Litclub.ge

მოგონება
I 


მახსოვს, პირველად სასწავლებელში 

წასაყვანად რომ მე გამამზადეს. 

მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში 

და შინაურად მე გამომცადეს. 

ჯერ «ანი» მკითხეს და მერე «ნარი», 

მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი. 

რა-კი დარწმუნდნენ არა ვიცოდი, 

მაშინ-კი ჩუმად გამიღეს კარი 

და მითხრეს: «რადგან აქ არ ისწავლე, 

სასწავლებელში წადი, იწვალე, 

იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს, 

თუ ეს სიცელქე არ მოიშალე». 


II 


ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი, 

ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, - 

დაღონებული მწარედ ვსტიროდი, 

მაგრამ არავის ვებრალებოდი... 

მხოლოდ ეს მახსოვს, - გამომყვა დედა 

და მითხრა: «შვილო, კმარა, ნუ სტირი, 

ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა, 

ვინ მოიშორა თავიდან ჭირი? 

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, - 

შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება, 

თუ შენი შრომა და შენი ტანჯვა 

სამშობლოს რადმე გამოადგება... 


III 


«ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, - 

კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, - 

მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო, 

არ დაივიწყო სამშობლო ენა: 

მერწმუნე, რომა გამოცდილია, - 

თუ საძირკველი დანგრეულია, 

მაშინ კედლების აშენებისთვის 

ყოველი შრომა დაკარგულია! 

გეზარებოდეს ყველასთან შური 

და როცა შეგხვდეს კაცი უძლური, 

იცოდე, რომ ის შენი ძმა არი, - 

არ დაუკავო ღვინო და პური... 


IV 


«გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი 

და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, - 

შენს მოძმეთ შორის და შენს მიწაზე 

გერჩიოს იყო შენ დამარხული: 

ტანი უსულო და უგრძნობარე 

თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე, 

მაგრამ როგორღაც, დედაშვილობამ, 

სანატრელია სამშობლო მხარე». 




ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა, 

და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, - 

რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა, 

თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა.