Litclub.ge

* * * ფანჯრიდან უკანა ეზო მოჩანს
ფანჯრიდან უკანა ეზო მოჩანს. ჩვეულებრივი, თბილისური ზამთრისპირა პეიზაჟი. ნაცრისფერი, უშნო და მშობლიური...
მახსენდება როგორ ვციგაობდი უკანა ეზოს ფერდობზე, ყვითელ ტალახში აზელილ თოვლზე. დილით ახალგაღვიძებული როგორი სიხარულით, უტყუარი წინათგრძნობით გამთბარი მივაჩერდებოდი უცნაურად უცნაური ჯადოსნური სითეთრით განათებულ ფანჯარას, როგორ შემომიბრუნდებოდა, რადიატორთან მიმჯდარი

და ფანჯრის რაფაზე არისტოკრატულად ხელჩამოყრდნობილი, ჩემი გატანჯული და მაინც სულ სიხარულის ნამცეცების მაძიებელი ბებია:
"თოვლი მოგვივიდა, თოვლი. არ გავისეირნოთ?"
მივდიოდით სასეირნოდ საგანგებოდ თბილად ჩაცმულები. თავისი კეთილი, სუფთა ღიმილით ესალმებოდა შემხვედრებს.
ვცდილობ, გავიხსენო როგორი ვნახე ბებიაჩემი უკანასკნელად და არ გამომდის...
ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია გამიქრა ის წინათგრძნობა, რომელიც ლოგინშივე მამცნობდა თოვლის მოსვლას.
დიდი ხანია, ეგრევე დნება თოვლი ჩემს ნაფეხურებზე.
ვიყურები ფანჯრიდან ისე, როგორც ჩემი გლეხებში ჩავარდნილი არისტოკრატი ბებია იყურებოდა.
ისევ ისეთია ყველაფერი. უკანა ეზოც. გვერდზეც არ გადაქანებულა.
ამ ახალწლებზე საგანგებოდ თბილად ჩაცმული წავიდა ბებიაჩემი სასეირნოდ...