Litclub.ge

ბასარან!
დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოცებ,
შენს ზღვაში რამდენიც კენჭია, სულ ყველას დავითვლი,
ხელს მიწვდი-გოკჰან! და მე ნინა-გურჯი ვარ, საოხრევ,
რა თბილი ხელი გაქვს, ნეტავი, გრქმეოდა დავითი..
სილაში ვტკეპნით და, ნიშნავს, რომ მალე წაიშლება
ჩახჩახა კადრები. მშობლიურ ქალაქებს ვატოლებთსულ
ოცდათხუთმეტი ათასი... წარსულით შიშვლებმა
სიცილი ჩავიცვით, გადავცდით უხერხულ ფაქტორებს,
და მაინც, ალმური მომედო ზედმეტი რუჯივით,
მიმტკიცებ, რომ შენი გულივით ცხელია დიდიმი,
ქალაქი ქალია ახლა და... და ნინა-გურჯივით
რონინით მოგდევს და, რესპექტაბელურად გიღიმის,
მოლა ავდება და, მე პირჯვარს ვისახავ, ბასარან!
ბასრია, განა რა, ეს ჩემი ხის ჯვარი... ეფესოს
ზარმაცად აზმორებს, მედუზას თქმულება გაშალა _
მკლავზე დამიწვინა, მკერდში დანასავით შემესო
მრუმე ისტორია... ვამტვრევთ საზიარო ბრიტანულს,
შენ ზეთისხილივით ბლიკიან ღამეზე მიყვები...
ფლოქვების თქარუნი მიფეთქავს ტვინში და, მინდა, რომ
ყელზე მოგაბჯინო ქართველი ქალების მითები,
და ასე დავღვარო _ ალუბლის წვენივით _ ეგ სისხლი,
ვითომ შემთხვევით რომ დამექცა, მიფრთხილდი, საოხრევ!
ჰოი, როგორ ამეწვა ნინა-გურჯს ტაო და ეგრისი,
დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოხრებ...