Litclub.ge

ისმინეთ, მსმენნო
ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი, 

რა გვარნი ჭირნი, ცეცხლნი ხშირნი, მწველნი ალმურნი, 

ვნახენით როსა, ამა დროსა ზედა-ზედ რთულნი!.. 

წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი! 

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი... 


უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი; 

ურიცხვნი ტყენი, ბალახ ბევრნი, მრავლ ათასათნი, 

მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათნი, 

ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი, 

აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი... 

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი. 


ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად, 

დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად; 

ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად; 

მოყვარეთ ტკბილთა, ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყვლენ მტრულად, 

კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, - 

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი!.. 


ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს, არა აქვს შვება, 

მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება; 

ერთგულთა ჯილდო, გულთ საბინდო მიხვდება ხვება, 

ეს აქვსთ სიკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება... 

მუხთლად გვაწვიეს, დაგვახვივეს თავს ბნელნი ბურნი, - 

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი. 


ნახეთ მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია! 

შემდგომ საცთურნი მას პირველსა უძვირესია, 

სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია... 

დაკარგეს ყოვლი ჭირნახული გულთ-უმხნესია, 

ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი, - 

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი!