Litclub.ge

ნისლიან ჭიუხშში ვიცხოვრებ უკვალოდ

ნურცა რას მკითხავ და ნურცა რას მიამბობ,
შენ ჩემი ცხოვრების დასწყევლი გარიჟრაჟს,
მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე,
ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.

კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ყვავილი.

ჟინი რომ მომივლის კვლავ შენი დანახვის,
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები,
მე გულის იარას არაყით ვუწამლებ
და სოფლის ლოთივით ყოველდღე დავთვრები.

დავთვრები, რომ აღარ ვიფიქრო წარსულზე,
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე, უფალო,
 დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები,
ნისლიან ჭიუხში ვიცხოვრებ უკვალოდ.