პავლე ვერაფერს ხედავს ცხვირსიქით.
სავლე ვერაფერს ხედავს ცხვირსიქით.
და საერთოდაც, ადამიანი
ვერაფერს ხედავს თავის ცხვირსიქით.
პეტრეც და სავლეც, ბადრიც და პადრეც,
ვერავინ ხედავს თავის ცხვირსიქით.
ადამიანებს მოკლე გვაქვს მზერა
და ვეღარაფერს ვერ ვხედავთ, ვერა,
თუმცა, მწყურვალი კი გვაქვს სურვილი,
რომ სივრცეებით გავივსოთ მზერა,
მაგრამ მერწმუნე, ვერა და ვერა.
ვერა და ვერა.
პავლეც და სავლეც, ბადრიც და პადრეც,
გიჟიც და ბრძენიც, სუფთაც და მყრალიც,
კაციც და ქალიც,ფხიზელიც,მთვრალიც,
ვერავინ ხედავს თავის ცხვირსიქით.
და საერთოდაც, ადამიანი
ვერაფერს ხედავს თავის ცხვირსიქით.
P.S. ღმერთო, მომმადლე უვრცესი მზერა,
რომ შევძლო ხილვა ცხვირის გადაღმაც,
ან დამიგრძელე ეს ცხვირი ისე,
რომ სუყველაფრის შევძლო დანახვა.