Litclub.ge

მთებს, მწვანეჩონჩხიანებსა...

აის მწვერვალნი მიხმობენ,
სადაც ყრმობიდან ვიზარდე,
ზოგი მე მქონდა ვარამი,
ზოგი მოძმისა ვიდარდე.
მთებს გავუმხელდი ხვაშიადს,
მთები თავისას მეტყოდნენ, -
მაშ, როგორ გინდა, ძმობილო,
ძმას ძმისა უნდა ესმოდეს.
ერთურთს ვეძახდეთ ჭირშია,
ძმა მყავო, უნდა გვეთქმოდეს.
ამ მთებს ყრმობიდან მივენდე,
ამათთან ერთად ავმაღლდი,
წინ მედგა ფერთა საუნჯე,
მთების მხარბეჭსა ვქარგავდი.
ამათ იმედით ვიქნები,
მიწას ვამძიმებ სანამდი,
შევხარი წყალზე გადმომდგართ,
ხელგადახვეულთ ძმურადა,
მთებს, მწვანეჩოხიანებსა,
დამდგართ უფლის ცის ბურჯადა.
ამ წუთისოფლის სიამით
თუ ცრემლი დამედინება,
მთების ნიავის სიმღერა
გულს წამლად დამეფინება.
აის მწვერვალნი მიხმობენ,
სადაც ყრმობიდან ვიზარდე,
ნისლებს თუ უყვარს მთას ყოფნა,
მე რად არ უნდა მიყვარდეს!