Litclub.ge

მეიარაღის გოგონას ამბავი
ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და, რომ ნამდვილად მოხდა, ამაში თქვენ თვითონვე დარწმუნდებით, როდესაც ყველაფერს ბოლომდე მოისმენთ.

დიდი, დიდი ხნის წინათ, ქვეყანაზე რომ ჯერ უბრალო თოფებიც კი არ იყო გამოგონებული, თვით ულამაზესი ყვავილებიც კი რომ ჯერ ისევ მხოლოდ ტყეებსა და ველებში ხარობდა (ეს კარგად დაიხსომეთ, თვით ულამაზესი ყვავილებიც კი ჯერ ისევ მხოლოდ ტყეებსა და ველებში ხარობდა), ერთ მეომარ ქალაქში ერთი მეიარაღე ცხოვრობდა. ამ მეიარაღეს ყველანი უბედურ მეიარაღეს ეძახდნენ და ჩვენც ასე დავუძახოთ. უბედური კი იმის გამო იყო, რომ ულამაზესი მეუღლე ჰყავდა და მოუკვდა. დარჩა ერთადერთი გოგონა, ძალიან პატარა გოგონა. ამ გოგონას ერთი მოხუცი ნათესავი ქალი აცმევდა, აჭმევდა და აძინებდა, მეიარაღე კი დილით უთენია მიდიოდა სახელოსნოში და საღამოს გვიან ბრუნდებოდა. დილით ისეთ დროს მიდიოდა, როცა მის გოგონას ისევ ეძინა, ხოლო საღამოს ისეთ დროს ბრუნდებოდა, როცა მის გოგონას უკვე ეძინა.

კეთილი მოხუცი ქალი უბედური მეიარაღისთვისაც ამზადებდა საჭმელს. უბედური მეიარაღე იმ საჭმელს თავაუღებლად შეჭამდა, ღამეს ოხვრასა და კვნესაში გაატარებდა და დილით, ჯერ გათენებული არ იყო, რომ უკვე თავის სახელოსნოში ბორიალობდა. სახელოსნოში ბასრ ხმლებსა და შუბებს აკეთებდა. კბილების კრაჭუნითა და მუქარით აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ ამ ხმლებსა და შუბებს მყვირალა მეომრები დაიჭერდნენ ხელში, შესხდებოდნენ ფაფარაშლილ ჭიხვინა ცხენებზე, შეესეოდნენ მეზობელი ქვეყნის ადამიანებს და მარტო ის აღარ იქნებოდა უბედური, უბედურები გახდებოდნენ სხვებიც, ვის ლამაზ მეუღლეებსაც აჰკუწავდნენ მყვირალა მეომრები მის მიერ გაკეთებული შუბებითა და ხმლებით. მარტო მე რატომ უნდა ვიყო ასე, დაე, ქვეყნად სხვებმაც იგემონ, რა არის უბედურებაო, და მთელ დღეს თავაუღებლივ, გაცხარებით მუშაობდა: დილით უთენია მიდიოდა სახელოსნოში, როგორც უკვე ვთქვით, და საღამოს ხშირბინდისას ბრუნდებოდა შინ.

მისი პატარა გოგონა კი იზრდებოდა. შეუმჩნევლად იზრდებოდა, მაგრამ მაინც ჩქარა იზრდებოდა, როგორც ყველა გოგონა ამ ქვეყანაზე.

და, აი, ერთ დღეს, როდესაც უბედურმა მეიარაღემ დილაადრიან გაიღვიძა, რომ მაშინვე თავის სახელოსნოში წასულიყო და იქ ბასრი ხმლები და შუბები ეკეთებინა, განთიადის მქრქალ ცისფერ შუქზე ასეთი რამე დაინახა: ოთახის შუაგულში მისი გოგონა იდგა, უკვე დიდი იყო და თავის ლამაზ დედას ჰგავდა. დედასავით გრძელი, თეთრი მკლავები და გრძელი, თეთრი თითები ჰქონდა. იმ თეთრი მკლავებითა და თეთრი თითებით კი ულამაზესი ყვავილები ეკავა და იმ ლარნაკში აწყობდა, რომლითაც უბედური მეიარაღე საპატიო სტუმრებს ღვინოს ასმევდა ხოლმე.

გოგონამ უკანასკნელი ყვავილიც მოხდენილად ჩაუშვა ლარნაკში, უკან დაიწია, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, გაეღიმა და მერე ტრიალ-ტრიალით გავიდა გარეთ, ისეთი ტრიალ-ტრიალით, როგორიც ახლაც იციან გოგონებმა, თუმცა ახლანდელ გოგონებს თვით ოქროსფერი თმაც მოკლედ აქვთ შეკრეჭილი, იმ გოგონას კი ოქროსფერი თმაც ჰქონდა, თანაც გრძელი, გრძელი, და წარმოიდგინეთ, როგორ სასიამოვნოდ გაიშლებოდა ის თმა, როცა გოგონა ხელებს გაშლიდა და დატრიალდებოდა!

უბედური მეიარაღე გაშტერებული იყო. მას უკვირდა. ჯერ ერთი, ის უკვირდა, რომ მისი გოგონა ასე უეცრად გაზრდილიყო, მეორე კიდევ, ყვავილები ასეთი ლამაზები რომ იყვნენ! ისინი თითქოს მისი საყვარელი მეუღლის თვალებით იყურებოდნენ ლარნაკიდან. ისინი, ის ყვავილები, სხვა დროსაც ენახა იმ ველებში, სადაც მყვირალა მეომრები დააგელვებდნენ ფაფარაშლილ ჭიხვინა ცხენებს და ერთმანეთის ფარებზე ხმლების ხათქახუთქით სინჯავდნენ თავიანთი მარჯვენის ძალას. მაგრამ არც მას, უბედურ მეიარაღეს, და არც იმ მეომრებს ფიქრად არასოდეს მოსვლიათ, თუ შეიძლებოდა, რომ ყვავილები ასეთი ლამაზები ყოფილიყვნენ. მით უმეტეს, მეომრებს არ მოუვიდოდათ ფიქრად, რადგან ისინი სულ ყვიროდნენ, ყვირილითა და ხმლების ქნევით დააგელვებდნენ ფაფარაშლილ ჭიხვინა ცხენებს, ყვირილისა და ხმლების ქნევის დროს კი, ყველასათვის ცნობილია, დაკვირვების უნარი ერთმევა ადამიანს.

შეიძლება უბედური მეიარაღის პატარა გოგონას თითების შეხება იყო საჭირო, რომ ყვავილები ასეთებად ქცეულიყვნენ?!

დიდხანს, დიდხანს იყო გაშტერებული მეიარაღე და მერე ნელ-ნელა, დაფიქრებული წავიდა სახელოსნოსაკენ...

სახელოსნოში იმ დღესაც ხმლებსა და შუბებს აკეთებდა, მაგრამ ისეთი სიჯიუტით ვეღარ აკეთებდა, როგორც სხვა დროს. თვალწინ სულ თავისი გოგონა და ლარნაკში ჩადგმული ყვავილები ედგა, რომლებიც საყვარელი მეუღლის გაბრწყინებული თვალებით იყურებოდნენ. გული სულ მათკენ მიუწევდა და საღამოს, მზეს არც კი აცალა ჩასვლა, სახელოსნო დაკეტა, ჩქარი ნაბიჯით გასწია შინისაკენ და თავისი სახლის კარი სწორედ მაშინ შეაღო, როცა მისი გოგონა ლარნაკში ჩადგმულ ყვავილებს წყალს უცვლიდა.

უბედურმა მეიარაღემ ზღურბლზე გადაბიჯებაც ვეღარ შეძლო, ასევე, კარზეხელმოკიდებული გააშტერა ფიქრმა.

მან რაღაც უცნაური რამ იგრძნო. ეს თითქოს სინათლე იყო, სინათლე კი არა, სითბო იყო, სიწყნარე იყო, სურნელება იყო ერთდროულად. თითქოს დაბრუნებულიყო ის უნეტარესი რაღაც, რომელიც საყვარელი მეუღლის აქ ყოფნის დროს ხდებოდა ხოლმე შინ, და რომლის ფასიც მერე გაიგო, მერე, მარტოობაში...

„ეს ჩვენ მოგიტანეთ, ჩვენ!“ - ტიტინებდნენ ყვავილები.

და უბედურ მეიარაღეს პირველად გაეღიმა ცოლის სიკვდილის შემდეგ.

მისმა გოგონამ, რა თქმა უნდა, იმავე წამს შეამჩნია ეს ღიმილი. ნელი, მაგრამ გაბედული ნაბიჯებით წავიდა მისკენ, მივიდა სულ ახლოს, ოქროსთმიანი პატარა თავი ვეება მკერდზე მიადო და დაბლიდან შესცინა, ისე შესცინა, როგორც ახლანდელი გოგონებიც შესცინებენ ხოლმე თავიანთ მამიკოებს, როცა უნდათ, რომ კინოს ფული მისცენ, ანდა ნაყინისა, სულ ერთია...

და ამ დღიდან ასე იყო: მეიარაღის გოგონა და მისი გამზრდელი კეთილი მოხუცი ქალი უთენია მიდიოდნენ ქალაქგარეთ, კრეფდნენ ცვრით განბანილ სხვადასხვაფერ ყვავილებს და მკერდზე მიხუტებულები მოჰქონდათ შინ. მეიარაღის ლამაზი გოგონა თავისი თეთრი, სპეტაკი ხელებით მოხდენილად აწყობდა ლარნაკებში, უსხამდა წყალს და სახლი ივსებოდა ენითგამოუთქმელი სიწყნარით, სითბოთი, სინათლითა და სურნელებით.

ამ დღიდან ყველას ეშინოდა, მეიარაღისთვის უბედური მეიარაღე დაეძახა, რადგან ის უბედურად აღარ გრძნობდა თავს. ის უკვე ბედნიერი მამა იყო და უნდოდა, რომ სხვებიც ბედნიერები ყოფილიყვნენ ქვეყანაზე. დაანება ხმლებისა და შუბების კეთებას თავი, სხვადასხვაფერი ლითონებისაგან გამოჭედა დიდი, დიდი ყვავილი, მიაჭედა სახელოსნოს კარს მაღლა და საოჯახო ნივთებისა და სამკაულების კეთებას მოჰკიდა ხელი.

ამ დღიდან გარეგნულადაც გამოიცვალა. თითქოს გაახალგაზრდავდა, გალამაზდა და გამხიარულდა.

ხალხს უკვირდა მისი ასეთი ფერისცვალება, მით უმეტეს ქალებს, რომლებსაც ძალიან უყვართ სიმშვიდე და მხიარულება. ჩუმ-ჩუმად ადევნებდნენ თვალს, ნეტავ რა მოხდაო. და აი, ნახეს, რომ მეიარაღის ლამაზი გოგონა და მისი აღმზრდელი კეთილი ქალი უთენია გადიან ქალაქგარეთ, იქ სხვადასხვაფერ ყვავილებს კრეფენ, მოაქვთ შინ, აწყობენ ლარნაკში, უსხამენ წყალს და მეტი არაფერი! უბედური მეიარაღე ბედნიერად გრძნობს თავს, სულ მხიარულია, სულ შინისაკენ მიუწევს გული.

უთუოდ ჯადოსნური ძალა აქვთ ამ ყვავილებსო, - იფიქრეს ქალებმა და გადაწყვიტეს, თვითონაც გამოეცადათ მათი ძალა (ისინი ხომ მეომრების შვილები, დები, მეუღლეები და დედები იყვნენ და ყოველი მათგანი დანატრებული იყო სიმშვიდესა და სიხარულს). თვითონაც წავიდნენ უთენია ქალაქგარეთ, დაკრიფეს სხვადასხვაფერი ყვავილები, მოიტანეს შინ, ჩადგეს ლარნაკებში, ჩაუსხეს წყალი და ნახეს, რომ მათი სახლებიც აივსო რაღაც სინათლით, სიწყნარითა და სითბოთი. თითქოს დაბრუნდნენ მათგან წასული უძვირფასესი ადამიანები, დაბრუნდა ის ბედნიერი წუთები, რომლებიც კი ოდესმე განეცადათ. მოხუცებმა გაახალგაზრდავება დაიწყეს, მეიარაღეებმა მახვილების ჭედვას თავი ანებეს და საოჯახო ნივთებისა და სამკაულების კეთებას შეუდგნენ. მყვირალა მეომრები დაჩუმდნენ, ხმლები ქარქაშებში ჩააგეს, დაკვირვების უნარი დაუბრუნდათ, მიმოიხედეს ირგვლივ და მიწას მოუყარეს მუხლი. მიხვდნენ, რომ ყველაზე კარგი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე გულუხვი მიწაა. მიწა აღმოაცენებს ამ საოცრებებსაც - ყვავილებს.

და ცხოვრობდა ხალხი მშვიდად, ბედნიერად, მხიარულად, მეიარაღის ლამაზი გოგონას წყალობით, უფრო სწორად, ყვავილების წყალობით, რომლებსაც მიწა აღმოაცენებდა, ქალები კრეფდნენ, მოჰქონდათ შინ და იქ ლამაზი თითებით აწყობდნენ ლარნაკებში.

და თუ შემდეგში ისევ დაიწყეს იარაღის კეთება მეიარაღეებმა, ისევ აყვირდნენ მეომრები, ისევ მოახტნენ ფაფარაყრილ ჭიხვინა ცხენებს და ისევ დაიწყო სისხლისმღვრელი ომები, ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ ვიღაც ლამაზ ზარმაც გოგონებს დაეზარათ დილით ადრე ადგომა და ბაღჩაში ჩასვლა (ახლა უკვე ქალაქგარეთ აღარ სჭირდებოდათ სიარული), რომ იქ დილის ცვრით განბანილი ყვავილები დაეკრიფათ, აეტანათ შინ, ჩაეწყოთ ლარნაკში და ჩაესხათ წყალი...

ეს ყველაფერი რომ მართლაც ასე უნდა მომხდარიყო, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე დარწმუნდეთ, პატარებო. ადექით დილაადრიან, ჩადით ბაღჩაში, მოკრიფეთ თქვენი ლამაზი თითებით ლამაზი ყვავილები (ქალაქელებმა, ვისაც ბაღი არა აქვთ, შეუძლიათ ფუნთუშისთვის მიცემული ფულით იყიდონ მეყვავილეებისაგან), აიტანეთ შინ, ჩადგით ლარნაკში და ნახავთ, რომ, როდესაც დედა და მამა მოჰკრავენ თვალს, უეჭველად მაშინვე სიამოვნების ღიმილი გადაეფინებათ სახეზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯადოსნურმა ბალახებმა, როგორც წინათ ეძახდნენ ყვავილებს, უკვე იმოქმედეს.

მეიარაღის გოგონას სახელის უკვდავსაყოფად მისმა მადლიერმა ხალხმა ყველაზე ლამაზ, ყველაზე სურნელოვან, ყველაზე საყვარელ ყვავილს მისი სახელი დაარქვა. მიხვდით, რომელი ყვავილისთვის დაურქმევიათ მისი სახელი? დიახ, იისთვის. მეიარაღის ლამაზ გოგონას ია ერქვა. მაგრამ ეს ამბავიც ცოტას, ძალიან ცოტასღა ახსოვს ქვეყანაზე.