Litclub.ge

გამარჯვებული ნიკო
I

ქალაქი დილის ტკბილს ძილში იყო. არავითარი მოძრაობა არ არღვევდა მოქალაქეთა მოსვენებას; მხოლოდ აქა-იქ, დუქნის წინ ასასები ზმორებით და შმუშვნით ილაგებდნენ ლოგინს და მიეშურებოდნენ სახლში. ორი-სამი ეტლი ძილმორეული მეეტლეთი ზლაზვნით და ტაატით მირიხინებდა შინისკენ.

აღმოსავლეთი ოქროსფრად იყო შეღებილი. ჰაერი არ იძვროდა. ცხადი იყო, რომ იმ დღეს საკმაოდ ეცხელებოდა.

ამ დროს რიჟრაჟზე ორი მანდილოსანი ავლაბრის აღმართს შეუდგნენ. უმფროსს მძიმედ გატენილი ბოხჩა ჰქონდა იღლიაში, გახუნებულ დრაფის ტალმის ქვეშ და მეორე ხელით წამდაუწუმ იწევდა თავისს კაბის უშველებელ ბოლოს, რომელიც მახესავით ედებოდა ფეხებში და უშლიდა სიარულს. მეორე თანამგზავრი კუდიანის კაბის პატრონისა ახალგაზრდა, თვრამეტ-ცხრამეტის წლის ქალი იყო; ეს დაღონებულისა და დაძმარებულის სახით მისდევდა თავისს დედას, თუმცა ფიქრით კი სულ სხვაგან იყო.

მზემ ამოაშუქა და ეს ორნი შევიდნენ ავლაბრის მოედნის ერთ ბაკში, სადაც კახეთში წასასვლელი დილიჟნები სდგას ხოლმე. მეეტლე ცხენებს უვლიდა. ქალების დანახვაზედ მეეტლემ ზიზღით და დაცინვით გადაავლო თვალი ახალ მოსულთ და უზრდელად წაიტუტუნა: “ვა, მამალს ფთას აღარ შემოაკვრევინებდით, თქვენი სახლი ხომ წყალს არ წაუღია, რომ ასე ადრე მობრძანდით?!”

- რას მიჰქარავ, რასა, ვიღაცა ოხერი გდიხარ? - შეუტია უფროსმა ქალმა: - ადრე მოვსულვართ, გვიან ხომ არა, რას ბურტყუნებ? რომ გვეცდევინებინა, მაშინ უფრო მადლობელი იქნებოდი?

- დედა, რას ელაპარაკები? წავიდეთ იქით. კუნჭულში დავსხდეთ სადმე, მანამ სხვა მგზავრებიც შეიკრიბებიან.

ბაკის გარშემო ბოსლები, საქათმეები, საღორეები და კიდევ ბევრი წვრილმანი შენობანი იყო შემორიგებული და ამისთვის ეზო პატივითა და ჭუჭყით იყო მოცული. ჩამოსაჯდომი ალაგი ძნელი სანდო იყო ამ უსუფთაობის გამო და ამისათვის დედა და შვილი მივიდნენ დანგრეულ, გახუნებულ, ადამის ჟამის გაკეთებულ დილიჟანთან და ჩასხდნენ შიგა. მეეტლემ ეხლა უფრო უზრდელად და ხმამაღლა დაიღრიალა: “არა, რომ სხდებით, რას სხდებით? ხომ ჰხედავთ, ჯერ ორი საათიც გაივლის წასვლამდე; ყველა ხომ თქვენსავით ღამის მთეველი არ არის, რომ გაუთენებლივ მოვიდეს და ორი საათი უნდა ტყუილად ხეხოთ დილიჟნის სკამის მაუდი?

- ქა, რას ჩაგვაცივდა ეს მამაოხერი? გაგონილა! დედავ და თვალო, ფული ხომ მიღებული გაქვს, რაღას გვერჩი, თავი დაგვანებე! ჩვენის მოსვლით შენ რა დაგაკლდება, სასმელს არა გთხოვთ და საჭმელსა.

- ეგღა გაკლდათ რაღა, საჭმელ-სასმელიც მოგართვათ! მე შენ გითხრა, “ნავოდკად” სულ ჭრელ აბაზებს გადმომიყრით. ვოიჰ, მანდილოსანის მგზავრობა კი...… - და აქ საშინელის სიტყვით გაილანძღა ქალაქელი კინტო, რაღაც მანქანებით კუჩრად გადაქცეული.

- ოჰ, ღმერთო! ღმერთო! ეს რა მოგვივიდა? - თვალებზე ხელის დაფარებით ამოიკვნესა უნცროსმა ქალმა, - უკაცოდ ამ ბრიყვებში რა გვეშველება?!

- რა დაგემართა, ქა? გულს რაზედ იხეთქამ, შვილო. ამდენი მიჰქაროს, მინამ მოსწყინდებოდეს. ერთ დროს ათი მაგისთანა ძაღლი მდგომია თავსა, მაგრამ რა ვქნათ, “ჟამნი მეფობენო”, ნათქვამია.

- შენ, ეი, ადამიანო, ნუ ილანძღები, თორემ მამაჩემი საქუა არ წამიწყდება, განანებ. თუ კნეინა ბრძანდები, რატო შენი საკუთარი “ერეკლეს” ეკიპაჟით არ მიბძანდები გომბორის მთაზე!

ვინ იცის, სადამდის მივიდოდა კუჩრის ზრდილობიანი ბაასი, რომ ახალი პასაჟირი არ მოჰმატებოდა მარცხენა ფეხზე ამდგარ ეტლის პატრონს. ახალი მოსული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი იყო, ოცდასამისა, თუ ოცდახუთის წლისა. თავისს პატარა, მხრებში წახრილ, გულჩავარდნილ ტანზე ეცვა სუფთა, ახლადშეკერილი შავი ტანისამოსი და ნაცრისფერი, ფეხებამდის გრძელი პალტო. თავზედ ახალივე შავი კარტუზი ეხურა.

პირველ შეხედვაზედ მოგაგონებდათ ქარვასლის ნოქარს, მაგრამ როდესაც დააკვირდებოდით იმის გაუბედავ, მორცხვს მიხვრა-მოხვრას და სათნოებით სავსე პირისახეს, დარწმუნდებოდით, რომ უფრო პატივსაცემის ჯურის კაცი იყო. ყმაწვილმა კაცმა უჩუმრად შესდო დილიჟნის ჩამოსაჯდომ სკამ ქვეშ თავისი პატარა ბოხჩა და უჩუმრადვე, დაბლა თავდაღუნული მიჯდა დილიჟნის მეორე თავში ქალების მოშორებით. შემდეგ მოვიდა მღებარი, საღებავით მომაკვდავივით გალურჯებულ ფრჩხილებით. კალმუხის გარიბალდი კოხტად გვერდზე ჰქონდა წამოდებული და ყელზედ ჭრელი ქალაღაია ეხვია. მისი ჩალვადრისებური ხურჯინი კარგა რიგიანად იყო გაჭიკნილი და თითქმის ნახევარი დილიჟანი დაიჭირა. შემდეგ მოვიდნენ: სირაჯი, ოქრომჭედელი თავისის ნივთეულობის ყუთებით და ერთი ვიღაც ძნელად მისახვედრის ხარისხის კაცი, სამხედრო ქუდით, ყურთმაჯებიანი კაბით და ზედ ეცვა მეტად მოკლე, ახალ მოდაზედ შეკერილი, ბურძგლიანი პალტო. ყველა ამ მგზავრთა ბარგმა ისე აავსო დილიჟნის ორ სკამს შუა დარჩენილი ალაგი, რომ ყოვლად შეუძლებელი შეიქნა ევროპიულად ჩამოჯდომა და მგზავრებმა ნება-უნებურად მუხლთ მოიკეცეს ჩვენებურად.

თუმცა ახალგაზრდა მგზავრ ქალს საშინლად ეძნელებოდა მოკეცა და წამდაუწუმ გაღვივებულ მჭადივით იღმეჭდა პირისახეს, მაგრამ ბოლოს ესეც დაემორჩილა თავისს ხვედრს და მღებრის ხურჯინზე შეაწყო თავისი კოპწია ტუფლებში გამოკრული ფეხები.

დილიჟანი მძიმედ დაიძრა. პატარა ხნის სიჩუმის შემდეგ მგზავრებმა გააბეს ჩვეულებრივი საგზაო საუბარი: სად მიხვალ? რისთვის? რა საქმე გაქვს? რამდენიმე წამის განმავლობაში ყველანი მეგობრულად ბაასობდნენ ერთმანეთში, გარდა ყმაწვილის ქალისა და ყმაწვილის კაცისა, რომელნიც დილიჟნის თავსა და ბოლოს ისხდნენ და უფრო ბევრს ყურადღებას აქცევდნენ გარშემო ბუნების გაღვიძებას და თავისს აზრების მსვლელობას.

ახალგაზრდა ქალი იყო ლიზა კოშკაძისა და თავისს დედით მართათი მიემგზავრებოდა კახეთს ძნელის და ფრიად სავალდებულო თანამდებობის აღსასრულებლად - სასოფლო სკოლის მასწავლებლად იყო დანიშნული. მან მხოლოდ მაისში გაათავა სწავლა და, როგორც უმოწყალეო ღარიბმა, ითხოვა ალაგი ერთ სასოფლო სკოლაში. მართა ტყუილად არა ტრაბახობდა დილიჟანის კუჩერთან - შენისთანა ხუთი და ათი თავსმდგომი და მოსამსახურე მყავდაო. ფრიად გაკეთებულის თავადიშვილის ქალი იყო და ბევრი ბიჭი და მოახლე ჰყავდა ლალად სიყმაწვილეში, მაგრამ, როგორც თითონ სთქვა: “ჟამნი მეფობენო”, და დღეს თავისის ხელის თითების ნამუშავრით იკვებავდა თავსა და თითო-ოროლა გროშსაც უნახავდა თავის კურსდასასრულებელ საყვარელ ლიზას. აი ეს მოდაზედ შეკერილი ლიზას კაბა, კოხტა შლიაპა, ლამაზი გამოკვართული ბაშმაკები, ხელთათმანები და სხვა, სულ ამის დღე და ღამ ნატეხის ნამუშავრით არის შეძენილი.

მართა ამირხანაძისა კარგა ხნის გასათხოვარი ქალი იყო, როდესაც იმის მამის სოფელში ლილიფარიანში გამზომი კომისია მოვიდა.

მიწის მზომელი რუსი იყო და თან თარჯიმნად ჰყავდა ახალგაზრდა აზნაურიშვილი, მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან გამოსული, ივანე კოშკაძე. მიწის მზომელი მართას მამის სახლში დასახლდა, რადგანაც მთელ სოფელში ამის მეტი რიგიანი სახლი არსაით მოიძებნებოდა. მართამ დიდი ყურადღება მიაქცია ყმაწვილს და მოხდენილს თარჯიმანს და შემოდგომაზედ, როდესაც კომისია ქალაქს დაბრუნდა, მართაც მამის ჩუმად კოშკაძეს თან გაჰყვა იმ იმედით, რომ გაანჩხლებული მშობელი მალე დაშოშმინდებოდა და აპატიებდა დანაშაულს თავისს ქალ-სიძეს. მაგრამ მამა საშინლად განრისხდა ასეთის შეურაცყოფისათვის და მიტევების მაგივრად ქალი შეაჩვენა და თავისი საცხოვრებელი თავისს უმცროს ქალს დაუმტკიცა; ესეც არ აკმარა განრისხებულმა თავადმა თავისს საცოდავ ქალს, ყოველი ღონისძიება იხმარა და სამსახურიდან გამოაგდებინა ივანე. მართა, სიმდიდრეში და ფუფუნებაში აღზრდილი, შეიქმნა თავისს გატაცების მსხვერპლად და ჩავარდა საშინელ სიღარიბეში. ორი-სამი წლის შემდეგ ქმარიც მოუკვდა და დარჩა პატარა ლიზათი სრულიად უმოწყალოდ. ბევრის წვითა და დაგვით გამოზარდა მართამ თავისი ლიზა რვა-ცხრა წლამდე და, შემდეგ ბევრის ცდისა და დიდკაცების ფეხების ლოკვისა, ბინა გაუჩინა “ზავედენიაში”.

ლიზა დღეს კურსშესრულებულია და აი ახლა თითონ იწყებს შრომას, რომ მოამაგე დედას ლუკმა პური გაუჩინოს და თვითონაც პატიოსანის შრომით იცხოვროს.

ლიზა დიდის გულის ტკივილით განშორდა ქალაქს. მისი გულითადი სურვილი იყო, ქალაქში ეშოვნა ალაგი მასწავლებელისა, მაგრამ საუბედუროდ, იმისი დიპლომი პირველის ხარისხისა არ იყო, მუდმივი ალაგი სახელმწიფო პანსიონებში ასცდა და დღიურად გაკვეთილებით ცხოვრება ვერ იკისრა, კონკურენციისა ეშინოდა; ისევე სოფლის მასწავლებლობა ირჩია და აი მიდის სოფელში გულგატეხილი და დაძმარებული. ლიზას თვალთ წარმოდგენილი აქვს სოფელი თავისის დედის ნაამბობის მიხედვით:

- სიმარტოვე, სიმარტოვე და უფერული და ერთგვარი ცხოვრება, შვილო, სხვას ნურას მოელი, - ეტყოდა ხოლმე მართა და ამის გამო ლიზაც უნუგეშოდ უყურებდა თავისს მომავალს, სოფლის სკოლის მასწავლებლობას.

- ყოველთვის ერთი და იგივე, დილიდგან საღამომდე! - ამოიოხრებდა ხოლმე ლიზა: - ბავშვები, ბავშვები და ბავშვები. არც წასაკითხი წიგნი ჩემთვის, არც ერთი განათლებული ადამიანი ხმის გასაცემად! მთელი ჩემი სიყმაწვილე მარტოდმარტო უნდა გავატარო მხოლოდ ლუკმა პურის შესაძენად! ჩემი ამხანაგები კი ეხლა, ვინ იცის, რა სიამოვნებასა და დროს გატარებაში არიან; თავიანთ სახლებში, მორთულნი, მხიარულნი, ბედნიერნი თავისის თავისუფლებით და მე კი! - მე უბედური მივარდნილ სოფელში, გამოყრუებული, ოცდახუთის მანეთის შემაცქერალი. ოჰ, ღმერთო! რად გააჩინე ღარიბი ადამიანი ქვეყანაზედ!

ყველა ეს ფიქრები ცხადად ებეჭდებოდა ლიზას პირსახეზედ და ნაღვლით და ცრემლებით ავსებდა იმის გონიერ თვალებს.

დილიჟნის მეორე ბოლოში მჯდომი უფრო სხვა ფიქრებში იყო გართული. ეს იყო სოფლის შვილი და სიამოვნებით მიილტოდა სოფლისაკენ. ყმაწვილის კაცის ოცნება სავსე იყო მრავლის მაღალის აზრებით. იმედი ჰქონდა თავისი კეთილი აზრები დაემყნო სოფლის ნიადაგზედ. ესეც იმავე აზრით მიდიოდა კახეთში, როგორც ლიზა: ამასაც სოფლის მასწავლებლობა ჰქონდა მინდობილი, მაგრამ ეს თანამდებობა უფრო სანუგეშო და სასიამოვნო აზრებს ჰბადავდა მის გულში, ვიდრე სამწუხაროს. ლიზა იტანჯებოდა მხოლოდ პირადის უბედურებით, სწუხდა მხოლოდ თავისს მარტოობას, თავისს ოცდახუთ მანეთის ჯამაგირის სიმცირეს და ნიკო ბერიშვილს კი საკუთარ პირადობის ფიქრი აინუნში არ მოსდიოდა. ფიქრობდა მხოლოდ იმ მოვალეობისათვის, რომელიც თავისს ცხოვრების ასპარეზად აირჩია და რომელიც თავისს ქვეყანაში საუკეთესო შრომად მიაჩნდა. თვალ-წინ ჰყვანდა მხოლოდ ის პატარა მოწაფეები, რომლებისთვისაც გონების თვალები უნდა აეხილნა, რომლებისთვისაც სინათლის გზა უნდა ესწავლებინა, რომელთა გულში სწავლა და მეცნიერება უნდა დაენერგა. სოფლის მღვდლის შვილი იყო, სიღარიბეში წვა და დაგვით გამოზრდილი. ამიტომ ძალიან კარგად იცოდა სოფლის ავი და კარგი, მისი მწვავი და წყლულნი და ფიქრობდა, რომ ერთადერთი სინათლის მომფენი სოფლის ბნელს ცხოვრებაში სკოლა იყო; ამ სინათლის მოფენა, ამ სიბნელის გაშუქება საბედნიერო საქმედ მიაჩნდა და სხვაგვარი პირადი ბედნიერება სრულიად მივიწყებული ჰქონდა.

ნიკო ბერიშვილი, როდესაც დილიჟნის ჯანჯღარში ხანდისხან ფიქრი შეუწყდებოდა, უნებლიედ გადაჰხედავდა ლიზას და, თუ შენიშნავდა, რომ ისიც მე მიყურებსო, მორცხობით თავს ჩაჰღუნავდა ხოლმე.

კარგა დასაღამოჟამებული იყო, როდესაც დილიჟანი ნელ-ნელა შეუდგა გომბორის მთის აღმართს. ქალაქის ახლო-მახლო მიდამონი გვალვისაგან გარუჯულნი, შეიცვალა მშვენიერის ბუნებით: ყვითელ, თვალგაუწვდენელ მინდვრის და ზედ გველივით გაწოლილ მტკვრის მაგივრად, გამოჩნდა სასიამოვნო მწვანე ტყე და ველი, მაგრამ მთის ბურუსმა მალე იწყო ძირს ჩამოსვლა და ერთი საათის განმავლობაში სულ მთლად მოიცვა არე-მარე. “კუჩერი” მაღლა ხმით უშტიალებდა ცხენებს, მგზავრებმა თავები ჩაქინდრეს და იწყეს მარჯვნივ და მარცხნივ რხევა. მართა ბავშვივით მიეყრდნო თავისს ლიზას და ამოუშვა ხვრინვა. დილიჟანში სრული სიბნელე იყო და სიბნელისავე შესაფერი მყუდროება. მხოლოდ ლიზა და ნიკო ფხიზლობდნენ და ეხლა უფრო ხშირად და გაბედვით გადაჰხედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. იქნება ხშირი ცქერაც იყო მიზეზი ამათის სიფხიზლისა, თორემ დილიჟანის ნელი რყევა, იქ მსხდომთა მადიანი ხვრინვა და გარშემო ჩამოვარდნილი ბინდი და ბურუსი ძლიერ ხელს უწყობდა მგზავრობის გამო შემოკლებულ დღევანდელ დილის ძილს გასაგრძობად.
II

ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც დილიჟანი შევიდა კარგა დიდ ეზოში სოფელ გომბორს. ეზო გაჩაღებული იყო ორის ფარნით. ეზოს აქეთ-იქით დიდის ხის ფარდულების ქვეშ რამდენიმე ცხენი ქერსა სჭამდა და ისმოდა ხმა ხრამა-ხრუმისა. ეზოში ახალ მოსულს დილიჟნის გარდა ორი სხვა დილიჟანიც იდგა. სახლიდან ჟღავი-ჟღუვი გამოდიოდა. ლიზა და მართა თავიანთ ბოღჩით მოწიწებით შევიდნენ ოთახში. სქელი, ფაშფაშა დედაკაცი მოეგება, გაფარფარებულის, განიერის კაბით, თავზედ ხელსახოცგაკრული.

- მობრძანდით, მობრძანდით, აი ქალების ოთახი, - დამახინჯებულის ქართულის ენით უთხრა ქალებს სახლის პატრონმა, რუსის დედაკაცმა.

ოთახი, რომელშიაც შეიწვია სახლის პატრონმა დედა და შვილი, რიგიანად მოწყობილი იყო, სტოლზედ ლამპარი ენთო და ცხოვლად ანათებდა პატარა ოთახს, რომელსაც სუფთა შპალიერი ეკრა, ფანჯრებს თეთრი კისაის ფარდები ეფარა და კედლებთან ორი საწოლი ედგა ზედ გაშლილი სუფთა ლოგინით. ამ სადგურ სახლში, რომელსაც “ანასტასიას” უწოდებდნენ, რამდენიმე ოთახი იყო მგზავრებისათვის და დღეს თითქმის ყველა ოთახი გაევსოთ მგზავრებს, რადგანაც ენკენისთვის ათი იყო და “ალავერდობისთვის” ბევრი მიუშურებოდა კახეთს. მომეტებული მათგანი ვაჭარი ხალხი იყო, ზოგი თელავიდან და სიღნაღიდან და ზოგიც ქალაქიდან. ანასტასიამ საჩქაროზედ აადუღა ოთხი-ხუთი სამოვარი, ყველა ოთახში