Litclub.ge

*ბიოგრაფია (გ.კ)
კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა - გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.
სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე", „ლომისი" (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო", „ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი", „მთვარის მოტაცება", „გოეტეს ცხოვრების რომანი", „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", „დავით აღმაშენებელი", „ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს „ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.