ჩვენ წარვალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
საამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდი მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგანვე ხარობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!..