ვინც მუდამ მიწასა ჩეჩავს,
ან ჩაქუჩით ქვას ამტვრევს,
ვინც კალოზე პურსა ლეწავს
და ლუკმაპურს თავს აჭმევს, -
აფერუმ მისსა შრომას,
ქება იმის ოფლის წვეთს,
ქება მის მუშურსა ხმას
და მის მარტოხელსა ბედს!
ვინც გუთანს მისდევს ოფლით
და მუშურს აღიღინებს,
ვინც ტვირთითა და ოხვრით
ცოლშვილს ძლივსღა აპურებს, -
აფერუმ მისსა შრომას,
ქება იმის ოფლის წვეთს,
ქება მის მუშურსა ხმას,
და მის მარტოხელსა ბედს!
არ დაგავიწყდეთ ისიც,
ვინც ჭკუითა მუშაობს,
მაგრამ სოფლის მუხთლობით
ლუკმაპურსაც ძლივს ჰპოვობს...
აფერუმ ყოველ შრომას,
ქება ყოველს ოფლის წვეთს,
ქება მუშის მუშურს ხმას
და მის მარტოხელსა ბედს!