დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,
დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,
ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.
. . .
ზის ბრმა იასე, წარსულისკენ გაიყურება;
სიბნელით სავსე ოკეანეში
სასწაულებრივ განათებულ კუნძულს გაჰყურებს -
სროლით, ყიჟინით, თქარათქურით
მიაქროლებენ ცხენებს მაყრები.
იასეს ლურჯაც აქ იტოტება,
თვითონ იასეც ყელს აქ იღერებს -
ქარი, იასე და მაყრები ერთად ხვივიან.
ზის იასე და წარსულისკენ გაიყურება.
თუმცა... ხანდახან მისი ბრმა მზერა
მომავლისკენაც გასხლტება ხოლმე -
სასაფლაოსკენ, სიჩუმისკენ და სიბნელისკენ.
ამ დროს იასე თავისსავე თვალს უჯავრდება
და განათებულ კუნძულისკენ აბრუნებს მზერას.
. . .
დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,
დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,
ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.