მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!... შენისთნა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლომახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, აბნს მისცემს, გადაეძრახნება. მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!...

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!...


III

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო. მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანეთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფეხები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდენ წყლის დენას. ცივი, ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

- მოდი, შვილო, ჩდექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

- ცივია, არ შემიძლიან დგომა.

- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

ცოტა ხანი დავდექი წყალში და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.

- ეგ საშიში ხალხი არ არის, - მითხრა დედამ: - ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ესე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოვჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: „ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!“

- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? – ჰკითხავდა დედა.

- აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! – თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზედ!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებინებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინათვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.


IV

შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს ესღა გავიგონე: „უი, დედაც იქა ჰყოლიაო!“

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს. ბუერის ძირები ცივის წყაროთი იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებრ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვსწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდამ ამოცვივდენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა დაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ბედავდნენ ჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინად, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, „წიფლის-ჩიტა“, უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენივრად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა „წიპრანა“ და „წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო „ჩხიი, ჩხის!“ ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზე ღონიერი ის მეგონა, ეხლა კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმარზე სიარული უყვარდა... წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ. ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯგვლიანი, საზარელი შესახევდავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

- ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს, და იქნებ გამოგვეკიდოსო. მოვბრუნდით უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. – ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირისა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ...

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა; ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე, თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბილიკისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი „ყურშიას“. ცოტა ხანს შემდეგ ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა: ვინ იცის, ჩემი დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა. დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედაჩემის ხმასა ჰგვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

- აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ... ცოცხალი ხარო? – მკითხავდა.

- ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედაჩემის თვალებში ჩაიხედოს, დამატკბოს იმის ალერსით!

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯვარი? ნეტა სისხლის მსმელს მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი?!

წინადღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!


V

მთელი ღამე დავდიოდით ველზე. აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება! ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდნენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდნენ და ზოგნი მიდიოდნენ, მიეზიდებოდნენ შვილებისთვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედაჩემისაგან. დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

ჩვენს ზევით იყო დგნალები, ერთმანეთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა, იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. „გაუმარჯოსო!“ დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში, დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოაძრო ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დაიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალმკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეირებავს ჩემი სისხლით ხელებს?!



[1883წ.]