განსაკუთრებით ახალგაზრდა მწერლების საყურადღებოდ
ახლა მე – სარკის მერცხალა, მოქალაქე-წიგნი გახლავართ. ჩემი ბუდე გარემო-სარკეც არის და შემოქმედების სულიც. გაჩენის შემდეგ ჩემი მკაფიო სახე, საფრენ-საზრუნავი და თავგადასავალიც მაქვს. ჩემი გაჩენა კი – მწერლის დაბადებაზე ნაკლები არვის ეგონოს. არც გასაჭირი, ღაზო და ტკივილი მქონია ნაკლები.
ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი – მადლიცა და ყადრიც... სიტყვების იქითა აზრიცა და გრძნობაც გაჩენილი მაქვს. ჩემი წმიდათა წმიდაც და თავდასადებიც ვიცი მკაფიოდ. პირველჭაშნიკის უდარდელი დროც განვლილი მაქვს, მაგრამ გატაცება არ დამიკარგავს. არც ისეთი მიდეგა და მიკერძა მწერლის პირველი წიგნი ვარ, არ ვიცოდე, რომ თითოეული ჩვენთაგანი დამოუკიდებელი, თავისებური სახეებისა და აზრების სამყაროა, უკეთუ მოქალაქე წიგნია და არა დასტამბული ქაღალდის უსულო დასტა.
აქ უბრალო არითმეტიკა არ სჭრის... შინაგანი – ხან წაღმა, ხან უკუღმა პროგრესიაა. ვარსკვლავეთზე არანაკლებ მრავალგვარი. ზოგი ცოტა უდღეური და ნაჩქარევი, ზოგი ცოტა ახალგაზრდულ-მოუშუშებელი, ზოგი ზედმეტად ცრემლიან-ღიმილიანი, ზოგი თავიდანვე გადაბერებული და მოკლე დღისა... ათასგვარი ხასიათისა, ტევადობისა, ლტოლვისა და მოწოდებისა. ერთი სიტყვით – რამდენი მწერალიც არის... არა, რამდენი მკითხველიც არის... არც ეს! რამდენიც ორივენი ერთად არიან და შეყრისას საერთო ნაჯვარი გამოიწრთობა, იმდენი სახისა და მოქმედებისა ვარ! იმდენ მოქალაქეობას ვიძენ! ახლა ვიცი – წიგნი ისეთი კეთილი მაშხალაა, რომელიც ყოველი მკითხველის ხელში თავისებურად ფეთქდება და სხვაგან განუმეორებლად იწვის.
ოდესღაც მე მხოლოდ დაუწერავი აზრი და სახე, ან სუფთა ფოთოლ-ფურცელი ვიყავი... უსხეულოდ, დასახსრულად ვეფრქვიე მსოფლიოს კუნჭულებსა და კიდეგანებში.
ალბათ, ქარი დამაქროლებდა, როგორც ყვავილების მტვერს, ბაბუაწვერებს... როგორც წყაროებში ჩავარდნილი სხივების ჭავლს, როგორც მიზეზს სიზმრებისას და საბაბს ფიქრთა დასადუღებლად.
მერმე მეც მომადგა ჩემი გამომწიფების ჟამი, გარეგანი და შინაგანი წინაპირობა. შემეყარა ჩემი ნების აღმასრულებელი თუ სახის გამხსნელი, რომელსაც ხან ავტორს ევახიან, ხან მწერალ... და რომელსაც არ შეეძლო არ დავეწერე ისე, როგორც მოდროვებულ თევზს არ შეუძლია არ დაჰყაროს ქვაზე ქვირითი!
ნიშანხატული იყო ჩვენი შეხვედრაც. ერთხანს ბრმად ვგრძნობდით ურთიერთს, ვერკი ვხედავდით... მერმე თითქოს, თვალსა და ხელს შუა საწვიმარი ღრუბლიდან რაღაც გამოთავთავდა... მერმე თვალები ერთბაშად აგვეხილა და ერთმანეთის მეტს ვეღარაფერს ვხედავდით ირგვლივ. ესეც გარესიბრმავის ჟამი იყო...
ორივე რომ დავძლიეთ, შემოქმედებითი რკენა მერე დაიწყო. იგი არც ერთბაშად მომხდარა და არც სრული ნებაყოფლობით... ეს ალერსიც იყო შეყვარებულთა და ბეწვის ხიდზე შეჯახებულთა ბრძოლაც. დამძალა, მაგრამ სული გავაცალე. ჯიუტი იყო და მხოლოდ თავისი სწამდა, არც მე ვიყავი ნაკლებ ურჩი და ჩემია.
ჩვენს ბრძოლაში რამდენი კალამი და ხმალი გადატყდა, ქაღალდი და ხალთა დაიხა, სიტყვების გორა გადითხარა... ახრები გამოიშიგნა. გამოუცდელს ათას ერთი სიძნელე და ცთუნება დავახვედრე... იოლი გზით ფონს გასვლა, ზედაპირული სჯა, კვანტი ლამაზი უბისა, უგუნურ და ვერაგ ქათინაურთა საამო თავბრუ, მიუტეველი მელანსისხლიანობა, უიმედობის ადვილად მოქმედი შხამი, გული შიშისა... მაგრამ არც ის მომწევდა უიარაღოდ... თუ ერისკაცური დვრიტა გახლავს – აღარ ითქმი გამოუცდელად, გულის კორა გაგაგებინებს!
არ ვფარავ – ძალადობაც მომაყენა, სულ ამიჭრელა პირი და ზურგი, მჩხვლიტა და მჩხაპნა შეუპოვარი კალმით და კილვით. სიტყვები და აზრები დამასია წურბელებივით... წერტილ-მძიმეთა ჭიანჭველები დამაყარა... რორცა გავჯიქდი – ხანჯლებივით დამასო ძახითი ნიშნები. დიდ სადავოზე კითხვის ნიშნები მომიკაუჭა, ლაყუჩებში ჩანგლად ამომდო. ერთი სიტყვით, არნახულად გამაწამა, მაგრამ... განგიცდიათ სიხარული, როდესაც სიმართლითა და პატიოსნებით გჯობნით ვინმე?! მე დავრწმუნდი, რომ ჩემი მებრძოლი ნამდვილად მებრძოლი სულია და “გამოუსწორებელი” პატიოსანი!
... ამის შემდეგ ჩემდა უნებურად დავყევი მის ნებას. არა, იარაღი არ დამიყრია, მაგრამ პატიოსან შემოქმედთან უმართებულო ხაფანგებით ბრძოლა აბა რა საკადრისია! არც უბრად მზერაა უბრალოდ მზერა! დავყევი მისი ნიჭის შესამოწმებლად. რამდენი ღამე თეთრად ვატეხინე, რამდენ კვანძში ვცადე, ღვიძლი ვუჯიჯგნე, ჯერ კიდევ ახალგაზრდას ვერცხლად შევერიე თმის ჯეჯილში, აბლაბუდად დავეღარე შუბლზე, ღაწვებზე, ფარული და ვერდაფარული ცრემლები ვადინე თვალთაგან... მაშინ კი მორიელა სიტყვებს დამასვედა. გულში მიფერფლილ ღველფს სატევარა თქმებად შემომიქნევდა. მადლიცა და ნაკლიც ბევრი ვუგრძენ, ვაგრძნობინე კიდევაც, ზოგი ახალგაზრდობით მოსდიოდა, ზოგი ცოდნის ნაკლულობით, ზოგიც მიბაძვით... მიმბაძველობა ხომ ყველაზე უფრო ადვილია ნიჭთა შორის!
ზოგი ისეთი გრძელშედგენილი და მძიმე სიტყვა გადამაწერა, რომ მ ართლაცდა სატვირთო მატარებელის შემადგენლობას უფრო ჰგავდა, - ფარღალალა, კვეცა-კვეცა სიტყვების პირისპირობით მოსყდიოდა. ალმასა სახეებსაც განურჩევლად, ბრესთან ერთად ხვეტავდა. კეთილ აზრებსაც, “ვერ გაგების” შიშით, ისე ართულებდა, რომ მართლაც, გაუგებრად ხდიდა. ზედმეტ ფერადოვნად წერდა.... მე კი შავი ხალები და ლაქები მემატებოდა. სიტყვას არ ენდობოდა, წინასადგარებსა და უკანსამაგრებს უსადაგებდა. სიტყვა კი უფრო სანდოა, ვიდრე – ხანდახან – მისი მთქმელი ადამიანი, რადგან სიტყვას თაობათა სიბრძნე, სიმართლე და ჩამოზუსტება ახლავს და ერთსიცოცხლიანი ადამიანის პირში აგრეგირად ვერ გამოცრუვდება.
ჩემს კალმოსანს ხანდახან ეშლებოდა კიდევაც კვანძის გახსნა, მოვლენათა განვითარება, არია დრო და შექმნილი გარემოება, ყოველ გმირს, პირველხანად, ვერ გაუჩინა თავისი კერძო ენობრივი თუ სულიერი მეტყველება და ვითარება. ჩემთვის თანდათან გასამხელი ფიქრი დაებნა. განრისხებულმა შემომძახა:
ფიქრი, რომელსაც შესაფერისი ფორმა არ მოენახა, რაგინდ დიდიც არ იყოს იგი, ჯერ დახვეწილ აზრად ვერ ჩაითვლება, ვერც შთანერგილს ძალას მოიხვეჭს! საჭიროა დიდი ძიება!
- მწერლობაში მით უფრო! პირველ წიგნში მით-მით უფრო! ახალგაზრდა ავტორისათვის მით-მით-მით უფრო!
კალამი ხმალივით მომიქნია, მიმკვეთ-მომკვეთა. კალთა ზევით ამიწია, მანდილი ქვედა კიდეში მიმაბა, ჩამისტრიქონა და “საკმაოდ გარკვეულად” ჩამთვალა.
ერთ ადგილას რაღაც, ალბათ, მეტისმეტად გულწრფელი და პირდაპირი ნაკვესი მიმაწერა, მერმე აზრი ათას ხლართში გააძვრინა და ხეშეში საშლელით “ის ადგილი” შალა და შალა. მაგრამ არათუ დაწერილს, ფიქრში გავლებულ მართებულ აზრსაც ვეღარაფერი წაშლის.
მე შევურჩიე. მაინც არ მომეშვა, ვიდრე არ მიმასიფრიფანა. მაგრამ ნაკვესი მაინც შევიტოვე, ახლაც ქვენაწერად და ჭვირნიშნად დამაქვს და მხოლოდ გამჭრიახთ ვუმხელ.
მე გულაშკარა წიგნი ვარ და იქნებ გულუბრყვილობად ჩამითვალოთ, მაგრამ არას ვჩივი – მაინც ვიტყვი – გულწრფელობა და ადამიანის ნდობა-სიყვარული უპირველესი ნიჭია მწერლისა... და მხოლოდ მერმე – ნიჭი ჭვრეტისა და აზროვნებისა, ფლობა ენისა, წერის ხერხებისა და ასე შემდეგ. ერთიც – მაინც მწერლობაში – მხდალ ნიჭს სულ უნიჭობა სჯობს! ჩვენ, მერცხალა გუნდის წიგნებს, გვიყვარს თავდაწერილად ნაფიქრ-ნათქვამი, თავს ვუხრით მხოლოდ გულწრფელთ, გაბედულთ, მაძიებელთ... მხოლოდ ხალასი ზნეობისა და თავგანწირული მოწოდების პირთ... სხვანი ჩამოგვეცალეთ! განა ცოტაა სამოღვაწეო ქვეყანაზე? ნიჭი კი ყველას აქვს, ვისაც შეგნებული ადამიანობა ერგო ბუნების წილად.
ახლა კი რამდენი ლანდის ლანდი და დამწერის ჩრდილი, სოკო-წიგნები დაბოგინობენ მსოფლიო წიგნისა და აზრის კალოზე.
ყველაფერი, რაც ყდაშია – წიგნი როდია! არც გაცვეთილი სიტყვები და გატკეპნილი ფურცლებია წიგნი! არც უსულო აზრებისა და სახეების გროვა... არც პირფერული ლამაზსიტყვაობა შიშნაკრავისა თუ ყურმოჭრილისა.
ორ სახე-სიტყვას შემოგთავაზებთ - წიგნი უნდა იყოს ზარშრიალა და ბასრიგულა, სახნისად რომ გამოადგეს ადგილის დედის გუთანს!
მრავალსაუკუნოვანტ გრაგნილებში გამოვლილი წიგნთა წიგნების აზრისა ვარ და მწადს, ავის მხილების ელდა მახლდეს, ან ცისარტყელა იმედისა, ნათელი შემეცნებისა, ბრძოლის ნაღარა დიდ ზრახვათა და გრძნობათა გამოსაჭედად... თორემ ცივსისხლიანი, გულმათხოვარა წიგნები ვის რად უნდა?!. მით უფრო “ვეფხისტყაოსნის” ქვეყანაში?!
ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, თუმცა წერისას ვერაფერში გამოგადგებათ: მეცნიერებაში საერთო კიბის საფეხურს კვლავ ახალი საფეხური ედგმის და ასე ზევით და ზევით, ხან დიდი, ხან მცირე – პიროვნების ნიჭისდაგვარად.
მწერლობაში კი ყველას თავისი, საკუთრივი, განუმეორებელი კიბე უნდა ჰქონდეს და, ალბათ, არანაკლებ ათასი საფეხურისა! ამიტომ ხალას მწერალს შეიძლება ჰყავდეს მომხრე ან მიმბაძველი, მაგრამ მოწაფე ან მასწავლებელი- არა!
მეტსაც ვიტყვი: ყოველ მწერალს აქვს თავისი “ცხოვრების წიგნი” – მთავარი თემა, რომლის შემდეგ იგი ნამდვილ სამწერლობოში შედის. არა კალმით, უკვე სულით მწერალი ხდება... და რა ბედნიერებაა, თუ იგი ამ წიგნს ადრევე დაწერს. ცუდია – თუ ცხოვრების ბოლოში სწვდება. და სულ ცუდი – თუ სულ ვეღარ მოასწრებს დაწერას.
კერძოდ ჩემს კალმოსანს კი მრავალი უჯერ-მაჯერა ძიება ახასიათებს. თხზავს კვანძებს, სიტყვებს აკოწიწებს... ძვრების ძვრაშია... სახეების სახვაში...
- რას ებრძვი ენას, სიტყვას, გრძნობას? სულ ბრძოლაში ხარ?!
... რა გასაკვირია, რომ ზარის მრეკავი ებრძოდეს ზარებს?!
- შენ ზარის მრეკავიც ხარ, მაგრამ სარკის მლეწავიც... მიზანი კი, ვგონებ, განზე დაგრჩა! მაშ როგორღა წერ?
- ისე უნდა წერო – სარკეს ესროდე და მიზანს ხვდებოდეს!
- მერე სად არის ასეთი წაღმა-უკუღმა სარკე?!
- შენ ხარ!
- მე ვინც ვარ – უფრო გარკვეულია... შენ ვინ ხარ?! არც მიჯაჭვული ამირანი, არც მინდია, არც ნაცარქექია?!
- წიგნმა ჩემმა გამომაჩინოს!
- თავისი ცოდვებიცა და შეცდომებიც მე წამკიდა. უთქმელს და სათქმელს კვესი ჩამოჰკრა, ნაპერწკლები დააფრქვევინა. ჯბეში ძალა-ძალად შემომეპარა, სიტყვაქსოვილა კაბა შემომითარგა. სახელსათაური, ბრმა თერძივით, ასჯერ მაზომა. თავისი “ბატიფეხური” სად არ მაწვდინა... დედააზრი ვიწრო საყელოში ჩამისვა და ღილ-კილოებით შემიკრა, სახელიც კი გამომიცვალა... უკანსაყივარი ამკიდა – “შავი დედანი” დამარქვა და კუთხეში მიმდო.
- დავიხრჩვი, ვეჟო! სიცოცხლე თუ მომეცი, ამომასუნთქე კიდეც!
- წიგნს შაშხივით უნდა გამოყვანა... არა გიშავს რა!
- ჯოჯოხეთია?
- არა, მწერლის სამწარეულო! აქვე საპაექრო სუფრას გავშლი მეგობართათვის!
- სად გაგონილა?! დაგძრახავენ... შენც ითაკილებ...
- ვისაც სუფთა, თავანკარა და უსარეველო სამზარეულო აქვს – არ ეშინია სტუმრების წვევა!
მერმე უფრო დამიტრიალდა. ახალ-ახალ რვეულებში მილოლიავა. მძივებივით ხატა ანბანი. მჭრა და მკვეცა... ჩამახარვეზა... ახალი ბწკარები ტაბიკებად გამიყარა. კალმისა და მაკრატლის დარიჯანში ჩამაგდო და დაუნდობლად მწურა. ფურცელ-ფურცელ ვგრძნობდი, როგორ ვიხვეწებოდი და ვიზრდებოდა ჩემს ახალგაზრდა ოსტატთან ერთად. გულის სიღრმეში გონების ხვეულებში ისეთი რამ სათქმელი აღმოაჩნდა, რომელიც თავადაც სრულშეგნებულად არ იცოდა. ისე, როგორც აბრეშუმის ჭიამ, ალბათ, არც იცის, რომ მისი ამოღეჭილი ძაფი აბრეშუმია!
- ეს შენ არა ხარ – სტიქიურია, ქვეცნობიერი!
- მე ვარ... და ისეთ წიგნს რა ვუთხრა ჩემდათავად, რომელშიც სტიქიური და ქვეცნობიერი რამ არ ბუდობს და ცხოველმყოფელ ძალას არ აძლევს!
- კი მაგრამ ეს არღვევს აზროვნებისა და ზუსტი თხრობის სისტემას!
- ვინც მხატვრულ წიგნში რაიმე სისტემას ეძებს, ის ვერასოდეს ვერ დაწერს, ვერც გაიგებს მწერლის აღელვებულ წიგნს!.. წავიდეს, ჭადრაკი ითამაშოს!
- ახლა მწერლები მაინც არ კითხულობენ ურთიერთის ხელნაწერებს და რაღაც წიგნებს! ურთიერთშორის ან წაუკითხავად მლიქვნელები არიან, ან განუკითხავად გაბუტულნი!.. იქნებ შენც სიმართლის დაუცხზრომელო მაძიებელო?!
- ცხოვრებაში მე ბევრი ძიება და დუმილი შემხვდა, არა მლიქვნელობა და გაბუტულობა! ყველამ მიახლოებით მაინც იცის – რა უდევს გულის უბეში, და ვისაც ნიჭი აკლია, ჭარბი “მე-მეობით” იძღებს თავმოყვარეობის უმაძღარ ჭიას, ამახვილებს თავის დაფასების ოსტატობას!
- მაშ “ჩვენ-ჩვენობის” მომხრე ხარ, ატაცებულო?! მერმე სად არის საზომი ან პირადი, ან საზოგადო?
- სწორედ უსაზომობას ვჩივი... ეს უმიზნობაზე ნაკლები ბევრით არ არის! მაგრამ მერცხალა წიგნს თავად მოაქვს თავისი მიზანიცა და საზომიც! თანაც არსებობს უმცდარი და პირუთვნელი დროის სასწორი!
კიდევ ბევრი მედავა. თურმე მწერალს კალმის გარდა კბილიც უნდა უჭრიდეს კარგად. ბოლოს თავისი გვარი მიმაწერა და ისეთი წერტილი დამისვა, რომ გამხვრიტა მრავალფურცელა... და მე მივხვდი, რომ გათავებული ვარ...
...ახლა “თეთრი პირი” მიწოდა და წითელ ფანქარს მიმცა.
აქა-იქ ბუზანკლებივით ჩამოსხდნენ ჩიტნიშნები, წითელი მარყუჟები, ბრჭყალები და კაუჭები. ჩემს ირგვლივ და ჩემს გამო შეიქმნა დავა-კამათი. ყველა მე მირტყამდა ხელს... ალბათ, მე ვეგონე დაბალი ღობე! და რაც უფრო მაწვალეს, ჩემი ღობე უფრო ამაღლდა!
მოსვენება არც მერმე მეწერა. ჩემი მელანა ტანი სტრიქონ-სტრიქონ ტყვიაში ჩამოასხეს და რკინის კევრები და მანქანები გადამატარეს...
ახლა სულ გასარკული გავცხდი. შევიმკე, ერთი ბუდიდან ვიყარე და მრავალათასა გედების გუნდს დავემსგავსე.
... მერმე ქარიშხალში მკეცეს და მკინძეს. ახლა ყდაში ჩასმული მერცხალა წიგნი ვარ და ღირსეულ წიგნებს მხარს დავუმშვენებ.
მაგრამ კეთილ ნაწერს მოსვენება არც სჭირდება, არც უწერია! ზოგი წიგნივით ვერ დავრჩი თაროებზე. ხალხი, მკითხველი, შეიძლება თევზის ყიდვაში შეცდეს, წიგნისაში კი არა!
ჩემს მეზობლად თაროებზე მრავალი სხვადასხვა ზომის, სისქისა და წონის წიგნი დარჩა... ეს მესამე – არც უბრალო, არც ხვედრითი – მისახვედრი წონაა!
დიახ, წიგნს უსათუოდ უნდა ჰქონდეს თავისი სახე და “მესამე” წონა”. მწერალი შეიძლება უსახო და უწონო იყოს – წიგნი კი არა!
უცხვირპირო მუნჯი წიგნები კი ერთმანეთს ჰგვანან, როგორც ლაშქრის ჩექმები! უნიჭობაში ყოველთვის უფრო არის მსგავსება!
ხელიდან ხელში ვიწყე გადასვლა. გაწამაწიის მოლოდინში ხამი და ზედმეტად მოკრძალებული ვიყავ. ჩემს დამწერს რიხიანად ვედავებოდი, მკითხველთან კი მობუზულად ვიყავი და მცირედი შეცდომაც სირცხვილის ცეცხლში მაგდებდა... მაგიდიდან გაქცევა მწადდა, მაგრამ ფრთები მქონდა დაბადებიდან, ფეხები კი არ გამაჩნდა. მალე შევატყვე – მკითხველს გულს უგასაღებოდ ვუღებდი და ბევრ ცოდვას მაპატიებდა. ცას ვეწიე. ჩემი ავტორი ახალბედა ფეხბურთელად ჩავთვალე, რომელმაც წამკრა ფეხი “სიბრძნის ბურთს” და აწ ჩემია “ბურთი და მოედანი”!
ალერსიანი გზა დამედო... უნდოებმაც კარი გამიღეს. ჩემს ფურცლებსა და სტრიქონებს შორის, - ავტორზე რომ არა ვთქვა რა, - ვგონებ, ჩემზე მეტიც ამოიკითხეს, თავისი ფიქრები და გულისთქმები ხორცშესხმულად განიცადეს და მეც ამაჟღერეს!
მაშინ მივხვდი, რომ უმკითხველოდ არც ერთი წიგნი არასოდეს დამთავრებულად არ ჩაითვლება!.. და რამდენი ამაო შრომა, ენაბრგუ სალამური, უსწორო ჩანგი, მრუდე ხის ფანდური ახლაც აწყვია დავიწყების თაროებზე და ჩრჩილს ამრავლებს!.. ამავე დროს რამდენი ტკივილი თუ სიხარული, გმირობა თუ ხელის მოცარვა, აღფრთოვანება თუ სასოწარკვეთა დაუდუღარი წიგნების მასალად დაჰქრის ჰაერში. თავის გამგებსა და გამ რიგეს ელის, ეძებს, მოლოდინშია! მე კი, ჩემს შემდეგ, მსოფლიოს საწიგნეთი მიმაჩნდა ამოწურულად! დროზე ვიშორე თავბრუ, ვიყუჩე...
... მალე დავშინაურდი, მაგრამ მოკრძალებას უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა დაერთო: მკითხველის გულში ჩამწვდომს უფრო სუფთა, უფრო ღრმად ამაღლებული, უფრო გულისხმიერი წიგნი და ფიქრი შეეფერება! უმჯობესი უნდა ვყოფილიყავი... მე და ჩემს დამწერს კვლავ ბევრი დაგვრჩენია უთქმელი და სათვალისწინო. ჩანს, ეს პირველი წიგნის შემდეგ ხდება უფრო საჩინო. იგი პირველი სიყვარულივით არის... მის მარცხსაც და წარმატებასაც სათანადო განსჯა და მონელება სჭირდება, რომ არ გახდეს იგი უკანასკნელი!
ჩემს შემოქმედს კი ყველაფერი, რაც იმჟამად კეთილნარუქი და მწიფე ჰქონდა, წარვტაცე ან თვითონ მომცა. აწ მე დამაქვს მრავალთათვის საზრდოდ სულისა!
მაგრამ მას იდუმალ ფიქრში ჰგონია, კვლავ ჩემზე უმჯობესს შეთხზავს... მაშასადამე, მან რაღაც შემოიტოვა, ჩემთან ბოლომდე არ თქვა, დამაკლო ან კიდევ ამწიფებს... ახალი რთველის მოლოდინშია... ამას მხოლოდ მაშინ ვაპატიებ, თუ მერცხალა და-ძმა გამიმრავლა და მისახელა.
ამ თქმაში, ვგონებ, ყოვენლი ხელნაწერი – შავი, თეთრი, თუ ნაბეჭდი და ნასტამბი, შემიერთდება... წიგნთან არ გადის გულძუნწობა, ჯუჯაგულობა, დაზოგვა თავისა ან ოქრომასალისა. აქ გადაჭარბება უმჯობესია, ვიდრე დაკლება... დახვეწას კი დაოსტატება და დროის სიბრძნე მოიტანს. კეთილმეგობრულ, მაშველ ფანქარსაც კვეცა უფრო ემარჯვება. დაკლებული კი წიგნისათვის თითქმის ყოველთვის დაკარგულია!
ვერც თემის შეუბედაობასა და შემოფარგვლას უძლებს დიდი მწერლობა, როდესაც ასპარეზზე საქვეყნო ძალები და მოვლენები გამოსულან, დიდი ვნებათა ღელვაა... ძირითადიც ჯერ უთქმელია: წვრილთემიანი ცოხნის დრო სულ არ არის და ჭეშმარიტ მწერალს ამისათვის სულ არც სცალია! ჩვენ ისედაც დავიგვიანეთ.
ვინც კალამი მოწოდებით აიღო ხელში, მან ამით ბევრ რამეზე აიღო ხელი, ბევრი რამეც ითავა. ალბათ, გაითვალისწინა, რომ კალამი პატრონის ცოცხალი ნიჭითა და გულის ხორცით იკვებება, ისე არ კალმობს... წიგნის სარკეში კი არაფერი იფარება... ეძიებდეთ და ჰვოპებდეთ!.. ირგვლივ ათასი დაუწერელი წიგნია და დიდი მოლოდინი – იღვწოდეთ და მოიხვეჭდეთ!.. მერცხალა გუნდის წიგნები გადმოაფრინეთ!
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კალამს ქარქაში არ გააჩნია, - იგი ან ბასრად ცხოველმყოფელია, ან გატეხილი!
1965