Litclub.ge

ეშმაკის ბორბალი
შენ ახლა რაღაც შეცვლილი და მაინც ბავშვური
სახით, იერით, ხასიათით აყევი კიბეს
და იღიმოდი ცხოვრებაზე, რაც შეიძლება
სულაც არ არის სასაცილო. რადგან ჯერ მკვდრებით,
ჩვენივე მკვდრებით გადავსებულ ქალაქში ვხარობთ,
ჩვენი გვამებით დამძიმებულ სახლებში გვძინავს,
უკვე არსაით დაუბერავს - ვჩურჩულებთ - ქარი.
თავისებური პრეზიდენტი, პარტია, ნინა -
უტიციანოდ, დაგვრჩა გზები, ტურიზმი, რუქა -
აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, კიდევ
დაგვრჩა სტალინი, რამდენიმე თაობის უკან,
და მის ხსოვნაზე ცვილის ბოლო იმედებს ჰკიდებს
რამოდენიმე წინაპარი. ბოლოს კი იყო
შიმშილით მკვდარი რვა წლის ბავშვი სახლისკენ გზაში,
დღეს ჩვენ, მიწიდან, თვალებს ისევ ზეცისკენ ვრიყავთ,
რომ მივაწვდინოთ შეძახილი (საუფლო): ”ვაშა”!
და ამ დროს სისხლის მდინარებას, შენი ტანიდან,
რაღა აკლია, გაიტანოს ძვლები - მორები?!.
ახლა, როდესაც დღეებიც კი აღარ გადიან
და საკუთარ თავს ზედმიწევნით იმეორებენ.