Litclub.ge

ხევსურის ქალავ

ჩუმად რადა ხარ, ჩემო ხევსურის ქალავ,
როშკის ციხეზე რად არ სიმღერას იტყვი.
ბებერი ლომი მტრის გულს ჯერ კიდევ ზარავს,
ხევსურთა მიწა არ დაუთმია მტრისთვის.

წავა, გადივლის შატილს ნისლების ფარა,
არაგვის ჭალებს დაეფინება ნაბდად.
ხევსურის ვაჟას, მოდი, ნუ ეტყვი არას,
მაგ თვალთა ეშხი გულში ექნების დარდად.

იცოდე, კარგო, კაცს სიყვარულის ნიჭი
გაჰყვება მგზავრად, სანამ სიცოცხლით ფეთქავს.
ალბათ, დაგეძებს ვინმე ხევსურის ბიჭი,
მეტოქის გამო დანას მუქარით ლესავს

ასეა მუდამ მზის და ჩანჩქერთა შუქი,
გული ურჩობს და მიჰყვება ტრფობის მძლე ქარს.
ეწვევა არხოტს მთების სევდიან მწუხრში,
ისევ დაეძებს ჯაბუშანურ მზექალას.