(წერილი რედაქციის მიმართ)
მთელი წერილი "გუთნის" შემადგენელთა, დაბეჭდილი "სახალხო გაზეთში", სავსეა არაბულ არაკებითა. ერთის ამ არაკთაგანის "სიმართლე ბ-ნმა ლუარსაბ ბოცვაძემ მესამე დღესვე ცხადჰყო ყველა მკითველისათვის. უარესი დღე დააყენა ამ არაკს "სახალხო გაზეთშივე" ბ-ნმა ნიკო ლომოურმა. შემდეგი სტრიქონები მკითხველს დაარწმუნებენ, რომ სხვა არაკებიც ჩვენის პედაგოგებისა უფრო კიდევ მეტად ღალატობენ სიმართლესა.
დავიწყოთ "ბუნების კარის" შესახებ შეთხზულ არაკითა.. ყველა მოსწრებულს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ "ბუნების კარში" იმავე თავიდან წიგნის მესამედი ეჭირა საქართველოს გეოგრაფიას და საქართველოს ისტორიას. ეს ორი განყოფილება ეკალივით ერჭობოდათ თვალში ულტრა-ბიუროკრატებს; მაგრამ ვერას ჰხდებოდნენ, რადგანაც წიგნი მოწონებული იყო პეტერბურგში განათლების სამინისტროს მიერ, თანახმად აღმოსავლეთის ფაკულტეტის მოხსენებისა, "როგორც მშვენიერი სახელმძღვანელო". 1905 წელს, გაცხარებულის მოძრაობის დროს, მე განვიზრახე, "ბუნების კარი" ორ წიგნად გადამექცია. პირველს წიგნში ისტორიული და გეოგრაფიული განყოფილებანი, ერთი სამად შევსებულნი, უხვად დასურათებულნი, გეოგრაფიული და ისტორიული ქრესტომატიის მასალის დამატებით. და ამ წიგნისათვის უნდა დამერქვა ცალკე სახელი "დედა ქვეყანა". ეს ცვლილება და სახელწოდება აღვნიშნე იმავე წლის "ბუნების კარის" წინასიტყვაობის ბოლოში.
თანახმად ამ გეგმისა, მე 1905 წელს "ბუნების კარიდან" გამოვტოვე გეოგრაფია და ისტორია საქართველოსი, წიგნს ფასი დავაკელი და ისე გამოვეცი. ამავე დროს "დედა-ქვეყნის" თადარიგს შევუდექი. მაგრამ ჩქარა საშინელმა რეაქციამ იჩინა თავი და ჩვენი იმედები მეწყერს მისცა. მთავრობამ არამც თუ არ გააფართოვა სახალხო განათლების პროგრამა, არამედ არ დაამტკიცა სამოსწავლო გეგმა ალექსი ბესარიონის ძის ჭიჭინაძის თავმჯდომარეობით შემუშავებული და მკვდრეთით აღადგინა მზრუნველი იანოვსკის პლანი, რომელიც ითხოვდა, ესწავლებინათ სახალხო სკოლაში მხოლოდ ოთხი შემდეგი საგანი, ისიც მეტად ვიწრო ფარგლებში: საღვთო რჯული, ქართული და რუსული ენა და არითმეტიკა. ამ სახით საქმე ისე დატრიალდა, რომ ჩემს "დედა-ქვეყანას", ცალკე წიგნად გამოცემულს, არც მოიწონებდნენ და არც შეუშვებდნენ სკოლებში, და რადგანაც "ბუნების კარშიც" აღარ იქნებოდა საქართველოს გეოგრაფია და ისტორია. სასკოლო სფერადან ეს ორივე საგანი გაჰქრებოდა, და მამულიშვილობის ჭაჭანებაც აღარ იქნებოდა. აი ამ გარემოებამ იძულებული გამხადა ხელ-ახლად შემეტანა "ბუნების კარში" გეოგრაფიული და ისტორიული განყოფილებანი ჯეროვანი ცვლილებით.
ჩვენი მეარაკეები კი სცდილობდნენ დაარწმუნონ მკითხველი, ვოთომც მე "ბუნების კარში" აღმედგინოს გეოგრაფიული და ისტორიული ნაწილი საკონკურენციო მოსაზრებით, ესე იგი იმ განზრახვით და მიზნით, რომ უპირატესობა მიმეცა "ბუნების კარისათვის" "გუთნის" წინაშე, რომელშიაც ჭაჭანება არ იყო და არც ეხლა არის საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიისა. ვსთქვათ, რომ ეს მართალია. რა არის აქ დასაძრახისი? თუ მე ვიფიქრე: რადგანაც ერთს ქართულს სახელმძღვანელოში ჩვენის სამშობლოს შესახებ არაფერია, მეორეში მაინც იყოს, თორემ საქართულს ქართულ სკოლებში სრულიად დავიწყებული იქნება მეთქი. ნუ თუ ეს ცუდ რამედ უნდა ჩაითვალოს? ეს ხომ კეთილშობილური კონკურენცია იქნებოდა და სხვა არაფერი. მაგრამ აქ საკონკურენციო მოსაზრებას არამც თუ ადგილი არა ჰქონდა, ვერც ექნებოდა, რადგანაც მე გეოგრაფია და ისტორია საქართველოსი "ბუნების კარში" უფრო ადრე აღვადგინე, ვიდრე "გუთანი" დაიბადებოდა.
სამთა კავშირი ბრძანებს: მართალია, ჩვენს სახელმძღვანელოში საქართველოს გეოგრაფია და ისტორია დავიწყებულია სრულიად, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენმა გიმნაზიის ერთმა მასწავლებელმა საქართველოს ისტორია გამოსცა ცალკე წიგნად და მეორეც გეოგრაფიას ადგენსო. ქება და დიდება ამ მასწავლებლებს. მაგრამ "გუთნის" დეფექტს ეს ახალი გამოცემანი სახალხო სკოლას ეფექტად ვერ გადაუქცევენ და სამშობლოს დავიწყებას წინ ვერ აღუდგენბიან. და აი რა მიზეზის გამო. სახალხო სკოლის გეგმაში არ შედის საქართველოს გეოგრაფია და ისტორია და ამიტომ მათი სწავლება, როგორც ცალკე საგნებისა, შეუძლებელია და ნებას არავინ არ მისცემს თუნდაც რომ მასწავლებელმა სძლიოს დაბრკოლებანი, ორის ახლის სახელმძღვანელოს შედგენა ჩვენს ღარიბს ხალხს მძიმე ტვირთად დააწვება კისერზე. ყველა ეს დაბრკოლებ ჰქრება, როცა თვით ქართული ენის სახელმძღვანელოში ჯეროვანი ადგილი აქვს დათმობილი სამშობლოს გეოგრაფიაა და ისტორიასა. ამ შემთხვევაში ეს ორივე უსაჭიროესი საგანი, ჩამთესველი მამულიშვილობისა, ორგანულ ნაწილად ჰხდება სკოლისა, და ჰხდის მას ნაყოფიერ დაწესებულებად. ეს ისეთი ცხადი სიმართლეა, რომ მის წინააღმდეგ კრინტს მხოლოდ ის დასძრავს, ვინც სრულიად ჩახედული არ არის ჩვენის სახალხო სკოლის მდგომრეობაში, ან ვისაც საზოგადოების თვალის ამბით თავი უნდა იმართლოს საარსო დეფექტებში...
სხვა არაკებიც სამთა კავშირისა ამდენადვე ღალატობენ სიმართლესა, - და მათ გაცრუებაში დროს არ დავკარგავ. ვიტყვი მხოლოდ ერთსაც. "გუთნის" შემდგენელნი სრულიად უსაფუძვლოდ და ტყუილად მემდურებიან. დასწრებას რომ იტყვიან, სწორედ ის არის. სამდურვი და ფრიად საფუძვლიანიც მე მაქვს. გამოსცეს თუ არა თავისი "გუთანი" მაშინვე ექსორია უყვეს თავის გიმნაზიიდან "ბუნების კარსა", გამოდევნეს ყველა განყოფილებიდან და კლასიდან და თითქმის აკრძალულ ხილად გახადეს. მე რაღა დავუშავე? "დავუშავე" ის, რომ მას უკან, რაც მათ "გუთანი" გამოსცეს, მათს განცხადებას თავისი სახელმძღვანელოს შესახებ მე უთხოვნელად ვბეჭდავდი და ვბეჭდავ "ბუნების კარის" ყდაზე. სხვა? სხვა არაფერი. კრინტიც არ დამიძრავს. ნახევარ ნაბიჯიც არ გადამიდგამს მათის სახელმძღვანელოს წინააღმდეგ, დიდ სამდურავს კი მიცხადებენ პირიქით. გაგონილა ასეთი სამკეცი უსამართლობა?