Litclub.ge

მელიაშვილი და შოშიაშვილი
თებერვალი იყო, ჯანღიანი დილა, მეხუთეკლასელები ღუმელს უჩხიკინებდნენ. ბიჭები ღუმელს უჩხიკინებდნენ. შეშა ნედლი იყო და არ ეკიდებოდა, გოგოები რაღაც ნაქსოვებს უჩვენებდნენ ერთმანეთს. ორი გოგოც ღუმელთან იდგა, ღუმელის მილზე ხელებშემოწყობილები, ესენი ძალიან მცივანები იყვნენ.

შემოაღო კარი მელიაშვილმა. ჯერ შემოსული არ იყო, ყურებიანი ქუდი მოიხადა, ხელის ზურგიანად ცხვირზე გაისვა და გაბადრულმა დაიწყო:

- წუხელ ჩემმა ჯავრამ მგელი ჩათეთქვა.

მიუბრუნდნენ ბოლისაგან თვალებაწითლებული ბიჭები.

- სადა, როგორა?

- როგორა და, - მელიაშვილმა ჩანთა და ქუდი მერხში შეაწყო, პალტოც გაიხადა, - როგორა და, ჯერ დაძინებულები არ ვიყავით, ჩამოირბინა სახლის გვერდზე თქარათქურით. მამაჩემი მაშინვე მიხვდა, ცხენივით მოთქარუნობს, ხვადი მგელიაო. ამის თქმა იყო და ეცა კიდეცა ჩემი ჯავრა.

- ვისა, ბიჭო, მამაშენს? - იკითხა ღუმელის წინ ჩაჩოქილმა შოშიაშვილმა.

მელიაშვილმა მჟავედ მიხედა, - მამაშენსო, - და განაგრძო:

- ეცა სათონესთან ჯავრა, გავცვივდით სუყველანი გარეთ, მამაჩემმა თოფიც გამოიტანა, თქვენ შინ შედითო, ცოფიანი არ იყოსო, მაგრამ როგორ უნდა ესროლნა, არაფერი ჩანდა, მარტო ძიძგილი, ფიჩხების ლაწალუწი, ხრიალი და კბილების კაპუნი ისმოდა. გორვა-გორვით ჩავიდნენ არხამდის. დილას რომ ვნახე, სულ სისხლით იყო მოთხუპნული ჯავრა, თვითონ კიდევა ერთი გაკაწრულიც არა აქვს.

- აბჯარი ეცვა შენს ჯავრას? - ისევ იკითხა შოშიაშვილმა, წამოდგა, მუხლები ჩაიბერტყა.

მელიაშვილი ქვედა ტუჩს იკვნეტდა, ბიჭებს და გოგოებს უყურებდა, თითქოს ეკითხებოდა, რისი ღირსი არის ესაო. ბიჭებს და გოგოებს ცნობისმოყვარეობით უბრწყინავდათ თვალები. მელიაშვილი შოშიაშვილს მიუახლოვდა და ხმადაწეულმა უთხრა:

- შენს დამპალ ბოღრიას ჩააცვი აბჯარი, ფეხები რომ ძლივს ამოაქვს ტალახიდან.

- ჩემი ბოღრია შენს აბჯრიან ჯავრას ნაზუქივით შესჭამს, - მშვიდი ღიმილით მიუგო შოშიაშვილმა.

- ვისა, ბიჭო?!

- შენს აბჯრიან ჯავრას.

- ჩემს ჯავრას შენი დამპალი?!

- შენსას.

- ვინც არ ამოიყვანოს სასაფლაოზე და არ აჩხუბოს?!

- ეგრე! - ისევ მშვიდად იღიმებოდა შოშიაშვილი.

- აქედანვე, გაკვეთილები რომ დამთავრდება.

- აქედანვე.

- თქვენც წამოდით, - მიუბრუნდა მელიაშვილი ბიჭებს, - მოწმენი იყავით, სეირი ნახეთ, საით წაიღებს მაგის დამპალი ძაღლის ნაფლეთებს ქარი.

- იჰიჰიჰი! რა გამაცინე! - ძალით იცინოდა შოშიაშვილი, - აბჯარი არ დაგავიწყდეს.

- ჩაწყვიტე ხმა! - ვერ მოითმინა მელიაშვილმა, შოშიაშვილმაც ნელა წამოიწია წინ.

- შენა, რა ვქნა, კისერი ხომ არ გაგიმსხვილდა ძილში!

ეცნენ ბიჭები, მოხროვდნენ გოგოებიც. მელიაშვილი აქეთ წამოიყვანეს, შოშიაშვილი იქით წაიყვანეს. შოშიაშვილი დინჯად იმუქრებოდა:

- მაგასაც და მაგის გულყრიან ჯავრასაც ორივეს ერთად გამოვუყვან წირვას.

„გულყრიან ჯავრასო“ და, ისევ გამწარდა მელიაშვილი, მერხზე შეხტა, იქიდან გადმოერია შოშიაშვილისკენ, მაგრამ ბიჭებმა მაინც დიჭირეს, ბიჭებმაც და გოგოებმაც. ერთს აქეთ აწყნარებდნენ, მეორეს - იქით. ამასობაში ზარიც დაირეკა. მასწავლებელი შემოვიდა, ყველა თავის ადგილზე დაჯდა. მელიაშვილი დაბოღმილი იჯდა, თავს მაღლა არა სწევდა. შოშიაშვილს დამცინავად ეღიმებოდა, მაგრამ არც ის იყო ნაკლებ დღეში. გაიძახა მასწავლებელმა მელიაშვილი და ორიანი „სცვითა“, გაიძახა შოშიაშვილი და იმან ერთიანი „დაიმსახურა“. შესვენებაზე ერთმანეთს აღარ მიახლოებიან, ბედად მეხუთე გაკვეთილი გაცდა, მელიაშვილმა ჩანთა აიღო და ბიჭებს უთხრა:

- წამოიყვანოს თავისი დამპალი და ამოვიდეს სასაფლაოზე.

ბიჭები შოშიაშვილთან მივიდნენ და მელიაშვილის ნათქვამი გადასცეს.

- ამოვალ, - ისევ მშვიდი ღიმილით დაეთანხმა შოშიაშვილი.

თავდახრილები, იღლიებში ჩანთაამოჩრილები გადიოდნენ გარეთ. გარეთ ცივი წვიმა მოდიოდა, წვიმაში თოვლსაც ურევდა. მარტო მამალი ბიჭები წავიდნენ სასაფლაოზე, დედლებმა რაღაცები მოიმიზეზეს და შინისკენ გაიქცნენ: - კატა უნდა აეყენებინათ და ღუმელს თვითონ მიჰფიცხებოდნენ. სასაფლაოზე ასულმა ბიჭებმა ხმელ-ხმელი წკირები მოამტვრიეს და ცეცხლი დაანთეს, ჩანთები ქვებზე ეწყოთ, ექვსნი იყვნენ: ორი თეთრაშვილი - ადამა და შოთა, ორიც ქათამაძე - კოხტა და სპირიდონა, ერთი ლეკიშვილი და ერთიც გაუარაშვილი. ჩაცუცქულები უშვერდნენ ხელებს ბოლიან ცეცხლს და მელიაშვილს და შოშიაშვილს ელოდნენ. მალე ისინიც გამოჩნდნენ ბურუსსა და თოვლის ხშირ ფიფქებში. ერთი ერთი ხევიდან ამოვიდა, მეორე - მეორიდან. ძაღლები ჯაჭვებით მოჰყავდათ. მელიაშვილის ჯავრა წითური იყო, ფეხმაღალი, დაფაციცებული, შოშიაშვილის ბოღრია - ჭრელი, ბომბორა, პატრონივით მშვიდი. მელიაშვილის ჯავრას სისხლი აღარ ეტყობოდა.

- აბა, სისხლები სადა აქვსო, - იკითხა თეთრაშვილმა.

- გაულოკნიაო, - მიუგო უცებ წამოწითლებულმა მელიაშვილმა. ბიჭებმა რაღაც უკუღმართულად გაიცინეს. შოშიაშვილმა დაუმატა:

- მოჰბანდნენ, ისე ხომ არ დასტოვებდნენ.

ვეღარ მოითმინა მელიაშვილმა, ჯავრა საყელოთი ასწია და ბოღრიას მიაგდო.

- ეცი, ჯავრაო!

შოშიაშვილმაც ატოტებული დაახვედრა თავისი ბოღრია.

ბიჭები საფლავის ქვებზე ახტნენ. ძაღლები ერთმანეთს კი მიაწყდნენ, მაგრამ მხოლოდ წამით წაჭაჭყანდნენ გაოცებულნი, მერე გაშორდნენ, ერთმა ჩრდილოეთისკენ დაიწყო ყურება, მეორემ - სამხრეთისკენ. ეტყობოდათ, აქედან, ამ სიმაღლიდან, ბურუსში გახვეული ქვეყანა მოსწონდათ, კუდს აქიცინებდნენ.

მელიაშვილმა ისევ აიკეცა ჯაჭვი, საყელოში წაავლო ხელი ბოღრიას შოშიაშვილმაც.

- ეცი, ჯავრა!

- მიდი, შეჭამე, ბოღრა!

ისევ მიაგდეს ერთმანეთს, მაგრამ ძაღლებმა ამჯერადაც მხოლოდ გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს, მერე პატრონებს მოუბრუნდნენ ასევე გაკვირვებულები - რა გინდათ ჩვენგან, რას სულელობთო. ერთმანეთს სუნვა დაუწყეს, თავს დაბლა ხრიდნენ, მხრებით ეხახუნებოდნენ.

აუტყდათ სიცილი მოწმედ მდგარ ბიჭებს.

- ეგენი თქვენს საწინააღმდეგო რაღაცას ეჩურჩულებიან ერთმანეთს! - დაიძახა ლეკიშვილმა, - წიხლები ჰკარით, რომ გაბრაზდნენ.

მელიაშვილმა ბოღმიანად ახედა ლეკიშვილს.

- ეცი, ჯავრავ, ეცი, შე ვერანავ!

- მიდი, ბოღრი, მიდი, ჩააკნატუნე! - ჯაჭვს აჩხარუნებდა შოშიაშვილიც.

ძაღლები კი მაინც არ აპირებდნენ ჩხუბს.

პირიქით, ნამეტან კარგ გუნებაზედაც კი გამოიყურებოდნენ. წუთით არ შეუჩერებიათ კუდის ქიცინი, თავაწეულები ეგებებოდნენ თოვლს.

- ეე! - იძახდა სპირიდონა ქათამაძე, - არაფერი აქვთ გასაყოფი და იმიტომ. ღორის ბარკალი უნდა წამოგეღო, მელიაშვილო, და მაშინ იჩხუბებდნენ.

აქ კი გაცეცხლდა მელიაშვილი. ასწია თავისი ჯავრა ჯაჭვით, წამოიყვანა შოშიაშვილმაც ბოღრია, მიიყვანეს ერთმანეთთან სულ ახლოს, პირდაღებულები, კბილებგაქათქათებულები, მიაგდეს ერთმანეთს და მიაზილეს თითო წიხლიც გამეტებით. იწყინეს ძაღლებმა ეს დამცირება - ჰაფო! - ელვაზე სწრაფად გადმოტრიალდნენ ჰაერში, ჰაერშივე სწვდნენ პატრონების კანჭებს და გააქან-გამოაქანეს აქეთ-იქით. პატრონებმა, მელიაშვილმა და შოშიაშვილმა, უმწეოდ გაასავსავეს ხელები და, რომ ვერაფერს მოეჭიდნენ, მიწაზე გაგორდნენ, ერთიც თავის კანჭს ებღაუჭებოდა, მეორეც, ერთიც კვნესოდა, მეორეც.

ძაღლები კი ქვემოთ გარბოდნენ, რამდენჯერმე შეფიქრიანებულებმა მოიხედეს, მერე კუდის აჩქარებული ქიცინით მიახლოვდნენ და ერთად განაგრძეს გზა. თავშეკავებული სიცილით გაგუდული მოწმე ბიჭები ქვებს უშენდნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოარტყეს. სამნი მელიაშვილს მიესივნენ, სამნი - შოშიაშვილს, წამოაყენეს, გაუსინჯეს კანჭები, - ნუ გეშინიათ, სისხლი დაგდით, სისხლი რომ არ წამოვა, მაშინ არის ნაკბენი ცუდიო, - და ასე, მხრებში შემდგრებმა ჩამოიყვანეს თავქვეზე.

- მოვკლავ! - ემუქრებოდა მელიაშვილი ჯავრას. შოშიაშვილს მაინც ეღიმებოდა. ძაღლები კი ჩავიდნენ სულ დაბლა, იქ ერთი ძეძვი იდგა, ასწიეს ფეხი, ერთმა ერთი მხრიდან დაასველა ის ძეძვი, მეორემ - მეორე მხრიდან (თითქოს თოვლჭყაპისაგან დასველება აკლდა) და მერე ხტუნვა-ხტუნვით, ჯაჭვების ჩხარუნით გაიქცნენ თავ-თავიანთი სახლისკენ.

ახლა ყველანი მეშვიდე კლასში არიან, თეთრაშვილებიც, ქათამაძეებიც, გაუარაშვილიც და სხვებიც, შეგიძლიათ, მიხვიდეთ დ პირადად ჰკითხოთ, მართლა ასე იყო თუ არა. მარტო შოშიაშვილი ჩარჩა მეექვსე კლასში, აუღელვებლად, თავისი მოუშორებელი ღიმილით, ის მეექვსეკლასელებთან უნდა იკითხო, მეექვსე მეორე კლასში.

ძაღლები, ბოღრია და ჯავრა, დღესაც ყოჩაღად არიან და დღესაც არაფერი აქვთ ერთმანეთის სამტრო.