Litclub.ge

კახეთს
ვინც სოფლისგან და ბედისაგა არს დაჩაგრული,
დღენი კეთილნი ამ სოფელში ვინც ვერა ნახა,
ვისიც სიცოცხლე უვარგისად და ცრუდ დასახა,
ვისაც მაღალი აღარ ესმის ბუნების ენა,-
...............
მან მომცეს ხელი,მას ავიყვან მთასა მაღალსა:
იქ იმის გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიღვიძებს,
ღვთიურ ცეცხლი განაცხოვლებს მის თვალს დამშვრალსა,
სოფლის სიხარულს, სოფლის ტანჯვას ის კვალად იგრძნობს,
კვლავ მოიგონებს ჩვენს მხიარულს ლხინს და სიმღერას.
წარსულნი წელნი,ტრფობის დღენი მოაგონდება,
გული ძლიერად, სიხარულით დაუწყებს ძგერას,
სიყვარულისა საღმრთო ალით კვლავ აღენთება,
კვალად შეჰხედავს ცას და მიწას ნათლის თვალითა,-
ოღონდ შეჰხედოს დაბლა ვრცელს ველს, მის წინ გარდაშლილს.
ველსა მთლად მოსილს წალკოტებით და ყვავილებით, 
ველსა ედემსა,ტურფა ედემს , ღვთისგან პირველ ქმნილს,
მის წინ მთათ რიგთა, დიდებულად ცამდინ აღმართულთ,
მაღლა ყინულით,ძირს ფურჩვნილის ტყეებით მორთულთ,
მას ვრცელ ველს შუა მშვენიერსა დიდს მდინარესა,
ზოგან კამკამით, ზოგან მჩქეფრად მომდინარესა,
შეჰხედოს,ნახოს მის მდიდარი,ტურფა შვენება,
და მისი გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიშლება!
როდის მეღირსოს, მშვენიერო ,ჩვენო კახეთო,
მწვანით მოსილის გომბორის მთით კვლავ გადმოგხედო,
შენის შვენებით, შენის მზერით გავიძღო თვალი,
შენს სადღეგრძელოდ შენ-წინ შევსვა სვსე ფიალი!