რა მომესმის გალობა დიდმარხვისა
და მის სიტყვა,არ ამ სოფლის, ციური,
გულს შორდება მწკივლი ძმათ განკიცხვისა,
და გარდმოდის ჩემზედ მადლი ღვთიური
მიცხოვლდება კვლავ ნათლით წმინდით გული,
სული ჩემი ცათა აღემართება;
მთლად ჩემს არსსა მოიცავს სიხარული
და უცნობი ამ ქვეყნად სიტკბოება.
დაყრდნობილსა შუბლით ტაძრის ქვაზედა
ტკბილნი ცრემლნი მდინარებენ თვალთაგან
იმ ციურის გალობისა ხმაზედა,
შორს ამ სოფლის ვაებასა კვალთაგან:
„წარემართოს ლოცვა ჩემი, უფალო,
შენ წინაშე, ვითარცა საკმეველი.
ხელს აღვიპყრობ შენდა, ღმერთო მაღალო,
ეს არს შენდა სამწუხარო ჩემი მსხვერპლი;
მომისმინე, მომისმინე უფალო!“