სპეციალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მ-ი ყინვისგან გაცისფერებულ ქუჩაზე მიაბიჯებდა. თავი გრძელი, ლურჯი ლაბადის საყელოში ჩაერგო და იმ კაფეს დაეძებდა, სადაც მისი და საიდუმლო აგენტის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. ქუჩის კუთხეში მეყვავილე ქალი შროშანებს ყიდდა. ყვავილების სუსხისგან დამზრალი ფოთლები ხელის შეხებისთანავე იმსხვრეოდნენ, მყიფე თავები ერთმანეთს ეხლებოდნენ და ზარივით მწუხარე ხმას გამოსცემდნენ. მ-მ მეყვავილეს გვერდი აუარა და პატარა, კვერცხივით ოვალური ტავერნის კარი შეაღო. ტავერნაში თბილოდა, ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ჭიქებში ცხელი ბულიონი ესხათ. მ-მ თავისუფალი მაგიდა მოძებნა, ნაქსოვი ქუდი მოიხადა და თევზი და არაყი მოითხოვა. თევზი მწვანე იყო, არაყი - მწარე. გულ-მუცელი ნელ-ნელა რომ გაულღვა და თვალებში წყალი დაუბრუნდა, ამის შემდეგღა შეამჩნია მის წინ ჩამომჯდარი გრძელწვერა ბერი. ბერი ჩუმად ჭამდა თეთრ პურს. ხელებიც ამ პურივით თეთრი ჰქონდა. სული კი - რბილი თიხისაგან გამოძერწილი და რომელიღაც ცხელ უდაბნოში გამომწვარი. ბერს მზერა გაშეშებოდა, თითქოს გარეთ კი არა, შიგნით, საკუთარ არსებაში იყურებაო. ალბათ, ამის გამო იყო, მ-მ გვიან რომ შეამჩნია. როდესაც ვინმეს მზერა შენზე არ აირეკლება, მას შენც ბუნდოვნად აღიქვამ.
მოპირდაპირე მაგიდასთან ქერათმადახვეული გამხდარი ქალი ნელა, წარმოუდგენლად ნელა ამოძრავებდა გრძელ, დათრთვილულ წამწამებს. ოდნავ მოშორებით ერთნაირად ნაცრისფერსახიანი კაცები ფანჯრის მინაზე მონოტონურად მოზუზუნე ბუზს უცქერდნენ. ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეულებრივEცივი, უხეში და დაკბილული დღე, რომლის შუაგულშიც უხმოდ ტრიალებდა ქალაქის მთავარი მოედანი. და მ-მ იგრძნო, როგორი ფიქრით გადაიფურცლა ახალი საათი. აგენტს ელოდა, რომელიც შესაძლოა, თავად მიმტანი ყოფილიყო, ან იმ ნაცრისფერსახიანთთაგან - ერთ-ერთი, ან მეყვავილე, ქუჩაში რომ წაიქცა და თვალებით შეშინებული ცა აირეკლა...
"გამოუცნობ არს გზანი უფლისანი", - მოულოდნელად ჩაილაპარაკა ბერმა, ბოლო თეთრი ლუკმა წვერებში შემალა და სიღრმეში ჩაბრუნებული მზერა არყით სავსე ჭიქას მიაყრდნო. "ნუთუ ეს?"- გაიფიქრა მ-მ. ის აქამდეც ხვდებოდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმისთვის ამზადებდნენ, მაგრამ მეუდაბნოე ბერის ტყავში მოვლენილ აგენტთან შეხვედრამ მაინც გააოცა. დავალება კი ჩვეულებრივ ჟღერდა: მეორე დილისათვის ქალაქის თავი საკუთარ საწოლში მკვდარი უნდა ეპოვათ... "ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ობიექტი თავის ბინაში, ღრმა ძილში გადასახლების დროს უნდა აღესრულოს. ყველაფერი უფლის ნებაა. მათ შორის, ადამიანთა მოულოდნელი გარდაცვალებაც. იცოდე, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე დაგევალა. განსაკუთრებული..."- თქვა ბერმა მანამდე, სანამ მზერასაც ანაფორას კალთასავით აკეცავდა და შუადღის ჩრდილივით მოკლე ნაბიჯებით დატოვებდა შეხვედრის ადგილს. მ-ი კი რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა და ქალაქის თავის მიერ შედგენილი პარადისოს რეკონსტრუქციის გეგმას იხსენებდა, სადაც ახალი შენობები ოთხივე მიმართულებით იგებოდა და ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ჯვრის ფორმით იკვრებოდა.
მერე ისევ საათის ისრების მტკივნეული გადაადგილება შეიგრძნო. მოპირდაპირე მაგიდასთან ქალმა სიგარეტს მოუკიდა. კვამლსაც ნელა, წარმოუდგენლად ნელა უშვებდა და უფიქროდ აკვირდებოდა. მ-ი თავის არაყს მიუბრუნდა, რომლის გემოც ბერის მზერას მთლიანად შეეცვალა. ის რაღაც წყლისმაგვარ სითხედ ქცეულიყო და მ-მ გაიფიქრა, რომ ეს გალილეაში ქრისტეს მიერ მოხდენილ პირველ სასწაულს წააგავდა.
*
ქალმა წითელი, მოკლე პალტო ჩაიცვა და ტავერნიდან გამოვიდა. ქუჩაზე სწრაფად მიაბიჯებდა, ცდილობდა, შენობიდან გამოყოლილი სითბო დაემახსოვრებინა. მაგდალინა ერქვა. დაღლილი, მოშვებული ქალი იყო, მაგრამ სქლად შეღებილი წამწამების რკალში სითბოსთან ერთად, უცნაურ სინათლესაც ინახავდა. თუმცა, თავადაც არ იცოდა, რისთვის.Kკანაფის ქუჩაზე მეძავად მუშაობდა და კლიენტების მოლოდინში პატარა, გამჭვირვალე შუშიდან ცხელ, მწვანე სითხეს სვამდა. სითხე, გარდა იმისა, რომ ყინვისგან იცავდა, ჰალუცინაციებით ამარაგებდა და მაგდალინასაც ეგონა, კანაფის ქუჩის იქით სულ სხვა გზა იწყებაო.
მაგდალინა წითელი ფარნებით განათებულ ტროტუარზე დადგა. თავი გადახარა და სანთებელას ალში გაიხედა. თოვდა და მსხვილი ფიფქები ძირს დაშვებამდე ყინულის მარცვლებად იქცეოდნენ. მოსარკულ ქუჩაში თეთრ, გრძელ საღამურებში გამოწყობილი ბავშვების მომღერალმა გუნდმა ჩაიარა. პროცესიას წინ შავანაფორიანი ბერი მიუძღოდა. მაგდალინას ამგვარი ხილვები ყინვაში დიდხანს დგომის დროს ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე და ამიტომ კანაფის ქუჩაზე სასულიერო პირისა და უმანკო ბავშვების გამოჩენა არ გაჰკვირვებია. ბავშვები რაღაც ტკბილ სიმღერას მღეროდნენ და ლილისფერ ვიტრინაზე მიყრდნობილ ქალს თვლემა მოერია...
ძილ-ბურანიდან ვიღაცის ხმამ გამოარკვია. ერთმანეთზე მიკრული წამწამები გაჭირვებით გახსნა. მის წინ მუქი ფერის ლაბადაში შეფუთული მამაკაცი იდგა და გაყოლას თხოვდა. მაგდალინამ შეჭირხლული თითები დაიორთქლა. პირველი ნაბიჯები ტკივილით გადადგა. სიცივისგან მთელ სხეულში ამტვრევდა. მამაკაცმა ქუჩა გადაჭრა, მარცხნივ გაუხვია და რკინის ხიდისკენ დაიძრა. ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მისდევდა და პალტოს ჯიბეში აბზინდის ნაყენის პატარა ბოთლს დაეძებდა. “ჩამქრალი ნათება", - ასე ერქვა სასტუმროს, სადაც მაგდალინამ კლიენტთან ერთად შეაბიჯა. სახელწოდების მიუხედავად, შენობაში სევდისმომგვრელი ლურჯი შუქი იდგა და კაცს ამ ლურჯ შუქზე რომ დააკვირდა, მოეჩვენა, რომ აქამდეც შეხვედროდა.
კაცი არ ჩქარობდა. ჭიქებში ცხელ პუნშს ასხამდა და ქალს უსაგნო კითხვების წრეში ამწყვდევდა. ამგვარად მან მხოლოდ ის გაიგო, რომ კაცი განსაკუთრებული კლიენტის მომსახურების სანაცვლოდ იმდენ ფულს სთავაზობდა, კანაფის ქუჩაზე სამი თვის მუშაობის საფასურს რომ უდრიდა.
*
პარადისოს რეკონსტრუქციის გეგმა რთულად განსახორციელებელი ჩანდა, მაგრამ ქალაქის ახლად არჩეული თავი გაბრიელი ფარ-ხმალს არ ყრიდა. ახალ სახლებს პარადისოში ახალი წესრიგი უნდა შეექმნათ და საცხოვრისის გარდა, ადამიანებისთვის სითბო და სიჩუმე მიეცათ. მშენებლებს ჯერ ქალაქის გენგეგმის ემბრიონზე უნდა ეფიქრათ, ნაგებობები მის შიგნითა ნაგებობებში უნდა აღმოცენებულიყვნენ და ახალშობილი ჩვილებივით ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზრდილიყვნენ.
გაბრიელი თავის კაბინეტში იჯდა, ღამის ნათურა აენთო, რომელიც კედელზე ერთმანეთის მიმდევრობით მორბენალი ყვითელი ბატკნების პროექცირებას ახდენდა, და იტალიურ პალაცოებზე, იაპონელი იმპერატორების სასახლეებსა და ამერიკულ ავტოსტრადებზე ფიქრობდა. მას სურდა, პარადისოში წარსულის სტილიზებული არქიტექტურა დაებრუნებინა, ნივთებისთვის კი - რაციონალურთან ერთად, ემოციური და მაგიური თვისებები მიენიჭებინა. მაგალითად, ჩინურ ჩაის ფინჯანში ჩასხმული სითხე თავისთავად გამთბარიყო; ტონეტის ვენურ სავარძელში მოკალათებულ ადამიანს უნებურად ლოცვის სურვილი გასჩენოდა; პენტაქსის ფოტოობიექტივს კი, აწმყოს აღბეჭდვასთან ერთად, დიდი ხნის წინათ გარდასული სურათების რეტროსპექტირებაც შეძლებოდა.
ამგვარ ფიქრებში იყო, ტელეფონის ზარი რომ გაისმა. მისი ნახვა რომელიღაც ხუროთმოძღვრული სკოლის წარმომადგენელს სურდა. დაღლილობის მიუხედავად, გაბრიელმა სტუმრის მიღება გადაწყვიტა. ნათურა ჩააქრო და იქაურობა დღის თეთრი შუქით გაიჭედა.
მალე ნაბიჯების ხმაც გაისმა და ოთახში ნაზი, გრძელთითება ქალი შემოვიდა. გაბრიელს მოეჩვენა, რომ ქალს ოთახის ჭერიდან ჩამომავალი შუქი თმასა და მხრებზე წყლის ჭავლივით ევლებოდა და რაღაც უცნაურ წრეში აქცევდა. მაგდალინას (სწორედ ასე გაეცნო ის ქალაქის თავს) ქალაქის აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილის გეგმარების ნახაზები - მარჯვენა, ხოლო სამხრეთ-ჩრდილოეთ ნაწილისა მარცხენა ხელისგულზე დაეხატა. ნახაზები ხელის ლურჯ ძარღვებსა და ხაზებთან მღელვარე ჰარმონიას ქმნიდა და ერთი შეხედვით ქირომანტის სახელმძღვანელოს უფრო წააგავდა, ვიდრე არქიტექტურულ გეგმას. Q მაგდალინამ ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო და პარადისოს ახალი უბნების განაშენიანებაზე საუბარი უბრალო, ქვისა და თიხისაგან თავისუფალი ენით დაიწყო. მის ნახაზებში შენობები ადამიანური სიცოცხლის დღეებივით ითვლებოდნენ. კედლები, სახურავები, კოლონადები და გუმბათები მათ ნაღველსა და სიხარულს ააშკარავებდა. გენგეგმის ძირითადი სქემა ქალის ხელისგულის სიყვარულის ხაზს მიჰყვებოდა, ხოლო იქ, სადაც ქალაქის ოთხი მხარე ერთმანეთს უერთდებოდა და ჯვრის ფორმით იკვრებოდა, სიცოცხლის ხაზი იკვეთებოდა. გაბრიელი შავი ტუშით დახაზულ ხელისგულს ჩაუკვირდა და დაინახა, რომ მაგდალინას სიცოცხლის ხაზი ისევე მოულოდნელად წყდებოდა და იშლებოდა, როგორც მთელი ეს უცნაური ნაგებობების წყება ხელისგულების რბილ ბორცვებზე.
და მან იმ ქალაქის წარმოდგენა სცადა, სადაც ქალის სიკვდილი ცხოვრობდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მაგდალინას ქალაქი ყველაზე ცოცხალი რამ იყო, რაც კი ოდესმე გაბრიელს ენახა. ოსტატები ნაგებობებს ხომ სწორედ სიკვდილის დასავიწყებლად ქმნიან და შიგ სამუდამოდ მკვიდრდებიან.
გაბრიელი წამოდგა. გონებაში კაბინეტის იატაკის ფილები გადაითვალა და მაგდალინას დარიჩინიანი ყავა და პროექტის განხორციელებაზე ფიქრი შესთავაზა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ გრძნობდა ამ სრულიად უცნობი, სუსტი ქალის მიმართ რაღაც უცნაურ, სულისშემგუბებელ სიახლოვეს. იქნებ იმიტომ, რომ ყავის სმის დროს წამწამებს ნელა, წარმოუდგენლად ნელა ამოძრავებდა, ხოლო ხელის ნატიფი
მოძრაობისას ხელისგულებზე აღბეჭდილი მისი სახლები სუნთქავდნენ და შემჭიდროებული მასშტაბების მიუხედავად, გასაოცარ სივრცეებს ააშკარავებდნენ.
მაგდალინამ ჩანთიდან ვერცხლის პორტსიგარი ამოიღო და თეთრი, გრძელი სიგარეტების რიგიდან პირველს თავად მოუკიდა, მეორე გაბრიელს შესთავაზა. ეს ერთადერთი დავალება იყო, რომელიც მას კანაფის ქუჩაზე მოსულმა კაცმა სასტუმრო “ჩამქრალი ნათების" სევდისმომგვრელად ლურჯ შუქზე მისცა. სიგარეტს რბილი და სასიამოვნო გემო ჰქონდა, ოდნავ მათრობელა კვამლს მუშკისა და ზამბახის სუნი მოჰყვებოდა და აწმყოს აბუნდოვანებდა.
ფანჯრებიდან ღრუბლები მოჩანდნენ. შორეული ჰორიზონტიდან ზღაპრული სისწრაფით მოქროდნენ და ქალმა გაიფიქრა, ჩემს მიერ დაგეგმარებული ქალაქის ასაგებად მხოლოდ ასეთი ცვალებადი და აბსტრაქტული სუბსტანცია თუ გამოდგებაო, მაგრამ გაბრიელისთვის არაფერი უთქვამს. მის გვერდით მაგდალინამ თავისი არსებობა დაიჯერა და ახლა გამჭვირვალე შუშაში ჩამოსხმული აბსენტის გარეშეც სწამდა, კანაფის ქუჩის გარდა, სხვა გზაზე სიარულიც რომ შეეძლო.
მაგდალინას პროექტში პარადისოს ოთხი მხარე ერთმანეთს ხიდებით უკავშირდებოდა. გაბრიელის აზრით, ხიდები ისე უნდა აგებულიყო, რომ მის ქვეშ გამდინარე წყალს ხიდზე გამავალი ადამიანების აზრებისა და სიზმრების გაწმენდა შეძლებოდა. “ხოლო თუკი სახლების ასაგები მასალა ჭურჭლის თიხასავით მოიზილება, იქნებ ჩვენი სულებიც შიგ ჩასხმული სითხის მსგავსად გასუფთავდნენ", - იმედი გამოთქვა მან საუბრის დასასრულს, სწორედ მაშინ, მაგდალინამ მისი თბილი მზერა რომ დაიმახსოვრა.
ერთმანეთს კარებთან დაემშვიდობნენ. გაბრიელი კიდევ ერთხელ განაცვიფრა ქალის შიგნიდან გამომავალმა ჯადოსნურმა ნათებამ. დამშვიდობებისას მაგდალინამ მარჯვენა ხელი მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა - მარცხენაში ჩაუდო. ამგვარად, პარადისოს განაშენიანების გეგმა ახლა კაცის ფართო ხელისგულებზე დაეფინა და ქალაქმა თავისი ქუჩებით, შენობებით, ტაძრებითა და კაპიტელებით მის სხეულში დაივანა.
ქალაქის თავს გვიანობამდე არ დაეძინა. თვალგახელილი შესცქეროდა ჭერს და გულთან ქალის მიერ დატოვებული პარადისოს ქონგურების ჩხვლეტას გრძნობდა. მერე სისხლძარღვები ქალაქის ქუჩებივით დაიტოტა, სხეულის უჯრედებში თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი სახლების უსასრულო რიგი ჩალაგდა, სახლებმა სითბო და სიჩუმე მოიტანეს, ტაძრებმა - სიმშვიდე; სავსე, სრული და ნეტარი სიმშვიდე. გაბრიელმა იგრძნო, როგორი მტანჯველი სიამოვნებით ისრუტავდა, სამუდამოდ მიჰყავდა და ითვისებდა ახალი სამყარო, და გაბრიელმა ხელისგულებზე დაიხედა. უკანასკნელი, რაც მან დაინახა, სიცოცხლის ხაზი იყო... მისი სიცოცხლეც სწორედ იქ წყდებოდა, მთავრდებოდა და სრულდებოდა, სადაც მაგდალინას მკრთალი, დაღლილი და ცოდვილი არსებობა...
*
ისევ ჩუმად თოვდა, მაგდალინა ქალაქის თავის სამყოფელიდან რომ გამოვიდა და ცენტრალური მოედნისკენ გაეშურა. უმისამართოდ მიაბიჯებდა, გზადაგზა სხვადასხვა სამყაროები ხვდებოდა: შუქის, სისწრაფის, დახშული ხმაურის, გვიანი სახეების. უცხო სახლებში, ჩამქრალნათურებიან ოთახებში ღრმა ძილით ეძინათ ან გამჭვირვალე ბავშვებს აკეთებდნენ. მაგდალინა კი მიდიოდა, ცხვირში ისევ მუშკისა და ზამბაზის თავბრუდამხვევი სურნელი სცემდა. გალავნებსა და კედლებს ივიწყებდა, ვიტრინებსა და სარკეებში გადიოდა, გზააბნეულ ღამის პეპელასავით მიარხევდა უნებურად თავსდამტყდარი ბედნიერებისგან შემსუბუქებულ ფრთა-მკლავებს. მისი სვლა პარადისოს ღამის ქუჩებში ზეცაში სულის მოგზაურობას უფრო წააგავდა ან სულში - ზეცის მოგზაურობას.
სანამ ნაბიჯი არ დაუმძიმდა, აერია და აებლანდა. გონება დაებინდა და მზერა გაუშეშდა. არ გაჩერებულა. უფლება არ ჰქონდა. წინ მარხვისა და მონანიების ოცდახუთი გრძელი წელიწადი ედო, ტკივილისა და სიყვარულის უსასრულო გზა. ზარის რეკვის ხმაც კი შემოესმა და უფრო დაიჯერა. შეჩერდა...
მის წინ მეყვავილე ქალი იდგა და შროშანებს ყიდდა. ყვავილების მყიფე თავები ერთმანეთს ეხლებოდნენ და ზარივით წკრიალა ხმას გამოსცემდნენ. თავად კი ისევ წითელი ფარნებით განათებულ კანაფის ქუჩაზე მოსულიყო; ქუჩაზე, რომელმაც ცოდვის ფატალურ წრეში მოამწყვდია; ქუჩაზე, სადაც ყველაფერი ისე სრულდებოდა, როგორც დაიწყო... და მაგდალინა ლილისფერ ვიტრინას მიეყრდნო და სანუკვარი, ზეციური ქალაქის გეგმებით მოხატული ხელები მორჩილად ჩამოყარა. ჩამქრალი მზერა დათრთვილულ წამწამებში შეინახა. თვალები ისედაც თავისთავად ეხუჭებოდა. ძალიან ეხუჭებოდა...
თოვდა და მსხვილი ფიფქები ძირს დაშვებამდე ყინულის მარცვლებად იქცეოდნენ. ცარიელი ქუჩის კუთხეში ყინვისგან გალურჯებული ქალი იწვა და იღიმებოდა. თეთრ, გრძელ საღამურებში გამოწყობილი ბავშვები თუ უმღეროდნენ...
*
სანამ ქალაქი სიგარეტის კვამლით მოწამლული გაბრიელის მოულოდნელ გარდაცვალებაზე ბჭობდა, განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებული მ-ი საიდუმლო სამსახურის სახიფათოდ დაკიდებულ კიბეზე აღმასვლას განაგრძობდა. ბოლო თვეები მან ქალაქის თავის მემკვიდრეობის ლიკვიდირების საქმეს დაუთმო, რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. მ-ი გაბრიელის გეგმებსა და ნახაზებს ხან კუბიკებად დახაზულ
ქვაფენილებზე პოულობდა, ხან - გაზეთების შავ-თეთრად ჩალაგებულ შრიფტებში, ხანაც - სასკოლო არითმეტიკის განტოლებებსა და ალგორითმებში.
საბოლოოდ, როდესაც მ-მ საქმე დასრულებულად ჩათვალა, ღია კაფეში ჩამოჯდა და გაზეთები გადაშალა. მშვიდი დღე იყო. მზის პირველი, გაუბედავი სხივები მოედნის მთავარი საათის ციფერბლატში ჩაკირული ყინულის გადნობას ცდილობდნენ. კაფეს შესასვლელთან მოხუც მათხოვარს ეძინა. ძველმანებით გამოკრულ სველ ბოხჩაზე მიწოლილიყო და თმაზე ორთქლი და დამჭკნარი ყვავილების მძიმე სუნი ასდიოდა. ოდნავ მოშორებით ერთნაირად ყვითელსახიანი კაცები ისხდნენ და რომელიღაც სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილ ფრთებდამტვრეულ, მომაკვდავ მტრედს უცქერდნენ.
მ-ი გაზეთებს ფურცლავდა. უეცრად თვალი პარადისოს რეკონსტუქციის ნაცნობ ნახაზებს მოჰკრა. ხაზებმა თითქოს მზით ოდნავ გამთბარ ჰაერში გაიელვეს და გაქრნენ. მ-ს მზერა დაეძაბა. თვალები ხელითაც კი მოიჩრდილა და... გაშრა! აკრძალული ქალაქის გეგმის მკრთალი კონტურები ზედ საკუთარი მაჯის ცისფრად დახაზულ ძარღვებთან დაინახა. გეგმა, მაჯისცემა რომ ისინჯება, იქ იწყებოდა და მთელ ხელისგულზე იშლებოდა. მ-ი შიშმა აიტანა, შიშმა და მისთვის აქამდე უცნობმა, დაუსათაურებელმა განცდამ. სხეულში შავი ჭირის მომაკვდინებელი ვირუსივით შემოჭრილ პარადისოს დასცქეროდა და უკვე დასრულებულ კარიერასა და სიცოცხლეზე ფიქრობდა. სპეცსამსახურის დაწერილ-დაუწერელი კანონები მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. იცოდა, მალე გაასაღებდნენ. თუმცა ახლა ეს უკვე ნაკლებად ადარდებდა. ის მთელი თავისი საიდუმლო არსებობის მანძილზე პირველად დამარცხდა. დამარცხდა არა ვინმე კონკრეტულისა და ხორცშესხმულის, არამედ რაღაც გამოუცნობი, აბსტრაქტული და არარსებული სამყაროს წინააღმდეგ გამართულ ომში.
და მ-მ ისევე, როგორც ავაზაკმა ირწმუნა. რადგან ირწმუნა, გაიგონა და დაინახა კიდეც. თითები გაშალა და მარადიული ქალაქის ნახაზებში იმ ადგილის ძებნას შეუდგა, სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გატარებას რომ ისურვებდა. მალე იპოვა. მუნ ყვავილოვანი, მყუდრო სავანე ვენერას ბორცვქვეშ.
ნელა წამოდგა. აღარაფერი ენაღვლებოდა. უძლეველ ქალაქთან ერთად, სულში უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა... ფეხებთან რაღაცას წამოედო. კაფეს კარებთან მიწოლილი მოხუცი მათხოვარი იყო. მაწანწალამ ჭუჭყიანი და გაბურძგნილი თავი ასწია და მ-ს ამოხედა. დაბინდული მზერა ჰქონდა, თითქოს გარეთ კი არა, შიგნით, საკუთარ თავში იმზირებაო. ალბათ, ამის გამო იყო, მ-მ გვიან რომ შეამჩნია. როდესაც ვინმეს მზერა შენზე არ აირეკლება, მას შენც ბუნდოვნად აღიქვამ. მაწანწალამ კი სიღრმეში ჩაბრუნებული მზერა მიაყრდნო და სუფთა, ზარივით მჟღერი ხმით წარმოთქვა: “გამოუცნობ არს გზანი უფლისანი..."