Litclub.ge

ხანძთის ზარი
“...ამათ დიდებულთა... უშურველ ყვნეს საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთვის...”

ოშკის ტაძრის წარწერა

სენაკის სარკმელში ღამურებმა დიდი ხანია უკლეს შმაშურს.

ბერის აუშლელ საწოლს რუხად შენისლული ირიბი სხივი ჩამოადგა.

კანდელის შუქი მიუძლურდა, გახუნდა, დაილია – ჭიამაიასოდენა გახდა.

მაგრამ გრიგოლ ბერს არაფერი უგრძვნია. იგი განაგრძობდა ეტრატის ფურცვლასა და სწორებას.

ასეთე დაათენდა თავზე.

გრილმა სიომ კვამლის სუნი შემოიტანა სენაკში. ეს კი იგრძნო ბერმა.

კანდელს შეხედა, მერმე შუქჩამდგარ სარკმელს. მხოლოდ ახლა იგრძნორ დაღლა... ეტრატის ფურცლებს სირმა დააყოლა და დახურა ხელნაწერი. შემდეგ თითქოს დაენანაო – ისევ დახედა, ყალამი ფრჩხილზე დინჯად გაისწორა, სინგურში ამოაწო და ხატული ხელით ეტრატს ბოლოში მიაწერა:

“ესე ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ დიდისა ხანძთელისა, ამ სავანის მაშენებელისა, გადავწერე ხანძთასავე: ბერმონაზონმა ხანძთელმა გრიგოლ მცირემ. უცბად და ცდომით ჩხრეკისათვის ნუ მაბრალებთ, რამეთუ იყო ჟამი თურქთა მოძალებისა და სამცხე-საათაბაგოს რბევისა...

ქორონიკონი: სმ: ქრისტესით 1552 წელი.

ნაწერს გაცრილი სილა დააყარა და შეაშრო. ადგა, პირჯვარი ისახა და საწერ კათედრას მოშორდა. გარეთ გავიდა. ქვაფორე გავლო. ხანძთის მცირე ეზოს მოავლო თვალი.

ტაძრის მთავარი ტანი ზედ უფსკრულის პირზე იყო აშენებული, ხოლო ორ მხრივ ფრიალოდ ჩამოსული კლდე ზღვარავდა.

ბერი საყდრის დარკინულ კარს მისწვდა. გაღებისას აჟღარუნდა ჯაჭვ-რგოლებით შეჭედილი კარი.

ხანძთის სიმყუდროვეში იარაღის საბრძოლო აჟღარუნებას ჰგავდა ეს ხმა. კიდევაც გააფრთხო სამრეკლოსთან მოღუღუნე მტრედები.

ბერს ცოტა ეუცხოვა მტრედების სიმრავლე, მაგრამ გული არ ათხოვა.

საყდარში შევიდა, ხატები მოილოცა.

გრიგოლ ხანძთელის კედელხატულს მიუნთო სანთელი.

დღეს ხუთი ოქტომბერი იყო – მისი დიდი სეხნას მოხსენიებისა და ლოცვის დღე.

ამ დღისათვის ჩქარობდა “ცხორების” გადაწერას. აკი გაასრულა კიდევაც... და ახლა, ამ დილის ძალზე, ვალმოხდილი მის წინაშე იდგა და შინაგან მყუდროებასა და სულიერ ამაღლებას განიცდიდა.

წმინდა სიხარული სუფევდა მის გულში.

თითქოს მოღუშული სიჩუმის დასაძლევად ლოცვა ხმამაღლად წარმოთქვა გრიგოლმა. მოგუგუნე ხმა გაიღო ცარიელმა საყდარმა.

უსმენდა ბერი – როგორ ხმიანობდა და მაღლდებოდა ხანძთის თაღებში მისი გულსავსე ლოცვა.

მაგრამ თავის ხმასთან ერთად, გუმბათის კამარიდან, მომრავლებული მტრედების ღუღუნი ჩაესმა მარტოდ მლოცველს. თან ისევ კვამლის სუნი ეცა. არა, ეს თაფლის სანთლის სურნელი არ იყო!

“ტყე თუ იწვის სადმე? წუხელ ავდრობისას მეხი დაეცემოდა!” – გაიფიქრა და მაინც შეწუხდა. დაეჩრდილა სიხარული, მოუსვენრობა დაეტყო.

ახლა მოაგონდა, რომ წუხელ “ქვევით” საშინელი ავდარი იყო. ქარი და შხეფი აქაც კი სწვდებოდა, ამ “ფიცხელ კლდეზე” შეფარებულს ხანძთის სავანეს. ხელსაც კი უშლიდა დაუცადებელ მწიგნობრობაში.

ერთხანს თითქოს შორეული ზარის ხმაც შემოესმა, მაგრამ “ცხორებაში” ტთავწასულს ყური აღარ მიუპყრია ჯეროვნად.

ან კი რაღა ესაქმება მას, “საამქვეყნო” ვნებებიდან გაცლილსა და გამდგარს. ვიდრე იქ, ქვევით იყო, არც დაუზოგავს “დიდი ზრუნვისათვის” თავი და გული. ახლა კი ერთადერთი აქვს საზრუნავი და საოხი – სულის მყუდროება და “ორიოდ დარჩენილი დღის” ღირსეულად გასრულება ლოცვასა და საღვთო წიგნების თარგმნა-გადაწერაში.

გარეთ გამოვიდა. წყაროსთან სახეზე წყალი შეისხურა, ბამბის ფთილასავით თეთრი წვერ-ულვაში ოდნავ დაისველა და ხელისგულით ჩამოისწორა, პირში გამოივლო წყალი, თითი გაისვა კბილებზე – ეს მას მუდამ სიამეს ჰგვრიდა: ყველაფერი დროს წაეღო – ძალა, ჯანი, ფერ-ხორცი, გულის ხალისი. მხოლოდ ყველა კბილი საღი შერჩენოდა მოხუცს.

პირის ბანა რომ მოათავა, ახლა ცარიელ სენაკებსა და კლდეში გამოტენილ სადგომებს შემოუარა. ზოგან ხატს კანდელი მიუნთო, ზოგან ობობას ქსელი ჩამოწმინდა. თახჩის ჭილობი გადახვეტა. საოსტიგნესთან საფეხურის მოშლილი აგური შეასწორა, თან საკენკი წამოუღო მტრედებს.

ჩრდილივით დადიოდა: ჩუმი და მაღალი.

ხანძთაში არვინ იყო მის მეტი.

იგი იყო ერთადერთი, იქნებ უკანასკნელი ხანძთელი. უკვე ხუთი წელია, რაც აქ გადმოვიდა ოპიზიდან.

იქ თავის სახელოვან მოწაფეს ეფრემ ბერს დაუტოვა წინამძღვრობა, თავად კი მარტოდ ყოფნა არჩია ხანძთას. კვლავ აღადგინა დაყრუებული სავანე.

ანდერძად დააგდო: აქვე ხანძთის საძვლეში უნდა მიებარებინათ მისი ნეშტი. აკლდამაც კი გაიკეთა. საკუთარი ხელით აიგო ადრევე განსვენებულ ხანძთელთა გვერდით, საყდრის კარიბჭის მახლობლად. ფრიალო კლდის ძირში დიდი, წაგრძელებულ ოთხკუთხედად გათლილი ქვაა. ამ ქვის ქვეშ კიბეა – ათიოდ საფეხური, დაბლა კლდის გულში კი ეკვდერია, თაღად გამოყვანილი, თლილი ქვით მოპირკეთებული.

ხანძთელმა ზელი გადაუსვა ქვას, გადაიკითხა თავისივე ეპიტაფია:

“ქრისტე, შეიწყალე ბერმონაზონი ხანძთელი გრიგოლ მცირე; უფალო, შეუნდე, ვინც შენდობა ბრძანოს”.

მერმე სამრეკლოსაკენ წავიდა. ჩავარდნილი საფეხურები ნაჩვევი ნაბიჯებით ავლო დ ხანძთის ერთადერთ გადარჩენილ ზარს მისწვდა.

არც თუ დიდი ზარი იყო, მაგრამ საოცარი ხმა ჰქონდა მადლიანს.

ერთიან საქართველოს უკანასკნელი მეფის – ალექსანდრეს მიერ იყო ნაბოძები “ღვთის სადიდებლად და საქართველოს სამეფოს წარსამართებლად”. ასე ღაღადებდა ზედ ამოტვიფრული ხვეულ-ქართული.

ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლისაგან იყო ჩამოსხმული ზარი. ხმაც იშვიათი და ხალასი ჰქონდა. მისგან დარხეული ბგერა მერცხალივით გადაევლებოდა სამცხე-საათაბაგოს დაწყლულებულ სხეულს.

უმალ სხვა, ახლომახლო საყდარ-მონასტრები აიტაცებდნენ ხანძთის ზარის ხმას და ახლა შორეულებს გადაულოცავდნენ, განავრცობდნენ, გაამრავლებდნენ.

ოპიზა, იშხანი, არტანუჯი, წყაროსთავი, ტბეთი, დოლისყანა, ბერთა, ანჩა, შატბერდი, ოშკი, ბანა, დაბა, ხახული, პარხალი და სხვანი მრავალნი ”დიდნაშენნი, კეთილ-შემკულნი”. ყველას მოიხსენიებდა თავის ლოცვაში ბერი. იქნებ ზოგნი მათგანნი უკვე სდუმდნენ, მაგრამ მხცოვან ხანძთელს ყველა სახელი ხანძთით ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლის ზარის ხმაში მოესმოდა. იქ, ქვევით, ლოცვად დადგებოდნენ ბერ-მონაზონნი და მსოფლიონი. თურქთა მოძალების მძიმე დროში ნუგეშად მოეფინებოდათ ხალასი ხმა.

კვლავ გაიხარებდნენ, რომ გრიგოლ მცირე, ხანძთას მარტოდ შემდგარი ბერი, ჯერ ცოცხალია, იღვწის, მაღლიდან გადმოჰყურებს სამცხე-საათაბაგოს და ღვთისმშობელს ავედრებს “წილხვდომილი ქვეყნის” ამ განაპირა მხარეს.

არასდროს დაუყოვნებია გრიგოლ მცირეს ხანძთის ზარის დარეკვა. აი ახლაც მზეს დაასწრო, ადრე ამოვიდა სამრეკლოზე.

ჯერ მტრედებს მიუყარა საკენკი. მაგრამ გულმა ულოდნელი რეჩხი უყო. თუმცა აუგი არაფერი მომხდარა. მხოლოდ მტრედები ებევრა მოხუცს. აქ ხუთიოდ მტრედი ჰყავდა მოჩვეული, ახლა კი?! ახლა... უამრავი მტრედი ეხვია მის საკენკს, სამრეკლოს, საყდრის გუმბათს, ცარიელ სენაკებს. თითქოს მთელი საათაბაგოს მტრედები აქ მოფრენილიყვნენ. შემკრთალი ხელით პირჯვარი ისახა ბერმა, აუგი ფიქრები მოიშორა და ზარს ჩამოჰკრა. მტრედების ღუღუნი დაჰფარა ზარის ხმამ. შვება იგრძნო, უმატა რეკვას, თავის გულისხმაც შიგ ჩააქსოვა, რამდენჯერ ჩამოურეკავს და მაინც მუდამ ახალი სიხარულით ისმენდა ვერცხლის ენაზე ახმიანებულ ლოცვას.

მაგრამ უეცრად შეჩერდა. გაოცდა კიდევაც. უჩვეულო სიჩუმე სუფევდა ირგვლივ, თუმცა რა იყო გასაოცი? ხანძთა ისეთი უდაბური და ღრანტიანი კლდის მაღალ წიბოზე იყო მიშენებული, რომ აქ მუდმივი სიჩუმე სუფევდა.

არა მარტო ცხოვრების, არამედ თითქოს დროის მიღმაც იყო გარჩენილი ხანძთა.

მაინც გაოცდა ბერმონაზონი.

აღარსაიდან ზარის ხმის ნაცნობი და ნანდომი პასუხი არ სმენია შეძრწუნებულ ხანძთელს.

მაგიერად კვამლის სუნი ისევ იყნოსა ბერმა. ახლა უფრო ძლიერად შემოჰკრა ზარს და სმენად იქცა.

მხოლოდ მტრედები ღუღუნებდნენ ირგვლივ.

ბერი სამრეკლოს ძგიდეს შეეჭიდა და ქვევით გადაიხედა.

ჯერ კიდევ დილის ნავლი ეფინა მხარეს, ხანძთის სიმაღლემდე არ ამოზეულიყო ქვეყნის ნაორთქლი. ღრმა ხეობიდან ძლივს აღწევდა კარჩხალულას დაჩანჩქერებული ტალღების შხუილი.

გაღმა, მთის კალთაზე მოფენილ სოფლებში, კვამლის შავი ბოლქვები შენიშნა ბერმა. უმალ მოეპირქუშა სახე. არა, ეს საყანეებში ბუჩოსა და ბრელოს წვას არ ჰგავდა, არც ნამეხარ ხანძარს.

კვამლის ბოლქვები, მავედრებლის მკლავებივით, ზეცისაკენ აღმართულიყვნენ. ქვეყნის “ამაოებათაგან” გამდგარ ბერამდეც მოაღწია ხანძთის ქვედა ქვეყნის ურვამ და დრტვინვამ.

შეძრწუნდა გრიგოლ ბერი. თავი ანება ზარვას. გულს მიფერფლილი ნაღველი შეეჭიდა. თითქოს იქ აღარაფერი ესაქმებოდა. მაგრამ არა, რაღაც შეუცნობი და მჭიდე ძალა ქვევით ეზიდებოდა. ქვევიდან ავი სიჩუმე საშინელი ძალით უხმობდა “მარტოობაში თავშეფარებულს”.

ხანძთას ამოსვლის შემდეგ პირველად იგრძნო ნათლივ, რომ იგი მაინც ვერ ეკუთვნის მხოლოდ ლოცვასა და საკუთარ თავს. მტკიცე ჯაჭვებითაა მიბმული “ქვედა ქვეყანას”. იგრძნო ეს და პირჯვარი გადაისახა: უნებურ ცოდვად მიიჩნია. სასოება მოიკრიფა, სამრეკლოს ძგიდეს ჰგლიჯა თავისი თავი და ძალა-ძალა ქვევით ჩამოიყვანა.

მაგრამ სიჩუმე მოსდევდა ფეხდაფეხ; საზარელი სიჩუმე!

მარტოობაში მყოფს რაღას შეუმძიმდებოდა სიჩუმე – მაგრამ არა, ქვევიდან მოსული და სამრეკლოსთან უტყვად აღმართული სიჩუმე ზარავდა ხანძთელს.

საოსტიგნეში გავლისას, მისდა უნებურად, სამგზავრო არგანი ამოებორკა ჯერ თვალში და მერმე ხელში.

თავის სენაკში რომ შევიდა, აღარც იქ დახვდა ჩვეული სიდინჯე და მყუდროება. დამთავრებული ხელნაწერი აიღო, ბოლო მინაწერის წაკითხვა სცადა.

კალიებივით გაუფრთხნენ ასოები.

საწოლის ჭილობი აჰკეცა, სკივრი ამოაღო და შიგ ჩაწვობილ სხვა ხელნაწერებს ეს ეტრატიც შეჰმატა.

ისევ რომ გაასწორა თავისი საწოლი, ანაზდად ბარტყულა მოხვდა ხელში. ხუთი ზელია აღარ შეუბურავს თავი. ასევე უნდოდა საფლავში ჩასვლა. მაგრამ ახლა, თავისდა უნებურად, კვლავ მოირგო ბარტყულა. სამგზავროდ შეიმოსა და შეუვალი სიცხადით იგრძნო, რომ აქ გამჩერებელი აღარ არის. უთუოდ უნდა წავიდეს იქ, ქვევით... საშინელი სიჩუმის ძირთან.

კარიბჭე რომ გავლო, ერთიც შემობრუნდა და სამრეკლოს შეხედა. იქ ზარი ეკიდა. გაუკითხავი, უპასუხო, იქნებ დაობლებული ზარი.

მის ქვევით კი სამცხის ვგონებ ყველა საყდრის მტრედები ღუღუნებდნენ და ჰკენკავდნენ ნამცეცებს.

უფრო ჩაღუნა თავი ხანძთელმა და ქვევით ჩაჰყვა კლდეზე ჩაკიდებულ ბილიკს.

* * *

კარჩხლულას ნაპირზე რომ ჩავიდა და გაღმა სოვლებს ახლოდან გაჰხედა – ყველაფერი ცხადი გახდა.

გზას უტია, კლდესავალ ბილიკს გადაჰყვა, მთა გადაიარა და იმერხევს გადავიდა. ოპიზის დიდებული ტაძრის თვალსაწიერს მიაღწია. მაღლიდანვე შენიშნა: გალავანზე და კარიბჭესთან ხელჩართული ბრძოლა მძვინვარებდა.

ბექობზე თურქთა ხარგები იდგა.

თავს დაუარა ბერმა. ტყის წყაროსთან გავიდა, აქედან საიდუმლო ხვრელი იყო – ოპიზას ჩასასვლელი. მისი არსებობა მხოლოდ მან – ოპიზას დიდი ხნის წინამძღვარმა იცოდა. ხოლო ხანძთას წასვლის დროს – თავის სულიერ მოწაფეს, ყოვლად ღირსეულ ეფრემ ბერს გაუმჟღავნა ეს საიდუმლო. მასვე ჩააბარა წინამძღვრობა და ოპიზას უმდიდრესი ხატ-საჭურჭლე და ხელნაწერთა საცავი.

წყაროს ოდნავ ზევით ხშირი ბუჩქნარი მიმოსწია ბერმა, ეკალ-ბარდს დაუარა და კლდის ნაპირთან მიდგა. ნაყარი ჟვერო მიმოფანტა და ლორფინების განზრახ უსწორო წყობა აშალა. კლდის ღრუში ჩამავალ ქვა-კიბეს ჩაჰყვა. უმალ სქელი აბლაბუდა მოედო სახეზე. შიგნიდან ნაჩქარევად შეასწორა გარე ლორფინები და კიბეზე ჩაინაცვლა.

დარჩენილ ჭუჭრუტანაში შემოჭრილი სხივი ბურღავდა სიბნელეს. მძიმე ნესტისა და შმორის სუნი იდგა. სადღაც ქვევით ხვრელს მისდევდა წყალსადენი. თიხის მილებში დიოდა ოპიზას წყარო.

პირველ მოსაბრუნებშივე გაჰქრა შუქის ნატამალი. მაგრამ სვლა არ შეშლია მოხუცს, გვირაბი საკმაოდ ფართო და მაღალი იყო. ბერმა მარცხენა კედელს მიაყოლა ხელი. არა ერთხელ უვლია – აქ ასიოდ საფეხურია, მერმე მოგრძო, ოდნავ თავქვე სავალი ვაკე. მალე ჩათვალა კიბე. ახლა სადღაც მტრის სანგრების ქვეშ უნდა იყვეს.

მალე გალავნის არეც უნდა იწყებოდეს. სვლას უკლო, გულს იოკებდა. ფეხაკრეფით მიდიოდა ამ სიბნელესა და სიჩუმეში.

მოჭედილ კარამდე მიაღწია. კენჭი აიღო და ორ-ორჯერ დააკაკუნა.

უმალ მოესმა ყრუ ძახილი:

- უფლის მადლით – ვინ ხარ?

- ხანძთელი-

დაღრჭიალდა ნაჟანგი გასაღები და ურდული. დარკინული კარი გაიღო და ფერმკრთალი შუქი მტრედის ფრთასავით ჩამოწვა სიბნელეში.

გრიგოლ ბერმა ოპიზას სენაკში შედგა ფეხი. სინათლემ თვალი მოსჭრა, მაინც შეამჩნია: მის წინაშე ეფრემ ბერი იდგა, შეაბჯრული და ხმალშიშველი. ხანძთელი ჯერ კარს მიუბრუნდა ჩასაკეტად. ამ სავალით, ხუთი წლის წინათ, ჩუმად განშორდა იგი ოპიზას.

აქედან განუდგა მოველ ამქვეყნიურს, და ჰა, მაინც მოუხდა მობრუნება მარტვილს, ამავ გზით მოსვლა ამავ სენაკში.

კარი საიმედოდ ჩაკეტ-ჩარაზა და მხოლოდ მერმე მოუბრუნდა ოპიზას წინამძღვარს.

აბჯარი შვენოდა ომახიანსა და ქორჭაღარა ბერს. უსიტყვო დაბალი სალამი სცეს ერთურთს, მერმე მიეახლნენ და სამგზის ამბორი ჰყვეს.

- მოგელოდით, მოძღვართ მოძღვარო! მოგვხედავდი ამ განკითხვის ჟამს!

ეფრემ ბერი ახლა ხელზე ემთხვია თავის დიდ მასწავლებელს, რომელსაც ოც წელზე მეტია, რაც დაემოწაფა.

არა უთქვამს რა მოსულს. სევდანარევი სათნო თვალებით უცქერდა უნებურ მებრძოლს. ეფრემ ბერმა ფეხი რომ მოინაცვლა, ნასისხლი კვალი დარჩა სენაკის ლორფინზე. ფეხს ძლივს იდგამდა შეაბჯრული, მაგრამ არ იმჩნევდა. მუხლისთავთან ჩახეული ჩოხის კალთა შეუმჩნია მასწავლებელმა. არც მაშინ უთქვამს რაიმე. დაუფასა ხორციელი ტკივილის ამტანობა და მედგრობა.

ახლა სენაკს მოავლო თვალი. იატაკსა და თაროებზე უწესრიგოდ ეწყო გასახიზნად გამზადებული მრავალი უძვირფასესი ხატი, ერთად ეყარნენ ბექა ოპიზარის ნეტარი ხელით ქმნილი ოქროქანდაკებანი და ჯვრები, ყდამოჭედილი წიგნები, მოხატული ეტრატ-გრაგნილები, თვაპლ-მარგალიტით შემკული მიტრები, სამოსები, ბარძიმ-ფეშხუმები.

ხანძთელი მიხვდა, რომ სხვა ტაძრებიდანაც აქ მოეტანათ ნახიზნი საუნჯე.

აი – შატბერდული “ოთხთავი”, ბანას გადაწერილი “წმიდათა ცხორებანი” და სახარება. პარხალის საეკლესიო და ლითონის საბრძოლო დროშები. ბაგრატული ჭურჭელი არტანუჯიდან, ოქროს ჩარჩყოში ჩასმული ძელჭეშმარიტი ოშკიდან და სხვა მრავალი საუნჯე და ერის სულიერი დოვლათი. ხოლო ადრევე ოპიზას გადმოხიზნული დიდი, სამკეცადი, ყოვლად ძლიერი ხახულის ღვთისმშობლის ხატი ვერ შენიშნა ხანძთელმა. უმალ მოიკითხა. მოსალოც ნიშში გაიყვანა ეფრემ ბერმა.

უბეგახსნილი ხატი მზესავით ადგა საკურთხეველს.

- რად არ გაასვენეთ გალავანზე? – ხმადაბლა შეეკითხა ხანძთელი.

- გავამზადეთ... მაგრამ არ დაგვცალდა... უცებ მოგვიხდნენ თურქნი. ყველანი ბრძოლაში მივედით ერთბაშად. შემოლეწილი ალაყაფი ძლივს დავამაგრეთ.

- მერმე?

- მერმე კი... ხელი ვეღარ შევბედეთ მოსალოცად, - ყრუდ ჩაიდუდუნა ეფრემმა, მძიმედ ჩაიჩოქა ხატის წინაშე და იდუმალი ხმით, თითქოს ღვთისმშობელს შეჰკადრა ნათქვამი: - ბრძოლაში კი... ადამიანის სისხლი ამყვა ხელზე. ვერც ვინ ვაზიარე... ნასისხლი ხელებით სხვების დალოცვაც ვერ მიყო გულმა.

ისევ თავის მასწავლებელს მიუბრუნდა:

- საბრძოლოდ დაგვლოცე, მოძღვართ მოძღვარო! ხახულის ღვთისმშობელსაც ეპატრონე. სხვა საუნჯესაც, აჰა! ტყვეობაში არ დაგვრჩეს ხატ-მადლი! – წამოდგომა დააპირა ეფრემმა, შეუჭირდა, ხელი შეაშველა მუხლს. ხანძთელის ხელი იგრძნო მხარზე. იქვე ჩამოსვა გრიგოლმა, მუხლი წამოუშიშვლა. აიაზმის წყლით იარის პირი შემოუბანა, საცეცხლურიდან საკმეველი ამოიღო, მოფშვნა, იარაში ჩაუყარა. ხატის საბურავს დოლბანდი შეახია და იარა მაგრად შეუკონა. მერმე ემთხვია ღვთისმშობლის ხატს, გარსშემოუარა და უბეგაშლილად აიღო. მძიმე და დიდი იყო ხატი, ოქროთი და მინანქრით ნაკეთები, მრავალი თვალპატიოსნით შემკული და მოოჭვილი.

ბერმა მკლავები ვერ გააწვდინა ხატის სიგრძეს, ოდნავ მოუხარა გარეფრთები. ეფრემმა გულ-მკერდზე შეუბა მხარ-თოკით, მდაბლად თაყვანი სცა და წინ გაუძღვა, მოსალოცის კარი ფართოდ გააღო.

ბრძოლის ყიჟინა და თოფ-იარაღის ხმა მოსწვდათ. მთავარი ბრძოლა შემონგრეულ კარიბჭესთან იყო. იქით მიემართა ხატისმტვირთველიც.

საოსტიგნედან მდაჭრილების კვნესა ისმოდა. შემოხიზნუო ქალ-ყრმათა მოთქმაც.

ოპიზას მთავარი ტაძრის კარი ღია იყო. მედავითნის მარტოხელა და გამყივანი ხმა ჰკაწრავდა სმენას.

ტაძარში სანთლები დალანდა ხანძთელმა... ხოლო ლორფინზე მიჯრით ელაგა ჩოხაგადაფარებულ ბერთა გვამები. დათვლა ვერ მოასწრო მოსულმა. ცოცხლებს მიაშურა.

ხატის მისვენებისას კარიბჭესთან უფრო შენივთდა ბრძოლა. ეფრემმა ჯერ რიხიანად დასჭყივლა, მერმე კი საგალობელი წამოიწყო.

თავი გადადეს დამცველებმა, ხატისმტვირთველმა ახოვანი მორჩილი შეამჩნია: კარიბჭის ვეება ლომკეტი აეღო და ისე ბორიალობდა რღვეულში. ზარს სცემდა მომხვდურთ.

უკუიქცნენ თურქნი. მორჩილი ახლა ქონგურზე ავარდა და საგორავებს სტყორცნიდა ქვევით.

შოშიტა იცნო ბერმა. თმააშლილი და სახეალეწილი, ახლა იგი სრულიად არ ჰგავდა ყოვლად სათნოსა და ჩუმ მორჩილს.

კიბეზე ავიდა ხატისმტვირთველი და გალავნის ბანს გაჰყვა ხელმარცხნით. ვიწრო იყო სავალი. შეშველებაც დასჭირდა ზოგან. მაინც ვიდოდა. ბერმაპ ქვედა სოფლებისკენ გასხლიტა მზერა. იწვოდნენ სოფლები, ხოლო თემშარაზე შავი მუხლუხივით მოღოღავდა თურქთა ახალი თარეში.

მძიმე ფიქრებით უვლიდა გალავანს ბერი. უეცრივ რამდენიმე შორი ტყვია მოხვდა ღვთისმშობელს.

ხატის მინანქარმა აისხლიტა ტყვია და მტვირთველიც დაიფარა.

წარბიც არ შეუხრია ხანძთელს. გალავნის ძირს გადაიხედა თვალდინჯად, მტრის სანგრები მიაკვლია შორიახლოს.

- აგრე მაღლა ნუ ინებებთ სვლას! – შეევედრა მის უკან კოჭლობით მავალი ეფრემი.

გალავნის გარედან ველური ყიჟინა და მუქარა ისმოდა, ხოლო შიგნით – ღვთისმშობლის საგალობელს გალობდნენ ბერები.

ახლა ჩრდილო მხარეზე მოექცა ხანძთელი, მთას აჰხედა, იმ მთის იქით თუ იყო ურბევი საქართველო. გონების თვალით გაზომა მანძილი, უსაშველოდ ეშორა. აქ ახლო კი იალაღზე უპატრონო ჯოგი ღრანტეებს ეხეთქებოდა. ბღაოდა მოუწველავი საქონელი.

ისევ კარიბჭის ქონგურს რომ მიატანა, გარედან მოძლიერებული ყიჟინა შემოესმა. დამხმარე მარბიელი მოსვლოდათ თურქებს. ახალი კიბეები და პატნეზები მოეტანათ. ორიოდ ზამბულაკიც.

შემობრუნდა მჭმუნვარე ბერი, გალავანში ჩაჩიხულთ გადაჰხედა.

კიბის ბოლოში მუხლმორთხმულნი და ხელნაპყარნი იდგნენ ბერ-მონაზონნი, შემორჩენილნი მებრძოლნი, ახლომახლო სოფლებიდან შემოხიზნული გლეხები, უმწეო ხეიბარნი და მაშვრალნი...

მკერდზე ღვთისმშობლის ხატი შეუტოკდა ხანძთელს. ეფრემ ბერს შეჰხედა. უსიტყვოდ გაუგეს ურთიერთს. ოპიზას დამცველთ განწირულობა ეწერათ სახეზე.

სათავეგადაგდებული ლარივით გადაწურულიყო იმედიც.

თავი ჩაჰკიდა შეაბჯრულმა, საცეცხლური მიუკმია. ჩუმად ჩაუდუდუნა:

- მე ვეღარ ვივლი. ჩემი ადგილიც აქ არის. ხატებს ეპატრონე, მოძღვართ მოძღვარო.

ველური ყიჟინა ახშობდა მლოცველთ გალობას. საკმევლის სურნელებას ჰფარავდა დამწვარი სოფლების ნატისუსალი.

- შოშიტა წარგზავნე სავალიდან, ჯორ-ცხენები მომგვაროს წყაროს თავთან. მეტს არავის გავიყოლებ. არ დაიფარვის საიდუმლო! – დაღლას არ იმჩნევდა ხანძთელი, არც გულგატეხას. მტკიცე ნაბიჯით ჩათვალა კიბის ხარისხი:

ბუკ-ნაღარის ხმა ისევ აზვავდა გარეთ. თოფ-ზამბულაკის ხმაც მოძლიერდა. მზირებმა ქონგურებიდან კვლავ ხელები აასავსავეს.

ახალი იერიში იწყებოდა.

ხანძთელს შეუჩერებლივ მიჰქონდა ხატი. ბერნი და მებრძოლნი სასოებით ეთხოვებოდნენ ხატს და საბრძოლო ზღუდეებს აშურებდნენ. ყველა მგრძნობდა, რომ ღვთისმშობლის ხატთან ერთად მიდიოდა მათი სიცოცხლეც.

სენაკში შეიკეტა გრიგოლ-ბერი, შეუდგა თადარიგს: მისწვდა ხურჯინებს, ხალთებს, სხვა ვაშკარანთ, ხატ-განძეულის შეფუთვა და ჩაწყობა მოისწრაფა.

მხცოვანი ბერი და მწიგნობარი აქ შექუჩებულ ხელნაწერებს თუ ნივთებს კარგად იცნობდა. თავის გრძელ გზაზე არარერთხელ უხილავს თითო მათგანი. მათი სადაურობაც იცოდა, ნაწერ-ნაკეთობაც, მადლიც და ღვაწლიც...

ახლა ამ გადმონახვეწი ხატებისა და ხელნაწერების ბედის მიხედვით თვალნათლივ ხედავდა ქვეყნის რბევას, აკლებას, განადგურებას.

შეფუთული ნივთები მის წინაშე ირხეოდნენ, როგორც უტყვი საყვედურები:

უეცრად თურქთა ხელში მოელანდა ეს ყოველივა. ხიწვებიან ჟრუანტელად დაუარა ამ მოლანდებამ. ციებ-ცხელებამ აუძაგრა და კვლავ აუმოძრავა უსაშველოდ დაღლილი სხეული. წავა, თუნდაც გზაში ამოხდეს სული. შოშიტას წაიყვანს. იგი ყოვლად სანდოა. ჯან-ღონით სავსეც. იცნობს, კარგად იცნობს თავის გამოზრდილს, თორთუმში თურქების რბევას გადარჩენილ უპატრონო ბავშვს. ახსოვს, ოპიზაში მოყვანისას მხოლოდ ეს იცოდა ბავშვმა, რომ მას “შოშიტა ჰქვია და დედა უყვარს”.

ხახულის ყოვლად ძლიერი ღვთისმშობლის ხატის მოკეცვის დროს შეშფოთებამ უმატა ხანძთელს.

თვალმა თუ უმტყუნა: ღვთისმშობელს კენტი ცრემლი შეამჩნია თვალში. საკუთარ თვალის უპეში ამოისვა ცერი, ნოტიო იგრძნო, ცრემლად მოსხლეტილი ფიქრი იყო. ეს იყო და ეს. მერე ამოუშრა თვალები. მუხლთმორთხმით მოილოცა შეფუთული: ერთიმეორეზე დაწყობილი ხატები და ჯვრები, სახარებანი და წმიდა მამათა ცხორებანი. სრულიად დაწყნარდა, შინაგანი სიმშვიდე მოიპოვა. ყველაფერი უთხრა, შეავედრა ხატებს, მან ღვთისმშობლის ხატი შეავედრა ღვთისმშობელს...

მალე სავალიდან შოშიტას კაკუნი შემოესმა. ერთი ცხენი და ორი ჯორცხენა წყაროს თავთან მოეყვანა შოშიტას. ძლივს დაეჭირა გამფრთხალნი. ცხადი იყო, ყველაფრის წაღება არ ხერხდებოდა. გულის ტკივილით მძიმე არჩევანს შეუდგა ბერი, ჯერ ბაგრატული ბროლისა და ოქროსნაჭედი ჭურჭელი გასწირა, მერე ოქროს ზოდების ლარი და ფლური, შემოწირული სამკაულები. ბოლოს მრავალ ხატზეც და ზოგ წიგნზეც მიდგა ჯერი: საიდუმლო სავალის განჯინაში შეამალვინა შოშიტას. ამოალესვინა ძგიდენი. ხელმარდად მოითავა საქმე შოშიტამ. წასაღები საპალნეებიც შეჰკრა-შეათანაბრა. ჯორცხენებიც სატვირთოდ შეკაზმა. არაერთგზის აირბინა საფარი. მტერიც დაზვერა...

- მამაო! დიდი მოძალებაა, უთვალავი დაყუდებული კიბეები გალავნისაკენ მოაბოტებენ! ნუღარ ვგვიანობთ! სანამ ხსნილია მთის გზა!

- არა, შვილო! საღამომდე უნდა ვითმინოთ, სერზე შეგვნიშნავენ. ვერ გადავასწრებთ მერმე.

ბერი ხშირ-ხშირად აჰხედავდა ხოლმე კამარის სარკმელს, მაგრამ ცაზე უსიხარულო მზე გულგრილად ვიდოდა, და დაღამებამდე, როგორც შოშიტა ამბობდა, მთელი საუკუნე იყო.

უეცრად აჩქარებული კაკუნი მოესმათ.

- მალე გააღეთ! – ეფრემ ბერი იძახდა კარს უკან.

როცა შოშიტამ უკრდული გააცალა, კარი თავად გაიღო და სახეშერუჯული ეფრემი შემოიჭრა. მას ახლა აბჯარიც შეჭიაფერებული და ნალეწი ჰქონდა.

- უჩქარეთ მამაო! მეტი აღარ შეგვიძლია! მეტი აღარ! – ძალამილეული მიჯდა მოჭედილ სკივრზე, მუზარადი გადიგდო, სახეზე ხელი მოისვა და მომწვარი წარბები და წვერ-ულვაში მოიფშვნა. შეშველებულ შოშიტას შეხედა: - ხომ მოჰგვარე ცხენები?!

პასუხისათვის აღარც დაუცდია. ახლა სხვაგან მისხლიტა თხრობა:

- სამრეკლოს ზარი შემოლეწეს, ზამბულაკით გასტეხეს! საოსტიგნეც იწვის, გარეთა ეზო მტრის ხელშია!.. ტაძარში შეიკეტნენ ბერები! – მერე თითქოს რაღაცის გახსენება სწადდა – შეტრუსული ქუთუთოები აახამხამა, სული მოიბრუნა და მისთვის ჩვეული სიდინჯით განაგრძო: - ყველანი, ვინც ცოცხლები დარჩნენ, იქ არიან... – ტკივილი დაიოკა ეფრემმა, წამოდგა და მტკიცედ მიუგო ხანძთელს: - მოძღვართ მოძღვარო! მე უნდა წავიდე, იქ მელიან ძმანი, ტაძარში... იქ წვანან. ნუ გამიშვებ გულმოკლულს. თქვენი თავი მშვიდობით გამასტუმრებინე. მერე სიკვდილიც არად მიღირს, - უკვე თავისთვის ჩაიდუდუნა მძიმედ დაჭრილმა.

უეცრივ მაგარი ჯახანის ხმა შემოკრთა სარკმელში. რკინის და ჯაჭვის ჩხრიალი დაერთო ჯახანს.

- შიდა კარიბჭის ხმა! – ახლა კი წამოდგა ხანძთელი, შოშიტას ხელი უყო. ამ ნიშანსღა ელოდა მორჩილი. უმალ საიდუმლო კარის მიღმა გაალაგა გასახიზნი. ფეხმარდად იწყო გვირაბის სიბნელეში არბენ-ჩამორბენა.

სენაკში გრიგოლ და ეფრემ მარტონი დარჩნენ, დიდხანს უმზერდნენ ერთურთს. საზარელი იყო მათი ჩუმი ბაასი. ეფრემმა საიდუმლო კარის ერთადერთი გასაღები გაუწოდა:

- გასვლისას გარედან გაიკეტე კარი! ურდულიც ჩაუგდე! ამ გზით მოყვარეთაგანი აღარავინ გავა ოპიზიდან, იქნებ კი შემოვიდეს ოდესმე! – იმედიანად დაატანა და ხელზე ეამბორა მოძღვართ მოძღვარს. სახე მოიფარა ხანძთელმა, ჩალეწილი აბჯრის რკინაზე ემთხვია განწირულს, დათუთქული ბაგეები დაუკოცნა, თავისი ჯვარი მოიხსნა და მას გადაჰკიდა.

ნიშნად თავაზიანი დაჩქარებისა ეფრემ ბერმა რაგანი მიაწოდა მასწავლებელს, კარიც გამოუღო.

თავი დაჰხარა გრიგოლმა და სავალის სიბნელეში შევიდა.

კარს ყური მიადო დარჩენილმა. უსმენდა ეფრემ ბერი, როგორ გახმიანდა და ჩაიხშო ჩაჟანგული საკეტი. მოელოდა... მაინც რეჩხი უყო გულმა.

- გათავდა! – ისევ ამოქმედდა, საიდუმლო კარი მიჯოგა აგურ-ფიცრებით და ძველმანებით...

აღარ ინება მუზარადი. აბჯარი შეისწორა და სენაკიდან გავიდა, ოპიზის მთავარ ტაძარში შეკეტილ ბერებს მიაშურა.

* * *

გაუჭირდა შოშიტას მარტოხელად მძიმე საპალნეების ცხენ-ჯორებზე მოკიდება, მაგრამ არც დრო ითმენდა და ვერც ვინ მოეხმარებოდა. თავგანწირულად ბორიალობდა. აქ გამოადგა თავისი საოცარი ძალა. ტყუილად კი არ ეძახდნენ “ეშმაკის მორჩილს”.

ახლომახლო სოფლების დღეობაში ბერებს რომ გაჰყვებოდა საკალმასოდ, თავს მარტო დაიგულებდა თუ არა, ხელად გადააგდებდა მორჩილის სამოსს, ტომრის ჩოხას გადაიცვამდა და რკალში საჭიდაოდ ჩადგებოდა.

ტოლი არ ჰყავდა “ეშმაკის მორჩილს”. ბევრი ფალავანიც გაულახა სოფლელთ. თან საოცრად ჩუმი და გულკეთილი იყო. ერთი სჭირდა – ტყუილს ვერ ითმენდა ვერასგზით. თავის გულს შეასკდებოდა.

ერთხელ ბერებმა საფქვავი გაატანეს წისქვილში. საპალნის ცალი მოიდო ზურგზე და ჩაიტანა. ბრუცა მეწისქვილემ მოატყუა, დროზე არ დაუფქვა. ხუთჯერ ფუჭად ჩაიყვანა. შეშა აზიდვინა და აპობინა “მამაშვილურად”.

ბოლოს გაწყრა შოშიტა-მორჩილი. მხცოვან მეწისქვილეს ვერ რა აკადრა, დოლაბს მოავლო ხელი, ღერძს ააძრო და მონასტერში აიტანა.

“მამაშვილური” სიტყვა ვეღარ დასძრა ბრუცამ, ხარ-ურმის გაგზავნა დასჭირდა ქვის ჩამოსატანად. რაღა თქმა უნდა, პირველ საფქვავად “ეშმაკის” მორჩილის” ხორბალი მოიშორა.

მეტად უყვარდა გრიგოლს ეს ამტანი და გამტანი, სიტყვაძუნწი და მწიგნობრობის მოყვარე “ფალავანი”. ამიტომ ირჩია იგი.

როცა გამოვიდა ხანძთელი, საპალნეები უკვე მოკიდებული ჰქონდა ცხენ-ჯორებს.

ხელად მიფარცხეს სავალის ღრუდო და ტყის ვიწრო ხეობას პირაღმა აჰყვნენ. ახოვანი ხე-ჩრდილები ჰფარავდა მათ. მაინც ღრანტეებს არჩევდა შოშიტა. უჭირდათ ცხენ-ჯორებს, მძიმე ჯაფა ადგა შოშიტასაც. ყველაზე მეტად კი სწრაფი აღმასვლა გრიგოლ ბერს უჭირდა. მრავალწლოვანების მძიმე ტვირთი აწვა მას.

უხმოდ ვიდოდნენ. გალიეს ტყე. სერზე გადავლა იყო სახიფათო, არ შეემჩნიათ ქვევიდან. მაგრამ მ ეტი გზა არ იყო.

- მალე იარე! თუ ჩამოვრჩე, არ დამელოდო! მხოლოდ სერს გადაღმა! – მიაძახა მოღლილმა ბერმა.

ფეხი აიჩქარა შოშიტამ, ხმადაბლა შეუძახა ხიზან-ქარავანს.

ბილიკი იკლაკნებოდა სერთან, მიეთმოეთით მიდიოდა. უკან არც მოუხედავს შოშიტას, ისე გადავლო სერი და პირიქით მხარეს ქაფში გაღვრილი საქონელი შეასვენა. გრიგოლ ბერმა ძლივს მიაღწია სერს და შემობრუნდა.

ჯერ კიდევ იბრძოდა ოპიზა. მთავარი ტაძარი ცეცხლისა და თოფის წამლის ალსა და კვამლში იყო გახვეული. ორმხრივი ბათქი მოისმოდა. და თითქოს ცეცხლთან გალობის ხმა მოსწვდა სერზე მდგომს. ხელჯვარი გადასახა მჭმუნვარემ.

გალობით იწოდა ოპიზა!

უეცრივ მხედრები შენიშნა ხანძთელმა. თურქნი იყვნენ. მთისკენ მიდიოდნენ.

- შეგვნიშნეს! – მიაძახა შოშიტამ, წამოეწია და ააჩქარა. დაუსვენებლივ ვიდოდნენ თავქვე. ტვირთი წინ წაუვარდათ ცხენ-ჯორებს. ძლივს იკავებდნენ თავს კლდოვან ბილიკზე. ქანცი გაუვიდათ. ცხენს გაუჭირდა უფრო. ბოლოს კარჩხალულას ხეობას ჩააღწიეს, ახლა ხანძთის მაღალ აღმართს შეუდგნენ.

ძლივს მიდიოდა ბერი და მწვავე ფიქრი მოსდევდა ფეხდაფეხ: “მდევარი გვისწრებს! მდევარი გვისწრებს!”

- საით? – გზაგასაყარზე შედგა შოშიტა. მარცხნივ ვიწრო და უკვე მივიწყებული ბილიკა ხანძთას მიდიოდა,მარჯვნივ კი... ხანძთელმა სული გააყოლა თვალს. თემშარა, კარჩხალის მთისაკენ მიისწრაფვის, იქით კი – ურბევი საქართველოა! სამშვიდობო!..

ცხენი დადგა. უკანა ფეხები ჩაეკეცა. ძლივს წამოაყენა შოშიტამ. ახლა ჯორებმა კინაღამ გადმოიგდეს ტვირთი.

- ასე ვერ გავაღწევთ! – ბერმა ისევ ხანძთისაკენ არჩია ასვლა. იქ საკუთარი აკლდამა ეგულებოდა. თავად თუ მიაღწია აკლდამამდე.

- უკანასკნელ მოსაბრუნებზე ცხენი დავარდა. დაწვა აღმართში, კინაღამ გადაიჩეხა ხატებთან ერთად. შოშიტამ დროზე სტაცა ხელი, ააჭრა არტახები და ტვირთის ცალი თავად მოიგდო ზურგზე.

- მეორეს მერმე ამოვიტან! – თქვა და გზა გაიმანძილა.

“მაგრამ როდემდე უნდა იყოს აკლდამაში დაფლული ხატი და განძი? - თავისას ფიქრობდა ბერი. – შესაძლოა, საფლავის ტყვეობაში დარჩეს, ჟანგმა და მიწამ შეჭამოს!”

ბოლოს, ხანძთას რომ მიაღწიეს, გრიგოლმა ხახულის ღვთისმშობელი და ოშკის ძელჭეშმარიტი აღარ ჩამოაღებინა მორჩილს. დანარჩენი ხატები და სხვა დოვლათი უმაც ცარიელ აკლდამაში დამალეს. ზედ დაუმატეს ხანძთის ხატები და საღვთო წიგნები. გზაზე დატოვებული ტვირთიც ამოიტანა შოშიტამ.

მეტად ჩქარობდნენ, მაინც გულმოდგინედ დახურეს აკლდამის თავი, საგოზავით შელესეს, შიგ წყალს რომ არ ჩაეღწია. საფლავის ქვა გაასწორეს, მშრალი მიწით მოუპირკეთეს შეტკეპნილი კიდენი. ზედ შეშა და ჩინჩხვარი დააყარეს.

- სამრეკლოზე ადი, ზარი ჩამოხსენ! თან წაიღებ! – შესძახა ბერმა შოშიტას, თავად კი სენაკში შევიდა, ახლად გასრულებული “ხანძთელის ცხოვრება” სკივრიდან ამოიღო და “იქ” წასაღებ ხურჯინში შატბერდულ ოთხთავთან ერთად ჩასდო. გარეთ რომ გამოვიდა, შოშიტა ზარს უკვე ჯორის კეხზე ჰმართავდა.

ხანძთის ზარს დაკლული ხარივით ეკიდა ენა.

- ხმა არ გაიღოს! – შოშიტამ ენა ამოუბა ზარს.

- არიქა! – ახლა ხანძთელი აჩქარებდა შოშიტას.

მაგრამ კარიბჭეს რომ გასცდნენ, უეცრივ მოაგონდა:

- მოიცადე! ახლავ მოვალ! ვერა, ვერ დავტოვებ! – და საოცარი სისწრაფით შევარდა თავის სენაკში, სარეცელი გადმოშალა. სკივრი გამოქექა, ძველი ფუთა ამოიღო. გახსნაში გაიხა მიხრწნილი ნაჭერი. შიგ მისი ახალგაზრდობის დროინდელი სამოსი იყო.

აღკვეცისას ამ სამოსით მოვიდა იგი მონასტერში, გაიხადა და ბერის ჩოხა ჩაიცვა. შეინახა ძველი სამოსი, როგორც მისი ახალგაზრდობის ერთადერთი მოწმე და სახსოვარი. მაგრამ ის არ იყო მისი ძიების საგანი. სამოსი გაშალა და შიგ შეხვეული ნუსხა ამოიღო. ნუსხა, რომელიც აგრეთვე ვერ გასწირა... იგი თითქოს დავიწყებულიც ჰქონდა, მაგრამ თურმე მარად ახსოვდა... ამას თავის სულიერ ლტოლვას საერო დრეკად უთვლიდა და ლოცვებით ინანიებდა.

ნუსხა გამოიტანა და ისევ გაუშლელად შოშიტას გადასცა.

- ესეც წაიღე! იქ იყოს!... იქ დასჭირდებათ!

შოშიტამ უნებურად გაშალა ხელნაწერი. თვალი გაჰკრა სათაურს და თვალებს არ დაუჯერა. განცვიფრებით შეხედა “უმკაცრეს ბერს” და ტყეში გაცრილი მზის სხივებისა თუ ხელნაწერიდან მოსული ხილვის გამო, ბერული ჩოხის ქვეშ მოძღვარს ვეფხის ტყავის აფორაჯებული ბეწვისდაგვარი გაულანდა...

- ახლა ტარიელის ძალისა ვარ! – უნებლიეთ აღმოხდა, მერმე იუხერხულა, “ვეფხისტყაოსანი” გულში ჩაიკრა და თავი დაჰხარა: - შემინდე, მამაო!

- შეგინდობ! ტყველაფერს შეგინდობ... ოღონდ ვიხსნათ! – აღელვებულად შესძახა და მხოლოდ მერმე შეიმეცნა მორჩილის განცვიფრების მიზეზი... შავ ჩოხაში შეიყუჟა და სახე იბრუნა. – გზის გასაყართან გავასწროთ! არ ჩავიჩიხოთ! მაშინ ამაოდ დაგვრჩება ყველაფერი!.. – და ამ “ყველაფერში” ერთობლივ ჟღერდა – დიდი მ უდარა, დავალება ერისა და ბერისა, ნდობა “ტარიელისა” ძალისა და “ფორეჯებიანი” ფიქრების სრული შენდობა.

- შოშიტამ უბეში იფარა “ვეფხის” ნუსხა და ჯორები თავქვეზე ჩაათოხარიკა.

- მიასწრეს. უმალ შეუხვიეს აღმა. კარჩხალის ზეკარისაკენ მიმართეს პირი და გული. მოსაბრუნებში დაინახეს – აღარც მდევრები იყვნენ შორს, მაგრამ, ჩანს, ჯერ ვერ ხედავდნენ ლტოლვილთ. ტყიანს მისდევდა თემშარა.

- აღმართში ისევ გაჭირდა შეფეთქებული სვლა. ბერს უკვე ფეხი ებლანდებოდა. საკუთარ გულის ძგერასთან ერთად შოშიტას ჩემი შეძახილი, ჯორების დაღლილი ქშენა... და კიდევ ერთი საოცარი ხმა, რომელიც ვერ გამოერკვია და ყველაზე შემზარავი კი იყო! ხმადახშულ, სევდიან გალობას ჰგავდა... ცეცხლმოდებული ოპიზას ბერების გალობა მოაგონა ხანძთელს. მაგრამ აკოჭლებულმა ჯორმა ფეხი წაიკრა და ხმა უფრო აუჟღერდა, ლითონის ბგერა გამოიღო. მიხვდა ბერი... რას არ იცნობს! ენადაბმული ზარის ჩათხრობილი გუგუნი იყო... და თითქოს მის ფიქრებს ეხმიანებოდა გუგუნი:

- “ვერა, ვერ გადავასწრებთ! ხიდამდეც ვერ მივასწრებთ! დაიღუპა ყველაფერი! ურჯულოთ ჩაუვარდათ ხახულის ღვთისმშობელი! ხანძთის ზარიც, ძელჭეშმარიტიც, ოთხთავიც, ხანძთელის ცხოვრებაც! და ისიც – ის ხელნაწერიც, ბოლოს რომ გადასცა შოშიტას!”

- არა! არა! გააჩუმე! ზარი გააჩუმე!

შემობრუნდა შოშიტა. დამნაშავესავით შეხედა სახედატანჯულ მხცოვანს. ჯორი შეაჩერა:

- იქნებ შეჯდომა ინებოთ? ზარს წურგით წამოვიღებ, მ ამაო!

ხანძთელი ძლივს წამოეწია... ჯორის კეხს მისწვდა... სული ამოიბრუნა... შოშიტამ ზარის ჩამოღება დააპირა, მაგრამ ბერის ცივი, ძვალტყავა ხელი დაედო მაჯაზე. მერმე თავად ბერმა შეუხსნა ზარს ენა, ხახაში ამოაძრო ლითონს და შოშიტას გადასცა...

- იქ, იქ დაჰკიდე! სამშვიდობოს, თუღა გაასწრე! ხანძთის ზარის რეკით შედი დაურბევ საქართველოში! ხალხს მოუწოდე! – და უფრო დავარდნილი, სუნთქვაშეკრული კილოთი განაგრძო: - არა... მე ვეღარ წამოვალ... მერმე ფრჩხილები ჩაუშალე მაღალ-ბოგას... ვეღარ გამოვლენ, ვეღარ! – და ხელი მდევრებისაკენ გაიქნია.

- მამაო, როგორ იქნება აქ დარჩენა? ის ურჯულონი ხომ... – სიტყვა შუატანში გაკვნიტა შოშიტამ და ქვაზე ჯიუტად ჩამოჯდა: - ვერ წავალ მარტოკა! არც წამესვლების! მხარით გადაგიყვან!

- უგუნურო! არც რაი გესმის! გასწი მალე! – პირველად გაუწყრა გამზრდელი შოშიტას. – დროს ნუ ჰკარგავ! განა მარტო შენი და ჩემი საქმეა! თავი არ წაიწყმიდო – ეს ღვთისა და ერის საუნჯე შენი შემხედვარეა, აკლდამის საიდუმლოც შენ იცი... ბნელი გნანჯინისაც, შვილო შოშიტავ! – უკვე შეემუდარა გულშემოყრილი ბერი. – მე აქ დავრჩები... იქნებ შევაფერხო კიდეც მდევარი!

ბერს უზომოდ გაეხარდა – უეცრად მიზანიც კი გამოუნახა თავის დარჩენას.

- ასე სჯობია, შვილო! ასე სჯობია... – და არგანი მოუნაცვლა; ზედ დაატეხა ჯორს.

დაიძრა ჯორ-ქარავანი. ბერმა სასოწარკვეთილებით დახედა თავის გატეხილ არგანს, ფიცხლავ შემობრუნდა და ბილიკი ჩასჭრა თავქვე... ყური აღარ უგდო შოშიტას მუდარას, მის დახშულ ძახილს... თავის თავსაც გაექცა თითქოს...

თავჩაქინდრული მიჰყვებოდა პირმოუმშრალ ბილიკს.

ახლა იგი სულ მარტო იყო. სულ მარტო – ღვთის ანაბარა! და ერთადერთი ფიქრის ლანძვი სველ ბილიკს ემჩნეოდა კვლებად. აი, შოშიტას მტკიცე ნატერფალიც! პირიქით მიემართებოდა კვალი, იქით, საიდანაც ოდესმე მაინც უნდა მოსულიყო მაშველი და თვისტომი. ახლა უენო ზარის სისწრაფით მიიკვალება ქარავანი!

სანთელივით გალღვა ფიქრი. უნაპირო შვება იგრძნო.გ აღმართა თავი და გარემოს გადაჰხედა. ახლა იგი ქვეყნის წინაშე პირნათლად იდგა...

უეცრად მდევარი მოაგონდა: “უნდა მოიშალოს კვალი!” დაღლილ საფეთქელში ახლა დარდი გაიჭედა. თურმემას, განდგომილს, ღვთისანაბარად დარჩენილს... მაინც არ შეუძლია არ იდარდოს, არა! სულ მოჩმახული ამბავი ყოფილა ერის ცხოვრებისაგან განყენება, მარტოდ ყოფნა, უშფოთველობა, სულის სიმშვიდე...

... უმალ ამოქმედდა, გაიძრო ჩოხა და ჯვალოს ახალუხის ამარა დარჩა. საოცრად მაღალი და გამხდარი გამოჩნდა... თითქოს უმწეოც და გაშიშვლებულიც.

კვალდაკვალ აითრია ჩოხა. მოფარცხა კვალი. ასე იარა ფეხმარდად და შეუჩერებლად. წეღანდელ დაღლასაც აღარ გრძნობდა. წეღანდელს, როცა სიცოცხლისაკენ მიდიოდა... ახლა კი? ახლა თითქოს “სხვაგან” მიდის... და მოეჩვენა ბერს: რომ განვლილ სიცოცხლის გზას უკან მიჰყვება და თავისსავე ნავალს ჰფარცხავს... რაღაც არამიწიერია ეს გზა... ჰოდა, ეს მიწიერი დაღლა რაღა ბედენაა?!

დროზე მიაღწია გზაჯვარედინს. იქ კი სულ უბრალოდ იგრძნო, რომ სიკვდილის შიში დაჰკარგა... ვგონებ – ღვთის შიშიც! ამან კი შეაშინა! ატალახებული ჩოხა ოდნავ შემოიწმინდა, ისევ ჩაიცვა და ლოცვად დადგა.

დიდხანს აღარ დასცალდა ლოცვა. უმალ მისწვდნენ თურქნი. თვალი რომ მოჰკრეს, ხელად დასჭყივლეს და მოიჭრნენ ცხენდაცხენ.

ადგილიდან არ დაძრულა ბერი. ორმოციოდ თურქი შემოადგა მლოცველს. ზოგნი დაქვეითდნენ. იცნეს ოპიზას გალავანზე ნანახი ხატისმტვირთველი. დამტვრეული ქართულით მიაძახა ალაი-ბეგმა:

- შენა ხარ, გურჯი-მოლა? სად წახვიდოდი? აბა სად გადამალე ბარგი-ბარხანა, გვითხარ, თორემ... – და უშვერი თურქული გინება გასისინდა ჰაერში.

“ხიდამდე ვერ მიასწრებს შოშიტა!” – ჭმუნვით ფიქრობდა ბერი.

- ჰა!.. – და თურქმა ცხენიდან ჩამოუსვლელად ბერს წვერში სტაცა ხელი, თავი აუქაჩა. – დონღუზივით დაგკლავ!

- ვიცი, სადაც არის განძი! მაცალეთ! – ძლივს მოიბრუნა სიტყვა ხანძთელმა.

ალაი-ბეგმა ხელი შეუშვა ბერს და ეჭვის თვალით გადაჰხედა. არ მოეწონა. რაღაც მალე დაეთანხმა მოხუცი. არა, შანთებით მაინც ამოართმევდა საიდუმლოს, მაგრამ ასეთ “წინდახედულობას” მაინც არ მოელოდა გურჯი-მოლასაგან. მით უფრო ოპიზას შემდგომ...

- აბა, სად?

აი იქ, ხანძთას – ხელი აღმა ბილიკებისაკენ გაიშვირა მოხუცმა.

ალაი-ბეგმა ბილიკს აჰხედა, ჯორის კვალი შეამჩნია. ებევრა კიდევაც, წინ და უკან ნავალი... მერე ქვედა გზას გააყოლა თვალი. იქ კვალი არა ჩანდა. მაინც ანიშნა, რამდენიმე ასკერმა ცხენი მოსხლიტა იქით.

შეძრწუნდა ბერი.

- ვფიცავ ყველაფერს!

- არა მჯერა, იქნებ მატყუებ?

უეცრივ რაღაც მოაგონდა ბეგს და ხელი მოიბრუნა...

- აბა, ამაზე დამიფიცე! – უნაგირზე მოდგმული აბგიდან ნადავლი ჯვარი ამოიღო, ფერხთით დაუგდო.

უმალ იცნო ჯვარი ხანძთელმა. მისეული ჯვარი იყო, ეფრემ ბერს რომ გადაჰკიდა განშორებისას. დაიჩოქა, სასოებით აიღო.

რუჯის ფერი გადაჰკრავდა ჯვარს. ძეწკვიც შეწყვეტილი ჰქონდა. ხოლო ნაწყვეტზე ორიოდე წითელი წვეთი იყო შემხმარი. ჯვარს ემთხვია ბერი...

- ვფიცავ ამ ჯვარს! – თავი აღმართა ბერმა, წამოდგა და აჩქარებით აღმართს შეუდგა.

- ჰო! აგრე, აგრე... სიცოცხლეს გაჩუქებ, გიაურო! ჩალმასაც გიფეშქაშებ!.. ჰო! ჰო! – როხროხებდა თავისი ოხუნჯობით ნაამები ალაი-ბეგი. ახლა კი ირწმუნა: კარგად იცოდა – “გურჯი-მოლა” ტყუილად არ დაიფიცებდა ჯძარზე.

ცხენოსნებიც მობრუნდნენ და ამცნეს, რომ ქვედა გზას არ ემჩნეოდა ჯორების კვალი.

ცოტა ზევით რომ აინაცვლეს, კეხდადგმული ცხენი დაინახეს და ახლა სულ დარწმუნდნენ თურქნი. ყველანი მიჰყვნენ.

ამის შემხედვარე ბერმა კი უკლო სვლას. მართლაც, უჭირდა აღმართში სიჩქარე. მით უფრო ახლა, არც ეჩქარებოდა... პირიქით – ეგვიანებოდა... დიახ, ეგვიანებოდა კიდევაც!

- ჩაფუხ! ჩაფუხ! ჩქარა იარე! – უტევდნენ განძს დახარბებული ასკერები და იარაღს უღერებდნენ.

- აცალეთ! ნელა იაროს, ხელში არ ჩაგვაკვდეს სულძაღლი! – ამშვიდებდა მათ უფრო შორსმჭვრეტელი ალაი-ბეგი.

“ახლა სად იქნებიან ნეტავ?!” – თავის საფიქრალს სულიერ-უსულოზე ერთობლივ ფიქრობდა ბერი.

მაგრამ ხანძთას რომ ააღწიეს და ჯორ-ცხენები აქ არ დახვდათ, ცეცხლი მოედი ალაი-ბეგს. უმალ დაითრია მდუმარე ბერი.

- ენა ამოიდგი! სად არიან? დამაცალე, ყველაფერს გათქმევინებ, ჰეე, ყარა-მურთაზ, შენი ხელობა გვიჩვენე! – გადასძახა ფეხმრუდე და სახეჩოფურა ასკერს. ამავე დროს ხალხი დაახვია, ხანძთის სენაკები და ქვაბულები მოახილვინა.

ამაო ძებნის შემდეგ ოციოდე კაცი გამოჰყო და მდევრად ახლა ქვედა გზაზე აფრინა.

გრიგოლ ბერი კი ხანძთის საყდრის დარკინულ კარზე გააკრეს გარედან. კარის რგოლებს გამოსდეს საბელი.

გაკრული ბერი გაფაციცებით ადევნებდა თვალს, თუ როგორ სჩხრეკდნენ თურქნი ხანძთის ყოველ კუნჭულს.

მარბიელებმა გადმოჰყარეს დარჩენილი ხატები და საეკლესიო ჭურჭელი. ააფორიაქეს ბერმონაზვნების დარჩენილი ძველმანები და ავეჯი, გასტეხეს საოსტიგნე და მარანი. მაგრამ ამას არ სწუხდა ხანძთელი. ერთიღა ჰქონდა სადარდებელი – შემთხვევით არ მი ეგნოთ სამარხისათვის. იქით გახედვაც ეშინოდა.

უეცრივ იქით დაიძრნენ ასკერები... ალაი-ბეგიც იქით მიიქცა. შეძრწუნდა ბერი, ხოლო როცა მის მიერ ზედდაყრილი შეშა და ჩინჩხვარი გადმოშალეს და საკუთარი ეპიტაფია ნათლივ დაინახა, დაუფარავი გმინვა აღმოხდა პყრობილს...

- მაცალე, მაცალე, მეტად აგაკვნესებ! – წამოეტანა ჩოფურა ასკერი.

ვეღარ გაუძლო გრიგოლმა ამ საშინელ სამზერს, თვალები დახუჭა და თავი ჩაქინდრა... “მან მოიყვანა, მან თავად მოიყვანა აქ! მან გასცა, დიახ! გასცა! აბა რა ეთქმის? სხვა სახელი არ დაერქმის ამ საქციელს!” – გული ჩაუწყდა ბერს. ამ წუთში იგი მზად იყო მოეჯიჯგნა თავისი ძვალტყავა სხეული... და ფეხზე როცა შეშა მოაყარეს და მიუწეწკეს, სიამეც კი იგრძნო.

- ეგეც შენ, იუდას მსგავსო! ეგეც შენ!

მახლობლად კიდევ დაჰყარეს შეშა. ალაი-ბეგის ბრაზიანი ხმა ჯერ გულის მიღმა ესმოდა ბერს, მერმე უეცრად გუმანში ჩავარდა. მის ხმას გაშმაგების ხრინწი უფრო გაჰკრავდა, ვიდრე ხარბი სიხარულის კილო. განცვიფრდა კარზეგაკრული, გვერდულად გაჰხედა აკლდამას.

იქ შეშა და ჩინჩხვარი აღარ იყო. იგი აქ გადმოეტანათ, მის მახლობლად. ხოლო საფლავის ქვაზე ჭილობი გაეშალათ, ზედ ფეხმოკეცილი ალაი-ბეგი იჯდა და ჯავრობდა... იჯდა და ჯავრობდა!

“მაშ შეშა დასჭირდათ! იპოვნეს კიდევაც! მხოლოდ შეშა!”. სიხარულის ელდა ეცა

ბერს.

მაშ იგი პირნათლად ყოფილა ხანძთის კარზე გაკრული! არაფერი შეუცოდავს!

- ნებსითი თუ უნებლიე! არავითარი! – ხმამაღლა ირწმუნებდა თავის უჩუმარ ფიქრებს და ეს შეგნება ისეთ ნუგეშად ეფინებოდა, სულ ნათლივ ვერც კი სგრძნობდა, რა ხდებოდა ირგვლივ... და მახლობლად ცეცხლი რომ აანთეს და ზედ საყდრის კარზე აგლეჯილი რკინის ურდული მიუფიცხეს, მაშინღა მიხვდა, რად დასჭირდათ ასკერებს შეშა.

- აბა, ყარა-მურთაზ, დავიწყოთ! – მიაძახა ალაი-ბეგმა და თავი მიიბრუნა. ხასიათად ჰქონდა – პირველი გმინვა და ხორცის შიშინი სძაგდა... მაგრამ ”ჯიუტები” უფრო ეჯავრებოდა, ეს “გურჯი-მოლა” კი “საოცრად ჯიუტი” ჩანდა.

ყარა-მურთაზმა გულისპირი ჩაუხია, მოხუცს უბიდან წეღანდელი ნათავისარი ჯვარი გადმოუვარდა, ზღურბლის ქვაზე დაეცა. ალაი-ბეგმა ყური შეასწრო ვერცხლის ჟღერას, ხელად მობრუნდა, ახლოს მივიდა...

- ამ ჯვარსაც იპარავდა! – გულიანად გაიკვირვა და ვიწრო შუბლი უფრო მოეწურა, სურდა, რაღაც მახვილი ეთქვა... ხასიათად ჰქონდა – სურვილი მუდამ უსწრებდა აზრს. მოიფიქრა და ყბები წინასწარ გაებადრა:

- - გაუთბე და უბეში ჩაუდე! – ცეცხლში ჩააგდო ჯვარი და თავისი ჭკუამახვილობით მოხიბლულმა მეჩხერი კბილები ჩარბგარეთ გადმოაწყო.

- იტყვი თუ არა? – ყარა-მურთაზმა ჯერ შიშველ მკლავზე დაადო გახურებული ურდული. უმალ ტრუსის სუნი ავარდა, ხოლო ბერის ძვალტყავა მკლავზე შავ-ყვითელი იარა აიფუთქა.

შეირხა გაკრული, კვნესით დარეკეს კარის რგოლებმა. სიტყვამიუდგომი ტკივილი შეეჭიდა მოხუცის გულს. კრიჭაში გასხლეტილი გმინვა აღმოხდა.

- ჯერ სადა ხარ! იტყვი თუ არა? – ახლა მარცხენა ხელი დაკრუნჩხა შანთმა.

- ღმერთო, მიშველე! სიკვდილო, სად ხარ?! – მოხუცმა ისევ შეიკრა კრიჭა, მხოლოდ ბაგეები უთრთოდნენ, ხანდახან კბილებს უჩენდნენ...

- რა კბილები ჰქონია ამ მოხუცს?! – გაავებულად ჰკვირობდა ალაი-ბეგი.

წამება კი გრძელდებოდა... ჯერ ყველა თითი დაუთუთქეს, მერმე მკლავებზე შემოაწვეს ძარღვები. გულისპირიც ცეცხლით ჩაუსერეს, მაგრამ ბერი სდუმდა. ხანდახან გმინვას ლოცვასაც ამოაყოლებდა... ბოლოს გალობა გააბა გმინვით...

- ძელჭეშმარიტო! ჯვარო ძლიერო...

- ჯვარი მოენატრა! ახლავ მიართვით! – ისევ გაიბადრა ბეგი.

ჩოფურა ასკერმა ნაკვერცხალი მოქექა და გამოსწია...

ჯვარის ვარვარმა თვალი მოსჭრა ბერს, ურდულის შანთისა აღარ ეშინოდა. სულ ერთია, მთელი სხეული ეწვოდა და სტკიოდა, მაგრამ გავარვარებულ ჯვარს უფრთხოდა მლოცველი, მხოლოდღა ჯვრის მმოსავი ხანძთელი... საკუთარი ჯვრის შიში ზარავდა ხანძთელს, იმ ჯვრისა, გულ-მკერდზე რომ ამდენ ხანს სასოებით უტარებია!

უეცრივ ჯვარზე მიმხმარი ეფრემ ბერის სისხლი მოაგონდა. თვალები დახუჭა. მკერდზე რაღაც საშინელი სიმძიმე იგრძნო. ტკივილი აღარ უგრძვნია, აღარ... მხოლოდ... ოჰ, ეს სუნი! დამწვარი ხორცის სუნი! საკუთარი ხორცისა!.. გულის აღმრევი სუნი აწამებს ტანჯულს. ფიქრსაც ურევს. მკეოდიდან ასული ოხშივარივით ერევა ფიქრიც... როყიოდ მოაგონდა, რომ დღეს მარხვაა... რომ დღეს მას არც არაფერი უჭამია... არა, საჭმელი არა... სწყურია! ახლა მიხვდა, რომ საშინლად სწყურია, ხახაც ჯვარივით გავარვარებული თუ აქვს! ამის გამოა მთელი ტანჯვა და ტკივილი!

- წყალი დამალევინეთ მომაკვდავს! წყალი! აგერ, ახლოს სჩქეფს!.. ხანძთის წყარო!..

უეცრივ შეშინდა ბერი. იგრძნო, რომ ტკივილსა და წყურვილს ვეღარ აიტანს. ვეღარ გაუძლებს. არა, სიკვდილის კი არ ეშინია, არა, არ თქვას... არ წამოსცდეს, რასაც ჰფარავს! განძის ადგილსამყოფელი, თავისი აკლდამის საიდუმლო!

ოჰ, მოჰკალით, ჩააწვინეთ თავის სასურველ აკლდამაში... ჩააწვინეთ! ამოიღეთ იქიდან, რაც აქ არის გადამალული!.. წაიღეთ! თუნდაც გადაჰყარეთ! მას კი... მის დაღლილ-დატანჯულ სხეულს აღირსეთ საკუთარი აკლდამა!

- სიკვდილი მაღირსეთ! სიკვდილი!

- არა, ჯერ გვითხარ!

უფრო შეკრთა გრიგოლი: მაშ ხმამაღლა უთქვამს რაღაც! თავადაც არ გაუგია, ისე! ვაითუ ხორცმა ვეღარ გაუძლოს, ვეღარ აიტანოს ამდენი ტანჯვა და ბარემ თავად წამოროშოს სიტყვა საშინელი და წარსაწყმედი!

ამდენს იღვწოდა, ამდენს ებრძოდა და თრგუნავდა ხორცსა და ნუთუ მაინც აჯობა ხორცმა – ხატი და ჯვარი გააწირვინა! ნუთუ ეშმაკის კერძი გახდა მკაცრი, წმიდა ბერი, უკანასკნელი ხანძთელი, გრიგოლ-მცირე?

- ფუი ეშმაკს! ფუი ეშმაკს!

... მაგრამ ახლა ნეკნებზე რომ ჩაიტანა შანთმა შუშხუნი, ბერი საშინელი სიცხადით მიხვდა, რომ ვეღარაფერს დაჰფარავს... იტყვის... მიაფურთხებს და ეტყვის ყველაფერს. აი, სიტყვა თავად აწვება ყელში. კრიჭა შეკრული აქვს, მაგრამ გმინვამ რომ შეუხსნას კრიჭა – ხელად “სიტყვა” ამოასწრებს. დიახ, ყელში “აკლდამა” აწვება ბერს. აკლდამა! უნდა დაივიწყოს და არ ავიწყდება. უნდა სხვაზე იფიქროს... აი თუნდაც, ჰო, მართლა, ახლა შოშიტა... ვინ შოშიტა? ჰო, მისი გაგზავნილი... ახლა უკვე კარგა ხანია ხიდს გასცდებოდა. მდევრები კი გაგზავნეს, მაგრამ ვეღარ!.. დიახ, ვეღარ!.. სამშვიდობის იქნება გასული!

“აკლდამა! აკლდამა!” – ვიღაც მაინც აწვეთებს საშინელ სიტყვას, ოჰ... არა! იმას ფიქრობდა – რაღაც დაუბარა შოშიტას... მნიშვნელოვანი და არ კი ახსოვს! აღარ ახსოვს! მეხსიერება ღალატობს, მხოლოდ აკლდამა ახსოვს! კლდეში გამოღებული, თავისი და აღარც თავისი აკლდამა! მთელი ქვეყანა ახლა ამას რომ ედავება!

მაშინ მოეშვებიან. ალბათ, ჩამოხსნიან და სადმე მიაგდებენ. სული ამოხდება ბოლოს... დაისვენებს. ესღა უნდა, მხოლოდ ესღა...

- იტყვი, შე წყეულო?!

ბერმა ძლივს გაახილა ჩამქრალი თვალები და წაიჩურჩულა...

- ვიტყვი...

ყველანი დადუმდნენ, შემოადგნენ, ბერმა ჯერ ცეცხლში ჩაკიდებულ ჯვარს შეხედა, მერმე სახე აკლდამისაკენ მიიბრუნა და შეკრულ კრიჭას სათქმელად ძალა დაატანა... უეცრივ საშინელი რამ იხილა. დიახ. თვალნათლივ დაინახა – აკლდამიდან სავედრებლად იშვერდნენ ხელებს, მას... ევედრებოდნენ უძველესი ხატები, წმიდანები, მოციქულები, ჯვარცმული მაცხოვარი, ღვთისმშობელი თავის პირმშოს მას ავედრებდა, მას – ხანძთელს... გრიგოლ-მცირეს...

აჟღერდნენ ჯვრები და ლითონის საბრძოლო დროშები, საოცრად აშრიალდნენ ხელნაწერები, გრაგნილები, ნუსხები... საფლავებიდან წამოიზარდა ყველა ხანძთელი. ყველანი ხმამაღლა ღაღადებდნენ მისი ეპიტაფიის სიტყვებს: “შეუნდე, ვინც შენდობა ბრძანოს!”... “შეუნდე, ვინც შენდობა ბრძანოს!”

შამაშფოთებელი იყო ხატების ეს გოდება-ვაება და... კრიჭა ვეღარ გახსნა ბერმა... ვეღარ შესძლო სიტყვის ამოდგმა, აი, რა უნდა თქვას – “აკლდამა!...” და არ ამოდის სიტყვა, ხმა არ არის, ხმა!

ისევ შებრუნდა ყველაფერი – ახლა გავარვარებული ჯვარი და ურდული ადგა ცეცხლიდან. ისევ აშიშინდა ხორცი და ფიქრი.

ამ დროს კარიბჭესთან რაღაც ჩურჩული შეიქნა. იქით მიიქცნენ თურქნი. შეეგებნენ მობრუნებულ მდევართ.

გრიგოლმა ახლა იქით გაჰხედა შიშით და... ჯორი დაინახა. არა, არ შემცდარა, ნიშანდობლივად დაუკვირდა – კოჭლობაც კი შეამჩნია ჯორს.

- ნუთუ? ვაიმე... შოშიტავ?! – ჩაიკვნესა ბერმა და ისეთი სევდა შემოაწვა, თითქოს ახლა სულში ჩაუდგეს გავარვარებული ურდული.

თუკი ყველაფერი დაიღუპა, რაც შოშიტას გაატანა? თუკი შოშიტამაც თავი შეაკლა? ვისღა შეუნახოს? არავინ რჩება ადგილის მცოდნე... რაღა ბედენაა, აკლდამის განძი სამარეს დარჩება თუ თურქებს?

...და როცა ისევ გამოეხვივნენ თურქნი, ბერი შინაგანად მოტეხილი იყო. მას აღარაფერი აკავებდა. უიმისოდ ითქმოდა ყველაფერი, უიმისოდ.

დარკინული კარი აჟღერდა ანაზდად. თითქოს შიგნიდან შემოჰკრეს კვერი. ბერმა თავი მიახალა კარს, ყურით მიეკრა. არა, ესხმა ზურგს უკან არ იყო. შორიდან მოდიოდა.

სმენა დაძაბა, მაგრამ ხმაურობდნენ თურქნი. ერთი გნიასი ჰქონდათ... მაინც ესმის! მაინც! ნამდვილად ზარის ხმა არის! ზარის?! მაგრამ ზართან ერთად შეფრიალებული გულიც რომ აუჟღერდა, მაშინ კი ეჭვი შეეპარა – იქნებ ეს მხოლოდ მას ეჩვენება... მას – ზარის ხმის უსაზღვროდ მსურველს! ან იქნებ ეს სიკვდილი ზარია და მის მეტს არავის ესმის?

- ჩუმად! – მან ისეთი საშინელი ხმით დაიძახა, რომ ყველა გახევდა. ყარა-მურთაზს შანთი შეაცივდა ხელში, ყველანი სმენად იქცნენ – მტერიც და მოყვარეც.

კარჩხალის ქედის თავიდან მკაფიოდ მოისმოდა ზარის ფიცხელი რეკვა! ნუგეშად და ბრძოლის ხმად ვრცელ გარემოს ეფინებოდა.

- მაშ, ზურგით აუტანია, ზურგით... ყოჩაღ, შოშიტავ! – თვალები აენთო ბერს და ისეთი შვება იგრძნო, სრულიად მოჰკვეთა სხეულის ტკივილი და ურვა.

ალაი-ბეგმა ხელი ჰკრა ყარა-მურთაზს, შანთი გამოსტაცა.

- მაშ რაღას იტყვი?! – მეტად უშვერი სიტყვა შესძახა მოხუცს და სახეში მიუმიზნა შანთი. მაგრამ გაშმაგდა ყოვლად სათნო ბერი. შოშიტას ძალა მოიცა. კარზე ამაყად მოიზიდა, ამომშრალი ენის წვერი კბილებში მოიგდო, მოკვნიტა და სისხლთან ერთად სახეში შეაფურთხა მტარვალს.

ალაი-ბეგმა ვეღარ მოარტყა მიზანში შანთი. წიხლი მოინაცვლა და გამეტებით ფერდში ჰკრა კარზე გაკრულს.

ნაკრავის ძალით ერთბაშად საყდარში შეიღო კარი და ხანძთელი პირნათლად წარსდგა თავისი დიდი სეხნას – გრიგოლ დიდის კედელხატულის წინაშე.

გამფრთხალი მტრედები აფრინდნენ ხანძთიდან.

როცა კარი ისევ გამოსწიეს და შანთი აძგერეს მოხუცს, იგი აღარ შერხეულა.

უკანასკნელი ხანძთელი უკვე მძიმე და ვალმოხდილი ცხოვრების მიღმა იყო... ხოლო ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხანძთის ზარი, მომავალ საუკუნეებში წასულ იმედივით, არხევდა თავის ხალასსა და საამო ხმას.

1945