გვარი!
– ჩოხელი.
–სახელი!
– ბუთულა...
–პროფესია?
– სოფლის დეკანოზი.
– ვის უჩივით?
–შუღლიანთ (ღვთისავარს) მახარას. ღაზე?
–იმაზე, რომ ჩემი საკუთარი ყვავი მიისაკუთრეს. გადაიბირეს და ახლა ჩვენიაო, აღარ მანებებენ.
–როგორ თუ შენი საკუთარი ყვავი, მასულელებ კაცო?
–მთალმა ქვეყანამ იცოდა, რომ ის ყვავი ჩემი იყო, სულ მე დამყვებოდა, სათიბზეც, სახნავზეც... ჩემი იყო, ეხლა კი იმათ გადაიბირეს.
– მოიცა, მოიცა... თქვენ გყავდათ საკუთარი ყვავი, არა?.. რა ერქვა იმ ყვავს?
–ყვავს?
–ჰო, ყვავს.
–არაფერი, ხალხი ბუთულას ყვავს ეძახდა. ესე იგი, თქვენ არაფერს არ ეძახოდით, გასაგებია.
– რა არის გასაგები, კაცო?..
–ის., რომ თქვენ მიისაკუთრეთ ყვავი, გესმით?
–ღმერთია მოწმე... მე...
–ღმერთი! ღმერთი არ გამაგონო!
– მაპატიეთ... ეს, ისე...
–მოქალაქე ბუთულა, რამდენი ხანი გყავდათ ის ყვავი პირად საკუთრებაში?
–ცხრა წელი, უფროსო.
– ეხლა რატომ აღარ განებებენ?
– ჩვენიაო, იძახიან.
-ყვავს ვისთან ყოფნა უნდა?
–ყვავი მოატყუეს, უფროსო, დღედეღამე საკენკს უყრიან. ისიც სულ იმათთან დაფრინავს.
– არც ისინი ეძახიან სახელს?
–არა...
გვიანობამდე საუბრობდნენ ყვავის თაობაზე ბუთულა და მოსამართლე, მერე სასამართლოდან ისეთი დაღლილი გამოვიდა სოფლის დეკანოზი, რომ სახლამდე ძლივს მიაღწია ცხენით.
რა ქენი, კაცო, რა გითხრა, მოვაცემინებთო ყვავის საფასურს... ხმა ამაიღე, რას გაშტერებულხარ! ეკითხებოდა ბუთულას ცოლი.
– რაო და, შენც და ისიცაო, დამნაშავეები ხართო, ჯერ შენ მიისაკუთრე ყვავი, მერე იმანაო, რაღაცა ბნელი ინტერესების გულისთვისა მალავთო.
– კი, მაგრამ ფულს არ მოვაცემინებთო?
–ფულიო, ფული შეიძლება ასი მანეთი შენ წაგართოთო.
–რატოო, კაცო?
– ხვალ დილით თქვენ სოფელში ამოვალ და გამოცდას მოგიწყობთო. მაღალ ბანზე ერთ მხარეს შენ უნდა დაყარო საკენკი, მეორე მხარეს მახარამო. თქვენ თქვენგან დაყრილ საკენკებთან დადგებით, მე კი შუაში დაგიდგებითო, დაველოდებით ყვავსაო, თუ შენ საკენკთან დაფრინდა, მახარამ უნდა გადაიხადოს ჯარიმა ასი მანეთიო, თუ იმისაზე დაფრინდა შენა უნდა გადაიხადოო.
– შენ ხო არ გაგიჟდი, კაცო, ამ ხატობებში ას მანეთზე მეტი არც შემოუწირია ხალხს და ისიც ჯარიმაში უნდა გადაიხადო? ხომ იცი, რომ იმათზე დაფრინდება.
–ეგეაო და რა ვქნა.
მეორე დილით მთელი სოფელი შუღლიანთ ბანს გარს შემორტყმოდა, ბანის ერთ მხარეზე მახარა იდგა,
მეორეზე – ბუთულა, იმათ შუაში მოსამართლე გაჯგიმულიყო.
ნახევარი სოფელი ბუთულას ინტერესებს იცავდა, ნახევარი კიდევ – მახარასას. საქმე კი ყვავს უნდა დაებოლოვებინა. დიდხანს მოუხდათ ლოდინი, რატომღაც იგვიანებდა ყვავი.
მოსამართლეს ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ მამასხარავებენო, მაგრამ მახარასა და ბთულას გამოთაყვანებულ სახეებს რომ შეხედავდა, იმედი ეძლეოდა და თავისთავზე გულში ბრაზობდა,რატომ ორასი მანეთი არა ვთქვი ჯარიმაო.
უცებ ხალხი აჩოჩქოლდა. ჰაერში ყვავი გამოჩნდა, ღრუბლებში წრეს უვლიდა და ნება-ნება ეშვებოდა მათკენ. სანამ ძირს ჩამოვიდოდა, ლამის გულები გაუსკდათ მახარესა და ბუთულას.
ბოლოს, როგორც იქნა, მათ თავამდე მოაღწია ყვავმა, ფრთები შეატყლა-
შუნა, მოსამართლეს ზედ ქუდზე დააჯდა, დასჩხავლა, დაასკინტლა და გაფრინდა.
მახარასა და ბუთულას გულზე მოეშვათ, ჯარიმის გადახდას გადავურჩითო.
მაგრამ მოსამართლე ეგრე ადვილად არაფერს სთმობდა, მალე მოეგო გონს და მახარესა ბუთულას ახალი ბრალდება წაუყენა.
– იმისათვის, რომ რაღაცა ბნელი ინტერესების გულისთვის მიისაკუთრეთ ყვავი და არც სახელი დაარქვით, უფრო მეტიც, მორალურად გარყვენით, ერთიცა და მეორეც ვალდებული ხართ გადაიხადოთ ორას-ორასი მანეთი ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიცემული იქნებით პასუხისგებაში. ვადა გეძლევათ ერთი კვირა.
მოსამართლემ ქუდი გაიწმინდა, დაიხურა და წავიდა.მახარა იმაზე ღონავდა, სად ვიშოვო ორასი მანეთიო. ბუთულას კი ცოტა იმედი მიეცა:– წინა დღეობაზე ასი მანეთი შემოსწირეს ხატს, ორ დღეში ახალი ხატობაა და იქნებ ასი კიდევ შემოსწირონო.
მოხდა უბედურება, არ მოვიდა დღეობაზე ბევრი ხალხი და შეწირულობა აღარ დაიგროვდა ბუთილას, ვერც მახარამ იშოვა ერთ კვირაში პული, ვინც კი გაიგო, რისთვის სჭირდებოდა, არავინ აძლევდა. მიხურავდნენ კარს და ბუზღუნებდენენ თავისთვის: წადი, შესცქირე ყვავებს და იქნებ მათ გამოსცვივდეთო ფული.
ერთი კვირის მერე მოსამართლემ ორივე თავისთან დაიბარა და სახლში აღარ გამოუშვა. ყოველდღე იბარებდნენ მათი სოფლიდან დაკითხვაზე მოწმეებს. ადგენდნენ ყვავის ვინაობას.
ზოგი თავს არიდებდა სასამართლოში სიარულს და პირველივე დაკითხვაზე ჩუმად შეაპარებდა მოსამართლეს ფულს, მერე სოფელში მიბრუნებული თავის ოსტატურ საქციელზე ამაყად ჰყვებოდა და იმათ, ვინც უკვე მერვედ იყო დაკითხვაზე თავს ამეტებდა.
შეწუხდა სოფელი, შეაგროვეს ოთხასი მანეთი და თანასოფლელების გამოსახსნელად მოსამართლეს მიუტანეს.
მოსამართლემ თითები მაგიდაზე დააკაკუნა და ფული ისე უკმაყოფილოდ ჩააგდო უჯრაში, სოფლის თავკაცებს იმედი წაუხდათ.
–თქვენს თხოვნას დავაკმაყოფილებ იმ შემთხვევაში, თუ დაიჭერთ იმ ყვავს და მმომიყვანთ, აქ, პირადად მე, ცოცოხალს!
დიდი და პატარა იმ ყვავს დასდევდა დასაჭერად. ის კი აღარავის ეკარებოდა. შოფელში იშვიათად ჩამოდიოდა, შეჯდებოდა რომელიმე ხეზე, დაიჩხავლებდა და წავიდოდა. ვერც იჭერდნენ და არც მოკვლა უნდოდათ. მოსამართლემ – ცოცხალი მომიყვანეთო – და რომ მოეკლათ, ვაითუ მთალი სოფელი დაეჯარიმებინა.
ბოლოს გამიხარდას მოუვიდა თავში აზრი:
–ხომ ვერ იცნობს მოსამართლე სახეზე, რომელი ყვავი იყო.
–ვერ იცნობს.
–ჰოდა, დავიჭიროთ სხვა ყვავი და მივუყვანოთ.
–სწორია.
– კი მარა, ვაითუ იცნობდეს? –დაეჭვდნენ ზოგიერთები
–ერთხელ ნახვით რას დაიმახსოვრებდა, თქვე კაი ხალხო, თქვენა, თანაც მგონი კარგად ვერ დაინახა, პირდაპირ ქუდზე დააჯდა და გაფრინდა.
– კი მაგრამ, იმათ რომ წამოსცდეთ, ეგ ყვავი არ არისო, მაშინ... მაშინ რაღას შვრებით.
– ავდგეთ და გასაფრთხილებლად გავაგზავნოთ კაცი. ამას და ამას ვაპირებთ და არაფერი წამოაყრან-ტალოთ-თქო.
გაგზავნეს კაცი ბუთულასა და მახარას გასაფრთხილებლად.
სოფლის ხილებში ერთ ბებერ ყვავს ჰქონდა ბუდე. შულ ყოველთვის იმ ბუდეში იხდიდა ხოლმე ბარტყებს და ისე მიეჩვივნენ სოფლელები, რომ არასოდეს არაფერს უშავებდნენ. ისიც კარგად ხედავდა მათ კეთილგანწყობას და არასოდეს არა ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ეზოდან წიწლა მოიტაცოს.
მეტო გზა არ იყო. ხალხმა გადაწყვიტა, ეს ყვავი წაეყვანათ მოსამართლესათვის. ბალღაბი აგზავნეს ხეზე და ბუდეზე მჯდარი ჩამოაყვანინეს.
საცოდავი, ისე იყო ხალხის სიკეთით გულდაჯერებული, ერთხელაც არ უცდია წინააღმდეგობა გაეწია მათთვის. რომ მიჰყავდათ, დედაკაცებმა თავისებური მოთქმა გააბეს:
– ვაი, უბედურს შენს წვრილშვილს!
– მაშა, ქალო, დარჩა სულ ტიალად!
– ეჰ, ჩვენ ვიკითხოთ თორე, მაგას რა უჭირს, ხო ამბობენ, სამას წელს ცოცოხლობს ყვავიო, მანამდე იქნებ მოსამართლეც მოკვდეს და გამოუშვებენ.
– სამასს კი არ ცოცხლობს, სამოდსაო.
– არა, ქალო, ვერ გაგიგია კარგა, სამასსაო.
– იქნებ მაგათაც არ იციან და იმიტო უთხრა ცოცხალი მამიყვანეთო, რო აინტერესებს გაიგოს, რამდენ ხანს იცოცოხლებს.
– შვილები კი დარჩა ეგე და.
– რას გალაღდებიან ყორნები?
– აბა, ქალი!
საწყალი ყვავი, რომ წაიყვანეს, რაღაცა თუ იგრძნო, დაიჩხავლა.
მოსამართლემ ხალხს დანაპირები შეუსრულა: ბუთულა და მახარა გამოუშვა.
კარებში რომ გამოდიოდნენ, ბუთულა ისევ მოსამართლესთან შეტრიალდა და ყურში ჩასჩურჩულა:
– მე კი ნუ გამცემ და... მაგათ სხვა ყვავი შემოგატყუეს.
– როგორ სხვა ყვავი.– დაიღრიალა მოსამართლემ და გარეთ გამოვარდა.
– ან იმ ყვავს მომიყვანთ ცოცხალს, ან არადა ჯარიმა ჩემი მოტყუებისათვის.
რაღა ექნათ, წამოვიდნენ დაღონებულები. ეძებენ, მაგრამ ვეღარ პოულობენ იმ ყვავს, იმასღა ჩივიან:
– სამას წელს მაინც არ ცოცხლობდეს, საბუთი გვექნებოდა, დაბერდა და მოკვდაო.
დადიან და ეძებენ.
ბუთულას რაღა ენაღვლება, მოკვდა სიბერით.