Litclub.ge

ბალახის სუნი
ბალახის სუნი შერჩა ჩემს ხელს -
ბალახს ვაცლიდი ბებიის საფლავს.

დავიბანე ერთხელ, ორჯერ; მთელი დღეა -
არ სცილდება ამ ხელს სურნელი.

ასეთი სუნი არცერთ სუნამოს,
არც რძეს, არც ყვავილს არ ჰქონია.

ეს სიმშვიდის სურნელებაა.
სწორედ გუშინ ვთქვი მეგობრებთან,

რომ მიწას ცეცხლი მირჩევნია, -
თავის დროზე ფერფლადქცევა,

განქარება. ხოლო ბებიას -
არასოდეს არ ესმოდა ჩემი ხუმრობა.

აი ახლაც, იზრუნა ჩემზე, ეს სიწყნარე
გამომაყოლა, ეს სიყვარული - ბალახის სუნის.