სუ ცეტები მყვანან, ქმარიც და შვილებიც. რაც მაგათ არ გააკეთონ, ის უნდა გაგიკვირდეს. ჩემმა პატიოსანმა ქმარმა, მე რომ მომიყვანა, იმ წელიწადს ხარი შეღება, ერთი წითელი ჰყავდა, ერთი თაფლა, ორივე კოლექტივისები. ჩვენაო წითლები ვართო, წითელი ხარები უნდა მყავდესო, და წავიდა, იორმუღანლოში ჩავიდა, თათრის მოლა იყო ერთი, იმას გამოართვა საღებავი, თათრები წვერებს იღებავენ იმით, ამოიტანა და შეღება ის თაფლა ხარი. მერე, დიდი ბიჭი რომ გამიჩნდა, შალიკო, თხა გაწურთნა, ორ ფეხზე დააყენებდა, დაუძახებდა, ჩემი სულელი ვინ არიო, და თხაც უპასუხებდა, - მეეო. თან მეე-მეეს იძახდა, თან აეგრე სიმრგვლივ დადიოდა და ხალხს თავს უკრავდა. კოდალები ჰყავდა, ტყეში, ფუღუროში ენახა პატარა ბღარტები, ისე შეიჩვია, დადგებოდა შუა ეზოში, - კული-კულიო, - და შეაფრინდებოდნენ აქეთ-იქიდან ოთხნი. ფრონტზე რომ სახედრებს კუდზე ქვასა ჰკიდებდნენ, არ იყროყინონო, ეგეც ჩემი ქმრის მოგონილია.
დიდმა ბიჭმა, შალიკომ, ომიანობას მარხილში ძაღლი შეაბა და იმით ეზიდებოდა ლაჯებაურიდან შეშას. პატარა კიდევ, ამირანა, - ვიღაცას ეთქვა, მშიშარა ხარო, - და მთელი ზაფხული ნათლიმცემლის ნანგრევებში იძინებდა. ორმოცდაცამეტში, სტალინი რომ მიიცვალა, გორში წავიდნენ ექსკურსიაზე, იქიდან რომ დაბრუნდნენ, ცხინვალელი გოგო ჩამოგვგვარა. რა უნდა გვექნა, ვიყავით გამტკნარებულები. ბრიგადელს ეთქვა ჩემი პატიოსანი ქმრისთვის, რა ჩუმადა ხართ, ხალხო, პატარძალი ხომ მოიყვანეთო! ჩუმადაო! გაიტანა ჩემი მზითვის დიდი სპილენძის ტაშტი ჩემმა ქმარმა და დაკა! - ეგეთი ბრახუნი აუტეხა, ქალაქში ჩავიდოდა იმისი ხმა, - ეხლა ხომ გაიგონეთო.
- ენაც ფინთი აქვთ სუყველასა. ჩემი ქმარი იყო, რაიონიდან გადმოსულ კაცს რომ ჰკითხა მინდორში, - ვინა ბრძანდებითო. მომაგრებული ვარო. აბა, შვილო, თუ ეგრეა, მე მოფამფალებული ვარ და თოხი შენ გამომართვი, მე ცოტას წავუძინებო. მაგაზე გადაგვეკიდა თავმჯდომარე, ხე-ტყის დამზადებაზე გაგზავნა და კინაღამ მოინელა კიდეც. მორი დაეცა მარცხენა ფეხზე და ძვალი მარილივით გადაუმტვრია. სახედარი მაგისათვის გაიჩინა, სახედარი და ტაჭკა, დაჯდებოდა იმ ტაჭკაზე და იმით დადიოდა ვენახი იყო თუ რა იყო. ხო ფეხს ძლივს დაათრევდა, სიცეტეს მაინც არ იშლიდა. ხრუშჩოვობას, სახედრები რომ დაიძახეს დამზადებაში, რაიკომის მდივანთან მივიდა და უთხრა, - ეს სახედარი მთელ ოჯახს აცხოვრებს, მე არაფერში ვვარგივარ, მაგის მაგივრად მე ჩამაბარეთო. რაიკომის მდივნის თანმხლებლები გაცეცხლებულან, - დაიჭირეთ ეს მამაძაღლიო, რაიკომის მდივანს კიდევ გასცინებოდა და გამოეშვა ჩემი ქმარიცა და სახედარიცა. ის სახედარი მერცხალა იყო, ის რომ მოგვიკვდა, - რა ვიცი, რა შეჭამა იმ უბედურმა, - ჩემმა ბიჭებმა დეპეშები აფრინეს ძმაკაცებთან, - მერცხალა დაგვეღუპა და გვეწვიეთო, პატივი გვეცითო. ისეთი ქელეხი გადაიხადეს, ზოგი კაცისთვის არ დახარჯულა ეგრე. ლავაში უყვარდა საწყალსაო, და სულ თხელი ლავაშები დამაცხობინეს.
მეორე, ის საქვეყნოდ გასახელებული სახედარი, მერცხალას მერე მოიყვანეს კახეთიდან. ვერ ვიტყვი, იქვე ერქვა, კახეთში, თუ ჩვენებმა დაარქვეს, შახოს ეძახდნენ. იყო ეგ საცოდავი შახოც თავჩაღუნული მშრომელი, ცამეტი წელიწადი გვემსახურა უსაყვედუროდ, ხანდახან მარტო წალამზე გადასული. სხვა რომ არაფერი ჰქონდა, წალამსა სჭამდა. ბიჭები მაშინაც მანქანებზე ისხდნენ, ერთი დიდ მანქანაზე, მეორე - თავმჯდომარის კოლხოზნიკზე. მაინც იმ საცოდავ შახოს ედგა ჯაფა. ვენახი და შინ, შინა და ვენახი, ჭალა და მაღაზია, მაღაზია და წისქვილი. არ დაიჯერებთ და, ბოლოს გაჭაღარავდა, ცხვირთანაც გაჭაღარავდა, წარბებთანაც. მერე, შალიკომ, დიდმა ბიჭმა, პობედა იყიდა, პობედამდე მოსკვიჩი გვყვანდა, წითელი, ადგნენ და ის მოსკვიჩი სავენახედ გადადეს, სავენახედო და ჩემ პატიოსან ქმარსაც ასწავლეს შოფრობა. რაკი იმანაც ისწავლა შოფრობა და იმ მოსკვიჩით დაბრძანდებოდა, შახო განთავისუფლდა. შახოს რაღა ვუყოთო! შეგროვდა სამი გიჟი ერთად, დასხდნენ, დაიწყეს თათბირი. - შახოს პენსიაში გასვლა ეკუთვნისო, - ჩემმა პატიოსანმა ქმარმა, - ხო სულ თავდადებული იყო საქმისათვის, ეხლა ერთი კაი გაცილება მოვუწყოთ და გავუშვათ თავისუფლადო. - რა მამა გვყავხარ, რა მამაო! - ეცნენ ბიჭები, ასწიეს მაღლა, შემოატარეს ეზო და გადაუშვეს ლობიოს ნარჩევში.
იმან ხომ მარტო ეს თქვა, ჩემმა პატიოსანმა ქმარმა, თავისუფლად გავუშვათო, ბიჭებმა მედოლე და მეგარმონე მოიყვანეს, ჩააბეს შახოს წითელი ლენტი, დაჰკიდეს კონსერვის ყვითელი სახურავი, ვითომ დიდი მენდალი, დააყენეს ის მედოლე და მეგარმონე, დააკვრევინეს საგზაო, გაუღეს პობედის კარი შახოს, მიიპატიჟეს, მობრძანდით, ბატონოო. სახედარი ნებით რას შევიდოდა, მაგრამ თან მოფერებით, თან მუჯლუგუნებით, ძალით შეჭყუნეს შიგ, თავი მარჯვნივ გააყოფინეს, თავიც და წითელ ლენტზე დაკიდებული კონსერვის სახურავიც. მეცა ვწყევლი, ჩემი რძლებიც, - გზის მაიმუნებო, სოფლის მასხარებო-მეთქი. ისინი კიდევ აქეთ გვადებენ ვალს, - ეგრე უნდა მადლის დაფასება?! ცამეტი წელიწადი რომ მაგან გვატარა, ერთხელ ჩვენ გავასეირნოთ, სამშობლო ვაჩვენოთ, იქნებ რა გულით უნდა იქაურობის ნახვაო! ჩასხდნენ - პობედაში დიდი ბიჭი შალიკო და ჩემი პატიოსანი ქმარი, მოსკვიჩში - პატარა, ამირანა, შალიკოს ბიჭი შოთა, მედოლე, მეგარმონე და ერთიც სართიჭალელი ბიჭი, ამირანას ძმობილი, დაუკრეს მედოლე-მეგარმონემ გამოსამშვიდობებელი, მთელი სოფელი ჩვენ თავს არი. დაიძრნენ და წაიყვანეს ეგრე - ყროყინ-ყროყინით, სიცილ-ხარხარში ის საცოდავი. მისდევენ უკან სხვებიც მანქანების პიპინით. დაედევნა ჩვენი ინსპექტორიც, რასა ოინბაზობენ, რო იონბაზობენო, მაგრამ ცოტა ხანში უკან მობრუნდა სიცილით, - რაღა მე ვაწყენინო, ბარემ სხვებმა დაიჭირონ, კახეთში ეგრე ხომ ვერ ჩავლენო.
იმ კახეთში კიდევ, სოფლები ხომ სოფლებზეა გადაბმული, აძლევენ ზეიმის სიგნალებს; გააქვს დოლსა და გარმონს დასტიბუბუ, ერთმანეთს აწყდება გზებზე გამომდგარი ხალხი, ჩვენი ცეტები კი სხედან და მიდიან. საცა დუქანი დახვდებათ, ჩამოვლენ, ფეხს გაშლიან, დაილოცებიან, იმ საწყალ შახოს ხან ხინკლებით გაუმასპინძლდებიან, ხან ტკბილეულით. მისდევს კახეთის მუქთაობა ჯელგად.
ერთ ინსპექტორს მოუნდომებია ნომრების ახსნა, მაგრამ ხალხს არ დაუნებებია, შენაო, ქუდი ხო არ გიჭერს, აბა, თითი შეიყავი რკალშიო. ჩასულან ესე იმ სოფელში, სადაც შახო იყო ნაყიდი, მიიყვანეს სწორედ იმ ვერხვთან და წყაროსთან, სადაც ფული ჰქონდათ დათვლილი შახოში, გადმოუყვანიათ მანქანიდან, გაიხარაო, გაიხარაო, - თურმე რომ დააღო პირი და ამოუჯდა გული, სუ ღაპა-ღუპით სდიოდა ხალხს ცრემლიო.
გამოსულან იმსოფლელები, ისინი უარესი ცეტები, ადრინდელი პატრონები, იმისი ბიჭები, გაუშლიათ იქვე, ვერხვის ქვეშ სუფრა, ღვინო ჰქონიათ, ღვინო, რომ ჰა! უსვიათ, უთამაშნიათ, ქალებიც უთამაშებიათ, მადლობის წერილი მიუციათ თავმჯდომარისთვის ბეჭდით, - პირუტყვის კარგი მოვლისთვის. ისევ ჩაუსვამთ შახო მანქანაში და იქიდან გომბორზე წამოსულან, ამოსულან მაღლა უღელტეხილზე. იქ ერთი მენახირე შეჰხვედრიათ, -ესეა და ესე საქმე, მოდი, ეს სახედარი შენს ნახირს ააყოლე, იყოს, იბალახოს და ჩვენზე იქნება, ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ჩვენთან არაფერი დაგეკარგებაო. იმასაც, იმ მენახირეს, რომ უნახავს, რა ოხრებიც იყვნენ, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთო, გაუშვია მუხლამდე ბალახში. გადმოსულან მედოლე და მეგარმონე, დაუკრავთ გამოსათხოვარი; იმ მენახირისთვისაც დაულევიანებიათ, ფულიც მიუციათ, დაუკრავთ ერთხელაც და წამოსულან.
შინ რომ მოვიდნენ, ისევ დაგვეცა მთელი სოფელი. ჩვენ ხომ გზაში ვერ დავლევდით, დედი, შალიკომა და ამირანმა, აბა გაშალეო, გავშალე მეც, რაც კი მოგვეძევებოდა, იქეიფეს, იმღერეს, იმ ღამეს კიბეზე დაგორდა ჩემი პატიოსანი ქმარი და კინაღამ მეორედ მოიტეხა ის მოტეხილი ფეხი. დილით კანტორაში დაიბარეს ყველანი, - რა ამბავში ხართ, ამხანაგებო, თქვენაო. მაგრამ, რა გინდა, რა! რაც ჩემები არიან, ისიც ახალი თავმჯდომარე გვყავს, სუ პირი ღია აქვს, გაზეთში გაგწერთო, მაგრამ არც გაზეთში გაუწერიათ, არც არაფერი, სუ წვრილად შერჩათ მაიმუნობა.
განა მარტო ეგა? ძაღლი გვყავს ერთი, ფინთი, ფინთი, რომ ნაზუქსაც კი არ გეახლებათ მშრალად. ის ძაღლი ჩაუვარდა მანქანას თვლებში, გადარჩა, მარტო კუდი გაეჭეჭყა ცოტა. ამაზეც მაღარიჩი გვეკუთვნისო, და კლარნეტით იქეიფეს დილამდე, ძაღლიც სულ სუფრასთან ჰყავდათ, სუფრაზე წინაფეხებჩამოწყობილი, თამადა ჩემი პატიოსანი ქმარი იყო. სამოცდასამი წლისა. შალიკო უნდა დაეჯილდოებინათ, ტრაქტორზე და კომბაინზე მუშაობს ეხლა, მაგრამ ემაგნაირი სიცეტეებისთვის აღარ დააჯილდოეს, არც შალიკო, არც პატარა, ამირანა.
კახელებზე ხომ წეღან გითხარი, მაგათზე უარესები ქართლში ყოფილან. ცხოვრება მოსდევთ და იმისთვისა. აი, კუჭი უნდა უხმებოდეთ შიმშილითა და მაშინ ვნახოთ, როგორც იცეტებენ თავიანთ ნებაზე.
ამას წინათ, შალიკოს ბიჭს, შოთას, სამი ფუთი პამიდორი გავატანეთ ქალაქში გასაყიდად და მტკაველნახევარი აისორი პატარძალი მოგვგვარა, - ეს მომივიდა იმ პამიდვრის ფასადო.
მეშინიან, შვილო, ეხლა ესე ვლაპარაკობ და გული-გულში რაღაცა ძალიან მეშინიან. მეჩვენება, რომ გამუდმებით ვიღაცა გვითვალთვალებს ბოროტი თვალით, თან გვითვალთვალებს, თან პირზე ხელს იფარებს, რომ ღიმილიც კი არ დავინახოთ იმისი ჩვენა.
ღვთისმშობელო დედავ, შენ დაგვიფარე შენი კეთილი კალთითა!