Litclub.ge

ნიკა შიშველია
იქით წავიდე და -
ვხედავ სიკვდილია, 
აქეთ სიცოცხლეებს ოხრად არიგებენ, 
ყელში ამოვიდა ეს ცრუ იდილია, 
ხორცი ვიღას უნდა, 
ახლა ბარიგები
სულებს ყიდულობენ, 
დროა უცნაური, 
საათს დახედავ და სამი საათია, 
ახლა ტკბილ ძილშია ყველა უთაური, 
მე კი ძველებურად ყელს მჭრის აპათია.
ვგრძნობ, 
რომ მეც ასე ვარ, 
თავის გარეშე და -
არ მსურს, 
აღარ მინდა 
გულიც გამომიღონ, 
ყველა გაჩუმება ყელში გამეჭედა, 
ჰოდა,  
მაპატიეთ ხმა თუ ამოვიღო.
მორჩა, 
გავიხადე, 
ვდგავარ შიშველი და -
ცოტა გამიარა გულზე იშემიამ, 
რა ვქნა, 
მაპატიეთ, 
ეს თუ მიშველიდა, 
ყველას დაენახა - ნიკა შიშველია!