Litclub.ge

მეც მინდა გავხდე იდიოტი...
მარტენ პაჟი რომანში "როგორ გავხდი იდიოტი" ერთ ადგილას ჩამოთვლის სახელოვან თვითმკვლელებს, "დიდ ადამიანებს, რომელთაც... ეყოთ სიმამაცე, თავად დაენიშნათ საკუთარი სიკვდილის საათი:" ვირჯინია ვულფი, სენეკა, ჰემინგუეი, გი დებორი, კატონი, სილვია პლატი, დემოსთენე, კლეოპატრა, ლაფარგი, Fჟერარ დე ნერვალი, მერილინ მონრო, ჟილ დელეზი, სტეფან ცვაიგი, მისიმა, ანრი როორდა, იენ კერტისი, რომენ გარი, დალიდა...
უნებლიეთ უმატებ ამ სიას იმათ სახელებს, ვის საბედისწერო გადაწყვეტილებასაც არაერთხელ დაუფიქრებიხარ: გალაკტიონი. პაოლო იაშვილი. პაოლოს ნახევარი ძმა მაიაკოვსკი. მაიაკოვსკის ანტიპოდი ესენინი. ცვეტაევა...
სხვამაც ბევრმა დაინიშნა სიკვდილის საათი თავად - თუნდაც იმავე სერგო ორჯონიკიძემ, იმავე ჰიტლერმა, იმავე გერინგმა, იმავე... და ასე შემდეგ! მაგრამ ისინი ვერ იწვევენ ჩვენში თანალმობის გრძნობას, სიკვდილისთვის ჩვენ მხოლოდ ნამდვილი ადამიანები არ გვემეტება! თორემ ნეტა მოიკლავდეს თავს, მაგალითად, ბინ ლადენი! მით უმეტეს, რომ ეს მისთვის არავითარ სიძნელესთან არაა დაკავშირებული - ჩემგან და თქვენგან განსხვავებით...
მომეწონა მარტინ პაჟის რომანი! იმდენად მომეწონა, მეც მომინდა იდიოტად გახდომა! გალოთება კი არა, თავის მოკვლა კი არა! სწორედ ეს ბოლო არჩევანი მომეწონა რომანის პროტაგონისტის - იდიოტად გახდომა!
ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცა ამ ბოლო დროს ჩემი პასკვილანტების საქციელმა - ნამდვილად ბედნიერი ხალხია!
მეც მინდა იდიოტობა და, აქედან გამომდინარე, ბედნიერება...