ჩოხელებმა ტყიდან პატარა მსხლები, ვაშლები და ტყემლები მოიტანეს, სამანს აქეთ, სოფლის ახლოს ჩარგეს და მოაშინაურეს.
ყოველდღე და ზოგჯერ ღამეც, მსხლების ძირში იწვა ბიბიღია.სხვები რომ სამუშაოზე მიდიოდნენ, ეგ მსხლის ძირში იწვა და ქარისაგან ძირს ჩამოყრილ მწიფე მსხლებს ჭამდა.
იმ შემოდგომაზე, როცა მთლიანად დამწიფდა მსხლები, შეიყარა თემი და ჩამობერტყეს ხეებიდან მსხალი და ვაშლი. ერთ ადგილზე დააგროვეს და თანაბრად გაინაწილეს.
მაინც არ მოიშალა ბიბიღიამ ხეებთან წოლა. მთელი დღის განმავლობაში გულაღმა გაშხლართული შეჰყურებდა ხის კენწეროებზე შემორჩენილ მწიფე მსხლებს.
თემს თვალში ეჩხირებოდა მისი სიზარმაცე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს ამბობდა შუღლით.
მიიწურა შემოდგომა. მოშინაურებულ ხეებს მთლიანად ჩანოსცვივდათ ფოთოლი.
ჩამოთოვა. დიდი თოვლი მოვიდა იმ ზამთარს. ბიბიღიას შეშა შემოაკლდა და ტყეში რომ ვეღარ წავიდა, თემის ხეებში გადავიდა და მოშინაურებული მსხალი წამოაქცია.
ხის წაქცევის ხმამ ჭექა-ქუხილივით დაუარა თოვლის სიმყუდროვეში შეყუჟულ თემს.
საყრილობო გორზე განაჩენი გამოიტანა შუღლამ. ერთი კიდევ შეემატა სამანს იქით დასახლებულებს.