Litclub.ge

სკოლაში
ექვსი წლისა სკოლაში წავედი. ჯერ ხალისით წავედი, ნართვლევამდეც ვიარე, მერე უარი ვთქვი, - ვენახში მუშები მუშაობენ და მე სკოლაში რა მინდა-მეთქი. ვენახში, რომელიც ასიოდე მეტრის მანძილზეა ჩვენი სახლიდან, მართლა მუშები მუშაობდნენ, ძველ ვაზს აბრუნებდნენ. ჯერ ჩვეულებრივი ბარვის ყურება რა არის, რომ დააწვებიან პრიალა ბარს და ლამაზად წაწვეტებულ ბელტს მისდებენ სხვა ბელტებზე, გადაბრუნება მთელი ამბავია: ორი ბარისპირის სიღრმეზე ჩასვლა მიწაში, ფესვებგანთავისუფლებული ვაზების წაქცევა, ყველაზე თამამი რქის ამოშვება, ჭიგოების შედგმა, ხელახალი მიბელტვა... თან რას აღარ ლაპარაკობენ მუშები, რას აღარ მაიმუნობენ.

ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და აღარ მივდივარ სკოლაში. ხან ვიმალები, ხან ვღრიალებ და სულ იმ მუშებთან ვარ. ბოლოს ერთ ნისლიან, ცოტა ნაწვიმარ დილას ძალით წამათრია ბებიამ... ეს ამბავი ცალკე მოთხრობად მაქვს დაწერილი, „ჩემი ბავშვობის ერთი ნისლიანი დღე“ ჰქვია. ახლაც თვალებს ვხუჭავ უნებურად, მაგრამ მაინც რომ დავუბნიე მთელი კლასის რვეულები ცნობილ ისააკ მასწავლებელს. ისიც მაწუხებს, როგორ დამსვეს ამის შემდეგ მერხზე... მაგრამ აქეთ უკვე პირნათლადა ვარ. დაგვიანებითაც კი აღარ დამიგვიანია აღარასოდეს, სანამ მეათეში არ გადავედი, ომი არ დაიწყო და არ აირია ყველაფერი...

ჩემს ერთ საყმაწვილო მოთხრობაში („ჩემი ბავშვობის სკოლა“) უკვე ნაამბობი მაქვს, რომ ჩვენს სოფელში ორი სკოლა იყო; ზევით სკოლა და ქვევით სკოლა, დიდი და პატარა. პირველსა და მეორე კლასში ზევით სკოლაში დავდიოდი, იქ იყო დირექტორის კაბინეტი, იქ დააბიჯებდნენ უფროსი კლასების მკაცრი მასწავლებლები; მესამე და მეოთხე კლასში - ქვევით სკოლაში, მეხუთეში ისევ ზევით აგვიყვანეს.

სულ კეთილი, ჩვენზე მზრუნველი მასწავლებლები გვყავდა: ნადია მასწავლებელი, მარგო მასწავლებელი, თამარა მასწავლებელი, ანეტა, ტასო, მისი მეუღლე სანდრო, ისააკი, ნიკოლოზი (ჩამოსული), გუგა... მაგრამ გვყავდა ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მასწავლებელიც - მიხეილი. ეს მიხეილი ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იყო ნასწავლი, სწავლობდა, თურმე, მუსიკასაც. იქ რაღაც მომხდარიყო, ვერ დაემთავრებინა უმაღლესი და ახლა აღარც ექიმი იყო, აღარც მუსიკოსი. ბუნებისმეტყველებას გვასწავლიდა პატარებს. ჩუმ-ჩუმად დადიოდა აზრი, რომ ცოტა... ცოტა გადახრები ჰქონდა, მაგალითად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გვიყვებოდა დიდ კომპოზიტორებზე: ბეთჰოვენზე, ვერდიზე, გლინკაზე, ზაქარია ფალიაშვილზე, თვითონაც წერდა „ალტრუისტული ხასიათის ოპერას“ (მისი სიტყვებია) - „სიყვარულის ტალღებზე“, მალე აპირებდა დამთავრებას და, მერე სხვა ვიქნები, სულ სხვაო.

ბუნებისმეტყველებას გვასწავლიდა რუსოს პრინციპებით. გვქონდა მიკროსკოპი. ის მიკროსკოპი დაგვქონდა გორებზე, ტყეში, ნათესებში, გვაჩვენებდა ნიადაგის ქანებს, ნეშომპალებს, ბოლქვებს, ფუნჯა ფესვებს, ხავსებს, მღიერებს. გვაჩვენებდა სხვადასხვაგვარ მწერებს, მათ თვალებს, ხორთუმებს, კლანჭებს. მისი გაკვეთილები ყველას ძალიან გვიყვარდა, მაგრამ დიდხანს არ დაგვიტოვეს მასწავლებლად, ჩამოაცილეს, საერთოდ, სკოლასაც.

ამის შემდეგ სულ სხვანაირს ვხედავდით მიხეილ მასწავლებელს. გრძელი, დაძველებული ფარაჯა ეცვა, ყურებზე საყელოწამოწეული. პირგაუპარსავი იყო, თვალებმოელვარე. ეწეოდა პაპიროსს, მის კვამლში ჰქონდა გახვეული სახე და მაინც გვეჩვენებოდა, რომ ძალიან სევდიანად იყურებოდა ჩვენკენ, ბავშვებისაკენ.

დიდი ბეჯითი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გაჭირვებულებშიც არასოდეს მოვხვედრილვარ. ეს კი არა, მეხუთე კლასში სკოლის მოწინავე მოსწავლეთა შორისაც კი ვარ გადაღებული. ვდგავართ მოსწავლეები, ყველას გაზეთი გვიჭირავს ხელში. სულ თავში ვანო ნახუცრიშვილი დგას (დღეს ცნობილი ბიოლოგი), სულ ბოლოს ნიკუშა პარუნაშვილი - პატარა, პატარა (ომის დროს ქარბუქმა დაახრჩო საცოდავი), ბოლოდან მეორე - მე, მეც სასაცილოდ პატარა.

შეიძლება ამ მოწინავეთა შორის მოხვედრა მამაჩემის დამსახურება უფრო იყო, - მამა სოფლის ყველაზე დიდი თავკაცი იყო მაშინ, - რადგან „ფრიადოსნებიო“, მე კი, მახსოვს „კარგებიც“ მყავდა რამდენიმე. მაგრამ ყოფაქცევასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. კლასში ძალიან კარგი მოსმენა ვიცოდი და შეიძლება ამანაც შემიწყო ხელი, ამ სურათში რომ მოვხვედრილიყავი.

მამაჩემის თავკაცობა კარგიც იყო და ცუდიც. ყველამ იცოდა, - ეს იმის შვილიაო. ერთნი თუ კეთილი ღიმილით იტყოდნენ ამას, მეორენი ავად წაიდუდუნებდნენ რაღაცას.

აი, გუშინდელ დღესავით მახსოვს: მეორე კლასში ვარ, წყალი უნდა დავლიო სკოლის ეზოში, ონკანიდან. მშვენივრად მოვლილი ეზო გვქონდა, მწვანეგაზონებიანი, ფხვნილი აგურით მოფენილი გზებით. მივედი ონკანთან, ავიღე ტოლჩა; უნდა ონკანიც მოვუშვა. გვერდით ორი ბიჭი დგას, დიდები. მობრუნდა ერთი სწრაფად, - მომეცი შენი ტოლჩა, მე აგივსებო. გამომართვა, მიბრუნდა, ჩააფურთხა შიგ და მერე გამივსო წყლით. მე დავინახე, რომ ჩააფურთხა. გადაღვრა დავაპირე, მაგრამ არ დამანება, - როგორ, ჩემს ავსებულს არა სვამო?! მაძალებდა. მაშინ ჩაგვერია მეორე ბიჭიც, გაანებე თავი, რათ უშვრები მაგასო? მიუბრუნდა მოძალადე და უთხრა, - ამისმა მამამ ჩამოგვართვა ჩვენი ჭოტა ხარებიო.

საბჭოთა წყობილების დამყარებას, კოლმეურნეობის ჩამოყალიბებას და გადასახადებს მამაჩემს აბრალებდნენ. ერთხელ მახსოვს, ერთმა თითქმის უკვე კაცმა დამიდო ფეხი და ტალახში წამაქცია, მერე თვითონვე ამაყენა, - ეგ რა მოგივიდა, ბიჭოო! მაგრამ ისიც გავიგონე, როგორ ამბობდა ცოტა ხანში, - მეტის ღირსია, მაგისმა მამამ წაართვა მამაჩემს ორლულიანი თოფიო.