დევნილობაში და შერისხვაში,
შიმშილობაში და სიცივეში,
უსასოობის ჯურღმულებში დავიფანტენით.
ჩვენ მხოლოდ მთვარე გვისაკლისებს,
მთვარე დაგვტირის;
ჩვენ მხოლოდ მთვარეს ვეცოდებით,
მთვარეს შევტირით;
მაგრამ ერთმანეთს ხმას ვეღარ ვაწვდენთ -
დავიკარგენით ჩვენს ტკივილებში,
ჩვენს ჭრილობებში დავიკარგენით.
მოწამლულ სისხლით აგვევსო გული,
ფილტვებს მოწამლულ ჰაერით ვბერავთ -
ასე ვიხრჩობით, ასე გავდივართ
ლექსებიდან და მთვარიანი ღამეებიდან.
... ნეტავი, ერთად მაინც დაგვმარხონ
და დააწერონ:
აქ დავმარხეთ მთვარის შვილები.