Litclub.ge

კიტრის ქურდი
შარშანწინ დაქვრივებული ირინე თეთრაშვილის ბიჭი, აფრია, მიხაკო ჯალიაშვილის ვენახში გადაიპარა. მიხაკო ჯალიაშვილი, მეძროხეობის ფერმის გამგე, ყოველ წელიწადს საადრეო კიტრს თესავდა, აფრიას კიდევ საადრეო კიტრი ქვეყანას ერჩია და, სანამ თავიანთიც დაისხამდა, ჯალიაშვილის კიტრით მიდიოდა იოლას. ჯალიაშვილის ღობეს ღელეს მხრიდან, კბოდესთან, ბებერი თელების ფესვებში, ერთი საძრომი ჰქონდა. აფრია იმ საძრომით აფოფხდა, ანწლები გასწი-გამოსწია და ბილიკზე გაიხედა. არც ბილიკზე, არც ვენახში და არც ზემოთ, კაკლების ქვეშ, სადაც ჯალიაშვილები ლობიოს არჩევდნენ ხოლმე, არავინ ჩანდა. ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ, სამი თუ ოთხი ვენახის იქით ვიღაცა გაუზეთავ შაბიამნის აპარატს ამუშავებდა, ზედ აფრიას წინ, კომბოსტოს ჩრდილში, დიდი მწვანე ხვლიკი იდგა და პირდაღებული ქასქასებდა. აფრიამ ხელი აუქნია და დააფრთხო, მერე წამოიწია, წელში მოხრილი წავიდა ქვემოთ. ვაზებშორის გაბმულ კიტრებთან ერთხელაც მიმოიხედა, კიტრის ბრტყელ ფოთლებში ფრთხილად გადადგა ფეხი, ხელებიც შიგ ჩაყო, ფოთლები გადასწ-გადმოსწია, ერთი მთლად ქორფა, ჯერ ისევ ბუსუსიანი კიტრი იპოვა, მოწყვიტა და მაშინვე პირში იკრა. მაგრამ კიტრმა ისეთი ტკაცანი მოიღო, აფრია შეკრთა და უბეში ჩაიგდო. ცოტა ხანში სხვა კიტრიც დახელა, მერე კიდევ სხვა, მერე კიდევ სხვა - მტკაველზე დიდი. გამოსწევდა, გამოჰგლეჯდა და უბეში ჩაუძახებდა. ის იყო, გამობრუნებასაც აპირებდა, რომ გაიხედა და რას ხედავს: ბილიკზე ჯალიაშვილი მოდის. ეტყობა, თვალებში მზემ შეუჭვრიტინა, გრძელაფრიანი მწვანე ქუდი კეფიდან წინ წამოიწია. მოდის, თავისებურად მოზლაყუნებს. გაქცევა არ შეიძლებოდა, ჯალიაშვილი მაგარი კაცი იყო, აფრია ვერ გაუსხლტებოდა. ისევ კიტრებში უნდა ჩამალულიყო და, ჯალიაშვილი რომ წავიდოდა, ანდა სულ ცოტაზე მაინც ჩასცდებოდა, მაშინ გაპარულიყო. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ჩაწვა ვაზის ძირას, ყველაზე მაღალ ფოთლებში. წევს და სუნთქვასაც კი იკავებს, ელოდება, როდის ჩაივლის ჯალიაშვილი.

მაგრამ ჯალიაშვილმა სწორედ კიტრებთან გადმოუხვია, წამოვიდა, წამოვიდა და პირდაპირ აფრიას წაადგა თავზე, აფრია კანკალმა აიტანა. ჯალიაშვილი დაიხარა, კოტიტათითებიანი გაფარჩხული ხელი აფრიას მოჰკიდა და ამოახედა:

- ბიჭო!

აფრიამ თვალები დახუჭა, კანკალებს, კანკალებს.

- ბიჭო, აფრია არა ხარ?!

აფრია მოიბღუნძა, ცრემლები წამოსცვივდა.

- ბიჭო, რა გინდა აქ?

აფრიამ ძლივძლივობით ამოთქვა:

- მუცელი ამტკივდა და... დავწექი.

- ი! - გაუკვირდა ჯალიაშვილს.

აფრია უფრო მეტად მოიბღუნძა.

- ძალიან გტკივა? - ჩაკუნტდა ჯალიაშვილი. - აბა, გადმობრუნდი, მეჩვენე.

აფრია გაჯიუტდა, თავი მუხლებისკენ მიჰქონდა. მაშინ ჯალიაშვილი ორივე ხელით დასწვდა და ძალით გადმოაბრუნა.

- აქა გტკივა? - უბეზე დაადო ხელი.

აფრიამ მუცელი შეიწია. ფეხები აასხმარტალა.

- დამაცადე, - უთხრა ჯალიაშვილმა. ვითომ არაფერიო, ხელი უბეში ჩაუყო, ჯერ ერთი კიტრი ამოაცალა, მერე - მეორე, მერე - მესამე და მეოთხე, მერე მეხუთე და მეექვსე. ქამარიც შემოხსნა, იმ ქამრით კიტრები ერთმანეთზე გადააბა, თავისი სალდათური ქამარიც შემოიხსნა, ხელზე გადაიხვია და თითბრის მძიმე ბალთა აფრიას უჩვენა.

- ადე ზეზე!

აფრია ადგა, თავი მხრებში აქვს ჩამძვრალი, ტირის, ტირის.

- გაწყვიტე ხმა, თორემ მოვიდა ეს ბალთა მაგ გასიებულ გოგრაში!

იკავებს თავს აფრია, მაგრამ ვერ შეუკავებია.

ჯალიაშვილმა ქამრით გადაბმული კიტრები კისერზე ჩამოჰკიდა და უბრძანა:

- წადი წინ და ემაგ კიტრებს ხელი არ ახლო, თორემ გაგიხეთქე თავი ამ ბალთით.

აფრია ნელ-ნელა გამოვიდა კიტრებიდან, მობუზული, გასაცოდავებული.

- სწორედ გადაადგი ფეხი, თორემ დაგკიდე კაკალზე თავდაყირა!

აფრიამ ფეხს აუჩქარა. კისერზე დაკიდებული კიტრები ისე აწუხებდა, თითქოს ფუთობით ტვირთი ჰკიდებოდეს.

- გასწორდი წელში და ისე წადი, თორემ ჩაგახრჩე ამ წყალში!

გავიდნენ ბოგირზე, ავიდნენ სასოფლო გზაზე.

კაკაანთ ვენახიდან სონა ბებო გამოვიდა.

- მიხაკო! მიხაკო! მიხაკო არა ხარ, ბიჭო?

- ჰო, მიხაკო ვარ, რა გინდა?

- მოდი, აბა, აქ მოდი. მაშ ეს საქნელი საქმეა, ნახე, მიჯნაზე ჭიგო როგორ შეუდგამს იმ ჩემ პატიოსან მაზლსა!

- დამაცა, ძალო, რა დროს ეგ არი, აი, აფრია კიტრებში დავიჭირე და საბჭოში მიმყავს!

- ვინა, ვინა?

- ვინა და, თეთრაანთ თავგასიებული აფრია!

- აი, სანაცილევ! აბა, აქეთ გამოიხედე!

აფრიამ ერთი კი გახედა ქვეშ-ქვეშ, მაგრამ არაფერი უთქვამს, ჯალიაშვილმა ბალთა ყურთან დაუკანკურა და ფეხი ააჩქარებინა.

გამოვიდა ორღობიდან დედა-შვილი, ძამნიაშვილები, ელენე და მისი გოგო, თამრიკო, იმწამსვე მიხვდნენ, რა ამბავიც იყო, და აუტყდათ სიცილი. მერე კიკოლიკაანთ ვასო გამოჩნდა, მერე - ნამღვდლარი, მერე - ხარაზი.

- რატომ მიწა არ გაგისკდება, აფრი, რომ იმ კარგი მამის სახელს ეგრე არცხვენ! რატომ შიგ არ ჩასძვრები და ჩაიქოლები! - მისძახოდა ელენე.

- მაგის მამას ნუ ახსენებთ, თორემ მოვკალი აქვე და გავათავე.

აფრიამ ზმუილი ამოუშვა.

- ჩაკმინდე ხმა, თორემ გამიწყდა მოთმინების ძაფი! - გაბრაზდა ჯალიაშვილი.

- გაუშვი და... - გაბედა ხარაზმა.

- რას ამბობ, ე! ეს გაუშვა, ის გაუშვა და დაინგრა ქვეყანა. აგე, ცა ვეღარა ჩერდება ამათი შიშით მაღლა!

- გაიგებს ირინე და... - ისევ გაუბედავად თქვა ხარაზმა.

- გაიგოს, უნდა გაიგოს! მაშ! გავაგებინებ კიდეც! - გაცხარდა ჯალიაშვილი.

ამ ამბავში იყო, რომ გაკაპასებული ქალის ხმა შემოესმა.

- მაგის ჯანი კი დაიწვას, მაგისი! მაგ ტარტაროზისა, მაგ ფერმის ვირთაგვასი!

ჯალიაშვილი გაჩერდა და აქეთ-იქით მიმოიხედა. ჩატეხილ ღობეზე აფრიას დედა ირინე გადმოხტა, მორბოდა და თან მუშტისოდენა ქვას მოიქნევდა.

- ამით გაგიხეთქავ თავსა. შე დამბლავ, შე კოლმეურნეობის ჩრჩილო! ამით გაგიხეთქავ თავსა!

- ვის გაუხეთქავ, ე, ვისა! - შედრკა ჯალიაშვილი.

- შენა, შე ფაშისტო! - პირდაპირ ცხვირთან უტრიალებდა ქვას ირინე. - ამოსწყდი პატარებშიც და დიდებშიც, პატარა არა ყოფილხარ, ან არ გაგიგონია მაინც პატარაობა!

- გაიწი იქით, ქალო!

- ტვინს ამოგანთხევინებ, ტვინსა!

ამასობაში აფრიამ დრო იხელთა, მოიხსნა კიტრები კისრიდან და სწრაფად გადაევლო ღობეს.

ჩაუდგნენ მეზობლები ჯალიაშვილსა და ირინეს, აფრიას დედას. დაწყნარდი, ირინეო, კარგი, კაცო, მიხაკო, რაც იყო, იყოო, ჰო, კარგი, დაწყნარდი, ირინეო, მაგრამ ირინე მაშინაც კი იმუქრებოდა, როცა შინისაკენ აბრუნებინეს პირი.

- მაგას ხომ არა ჰგონია, უმამოა და დავიბრიყვებო, თავს გადავუპობ მაგ სოფლის წურბელას, მაგასა!

ჯალიაშვილი კი მეზობლებში იდგა და გამტკნარებული იხედებოდა აქეთ-იქით.

- ქალი კი არა, ქაჯია, კაცო, რა უნდა ვუთხრა, ქაჯია!

აფრია, რა თქმა უნდა, შინ არ მისულა. სულ სირბილით გავიდა თათრების ჭალაში და იქ ერთი ბებერი ვერხვის ძირას მიჯდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, შინ არასოდეს დაბრუნებულიყო. მაგრამ რომ მოსაღამოვდა, ბუნება რომ გაჩუმდა, ჩიტებიც რომ სადღაც მიიმალ-მოიმალნენ, ადგა და ნელ-ნელა წამოვიდა. ჯერ შორიშორს უვლიდა თავიანთ სახლს, მერე პატარა ძმა გუჯა დაინახა და დაუძახა. გუჯა მოვიდა, გაუხარდა აფრიას ნახვა. აფრიამ უთხრა, წადი, ცოტა პური გამომიტანეო. გუჯა გაიქცა და დედა გამოიყვანა. დედამ შორიდანვე დაიწყო:

- მიწადასაყრელო, მამაშენის მეორედ დამმარხავო, ხომ გამხადე სოფლის შავი ბაირაღი, კიდევ გინდა სიცოცხლე?!

გუჯა მუხლებზე ეხვეოდა და ეხვეწებოდა:

- მე მცემე აფრიას მაგივრად, მე მცემე, დედიკო, და მაგას ხელს ნუ ახლებო.

დედამ ხელი გაჰკრა და მოიშორა, მაგრამ გუჯა არ მოეშვა, ისევ მოეხვია მუხლებზე. მაშინ დედა ჩაჯდა, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

- რად მინდა თქვენს ხელში სიცოცხლე, თქვენ, ხომ ვიცი, მზეს აღარ უნდა შემახედოთო.

წამოვიდა აფრია, გაჩერდა, ისევ წამოვიდა, ისევ გაჩერდა. ბოლოს სულ ახლოს მივიდა დედასთან. ახლა მისთვის დიდი შვება იქნებოდა, თუ დედა სცემდა, ხორცებს დააჩქლეთდა, მაგრამ დედა კვლავ ბალახებში იჯდა სახეზე ხელებ-აფარებული და ხმამაღლა, მხრების კანკალით ქვითინებდა. მაშინ აფრიამ თვითონ გასწია ხელი და ფრთხილად დაადო დედას თავზე.

- კარგი, რა! კარგი, რა, დედი!

დედას მოსახვევი გადასცურებოდა და თმა თბილი ჰქონდა, თბილი ამ შებინდების სიგრილეში. ამ სითბომ მთელ სხეულში დაუარა აფრიას და თვითონაც ჩაჯდა, თვითონაც ტირილი დაიწყო.

დარჩა პატარა გუჯა გაბეცებული. ხან დედას მიუბრუნდებოდა, ხან აფრიას: - დედიკო! აფრი! - და როცა ნახა, ვერაფერს ხდებოდა, მიეხუტა დედას და ისიც აღრიალდა.

მოშორებით, ღობის კუთხესთან, მათი ახოვანი მამის ლანდი იდგა, ხელები გულზე დაეკრიფა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ცოლ-შვილს.