Litclub.ge

პოეტის მონოლოგი
რაღაცა ტყდება და ბოლო წერტილს
სვამს ფოთოლცვენა და გაორება,
ვერ შევიყვარე ცხოვრება მეტად, _
სახეში ისე მცემა ცხოვრებამ.
გავდივარ ჩემი შეშლილი წრიდან
და ზეცის თაღებს ვესათუთები,
მწერდა და მშლიდა, მწერდა და მშლიდა
ამ დასაქცევი ყოფის წუთები
და ახლა, ასე მარტივს და სადას,
(ერთი შეხედვით სადას და მარტივს),
ლოდინი გულზე ლოდივით მადევს
და სიზმრებივით არეულ მარტებს
ვიგონებ თრთოლვით და ვინც მიყვარდა
ბოლო წერტილს ვსვამ იმის თვალებთან
რადგან ყოველი ყოფა იყო და
სიზმარი იყო სიზმრის გარეთა.