მიმყუდროვებულან საფიხვნოში. დამსხდარან და მიწას ჩაჰყურებენ გაშტერებით. შავჩიქილიანები, შავები, შავად ჩაცმულები. ჯაფისაგან უდროორ ჩამოლეულები, სანთელივით ჩამომდნარები, ჩამოღვენთილები.
წინდებსა ქსოვენ და დროდადრო ოხრავენ.
მივალ და ვკითხავ:
- ნინუავ!
- სოფიავ!
- მართავ!
- კანუშავ!
- რაზე ოხრავთ, თქვე ბეჩავებო, თქვე დამწვრებო, აქ რას
უსხედხართ!
- ძვლებს ვათბობთ, ძმისავ.
- კაცები სადღა გყავთ, ძალო.
- კაცები ხატში წავიდნენ, ჩემო თავისავ.
- აი, ზევით ხატის გორაზე სხედან მთვრალები.
ბაწაწუნაი.
მწარიაი.
კოფიაი.
ჯღანიაი.
ბერი.
ხატის გორზე სხედან და სვიან ლუდსა სვამენ თასებით.
დედაკაცებს ხატის მოედანზე არ მიესვლებათ. ისინი ქვევით სხედან.
კაცებს ეს რაღაცნაირ სიამაყეს ჰგვრის და თვრებიან, ულვაშებით
სწურავენ სვიან ლუდს.
მზე ჩადის.
დედაკაცები ისევ საფიხნოში სხედან და ძვლებს ითბობენ
- ნინუავ!
- სოფიავ!
- მართავ!
- კანუშავ!
- თქვენი უდროოდ ჩამობერებული ძვლებიდან ადენილი სუსტი ალი
მკიდია სულში. თქვენი ოხვრა მინთია სანთლად. თქვენი მუხლებში ჩამდგარი სიბერე მაელდებს. გხედავთ და ასე მგონია, რომ ღმერთთან შესასვლელ კარს უყურებდე.
- ძვლებს ვითბობ, ძმისავ! ..
- მზის სითბო ნუ მოგიშალოთ, ძალო!
- ეგრე შენა, ჩვენო თავისავ!
ღამდება.. .