შაოსანი სპლინი მე მაინც მაგიჟებს,
გეძებ და გპოულობ _ ლაღს და აუგიანს,
ამოგიჩემე და გაგხადე სამიზნედ
_ უშენო დღეები წყალსაც წაუღია!
ეეე... როგორ დაბერდი,
ბიჭო, რა მოგსვლია...
მივყვები უშენო დღეების ქარავანს,
მთვარე დღენაკლული _ წვიმების ლოთია,
მაბნევ და შენს გზებში ვპოულობ სამალავს...
ახლა სტიქიურად მშვიდი და ფლიდი ვარ,
მოზომილ ლექსიკას გახვევ და გამუნჯებ,
საზღვრებს ვცილდები და
მივდივარ, მივდივარ,
ზღაპრებში მივყავარ წრეგასულ ფასკუნჯებს...
თვალში რომ ჩამხედე,
ხომ გახსოვს, თავხედო,
ბავშვობას ვნებები მხარზე გაუდია...
ერთი სისულელის უფლებით ვსარგებლობ
_ უშენო დღეები წყალსაც წაუღია!