იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, - იყო ერთ ქალაქში ერთი მჭედელი. შვილები არ ჰყავდა, თუმცა გულით კი უნდოდა, რომ ჰყოლოდა.
ერთხელ მჭედლის ცოლი წყალზე წავიდა. კოკა წყალს შეუდგა და ავსებას დაელოდა. უცბად ხედავს, რომ წყალს სამი თურაშაული ვაშლი მოაქვს. მჭედლის ცოლი დასწვდა ვაშლებს და სახლში წაიღო. ერთი ვაშლი ქმარს მისცა, ერთი თვითონვე შეჭამა და ერთი შუაზე გაიყვეს.
ვაშლის ჭამის შემდეგ მჭედლის ცოლი დაორსულდა. მალე გავიდა ცხრა თვე და ერთ საღამოს დედის მუცლიდან ბავშვმა დაიძახა:
- წადით, მღვდელი მოიყვანეთ, რომ დაბადებისთანავე მომნათლოს, თორემ გავჩნდები თუ არა, იმავ წამს ცაში გავფრინდებიო.
მართლაც დაბინდდა თუ არა, ვაჟი დაიბადა, მაშინვე მონათლეს და, რაკი ბინდისას დაიბადა, ივანე მწუხრისა დაარქვეს. მოწოვა თუ არა ბავშვმა ძუძუ, იმავ წამს ზეცაში გაფრინდა. ის იყო, მღვდელი უნდა წასულიყო, რომ დედის მუცლიდან ახლა მეორე ბავშვმა დაიძახა:
- მღვდელი არ გაუშვათ, შუაღამისას მეც დავიბადებიო.
დაიბადა შუაღამისას მეორე ვაჟი, მღვდელმა მონათლა და დაბადების მიხედვით, ივანე შუაღამისა დაარქვა. მოწოვა იმანაც დედის ძუძუ და ზეცაში გაფრინდა.
მღვდელმა ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ დედის მუცლიდან ახლა მესამე ბავშვის ხმა გაისმა:
მღვდელი არ გაუშვათ, ცისკარზე მეც დავიბადებიო.
ცისკარზე დაიბადა მესამე ვაჟი, მონათლეს და დაარქვეს ივანე ცისკარი. მოწოვა ბავშვმა ძუძუ და თავისი ძმების მსგავსად ისიც ცაში აფრინდა.
ამ დღიდან ძმები მუდმივად ცაში ცხოვრობდნენ, მიმოფრინავდნენ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. მართალია დედასთან სამივენი მოფრინდებოდნენ ხოლმე ძუძუს მოსაწოვად, მაგრამ ერთიმეორეს ვერც აქ ხვდებოდნენ, იმიტომ რომ ივანე მწუხრისა საღამოზე მოფრინდებოდა, ივანე შუაღამისა - შუაღამისას და ივანე ცისკარი - ცისკრის ამოსვლისას, მოსწოვდნენ ძუძუს და ისევ ცაში გაფრინდებოდნენ.
გავიდა დრო და ძმებიც დავაჟკაცდნენ, ახლა უკვე ძუძუს აღარ წოვდნენ და სახლშიც ყოველდღე აღარ მოდიოდნენ. - მოფრინდებოდნენ კვირაში ერთხელ, აიღებდნენ მთელი კვირის საგზალს და კვლავ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს მიაშურებდნენ.
იმ ქვეყნის ხელმწიფეს ტახტი და სასახლე სწორედ იმ ქალაქში ედგა, სადაც მჭედელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. ხელმწიფეს სამი მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალები იმისი შიშით, რომ ან მზე არ მოგვეკიდოსო ან სიცივემ არ დაგვკრასო, დღე და ღამე შინ ისხდნენ და კარში არ გამოდიოდნენ.
ერთხელ მამამ უთხრა ქალიშვილებს:
- შვილებო, სულ შინ ჯდომა რა სასარგებლოა, ერთხელ მაინც გადით კარში და მზე და ქვეყანა ნახეთო.
დაუჯერეს ქალებმა მამას და სასეირნოდ ბაღში გამოვიდნენ. შუადღისას უცბად ცა მოიღრუბლა და ატყდა ქარიშხალი და საშინელი ელვა-ქუხილი. ქალებმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ციდან ერთი ცხრათავიანი დევი დაეშვა, მოიტაცა ხელმწიფის ქალები და ღრუბლებში გაუჩინდარდა.
ეს ამბავი იმავე დღეს მოედო მთელ ქალაქს და ყველა დაამწუხრა. ხელმწიფემ ყოველმხრივ დაგზავნა მაძებრები, მაგრამ ქალების კვალს ვერავინ მიაგნო.
მაშინ ხელმწიფესთან მჭედლის შვილების ბებიაქალი მივიდა და მოახსენა:
- ამ ქალაქში ერთ მჭედელს სამი ვაჟი ჰყავს და სამივენი ზეცაში ცხოვრობენ, ფრინველებივით დაფრინავენ, ცაც ხელში უჭირავთ და დედამიწაც, და თუ ეცოდინება ვინმეს შენი ქალების ამბავი, ისევ იმათ ეცოდინებათ, დაიბარე და გამოჰკითხეო.
ხელმწიფემ მაშინვე წვეულება გამართა და მჭედელთან კაცი გაგზავნა მისი შვილების დასაპატიჟებლად. შვილები, რა თქმა უნდა, შინ არ იყვნენ, მაგრამ მოპატიჟეს დედამ პირობა მისცა, რომ, მოვლენ თუ არა, სახლში დავაბრუნებ და გამოვგზავნიო.
ბინდისას მოვიდა ივანე მწუხრისა, დედამ ჩვეულებრივ ავახშმა და როდესაც ივანე მწუხრისამ წასვლა დააპირა, უთხრა:
- დარჩი შინ ამაღამ, ხვალ ხელმწიფე წვეულებას მართავს და დაგპატიჟაო.
შვილმა დაუჯერა დედას და დარჩა. დედამ გაუშალა ლოგინი და დააძინა. შუაღამისას მეორე შვილი მოვიდა, დედა იმასაც ჩვეულებრივ გაუმასპინძლდა და სთხოვა:
- დარჩი, შვილო, ამაღამ სახლში, ხვალ ჩვენი ხელმწიფე წვეულებას მართავს და, რომ არ ეწვიო, ეწყინებაო.
დაუჯერა ივანე შუაღამისამაც დედას და დარჩა. დედამ დასაძინებლად გაიყვანა. ივანე შუაღამისამ დაძინებული ძმა რომ დაინახა, უცხო კაცი ეგონა და ძალიან გაჯავრდა.
- ეს ვინღაა აქ რომ სძინავსო? - ჰკითხა დედას.
- ეგ შენი უფროსი ძმა არისო, - უთხრა დედამ, - ორივენი ერთ ღამეს ხართ დაბადებული, მაგრამ ცალ-ცალკე რომ მოდიხართ, ერთმანეთს ამიტომ არ იცნობთო.
ივანე შუაღამისა დამშვიდდა და ძმის გვერდით წამოწვა. გათენებისას ივანე ცისკარიც მოფრინდა. დედა გაუმასპინძლდა, უთხრა ხელმწიფის შემონათვალი, დაძინებული ძმებიც აჩვენა და ისიც იმათ გვერდით დააწვინა.
გათენებისას უფროსმა ძმამ, ივანე მწუხრისამ რომ გაიღვიძა, უმცროს ძმებს ჯერ ისევ ეძინათ, - ივანე შუაღამისა შუა ძილში იყო, ხოლო ივანე ცისკრისას მაშინღა ჩაეძინა. ივანე მწუხრისა ძმებს ჯერ არ იცნობდა და ძალიან გაჯავრდა. - უცხო ხალხს ჩემს სახლში რა უნდაო. მაშინვე წამოდგა და ხმალს ეცა, ამ დროს დედა შემოვიდა და შვილი რომ ამ ყოფაში დაინახა, შეშინებულმა ჰკითხა:
- რად გინდა, შვილო, ხმალი, აქ სამტრო ვინა გყავსო?
- მაშ ეს უცხო კაცები ვინ არიან, თუ მტრები არაო? - ჰკითხა შვილმა.
- ვაი, მომიკვდეს თავი! - შემოიკრა დედამ ხელი, ეგენი ხომ შენი ღვიძლი ძმები არიან, ეგენიც შენსავით ცაში ცხოვრობენ, წუხელ მოვიდნენ და მე აღარ გავუშვიო.
ცოტახნის შემდეგ ივანე შუაღამისამ და ივანე ცისკრისამაც გაიღვიძეს და ძმები სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. მერე ხელმწიფესთანაც წავიდნენ. ხელმწიფემ ძმები დიდი პატივით მიიღო და მსახურებს უბრძანა, კარგად გაუმასპინძლდითო. სადილის შემდეგ ხელმწიფემ ძმები გვერდით მოისხა და თავისი დაკარგული ქალების ამბავი გამოჰკითხა:
ცაში დაფრინავთ, ყველაფერს ხედავთ, ხომ არ იცით, ჩემი ქალიშვილები სად არიანო?
ივანე მწუხრისამ და ივანე შუაღამისამ უარი უთხრეს, - არც გვინახავს და არც ვიცითო. მაშინ წამოდგა უმცროსი ძმა, ივანე ცისკარი და ხელმწიფეს მოახსენა:
- დიდებულო ხელმწიფევ, ერთ დღეს ერთ ღრუბლის ფაფუკ ქულაზე ვიწექი და ვისვენებდი, თან ცასა და ღრუბლების ბოჟირს გავყურებდი. უცებ ქალების ტირილი და წივილ-კივილი შემომესმა, გავიხედე და რას ვხედავ: მოფრინდავს ერთი უზარმაზარი დევი და ხელში სამი ატირებული ქალი უჭირავს. მაშინვე მშვილდს მოვზიდე, მაგრამ ვერ ვესროლე, რადგან დევი რომ მომეკლა და მიწაზე ჩამომეგდო, ქალებიც დაიხოცებოდნენ. ეს იყო და ეს ჩემი იმათი ნახვა, იმ დღიდან მათი ამბისა აღარაფერი გამიგიაო.
ხელმიწფეს უზომოდ გაუხარდა, რომ ბოლო თავისი ქალიშვილების მნახველი ერთი კაცი მაინც აღმოჩნდა, და ივანე ცისკარს უთხრა:
- თუ თქვენ, ძმები, ჩემს ქალებს იპოვით და გამოიხსნით, ცოლებად შეგრთავთ. უფროსს ქალს უფროს ძმაზე დავნიშნავ, შაუთანას - შუათანა ძმაზე, ხოლო უმცროსს, რომელიც მზესაც კი სჭარბობს სილამაზით, შენ შეგრთავო.
ივანე ცისკარი დათანხმდა, ძმები მოემზადნენ და წავიდნენ მეფის ქალიშვილების საძებნელად. იარეს, იარეს და ბოლოს ერთ უშველებელ კლდოვან მთას მიადგნენ. მთას ერთი ფეხი ერთ ზღვაში ედგა, მეორე - მეორე ზღვაში და ისეთი მაღალი იყო, რომ კაცი თვალს ძლივს შეუწვდენდა. კლდის ძირას ერთი კარავი იდგა და შიგ ერთ უზარმაზარ დიდთავა რკინის კაცს ეძინა.
ივანე ცისკარმა კარავში ძმები შეგზავნა, - გააღვიძეთო, მაგრამ ძმებმა თითიც ვერ გაატოკებინეს. მაშინ ივანე ცისკარი თვითონ შევიდა კარავში, ჩაჰკრა კეფაში მშვილდი რკინისთავიან კაცს და გამოაღვიძა. რკინის კაცს შეეშინდა და სთხოვა, - მიძმე და გამოგადგებიო. - გიძმობო, - დათანხმდა ივანე ცისკარი, - თუ აი ამ კლდეზე აგვიყვანო. მაშინ რკინის კაცმა უთხრა:
- თუ მჭედლობა შეგიძლია, ერთი დიდი ჯაჭვი გააკეთე, შევტყორცნოთ ის ჯაჭვი ზევით, მოვდოთ კლდეს და ავიდეთო.
- მჭედლის შვილი ვარ და მჭედლობა როგორ არ შემიძლიაო, - უთხრა ივანე ცისკარმა და წავიდა რკინის მოსატანად. მოიტანა ბლომად რკინა, მარწუხები, კვერები - ყველაფერი, რაც საჭირო იყო ჯაჭვის გამოსაჭედად, მარტო გრდემლი ვერსად ეშოვა და ამაზე წუხდა.
- გრდემლად ჩემი თავი იხმარეო, - უთხრა რკინის კაცმა და ლოდივით მკვრივი თავი ფეხებთან წაუდო.
ივანე ცისკარმა ძმებიც მოიშველია და უზარმაზარი, მთის გამწვდომი ჯაჭვი ერთ დღეში გამოკვერა. მერე კლდის ძირას ერთ უზარმაზარ ლოდს ერთი ბოლო დაამაგრეს, მეორე ბოლოზე ჯაჭვს ფოლადის დიდი ჩანგლები გამოაბეს, რომ კლდეს საიმედოდ მოსჭიდებოდა, და ივანე ცისკარმა უთხრა ძმებს:
- აბა, ასწიეთ და შესტყორცნეთ, იქნებ შეუწიოთო.
ძმებმა სცადეს, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დასძრეს, მაშინ ივანე ცისკარმა რკინის კაცს უთხრა:
- აბა, რკინის კაცო, შენ სცადე, იქნებ შენ მაინც შეუწიოო.
რკინის კაცმა მოავლო ჯაჭვს ხელი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეისროლა, მაგრამ კლდეს ნახევრამდეც ვერ მიუწვდინა.
- სულ ეგ არის შენი ღონეო? - ჰკითხა სიცილით ივანე ცისკარმა.
- სულ ეს არის, მეტი არ შემიძლიაო, - აღიარა რკინის კაცმა.
- აბა, ახლა მე მიყურეთო, - თქვა ივანე ცისკარმა, დაავლო ჯაჭვს ხელი, ერთი ღონივრად მოიქნია, შესტყორცნა და მოსდო კინჭუხს. დაეჭიდნენ ყველანი ჯაჭვს, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს, მაშასადამე ჩანგლები კარგად იყო მოჭიდებული წვერში და ასვლა შეიძლებოდა. ივანე ცისკარმა ჯერ ისევ ძმები აგზავნა, მაგრამ ძმები ნახევრამდეც ვერ ავიდნენ, შეეშინდათ და აკანკალებულები უკანვე ჩამოვიდნენ. ივანე ცისკარმა ახლა რკინის კაცი აგზავნა, თან დაარიგა, ძირს არ ჩამოიხედო და უფრო უშიშრად ახვალო, მაგრამ წვერამდე ვერც რკინის კაცმა უწია, ცოტაღა ეკლდა ასვლას, რომ ძირს ჩამოიხედა, შეშინდა და გაჭირვებით უკანვე ჩამოფოფხდა.
ივანე ცისკარმა ძმები რკინის კაცს ჩააბარა და გააფრთხილა, - ჩემს დაბრუნებამდე არა დაუშავდეთ რა, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებო. მერე მოჰკიდა ჯაჭვს ხელი და ზედ კვერნასავით აირბინა. მოექცა კლდეს თავზე და მარტოკა წავიდა ქალების საძებნელად.
იარა, იარა და ბოლოს ერთი სპილენძის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე შვიდთავა დევისა იყო და ხელმწიფის უფროსი ქალიც სწორედ იმას ჰყავდა ცოლად. შევიდა ივანე ცისკარი სასახლეში და ნახა ხელმწიფის ქალი. გამოჰკითხა ვინაობა, ქალმა უამბო თავისი და თავისი დების თავგადასავალი და ბოლოს დაღონებით უთხრა:
- ნეტა კი არ მოსულიყავი, შვიდთავა დევს ცოცხალი ვერ გადაურჩები და ცოდო ხარო.
- შენ ნუ გეშინია, მე ვიცი და იმანო, - მიუგო ივანე ცისკარმა.
- თუ იმ წყეულს მოკლავ, შენ ქმარი და მე ცოლი, - უთხრა ქალმა.
- იქნებ ეგრეც მოხდეს, - უპასუხა ივანე ცისკარმა, - მაგრამ ქმრობას ვერ შეგპირდები და რძლად კი წაგიყვანო. - გამოვიდა სასახლიდან და დევის მოსვლამდე საჩრდილობელში წამოწვა.
საღამო ხანზე შვიდთავა დევიც გამოჩნდა, - ცხენზე იჯდა და სახლისაკენ გულარხეინად მოდიოდა. სახლს რომ მოუახლოვდა, ცხენი შეფრთხა და წაიბორძიკა. დევმა აღვირი აუქნია და გაუწყრა:
- აჩუ, შე სამგლევ, რა გაშინებს, აქ რა ივანე ცისკარი დაგხვდებაო, - შემოვიდა დევი ეზოში და აკი მართლა ივანე ცისკარი არ დახვდა! დევმა დაინახა და დაუძახა:
- ივანე ცისკარო, სამტროდ მოსულხარ, თუ სამოყვროდო!
- შენთან სამოყვრო რა მაქვს, სამტროდ მოვსულვარო! - უპასუხა ივანე ცისკარმა.
გადმოხტა ცხენიდან შვიდთავიანი დევი და ხაფი ხმით შეუძახა:
- მაშ, თუ სამტროდ მოხველ, ემანდ მიწას შეუბერეო!
- შეუბერე და მანდა ხარო! - ივანე ცისკარმა.
დევმა შეუბერა მიწას და ზედაპირი სულ პიტალო სპილენძად უქცია. მაგრამ ამან ვერ უშველა, - ივანე ცისკარმა პირველსავე მოქნევაზე მუხლამდე ჩაასო მიწაში. მერე დევმე მოიქნია ივანე ცისკარი, იმანაც მუხლებამდე ჩაასო. მეორე მოქნევაზე ივანე ცისკარმა დევი უკვე წელამდე ჩაასო და ხმლით სამი თავი წააცალა. გაცეცხლდა დევი, მოიქნია ივანე ცისკარი და წელამდე დაიყვანა, ამოხტა საჩქაროდ ივანე ცისკარი, დევი ყელამდე ჩაფლო მიწაში და დარჩენილი თავებიც დააყრევინა. მერე ისევ შიგნით შევიდა და ქალს თავისი უფროსი ძმისთვის სანიშნო ბეჭედი გამოართვა, ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვიდეო, უთხრა, გამოეთხოვა და უმცროსი დების საძებნელად წავიდა.
იარა ივანე ცისკარმა, იარა და ერთ ვერცხლის სასახლეს მიადგა. ეს სასახლე ცხრათავა დევისა იყო და ცოლად ხელმწიფის შუათანა ქალი ჰყავდა. ივანე ცისკარი აქაც უშიშრად შევიდა სახლში, დევი სანადიროდ იყო წასული და შინ მარტო ქალი დახვდა. ქალმა სტუმრის ვინაობა რომ გაიგო, შეეხვეწა, - ჩქარა წადი აქედან, ცხრათავიან დევს ნუ დაენახვები, თორემ მოგკლავსო. - ივანე ცისკარმა უთხრა, - შენ ნუ გეშინია, მე ვიცი და იმანო, - და დევის მოსვლამდე საჩრდილობელში დაისვენა.
მოვიდა საღამოზე ცხრათავიანი დევი, სახლთან მოახლოებისას ცხენი წაუბორძიკდა, დევმა შეუტია:
- აჩუ, შე სატიალოვ, რა გაშინებს, აქ რა ივანე ცისკარი დაგხვდებაო! - შემოვიდა ეზოში და აკი მართლა ივანე ცისკარი არ დაუხვდა! დაინახა დევმა და დაუძახა:
- ივანე ცისკარო, სამტროდ მოხველ თუ სამოყვროდო?
- შენთან სამოყვრო რა მაქვს, სამტროდ მოვედიო! - უპასუხა ივანე ცისკარმა.
გადმოხტა ცხენიდან ცხრათავიანი დევი და შეუტია:
- მაშ, რაკი სამტროდ მოსულხარ, მიწას შეუბერეო!
- შეუბერე და მანდა ხარო! - უპასუხა ივანე ცისკარმა და ეცნენ ერთმანეთს. ივანე ცისკარმა მესამე მოქნევაზე ის დევიც ყელამდე ჩასვა მიწაში და ცხრავე თავი მოაგდებინა. მერე შევიდა ქალთან, გამოართვა თავისი შუათანა ძმისთვის სანიშნო ბეჭედი, თანაც დაარიგა, ჩემს დაბრუნებამდე არსად წახვიდეო, და გასწია უმცროსი მზეთუნახავი ქალის საძებნელად.
იარა ივანე ცისკარმა, იარა და მივიდა თორმეტთავიანი დევის სახლში, სადაც ხელმწიფის მზეთუნახავი უმცროსი ქალი იმყოფებოდა. სახლიც და ეზო-კარმიდამოც სულ ოქროსი იყო და თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა. შევიდა ივანე ცისკარი შიგნით, გადაეხვია თავის მზეთუნახავ საცოლეს და გადაჰკოცნა. უამბო ყველაფერი, რაც გადახდა თავს და ბოლოს უთხრა:
- აი, ახლა აქ მოვედი, რომ თორმეტთავიანი დევიც მოვკლა და შენ ცოლად წაგიყვანოო.
ქალმა ტირილი დაიწყო:
- ნუ დაენახვები თორმეტთავიან დევს, თორემ მოგკლავს, მისი მომრევი კაცი ჯერ არ დაბადებულაო.
- შენ ნუ გეშინია, - ანუგეშა ივანე ცისკარმა, - მე ვიცი და იმანო. - გავიდა კარში, დაჯდა ხის ძირას და დაუწყო ლოდინი.
საღამოხანს დაბრუნდა დევი ნადირობიდან - ზის ცხენზე და გულარხეინად მოდის თავის სახლისაკენ. წაიბორძიკა ცხენმა.
- აჩუ, შე ოხერო, - შეუტია ცხენს და მათრახიც გადაჰკრა, - რა გაშინებს, თვითონ ივანე ცისკარიც რომ დაგიხვდეს, ასო-ასო ავჭრი და საჯიჯგნად ყვავ-ყორნებს მივუყრიო.
ამ მუქარით შემოვიდა დევი ეზოში, დაინახა ივანე ცისკარი და დაუძახა:
- ივანე ცისკარო, სამტროდ მოსულხარ თუ სამოყვროდო?
- სამტროდ მოვედი, შენთან სამოყვრო რა მაქვსო, - უპასუხა ივანე ცისკარმა.
- მაშ, შეუბერე მიწასო! - უყივლა დევმა და ჩამოხტა ცხენიდან.
- შეუბერე და მანდა ხარო! - მიუგო ივანე ცისკარმა.
დევმა შეუბერა მიწას, ოქროდ აქცია და გაქანდა ივანე ცისკრისაკენ. ისიც შეეგება და დაეტაკნენ ერთმანეთს. დედამიწამ ზანზარი დაიწყო, ხეები დაიზნიქა, ბალახი მომიოთელა და ცაში ღრუბლები ათრთოლდნენ. დევი და ივანე ცისკარი ღონეზე არიან მოსული და ხან ერთი სძლევს, ხან - მეორე, ხან ერთი ჩაფლავს მიწაში, ხან - მეორე. აგე, დევმა ივანე უკვე წელამდე დაიყვანა, მაგრამ იმარჯვა ივანე ცისკარმა, ამოხტა მიწიდან, მოიკრიბა მთელი ძალ-ღონე და დევი მხრებამდე ჩასვა, გაიძრო ხმალი და ცხრა თავი გააგდებინა. დევი დაიღალა და ცისკარს ჰკითხა:
- თქვენში ომი როგორ იციანო?
- ჩვენში ომობენ და დაისვენებენო, - უპასუხა ივანე ცისკარმა.
- მაშ დამასვენეო, - სთხოვა დევმა.
ივანე ცისკარმა იფიქრა, - ეს რომ დავასვენო, მე რა სარგებელი მაქვსო, - და დარჩენილი სამი თავიც წააჭრა. წამოიყვანა ქალი ივანე ცისკარმა და წამოვიდა.
სახლს ცოტაზე რომ გამოსცდნენ, ქალმა უთხრა:
ივანე ცისკარო, აბა მიიხედე, რამდენი ოქრო რჩება ტყუილად და რად უნდა დავტოვოთო?
- დევებს ოქრო ვინ მისცაო, - უთხრა ივანე ცისკარმა, - ეგ სულ იმისათვის არის მოგონილი, რომ შენთვის თვალები აება და სიმდიდრით მოეტყუებინე. აბა, უყურე, თუ არაო, - შებრუნდა ივანე ცისკარი, ერთი შეუბერა და ოქროს სასახლე და ეზო-კარმიდამო სულ მტვრად აქცია. ივანე ცისკარმა შუათანა და უფროს დასთანაც ასევე გააკეთა, - შეუბერა ვერცხლისა და სპილენძის სასახლეებს და უკვალოდ გააქრო. წამოიყვანა დები და მოიყვანა კლდესთან.
ივანე ცისკარმა ჯერ უფროსი და ჩაუშვა ჯაჭვზე და უფროს ძმას - ივანე მწუხრისას დაუძახა, - ეგ შენია და ხელი მოჰკიდეო. მერე შუათანა ჩაუშვა და ივანე შუაღამისას ჩააბარა. ბოლოს ჯერი თავის საცოლეზე მიდგა, მაგრამ ქალმა უარი უთხრა:
- რაღაც გული მიგრძნობს, რომ ის რკინის კაცი გიღალატებს, ჯობია, პირველად შენ ჩახვიდეო. - ივანე ცისკარმა არ დაუჯერა, - აქ მარტოს ვერ დაგტოვებო და ჩაუშვა.
ჩავიდა თუ არა ქალი ძირს, რკინის კაცმა შემოჰკრა ჯაჭვს ლახტი და შუაზე გაწყვიტა.
დარჩა ივანე ცისკარი მაღლა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ჩავარდნილიყო კლდეზე, - მოკვდებოდა, არადა, სხვა ჩასასვლელი არსად ჩანდა. რა უნდა ექნა? ამ გასაჭირში რომ იყო, დაბლიდან თავისი საცოლის ხმა გაიგონა:
- ივანე ცისკარო, თორმეტთავიან დევს ერთი რაში ჰყავს და თუ გიშველის, ის გიშველისო, - დაუძახა ქალმა, - ზღვაში რომ ცხვირწამოწეული კლდე დგას, იმ კლდეში აბია, დევმა იქ დაამწყვდია, რადგან ერთხელ ჩამოაგდო. წადი, ჰკარი წიხლი კლდეს, დაანგრიე და ის რაში გამოიყვანეო.
წავიდა ივანე ცისკარი, ჰკრა წიხლი კლდეს, შეანგრია და გამოიყვანა რაში. დიდიხნის დაუბანელს ზურგსა და კისერზე ხელის სისქე ჭუჭყი დასდებოდა. ხოლო უსმელ-უჭმელობითა და ადგილზე უძრავად დგომით ისე დასუსტებულიყო და დახუთულიყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა.
რაშმა ივანე ცისკარს სთხოვა:
- სამ დღეს შავ მთაზე გამიშვი, რომ დავისვენო და ღონე მოვიდგა, თორემ ვერა გზიდავო.
ცისკარმა გაუშვა რაში და სამ დღეს აბალახა. მეოთხე დღეს მოიყვანა, დაბანა და შეკაზმა, შედგა ფეხი უზანგში, მაგრამ რაშმა ერთი ფეხით კიდევ წაიბორძიკა. კიდევ სთხოვა ივანე ცისკარს, - მოდი, ამაღამაც დამასვენეო. ივანე ცისკარმა დაასვენა და მეორე დღისით რაში მართლაც ისე მოღონიერდა, რომ ადგილიდან ფეხიც აღარ მოუცვლია. ივანე ცისკარი შეჯდა, რაში ისარივით აიჭრა ცაში და სანამ რკინის კაცი და უფროსი ძმები დაბრუნდებოდნენ ქალაქში ორი დღით ადრე მოიღო დგრიალი.
ივანე ცისკარს ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე ქალაქში გამოჩენა არ უნდოდა. მაშინ რაშმა უთხრა:
- რაკი აგრეა, აიყარე აბჯარ-საჭურველი, გაიხადე ტანსაცმელი, დამაკარი უნაგირზე და ისევ შავ მთაზე გამიშვი, - გამოიძრო სამი ძუა და მისცა, - როცა დაგჭირდე, ეს ძუები შეტრუსე და იმავ წამს შენთან გავჩნდებიო.
ივანე ცისკარმა დაუჯერა რაშს, - აიხსნა იარაღი, გაიხადა ტანსაცმელი, დააკრა უნაგირზე და გაუშვა, თვითონ მათხოვრული ძველმანები ჩაიცვა და გავიდა ქალაქში, რომ ძმებისა და რკინის კაცის მოსვლამდე რამე საქმე ეშოვა. ბოლოს ერთ მჭედელთან მივიდა და სთხოვა:
- შენი არაფერი მინდა, ოღონდ მამუშავე და ჭამპურადაც ყაბული ვარო.
მჭედელი დათანხმდა, ამ დროს სწორედ ცულს აკეთებდა და ივანე ცისკარს უთხრა, - მოდი, ბარემ კვერი დამიკარიო. ივანე ცისკარმა მჭედლის საორხელე კვერი ხელში ხვედასავით შეათამაშა და პირველსავე დარტყმაზე გრდემლი კუნძინად მიწაში ჩაკარგა.
მჭედელს გაოცებისაგან პირი ღია დარჩა - ასეთი ღონიერი კაცი თვალით არასოდეს ენახა. იმავე დღეს გააკეთებინა უზარმაზარი გრდემლი, ჩაასმევინა უზარმაზარ კუნძში და დაიწყო ივანე ცისკრისამ მუშაობა. ხუთი დღის საქმეს ერთ საათში აკეთებდა, მჭედელს უზომოდ უხაროდა, რომ მუქთად და უხელფასოდ ასეთი მარჯვე მუშა იშოვა.
ორი დღის შემდეგ მოვიდნენ რკინის კაცი და ივანე ცისკრისას ძმები და მოიყვანეს ხელმწიფის მოტაცებული ქალები. ხელმწიფე ცას ეწია სიხარულით და ქორწილის დღეც დანიშნა. წესით, ჯერ უფროსი ქალის ქორწილი უნდა გადაეხადათ, მერე საშუალოსი და სულ ბოლოს უმცროსისა. მაგრამ უფროს დებს ბეჭდები არ აღმოაჩნდათ - იმათი ბეჭდები ხომ ივანე ცისკარს ჰქონდა - და მეფის ქალებს კი ერთნაირი საქორწინო ბეჭდები უნდა ჰქონოდათ.
გაგზავნეს კაცი ოქრომჭედელთან და თან უმცროსი ქალის ბეჭედი გაატანეს, როგორც იქნება და არ იქნება, ორი ამნაირი ბეჭედი გაგვიკეთონო, მაგრამ ყველა ხელოსანმა უარი უთხრა. ბოლოს ივანე ცისკრის ოსტატთან მივიდნენ, მაგრამ ხელი ვერც იმან მოჰკიდა. ივანე ცისკარმა თავის ოსტატს ყურში უჩურჩულა, - გამოართვი და მე გავაკეთებო.
იმ ღამეს მჭედელმა დაიძინა და ივანე ცისკარი სამჭედლოში დარჩა. ცოტა ხანს ისე, ტყუილად აკაკუნა, ვითომ რაღაცას ვაკეთებო, მერე ამოიღო უფროსი დის ბეჭედი, შეახვია ჩვარში და შემოდო თაროზე. დილას მოვიდა მჭედელი და ჰკითხა, - რა ჰქენი, ხელმწიფესთან ხომ არ შემარცხვინეო?
- ოსტატს როგორ შევარცხვენდიო, - მიუგო ივანე ცისკარმა, გადმოუღო თაროდან ბეჭედი და მისცა. - მაგრამ წუხელ ერთის მეტი ვერ მოვასწარი, მეორეს ხვალისათვის გაგიმზადებო.
წაიღეს ბეჭედი და მიუტანეს უფროს ქალს. ხელმწიფეს ისე გაუხარდა, რომ ქორწილში მჭედელიც დაჰპატიჟა. მჭედელმა ივანეს სთხოვა, შენც წამოდიო, მაგრამ ივანე ცისკარი არ გაჰყვა, - მე არავინ მეპატიჟება და როგორ წამოვიდეო.
გავიდა თუ არა სახლიდან მჭედელი, ივანე ცისკარი მაშინვე ქალაქგარეთ გავარდა, შეტრუსა რაშის ძუა და რაშიც იმავ წამს იქ დაიბადა.
- რა გინდა, რა გაგჭირვებიაო? - ჰკითხა ივანე ცისკარს.
ივანე ცისკარმა გადაიცვა თავისი ტანსაცმელი, აისხა აბჯარ-საჭურველი, მოახტა რაშს და უთხრა:
- აფრინდი და ცას მიეკარი, ძირს მაშინ დაეშვი, როცა ჩემი უფროსი ძმა და რძალი ეკლესიიდან გამოვლენ, პირდაპირ კარებთან მიმაფრინე, რომ ჩემს ძმას ყბაში ერთი ლაზათიანი სილა გავკრაო.
აფრინდა რაში და მიეკრა ცას. ჯვარდაწერილები ეკლესიიდან რომ გამოჩნდნენ, რაში სწორედ მაშინ დაეშვა ძირს და ივანე ცისკარმა თავის უფროს ძმას ყბაში ერთი მკვახე სილა აჭამა. მერე ისევ ქალაქგარეთ გავიდა, ისევ გაუშვა რაში შავ მთაზე, აბჯარი და ტანსაცმელიც თან გაატანა და ძველმანებით ჩაცმული სამჭედლოში დაბრუნდა.
მოვიდა საღამოს მჭედელი ქორწილიდან შეზარხოშებული და უამბო თავის მუშას, რაც ნახა ქორწილში, - როგორ დაეშვა ციდან უცნობი ჭაბუკი, როგორ გაჰკრა სილა ნეფეს, როგორ მითელ-მოთელა რაშმა ხალხი ტორებით და მერე მხედრიანად როგორ გაუჩინარდა, - რა თქმა უნდა, სიმთვრალის გამო მჭედელი ამბავს აზვიადებდა და ზოგიერთ რამეს კიდეც აჭარბებდა.
- აბა, როგორ წამოვსულიყავი, ხომ შიშით გული გამისკდებოდაო, - უთხრა ივანე ცისკარმა.
ივანე ცისკარმა იმ ღამეს ისევ აკაკუნა სამჭედლოში და დილას ოსტატს შუათანა დის ბეჭედი გადასცა. წაუღეს ქალს ბეჭედი. ქალები ახლა კი ყველაფერს მიხვდნენ, მიხვდა უმცროსი ქალიც და ჩუმად ტირილი დაიწყო, - თუკი მოვიდა, რატომ არ გამომიხსნისო. მაგრამ ივანე ცისკარმა თავისი დრო იცოდა. იმ დღესაც ისევე მოუხმო რაშს, მიუხტა ეკლესიიდან გამოსვლისას თავის საშუალო ძმას და ერთი სილა იმასაც უთავაზა.
ასე დასაჯა ივანე ცისკარმა თავისი უფროსი ძმები და ბოლოს რკინის კაცის ჯერიც დადგა.
ივანე ცისკარმა შეტრუსა ძუა და რაშიც იმავ წამს იქ გაჩნდა. ივანე ცისკარმა გადაიცვა თავისი ტანსაცმელი, აისხა აბჯარ-იარაღი, მოახტა რაშს და უთხრა:
- ახლა კი მაშინ უნდა დაეშვა ძირს, როცა რკინის კაცი და ხელმწიფის ქალი ეკლესიაში შესვლას დააპირებენო.
- ნება შენიაო, - უთხრა რაშმა და მიეკრა ცას. მოდის რკინის კაცი და მოჰყავს ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი. ის აინუნშიაც არ არის და გულში შიში არაფრისა აქვს. ის იყო, მივიდა ეკლესიის კარებთან, რომ რაშიც იმავ წუთს იქ გაჩნდა. გადმოხტა ივანე ცისკარი, მოუქნია რკინის კაცს ლახტი და ქვესკნელში ჩააძვრინა. მერე თავის საცოლეს გადაეხვია და გადაჰკოცნა.
ახლა კი მიხვდა ხალხი, ვინც იყო უცხო ჭაბუკი, გაიგეს, როგორც იყო საქმე და სიხარულის ყიჟინა დასცეს.
ივანე ცისკარმა შეირთო მზეთუნახავი ქალი და, როცა ხელმწიფე გარდაიცვალა, ტახტიც თვითონ დაისაკუთრა. დღესაც ხელმწიფედ ზის და ისე მართავს თავის ქვეყანას, რომ იქ ცრუ, ორპირი და მოღალატე კაცი ვერ გაიჭაჭანებს.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.