Litclub.ge

იმედის სანერგე
მე მას “მეზობელ აგრონომს” ვეძახდი. სხვები, საჯაროდ – ბატია პეტროს, ჩუმ-ჩუმად კი “ყირიმულ თამბაქოს” ან “ასწლოვანას”. ზედამხედველისათვის კი იგი პატიმარი ი-675 იყო... და ყველა მართალი გამოდიოდა. ყოველ სახელში რაღაც მინიშნებული იყო გამოჭერილი.

იგი “ამანათიან” პატიმართა რიცხვს ეკუთვნოდა. ეს აქ მარტო ამანათის მიმღებს როდი ნიშნავდა, არამედ “ოჯახიანსაც”, მავთულხლართებში მიმწყვდეულ კაცს, რომელსაც გარესამყაროსთან კიდევ აქვს “ნივთიერი” კავშირი. ჩვენთან მეტწილად მარტოკა “წვრილიანები” იყვნენ. უმრავლესობა კი სულ მოწყვეტილი იყო მავთულმიღმა სამშობლოს. მეტადრე მკაცრრეჟიმიანი ბანაკების დაწესების შემდეგ.

მეზობელი აგრონომი კი, გარდა ამისა, ერთადერთი იყო, რომელიც ამანათის მიღებისას თითო გახვევა წეკოს ან თამბაქოს თითქმის მთელი ჩვენი ბარაკის პატიმრებს ჩამოურიგებდა ხოლმე.

თუთუნი პატიმრის პირველ მესაიდუმლედ, მრჩევლად და შვების მიმცემად ითვლება. ციხეში, მართლაც, იშვიათია კაცი, რომ არ ეწეოდეს. ამ მხრივ მე გამონაკლისს წარმოვადგენ – არ ვეწევი. მაგრამ ერთი ბედუბედური შემთხვევის შემდეგ მეტად მიყვარს თამბაქოს სურნელი. ჩვენთან კი ვაგლახ, თითქმის ყველა ქაჩავს გაზეთის ნახვევში გახვეულ წეკო-მახორკას.

ორსართულა თახჩა-ნარებზე მიყრილი ორასზე მეტი პატიმარი, უსიხარულო მუშაობიდან დაბრუნების შემდეგ, თითქმის განუწყვეტლივ აბოლებს... და ასე – კარგამოკეტილნი და განწირულნი, ცოცხლით ვიშაშხებოდით ამ წეკოს ბუღში.

პეტრო პიმენოვი კი ყველაზე მეტსა და ყველაზე დაწაფებით ეწეოდა.

თუ ნომერს არ ვიანგარიშებთ, გარეგნულად იგი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა სხვა პატიმრებისაგან: იქნებ ცოტა უფრო მეტად ჩაღარულ-ჩახვეწილი და შექვავებული სახე, ცოტა მეტად ჩაყვითლებული თვალის ბაიები, მანქანით აკრეჭილი შეჭაღარავებული წვერი და კვამლისფრად შეხუნებული საფეთქლები.

პეტრო, მართლაც, სწავლული აგრონომი იყო, ბუნებისა და მცენარეულის უაღრესი ტრფიალი. ეს მისი ძირითადი მოწოდება ახლაც, მავთულს აქეთაც, შერჩენოდა დიდ ტუნდრისა და ბანაკების სამყაროშიაც, თავის სადურგლო ნორმას რომ მორჩებოდა, მაღაროს საქვაბესთან მიყუჟულ სათბურს მიაშურებდა და იქ თავისივე გამოყვანილ ასწლოვანას, უკვდავას, მრავალძარღვას და სხვა სამკურნალო მცენარეებსა და ყვავილებს ულოლიავებდა.

იმიერ-პოლარეთში მოხვედრამდე ყირიმის ერთ-ერთი საცდელი სანერგისა და ბოტანიკური ბაღის თავისი ხელით გამშენებელი და ზედ გადაგებული მსხვერპლიც იყო. ეს საცდელი ბაღნარი და თავისი ოჯახი ახლაც ურთიერთისგან განურჩევლად და განუყრელად უყვარდა. საერთოდ ხალისდალეულსა და ჩუმს, მცენარეულზე რომ ჩამოვუგდებდი სიტყვას, მოულოდნელი ცეცხლი აანთებდა. მისი საწოლის თავთით ჩამოკიდებულ, უკვე გამოხუნებულ სურათს წაავლებდა ხელს: სევდიანად პირღიმილიან მეუღლესა და მის უკან კვეცილად გამომზირად ციტრუსოვან სანერგეს აღელვებულად აჰხედავდა.

მე უკვე ვიცოდი, რომ ეს ციტრუსები საქართველოდან თავისი ხელით ჰქონდა გადანერგილი და ყირიმის მიწაზე გახარებულ-მოშენებული.

- მეორე კოლდიხა იქნება ყირიმი!.. დიახ!.. აი ნაყოფიც გამოვაღებინე, კარგი მოსავალი! შევაგუე ყირიმის მიწასა და ჰავას! მხოლოდ მოვლის ცოდნა და სიყვარული არის საჭირო! ათ წელიწადში არხსაფრებში მთელი პლანტაცია მოვაშენე, კოლხ-ყირიმულა გამოვიყვანე!.. მე დავამტკიცე...

- შენც ხომ დაგიმტკიცეს! ათი წელი ვინ გაკმარა – ოცი დაგიმტკიცეს, ოცი!.. აი პოლარულ-ტუნდრული პლანტაცია! – ჩამოსძახა ზედა ნარის მობინადრე ძველ-პატიმარმა და ორივ ხელი თითებგაფარჩხულად ორჯერ ჩამოუქნია, სასჯელის ძალა შეახსენა. ასეთი პატიმრული დავა-ოხუნჯობა მათ შორის არაერთხელ მსმენია. ციხე-ბანაკმა მწარპატიმრული ხუმრობის მოძველება იცის. ვგონებ, საერთოდ, ადამიანის მიჩლუნგება ხუმრობის გატლანქებითა და მოძველებით იწყება.

პეტროს უმალ გაუწყდებოდა თხრობის ცეცხლი, ისევ სურათს სწვდებოდა და დღენიადაგ მის ძირში მიმაგრებულ ასწლოვანას მწვანეხორციან და ეკლიან ტოტს შეასწორებდა, თითქოს ფიქრებს შეახიზნავდა.

ამ ტოტმა მისცა საბაბი პეტროს ახალ საყივარს. საქმე ისაა, რომ ასწლოვანას ნაყენს ბანაკებში უებარ წამლად თვლიდნენ... დიდვადიანებს ასწლოვანაზე ნაკლებ მცენარისა აბა რაღა იმედი უნდა ჰქონოდათ?!

ჩემს მეზობელს მუდამ მრავალი მახვეწარი ჰყავდა:

- ბატია! ასწლოვანას ერთი ტოტი მეც მომეცი... ცინგა რეჟიმის უფროსივით გადამეკიდა!..

მოხერხებული პატიმარი ასწლოვანას მეოხებით, პატიმრის კვალობაზე, გამდიდრდებოდა, მაგრამ პეტროს სად ჰქონდა ამისი გაქნილობა.

- აჰა, წაიღე... დარგე, ან ბედნიერად გამოიყენე, მხოლოდ გახსოვდეს და დააფასე დედა-ბუნება!

აქ, სადაც მავთულხლართებისა, ბოძებისა და საყარაულო ჯიხურების მეტი არა იზრდებოდა რა, ასეთი პასუხი და საქციელი ათას დარიჯაგში გავლილ პატიმრებს საკმაოდ უცნაურად მიაჩნდათ და ორმოცდაათს ვერ მიღწეულ მოწიფელს “ასწლოვანა” შეარქვეს.

ზედა ნარის ძველპატიმარი ხომ სულ კბილებს ილესავდა ჩემს მეზობელზე:

- არა არის რა ყოფაში გადასულ უდანაშაულო პატიმრობაზე უარესი... ყველაფერი გაშიშვლებული, გაცუდებული და დაკნინებულია. ადამიანს აღარ სჯერა არამცთუ გვერდზე მყოფი ადამიანისა, არამედ თავის თავისაც... აბა შენი როგორღა ვირწმუნო! შე შიშველმართალო, ვის სცალია შენთვის... დოლაბის სიმძიმე ვადები აგვკიდეს ყველას! და ამ უმოწყალო წისქვილში ყველა ვიღერღებით, ყველა!

მაგრამ მე ჩემი მეზობლის ძუნწი მონათხრობი ვირწმუნე და მოვიხიბლე კიდევაც, - არაერთგზის მოვაყოლებინე. ისიც აღსარებასავით მიამბობდა:

- თავიდანვე დამტვირთეს, ფრონტზე არ გამიშვეს... ბოტანიკური სანერგე მთლიანად მე შემატოვეს ხელში... თქმა რად მინდოდა, მაგრამ შემახსენეს: მაინც შენი შვილია და შვილივით დაიცავიო... ომში არ წავსულვარ, მაგრამ ომი მოვიდა ჩვენთან... ყუმბარა სწორედ ციტრუსების სანერგეს გარეკედელს მოხვდა და გაარღვია... გავარდი რღვეულში... გერმანელების ტანკები ხრიალით მოგორავდნენ და ჰქუხდნენ. გზა უკვე დიდი ხანია მოეჭრათ... დახიზვნაზე ფიქრიც ზედმეტი იყო... ჩვენ ყველას დავავიწყდით...

პირველი ტანკი სანერგეს რღვეულს მოადგა... შიგ შემოჭრას, გზის გადამოკლებას აპირებდა ზედ კოლხურ ლიმონებისა და თურინჯების ნაშენზე! თითო მათგანზე შვილზე ნაკლები ამაგი არა მქონდა, არც ნაკლებად მიყვარდა! ახლა კი ერთი მოსმით... ეს ტანკები... იმ წუთს მეტზე არაფერზე მიფიქრია... რაღას ვიზამდი – ხელები გავშალე და კედლის რღვეულში ჩავდექი, წინ გადავეღობე... ტანკი კი შეუჩერებლივ მოგორავდა... თითქოს იზრდებოდა... უკვე მიწა მიზანზარებდა ფეხქვეშ, ჩემი ნერგების ყირიმული მიწა.

პეტრომ სული მოითქვა და, მართლაც, გასრესილივით თავი ჩაგრძელებულ კისერში ჩაჰკიდა...

- შენ ყოფილხარ ციტრუს-მატროსოვი! უცნობი გმირი! გამაგრდი, ასწლოვანავ, ასი წლის შემდეგ დაგიფასებენ! ჩამოღეჭა ძველპატიმარმა და ერთი პატიმრულად, მრავალსართულიანად შეიგინა. – მიდი, მიდი! სიმართლესა და ტყუილს ერთი ფასი აქვს! მერმე, მერმე, დაუსტვინე...

- სულ ახლოს, უეცრად შედგა ტანკი, კოშკური გადიხსნა, გერმანელი გადმოდგა, სათვალე აიწია:

- ვინ ხარ?

- აგრონომი ამ სანერგისა...

- ესენი? – ხელი ჩემს უკან გაიშვირა. მოვბრუნდი და უფრო შევძრწუნდი. ახლა კი შიშმა ამიტანა: ჩემს უკან ჩემი ირინე გულში ჩაკრული სამი წლის ბიჭუნათი იდგა და ჩემსავით ტანკს ელოდა!..

- ჩემი ცოლ-შვილია! – ძლივს ამოვიბრუნე კბილებში ჩაწეწკილი ენა...

- მაგათ უმადლე! – მოკლედ მომიგდო და სანერგეს თვალი გადაავლო, - საკრამენტო! მეც ბაღის მუშაკი ვარ! თუმცა ახლა ყველა სიგიჟის მუშები ვართ! – თუნუქზე მიხატული, გეზის მაჩვენებელი ისარი გადმომიგდო და სათვალე ჩამოიფარა...

- მანდ მიაკარ! საკრამენტო! – ერთიც დამჭყივლა და ტანკი მიაბრუნა, კედლის გასწვრივ გააყოლა.

გეზის ისარმა ყველა შემდგომი ტანკი განზე ჩაუტარა სანერგეს...

- მაშ დაიცავი? დაგიმადლეს კიდევაც! ახლა გაქვს სატრაბახო- - მაინც ჩამოუნისკარტა ძველპატიმარმა. – დაჩუმდი მაინც, ძველ იარებს ნუღარ გვიჯიჯგნი! შეგრცხვეს.

პეტრო დაღლილად წამოდგა და ხელები გაშალა, თითქოს ახლაც ტანკს უდგა პირისპირ:

- ეს არც გმირობით მომსვლია, არც სიმხდალით! თავისთავად გამომივიდა!.. არც სატრაბახოდ მითქვამს! რომ გამეორდეს – ახლაც ასე მოვიქცეოდი! არც მრცხვენია! მე კი არ მოვიქეცი, მე მომექცნენ უსამართლოდ!.. ომისა და ოკუპაციის განმავლობაში ჩვენ ხშირად გვაკლდა პური, სანერგეს კი პატივსა და სასუქს არ ვაკლებდი! ეს იყო ჩემი ფარული ბრძოლა მტერთან!

- ჩვენები რომ მობრუნდნენ?

- რომ მობრუნდნენ... ეს ყველაფერი სამშობლოს ღალატი გამოდგა.

- კი არ გამოდგა – უგუნურებმა ასე ჩაგითვალეს! – ახლა კი ძველპატიმარიც წამოვარდა, თავი კინაღამ ჭერს ახალა. – ჯერ ცოტა ზიხარ! ჩემსავით ოცდაჩვიდმეტიდან ყელში რომ ამოგივა – მერმე ჩახვდები!

- აღარც ცოტა – შვიდი გავათავე, წინ კიდევ ცამეტი მაქვს! – და ზედ მიბმით გააგრძელა: - ნეტავ სანერგე რაღა დღეშია? არაფერი ვიცი... ათასი ეჭვები, ორი ღია ბარათი წელიწადში... წაშლილი სტრიქონები... განა გაიგებ რამეს?

მომხიბლა ჩემმა მეზობელმა. საშრობელაში გავიხმე, ცალკე. ეს ხომ ყველაზე მყუდრო კუთხეა ბარაკში. ყველაზე თბილიც... გამშრალი თელურების შმორიც რომ საამურად გეჩვენება. საშრობელა მრავალ პატიმრულ საიდუმლოთა უტყვი მოწმეა.

მეც საშრობელაში გავანდე პეტროს, რომ თუ სურვილი აქვს და თანაც არ ეშინია, მე შევძლებ მისი წერილების “გარედან” გაგზავნას და პასუხის მიღებასაც.

- აქ ხომ ერთად ვართ, ერთ ტაფაში... ახლა ისიც გავიგოთ, რა ბედი ეწიათ ყირიმში ქართულ ციტრუსებს?!

“გარე-წერილის” საიდუმლოს გამხელა უკვე დიდი ნდობა იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავი ასწია, ხელი ჩამომართვა და გარე-წერილის წერას აქვე, საშრობელაშივე შეუდგა. რა ცოტა უნდა ადამიანს, მით უფრო პატიმარს!

მალე დავმეგობრდით. საქართველოდან ამანათის მიღებისას მუდამ ვიწვევდი.

ამანათის მიღება ბანაკში – ნამდვილი დღეობაა. თითქოს მავთულხლართშიც შინაურების თვალმა შემოიჭყიტა, თავისუფლებისა და ოჯახის სიო-სითბო შემოიტანა. მართალია, ყინვა თავის დაღს ასვამდა ყველაფერს, ფორთოხალ-მანდარინი მუდამ გაყინულ-გაქვავებული აღწევდა ჩვენამდე, ტყემლის ბოთლი მუდამ გამსკდარი... მაგრამ ლეღვის ჩირი და ჩურჩხელები, რომელთაც აქ “ქართულ შოკოლადს” უწოდებდნენ, მაინც კარგად უძლებდა ყოველგვარ ყინვას.

ყირიმელ აგრონომს ყოველთვის ვარგუნებდი რასმე. მისთვის თითო ნაყოფი საამო ნუგბარი კი არა, შემოქმედების წყარო იყო. მისი თვალანთებული თხრობა დიდი ცოდნითა და ხელოვნებით შეთხზულ “ხილთა ქებად” ჟღერდა. დაბოლოს მუდამ ნაღვლიანად დასძენდა ხოლმე:

- ეჰ, ყირიმშიაც, ჩვენს საცდელ ბოტანიკურში, ასეთი ციტრუსები მოვიყვანე... არა გჯერათ? – უეცარი დაეჭვებით შემოგვხედავდა ამანათის ირგვლივ შემომსხდართ და სულ დავარდნილი კილოთი დაამთავრებდა: - ეჰ, აი როგორმე მეც მომივა და მაშინ დაგიმტკიცებთ... ახლა კი, აქ, ტუნდრის სამყაროში, ისიც ბანაკში, აბა რა დასაჯერია – “სტვენა” ისწავლა ხალხმა... ოცნება და სინამდვილე ვეღარ გვერჩევა... ამიტომ საზომიც დაგვეკარგა და ურთიერთრწმენაც...

ვადა კი ვიდოდა... პატიმრობაში დრო კი არ მიდის, არამედ ვადა. ბანაკური დღეები კი გარეგნულად ისე ჰგავდნენ ურთიერთს, როგორც პატიმრული ბუშლატები.

სამწუხაროდ, ჩემი მეზობელი აგრონომი ვერასგზით ვერ “მიმტკიცებდა” თავის ნათქვამს. მის ოჯახში, ჩანს, დიდი დუხჭირი მეფობდა. მართალია, ამანათები ჟამით-ჟამზე მოსდიოდა, მაგრამ მეტად ღარიბული: შავი პურის ორცხობილი, ბურღული, ნიორი და იშვიათად – მარგარინი და საქონლის ქონი. თამბაქო კი ყოველთვის იყო... იაფფასიანი, მაგრამ ყირიმული თამბაქო.

მე უკვე საკმაოდ წვრილად ვიცოდი მისი ოჯახური ვითარება. მისი მეუღლე ირინე, აგრეთვე აგრონომი, სტუდენტობაშივე სიყვარულით შერთული, “იმ ცხოვრებაში” ყოველმხრივ გვერდში უდგა ქმარს... ოჯახშიაც და სანერგეშიაც...

ქმრის დაპატიმრების შემდეგ ცოლს უფრო გაუჭირდა, დაიბნა და ცხოვრებისა შეეშინდაო... რის ვაი-ვაგლახითა და ჭაპანწყვეტით ინახავდა თავის ბიჭუნას – ვადიმს და არც თავის ცოცხლად დამარხულ, ყინულოვან ოკეანესთან ოცი წლით გაგზავნილ ქმარს ივიწყებდა... მაგრამ მარტოხელობამ, ოჯახის მოშლამ და უგუნურთა დევნამ თანდათან დარია ხელი და ჩააკნინა...

- ჩემი ოჯახიც ძლივს გადაურჩა...

რამდენი ტყუილ-უხამსობაც ვიღონეთ... მეტი გზა აღარ იყო! აღარ!.. იქ – ტანკის წინაშეც ერთად და აქ კი... – სულ მიაყრუებდა სიტყვას. მას ახლაც ახრჩობდა ეს “უხამსობანი” და ჩურჩულით ამოიხავლებდა ხოლმე: - თქვენ რა იცით ტყუილი განქორწინების სიმწარე!.. მე სადღაც იმედი მაქვს და დიდ უსამართლობას ვუძლებ, დიდ ვადასაც ავიტან... მაგრამ ამ ტყუვილი განქორწინების ცეცხლი მწვავს... და მაინც, ამანაც ბოლომდე არ უშველა... ყველაფერი გამირთულდა, უკუღმა შემიტრიალდა, გარდა სიყვარულისა... მე კი ნახიმოვის სკოლაზე ვოცნებობდი, შვილის მეზღვაურობა მინდოდა... შორეული ცურვის კაპიტნად... სამშობლოსაც გამოადგებოდა და მეც. შორეული ქვეყნებიდან ახალ ნერგებს ჩამომიტანდა...

...ჩემი უნებური ღიმილი რომ შეამჩნია, ნაღვლიანად დასძინა:

- ყველას აქვს თავისი უცნაური ოცნება... უცნაურად ახლა მეჩვენება, თორემ მაშინ ყველაფერი ბუნებრივიც იყო და ადვილად მისაღწევიც... ახლა კი ყველაფერი “წარსული და უცნაურია!”

- იმედი?

- დიახ, მხოლოდ მავთულხლართებზე ჟანგად მოდებული იმედი!..

...

იძულებითი შრომა ჯოჯოხეთად აქცევს ადამიანის უკეთილშობილეს ჩვევას – მუშაობას. ხოლო ხელობათა და მოწოდებათა განზრახი თუ უგუნური აღრევა ხომ სულ თიშავს და ჰკლავს ადამიანის შემოქმედებით უნარს. და რა დიდი სიმართლე, შეგნებული პატრიოტობა და შრომის სიყვარული უნდა ჰქონოდა ამ “მავთულ-იქითა” ხალხის დიდ უმრავლესობას, რომ წლობით ეტანჯა და ეშრომა, თავაუღებლად, არაერთი დიდნაშენი, არხი თუ მაღარო, ლიანდაგი თუ ქალაქი თავისი უბადლო შრომის ძეგლად აეგო!

ჩვენს ბანაკშიაც შრომის საშინელი აღრევა იყო. ასტრონომი და მეზღვაური ქვანახშირს იღებდნენ, სამთამადნო ინჟინერი სათერძეს გამგე იყო, ცნობილი ქირურგი საქვაბეში ზეინკლობდა, მღვდელი აფთიაქში პროვიზორად იყო, ყოფილი გენერალი ბუღალტრად “იბრძოდა”, მხატვარი მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა, მწერალი მაღაროს ქვესადგურის ელექტრმონდიორად ვცოდვილობდი, ხოლო პეტრო-აგრონომი კი დურგლობდა და ხეების მოშენების ნაცვლად ცულის ტარებსა და საბიგე ბოძებს ჯორდნიდა.

ცინგა და გამოფიტვა სხეულს ეუფლებოდა, დაკნინება და დაქვეითება – გონებას, და იმედის გარეითად არ იყო საშველი არსაით.

იმ დღეს მეტად ქანცმილეული მოვბრუნდი საწარმოო ზონიდან. თითქმის ორი კილომეტრი ნამქერით მიკბენილ და ყინვით დალესილ სავალზე გვარბენინა ბადრაგმა. ჩვენც და ისინიც ერთნაირად ვითოშებოდით. ქვანახშირში არეული თოვლი სახეში გვცემდა. თითქოს ჩაღამებული და გაძაღლებული იყო მთელი ქვეყანა. ჩვენც ვიღრინებოდით და არეულ სვლაში ერთმანეთს უნებლიეთ ვეხეთქებოდით, ფეხებს ვარტყამდით.

ჩვენ მთელი ცვლის ბოლოში ვიყავით. საკომენდანტოში კიდევ ჩხრეკამ შეგვაგვიანა. ჩავიარეთ თუ არა, იქვე ჩამოკიდებული რკინის ძელის ხმიანი გაისმა: საღამოს გადათვლა იწყებოდა.

საქართველოსა და ყირიმში ჯერ კიდევ მსუყე შემოდგომის დრო იყო... აქ, ტუნდრაში კი ისეთი ქარბუქი ბორიალობდა, მრავალკეც მავთულხლართს ლამის ჰგლეჯდა და კვინიხის წამღებად გასწიოდა. მისი ღველფი ყველას ედებოდა, პატიმრებსაც და მათ ყარაულებსაც... ყველანი გაავაბკლი ვირთაგვებივით, შლიგინ-შლიგინით ვძვრებოდით სორო-ბარაკებში... პურგა და მკაცრი გადათვლა ერთად სწნეხავდა ყველას.

დილის გადათვლაზე ერთი კაცი დაჰკლებოდათ და ახლა მკაცრად ამოწმებდნენ ყველა კუნჭულს, ჩაძიებითაც სთვლიდნენ... ჩანს, მოსვენება არც ღამე გვეწერა.

მისვლისთანავე დატკეპნილი ბურბუშელას ლეიბ-სარეცელზე გაუხდელად მივშექი და შეშუპებული ფეხები დავასვენე. ღრმად რომ ამოვიღე სული, წეკოს, სველი ბუშლატებისა და თელურების ნარევ ხრჩოლვაში თამბაქოს სურნელიც ვიგრძენი. გამიკვირდა, მაგრამ დაღლამ მძლია და ჩამეძინა.

ძახილზე გამომეღვიძა. უკვე ყველანი მწკრივში იდგნენ. გადათვლას ჩვენამდეც მოეღწია. ზოგი ჭირი მარგებელია... რადგან ფორმულიარებით გვთვლიდნენ, გარეთ აღარ გაგვყარეს. მთელი ბარაკი ჩვენს მხარეზე გადმოერეკათ. მეც ზანტად წამოვდექი და უნდილად ვუსმენდი გვარების ამოკითხვას. პატიმრები ნაჩქარევად უპასუხებდნენ...

... ერთი კი დაიბნა...

- პიმენოვ! – ხელახლა ამოიყეფა ზედამხედველმა.

პატიმრებმა ჩემს გარინდებულ მეზობელს წაჰკრეს ხელი. იგიც შეირხა და დაბნეულად წამოიძახა!

- აქ ვარ!

- სად აქ?! – ისევ შეღრინა ზედამხედველმა, - შინ ხომ არ გგონია შენი რეგვენი თავი?!

- პეტრე მიხეილის ძე, - პასუხი მოასწრო პეტრემ, - მაგრამ ყველამ ვიგრძენით, რომ სადღაც შორს იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა...

გადათვლა შეუფერხებლად გაგრძელდა. მარტო ერთი ბარაკის მწკრივის ვადები რომ შეგვეკრიბა, ოცდაათ საუკუნეს მაინც მივიღებდით და ერთი “ასწლოვანას” წაფორხილება აბა რას შეაჩერებდა ამ გაუგონარი გადათვლის მსვლელობას!

ძველპატიმარმა ხელი გამკრა და წამჩურჩულა:

- დღეს “ასწლოვანამ” ორი ამანათი მიიღო და არც ერთი არა ჰგავს წინანდელს, ორივე დოვლათ-დოვლათიანია! დარდი და სიხარული აერია... არც გასაკვირია – პატიმარს ცოლი უეცრად რომ გაუმდიდრდება, ცუდი ნიშანია!

გადათვლის შემდეგ პეტრომ უმალ მომაშურა:

- ახლა კი დაგიმტკიცებთ... არ დაიძინოთ!

ზედამხედველმა კარზე ბოქლომი რომ დაგვადო და გაგვეცალა, პიმენოვმა თავის ამანათთან მიმიწვია.

- აი ეს კი ჩვენებურია – ყირიმული! ალბათ, ჩემი დარგული ხის ნაყოფი! ამის ხეს “ფარფაშას” ვეძახდი ტოტების გაშლის გამო... ნაყოფიც თამამი იცის, აბა სურნელიც გაუსინჯეთ! ეს თურინჯიც გარემ გამოყვანილია წყალმისადგომ მზვარეზე, ქარსაფარი არხის ძირში... ჩემი შემუშავებული წესით... ჩემი საკანდიდატო თემაც ეს იყო! მათი ნერგები სწორედ ჩემი შვილის ტოლებია... მე და ირინე კოლხ-ყირიმულას ვეძახდით. ისინი ახლა, ალბათ, თავის ქართულ დედებსა და ბებიებს აღარ ჩამოუვარდებიან! დაიზრდებოდნენ, ალბათ, უკვე ევიწროვებათ არხი... ეჰ, ერთი თვალით გადამახედა! – მოზღვავებული გრძნობით მეჩურჩულებოდა და მასპინძლობაზე უფრო შორით მახარბებდა მართლაცდა შერჩეულ ლიმონსა და მანდარინს.

- ყველას მოეწონა! ყველას გავასინჯე ცოტა-ცოტა! – ხელებს ირგვლივ ასავსავებდა პეტრო. – აბა, ჩაი დავლიოთ, მხოლოდ უშაქროდ – დიმონით, ყირიმული ლიმონით! – მეზობელს ნპამალევად დანისპირის ნატეხი გამოართვა და ლიმონი ისეთი მოწიწებით გაჭრა, თითქოს ცოცხალ არსებას რაიმეს უცრიდა სხეულზე. თან ხმადაბლა შემეკითხა: - იქ, “გარეთა ფოსტაში”, ჯერ არაფერია? უნდა გავიგო ყველაფერი!

- არა, ჯერ არა... – ვუპასუხე და ამანათებს ერთხელ კიდევ გადავხედე.

ყუთებს საერთოდ არ ატანდნენ, ჩხრეკის დროს იქვე იტოვებდნენ, ხოლო შიდდებულს ან პირდაპირ ბუშლატის კალთაში უყრიდნენ მიმღებს, ან ამანათის გარეტომარაში... პეტროს, ჩანს, კარგი ღალა გადაახდევინეს: უფრო წესიერად, სხვის ძველ ყუთებში, ურთიერთში აურევლად გამოატანეს ორივე ამანათი. ჩვენებური სურნელი გულს საამოდ ეფინებოდა, ნატვრას, ოცნებას და, ვგონებ, იმედსაც ასულდგმულებდა. საოცარია, ყნოსვა ყველაზე უფრო იწვევს და ამახვილებს ნატვრა-ოცნებას!

ერთ-ერთ ამანათში ლეღვის ჩირი და ხმელი ხურმა შევამჩნიე. დაურიდებლად მივწვდი:

- ეს კი სულ ჩვენებურია, ქართული!.. ყირიმიდან ცოლი ამას ვერ გამოგიგზავნიდა!

ჩანს, მეც ავფორიაქდი და მოუზომელი სიტყვა წამოცდა...

- ცოლი ვერა?! ვაითუ მართალი ხართ?!

ჩემი როყიო ნათქვამი მათრახივით მოხვდა, საეჭვო ხილი სხვა ამანათში გადასდო.

- ეს აქედან არ არის! ამის შესახებ – მერმე!

ენაზე ვიკბინე, მაგრამ გვიან იყო... გამოსწორება ვცადე...

- ჰო, თუმცა... წერილიც იქნებოდა!

- მოკლე-მოკლე წერილები ორივეში იყო და ორივე ცოლისაგან... თითქოს ერთდროულად დაწერილი... ერთი ყირიმიდან... ხელიც ვიცანი და ამანათიც... მეორეში კი ხელი ცოლისაა, ამანათი კი?! – და მეორე ამანათიც გადამიხსნა.

პირველყოვლისა შესანიშნავი თამბაქოს სურნელი მომხვდა, მერმე ჩურჩხელებიც შევამჩნიე... ამანათის პატრონი კი უფრო იმღვრეოდა...

რაღაც ქალაქი მითხრეს – წყალტუბო! არ გამიგია... მე აგრონომი ვარ და არა გეოგრაფი... ამანათს ვინ გიგზავნისო, საიდან ელიო? ცოლისგან-მეთქი, ყოფილი ცოლისგან!.. ყოფილი მაინც ჩავუმატე, იქნებ “ოპერნათლია” მცდის-მეთქი.

- ჩვენშია წყალტუბო, საქართველოში... ქუთაისის მახლობლად. იქ განთქმული სამკურნალო თბილი წყლებია!

- სამკურნალო თბილი წყლებია? – უფრო გაიკვირვა პეტრომ და ორივე ამანათს გადაჰხედა.

პატიმარს სხვა თვალი აქვს. ამანათი, მით უფრო უწერილობის ჟამს, მისთვის შორით სახედი ოჯახური სარკმელი არის. დაშორებული ახლობლების ყოფისა და გრძნობის თავისებურად მეტყველი სახე და სარკე.

პირველ ამანათს ყოველ წვრილმანში ეტყობოდა ფაქიზი და მოსიყვარულე ცოლის ხელი... ცოლისა, რომელსაც თავისი თუნდაც უიმედოდ დაკარგული მეუღლისათვის ყველაფერი ემეტება და ამანათის ნივთებიც თითქოს ოდესღაც გაწყვეტილი ცოლქმრული საუბრისა და ყოფის გაგრძელებაა.

თბილი წინდა-ხელთათმანები, კურდღლის ბეწვის ყელსახვევი. საკუთარი ხელით ამოხვეული ცხვირსახოცები, ოჯახური ხშირღინღლიანი გრძელპირსახოცი... შინაური ნაკეთობის ნამცხვრები, ქმრის გემოზე შერჩეული მურაბები და ციტრუსები...

თურმე ხშირად სულ უბრალო ნივთებსაც კი უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ვითვალისწინებთ!

პეტრომ თითქოს გაიგო ჩემი ფიქრი...

- ხელის საპონიც კი ჩემი საყვარელია... მუდამ მიყვარდა მარწყვის სუნი! ჩემ ირინეს ხელსა და შეხებას ვგრძნობ ყოველ ნივთში! და ხშირღინღლიანი პირსახოცი სახე-შუბლზე გადაისვა. შემძრა ამ ოჯახურმა მოალერსებამ. მან კი ერთბაშად სულ გამოიცვალა კილო:

- მე და ჩემს მეუღლეს ერთი, მხოლოდ ერთი გვქონდა მუდამ სადავო – თამბაქო არ უყვარდა... ჰოდა მუდამ ძუნწად, თითქმის ძალა-ძალად მიგზავნიდა... ახლა კი? – და პეტრომ მეორე ამანათიდან თავმკვრივა, კეთილნაკეთობის ჩიბუხი ამოიღო. ამანათში თამბაქოც ბლომად იყო. შიგვე იდო ტყავის სადა, სათუთუნე ქისა, ზედ ჩიბუხის საწმენდი წკირიც კი ეკიდა. თითბრის მანთებელაც დაჭრილ, თხელ ქაღალდში იყო გახვეული. ჩირეული და ჩურჩხელები ცალკე პარკში იყო მოთავსებული, შიგვე შერეულად იდო წიწაკის კონსერვი, თაფლით სავსე სამხედრო მათარა და დაშაშხული ძეხვი. ამანათს აშკარად მამაკაცის ხელი ეტყობოდა.

პეტრომ ჩიბუხი ფიქრიანად გააბოლა. სიამისაგან თვალებიც კი დახუჭა, ღრმად შეისუნთქა და უკვე ბანაკში ჩაცვენილ კბილებს შუა გამჭვირვალე კვამლი რომ ამოეპარა, წეღანდელი გაწყვეტილი თხრობა ისევ განაგრძო:

- შერთვის დროს სიტყვა ჩამომართვა, თავს დავანებებდი თუთუნს... მერმე ვეღარ შევუსრულე. ჩვენ, მამაკაცები ხშირად ძალიან მალე დაუდევრები ვხდებით ახლობლების მიმართ!

ვიგრძენი პეტრო თავის ცოლის სურათსა და ამანათს უფრო ესაუბრებოდა, ვიდრე მე – მის შემთხვევითს მეზობელსა და თანამეინახეს.

- განქორწინებით ყირიმიდან გადაკარგვას კი გადავარჩინე ცოლ-შვილი, მაგრამ გაჭირვებას რა ეშველებოდა... ჰოდა ფრიად უჭირდათ... ახლა კი ასეთი... ისიც ორი ერთად?! ეს ჩიბუხიც ჩემი არ არის. მე ჩემსას ვთხოვდი, ძველსა და დაღრღნილს, გაჭვარტლულსა და ტკბილ-მწარეს... ეს უმჯობესია, საკმაოდ გამომწვარიც, მაგრამ არა ჩემი!

ახლა მოწაფური რვეული გადმოიღო, გადამიშალა...

- ეს ჩემი შვილის რვეულია... წარმოიდგინეთ – მიუღიათ და ისიც ნახიმოვის სასწავლებელში!.. მიკვირს... თითქოს ნატვრა ამისრულა ვიღაცამ... აი ბიჭუნას ნაწერი – ვადიმ... გვარის დაწერა კი დავიწყებია... ესეც მიკვირს... გაკვეთილებში არც ერთი მძიმე არ არის მიკლებული, გვარი კი აკლია! – პეტრომ რვეული უბეში ჩაიდო, ჩახველებით ხახა ჩაიწმინდა და კვლავ ამოამრავლა კვამლის ბოლქვები...

- თამბაქო კი სწორედ ჩინებულია, მაგარზე-მაგარი... გულსა ხვდება, მაგრამ თითქოს უცხო საჩუქარია... კარგი, მაგრამ უცხო! თითქოს ყელს მიღიზიანებს!

- ყველაფერი კარგი ახლა უცხოა ჩვენთვის! – სიტყვა მივაშველე, მაგრამ არც მომისმინა, თვალი ისევ წერილს დაატანა...

- ნუ დამცინებთ... და არც ეს რიცხვია ირინეს მინაწერი... მეორე წერილის მინაწერი კი სულ წაშალა ვიღაცამ! – და წერილს დიდხანს ამაოდ უჭვრიტინა ნათურის სხივზე.

მივხვდი რა ცეცხლიც სწვავდა ჩემს მოსაუბრეს. ისევ დუმილი ვარჩიე. გუნება მეც შემეცვალა და მეზობელთან ტკბილ-მწარე სერობა შევამოკლე... ზედაც გამეორებითი გადათვლა შემოგრიალდა ბარაკში...

- ეშმაკსაც წაუღიხართ... ახლა მეტი გამოგვივიდა! – მოგვალანძღა დაღლილმა ზედამხედველმა და ხალხი საცვლების ამარა წამოჰყარა.

მაგრამ მესამე გადათვლას კი იმჯერად გადავრჩით... გამოირკვა, რომ საავადმყოფო ბარაკში ერთი მომაკვდავი ცოცხლებშიც ჩაეთვალათ და მიცვალებულებშიც. მაგრამ მთავარი იყო, რომ გაქცეულებში იგი ვერასგზით ვერ ჩაითვლებოდა და ხელად ყველა დაწყნარდა... ცეცხლებშიაცა და მიცვალებულებშიც ხომ, ვგონებ, ჩვენც ყველანი ვირიცხებოდით!

რამდენიმე დღის შემდეგ “მავთულგარეთა” წერილი მომიტანეს. პეტრო აგრონომისა აღმოჩნდა. ხელზე მივხვდი, რომ მისი ცოლისა არ იყო. მცირემცოდნის მძიმე, მოუქნელ ხელნაწერსა ჰგავდა. სამუშაოდან როგორც კი დავბრუნდი, გადავეცი. უმალ გახსნა. არც არაფერი უთქვამს. არც მე მიკითხავს რამე. არც თავი მქონდა: შეუძლოდ ვიყავი. ფეხები მისივდებოდა ნაცინგარს. ზელის ტკივილსაც გახურებული აგურით ვიყუჩებდი.

ყურადღება რომ მივაქციე, უკვე ლოგინში იწვა. ისიც ავად გამხდარიყო. მაგრად დაესიცხა, სულს ძლივს ითქვამდა და რამაც მე მეტად დამაფიქრა, ჩიბუხსაც აღარ ეწეოდა.

- რა მოგივიდათ?

- თამბაქო მახრჩობს... თამბაქო!

ექიმთან წაიყვანეს. აღარ მობრუნებულა.

აქ, ამდენ ერთად თავმოყრილ ხალხში, როგორც მღვრიე მორევში, სულ ადვილია უკვალოდ ჩაკარგვა... ეს კარგად იციან პატიმრებმა და უფრთხილდებიან ურთიერთ მაკავშირებელ ძაფებს.

მაორე დღეს, მუშაობის შემდეგ, ძლივს მივაგენი პეტროს.

მიწის ფერი ედო.

- უკეთ ვარ! – მომჯობინებულად ცდილობდა თავის ჩვენებას. – სამუშაოსაც ჩამოვრჩი და სათბურშიაც ასწლოვანები არ გამეყინოს... თამბაქოს კი თავი დავანებე... ახლა სულის ხუთვამ მიკლო... აღარ მახრჩობს... დამიამდა... აი სიცხეც დამიკლებს და... ეჰ, უჩვეულო არაფერია... არაფერი... – როგორღაც ორმაგად მესაუბრებოდა, შეკითხვასაც არ მაცლიდა და თვალსაც მარიდებდა. – დიახ, არაფერი... ვადა მიმდინარეობს... ცხოვრება მიდის... ხელიდან გვეცლება ყველაფერი, ჩვენც ვცდებით, სხვაბსაც ძველი ცოდვებივით ვაწევართ... არც ჩვენ გვადგია კარგი დღე და მათაც ვუშლით. მალე გამოვალ, ბარაკში ადგილი შემინახეთ! მაგრამ სადღა არის ჩვენი ადგილი?! – ერთბაშად მოჭრა და თავი ბალიშში წაჰყო.

წამოსვლისას ორი წერილი გადმომცა. მათ შორის ერთი ჩემივე მოტანილი.

- ეს წაიკითხეთ... თუ გსურთ... თავისებურად საგულისხმოა! – მერმე შეყოყმანდა. – ან რა საჭიროა, საამო შიგ არაფერია... იქნებ არც ახალი... თქვენ ყველაფერი იცით, ალბათ! იქაც, ბარაკშიაც იციან, თავიდანვე მიხვდნენ... მე კი კიდევ ვეჭვობდი. ვისაც ეხება – ყველაზე ბოლოს გაიგებს ხოლმე! ეს წერილი კი “გარედან” გამიგზავნეთ. ვიცი, ძნელია, სახიფათოც... უკანასკნელი თხოვნაა, მეტს აღარ შეგაწუხებთ. ვერავის ვერ ვანდობ, ვინ იცის – რა კუდი გამოაბან! თქვენი იმედიღა დამრჩა... წერილების ნორმა უკვე ამოწურული მაქვს, ეს კი მესამე გამოდის ამ წელიწადში.. “იქაც” არ იზიანონ რამე... იმათ, თორემ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია, სულ ერთი.

ლაპარაკი უჭირდა სიცხიანს ხანდახან, ვგონებ, ბოდავდა კიდევაც. პირობა მივეცი და წასვლა დავაპირე: გადათვლას იქ რომ მოესწრო ჩეამთვის – “ბურში” გამათევინებდნენ ღამეს, მაგრამ პეტრომ ხელი მტაცა...

- არა... იცით რა?! აქვე წაიკითხეთ – აქვე!

მივხვდი, რომ თავისი თვალით სურდა დანახვა – რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე მისი წერილი. ვარაუდი დავიჭირე, რომ ჩემს სახეზე ცუდი ვერაფერი ამოეკითხა, მაგრამ კითხვა რომ დავიწყე – ყველაფერი დამავიწყდა...

“უცნობო მეგობარო! გწერ როგორც მამაკაცი – მამაკაცს. ჩვენ თვითეულს იმდენი ჭირი გვისვამს და ქარ-ცეცხლი გადაგვიტანია – არ გვეკადრება ურთიერთის მოტყუება და მძიმე სინამდვილეს ისევ და ისევ მამაკაცურად შევხვდეთ და შევაფასოთ. მე – ყოფილი სამხედრო ვარ, ფრონტელი, თქვენ – პატიმარი, ფრონტზე უფრო მძიმეც ვგონებ! მოკლედ და გარკვევით ყველაფერი ვთქვათ, რაც ჩვენს შორის, სულ ერთია, უნდა ითქვას. თქვენი ყოფილი ცოლი – ირინე ამჟამად ჩემი მეუღლე გახლავთ. თქვენი შვილი კი ჩემი ნაშვილევი. მე უკვე ჭაღარა კაცი ვარ და არა ზერელე ზრახვებით ამირჩევია ცხოვრების მიწურულის მეგობარი. მეც ომის მიზეზით დავკარგე ჩემი ოჯახი... სულ დამეღუპა... და ვიცი ასეთი დაკარგვის სიმწარე. თქვენს ოჯახს გადავეყარე, აგრეთვე დარღვეულს.

აქ ჩემი მხრივ გრძნობაც იყო და თანაგრძნობაც... ნაწვნევი სიმწრის ვარაუდებიც. ხოლო ყველაზე უფრო იმან შემაყვარა ირინე, თუ როგორი სათნოებითა და სიფაქიზით ინახავდა და ახლაც ინახავს თქვენს სახელსა და სიყვარულს. მის საქებარს აღარას ვიტყვი – თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ მას. ძნელია ყოველივეს თქმაცა და მოსმენაც, მაგრამ ასეთია ცხოვრება – როგორც ფრონტი, როგორც მიწისძვრა! ამ წერილის მოწერა კი სამივეს გვჭირდება... არა, ოთხივეს! რაც მოხდა, ამაში ჩვენთაგანი არავინ არის დამნაშავე, ან ვიღაც მეხუთე! ეს საერთო უბედურებაა!

ჩვენი ყველანი შევეწირეთ დიდ საქმეს – სამამულო ომი მოვიგეთ! ჩვენ თავისუფლება დავიცავით! ამის იქით ბევრი რამ გახდა ჩემთვის გაუგებარი... რაღაც უმართებულო სიმახინჯე შემოგვეპარა. ურთიერთის უნდობლობა და შიში წაგვეკიდა! თქვენი და თქვენისთანების მსხვერპლად მიტანაც ვის სჭირია, ეს აღარ მესმის! ამის გამორკვევას ახლა აქ ნუ შევუდგებით – ერთში კი შევთანხმდეთ – დედა და შვილი აქ სულ არაფერ შუაშია და იმათ მაინც ვარიდოთ ტანჯვა! ერთიც სულ გარკვეულად ვთქვათ – თქვენი “ოჯახი” ახლა ჩვენი “ოჯახია”, ესე იგი – შენიც და ჩემიც.

ეს რომანებში ყბადაღებული სამკუთხედი კი არ არის – არამედ ჯერ დაუწერავი ტრაგედიის მძიმე ხლართი და ჯადორკალი!.. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ადგილი. თქვენ ოჯახის ტკბილ-მწარე წარსული ხართ, მე კი მისი იქნებ მარტო მწარე, მაგრამ აუცილებელი აწმყო... მომავალზე კი ჯერ ნუ ვიფიქრებთ. შვილებს დავუთმოთ!

თქვენი გაშენებული ბოტანიკური და ციტრუსების სანერგე ვნახე და მოვიხიბლე. ღირსეული საქმე გაგიკეთებიათ და ომშიც დაგიცავთ... თქვენი “მოღალატეობისა” კი “გარეთაც” არავის სჯერა... ეს უნდა იცოდეთ, უნდა იცოდეთ!

საპატიებელი მაპატიეთ, ოჯახის დარდი ნუ გექნებათ. თქვენ მას მართლაც ჰკარგავდით, ახლა კი ურთიერთ ზრუნვა იყოს ჩვენი ვალი და მოვალეობა,

თედორე გრომოვი”.

წერილმა შემაძრწუნა. ამ მწვავე კვანძში ყოველი მათგანი მართალი, პატიოსანი პიროვნება იყო... ღირსეული ადამიანები, - მაშასადამე მოუცარავი ბედნიერების ღირსნიც... საერთოდ კი ყველა უბედური გამოდიოდა! აშკარად სადღაც რაღაც საზომი იყო დაკარგული, რაღაც საზომი!

ავადმყოფმა, რა თქმა უნდა, შემატყო შეძრწუნება... თავი იბრუნა და უბიდან სიცხის საზომი ამოიღო, ჩაჰხედა, მაგრამ დანისლული თვალის ჩინი, ალბათ, არ უჭირდა... მეც ვიპოვე საბაბი...

- მომეცით! შუქთან ახლოს ვნახავ!

არა, ეს საზომი არა სტყუოდა – სიცხე ორმოცს ჰქონდა გადაცილებული...

- დიდი არავერი! ოცდათვრამეტზე ოდნავ მეტია! – პირმოუბრუნებლად ვუთხარი და საზომი ჩავარხიე.

- თუ მატყუებ? – ხელი დამიჭირა, ლოგინზე დამსვა, ახლო ჩამხედა, - აი “იმან” კი სიმართლე მითხრა... უჰ, მართალია, მწარე – მაგრამ სიმართლე!

ბედად ექიმი შემოვიდა. იგიც პატიმარი იყო და ჩვენზე არანაკლებად მართალი და ნატანჯი. ვიდროვე და გარეთ გამოვიჩქარე. ორივე წერილი თან წამოვიღე...

ექიმიც გამომყვა. ჩემთვის ცხადი იყო, რაც სჭირდა ყირიმელს. მაინც შევეკითხე დოსტაქარს:

- ორმოცზე მეტი აქვს! რა სჭირს ექიმო? თუ რამეა საჭირო, იქნებ “გარეთ” ვიშოვნო წამალი?

- რაც ჩვენ გვჭირს – ის სჭირს იმასაც! არა, ეს წამალი ახლა არც “შიგნით” იშოვნება, არც “გარეთ”!.. უნდა მოვითმინოთ... ყველა სახადი წარმავალია, მხოლოდ გაძლებაა საჭირო!.. ომი მოვიგეთ? ! მოვიგეთ!.. მშვიდობიანობასაც მოვიგებთ!

ჩვენს ბარაკში რომ მოვბრუნდი, ზედა მეზობელმა თავი ჩამოჰყო...

- როგორ არის? წუხელ მეტად ცუდად იყო... ტუნდრაში არ წაიღოს ვადა, ვალში არ დარჩეს ტრიბუნალთან! – ძალა-ძალა ოხუნჯობას გმინვაც ამოაყოლა! – ეჰ, პატიმრისათვის უფრო ძნელია ოჯახური უბედურება! უკანასკნელი ძეწკვია! მეც დამრჩა ცოლ-შვილი... ეს ძეწკვი ყველას გვტკივა-.. დახე, სურათიც თან წაუღია!

მართლაც, ჩარჩოში სურათი აღარ იყო... მისი საშინელი სიცარიელე ლიბრგადაკრული ტუნდრის თვალივით უმზერდა პატიმრულ სამყოფელს და ყველას თავისი ცოლ-შვილი, გულის ფეთებით, ამ უსურათო ჩარჩოში ელანდებოდა.

მაშინ მივხვდი, რომ სურათიც მემ ქონდა ბუშლატის ფარულ ჯიბეში, უკან გასაგზავნად “გარეწერილში” ჩადებული.

უნდა გავტყდე ჩემს უმსგავს საქციელში: ის სურვილი, რომელიც თავიდანვე მქონდა, ახლა უძლეველ გადაწყვეტილებად მექცა. ათასი შესაფერისი მოსაზრება ვიმოწმე და ვიმიზეზე, გასაგზავნი წერილი ამოვიღე... დაუწებავი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ “გარედან” გასაგზავნად იყო ზრახული. ეს მე დამწერის ნებართვად მივიჩნიე და წერილი წავიკითხე:

“ნაცნობს და უცნობს!.. ერთად გწერთ, ასე სჯობია. გულახდილმა წერილმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მე ბუნებრივ სიკვდილზე ადრე გათავებული კაცი ვარ. ვაგლახად არც მკვდრებში ვწერივარ, არც ცოცხლებში... ყოფილა რაღაც მესამე მდგომარეობა... ცოცხლებს კი თავისი კანონები გიწერიათ და ნუღარც მკითხულობთ. მიცვალებული – თუნდაც დაუმარხავი – მაინც სდუმს... მით უფრო “მესამე მდგომარეობაში” მყოფი! ან კი რა აქვს სათქმელი? აღარც ანგარიშგასაწევია... ისიც დიდია, რომ ტყუილი არ მაკადრეთ. ერთსაც გთხოვთ – ჩვენც გაგვაჩნია თავმოყვარეობა, მაინც გაგვაჩნია... შესაძლოა – ცოცხლებსა და თავისუფლებზე მეტიც! ეს მ აინც შეგვარჩინეთ! ჩვენ ხომ უდანაშაულო პატიმრები ვართ – მაშასადამე – წამებულები, მაგრამ არც ზედმეტ ბარგად ვგრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ აქ ვშრომობთ, უფრო მეტსაც, ვიდრე მანდ – სათავისუფლოში... სამადლო პურს კი არ ვჭამთ! არც სამადლო ჩიბუხი მინდა, ნუღარც შინაურ წერილ-ამანათებს მიგზავნით... სულ ერთია, გაუხსნელ-გაყინული უკან მოგივათ. ამ ვითარებაში, მით უფრო, უცხო მამაკაცისაგან, თუნდაც პატიოსან მარჯვენასა და დახმარებას სულ ვერ მივიღებ, ვერა! მშვიდობით! თუ ეს შესაძლოა – იყავით ბედნიერები! შვილი კი ჩემია, ჩემი!”

ხელს არ აწერდა. თითქოს აღარც ვინაობა გააჩნდა. ცოლის სურათი, მართლაც, შიგ იდო. უკან უგზავნიდა, ყოველგვარი წარწერის გარეშე. გამოხუნებული სურათიდან სახემწყაზარი ქალი დინჯად, ოდნავ სევდიანად მიმზერდა... თითქოს რაღაცას მთხოვდა. კედელზე კი ცარიელი ჩარჩო ამოუვსებ ორმოსავით მოჩანდა. ეს ვეღარ გამეგო – ჩარჩო რაღად შეეტოვებინა პატრონს?!

საღამოს გადათვლამ მშვიდად ჩაიარა. უმალ დავწექი, - ღამის ცვლაში ვიყავი წასასვლელი. ჩვენი ბარაკიდან ამ ცვლაში სხვებიც მიდიოდნენ. ზედამხედველს ადრე ჩამოევლო, კარი გაეღო. ისიც თავის სოროს ეძებდა.

ქარიშხალს მავთულები დაეწყვიტა. შუქი მთელ ბანაკში ჩამქრალიყო. აკრძალული ზონის მხრიდან მაშხალების ბათქი და ნასხივი გამოდიოდა... ჩვენ “გვიცავდნენ” გაქცევისაგან...

ხეიბარმა დღიურმა ჩამოგვიარა, ყველა წამსვლელს ფეხზე ხელი ჩამოგვკრა და გაგვაღვიძა. სანთელი აგვინთო. დამწვარი შავი პურით შეფერილი “ყავა” საშრობელაში აგვიდუღა.

გარედან ქარის ზუზუნი უკვე უწყვეტად შემოისმოდა. ორმოცდაათ გრადუსს გადაცილებული ყინვა გველ-ბასრად მოგველოდა. მისი ცოფი და ლეზვი თეთრად აჩნდა ფიცრითა და გისოსით აკრულ სარკმლებს, ჭერის კუთხეებს, შეღრეჯილ კედლებს.

წამომჯდარად ვთვლემდი. წასვლა მიმძიმდა. სხვებიც ზანტად, პატიმრულად ემზადებოდნენ: ჩაძონძილ და გაპოხილ ბუშლატებს იცვამდნენ, უმსგავსოდ მოჯორდნილ ქარსაწინააღმდეგო ნიღბებს იკეთებდნენ. ჩვენი ჩაბინდური ბარაკი ახლა ყალყზე შემდგარ, საოცარი ნადირებით სავსე ბუნაგს უფრო ჰგავდა...

სანთლის მბჟუტავი შუქი სულ ალანდებდა უთავბოლო ჩრდილების ზლაზვნია ტაატს, თითქოს დროც ქარბუქით იყო დაგუდული...

უეცრად კარი გაიღო, ყინვის ოხშივართან და ქარის ზუზუნთან ერთად ვიღაც მაღალი, თავიანად საბანმოხვეული კაცი შემოვარდა. საცვლების ამარას ვეება, დაბრეცილ თელურებში ჩაეკრა ფეხები და ფლატაფლუტით მოაბიჯებდა. სხვა დროს არც მივაქცევდი ყურადღებას, მცირე საჭიროებისათვის გარეთ გასულად მივიჩნევდი. პატიმართ შორის არის დაუწერავი კანონი – რაც უნდა ქვეყნის ქცევა იყოს გარეთ, უკეთუ კარი ღია არის, ბარაკში ღამის კასრით – “პარაშით” სარგებლობა ყოვლად დაუშვებელია.

საბანმოხვეული კი ჩემს კუთხესთან მოიჭრა და ცარიელ ჩარჩოს ისე მიაჩერდა, თითქოს შიგ ხედავდა სურათს, რომელიც მე უკვე წინდის ყელში მქონდა დამალული, ალაყაფში ფარულად გასატანად.

ბარაკში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ქვედა და ზედა ნარებზე წამომჯდარ და წამოწეულ პატიმრებს ნიჭბები ისევ ჩამოეხსნათ, გატანჯული სახით, გაუმჟღავნებელი თანაგრძნობით უმზერდნენ ავადმყოფს. ახლა, ალბათ, ყოველი “ნომერი” თავის ოჯახზე ფიქრობდა და, ვინ იცის, რა იჭვი და დარდი უღრღნიდა გასავათებულ სულსა და გონებას?!

მეც წამოვვარდი, პეტროს მივეტანე, მაგრამ ბარაკში აქოშინებული სანიტრები შემოვარდნენ, გამოქცეულ დასიცხულს ხელი სტაცეს, დიდი ტყაპუჭი მოახვიეს და ძალა-ძალად უკან წაიყვანეს.

თავჩაქინდრულად, ზლაზვნით წამოიშალნენ პატიმრები, თითქოს ცარიელ ჩარჩოს გაერიდნენ, ნიღბები ისევ იფარეს სახეზე და გასვლა იწყეს. მეც მოვისწრაფე სამზადისი და უკან გავყევი...

საგუშაგოზე გადავრჩი. მუხლებს ქვევით ხელი აღარ ჩაუყოლებია მჩხრეკავს. მაღაროდან წერილის “გარეთ” გაგზავნის წინ ერთხელ კიდევ დავხედე ქალის სურათს, - ახლა უფრო სევდიანი მომეჩვენა, თითქოს შეძრწუნებულიც. ჩემთვის ცხადი იყო: ამ სურათის უკან გაგზავნა აქ ამ კაცს მოჰკლავდა და იქ იმ ქალს. მაშინ ჩავიდინე მეორე უმსგავსობა – წერილი უსურათოდ გავგზავნე.

მეორე დღეს, მაღაროდან უკან რომ მომიყვანა ბადრაგმა, ბარაკში შესვლამდე საავადმყოფოში შევიარე. პეტროს სიცხე საკმაოდ გამონელებოდა. სევდიანად შემომღიმა... მაგრამ შეწიფინებულ სახეზე ელდამ გადაჰკრა:

- გაგზავნეთ?

- ყველაფერი რიგზეა!

- დიდი, პატიმრული მადლობა! – ხელი შეძრულად ჩამომართვა. თითქოს შვებით, ნამდვილად კი უშვებლად ამოიგმინა: - ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველაფერი! აღარც ვადა მიმძიმს, აღარც ჩვენი უჩვეულო ხვედრი. – მერმე სახე იბრუნა და მობოდიშებით განაგრძო: - წუხელ ნასიცხარს დიდი უცნაურობანი ჩამიდენია... ჩვენს ბარაკში გამოვქცეულვარ... წარმოიდგინეთ, როგორ იცის მიჩვევა; თუნდაც ყოვლად უმსგავსმა კუთხემ! ადამიანებს კატის ხასიათი უფრო გვქონია – ადგილს უფრო ვეჩვევით, ვიდრე ურთიერთს... ვიდრე ურთიერთს!

ისე დავშორდი პეატროს, სიტყვაც არ დავძარი სურათის დატოვების შესახებ.

ათიოდ დღეში ჩემი მეზობელი დაბრუნდა საავადმყოფოდან. ისევ თავის ადგილზე დაშვა. ჩვენს ბარაკში დიდი ვიწროობა იყო, მაგრამ “ყირიმელი ასწლოვანას” პატივისცემით თუ ცარიელი ჩარჩოს კრძალვით, მის ადგილზე დაწოლა არავინ ისურვა.

პეტროს მკვეთრად მორეოდა ჭაღარა, წელშიც მოხრილიყო. ახლა უფრო მეტს სდუმდა. სამუშაოზეც ძალზე იღლებოდა. სათბურის მცენარეებს კი უმატა მოვლა და ლოლიავი, ხოლო ბარაკში ყოფნისას სულ უძრავად იწვა და ზედა ნარის გაურანდავ ფიცრებს შეჰყურებდა. მარტო თამბაქოზე კი არა, წეკოს მოწევაზეც აიღო ხელი. უჭირდა, მაგრამ კერპობდა, არ იმჩნევდა... ოღონდ როდესაც მახლობლად ვინმე ეწეოდა, ნესტოები ებერებოდა და შესამჩნევად ღელავდა. ცარიელ ჩარჩოსთან ახლა უქმი ჩიბუხიც დამბაჩასავით ეკიდა და მათ შორის შინაგან კავშირს, ვგონებ, მთელი ბარაკი უთქმელად გრძნობდა, თავს თუ ეჯიქურებოდა, თორემ რაღა საჭირო იყო ან ერთი, ან მეორე!

ბანაკური დღეები ტუნდრის გაუთავებელ ღამეებად ვიდოდნენ. ჩიბუხი კი მართლაც დამბაჩასავით ეკიდა და ერთხელ გავარდა კიდევაც...

პეტრომ ისევ მიიღო ამანათი. აცნობეს, მაგრამ არ წავიდა. არ გამოიტანა და უაღრესად აღელვებული ჰბორგავდა ბარაკში. ახლა სიარული და თითების ტკაცუნი დასჩემდა. მარცხენა ცერი არ ემორჩილებოდა და მას განსაკუთრებით ებრძოდა. სულ ჩაკუშტდა. აღარც მე მიზიარებდა რასმე. ვგონებ, თავსა და თვალს მარიდებდა კიდევაც. მაგრამ პატიმარი პატიმარს სად გაექცევა? მე მოველოდი, რომ ბანაკის შიდა ფოსტის ამანათს ჩვენი “გარეფოსტაც” უნდა მოჰყოლოდა. მაროთლაც, მალე წერილი მომიტანეს. პეტროსი იყო, იმავე უსწორო ხელით ნაწერი. გადავწყვიტე, რომ ზნეობრივალ ვალდებული ვარ “ამანათის” ჭირს ახალი ჭირი არ დავუმატო, და წერილის შეჩერება ვი ზრახე. ბოლოს წავიკითხე კიდევაც.

“თქვენი წერილი მივიღეთ. ყველაფერი გასაგები და გარკვეულია. ახლა მე უფრო თავისუფლად მოგმართავთ და უკვე საყვედურებსაც გწერთ... რას მიქვია – ამ მძიმე საერთო თავსატეხში – ამანათებისა და თავმოყვარეობის გარევა? მართლა დამნაშავე ხომ არა ხართ? ან თქვენი პატიმრობა – მარტო თქვენი პატიმრობა ხომ არ არის? თქვენი სიმართლე კარგად ვიცით და მალე, ალბათ, ყველაც გაიგებს! წვრილმანებს კი ნუ გავყვებით, მაშინ ძირითადს სრულიად ვეღარ გავართმევთ თავს... ერთობლივ ჩვენ ხომ დიდი რევოლუციისა და დიდი სამამულო ომის გამარჯვებების გზით მივალთ – აი ძირითადი!.. დანარჩენი კი წარმავალია და მხოლოდ საკუთარი მძიმე ბედის კუთხიდან ნუ შევყურებთ ზოგ მოვლენებს! კეთილგამიზნული კაცთმოყვარეობა და არა ყალბად გაგებული თავმოყვარეობა და გაგოროზება – აი რა გვჭირდება დიდსა და მცირეს!

ადამიანურზე მეტს ნურც მე მომთხოვთ, ხოლო ადამიანობას ნურც მე წამართმევთ და ნურც თქვენ დაჰკარგავთ! ამა ქვეყნის ძლიერება კი ისევე წარმავალია, როგორც შიშით შექმნილი სიყვარული!

... ჩიბუხი ჩემი გამოგიგზავნეთ, იგიც პატიოსანი კაცის ნაქონია... თქვენი კი აქ დავიტოვე ჩემთვის და ოჯახისათვის – თითქოს ერთად ვაბოლებთ მშვილობის ჩიბუხს... რაც შეეხება დასახმარებლად გამოწვდილ “თუნდაც პატიოსან მარჯვენას”, ვაგლახ, მე იგი აღარ გამაჩნია, ომში მივკარგე, პირველ ოჯახთან ერთად. ძლივს ვისწავლე მარცხენა ხელით წერა. სამაგიეროდ მრავლის ამოკითხვის უნარი შევიძინე! ამასაც გამიგებ – აგრეთვე მრავალდუხჭირიანი ხარ, ამანათებს კი შვილი, შენი შვილი გიგზავნის... მიიღებ და პასუხსაც გასცემ. სიღრმისეული და გულდაგული ჯანსაღად შემოვინახოთ, ჯერ ამით ვისაზრდოოთ, გავიგოთ და დავინდოთ ურთიერთო... წარმავალი კი – ვიმეორებ, - ყველგან და ყოველთვის წარმავალია!”

გიწვდით მარცხენა ხელს! ი.გ.

ბარაკში რომ მოვბრუნდი, პეტრო გარინდული იწვა. ერთი შევანჯღრიე:

- ამანათი შვილისაგან არის, რატომ არ იღებ?!

წარბშეკრულად შემომხედა, ყბა შეუტოკდა, მაგრამ სათქმელი მოკუმულ კბილებს იქით დარჩა. ხელი გამაშვებინა და თავზე საბანი წაიფარა.

ჩვენთან, მაღაროს ქვესადგურში, სასწრაფო სამუშაო იყო, ახალ ჰორიზონტს მაღალი ძაბვის ჯავშნიან კაბელს უერთებდნენ, ზეთოვან მრთველებს დგამდნენ, ისევ მალე ვიყავი წასასვლელი. პატიმრული ულუფა ნაჩქარევად გავიტეახე, მჭლედ წავიხემსე, თელურები გასაშრობად წავიყარე და ლოგინზე ჩაცმული მივწექი.

- იძინებთ?.. მომეცით წერილი... – შემომესმა პეტრო-მეზობლის შეშფოთებული ჩურჩული. ვიგრძენი, რომ იგი ყველაფერს მიმხვდარია. აშკარად იცის, რომ მისი წერილი სადღაც წინდის ყელში მაქვს დამალული... ისიც იცის, რომ უკვე წაკითხული მაქვს, მისთვის გადაცემასაც აღარ ვაპირებ...

გარეთ იმდენი მიმხვდურობა რომ ჰქონდეთ, როგორც უდანაშაულო პატიმართ, საპატიმროში უდანაშაულო არასოდეს აღარავინ მოხვდებოდა!

შემრცხვა. უსიტყვოდ გადავეცი, ზურგი შევაქციე და ბუშლატი თავზე გადავიფარე.

ხეიბარმა დღიურმა გვიან გამომაღვიძა. ზედამხედველი თავზე მადგა და მაჩქარებდა.

მეორე დღეს, ჩვენს ბარაკში მობრუნებისას, თამბაქოს საამო სურნელი ვიგრძენი.

- ისევ ეწევა! – ღიმილით მახარა ხეიბარმა დღიურმა. – შუბლიც გაეხსნა... ეჰ, მადლობა ღმერთს!

ნარებზე შეხალისებული სულისკვეთება სუფევდა.

პეტრო-აგრონომი ჩემს ლოგინზე იჯდა, - ჩანს, მელოდა. ჩიბუხს გულდაგულ აბოლებდა, ხოლო თავის ლოგინზე ახალგახსნილი ამანათი ედო!

- არა, ძმაო, მიწა თურმე კიდევ იძლევა კარგ ნაყოფს და მის ზურგზეც კიდევ დადიან ღირსეული ადამიანები!

- მაშ რა გეგონა?.. შენ გეგონა, მავთულხლართებით გათავდა ყველაფერი?!

პასუხი არ გამცა, დახარბებულად გააბოლა და ახლა მეორე მხრიდან შემომიტია:

- თამბაქო კი ფრიად მაგარია, მაგრამ კარგი... მაყუჩებელი... თქვენ კი, ჩემო მეზობელო, საკმაოდ უსირცხვილო! – იდუმალი ღიმილით შემომხედა და ახლა ჩემსკენ გამოუშვა კვამლის საამო ბოლქვები.

შედავება დავაპირე, მაგრამ ხელით მანიშნა და თითებზე ჩამომითვალა:

- ჯერ ერთი, ყველა ჩემს ზერილს დაეჭვებული კაცივით კითხულობთ... მეორეც, ის სურათი, ალბათ, სულაც არ გაგიგზავნიათ... და მესამეც... – აქ კი შედგა, თითი მოჰკეცა, მაგრამ არ მითხრა...

- მესამეც? – შევეკითხე და სულ ახლო მივუჯექი.

- მესამე კი... – ჩიბუხი ცერზე დაიბერტყა და ხველება აუვარდა. – მაინც გეტყვით... ალბათ, დამცინით? გულის სიღრმეში მაინც!.. ქართველები სხვანაირი ხალხი ხართ. ამ საკითხში მაინც... იქნებ სხვებიც დამცინიან?! ჩიბუხით რკალი მოავლო ირგვლივ. ცარიელ ჩარჩოსთან შეაჩერა და ისევ ხველება აუვარდა. – ოჰ, მაგარია!

- პირველი ორი მიმიღია... მესამე საყვდერუს კი უკან გიბრუნებთ! – ნირშერეულად ვუპასუხე...

- ახლავე შევამოწმებ... – ცარიელი ჩარჩო ჩამოხსნა და გამომიწოდა. ჩემი ბალიშის ბურბუშელაში ხელი შევყავი, შიგ ჩამალული სურათი ამოვიღე, ისევ ჩარჩოში გავმართე და ძველ ადგილზევე ჩამოვკიდე. თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ აქაც იკერპა, გაიღიმა და ხელი ჩამომართვა.

- მაშ არ დამცინით, არა?.. ოღონდაც! მაშინ, ალბათ, დახევდით! – მერმე ცოტა შეგულისდა: - ან კი რად უნდა დამცინოთ?.. ბოლოს და ბოლოს რად?.. მე ყველაფერი უმართებულოდ დავკარგე, მაგრამ საერთოდ კი თითქმის არაფერი არ დაკარგულა! დრო თავისი გზით მიდის... ასაშენებელი შენდება. სიცარიელე კი უნდა ამოივსოს! – ასეთია ბუნების კანონი! .. თუმცა იქნებ უმართებულოდ ვიმოწმებ ბუნებას! ადამიანის დანაშაულო ბუნებას არ უნდა გადააბრალო კაცმა! აჰა, ბარემ ესეც ზაიკითხეთ და მერე ერთად ვიგემოთ... ჩემი სანერგეს ნაყოფია! წარმოიდგინეთ, სანერგე ცოცხლობს! ამის შემდეგ მე აღარ ვშიშობ! იმ სანერგეში მანდარინებთან ერთად იმედიც იზრდება თურმე! ჩემი იმედის სანერგეა! – ამანათის წერილი მომაწოდა და მხრები აიჩეჩა, - რას მიქვია წვრილმანი იჭვიანობა! ერთი უცნაურობაც შემემთხვა – ხილი და სანოვაგე ყველას ვუწილადე... ჩემი საყვარელი ნამცხვრებიც ბლომად იყო... კარგი გამოცხობა იცოდა ჩემმა... თამბაქოს კი მარტოკა ვეწევი, არცვის შევთავაზე... ვიძუნზე თუ ვისირცხვილე... “იმისი” არ იყოს – “ყალბი თავმოყვარეობაო”!...

- კიდევ დიდხანს დუდუნებდა გულშეძრული ადამიანი, მაგრამ აღარ ვუსმენდი, მისი ათი წლის ბიჭუნას წერილს ვკითხულობდი:

“ჩემო დაუვიწყარო, უფროსო მამავ! ამ ამანათს მე გიგზავნი, დედა კი ტირის, მეუბნება, რაც გინდა, ის დაწერეო... რათა, მამავ? გაკვეთილები კი კარგად ვიცი. ახლა ჩვენ კარგად ვცხოვრობთ, ყოველდღე მაძღრები ვართ, ფეხსაცმელიც კარგი მაცვია... შენც კარგ რამეებს გიგზავნით. მე კი ნახიმოვის სკოლაში ვსწავლობ. ორჯერ ჩავაბარე გამოცდა, ჯერ შენი გვარით, მერე დედის გვარით. არ იფიქრო, რომ ჩავიჭერი, ნიშნებიც ყველა კარგი მქონდა, მაგრამ არ მიმიღეს, გვარი არ მოსწონდათ. რათა, მამავ? ბოლოს უმცროსი მამის გვარით კი სულ უგამოცდოდ მიმიღეს და ახლა პირველი მოწაფე-მეზღვაური ვარ, აი დედას ჰკითხე, თუ გინდა!

ჰო, სულ დამავიწყდა, ჩემი უმცროსი მამა ძალიან კეთილია, თუმცა გაჯავრებაც იცის, როდესაც ამანათის გამოგზავნას ვაგვიანებთ, ან შენს სანერგეში შეგვიფერხდება მუშაობა. იქ ახლა დედა მუშაობს, ესეც იმან მოაწყო. მე კი თავის ტოლად მთვლის, დედა კი ძალიან უყვარს. სათამაშო თოფი მიყიდა, - გაიზრდები, ბავშვების მტრებს და ომის გამჩაღებლებს, დაერევიო... მე კი სულ შენ დაგემსგავსე – ამას დედაც ამბობს და მეც ვგრძნობ... ხელი შენსავით ორი მაქვს, უმცროს მამას კი მხოლოდ ერთი შეარჩინა ომმა, ისიც მარცხენა, მაგრამ ძალიან ღონიერი... ჰაერში ამახტუნებს ხოლმე, ზურგზე ისე შემისვამს... ამის წინათ სამკურნალოდ წავიდა საქართველოში. მართალია, ვერ დავთვალე, მაგრამ თითქოს შენ დარგულ “ფარფაშა” მანდარინის ნაყოფზე უფრო მეტი ჭრილობა აქვს! მალე დაბრუნდა, საჩუქრები და ახალი ნერგები ჩამოგვიტანა... შენ კი არ მოდიხარ! დედამ მითხრა, უფროსი მამა რომ ჩამოვა, შენ უკვე დიდი ულვაშები გექნებაო... აი ბოცმანივით! ყოველ დღე სარკეში ვიხედები, მაგრამ ჯერ არ ამომდის. რათა, მამავ?”

ამის ქვევით წერილი ხელმარცხად გადახეული იყო. და ვინ იცის კიდევ რა თავსატეხებს ეკითხებოდა თავის შორეულ “უფროს მამას” გულუბრყვილო ბიჭუნა?!

- გადახეულია, როგორც ჩვენი ცხოვრება! – ჩუმად ჩაიდუდუნა პეტრომ და ჩიბუხში ისევ ჩაუმატა თუთუნი. მაგრამ გაბოლება აღარ ვაცალე, ჩემდა უნებურად ხელი გავუწოდე. ჯერ შეკრთა, მაშორა კიდევაც ჩიბუხი, მერე მიმხვდურად შემომხედა, გულდაგულ მომაწოდა. თვალის უპეებში კი ნამი და იმედი ჩაემატა.

- მაშინ პირველად მოვწიე სიმართლესავით მწარე, მაგრამ მაგარი და სურნელოვანი თუთუნი. უხერხულად, დამნაშავესავით მოვწიე. ზედა ძველპატიმარმა დამაჩქარა, უკითხავად გამომართვა ჩიბუხი, შვებითა და ხმიანად მოქაჩა, ახლა სხვასაც გადასცა.

... დინჯად, ხელიდან ხელში გადადიოდა ცალხელას ჩიბუხი. ასე მოიარა ჩვენი ბარაკი. გზა და გზა თუთუნის ქისის მიშველებაც კი დასჭირდა. ბოლოს ხეიბარმა დღიურმა პატრონს უკან მოუტანა ცარიელი ქისა და მთელი ბარაკის სუნთქვით გაჩაღებული ჩიბუხი.

პეტროს თვალზე უკვე დაუმალავი ცრემლი ადგა. ჩვენს ვიწრო სამყოფელში კი ამო სურნელი შორეულ შვებად და ნუგეშად სწვდებოდა ნომრებში ჩათხრობილ სულებს. სადღაც მავთულგარეთ კი იზრდებოდა და მწიფდებოდა “იმედის სანერგე”.

1952